- თანამედროვე ეპოქაში ონკოლოგიურ დაავადებებს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. მათი რიცხვი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაიზარდა. ონკოლოგიური დაავადებების წარმოშობის მიზეზი ბოლომდე არ არის შესწავლილი, თუმცაღა ზოგადად მათ იმუნიტეტის დაქვეითებას ან მოშლას უკავშირებენ. ადამიანის ორგანიზმში ონკოლოგიური ანუ ატიპური უჯრედები ხშირად წარმოიშვებიან, მაგრამ ნორმალური იმუნიტეტის დროს ისინი ნადგურდებიან და ორგანიზმიდან გამოიყოფიან, ხოლო იმუნიტეტის დაქვეითებისას ძლიერდებიან, მრავლდებიან და ჯერ პირველად სიმსივნეს წარმოშობენ, ხოლო ბოლო სტადიებში - მეტასტაზებს.
- მამაო, რამდენად მოქმედებს დღევანდელი გარემო ამ დაავადებების განვითარებაზე?
- სიმსივნურ დაავადებათა გამომწვევ მიზეზთა შორის მოიხსენიება დაბინძურებული ეკოლოგიური პირობები, არაჯანსაღი და უხარისხო საკვები, რადიაციული ზემოქმედება (გამა გამოსხივება), სტრესი (რომელიც ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს წარმოქმნის), ინფექციური თუ სხვა დაავადებები. არსებობს სიმსივნის წარმოშობის ვირუსული თეორიაც.
- როგორ უნდა შევხედოთ სიმსივნურ დაავადებებს რელიგიური თვალსაზრისით?
- სხვადასხვა სნეულება სხვადასხვაგვარად უნდა გავიაზროთ. უფალი გვიგზავნის, უფრო სწორად, უშვებს სნეულებას იმ ორგანოსა თუ სისტემაზე, რომელშიც ადამიანის სულის დამაზიანებელი ვნება მაქსიმალურად ვლინდება. ავადმყოფობა კი ამ დროს წამლად გვევლინება, რომელიც ამ ვნების შემდგომ გაღვივებას აფერხებს.
ონკოლოგიურ დაავადებას, მით უმეტეს - ავთვისებიანს, რელიგიური თვალსაზრისით სხვა დანიშნულებაც აქვს - ეს არის "უწყება" ადამიანისთვის, რომ უფალმა გადაწყვიტა მისი მოხმობა სასუფეველში და მას მიწიერი ცხოვრების განსაზღვრული ნაწილიღა დარჩა. ამიტომ დროა, სულიერად მოემზადოს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს დრო ერთი თვე იქნება თუ თხუთმეტი წელი; მთავარია, ზეციდან გვიხმო ზარმა, რომელიც დარჩენილი ცხოვრების სინანულითა და ლოცვით გატარებისკენ მოგვიწოდებს.
რატომ ვთვლით ამას "უწყებად"? იმიტომ, რომ მთელი რიგი დაავადებები მყისიერ გარდაცვალებას იწვევს და ადამიანი საეკლესიო საიდუმლოებებთან მიახლებას ვერ ასწრებს, ზოგჯერ კი აღარ შეუძლია აზროვნება, თვითანალიზი და ლაპარაკი. ნებისმიერ ეკლესიურ საიდუმლოსთან მიახლებისას კი ადამიანს ნათელი გონება უნდა ჰქონდეს, რომ ცოდვები დაინახოს და სინანული შეძლოს.
- როგორია თანამედროვე მედიცინის მიღწევები ამ დაავადების მკურნალობაში?
- თანამედროვე ქირურგია, ქიმიოთერაპია და მედიცინის სხვა დარგები კარგი შედეგების მიღწევის საშუალებას იძლევა. ზოგჯერ სიცოცხლე თხუთმეტი და ოცი წლითაც კი ხანგრძლივდება. ღვთაებრივი "უწყება" არ ნიშნავს უცებ გარდაცვალებას და არც ის არის გამორიცხული, ავადმყოფი სრულიად გამოჯანსაღდეს.Aამის მაგალითებიც ხშირია.
- როგორ ხვდებიან ამ დიაგნოზს, როგორია სნეულთა ფსიქოლოგია?
- ონკოლოგიური ავადმყოფები შეიძლება ორ ჯგუფად გავყოთ: ურწმუნოებად და მორწმუნეებად. ურწმუნოთათვის დიაგნოზი "კიბო" თავზარდამცემია და, როგორც წესი, ნამდვილ ტრაგედიად იქცევა ხოლმე. მორწმუნენი კი, იმის მიხედვით, რამდენად ეკელსიურები, ძლიერები და მომზადებულები არიან სასუფეველში შესასვლელად, სხვადასხვაგვარად იღებენ. ნამდვილი ქრისტიანი ბავშვობიდან ოცნებობს, სასუფეველში შევიდეს. როგორც წესი, ონკოლოგიური ავადმყოფები ოპტიმიზმს ინარჩუნებენ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უკიდურესი სასოწარკვეთილება ეუფლებათ და თვითმკვლელობას ცდილობენ, რაც დიდი ცოდვაა უფლის წინაშე.
საზოგადოდ, ადამიანი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდება, შეიძლება სამიდან ერთ გზას დაადგეს:
1. "ხელის ჩაქნევის" გზას - ცდილობს დარჩენილ სიცოცხლეში არაფერი მოიკლოს (ილოთოს, იმრუშოს, კარგად დანაყრდეს, იმხიარულოს...). ამ გზას ძირითადად ურწმუნონი მიჰყვებიან, რამეთუ თვლიან, რომ ამ ცხოვრების მიღმა აღარაფერია.
2. სამედიცინო გზას - ავადმყოფი ექიმზე და მის პროფესიონალიზმზეა მინდობილი, ცდილობს და სჯერა განკურნებისა.
3. სულიერ გზას - საკუთარ სნეულებას ღებულობს უწყებად იმ დროის შესახებ, რომელიც საჭიროა უფალთან წარდგომისთვის მოსამზადებლად და მას მიიჩნევს არა სასჯელად, არამედ ღვთის წყალობად.
- რა პასუხისმგებლობა აქვს ექიმს ონკოლოგიური პაციენტის მიმართ?
- ექიმ-ონკოლოგს ევალება, ავადმყოფს აქტიური სიცოცხლე გაუხანგრძლივოს, იმის მიუხედავად, პაციენტს სურს თუ არა ეს, რადგანაც ამით ის სნეულს დამატებით დროს აძლევს სინანულის, აღსარებისა და ზიარებისთვის. ექიმ-ონკოლოგის მეორე მიზანია, პაციენტს ისე უმკურნალოს, რომ ძალდაუტანებლად მიიყვანოს რწმენამდე და არ დაუშვას მისი ცრურწმენებით, ცოდვებით გარდაცვალება და საბოლოო დაღუპვა.
ვინაიდან ექიმებისთვის კიბოს წარმოშობის უეჭველი მიზეზი უცნობია, ავადმყოფის ოჯახის წევრები კურნების გზების ძიებაში ექსტრასენსებს, ბიოენერგეტიკოსებსა და ე.წ. მლოცველებს აკითხავენ. ექიმი ყველანაირად უნდა ეცადოს, პაციენტმა და მისმა ოჯახის წევრებმა ფარ-ხმალი არ დაყარონ, სარწმუნოებით მიუდგნენ მოვლენილ განსაცდელს, მადლობდნენ უფალს, მიმართონ ტრადიციულ მედიცინასა და ეკლესიას და არამც და არამც "მკურნალებს", რომელთაც ადამიანის სულის დაღუპვა შეუძლიათ.
- აგებს თუ არა პასუხს ექიმი-ონკოლოგი, თუ პაციენტი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს?
- ნებისმიერი ექიმის მიზანია, განკურნოს არა მხოლოდ სხეული, არამედ სულიც. ექიმს ყოველთვის აქვს საშუალება, პაციენტთან ფსიქიატრი, ფსიქოლოგი გამოიძახოს. მან უნდა იცოდეს, რომ ასევე მნიშვნელოვანია მღვდლის მოყვანა. ამდენად, პაციენტის სულის საბოლოო სამყოფელზე პასუხისმგებელი ექიმიც არის. თუ ავადმყოფს სულიერ დახმარებას შესთავაზებს, აუხსნის, რას ნიშნავს სააქაო და საიქიო ცხოვრება, მაგრამ სულიერ დახმარებაზე უარს მიიღებს, მას პასუხისმგებლობა ეხსნება. მაღალი სულიერების ექიმს ამ შეთავაზების გარდა ლოცვაც შეუძლია, რადგანაც სწორედ ექიმსა და ექთანთან აქვს პაციენტს ყველაზე ხშირი ურთიერთობა და მათ მიერ წარმოთქმული ლოცვის თუნდაც რამდენიმე სიტყვა უდიდეს ძალას მისცემს მის სულს.
- რა მნიშვნელობა აქვს სასულიერო პირის ჩართვას მკურნალობის პროცესში?
- ექიმსაც და მღვდელსაც უწევთ ურთიერთობა ფსიქიკურად ტრავმირებულ ადამიანებთან, რამეთუ მომაკვდინებელი ავადმყოფობის გამო ისინი თავს განწირულად თვლიან. ამიტომ მღვდლის უნარი, სულიერად გამოკვებოს ასეთი ადამიანები, ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის საქმეში. მისი შორეული შედეგები და ავადმყოფთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია სწორ სულიერ მიდგომაზეა დამოკიდებული. ხშირად მღვდელი ავადმყოფთან მაშინ მიჰყავთ, როცა უკვე დაგვიანებულია და სნეულს აღსარების თქმა და ზიარების მიღება აღარ შეუძლია. ურწმუნო ავადმყოფებისთვის მოძღვრის გამოჩენა სიკვდილის ბოროტ შიშს იწვევს; მღვდელს რომ ხედავენ, კითხულობენ: "რა, უკვე უნდა მოვკვდე?" ჩვენმა ურწმუნო ეპოქამ მიგვიყვანა აქამდე - მღვდელი და ერისკაცი ერთმანეთისგან გააუცხოვა.
- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, როდის უნდა გაიგოს პაციენტმა საკუთარი სნეულების შესახებ...
- ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზნეობრივი და ბიოეთიკური საკითხია. ერთი მხრივ ექიმი უფრთხილდება ავადმყოფის ფსიქიკას და ნელ-ნელა შეამზადებს მას ამ ტრაგიკული ფაქტის ადეკვატური გააზრებისთვის, მეორე მხრივ კი, რელიგიური თვალსაზრისით, იკარგება ოქროს წუთები, რომლებიც პაციენტმა სულიერი მომზადებისთვის უნდა გამოიყენოს, რათა ცხონდეს. მზა რეცეპტები ამ შემთხვევისთვის არ არსებობს; ყველაფერი დამოკიდებულია გამოცდილებაზე, ინტუიციაზე, პაციენტების დეონტოლოგიის დაცვასა და ექიმის ეკლესიურობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებმა არ აგრძნობინონ ავადმყოფს თავიანთი განცდები და ემოციურად თუ სულიერად შეუმსუბუქონ მათ ხვედრი.
- რას გვეტყვით უიმედო ავადმყოფების განკურნების შემთხვევებზე და რომელ ხატს ევედრებიან კურნებას?
- არის შემთხვევები, როცა პაციენტები "რელიგიურ" მკურნალობას ექვემდებარებიან. განკურნების ფაქტები ღვთისმშობლის ხატის, სხვადასხვა სიწმინდეების მიმართ ლოცვის დროს ხდება. ზოგჯერ ლოცვის შემდეგ სიმსივნე კი არ იკურნება, არამედ "იყინება" იმ სტადიაში, რომლითაც სნეული ღმერთთან მივიდა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც საერთოდ გამქრალა უიმედო სიმსივნეები. ეს ნამდვილად უფლის მადლის ზემოქმედებაა, რომელიც ადამიანის სულსა და ხორცს ამაგრებს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ხატებთან მისვლასა და მათგან ხსნის მიღებას ღრმა რწმენა და უფლისადმი მიმართვა სჭირდება. ონკოლოგიური ავადმყოფების მხსნელად და შემწედ ღვთისმშობლის ხატი "პანტანასა" ითვლება.
ონკოლოგმა ასევე უნდა იცოდეს, რომ არის პირუკუ პროცესიც - სიმსივნეების სწრაფი მალიგნიზაცია - ავთვისებიანად ქცევა, რისი მიზეზიც ხშირად პაციენტზე ექსტრასენსების, ჯადოქრების, ბიოენერგეტიკოსებისა თუ სხვათა სატანური ძალების ზემოქმედებაა.
დაბოლოს, მინდა აღვნიშნო და გავიმეორო, რომ ექიმისა და მღვდლის ურთიერთობა უბრალოდ სასარგებლო კი არა, აუცილებელია!
ღმერთმა დალოცოს ყველა სნეული! ბერი პაისის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, ბოლო ჟამს ადამიანები სწორედ ონკოლოგიური სნეულებების მეშვეობით შევლენ სასუფეველში. ღმერთმა ინებოს!
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
მარი აშუღაშვილი