გარდატეხის ასაკი ყველაზე ძნელი და კრიტიკულია ბავშვის ცხოვრებაში. წმინდა იოანე ოქროპირმა იგი ასე დაახასიათა:
"როგორები იქნებიან ბავშვები ამ ასაკის შემდეგ, კარგები თუ ცუდები, არავინ იცის, ღმერთის გარდა". ხშირად მშობლები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ შვილებს სწორად ზრდიან, ზრუნავენ მათი კეთილდღეობისათვის, გაოგნებულნი და შეწუხებულნი რჩებიან, როდესაც აწყდებიან შვილების უმადურობას და ხედავენ მათთვის აუხსნელ, არასასიკეთო ცვლილებებს. ცდილობენ, უპასუხონ კითხვებს: რა მოხდა, რატომ შეიცვალა მათი შვილი, რატომ ეურჩება ყოველ ნაბიჯზე და მრისხანედ ეწინააღმდეგება; სად შეცდნენ, რა გამოეპარათ აღზრდის დროს? ზოგჯერ ბავშვები გაურბიან არა მარტო მშობლების მომაბეზრებელ შეგონებებს, არამედ, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ტოვებენ ოჯახსაც კი, მზად არიან, ცხოვრების მორევში გადაეშვან, ოღონდ კი გაიქცნენ გაურკვეველ ყოფიერებაში, იგემონ აკრძალული "თავისუფლების" გემო, ამოივსონ ცნობისმოყვარეობის ბნელი წიაღი. ისინი ამ დროს ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ აცნობიერებენ, რომ კონფლიქტი საკუთარ ოჯახთან - არის გამოხატულება მთელ გარე სამყაროსთან დისჰარმონიისა და კონფლიქტისა. აქედან იწყება ადამიანის ტოტალური გაუცხოება და სიმარტოვე, რასაც ღრმა ფსიქოლოგიური ფესვები და საფუძველი, უპირველესად, ისევ და ისევ ოჯახში აქვს.
რა შემთხვევაში არ ექნება ბავშვს დიდი და დამანგრეველი კონფლიქტები საკუთარ თავთან, ოჯახთან, გარემოსთან, ადამიანებთან - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი.
- ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურებაა მოზარდში "დიდობის" გრძნობის აღმოცენება, რაც უფროსებისადმი ბავშვური მორჩილების წინააღმდეგ აჯანყებისა და სრული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისკენ სწრაფვით მჟღავნდება. დიდობის გრძნობის აღმოცენებაში მონაწილეობს ბიოლოგიური, ფიზიკური და სულიერი ცვლილებები. მოზარდი ამჩნევს მასში მომხდარ უამრავ ცვლილებას, ახდენს თავისი მზარდი შესაძლებლობების გადაფასებას და ასკვნის, რომ ის ცოტა რამით თუ განსხვავდება მოზრდილი ადამიანებისაგან და აცხადებს პრეტენზიას, რომ უფროსებიც ისეთსავე ურთიერთობას ამყარებდნენ მასთან, როგორსაც თანატოლთან; როცა უფროსები ამას არ აკეთებენ, ის თავს დამცირებულად, შეურაცხყოფილად გრძნობს და უხეში, ჯიუტი და ჟინიანი ხდება. აღმზრდელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დიდობის გრძნობა ჯანსაღი და ძვირფასია; ამიტომ კი არ უნდა ჩავახშოთ, არამედ უნდა შევეცადოთ, სწორად წარვმართოთ. ურთიერთობა მოზარდთან თანდათან და გონივრულად უნდა გარდავქმნათ, თანდათან უნდა ვაღიაროთ მისი უფლებები დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა ხდებოდეს გონივრულ საზღვრებში; დაუშვებელია ხელმძღვანელობისა და კონტროლის სრული მოხსნა; უარი უნდა ვთქვათ კატეგორიულ განკარგულებებსა და მბრძანებლურ ტონზე. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, აღმზრდელმა უარი თქვას მტკიცე მოთხოვნებზე, ის უნდა შეეცადოს, არ გამოიყენოს მტკიცე მოთხოვნების უხეში და მკვეთრი ფორმები, რომლებიც შეურაცხყოფენ მოზარდის ღირსებებს.
გარდამავალ ასაკში მოზარდში აღმოცენებულ მოთხოვნილებებს შორის ერთ-ერთი უძლიერესია პრესტიჟის, აღიარების მოთხოვნილება, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული დიდობის გრძნობასთან. აღნიშნული მოთხოვნილება თავს იჩენს მოზარდის სურვილში - ყურადღების, პატივისცემის, შექებისა და აღიარების ობიექტი გახდეს. ეს მოთხოვნილება გარდამავალ ასაკში სწრაფად ვითარდება და სხვა მოთხოვნილებათა შორის გაბატონებულ ადგილს იკავებს. ამიტომ საჭიროა, აღმზრდელები დიდი სიფრთხილითა და პატივისცემით მოეკიდონ მოსწავლის პიროვნებას, არასოდეს მიმართონ მოზარდს დამამცირებელი სიტყვებით.
- ვის არ შეუნიშნავს, რომ გარდამავალ ასაკში მოზარდის ემოციური ცხოვრება თავისებური ხდება. სიხარული და მწუხარება, აღშფოთება და მრისხანება მასში სწრაფად ვითარდება და ხშირად მთელ ცნობიერებას იპყრობს. ამ დროს რა უფრო ეფექტიანია აღმზრდელების მხრიდან - მკაცრი შეგონება თუ ლოიალური დამოკიდებულება?
- სასკოლო წარმატების შეფასება და უფროსების მიერ გამოყენებული სააღმზრდელო ღონისძიებანი - წაქეზება და სასჯელი - 13-15 წლის მოზარდში გაცილებით მკვეთრად გამოხატულ აფექტურ რეაქციებს იწვევს, ვიდრე სხვა რომელიმე ასაკში. განსაკუთრებით დიდ აღშფოთებას განიცდის მოზარდი, როცა ხედავს ან ჰგონია, რომ აღმზრდელები უმართებულოდ იქცევიან - არასწორად აფასებენ მის ცოდნასა და საქციელს, უსაფუძვლოდ აეჭვებთ მისი პიროვნების ზნეობრივი სიწმინდე, ან ისეთ სასჯელს ადებენ, რომელიც თვითონ მას დაუმსახურებლად ეჩვენება. როცა მოზარდი აფექტური ან ემოციურად აღგზნებულია, აღმზრდელმა დიდი მოთმინება და სიმშვიდე უნდა გამოიჩინოს, რათა მასზე დადებითი ზემოქმედება შეძლოს. აღმზრდელის ნერვული გაღიზიანება, მისი სიანჩხლე და ხმააწეული, მბრძანებლური ტონი კიდევ უფრო აღიზიანებს მოზარდს და მასსა და აღმზრდელს შორის არსებულ ურთიერთობას პედაგოგიური მუშაობისათვის სრულიად გამოუსადეგარს ხდის - ასეთ სიტუაციაში მოზარდი არ იღებს აღმზრდელობით ზემოქმედებას, აირეკლავს, უკუაგდებს მას.
- დამეთანხმებით, რომ გარდამავალ ასაკში მოზარდის საერთო ემოციურ განწყობილებაში ერთგვარი ჩრდილი საკუთარი სხეულის თავისებური კონსტრუქციის განცდასაც შეაქვს. ასეთ ცვლილებებთან მოზარდს უჭირს უცებ შეგუება, უჩნდება დისკომფორტის გრძნობა, რაზეც სათანადოდ რეაგირებს...
- დიახ, მოზარდობის პერიოდის დასაწყისშივე ირღვევა სხეულის პროპორციულობა და მოზარდი სწრაფად იწყებს ზრდას სიმაღლეში; მაგრამ ჯერ მხოლოდ კიდურები იზრდება, ხოლო თვითონ სხეული წინანდელ ზომებს ინარჩუნებს. ეს იწვევს სხეულის აგებულებაში პროპორციის დარღვევას, რასაც დისჰარმონიას უწოდებენ. დისჰარმონიას კიდევ უფრო აძლიერებს თავის ნაწილების სიდიდეთა ნორმალური ურთიერთმიმართების დარღვევა, რაც სახეს სასიამოვნო გამომეტყველებას ართმევს. თავის ქალაზე იზრდება ცხვირი, ნიკაპი, ყურები, სახის ნაკვთები უხეში ჩანს. სხეულის მოძრაობაც კარგავს ელასტიკურობასა და სიზუსტეს და უფრო ტლანქი, აჩქარებული და ნერვული ხდება. საკუთარი სხეულის ასეთი თავისებურებანი მოზარდში უკმაყოფილებას იწვევს, რასაც ზოგჯერ წინდაუხედავი საყვედურებით, დაცინვითა და შენიშვნებით განსაკუთრებით აძლიერებენ უფროსები. უფროსებმა მას ეს უნდა აუხსნან და საყვედურებისა და დაცინვის ნაცვლად მეტი თანაგრძნობით მოეკიდონ, მოძრაობათა დამუშავებასა და დახვეწაში უსაყვედუროდ და გაკილვის გარეშე უნდა მოეხმარონ.
- ალბათ განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ფაქიზ დამოკიდებულებას საჭიროებს მოზარდთა სასიყვარულო ურთიერთობა. როგორ უნდა მოეკიდონ აღმზრდელები ამას?
- სიყვარული, რომელსაც გარდამავალ ასაკში განიცდის მოზარდი, არის უანგარო, ხორციელ ვნებას მოკლებული, წმინდა სულიერი. ესაა უწმინდესი გრძნობა, რომლის განცდაც კი საერთოდ შეუძლია ადამიანს. მოზარდი მას დიდი სიფაქიზით ეპყრობა. ამიტომ, როცა ამ გრძნობას მესამე პირი უხეშად ეხება, მოზარდში ჩნდება ღრმა და მძიმე განცდები, რომელთა კვალიც მთელი სიცოცხლის მანძილზე არ ქრება.
გარდამავალ ასაკში მოზარდში თავს იჩენს სექსუალური ინტერესები; ესაა თეორიული მოთხოვნილება, რომელიც სქესობრივი ცხოვრების შემეცნებისკენაა მიმართული. მოზარდს სურს გაიგოს იმ ახალ მოვლენათა თავისებურებანი, რომლებიც შემოჭრას იწყებს მის ცხოვრებაში. არ უნდა დავუშვათ, რომ სქესობრივი ცხოვრების შესახებ მოზარდმა ქუჩის ინფორმატორებისგან მიიღოს ინფორმაცია. ისინი მას ამ ინფორმაციას აწვდიან მახინჯ ფორმაში, გაშიშვლებული სახით, რასაც ხშირად შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს.
- გარდამავალ ასაკში მოზარდის სხვადასხვა მოთხოვნილებას შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია მეგობრობის ძლიერ მოთხოვნილებას. რამდენად მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყოს მოზარდის სულიერ ცხოვრებაში მეგობრული ურთიერთობებისა და მეგობრული გრძნობების განვითარებას?
- V-VI კლასების მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს შეუძლია პირადი ცხოვრებიდან ბევრი რამ დათმოს და საკმაოდ დიდი უსიამოვნება გადაიტანოს ჭეშმარიტი მეგობრის კეთილდღეობისათვის. აღმზრდელი მოვალეა ანგარიში გაუწიოს მოზარდის აღნიშნულ მოთხოვნილებას. არის შემთხვევები, როცა კლასში რაიმე ხდება, მასწავლებელმა კი არ იცის, ვინაა დამნაშავე და ხშირად კატეგორიულად მოითხოვს მოსწავლისაგან, რომელმაც, მისი აზრით, იცის, ვინაა დამნაშავე, გასცეს ეს უკანასკნელი. ეს არაპედაგოგიურია. მოზარდი, რომელიც ამხანაგს გასცემს, სამუდამოდ დაკარგავს პრესტიჟს ტოლებში. ამიტომ მოსწავლე უარობს "გამცემლობას". კლასის თვალში ილახება მასწავლებლის ავტორიტეტი ასეთი მოთხოვნის წაყენების გამო და იმ შემთხვევაში, როცა ახერხებს აიძულოს მოსწავლე, გასცეს ამხანაგი. იგი საკუთარი ავტორიტეტის შელახვასთან ერთად აფუჭებს კლასში იმ მოსწავლის მდგომარეობას, რომელსაც მან ამხანაგისა და მეგობრობისათვის შეუფერებელი საქციელი ჩაადენინა. ასეთ რამეს შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს აღზრდის საერთო საქმეს. ამიტომ მასწავლებელმა მსგავსი ნაბიჯი არ უნდა გადადგას.
- რა როლი ენიჭება თვითშეფასებას ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესში?
- თვითშეფასება არის ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების შეფასების უნარი, მისი დამოკიდებულება საკუთარ შესაძლებლობებთან, პიროვნულ თვისებებთან, გარეგნობასთან. თვითშეფასება პიროვნების ჩამოყალიბების და განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მათ შორის, რომლებიც განსაზღვრავს პიროვნების ფორმირებას, თვითშეფასებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის, თუ როგორი პიროვნება ჩამოყალიბდება ამა თუ იმ ბავშვისაგან მომავალში, დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი თვითშეფასება შეუმუშავდება მას; ბავშვებს ადრეულ ასაკში უყალიბდებათ და უვითარდებათ თვითშეფასება - საკუთარი შესაძლებლობებისა და თვისებების შეფასების უნარი, რაც განსაზღვრავს შემდეგ მათ ქცევას. ყველა ასაკში ბავშვისათვის თვითშეფასების მოტივაციური მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ თვითშეფასებასა და შეფასებას შორის კონფლიქტის დროს ქცევის წამყვან მოტივად თვითშეფასება იქცევა.
ადრეულ ასაკში ბავშვის თვითშეფასება უმთავრესად აიგება უფროსების, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლებისა და მშობლების მიერ მათი ქცევის შეფასების საფუძველზე. ამ ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ არა აქვთ საკუთარი თვისებების, საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერების უნარი. ისინი თავიანთ თავისებურებებზე საგანგებოდ არ ფიქრობენ. ყოველივე ამის გამო მათი თვითშეფასება ძალზე ლაბილურია, ადვილად იცვლება უფროსების მიერ მათი ქცევის, თვისებების, შესაძლებლობების შეფასების ცვლილებასთან ერთად; ზოგჯერ ამ პერიოდში ბავშვის თვითშეფასება ერთი დღის განმავლობაშიც კი იცვლება. ამ ასაკში ბავშვების თვითშეფასებას განსაზღვრავს ძირითადად გარეგანი ფაქტორები; ყოველივე ამის გამო ბავშვი ხშირად უშვებს შეცდომებს საკუთარი თავის შეფასების დროს.
- ასაკის მომატებასთნ ერთად როგორ იცვლება ბავშვის თვითშეფასება?
- ასაკის მატებასთან ერთად მოზარდის თვითშეფასება თავისუფლდება სხვათა გავლენისგან. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება ის, თუ როგორ აფასებს თვითონ საკუთარ თავს და არა ის, თუ როგორ აფასებენ მას სხვები. ამ პერიოდში თვითშეფასების განვითარება განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს და სულ უფრო და უფრო ძლიერდება მისი როლი პიროვნების ფორმირებაში. ასეთი ცვლილებები თვითშეფასების განვითარებაში დაკავშირებული უნდა იყოს იმასთან, რომ მოზარდობის ასაკში დომინანტური ხდება განვითარების შინაგანი ფაქტორები.
მოზარდობის პერიოდში ბავშვი მოიმართება შიგნით, საკუთარი სამყაროსაკენ, ცდილობს აღმოაჩინოს საკუთარი "მე", ორიენტირებული ხდება თვითშეფასებაზე; თვითშეფასებაზე ორიენტაციის გაძლიერება გარდამავალ ასაკში დაკავშირებულია მოზარდის პიროვნების დამახასიათებელ თავისებურებებთან - მისწრაფება დამოუკიდებლობისაკენ, თავისუფლებისაკენ და სხვა. ბავშვის პიროვნების განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული არა მარტო ბავშვის მოთხოვნილებაზე უპასუხოს გარემოს მოთხოვნებს, შეასრულოს თავის წინაშე დასახული მიზნები, არამედ ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ ყალიბდება დამოკიდებულება, ერთი მხრივ, ბავშვის პრეტენზიების დონეს, მის თვითშეფასებას, თავის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებსა და, მეორე მხრივ, მის რეალურ შესაძლებლობებს, ირგვლივმყოფთა მიერ მის შეფასებას შორის. მართალია, ასაკის ზრდასთან ერთად ბავშვები სულ უფრო სწორად აცნობიერებენ და აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს და თავისებურებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხშირად მოზარდი არაადეკვატურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, ახდენს მათ გადაფასებას, ან პირიქით - შეუფასებლობას. პირველ შემთხვევაში ბავშვს უყალიბდება არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასება, მეორეში კი - არაადეკვატურად დაბალი; ადეკვატური თვითშეფასება ბავშვს უყალიბდება მაშინ, როდესაც ის ადეკვატურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში ბავშვისთვის დამახასიათებელია გაუბედაობა, თავის თავში დაურწმუნებლობა, შემართების უქონლობა; ასეთმა ბავშვმა განვითარების პროცესში შეიძლება სრულად ვერ გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, ვერ მოახდინოს მათი სრული რეალიზაცია. არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების შემთხვევაში კი ბავშვი სისტემატურად განიცდის წარუმატებლობას, ხშირად აქვს კონფლიქტები ირგვლივმყოფებთან; ყოველივე ამის გამო ირღვევა ბავშვის პიროვნების განვითარების ჰარმონიულობა. განსხვავება ბავშვის თვითშეფასებას, პრეტენზიების დონესა და მის რეალურ შესაძლებლობებს შორის ხშირად ხდება მწვავე ემოციური განცდების აღმოცენების საფუძველი. ასე აღმოცენდება არაადეკვატური განცდები, არაადეკვატური ქცევები, არაადეკვატური ხდება სინამდვილესთან დამოკიდებულებაც, მახინჯდება აღქმა, იცვლება ემოციური დამოკიდებულება გარემოსთან. ასე მაგალითად, ასეთი ბავშვის მიერ სამართლიანი შენიშვნა აღიქმება როგორც უმიზეზოდ გამოდავება; სინამდვილის ასეთი აღქმა განსაზღვრავს გარკვეულ დამოკიდებულებას ყველაფრის მიმართ: ბავშვი ხდება მტრული, დაძაბული, ეჭვიანი. მასში მუდმივად აღმოცენდება წყენის გრძნობა და დარწმუნებულობა გარშემომყოფთა უსამართლობაში. მასწავლებელმა შეიძლება სავსებით სწორად შეაფასოს ასეთი ბავშვის ქცევა და ცოდნა და სამართლიანი მოთხოვნებიც წაუყენოს მას, მაგრამ მის მიერ ეს შეფასებები და მოთხოვნები განიცდება როგორც უსამართლო და ამ საფუძველზე ბავშვში ხშირად აღმოცენდება არაადეკვატურობის ეფექტი.
ადამიანი ჰარმონიულ პიროვნებად მაშინ ჩაყალიბდება, როდესაც სწორად გააცნობიერებს, თუ რა ნიჭები და უნარები მიეცა მას ღმერთისგან და ამ უნარებს გამოიყენებს ღვთის სადიდებლად და ადამიანთა საკეთილდღეოდ. ამაში კი მას უდიდეს დახმარებას უწევს ეკლესია, ოჯახი და სკოლა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი