მჯდომარე ანასტასია
ვაგონის ფანჯრის მიღმა. სიკვდილი უახლოვდება ადამიანს, როგორც მგზავრს მგლების ხროვა, რომლებიც თავიდან დიდ წრეებს არტყამენ მას, შემდეგ უფრო პატარას, ბოლოს წრე იკვრება. ისინი მსხვერპლს უახლოვდებიან და აი, ბოლოს სასიკვდილო ნახტომიც..."წელი წელს მისდევს, ერთმანეთს ენაცვლება, როგორც ტყეებისა და მინდვრების სურათები
იწურება სიცოცხლის ჟამი. გავიდა ახალგაზრდობა, ზაფხულივით გაიელვა ვნებათა ქარტეხილში, მაგრამ ნათელი დღეებიც იყო, როცა სული შეიგრძნობდა ბერული ცხოვრების მშვენიერებას და ტკბებოდა იდუმალ ყვავილთა კეთილსურნელებით. სიყრმე შეცდომებით და ცოდვებით, აღმაფრენითა და დაცემითაა აღსავსე, მაგრამ სული ჯერ არ გაუხეშებულა და ცოდვას გულწრფელი სინანული ახლავს, რომელიც გულს სისხლიანი ცრემლებივით განბანს ცოდვის ჭუჭყისაგან.
მოწიფული ასაკი ზაფხულს ჰგავს. ეს მიწათმოქმედების დროა. ადამიანი უფრო ფხიზელი და წინდახედული ხდება, მაგრამ ერთ ვნებას მეორე ცვლის, ყმაწვილურ სიფიცხეს - გათელვა, ზრუნვა არაიმდენად მარადიულზე, რამდენადაც ხვალინდელ დღეზე, თითქოს ზეცა გვშორდება, მიწა კი უფრო და უფრო იკვეთება წყვდიადიდან. ცოდვები თითქოს იკლებს, მაგრამ გულიც აღარ ინთება ძველებურად სინანულით.
შემდეგ სიბერე, ცხოვრების შემოდგომა. ეს მწირი შემოდგომაა, გაზაფხულის ყვავილები უნაყოფოდ დაჭკნა და ურგები მიწათმოქმედი შიმშილობის მოახლოებას გრძნობს - მალე ზამთარი დადგება.
ჩემ გარშემო ხალხია, რომელსაც უკეთესად მივაჩნივარ, ვიდრე სინამდვილეში ვარ. ისინი კეთილგანწყობილნი არიან ჩემს მიმართ, რისთვისაც მადლიერი ვარ, მაგრამ მე უფრო გარდაცვლილებთან მსურს საუბარი, ვიდრე ცოცხლებთან, მათთან, რომლებიც ჩემზე ადრე წავიდნენ ამ წუთისოფლიდან მარადისობაში", - წერს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) მოგონებათა წიგნში "გადარჩენის საიდუმლო", რომელიც რუსეთის პატრიარქის, ალექსი მეორის ლოცვა-კურთხევით გამოიცა 2002 წელს. წიგნში მოთხრობილია XX საუკუნის საქართველოში მოღვაწე ბერ-მონაზონთა ცხოვრების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქართველ წმინდანთა ცხოვრების წარმოჩენას.
ერთ-ერთი წერილი, თბილისელი ანასტასია საზანოვას ცხოვრებას და ხსოვნას ეძღვნება, რომელსაც წარმოუდგენელი მოწამებრივი და სალოსური ღვაწლით ხალხმა "მჯდომარე ანასტასია" შეარქვა.
- რა ცნობები შემოგვინახა ისტორიამ ნაძალადევში დაბადებული რუსი ეროვნების ანასტასია საზანოვას აღმსარებლობითი ცხოვრებიდან, რომლის სახელთანაც მრავალი სასწაულია დაკავშირებული?
- რა ხდება დღეს მის საფლავზე კუკიის სასაფლაოზე, სადაც მრავალი ადამიანი ანასტასიას გარდაცვალების შემდეგაც იღებს მისგან დახმარებას?
შევეცდებით, ამ და სხვა კითხვაზე დავაკმაყოფილოთ მკითხველის ცნობისმოყვარეობა იმ ადამიანების დახმარებით, რომლებიც მჯდომარე ანასტასიას სიცოცხლეში შეხვდნენ, ზოგს ხორციელი ნათესაობაც აკავშირებდა მასთან. ბევრი მათგანი კი მის საფლავზე მომხდარი არაერთი სასწაულის მომსწრე და თვითმხილველია, რომელიც ყოველწლიურად ხდება...
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი):
- ისეთ ადამიანებს შევხვედრივარ, რომლებიც მუდმივად სასწაულის ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. მათთვის თითქოს არ არსებობდა ფიზიკის კანონები. ადამიანის სხეულის უძლურება, ვნებები, რომლებიც სულს აზიანებს, თითქოს მათთვის არ არსებობდა თვით მიზიდულობის ძალა. ასეთი ადამიანი იყო ანასტასია, რომელსაც ხალხი "მჯდომარე ანასტასიას" ეძახდა. ის ხალხს იგავებით და გამოცანებით ესაუბრებოდა, მაგრამ მისი ნათქვამი, ყოველთვის ახდებოდა ხოლმე, მისი ღვაწლი ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა, ისევე, როგორც ძველი მესვეტეებისა. საკუთარი თვალით რომ არ მენახა და მხოლოდ გამეგონა ანასტასიას შესახებ, ალბათ ეჭვი შემეპარებოდა, ისევე, როგორც შესაძლოა ამ სტრიქონების მკითხველებს. მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან მოწმეები, თვითმხილველები ჩვენს დროში მოვლენილი ამ სასწაულისა... მე მხოლოდ იმის გადმოცემა შემიძლია, რაც თავად მინახავს, ან იმათგან მსმენია, ვინც ნდობას იმსახურებს, მაგალითად, იღუმენია მარიამი (სოლოვიოვა). ის სოფელ ახკერპში ცხოვრობდა რამდენიმე მონაზონთან ერთად. მათი მონასტრის დახურვის შემდეგ ამბობდა, - ანასტასიას ნათქვამი ყოველთვის სრულდებაო.
ეს საოცარი მოღვაწე რამდენიმე ათეული წელი ისე იჯდა თავისი სახლის ეზოში, გადახურული ფანჩატურის ქვეშ, რომ არ ამდგარა, ზამთარში მხოლოდ გრძელ შალის მოსასხამს იფარებდა. ძალზე ცოტა ეძინა, უფრო დილით, მუხლებში თავჩაგრულს. თითქმის ყოველთვის ხალხი ეხვია გარს. ზოგს განსაკუთრებით ალერსიანად იღებდა და თავისი ხელით აჭმევდა, ზოგს კი ლანძღავდა, ქვებს ესროდა. ის გამუდმებით ესაუბრებოდა ჩვენი თვალისთვის უხილავ სამყაროში გარდასულთ. ამბობდნენ, ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი იყოო. დედა ადრე გარდაეცვალა და ზრდიდა დედინაცვალი, რომელსაც გერი სილამაზის გამო სძულდაო. ანასტასია გვარდიის ოფიცერს შეყვარებია და ცოლობა უთხოვია. როგორც ჩანს, ანასტასია დათანხმდა. ოფიცერმა მისი დანიშვნა მოისურვა, მაგრამ დედინაცვალი სხვადასხვა საბაბით აჭიანურებდა ქორწინებას. ბოლოს კი შინ ჩაკეტა გოგონა და სასიძოს გამოუცხადა, - გაგიჟდა და გაკოჭილი საავადმყოფოში წაიყვანეს, მისი განკურნება შეუძლებელიაო. ასე რომ, ქორწილზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო.
ამ ამბავმა ისეთი თავზარი დასცა ოფიცერს, რომ მან რევოლვერი ამოიღო და იქვე, სახლის ზღურბლზე, თავი მოიკლა. ანასტასიამ იმ დღიდან დაიწყო სალოსობა. საღორეში შეძვრა, ღორის სალაფავით იკვებებოდა. გავიდა დრო და ანასტასიამ უჩვეულო ღვაწლი იტვირთა: ეზოში, დაბალ სკამზე დაჯდა და აღარ ამდგარა. როცა ოდნავ წამოწევა იყო საჭირო, ორ ქვას ხელებით ეყრდნობოდა. გავიდა ათეული წელი. ფეხები მუხლებს ქვემოთ თითქოს ერთმანეთს შეეზარდა და მათი განძრევა აღარ შეეძლო. გარკვეულწილად, ასეთი ღვაწლი მესვეტეობაზე ძნელია, რადგან მესვეტეს სვეტის თავზე, პატარა ფართობზე მაინც შეეძლო სიარული, მოაჯირზე დაყრდნობილს დაძინება, ხანდახან ოთახში შესვლა, გარდა ამისა, ჩვეულებრივ მესვეტეები უამრავ მეტანიას აკეთებდნენ, ანასტასია კი, რომელიც თითქმის გაუნძრევლად იჯდა, ბუნების ყველა კანონის მიხედვით, პირველ ზამთარს უნდა გაყინულიყო, მაგრამ მასზე, როგორც ქვის ქანდაკებაზე, თითქოს არ მოქმედებდა არც ქარი და არც თოვლი".
ანასტასიას ბიოგრაფიიდან:
ანასტასია საზანოვა 1886 წელს დაბადებულა თბილისში. იგი ცხოვრობდა ნაძალადევში (ყოფილი ალილუევას, დღევანდელი ხიმშიაშვილის ქ. #11-ში). დედა ადრე გარდაეცვალა და დედინაცვალი ზრდიდა. იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სილამაზით, ეკლესიურობითა და გონიერებით. გალობდა მახლობელ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, რომელიც ერთხანს აბანოდ გადაუკეთებიათ კომუნისტებს. მრავალი თაყვანისმცემელი ჰყოლია, მაგრამ ცოლობაზე მხოლოდ ერთ ოფიცერს დათანხმებია. 1905 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ოფიცერი ფრონტზე გაიწვიეს და როცა დანიშნულ საცოლესთან გამოსამშვიდობებლად მივიდა, ანას დედინაცვალმა, რომელსაც გერის საქმროც არ მოსდიოდა თვალში, იცრუა - ანა გაგიჟდაო, რაც ოფიცრის თვითმკვლეობის საბაბი გახდა. წირვიდან შინ დაბრუნებულმა ანასტასიამ საქმრო რომ მკვდარი იხილა, ამ უბედურებას ვეღარ გაუძლო, 19 წლისა ლოცვად დაეყუდა და ათეული წლები შესთხოვდა უფალს შეეწყალებინა მისი საქმროს სული, რომელმაც ანასტასიას მგზნებარე სიყვარულს შესწირა მსხვერპლად სიცოცხლე. როგორც თვითმხილველნი ყვებიან, ბოროტი დედინაცვალი ამის შემდეგაც განიკითხავდა, ლანძღავდა ქალიშვილს და უკარ-ფანჯრო საღორეში მიუჩინა ადგილი. რადგან ჭერი გაუჩნდა, ანასტასიამ იფიქრა, ამით ღვაწლი შემიმსუბუქდაო და დამსხვრეულ შუშის ბოთლებზე და კონსერვის პირბასრ დაჟანგულ ქილებზე დაჯდა, რომელიც ზოგჯერ ძვლებამდე ერჭობოდა. მაგრამ ყველა სატკივარს დიდსულოვნად ითმენდა, ანასტასიამ თითქმის 65 წელი გაატარა საკუთარ ქუსლებზე მჯდომარემ. იგი სალოსურ ღვაწლს შეუდგა და ეხმარებოდა მასთან მისულ უამრავ ადამიანს ავადმყოფობათა და სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში. როცა სამამულო ომის შემდეგ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს აუწყა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო, ამის შემდეგ, საბჭოთა ფუნქციონერები აღარ დევნიდნენ კვლავინდებურად მასთან დასახმარებლად მისულ ხალხს. 1956 წლის 9 მარტის თბილისში მომხდარი ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც მაშინდელ საბჭოთა ლიდერს ნიკიტა ხრუშჩოვს ქართველების გადასახლება განუზრახავს, ვასილ მჟავანაძეც მისულა მასთან რჩევისთვის. ანასტასიას დაუმშვიდებია, - "ნუ გეშინია, მე ვილოცებ და ქართველებს ვერას დაუშავებენო". ცნობილია, რომ ანასტასია ძალიან ცოტას ლაპარაკობდა. რადგან მჯდომარეს თვითონ არ შეეძლო მძიმე ავადმყოფი მოენახულებინა, ამიტომ აიღებდა ვაშლს, "მამაო ჩვენოს" ლოცვას იტყოდა, ვაშლს ხელით ჯვარს გადასახავდა და ავადმყოფთან გაატანდა. როგორც კი ავადმყოფი ამ ვაშლს შეჭამდა, მაშინვე იკურნებოდა. ამიტომაც მიაქვთ დღეს მის საფლავზე წითელი ვაშლი, დადებენ, ანასტასიას შემწეობას შესთხოვენ და ამის შემდეგ, როცა ვაშლს შეჭამენ, იკურნებიან მძიმე სენისაგან.
მამა რაფაელის მოგონებიდან:
"მე რამდენჯერმე ვიყავი ანასტასიასთან და ახლა ძალზე ვნანობ, რომ უფრო ხშირად ვერ დავდიოდი. ერთხელ დედაჩემი მძიმედ გახდა ავად. მე ანასტასიასთან წავედი, მოვუყევი ჩემი სატკივარი და ვთხოვე, ელოცა დედაჩემისთვის. ანასტასიამ ვაშლი მომცა და მითხრა: "აი, ეს შეჭამოს". შინ გამოვბრუნდი. გულში წინასწარ ვხარობდი, სასწაულს ველოდი და მოხდა კიდეც! დედა, როგორც კი ვაშლი შეჭამა, იმავე დღეს გამოჯანმრთელდა.
ამბობენ, განსაკუთრებით ბევრი ხალხი აკითხავდა ანასტასიას ომის დროს, რათა ახლობლების ბედი შეეტყოთ. თუ ის მიწას გაუწვდიდა - ეს ნიშნავდა, რომ ადამიანი მოკლულია. იყო შემთხვევები, როდესაც ანასტასია მარხვაში ხორცს გაუწვდიდა მნახველს. ეს უხერხულობაში აგდებდა ზოგიერთს, მაგრამ ის მიგვანიშნებდა, თუ როგორ ვმარხულობთ სინამდვილეში და რა მდგომარეობაშია ჩვენი გული.
ანასტასიას ეზოში შესული ადამიანი თითქოს ერთი სამყაროდან მეორე, მისთვის უცნობ სამყაროში ხვდებოდა. ამბობენ, როცა და ავად გაუხდა, ანასტასიამ ჩარდახიდან გამოაყვანინა თავი, ღია ცის ქვეშ ლოცულობდა ოთხი თვე - დას გზა უნდა გავუმზადოო.
მინდა მისი თვალების შესახებაც მოგითხროთ.
სქემმონაზონ გაბრიელის თვალების სილბოსგან განსხვავებით, ანასტასიას თვალები კაშკაშა სინათლეს ასხივებდა, ღამეულ ცას რომ ანათებენ. მისი გამჭოლი მზერა შიშის მსგავს განცვიფრებას იწვევდა, როცა ადამიანი გრძნობს, რომ სულში ჩახედეს და მისი ცხოვრება, წარსული თუ მომავალი დაინახეს...
რა სასწაულები ხდება კუკიაზე, მჯდომარე ანასტასიას საფლავზე და როგორ ეხმარება ის ადამიანებს სიკვდილის შემდეგაც, ამის შესახებ მოგვითხრობს ნათია უტიაშვილი. ამ ორი წლის წინ იგი, ჟურნალისტებიდან პირველი, დაინტერესდა მჯდომარე ანასტასიას სასწაულებით და სალოსური მოღვაწეობით:
- მჯდომარე ანასტასიას საოცარი ამბავი რამდენიმე წლის წინ შევიტყვე. მაშინ ძალიან ცოტამ იცოდა, რომ კუკიის სასაფლაოზე, უფლისა და მოყვასისათვის თავდადებული ადამიანი, მჯდომარე ანასტასია იყო დაკრძალული. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. მჯდომარე ანასტასიას შესახებ დღეს ბევრმა ადამიანმა იცის. ისინი მიდიან მის საფლავზე, ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ და ამ საოცარ, ყველასთვის მეოხ ადამიანს, შემწეობასა და დახმარებას სთხოვენ. პირადად მე ამ ხნის განმავლობაში დედა ანასტასიას (მე მას ყოველთვის ასე მოვიხსენიებ) საფლავზე არაერთხელ ვიყავი. მივდივარ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ვარ აფორიაქებული, განვიცდი, ვნერვიულობ და ამ საოცარი ადამიანის საფლავთან ლოცვის პირველ წუთებშივე საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ. რაც მთავარია, ყოველთვის ვხედავ გზას, რომელზეც უნდა ვიარო, თუმცა ამას მხოლოდ მე არ ვგრძნობ, არამედ თითქმის ყველა, ვისთანაც ამ თემაზე მისაუბრია... საფლავზე დღემდე ხდება სასწაულები. მჯდომარე ანასტასია დღემდე შეეწევა ადამიანებს, განსაკუთრებით დასაოჯახებლებს, უშვილოებს, სნეულებაში, განსაცდელში მყოფებს და მათ უფლის რწმენაში კიდევ უფრო განამტკიცებს".
(გაგრძელება იქნება)