სალოსი, ანუ წმიდა პავლე მოციქულის ტერმინოლოგიით, ქრისტესთვის სულელი, არის ადამიანი, რომელიც შინაგანად წმინდა და ღვთივსათნო ცხოვრებით ცხოვრობს
, ხოლო გარეგნულად საზოგადოებაში არსებული ქცევისა და ურთიერთობის ყველანაირ ნორმას უგულებელყოფს. იგი ხალხის თვალში შეიძლება ჩანდეს უკიდურეს ცოდვილად და ამით საკუთარ სათნოებებს ფარავდეს; შეიძლება სულელის და არასერიოზულის ნიღბით ცხოვრობდეს, რითაც ადამიანთა ცოდვების და მანკიერებების მხილების ისეთი საშუალებები ეძლეოდეს, რის გაკეთებასაც სხვა შემთხვევაში ვერ მოახერხებდა.
სალოსი, პრაქტიკულად, საზოგადოებიდან არანაირ თანაგრძნობას, კეთილგანწყობას, პატივისცემას, დაფასებას არ იღებს, რამეთუ საზოგადოებისთვის სალოსის ღვაწლი, მისი წმინდა და ღვთივსათნო ცხოვრება დაფარულია, უცნობია (თავად დაფარა) და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულნი, არად დაგიდევენ რა კაცთაგან ქება-დიდებას თუ ლანძღვა-გინებას, მხოლოდ ღვთის წინაშე ცხოვრობენ და იარებიან.
ამგვარი უანგარობისა და ჭეშმარიტად დაფარული ღვაწლის გამო სალოსნი ადამიანთათვის უდიდესი მეოხნი ხდებიან ღვთის წინაშე; ხოლო ხშირად (როცა ღმერთი მათ მოღვაწეობას გამოაჩენს) დიდი მანათობელნიც ქრისტესკენ მიმავალ გზაზე. სალოსობა უმძიმესია ქრისტიანულ ღვაწლთა შორის და იგი სიმძიმით მესვეტეობასაც აღემატება.
წმინდა მოციქულ პავლეს სიტყვების თანახმად: "უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფელსა, სულელ იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ." ზოგიერთნი, ფრიად ბრძენი მოღვაწენი იჩემებდნენ სულელობას (სალოსობას) ქრისტესთვის და მოულოდნელად და კადნიერად ამხილებდნენ ყოველგვარ სიბილწეს და უსჯულოებას. სალოსობა ეგვიპტეში მე-4 საუკუნეში დაიწყო. "არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩია, რათა არცხვინოს ძლიერთა." - ეს სიტყვები აღმოჩნდა გზამკვლევი მთელი სამოღვაწეო ტრადიციისათვის, რომელიც არსებობს მაცხოვრიდან მოყოლებული დღემდე.
სალოსი უარს ამბობს ყოველგვარ მიწიერ ღირსებასა და პატივზე, რათა სიწმინდეში დაიცვას მთავარი - ღვთის ხატება.
ისრაელში ქრისტეს მოსვლამდე ცხოვრობდნენ წინასწარმეტყველები, რომლებიც ღვთის სიტყვასა და ნებას ამცნობდნენ თვისტომთ.. ისინი ამბობდნენ სიმართლეს, თამამად ამხელდნენ ხელისუფალთ. ბევრი მათგანი განიცდიდა დევნასა და შეურაცხყოფას.
მეფეებს კარზე წინასწარმეტყველები ჰყავდათ, რომლებიც რჩევას აძლევდნენ მათ გადამწყვეტ ჟამს. ერთადერთი წინასწარმეტყველი იყო, რომელსაც უფლება ჰქონდა მეფისათვის სიმართლე ეთქვა, თუნდაც ეს მის ინტიმურ ცხოვრებას შეხებოდა. წინასწარმეტყველი მისი სინდისის, "მამხილებელი გონების" პერსონიფიკაცია იყო. იგავურად ნათქვამში მეფე თავის პიროვნებას და თავის ქმედებებს ამოიცნობდა. ნათან წინასწარმეტყველმა იგავით ამხილა დავით მეფე, რომელმაც თავისი ერთგული ყმა მისი ცოლის დაპატრონების მიზნით მუხანათურად მოაკვლევინა.
კაცობრიობამ გარკვეული გზა განვლო წინასწარმეტყველიდან მეფის მასხარამდე. ამჟამად საუბარი გვექნება მასხარის, ზოგადად, სისულელის ფენომენზე... რა არის სიბრძნე და რა არის სისულელე? ინტერვიუ ვთხოვეთ ფსიქოლოგ ლევან გურიელიძეს.
- რა თვისებებით ხასიათდებიან მასხარები, რა გამოარჩევთ მათ დანარჩენი საზოგადოებისაგან?
- მასხარები სულმუდამ იგავებით მეტყველებენ. პირდაპირი მნიშვნელობით ისინი არასოდეს ლაპარაკობენ, რის გამოც ვერავინ ხვდება - როდის ხუმრობენ, როდის სერიოზულად ლაპარაკობენ, როდის ამბობენ სისულელეს, როდის ჭკვიანურს. ამ ჯუჯებს (ხშირად სამეფო კარზე გამოყავთ მასხარათა განსაკუთრებული ჯიში) პასუხისმგებლობა არა აქვთ - პასუხს არავინ მოსთხოვს, არაფრის ეშინიათ. ვერავინ ხვდება, როდის აშინებთ სიმართლის თქმა, როდის არა. მათი შიშიც კი სიმულაციურია. ისინი მეფის სამსახურში არიან და მეფე ითმენს მათგან გაგონილ სიმართლეს და ერთობა კიდეც.
მასხარებს არამხოლოდ სამეფო კარზე ვხედავთ. მათი ასპარეზი ზოგჯერ მთელი სოფელი და დაბაა. თუ კარის მასხარა მეფეს ემსახურება, ესენი თავისუფალნი არიან, როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი. შეხვდებით დაბა-სოფლის მასხარას, სახელად ალექსუნას და დას მისას, ფატიუკას, ერთად დადიან, ფეხშიშველები დატანტალებენ. ალექსუნა თავისი მახვილი წვერით და სიტყვით - რით არ არის ის წინასწარმეტყველი, თმაგაწეწილი, შეშლილი? სულელი ვარ, ამბობს, "აბა, მე სუნელი არა ვარ, ჭკუა მომეკითხება?" დაჯდებოდა ალექსუნა რაიკომის კიბის საფეხურზე და ამსვლელ-ჩამომსვლელთა გასაგონად ლაპარაკობდა მართალს მიმსგავსებულ "სისუნელეებს". - "რას სუნელობ შენ", ხუმრობით დატუქსავს შეცბუნებული დიდიკაცი. - "სუნელი რო არ ვიყო, ამას ვილაპარაკებდიო?" და ვერავინ ხვდება მართლა "სუნელია" ეს ალექსუნა, თუ ზედმეტად ჭკვიანი.
ერთხელაც, მავანი ჩაუვლის მას, თვალს თვალში გაუყრის და, ფრანჩესკო ასიზელის დროინდელი სწავლული კაცივით ჩაილაპარაკებს: "შეუძლებელია, რომ ეს კაცი სულელი იყოს". დამხვდურის უძრავი მზერა კი ამბობს: "მიხვდიი?"
სიორენ კირკეგორის (დანიელი ფილოსოფოსი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი) ცნობილ არაკში გადმოცემულია ისტორია ჯამბაზისა და ცეცხლმოკიდებული სოფლის შესახებ, რომელიც ჰარვეი კოქსმა გამოიყენა თავის წიგნში "უღმრთო ქალაქი": მოხეტიალე ცირკში გაჩნდება ხანძარი, დირექტორმა მშველელთა დასაძახებლად მეზობელ სოფელში ჯამბაზი გაგზავნა. ჯამბაზი სოფელში მივიდა და მცხოვრებთ ცეცხლის ჩასაქრობად დახმარება სთხოვა, მაგრამ სოფლელებმა ჯამბაზის ეს მოწოდება მხოლოდ კარგ ოინად ჩათვალეს, რათა მას ცირკის წარმოდგენის სანახავად რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მიეზიდა. ისინი ჯამბაზს ტაშს უკრავდნენ და სიცილით ცრემლი სდიოდათ, საწყალი ჯამბაზი კი უშედეგოდ ცდილობდა დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ეს არ იყო წარმოდეგნა.Mმის ვედრებაზე კი უფრო გულიანად ხარხარებდნენ. Dდახმარება დაგვიანდა და სოფელიც და ცირკიც ერთად დაიწვა. ხშირად არ უჯერებენ ადამიანს, როდესაც ის სიმართლეს ამბობს."
ჯერალდ ნიუმანის მოთხრობაში: "გეორგიო, რომელიც ჭაში ჩავარდა", მასხარას (გეორგიოს) ეუბნებიან: ზოგჯერ მართლა ღვთის კაცივით ქადაგებო. - ეს არის ჩემი საქმეო, - პასუხობს იგი. გეორგიო აშკარად და დაუფარავად ქადაგებს სახიფათო სიმართლეს: "თავისუფალი კაცის ფიქრი მონობაზე, პირველი ნაბიჯია მორჩილებისკენ. მე უბრალო ადამიანი, ვარ, არც ტაშს ვუკრავ და არც თავს ვუხრი ვინმეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ უბრალო მოკვდავს შეუძლია გულწრფელად უყვარდეს მეფე, ისევე როგორც მეფე შეიძლება ზრუნავდეს თავის ქვეშევრდომებზე უანგაროდ. რა იქნებოდა მეფე ჩვენს გარეშე? უკაცრიელ ადგილას ყველა თავისთავად იქნებოდა მბრძანებელი, მაგრამ ქვემძრომები და ნადირები ვერასდროს მიხვდებიან მეფის ფასს. ჭეშმარიტი მეფის ცხოვრება ზრუნვა და ფიქრია, ხალხსა და ქვეყანაზე. ამით განვასხვავებ ტირანს - ცრუ მეფეს, ნამდვილი მეფისგან, იმ მეფისგან რომელზეც ქრისტემ თქვა, ხარკი უბოძეთო. ტირანი საკუთარ ძალაუფლებაზე ფიქრში ათენ-აღამებს, ის მხოლოდ მაშინ არის კარგად, როცა სხვის ტანჯვას გრძნობს, მხოლოდ მაშინ არის თავისუფალი, როცა სხვას იმონებს."
უბრალო მეფეების დრო დიდი ხანია წარსულში დარჩა, დღეს მეფე რომელსაც არ აქვს მტაცებლის თვისებები, დედის მუცელშივე კვდება. რატომ დაუახლოვდნენ ჩვენი მბრძანებლები ეკლესიას? იმიტომ, რომ ხალხის წყრომას აარიდონ თავი, გუშინ ბრძოლებში ათასობით უდანაშაულო დახოცეს, დღეს კი სანთელს უნთებენ წმინდა პავლეს. ხალხსაც ჰგონია, რომ მეფეებს ღმერთის წმინდანები ულესავენ მახვილებს, ხოლო სისხლი, რომელიც იღვრება ისეთივე საამურია როგორც ბურგუნდიული ღვინო გაზაფხულის დამდეგს... აქვს კი ფასი ოქროში ჩასმულ ტაძარს, როცა მისასვლელი გზები სავსეა მათხოვრებით... არ ვიცი, არ ვიცი..."
"იცი რა არის ჩვენი უბედურება ჯაკომო? ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ იღებს ხმას. ყველა ხედავს რაც ირგვლივ ხდება და არავის უნდა იფიქროს, როგორ ხედავს ამ ყველაფერს სხვა."
- საუბარში ახსენეთ "სახიფათო სიმართლე." ტოტალიტარული რეჟიმების დროს განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი...
- ჰანს ქრისტიან ანდერსენის "შიშველი მეფე" მახსენდება. ყველა ხედავს (მეფის ჩათვლით), რომ მეფე შიშველია, მაგრამ შიშით დათრგუნული საზოგადოება თვითგადარჩენის ინსტრუმენტს ხედავს სიცრუეში და ფარისევლურად არწმუნებს შიშველ მეფეს, რომ მას აცვია ულამაზესი სამოსი. ბოლოს, პატარა და გულუბრყვილო ბიჭუნას ხვდება წილად ამ თავსმოხვეულ სიცრუის რიტუალში აშკარად განაცხადოს, რომ "მეფე შიშველია." ეს სწორედ ის სისულელეა, რომელზეც მაცხოვარი ბრძანებს "დაფარე ბრძენთაგან და გამოუცხადე ჩვილებს." ანუ ამქვეყნიური მნიშვნელობით, "სულელებს." პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად: "წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთა და მეცნიერება იგი მეცნიერთა შეურაცხვყო. სად არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისა? ანუ არა განაცოფა ღმერთმა სიბრძნე იგი ამის სოფლისა? რამეთუ ვინათგან სიბრძნითა მით ღმრთისათა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თვისითა ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისათა ცხოვრება მორწმუნეთა მათ." (1კორინ. 1. 19-21). შტეფან ცვაიგი წერდა: სიყვარულის საზომი იმით განისაზღვრება, თუ ვინ რამდენ სისულელეს ჩაიდენს მის გამოო... რა იგულისხმება ამაში? - ბერობაც ხომ სისულელეა, ამქვეყნიური გაგებით. რადგან ბუნების წინააღმდეგ სვლას ითვალისწინებს. ადამიანები, ხორციელ ნება-სურვილს აყოლილნი, ეძებენ შვებას. Bბერი კი ხორცს აწამებს სულისთვის, ხორციელ სურვილებს ჯვარზე აკრავს. პავლე მოციქულისავე სიტყვებით: "რამეთუ სიტყვა იგი ჯვარისა წარწყმედულთა მათთვის სიცოფე არს... ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ-ცმულსა: ჰურიათა სამე საცდურ და წარმართთა სისულელე." (1კორინ. 1.24).
- ერაზმუს როტერდამელის ცნობილი ნაწარმოებია: "სისულელის ქება." რომელი სისულელე იმსახურებს ქებას როტერდამელის მიხედვით?
- ერაზმუს როტერდამელი თავისი ლაღი წიგნის შესავალშივე აღნიშნავს: "ამ წიგნით, "სისულელის ქებით", იგი ერთ-ერთ უძვირფასეს მეგობარს, თომას მორუსს მიესალმება. მორუსის წარმოსახვით კითხვაზე კი, "ეგ აზრი რომელმა პალასმა შთაგაგონაო" (სისულელისადმი ხოტბის შესხმა იგულისხმება), - უპასუხებს, - "უპირველეს ყოვლისა, მორუსთა საგვარეულო ზედწოდებამ, რომელიც ჟღერადობით იმდენად წააგავს სიტყვა "მორიას", რამდენადაც პირადად შენ მისგან განსხვავდებიო." აი, ასეთი პარადოქსით იხსნება ეს შესანიშნავი წიგნი და მთელს ნაწარმოებსაც სწორედ ეს დახვეწილი ირონია გამსჭვალავს. მართლაც პარდოქსულია ერთ წინადადებაში სიბრძნის ქალღმერთის, ათენასა (პალასი) და სისულელის (მორია) ეს უცნაური, ტკბილი მეზობლობა. ასეთი თვალთმაქცობა მკითხველსაც სათამაშოდ, სამღერელად განგვაწყობს და ძველბერძნულადაც, ირონია ხომ სხვა არაფერია თუ არა თვალთმაქცობა, თავის მოჩვენება.
"თუმც სისულელეს ვაქებ, მაგრამ არც თუ სულელურად", გვეუბნება ავტორი და კიდევ ერთ ხაფანგს გვიგებს, შემდეკ კი, როცა "გაუჩალხავ და შეუწონელ, მაგრამ სანაცვლოდ მართალ სიტყვას" უწოდებს თავის წიგნს, თითქოს ყველაფერი ნათელი ხდება: რომ ესაა წიგნი სისულელის სიბრძნისა, წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სიცრუითა და აჩრდილით, ანუ სატირული გამონაგონით, ჭეშმარიტი საღვთისმეტყველო სიმაღლეების წვდომა.
"სისულელის ქებაში", პროტაგონისტი, ქალბატონი სისულელეა და იგი თავიდანვე პლატონურ და საღვთისმეტყველო ცნებების აურაში გვხვევს, როცა გვეუბნება: - რა ძალა მადგას, ჩემი აჩრდილი და ხატი წარმოგიდგინოთ, როცა თავად მე ვდგავარ თქვენს თვალთა წინაშეო. თუ მეხსიერება არ მღალატობს, უმბრა (აჩრდილი) იგივეა რაც პლატონის "ეიდოლონი", "რესპუბლიკის" მეშვიდე წიგნის გამოქვაბულის ანალოგიის ცენტრალური ცნება, იმაგო (ხატი) კი სხვა არაფერია თუ არა ბიბლიური "ეიკონი": "და შექმნა ღმერთმა კაცი სახედ და ხატად თვისად". მოგვიანებით, ტექსტში ეს ცნებები რამდენჯერმე დაზუსტდება და ბოლოს უკვე თავად სისულელე წარმოგვიდგება სიბრძნედ და სიქველედ: "რამხელა სიქველეა სისულელე! ჩემდამი მობაძვა, ჩემს ცრუ აჩრდილად თავის გასაღებაც კი რაოდენ საპატიოა და განსწავლულთაგან რა ქებას იმსახურებს!"
როგორც ხედავთ, აქ უკვე ყველაფერია, იმიტატიო დეი (ღვთის ბაძვა, ოღონდ ამ შემთხვევაში ინვერსიული), პლატონისეული ცრუ აჩრდილი და ის ზემოხსენებული თვალთმაქცობაც (ირონია), რის შემდეგაც ქალბატონ მორიას ეკლესიასტეს სიტყვები მოყავს: "როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელეო" და იქვე დასძენს, "გულისხმაჰყავით, სისულელეს აქ სიბრძნის მომდევნო ადგილი უჭირავს... და იმედი მაქვს თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ეკლესიური წესის თანახმად ის, ვინც ღირსებით პირველია, იკავებს უკანასკნელ ადგილს, რათა მუდამ ახსოვდეს სახარების მცნება".
ცხადია, ავტორი აქ მათეს სიტყვებს გულისხმობს, "ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა, და უკუანანი წინა", ანუ ხდება ადგილების შეცვლა, ირონიულ-სატირული და საღვთისმეტყველო, სიბრძნე და სისულელე უკვე ერთი ხმით გვესაუბრება და უფრო მეტიც, პლატონის სახელის ხსენებით ჩვენი, მკითხველის ჩათრევასაც აპირებს ამ თვალთმაქცობაში: "სიტყვებს ამ თავიდან (ზირაქის ერთ-ერთი თავის ერთ-ერთ მუხლს გულისხმობს (41. 15): "სჯობს კაცი, თავის სიბრიყვის დამფარველი, კაცს, რომელიც თავის სიბრძნეს მალავს."), ჰერაკლეს ვფიცავ, მოვიყვან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჩემს კითხვებს სათანადოდ უპასუხებთ და ხელს შემიწყობთ, როგორც სჩადიან ამას პლატონის დიალოგებში ისინი, ვინც სოკრატეს ემსჯელებიან" - არადა, მართლაც, "სათანადო პასუხის" გარეშე შეუძლებელია ერაზმუსის სიტყვების გაგება. პლატონთან ხომ პირიქითაა: მისი პროტაგონისტი, სოკრატე სწორედ თავის სიბრძნეს მალავს, თვალთმაქცობს, თავს გვაჩვენებს, ვითომ არაფერი იცის, მაშინ როცა მორიას მიხედვით, ადამიანები ყოველთვის სისულელეს ვმალავთ ხოლმე, ვუფრთხილდებით, როგორც რამე განძს. მასთან სისულელე მიამიტია, ხოლო ბრძენს თავის სწორად არავინ მიაჩნია; უგუნური მთვარესავით იცვლება - ბრძენი კი მზესავით უცვლელია. ხოლო ამას ერთ დასკვნამდე მივყავართ - "ადამიანთა მოდგმა ერთიანად სულელია, ოდენ ღმერთს შეჰფერის, იწოდებოდეს ბრძენად".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი