მართლმადიდებლური მოძღვრებით, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული შეწევნას საჭიროებს.
მიცვალებულთათვის ზრუნვის ერთ-ერთი სახეა მისი სულის მოხსენიება, რაც ქრისტიანულ ეკლესიაში დამყარებულია იმქვეყნიური ცხოვრების, საყოველთაო აღდგომისა და მარადიული არსებობის ღრმა რწმენაზე...
არსებობს მიცვალებულთა საზოგადო და კერძო მოხსენიება. კერძო მოხსენიება აღესრულება ერთი გარდაცვლილისთვის, თუმცა ამ მსახურებისას შესაძლებელია ორი ან მეტი განსვენებულის მოხსენიებაც. კერძო მოხსენიება აუცილებელია გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს, ასევე ყოველ წლისთავზე, სასურველია მიცვალებულის დაბადებისა და ანგელოზის დღეებშიც. რაც შეეხება საზოგადო მოხსენიებას, ამისთვის წმინდა ეკლესიის მიერ დაწესებულია განსაკუთრებული დღეები და აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, რომლის დროსაც იხსენიება ყველა მართლმორწმუნე გარდაცვლილი. საზოგადო მოხსენიების დღეებია: ხორციელის შაბათი; დიდი მარხვის მე-2, მე-3 და მე-4 შაბათი; კვირაცხოვლობის - თომას კვირის სამშაბათი; სულიწმინდის შაბათი (სულთმოფენობის დღესასწაულის წინა დღე) და დიმიტრის შაბათი.
მიცვალებულთა მოხსენიება ხდება საღმრთო ლიტურგიაზეც. არსებობს ტრადიცია ორმოცდღიანი მოხსენიებისა. შეგვიძლია ღვთისმსახურს აღვავლენინოთ შეკვეთილი წირვა. მათ მოსახსენიებლად დაწესებულია შაბათი დღეც და ვიხსენიებთ შინ წარმოთქმული დილისა და საღამოს ლოცვების დროსაც, შესაბამის ადგილას...
მიცვალებულთა მოხსენიების შესახებ გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი გიორგი სხირტლაძე.
- რა მნიშვნელობა აქვს მიცვალებულთა ლოცვით მოხსენიებას?
- ზღვარი ამქვეყნიურ სამყაროსა და იმქვეყნიურ სამყაროს შორის არ არის ძალიან მკვეთრი. შეიძლება ითქვას, რომ დრო მოძრავი მარადიულობაა და მარადიულობა - უძრავი დრო. ეკლესიური მოძღვრებით, ღმერთისთვის არ არსებობენ მკვდარნი, მის წინაშე ყველა ცოცხალია. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: "არა არს ღმერთი მკუდართა, არამედ ცოცხალთაი" (მათე 22,23). ამიტომაც საეკლესიო ცხოვრებას განამტკიცებს ცოცხალი შეგრძნება იმისა, რომ გარდაცვლილები, მართალია, არაამქვეყნიური, განსხვავებული ფორმით, მაგრამ მაინც აგრძელებენ არსებობას და არ ერთმევათ სულიერი სიახლოვე ამქვეყნად დარჩენილ ადამიანებთან. მიწიერი ეკლესიაც არ წყვეტს ლოცვით და სულიერ კავშირს გარდაცვლილებთან, რადგან ისინი თავიანთ მოძმეთაგან - ახლობლებისა და ქვეყნიური ეკლესიისგან შეწევნას საჭიროებენ, ელიან ჩვენგან გაღებულ მსხვერპლს ლოცვით მოხსენიების, მოწყალებისა თუ სხვა ქველი საქმეების აღსრულებით, რათა მათმა სულებმა ნუგეში მიიღონ ღვთისაგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდაცვლილთა სულები მთლიანად დაიმედებულნი არიან ამქვეყნად დარჩენილ თანამოძმეებზე, რადგან ხორციელი სიკვდილის შემდეგ ადამიანს აღარ ძალუძს შეცვალოს საკუთარი ხვედრი - განიწმინდოს სრულყოფილად ცოდვათაგან და განერიდოს ან შეიმსუბუქოს ტანჯვა. მიცვალებულთა შეწევნა, მათი ხვედრის შემსუბუქება თუ ღვთისაგან წყალობის მიღება მხოლოდ ამქვეყნად დარჩენილი ახლობლებისა და ეკლესიის უფლის წინაშე გულწრფელი და გულმხურვალე ლოცვითაა შესაძლებელი, რადგან ჯვარცმული უფლის, იესო ქრისტეს სახელის მოხმობას უდიდესი ძალა შესწევს. ბრძანებს მაცხოვარი: "რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, მე შევასრულებ". უფალი ხომ ყველასთვის ეცვა ჯვარს, როგორც ცოცხალთათვის, ასევე მიცვალებულთათვის. მთავარია, ჩვენი ლოცვა იყოს გულწრფელი და რწმენით აღსავსე.
- მაგრამ რატომ საჭიროებენ ცოდვათა მიტევებას ის მიცვალებულები, რომლებმაც სიკვდილის წინ თქვეს აღსარება და ცოდვათაგან განიწმინდნენ სინანულის საიდუმლოს გზით? ან ამაო ხომ არ არის ლოცვით მოხსენიება იმ გარდაცვლილთა, რომლებიც, მართალია, მონათლულნი იყვნენ მართლმადიდებლური წესით, მაგრამ არ ცხოვრობდნენ ეკლესიურად, ან თუნდაც სიკვდილის წინ ვერ მოასწრეს აღსარების ჩაბარება და ცოდვილნი მიიცვალნენ?..
- შესაძლოა ადამიანმა სიკვდილის წინ მოასწრო აღსარება და მიიღო წმინდა ზიარებაც, მაგრამ იშვიათად თუ იქნება ვინმე, რომელსაც ამა სოფლიდან თან არ გაჰყვება მოუნანიებელი ცოდვები - გაუცნობიერებლად ჩადენილი თუ დავიწყებული, ან ყველა ცოდვა გულწრფელად ჰქონდეს მონანიებული. ამას გარდა, ცოდვათა მონანიების შემდეგ სინანულმა უნდა გამოიღოს ნაყოფი. ეს კი ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით და რწმენაში განმტკიცებით უნდა გამოიხატოს. ამისთვის მომაკვდავს დრო აღარ რჩება, ამიტომაც საჭიროა მისი სულისთვის ახლობლებისა და ეკლესიის ერთობლივი ლოცვა, მის სახელზე სხვა ქველი საქმეების აღსრულებით შეწევნა, რათა სრულყოფილად განიწმინდოს ცოდვათაგან და იმქვეყნად წაღებული სიკეთის საწყისი გაღვივდეს და ნაყოფი გამოიღოს, სანაცვლოდ კი ღვთის წინაშე გამართლება მიიღოს.
ბევრი ნათელღებული ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიურად - არ ამბობს აღსარებას, არ ეზიარება, არ ესწრება წირვა-ლოცვას და ა.შ. ან ამ ყველაფერს აკეთებს იშვიათად. სამწუხაროდ, ასეთ ადამიანთა უმეტესობა არც სიკვდილის წინ ამბობს აღსარებას. ხდება ისეც, რომ ადამიანი უეცარი სიკვდილის გამო ვერ ასწრებს ცოდვათაგან განწმენდას სინანულის საიდუმლოს გზით და ვერ იღებს ზიარებას. მიუხედავად ყოველივე ამისა, ჩვენი ლოცვა ამაო მაინც არ იქნება. თუკი დიდ სარგებელს ვერ შევძენთ, ცხადია, არც ზიანს მივაყენებთ. წმინდა იოანე დამასკელი მოგვითხრობს: ერთ წმინდა ბერს ერთი მოწაფე ჰყავდა, რომელიც უზრუნველად ცხოვრობდა. ის მოულოდნელად გარდაიცვალა. ბერმა იხილა, ჭაბუკი ყელამდე ცეცხლში იწვოდა. მან მკაცრი მარხვა დაიწესა და გაძლიერებულად ლოცულობდა მისი სულის საოხად. რამდენიმე ხნის შემდეგ ხილვაში ჭაბუკს ცეცხლი წელამდე სწვდებოდა. ბერმა კვლავ გააგრძელა ლოცვა. მალე მისი მოწაფე ტანჯვისაგან გათავისუფლდა. აქედან ჩანს, რაოდენ დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს თუნდაც ცოდვათა მოუნანიებლად გარდაცვლილი ადამიანის სულისთვის გულწრფელ ლოცვას. ასეთ ვითარებაში გარდაცვლილთათვის იკითხება ღირსი პაისი დიდის კანონი. ამ წმინდანს უფლისაგან მინიჭებული ჰქონდა განსაკუთრებული მადლი სინანულის გარეშე აღსრულებულთა შუამდგომლობისა.
- რა მნიშვნელობა აქვს გარდაცვალებიდან მესამე და მეცხრე დღეს მოხსენიებას?
- წმინდა მამათა მოძღვრებით, გარდაცვალებიდან ორი დღის მანძილზე გარდაცვლილის სული კვლავ დედამიწაზეა ანგელოზებთან ერთად და იმ ადგილებში ტრიალებს, სადაც ხშირად იმყოფებოდა მიწიერი ცხოვრების ჟამს. მესამე დღეს სული აღიყვანება ზეცად, ღვთის წინაშე თაყვანსაცემად. ამ დროს საჭიროა ლოცვით შეწევნა, მოხსენიება, რადგან, როგორც წმინდა მაკარი ალექსანდრიელს გამოუცხადა უფლის ანგელოზმა, სულის საოხად აღვლენილი ლოცვის სანაცვლოდ გარდაცვლილის სულს უმსუბუქდება მწუხარება, რომელსაც გარდაცვალების გამო განიცდის და უჩნდება იმედი.
მესამე დღეს მოხსენიებას აქვს საღვთისმეტყველო მნიშვნელობაც - ეს ხდება ნიშნად იმისა, რომ გარდაცვლილი მონათლული იყო ყოვლადწმინდა სამების სახელით, ამასთანავე, იმასაც მიანიშნებს, რომ ჰქონდა სამი სახარებისეული სათნოება - რწმენა, სასოება და სიყვარული. სულს გარდაცვალებიდან მესამე დღეს განსაკუთრებით და გაძლიერებულად იხსენიებენ იესო ქრისტეს მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომისა და ყოვლადწმინდა სამების პატივისცემის ნიშნადაც.
ღვთის წინაშე წარდგომისა და მისი თაყვანისცემის შემდეგ გარდაცვლილის სული შეჰყავთ სასუფევლის სავანეებში და ხედავს მის ყველა მშვენიერებას, თუ როგორ ნეტარებენ იქ დამკვიდრებული სულები. ეს ექვსი დღის მანძილზე - ე.ი. გარდაცვალებიდან მეცხრე დღემდე გრძელდება.
მეცხრე დღეს გარდაცვლილის სულს კვლავ წარადგენენ ღვთის წინაშე თაყვანსაცემად, შემდეგ კი ანგელოზებს ჩაჰყავთ ჯოჯოხეთში და ჭვრეტს მის ყველა საშინელებას - როგორ იტანჯებიან მოუნანიებელ ცოდვილთა სულები. ამიტომ მეცხრე დღესაც უნდა აღვასრულებინოთ ღვთისმსახურს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, რომლის დროსაც იკითხება სპეციალური ლოცვები მიცვალებულის სულის საოხად. აღესრულება სხვა საეკლესიო ქმედებებიც. ეს ყველაფერი გარდაცვლილის სულს მაკურნებლად წაადგება.
საღვთისმეტყველო მნიშვნელობით, გარდაცვლილის სულის მეცხრე დღეს მოხსენიება ხდება ანგელოზთა ცხრა დასის პატივისცემის ნიშნად, რომლებიც შუამდგომლობენ განსვენებულის სულის შეწყალებისთვის.
- ეკლესიური სწავლებით ვიცით, რომ გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს სული კვლავ წარსდგება უფლის წინაშე, მესამეგზის სცემს თაყვანს შემოქმედს და ეწყობა მისი პირადი სამსჯავრო: უფალი ახალგარდაცვლილის სულს მიუჩენს დროებით სამყოფელს სამოთხეში ან ჯოჯოხეთში, მის მიერ ქმნილი საქმეების მიხედვით, საყოველთაო აღდგომამდე ანუ უფლის მეორედ მოსვლამდე. ამიტომ მეორმოცე დღეს ყველაზე მეტად საჭიროებს გარდაცვლილის სული ახლობლებისა და ეკლესიის შეწევნას - ლოცვით მოხსენიებას, რისთვისაც ჭირისუფლები ღვთისმსახურს უკვეთავენ სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდას და თვითონაც გულმხურვალედ ლოცულობენ უფლის წინაშე გარდაცვლილის სულის შეწყალებისთვის. თუმცა ახალშესვენებულის სული არა მხოლოდ მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს, არამედ მთელი ორმოცი დღის მანძილზე განსაკუთრებულ შეწევნას საჭიროებს. როგორ უნდა გამოიხატოს ახალგარდაცვლილის სულისთვის სათანადო მზრუნველობა გარდაცვალებიდან მეორმოცე დღემდე?
- "ორმოცი" მნიშვნელოვანი რიცხვია და წმინდა წერილში უპირატესობა აქვს: მოსე წინასწარმეტყველმა ორმოცი დღე და ღამე იმარხულა სინას მთაზე; ორმოცი წლის განმავლობაში იხმევდა ებრაელი ერი მანანას; ორმოცი წელი გაატარა იოანე ნათლისმცემელმა უდაბნოში ლოცვითა და მარხვით; თვით უფალი იესო ქრისტეც ორმოცი დღე-ღამე მარხულობდა უდაბნოში ნათლისღების შემდგომ და ა.შ. წმინდა ეკლესიაც გვიწესებს ორმოცდღიან მარხვას ცოდვათაგან განსაწმენდად. ამდენად, ეს რიცხვი, დროის ეს მონაკვეთი არის განსაწმენდელი და მოსამზადებელი პერიოდი ღვთისაგან მადლის მიღებისა. ცხადია, ღვთის მადლი და წყალობა გარდაცვლილთა სულებსაც სჭირდებათ, ყველაზე მეტად კი უფლის შემწეობას საჭიროებენ ახალგარდაცვლილთა სულები, ამიტომაც მოგვიწოდებს და გვიწესებს წმინდა ეკლესია ახალშესვენებულთათვის განსაკუთრებულ მზრუნველობას გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში, რაც მათ სახელზე ყოველდღიურად ფსალმუნთა კითხვით, გაძლიერებული პირადი ლოცვით და მოწყალების გაცემით უნდა გამოიხატოს. მოწყალების სახით შეგვიძლია გავცეთ თანხა, გარდაცვლილის პირადი ნივთები, სამოსი თუ სხვა, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. ასევე შეგვიძლია ახალგარდაცვლილის სახელზე საკურთხეველში სეფისკვერის, ღვინის, საკმევლის, ზეთის შეგზავნაც. გარდა ამისა, სასურველია ახალგარდაცვლილის ახლობელი გარდაცვალების დღესვე მივიდეს ტაძარში, შეადგინოს სპეციალური - ორმოცდღიანი მოსახსენიებელი ახალშესვენებულისთვის და შეაგზავნოს საკურთხეველში სეფისკვერთან ერთად, რათა მოხდეს მისი სულის მოხსენიება ყოველდღიურად, ორმოცი დღის განმავლობაში. მიცვალებულთა ორმოცდღიანი მოხსენიება დიდ მარხვაში ნებისმიერ დროს გარდაცვლილთათვის ხდება. ამისათვის დიდი მარხვის დაწყებამდე ივსება ორმოცდღიანი მოსახსენიებელი ბარათი იმ მიცვალებულთა სახელების ჩამონათვალით, რომელთა მოხსენიების სურვილიც აქვს ჭირისუფალს. მათ სახელზე ღვთისმსახური ყოველდღიურად, ორმოცი დღის განმავლობაში იხდის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს. ორმოცდღიანი მოხსენიება შესაძლებელია წლის სხვა, ნებისმიერ დროსაც.
- მიცვალებულთათვის, განსაკუთრებით გარდაცვალებიდან ორმოცი დღის მანძილზე, იკითხება ფსალმუნები, მაგრამ ფსალმუნების კითხვას საგანგებო წესი აქვს. ამასთანავე, მე-3, მე-9 და მე-40 დღეს სასურველია მე-17 კანონის წაკითხვა. რა პრინციპით ვიკითხოთ ფსალმუნები მიცვალებულთათვის და რა მნიშვნელობა აქვს მე-17 კანონის კითხვას?
- ფსალმუნები დავით წინასწარმეტყველმა სულიწმინდის კარნახით დაწერა, ამიტომ უდიდესი ძალა და მადლი შესწევს მათ კითხვას როგორც მიცვალებულთათვის, ასევე ცოცხალთათვის. ეს არის უძლიერესი ლოცვები, რომელთა კითხვაც შეეწევა გარდაცვლილის სულს, გაიაროს საზვერეები თუ სხვა დაბრკოლებები. გარდაცვალებიდან ორმოცი დღის მანძილზე ფსალმუნები იკითხება ყოველდღიურად, დღეში რამდენიმე კანონი მაინც - ჭირისუფალთა ცხოვრების წესისა და სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე. ოცივე კანონის დასრულების შემდეგ კითხვა თავიდან უნდა დავიწყოთ. ყოველი "დიდების" შემდეგ იკითხება საგანგებო ლოცვა "სულის ხორციდან ამოსვლის შემდგომ საკითხავიდან".
რაც შეეხება მე-17 კანონს, რომელშიც შედის 118-ე ფსალმუნი, საგანგებოდ იკითხება გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს. საეკლესიო გარდამოცემით, საიდუმლო სერობის აღსრულების შემდეგ იესო ქრისტე და მისი მოციქულები სწორედ 118-ე ფსალმუნის გალობით გაემართნენ ზეთისხილის მთისკენ: "კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავე მე სიმართლენი შენნი". ამ მუხლს ვნებისა და ხორციელი სიკვდილისკენ მიმავალი მაცხოვარი საკუთარ თავს უგალობდა, ამიტომაც მე-17 კანონის ეს მუხლი ყოველთვის იგალობება დაკრძალვისას. განსაკუთრებული მოხსენიების დღეებში კი იკითხება მთლიანი კანონი: 1, 2, 12, 22, 29, 37, 58, 66, 72, 73 და 88 მუხლების წაკითხვის შემდეგ წარმოითქმის: "მოიხსენე, უფალო, სული მონისა ან მრევლისა (სახელი) შენისა"; 92 და 93 მუხლები იკითხება სამჯერ; 94, 107, 114, 121, 131, 132, 133, 142, 153, 159, 163 და 170-ე მუხლების შემდეგ წარმოითქმის: "განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ან მხევლისა (სახელი) შენისა"; 175-ე და 176-ე მუხლები კი იგალობება სამჯერ. უფრო დაწვრილებით ფსალმუნთა მე-17 კანონის წაკითხვის წესი უნდა გავარკვიოთ სულიერ მოძღვართან.
- რა მნიშვნელობა აქვს გარდაცვალების, დაბადებისა და ანგელოზის დღეებში გარდაცვლილის სულის მოხენიებას?
- ადამიანის გარდაცვალების, ხორციელი სიკვდილის დღე არის ახალ, უკეთეს, უფრო აღმატებულ ცხოვრებაში გადასვლის დღე, მან ხომ სწორედ ამ დღეს დატოვა მიწიერი ცხოვრება და წარსდგა უფლის წინაშე, რისთვისაც მოწოდებული იყო. ამიტომაც სასურველია, ყოველწლიურად მოვიხსენიოთ მისი სული ამა სოფლიდან გასვლის დღეს, რითაც ლხენას, სიხარულსა და შვებას მივანიჭებთ.
მიცვალებულის მოხსენიებისთვის წლის განმავლობაში უნდა დავაწესოთ გარკვეული დღეები, როდესაც მოვამზადებთ საკურთხის სუფრას, შევუკვეთავთ სულის მოსახსენებელ პანაშვიდს, გავცემთ მოწყალებას და გარდაცვლილის სახელზე ვიქმთ სხვა ღვთივსათნო საქმეებს. სწორედ ასეთ დღეებად შეგვიძლია ვაქციოთ მისი მიწიერი დაბადებისა და ანგელოზის დღეები. ნაცვლად კი უდიდეს ნუგეშს მიიღებენ ღვთისგან.
- მიცვალებულთა საზოგადო, საყოველთაო მოხსენიებისთვის წლის განმავლობაში დაწესებულია განსაკუთრებული, საგანგებო დღეები, რომლებიც მსოფლიო (საყოველთაო) შაბათებადაც იწოდება. რატომ არის დაწესებული თითოეული მათგანი?
- ხორციელის შაბათს, რომელიც დიდი მარხვის დაწყებამდე ორი კვირით ადრე აღინიშნება, მოხსენიებას საფუძვლად დაედო ის, რომ მეორე დღეს - ყველიერის კვირას წმინდა ეკლესიის მიერ დაწესებულია ქრისტეს მეორედ მოსვლის ხსენება. ამიტომაც საშინელი სამსჯავროს ხსენების წინა დღეს წმინდა ეკლესია ლოცვით შესთხოვს უფალს მიცვალებულთა შეწყალებას. გარდა ამისა, წმინდა მამათა დადგენილებით, ხორციელის შაბათს განსაკუთრებით და გაძლიერებულად იხსენიებიან მოულოდნელი და უცაბედი სიკვდილით გარდაცვლილები, მაგალითად, ზღვაში, უფსკრულსა თუ სხვაგან აღსრულებულები, რადგანაც არ არის ცნობილი, კონკრეტულად როდის ან რა ვითარებაში მიიცვალნენ, მოკლებულნი არიან დაწესებულ კერძო მოხსენიების დღეებს. მათთან ერთად იხსენიება ყველა გარდაცვლილი მართლმადიდებელი, განსაკუთრებით ისინი, ვის სახელზეც ჭირისუფალი ამზადებს საკურთხს და ადგენს მოსახსენიებელ ბარათს.
მიცვალებულთა საყოველთაო, საზოგადო მოხსენიება დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს დაწესებულია შემდეგი მიზეზით: დიდი მარხვის დროს მოხსენიება ყოველდღიურად ვერ ხერხდება საეკლესიო ღვთისმსახურების დროს, რადგან მოხსენიება დაკავშირებულია საღმრთო ლიტურგიასთან, რომელიც დიდ მარხვაში მხოლოდ შაბათს და კვირას ტარდება. ამიტომ დაწესებულია გაძლიერებული მოხსენიება დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს.
თომას კვირის (კვირაცხოვლობის) სამშაბათს გარდაცვლილთა საზოგადო მოხსენიება დაწესებულია ნიშნად იმისა, რომ მიცვალებულთა სულებს მივულოცოთ და ვახაროთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა. სულთმოფენობის დღესასწაულის წინა დღეს მიცვალებულთა მოხსენიების ტრადიცია კი მომდინარეობს მოციქულთა ხანიდან.
დიმიტრის შაბათს მიცვალებულთა საყოველთაო მოხსენიებას საფუძვლად დაედო რუსი მთავრის, დიმიტრი დონელის მიერ ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა სულების სახელზე შეკვეთილი პანაშვიდის აღსრულება კულიკოვოს ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ. დიმიტრი დონელმა ითხოვა, დაღუპული მებრძოლები ყოველწლიურად მოეხსენიებინათ დიმიტრის შაბათს (8 ნოემბრის წინა შაბათს). შემდგომში მათთან ერთად ყველა მართლმადიდებელ მებრძოლს იხსენიებდნენ. მოგვიანებით კი, ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა სულების მოხსენიებასთან ერთად, ყველა მართლმადიდებელი გარდაცვლილის მოხსენიება დააწესეს. მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში ტაძარში აღვლენილი საგანგებო მსახურებისას ჭირისუფალნი გულმხურვალედ უნდა ლოცულობდნენ უფლის წინაშე მიცვალებულთა შეწყალებისთვის. მსახურების დასრულების შემდეგ სასურველია მივიდეთ მათ საფლავებზე, გავცეთ მოწყალება, შინ წავიკითხოთ ფსალმუნები. ამ დღეებში გარდაცვლილები უნდა მოვიხსენოთ ტრაპეზობის დროსაც.
- არსებობს კიდევ გარდაცვლილთა მოხსენიების ერთ-ერთი სახე - შეკვეთილი წირვა.
- მიცვალებულის სახელზე შეკვეთილი წირვის აღსრულებისთვის ჭირისუფალმა უნდა მიმართოს სულიერ მოძღვარს ან ნებისმიერ ღვთისმსახურს და გადასცეს მოსახსენიებელი ბარათი გარდაცვლილთა სიით. ღვთისმსახური განსაკუთრებულად მოიხსენიებს და გამოითხოვს მათთვის წყალობას და მადლს საღმრთო ლიტურგიის დროს ჩართული სპეციალური ლოცვების წარმოთქმით - კვერექსის, კვეთაში და ბარძიმში მოხსენიების დროს.
- მოხსენიებათა შორის რომელია ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი?
- მოხსენიება ყველაზე მნიშვნელოვანია საღმრთო ლიტურგიაზე (კვეთის დროს), რადგან ტრაპეზიდან აღვლენილი ლოცვა პირდაპირ ადის ღმერთთან: "მსხვერპლის შეწირვის დროს მიცვალებულის სახელის მოხსენიება შეაერთებს მას ღმერთთან და აძლევს საშუალებას, იყოს კავშირში ღმერთთან", - წერს წმინდა სვიმონ სალუნელი.
- თუკი ადამიანი დიდმარხვაში ან ბრწყინვალე შვიდეულში აღესრულება, მისი მოხსენიება ხომ განსხვავებული წესებით ხდება...
- დიდმარხვაში გარდაცვლილთათვის ოთხშაბათს და პარასკევს უკვეთავენ პანაშვიდს, შაბათს და კვირას კი წირვას, გარდაცვლილის სულის განსვენებისთვის. დიდი მარხვის დროს ახალშესვენებულის სახელზე არ ხდება ორმოცი ჟამისწირვის შეკვეთა, რადგან ამ პერიოდში საღმრთო ლიტურგია, რომელზეც იხსენიებიან მიცვალებულები, ყოველდღიურად არ აღესრულება.
ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან კვირაცხოვლობის (თომას კვირის) სამშაბათამდე ტაძარში მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები თუ სხვა სახის ლოცვები საერთოდ არ აღესრულება. ამ ხნის მანძილზე დაშვებულია მხოლოდ წესის აგება, აღდგომის დღესასწაულის დღის გარდა, თუმცა წესის აგებაც განსხვავდება ჩვეულებრივისაგან იმით, რომ შეიცავს სააღდგომო, სასიხარულო საგალობლებს. მიცვალებულთა მოხსენიებას ეკლესია უშვებს თომას კვირის სამშაბათიდან. ამ დღის შემდეგ ჭირისუფალს შეუძლია შეუკვეთოს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც, ჟამისწირვაც და სხვა სახის მოხსენიებაც. უფრო დაწვრილებით დიდმარხვასა და ბრწყინვალე შვიდეულში გარდაცვლილის მოხსენიების საკითხი უნდა გავარკვიოთ ღვთისმსახურთან.
- დიდი მარხვის დროს ეკლესიის გარდა ამქვეყნად დარჩენილი ახლობლებიც მეტი ძალისხმევით ზრუნავენ თავიანთ გარდაცვლილებზე. რა არის ამის მიზეზი?
- დიდი მარხვის დროს ადამიანი, რომელიც ჯეროვნად იცავს მარხვას, როგორც ხორციელს, ასევე სულიერს, რაც მომეტებული ლოცვითა თუ სხვა სულიერი, ღვთივსათნო საქმეების გაძლიერებული აღსრულებით გამოიხატება, იმდენად სულიერი ხდება, რომ მისთვის ის ქვეყანა, ზეციური სამყარო გამჭვირვალეა, თითქოს ისპობა ზღვარი ამ და იმ სამყაროს შორის და ადამიანს ზეციური სამყაროს ჭვრეტა უადვილდება, ამიტომაც იმქვეყნად მყოფ მიცვალებულთა სულებზეც განსაკუთრებული ძალისხმევით ზრუნავს, რადგან უკვე სრულად შეიგრძნობს, რომ გარდაცვლილებიც აგრძელებენ სიცოცხლეს და სულიერად ჩვენთან იმყოფებიან.
- ამქვეყნად დარჩენილ თანამოძმეზე თუ ახდენს კეთილისმყოფელ გავლენას გარდაცვლილთა მოხსენიება და მათ სულებზე ზრუნვა?
- ცხადია, გარდაცვლილთა სულებზე ზრუნვა კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ამქვეყნად მყოფებზეც - უფლის მადლითა და შეწევნით, ჩვენს ცხოვრებასაც ვიხანგრძლივებთ და ვიკურთხებთ. უფალი უშვებს ამ წყალობას ჩვენზე, რათა ჩვენი კარგადმყოფობით და დღეგრძელობით შევძლოთ გარდაცვლილთა სულების შეწევნა. მიცვალებულთათვის ზრუნვა ასევე აწყნარებს ადამიანის სულს, ამშვიდებს და ანუგეშებს, რადგან მას ეძლევა ღვთაებრივი ნუგეში, რაც დიდად განსხვავდება ადამიანური ნუგეშისაგან და მასზე ბევრად აღმატებულია.
- როგორ მიცვალებულთა მოხსენიება არ შეიძლება?
- წმინდა ეკლესია არ იხსენიებს თვითმკვლელებს, მოუნათლავ და არამართლმადიდებლური სარწმუნოების მიმდევარ გარდაცვლილებს. ასევე ღვთის მგმობელებს და წესის აუგებელ მიცვალებულებს. წესით, არ შეიძლება მომაკვდინებელი ცოდვის ჩადენის მომენტში - მაგალითად, აბორტის, მრუშობის, კაცის კვლისას აღსრულებულთა მოხსენიება, თუმცა ასეთთათვის საეკლესიო წესების აღსრულება-არაღსრულების საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის მიერ.
მიცვალებულთათვის, რომელთათვისაც არ აღესრულება საეკლესიო წესები, ჭირისუფალმა შეიძლება მხოლოდ მოწყალება გასცეს. ეკლესია კი ლოცულობს იმ გარდაცვლილთა სულების საოხად, რომლებიც მონათლულნი იყვნენ მართლმადიდებლური წესით და ცხოვრობდნენ ჭეშმარიტად ეკლესიური ცხოვრებით ან მცირედით მაინც ჰქონდათ რწმენა და სასოება ღვთისა და არ გმობდნენ უფალს, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ლოცვა გაცილებით ქმედითი და რეალურია იმ მიცვალებულთათვის, რომლებმაც ეკლესიური ცხოვრებით განვლეს წუთისოფელი.
- რატომ ამზადებენ მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში საკურთხს?
- საკურთხის სუფრა არის მიცვალებულთა სახელზე გაღებული მოწყალების ერთ-ერთი სახე. საკურთხის კერძების ნაწილი ჭირისუფალმა აუცილებლად უნდა წაიღოს ტაძარში, სადაც ღვთისმსახური აღასრულებს პანაშვიდს და სხვა საგანგებო საეკლესიო ქმედებებთან ერთად აკურთხებს საზრდელსაც, რომელსაც შემდეგ შესწირავ ტაძარს, რათა მოხმარდეს ღარიბ-ღატაკთა და ტაძრის მსახურთა დაპურებას. საკურთხის დანიშნულება ხომ სწორედ უპოვართა დაპურება და მისი მოწყალების სახით გაცემაა. მიცვალებულის სახელზე მომზადებულ ტაბლაზე შეგვიძლია შინაც მოვიწვიოთ ახლობლები ან ოჯახის წევრებმა ვიხმიოთ მომზადებული საზრდელ-სასმელი და კიდევ ერთხელ მოვიხსენიოთ და შესანდობარი გავუგზავნოთ მათ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი