მეტყველების განვითარება, რომელიც სხვადასხვა ეტაპსა და საფეხურს მოიცავს, ბავშვის ცხოვრების ადრეულ პერიოდშივე იწყება. იგი დაკავშირებულია მის ცნობიერებაში მეტად მნიშვნელოვან გარდატეხასთან.
სოციალური გარემო, ის პირობები, სადაც ბავშვი იზრდება და ვითარდება, აჩქარებს ან, პირიქით, ანელებს ენის განვითარების პროცესს. ზოგიერთ ოჯახში მშობლები ნაკლებად ინტერესდებიან ბავშვის ენობრივი განვითარების დონით. არადა თუკი მშობელს სურს, რომ მისმა პატარამ სწრაფად და დროულად დაიწყოს მეტყველება, გარკვეულწილად თვითონ უნდა დაეხმაროს მას, ხშირად დაუსვას შეკითხვები ენის ცოდნის შემოწმების მიზნით, მეტი დრო დაუთმოს, ხალისით ესაუბროს მას.
გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.
- რა ასაკიდან იწყებს ბავშვი მეტყველებას და მეტყველების განვითარების საწყის საფეხურზე რა ცვლილებები ხდება ბავშვის ცნობიერებაში?
- ერთი წლის ბავშვს ზოგიერთი სიტყვის გაგების უნარი შესწევს და უკვე თვითონაც იწყებს მეტყველებას, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ვერ ჩაითვლება ნამდვილ საუბრად. მეტყველების შესახებ მხოლოდ მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ, როდესაც მას არა მარტო მსმენელის განცდებზე ზემოქმედების უნარი აქვს, არამედ უკვე გამომსახველობითი ფუნქციაც ენიჭება; როცა მეტყველს უკვე აქვს იმის შეგნება, რომ სიტყვას თავისი შინაარსი, მნიშვნელობა გააჩნია. ენის განვითარების საწყის საფეხურზე კი ბავშვს სწორედ ეს აკლია. ამიტომაც ნამდვილი მეტყველების შესახებ საუბარი მხოლოდ პატარას განვითარების მეორე პერიოდიდან შეიძლება. წლინახევრის ბავშვში ერთი მეტად მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება: მასში პირველად, ანაზდეულად იღვიძებს იმის შეგნება, რომ ბგერათა კომპლექსს თავისი მნიშვნელობა, შინაარსი აქვს; ის რაღაცას გამოხატავს და სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. თუ რა შთაბეჭდილება შეიძლება მოახდინოს ამ აღმოჩენამ ბავშვზე და როგორ ცვლილებებს იწვევს მასში, ამას ცნობილი გერმანელი ფსიქოლოგი ვ. შტერნი გვიჩვენებს ბრმა და ყრუ-მუნჯი ჰელენ კელერის მაგალითზე. ამ სხვადასხვა სახის შეგრძნებებს მოკლებულმა ადამიანმა მეტად საინტერესო განვითარება განვლო. მაგალითად, იგი ვიბრაციით გრძნობდა ოჯახის წევრების ფეხის ხმას, არჩევდა, ვინ მოდიოდა, მუსიკალურ ნაწარმოებებსაც კი ცნობდა და ესთეტიკურ ტკბობას განიცდიდა. ეს ბავშვი 7 წლამდე უენოდ იზრდებოდა. ერთხელ მისმა მასწავლებელმა ხელისგულზე შეხებითი შთაბეჭდილების გამოწვევით მოახერხა მისთვის თითების ენა გაეცნო, მაგრამ მას დასაწყისში ამ ნიშნების სიმბოლურ მნიშვნელობაზე არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდა. სწავლების მეორე თვის დამდეგს ასეთი რამ მოხდა: აღმზრდელი და ბავშვი წყლის საქაჩთან იდგნენ. აღმზრდელმა გოგონას ჭიქა დააჭერინა, თვითონ კი წყლის ქაჩვა დაიწყო. როცა ცივი წყალი წამოვიდა და ჭიქა აივსო, მასწავლებელმა ბავშვს ხელზე თითებით დაუწერა წყლის სახელი. ამ სიტყვამ, რომელიც მოჰყვა ცივი წყლის შეხებას, ბავშვი გააოცა - ჭიქა ხელიდან გაუვარდა და გაშეშდა. მისი სახე უცებ რაღაც ახალმა გამომეტყველებამ გაანათა. თითებით რამდენიმეჯერ გაიმეორა სიტყვა "წყალი". ამის შემდეგ დაიჩოქა, შეეხო მიწას და მისი სახელი იკითხა.
შემდეგ უკვე მასწავლებელს ჰკითხა, თუ რა ერქვა მას. უკან რომ ბრუნდებოდნენ, ბავშვი უაღრესად აღგზნებული იყო, მრავალი შემხები საგნის სახელს კითხულობდა, ორიოდე საათში მისი სიტყვების მარაგს 30 ახალი სიტყვა შეემატა.
ყველა ბავშვის ცხოვრებაში დგება ეს ეტაპი და ამ დროს ჩნდება ახალი სიტყვების შეძენის ძლიერი სურვილი. პატარა დაჟინებით კითხულობს, რა ჰქვია ამა თუ იმ საგანს და შედარებით მცირე ხნის განმავლობაში საგრძნობლად იმდიდრებს ლექსიკას. ბავშვის ცხოვრებაში, ენის განვითარების თვალსაზრისით, ახალი ერა იწყება. ბგერების კომპლექსი, რომელიც წინა საფეხურებზე აზრობრივი დატვირთვის გარეშე აღიქმებოდა (მაგალითად, ბავშვი იმეორებდა ამა თუ იმ ბგერებს, უჭირდა მათი გამოთქმა და კმაყოფილი იყო, თუ ამას მოახერხებდა, ხოლო თავად მათი მნიშვნელობა კი არ ესმოდა), ახლა უკვე ერთგვარი შინაარსის გამომხატველი ხდება. ეს მეტად მნიშვნელოვანი გარდატეხაა ბავშვის ცნობიერებაში.
- შემდეგ როგორ მიმდინარეობს ბავშვის მეტყველების განვითარება, რა ეტაპებს მოიცავს იგი?
- ფსიქოლოგ შტერნის მიხედვით სიტყვის შინაარსობრივი მნიშვნელობის შეგნების ზეგავლენით ბავშვის მეტყველების განვითარება არაჩვეულებრივად სწრაფი ნაბიჯებით მიდის წინ. ეს, უწინარეს ყოვლისა, სიტყვათა მარაგის ზრდას ეხება. რაკი მას უჩნდება იმის შეგნება, რომ ყველაფერს თავისი სახელი აქვს, გატაცებით ადევნებს თვალყურს სხვის მიერ საუბრისას ირგვლივ არსებულ საგანთა დასახელებას და იმახსოვრებს მათ. მისი ლექსიკონი იმდენად სწრაფად იზრდება, რომ 2 წლის გოგონასა და ორწლინახევრის ბიჭს უკვე 300-მდე სიტყვის ხმარება შეუძლიათ. დასაწყისში ეს სიტყვები ბავშვის ჩვეულებრივი ინტერესების საზღვრებს არ სცილდება. მშობლები, ცხოველები და სათამაშოები, ტანისამოსი, საჭმელი, გარდა ამისა, რაც ხმაურობს და მოძრაობს, ე.ი. რაც ბავშვის ყურადღებას იპყრობს, აგრეთვე მათდამი მიმართული მოქმედებებიც შეადგენს მისი მეტყველების შინაარსის ერთ-ერთ მასალას.
- სიტყვების მარაგის ზრდასთან ერთად რა ასაკიდან იწყებს ბავშვი სიტყვათა შორის გრამატიკული, სინტაქსური კავშირების გამოყენებას?
- მართალია, შორისდებულის მსგავსი გამოთქმის ფორმები ჯერ კიდევ მრავლად გვხვდება ამ ეტაპზე, მაგრამ ამის გარდა სხვა გრამატიკული კატეგორიებიც იჩენს თავს. საგულისხმოა, რომ ეს უკანასკნელი გარკვეული თანმიმდევრობით ვითარდება: წლისა და 3 თვის ბავშვი მხოლოდ არსებით სახელებს ამბობს, ხუთიოდე თვის შემდეგ უკვე ზმნები ჩნდება, მეორე წლის ბოლოს კი საგანთა თვისებას და ზოგიერთ მიმართებასაც აქცევს ყურადღებას. ანუ დროთა განმავლობაში მის მეტყველებაში სხვა სახის სიტყვები მოდის წინ. ასევე, მეტყველების განვითარების მომდევნო პერიოდში მათ ბრუნვას, უღლებას იწყებს. ამავე დროს ბავშვის ენა უკვე სინტაქსურადაც იცვლება. მეორე წლის ბოლოს ცალ-ცალკე სიტყვების წარმოთქმის ნაცვლად ბავშვი რამდენიმე სიტყვას ერთმანეთს უერთებს და ამგვარად უკვე ეჩვევა მრავალსიტყვიან წინადადებათა ხმარებას. მართალია, ისე არ გამოსდის, როგორც დიდს, მაგრამ მაინც ცდილობს. იგი, უბრალოდ, ერთ სიტყვას მეორეს უმატებს. ხშირად შემაკავშირებელ ნაწილაკებსაც ვერ ხმარობს, მაგრამ შინაარსიდან ჩანს, რომ საქმე სიტყვათა კრებულთან კი არა, ნამდვილ წინადადებებთან გვაქვს. თანდათან წინადადებების აგებულებაც იცვლება და მალე იგი მთლიან სტრუქტურულ სახეს იღებს. რთულდება მისი ფორმაც. ჩნდება თხრობითი წინადადებებიც, ხმარებაში შემოდის კითხვითიც.
ბავშვის მეტყველების განვითარების შემდეგ ხანაში უკვე დამოკიდებული წინადადებები ჩნდება. თუ წინა საფეხურზე იგი თავის აზრებს ისე გამოთქვამდა, რომ მათი ლოგიკური ურთიერთდამოკიდებულება სრულად არ ჩანდა, ახლა მდგომარეობა თვალსაჩინოდ იცვლება. ბავშვები უკვე იწყებენ წინადადებათა ურთიერთდაქვემდებარებასაც. განსაკუთრებით დამახასიათებელი მოვლენა პატარას მეტყველების განვითარების ამ ხანაში მისი კითხვების ახალი მიმართულებაა. უჩნდება ინტერესი დროისა და მიზეზშედეგობრივი კავშირების მიმართ. როდის? რატომ? - ხშირად გვესმის მისგან. უმეტესად ეს კითხვები წმინდა ინტელექტუალური ინტერესის შედეგს არ წარმოადგენს, უფრო პრაქტიკულ მოთხოვნილებებთან არიან დაკავშირებულნი, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. მესამე წლის განმავლობაში ჩვენ შევხვდებით ისეთ შემთხვევებსაც, როცა ბავშვი, წმინდა ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე, ამა თუ იმ მოვლენის მიზეზის შესახებ განუწყვეტლივ სვამს კითხვებს.
- ბავშვის ქცევის განვითარების თვალსაზრისით მეტყველებას ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში, 2-3 წლის პატარა თითქმის განუწყვეტლივ ლაპარაკობს. რა სახეს იღებს ბავშვის მეტყველების შინაარსი ამ შემთხვევაში?
- პირველი ადგილი აქ იმ გამოთქმებს უჭირავთ, რომელთაც ბავშვის რაიმე გარკვეული სურვილი უდევს საფუძვლად. ამას შეიძლება სურვილის ენაც დავარქვათ. ამ პერიოდში პატარას სწორედ თავისი სურვილების გადაცემა ესაჭიროება სხვისათვის. საკუთარი ძალები არ ჰყოფნის თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და იძულებული ხდება, სხვათა დახმარებას მიმართოს. ენა სწორედ აქ უწევს მას სამსახურს. რაც უფრო პატარაა და უძლური ბავშვი, მით უფრო დიდია მის მეტყველებაში სურვილის გამომხატველ სიტყვათა რაოდენობა. შემდეგ მოდის ის სიტყვები, რომლებიც რაიმეს აღწერას ემსახურება. არის შემთხვევები, როცა ბავშვი თამაშობს და ამავე დროს სიტყვიერად გამოხატავს იმ მოქმედებებს, რომლებსაც ახორციელებს. ე.ი. ბევრი რამ, რაც პატარას თვალწინ ხდება და რასაც ის აღიქვამს, საგანი იქნება თუ რაიმე მოვლენა, ძალიან ხშირად მისი მეტყველების შინაარსადაც გადაიქცევა. ამ აღწერის ენას ბავშვი იმ შემთხვევებშიც მიმართავს, როცა სრულიად მარტოა. ბევრს დაუფიქსირებია, რომ პატარა თამაშობს და ამავე დროს ლაპარაკობს და აღწერს თავის ქმედებებს. აქ უკვე ჩნდება ბავშვის მეტყველების კიდევ ერთი, მეტად დამახასიათებელი თვისება. მას ზოგიერთი (მაგალითად, ფრანგი მეცნიერი ჟან პიაჟე) ეგოცენტრულ მეტყველებას უწოდებს. ბუნებრივია, იგი ემსახურება ბავშვის ცნობიერების განვითარებას. როდესაც პატარა აღწერს და საუბრობს იმის შესახებ, რასაც აკეთებს, ამით უფრო უკეთ გაიაზრებს თავის მოქმედებებს, ამა თუ იმ საგანისა და მოვლენის შინაარსს, უფრო მეტად იშინაგანებს ამას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი