დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ეკლესია მიცვალებულთა საყოველთაო ხსენების დღეს აღნიშნავს.
გაძლიერებული ლოცვითა და გარდაცვლილთა სახელზე გაღებული მოწყალებით უფალს შევთხოვთ, შეუნდოს ცოდვები და მათი სულები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის თანაზიარი გახადოს.
გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორი და სიონის საკათედრო ტაძრის დიაკონი იაკობ ჩიჩილიძე.
- ხშირად გვსმენია, დედის მხურვალე ლოცვას შვილი ჯოჯოხეთიდან ამოუყვანიაო. მამაო, განგვიმარტეთ, რას ნიშნავს ეს.
- უპირველესად უნდა გვახსოვდეს და გვწამდეს, რომ ჯოჯოხეთიდან გამომხსნელი მხოლოდ იესო ქრისტეა - მორწმუნეთა იმედი და სიხარული. იგი თანაუგრძნობს ყოველ ადამიანს, შეისმენს მხურვალე ლოცვას და შეეწევა მას, ვისთვისაც ლოცულობენ, თუკი ეს უკანასკნელი მიმღებია ამ შემწეობისა. რადგან მშობელთა ლოცვა შვილებისთვის გულწრფელი, მხურვალე და უანგაროა, უფალი შეისმენს მას, თუმცა შვილებიც უნდა იყვნენ ღვთის შემწეობის დამტევნი.
- საყოველთაო სამსჯავრომდე, რომელიც იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ გაიმართება, მიცვალებულთა სულები უფლის მიერ გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს განისჯებიან. ეს დროებითი სასჯელია?
- წმინდა პავლე მოციქული გვასწავლის: ყოველ სულს გარდაცვალების შემდგომ კერძო, პირადი სამსჯავრო ელის - უფლის წინაშე წარდგომა და საკუთარი რწმენისა და ცხოვრების შესაბამისი დროებითი ხვედრის მიღება.
სამსჯავროზე წარდგომა, თავისთავად, დასჯას არ ნიშნავს. საეკლესიო გადმოცემიდან ვიცით, რომ სული 40 დღის განმავლობაში განისჯება - თვალნათლივ წარმოჩინდება, ვის ემსახურებოდა - ღმერთს თუ ეშმაკს, მადლს თუ ცოდვას. მე-40 დღეს უფალი მას სულიერი მდგომარეობის შესაბამის ადგილს მიუჩენს - ან ღმერთი შეიწყალებს და შეიტკბობს, ან ვნებებსა და ეშმაკებთან თანყოფნით დაიტანჯება. ამ სასჯელს, მართლმადიდებლური სწავლებით, არასრული ეწოდება, რადგან კერძო სამსჯავროს შემდეგ მოუნანიებელი სულები მხოლოდ სულიერად იტანჯებიან, საყოველთაო სამსჯავროს მერე კი სრულად დაიტანჯებიან - სულითაც და სხეულითაც. მართალთა ნეტარებაც სრული იქნება - სულითაც და ხორცითაც. არც მართალთა ნეტარებას და არც შეუნანებელ ცოდვილთა ტანჯვას ექნება დასასრული. ამას ჩვენ მიერ მიწიერი ცხოვრებისას ცოდვასა და მადლს შორის გაკეთებული არჩევანი, მადლმოხვეჭილობა თუ მადლმოუხვეჭლობა განაპირობებს. ადამიანის არჩევანს თავისუფალი ნების მომნიჭებელი ღმერთი არასდროს ცვლის, არც მადლის მომხვეჭი მოღვაწეობაა მიცვალებულთათვის შესაძლებელი. ამიტომ მათი ხვედრი მარადიული და უცვლელი იქნება.
- რამდენად ძალგვიძს ჩვენ, ჭირისუფალთ, კერძო სამსჯავროს შემდგომი სასჯელის შემსუბუქება?
- ქრისტეს მეორედ მოსვლამდე და საყოველთაო სამსჯავრომდე მიცვალებულთათვის პირადი ლოცვით, მათი სახელით გაღებული მოწყალებით, განსაკუთრებით კი საეკლესიო ღვთისმსახურებაში მოხსენიებით შესაძლებელია ქრისტესგან მათი შეწყალების მოპოვება. ცხადია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მიცვალებული მართლმადიდებლურად იყო მონათლული, არ უარუყვია სარწმუნოება, წუხდა ცოდვათა გამო... ჭირისუფალს უნდა სწამდეს, რომ "სიყვარული არასადა დავარდების", რომ ღმერთი შეიწირავს მიცვალებულთათვის ლოცვასა და მათ სახელზე გაღებულ წყალობას, ამიტომ არ უნდა დააკლონ მოშურნეობა, მეტადრე, რომ ეს საქმე ღვთისთვის სათნო და მათი სულებისთვისაც სასიკეთოა.
- როგორ ვილოცოთ გარდაცვლილთათვის? რომელი მსახურებები აღესრულება ეკლესიაში?
- მიცვალებულთათვის შინაც, პირადადაც ვლოცულობთ. გარდა დილა-საღამოს ლოცვებისა, რომლებიც მიცვალებულთა ძალიან მოკლედ მოხსენიებას შეიცავს, არსებობს ცალკე წიგნად გამოცემული "ლოცვები და დაუჯდომელი მიცვალებულთათვის". მასში თავმოყრილია ლოცვები შვილისა მიცვალებული მშობლისთვის, მშობლისა - შვილისთვის, მეუღლისა - გარდაცვლილი მეუღლისთვის, ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისთვის...
უმნიშვნელოვანესია მიცვალებულთა მოხსენიება საეკლესიო მსახურებაში: საღვთო ლიტურგიაზე მიცვალებულთა სახელზე (მათი სახელები მოსახსენებელში უნდა ჩავწეროთ) სეფისკვერის შეწირვა. შეგვიძლია, მღვდელმსახურს მათთვის წირვის აღსრულებაც შევუკვეთოთ ანდა ტაძარში საკურთხი მივიტანოთ და მიცვალებულთა სახელზე პანაშვიდის აღსრულება ვთხოვოთ. ასევე უნდა შევეცადოთ, არ გამოვტოვოთ მიცვალებულთა საზოგადოდ მოხსენიებისთვის ეკლესიის მიერ დადგენილი დღეები: ხორციელი შაბათი, დიდმარხვის მე-2, მე-3, მე-4 შაბათები, თომას კვირის სამშაბათი, სულთმოფენობის წინა – სულის შაბათი და დიმიტრის შაბათი. ამ დღეებში მრევლს ტაძარში საკურთხი მიაქვს და სამღვდელოება წირვის შემდგომ დიდ პანაშვიდს აღასრულებს.
გვახსოვდეს: ეკლესიაში მოიხსენებიან მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლურად მონათლულები, რომელნიც არ იყვნენ ღვთის მგმობელნი, თავი არ მოუკლავთ და სხვა რჯულის მიმდევრები არ გამხდარან.
- როგორც ბრძანეთ, აღდგომის მარხვაში მიცვალებულთა ხსენების სამი შაბათი აღინიშნება. რა არის ამის მიზეზი?
- დიდი მარხვა მზადებაა წმინდა აღდგომის - დღესასწაულთა დღესასწაულის ღირსეულად შესახვედრად, მაცხოვართან თანავნებისა და თანააღდგომისა. რადგანაც მიცვალებულებს თვითონ აღარ შესწევთ ძალა ღვაწლისა, საკუთარი სულისთვის სიკეთის ქმნისა, ამიტომ გაძლიერებული ლოცვითა და მათ სახელზე გაღებული მოწყალებით ჩვენ შევთხოვთ უფალს, შეუნდოს ცოდვები, შეიწყალოს და თანაზიარ ქმნას აღდგომის დღესასწაულისა, ღვთის მადლისა.
- მიცვალებულთა მსახურების შემდეგ პანაშვიდი აღესრულება, იკურთხება ტაძარში მიტანილი საკურთხი. რა დანიშნულება აქვს საკურთხის მომზადებას?
- საკურთხი საეკლესიო შესაწირის ერთგვარი სახეა. მისი კურთხევა კი გამოხატულებაა იმისა, რომ იგი წმინდა იქმნა - შეიწირა უფლის წინაშე.
- დასაფლავების დღეს ქელეხს მართავენ, გარდაცვალებიდან მეორმოცე დღესა და წლისთავზეც იყრიან თავს ნათესავები. ეს შეკრებები რომელიმე ძველ ტრადიციას ხომ არ უკავშირდება? რა დანიშნულება აქვთ მათ?
- საეკლესიო კანონი მოითხოვს, მართლმორწმუნის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს და წლისთავზე ჭირისუფლებმა მღვდელმსახურს მის სახელზე პანაშვიდი გადაახდევინონ. ქელეხი და მე-40 დღის სუფრა კი მხოლოდ და მხოლოდ საერო ტრადიციაა. ქართული ტრადიციული სუფრა გაგრძელებაა ღვთისმსახურებისა, სიყვარულის ტრაპეზია (ყოველ შემთხვევაში, ძველად ასე იყო) შესაბამისი წარმართვის წესითა და სადღეგრძელოების თანმიმდევრობით, დასაწყისითა და დასასრულით. ამდენად, მიცვალებულის სულის მოსახსენიებლად გაშლილი სუფრა საერო გაგრძელებაა ეკლესიაში მისი მოხსენიებისა. ქელეხი მიცვალებულის სახელზე ერში გაღებული შესაწირია (ოღონდ მარხვაში ის სამარხვო უნდა იყოს).
- რა მნიშვნელობა აქვს გარდაცვლილის სულისთვის წესის აგებას?
- წესის აგებისას მღვდელმსახურის სახით ეკლესია ევედრება ქრისტეს მართლმორწმუნის სულის ცხონებას: "სულთა თანა აღსრულებულთასა მართალთასა სულსა მონისა შენისასა განუსვენე, მაცხოვარ, და ღირს ჰყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა, კაცთმოყვარე..."
- მოუნათლავსა და თვითმკვლელს წესს არ უგებენ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი სულების საოხად?
- ასეთი ადამიანების სულებს ეკლესია არ მეოხებს, მათ ტაძარში არ მოიხსენიებენ. ჭირისუფლებს ურჩევენ, მათ სახელზე ერში მოწყალება გაიღონ, პირად ლოცვებში სთხოვონ უფალს მათი ხვედრის შემსუბუქება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი