საქორწინო სამოსლის შეკერვას იმ დრომდე ნუ გადადებ, როცა უკვე შემოსილი უნდა შეეგებო იესო ქრისტეს
მთელი 70 წლის მანძილზე ლოზუნგად იყო ქცეული პავლე მოციქულის ცნობილი სიტყვები: "ვინც არ მუშაობს, არ ჭამს!"
("უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცაღა სჭამნ" - 2 თეს. 3,10). სამოთხეში ადამიანი შრომისგან განრიდებული იყო. ცოდვით დაცემის შემდეგ კი შრომა ერთგვარ სასჯელად იქცა - მიწა აღმოაცენებდა ეკალსა და სარეველას - საჭირო გახდა სარეველას გამარგვლა, ეკლის გლეჯა. "ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა" (დაბადება 3,19) - ამ პრინციპით უნდა ეცხოვრა ადამის მოდგმას სამოთხის გარეთ, ანუ წუთისოფლად სახელდებულ დედამიწაზე. ოფლის წურვით უნდა ეყიდა თითოეულს თავისი კერძი ცხოვრებისა. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა წმინდა ილია მართლის სიტყვები: "წუთისოფლის სუფრა წვეულების სუფრა არ არის: ამ სუფრაზედ ყველამ თავის საკუთარი კერძი თვითონ უნდა მოიტანოს და დაიდგას, თვითონ უნდა მოჰსთესოს, მოჰხნას, მოიმკოს, მოზილოს და გამოაცხოს თავისი არსებითი პური. ამაების იქით ხსნა არ არის და ტყუილად ჰფიქრობენ, ვითომც ეხლანდელ დროში სხვისით რჩენა შეიძლებოდეს. წავიდა ის დრო სამუდამოდ და დღეს ვინც თვითონ არის გამრჯელი და მხნე, ბურთი და მოედანი ცხოვრებისა, კეთილისა და ბედნიერებისა იმისია და მარტო იმისი..." ზარმაცზე დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "კაცთა თანა არა შვრებოდნენ, ამისთვის შეიპყრა იგინი ამპარტავანებამანო..." "უდებებით, - წერს ბერი ისაია, - თავნებობა იკვებება, ამპარტავნება და დაკისრებულ მოვალეობათა სიძულვილი იბადება". რატომ არის ადამიანის ბუნება მიდრეკილი უფრო დასვენებისა და გართობისკენ, ვიდრე შრომისაკენ; რატომ არის შრომა კაცთა უმრავლესობისთვის სატანჯველი; რით იკვებება და თავის მხრივ, რა მანკიერებებს წარმოშობს უსაქმურობა, მცონარება... რა სულიერი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით არსებულ ყველაზე მძიმე პრობლემას - უმუშევრობას ან თუნდაც მსოფლიოში დაწყებულ ეკონომიკურ კრიზისს... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
- ერთი წმინდა მამა ამბობდა: "მცონარება ჩვენს ურიცხვ ვნებათა შორის ყველაზე ნაკლებად ცნობილი ვნებაა და მის მიერ მოყენებული ზარალი დაფარულია ჩვენთვის. მაგრამ მეტად მძიმეა მის მიერ გამოწვეული შედეგები. მცონარე სიმშვიდეში სული ხარბად ისრუტავს იდუმალ სიტკბოს, რომლის გულისთვისაც ჩვენს ყველაზე ვნებიან სურვილებს და ყველაზე მტკიცე ზრახვებსაც კი ვივიწყებთ ხოლმე". როგორ მოქმედებს მცონარების ვნება და როგორ დავძლიოთ იგი?
- ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის შეგონებები: მცონარების ბოროტი ვნება რომ არ დაგეუფლოს, არანაირი საქმის დაწყება არ დააყოვნო, რადგან პირველი ხანმოკლე შეყოვნება შემდგომ ხანგრძლივ შესვენებას გამოიწვევს, მეორე - მესამეს, და ასე გაგრძელდება. ამის გამო საქმე დიდი ხნით დაბრკოლდება, ვერ მოესწრება ან საერთოდ შეჩერდება. შენც, რაკი ერთხელ იგემებ უქმადყოფნის სიამეს, საქმეზე მეტად შეიყვარებ მას. ხოლო როდესაც ამ სურვილს დაიკმაყოფილებ, უდებებასა და სიზარმაცესაც შეეჩვევი და იმდენად დაგეუფლება ეს ვნება, რომ ვერც მიხვდები, რამდენად უმსგავსი და დანაშაულებრივია. როდესაც სიზარმაცე დაგამძიმებს და გაგაბეზრებს, მხოლოდ მაშინ დაიწყებ საქმის გულმოდგინედ კეთებას. ბოლოს მიხვდები სირცხვილეული, როგორ მცონარებდი და რამდენი საჭირო რამ არ გააკეთე ცარიელი და უსარგებლო თვითნებობის გამო.
მცონარება ძლივსშესამჩნევად იწყება, ყველაფერს მსჭვალავს და თავისი შხამით წამლავს არა მხოლოდ ნებას, რომელსაც ნებისმიერი შრომის, სულიერი ღვაწლისა და მორჩილებისადმი სიძულვილით აღავსებს, არამედ გონებასაც აბრმავებს. არ აძლევს საშუალებას, იმ ზრახვების უგუნურება და სიცრუე გაიაზროს, რომლებზეც ამგვარი განწყობაა დამყარებული და ცნობიერებას ის ჯანსაღი განსჯა წარუდგინოს, რაც გაზარმაცებულ ნებას გამოასწორებდა; უბიძგებდა მას, რაც შეიძლება სწრაფად და მონდომებით აღესრულებინა საჭირო საქმე და სხვა დროისათვის არ გადაედო. საკმარისი არ არის საქმის სწრაფად კეთება. ნებისმიერი საქმე საჭირო დროს და მთელი მონდომებითა და გულისყურით უნდა კეთდებოდეს, რომ შეძლებისდაგვარად სრულყოფილი იყოს. ისმინე, რას წერენ: წყეულიმც იყოს ის, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს (იერ. 48,10). ამგვარ უბედურებას თავად იტეხ თავს, რადგან გეზარება იფიქრო იმ საქმის მნიშვნელობასა და ღირებულებაზე, რომელიც უნდა შეგესრულებინა. გეზარება მისი კეთება დროულად და იმგვარი სიმტკიცით, რაც სიზარმაცისგან მოვლენილ გულისსიტყვებს გაგიფანტავდა და უდებებისგან გიხსნიდა.
გონების თვალი ღმერთს მიაპყარ და გწამდეს, რომ ღვთის სადიდებლად და პატივის მისაგებად ერთი მდაბალი მუხლმოდრეკა ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე მთელი მსოფლიოს საგანძური. ყოველთვის, როდესაც მცონარებას განვაგდებთ და საკუთარ თავს ვაიძულებთ, მონდომებით აკეთოს საჭირო საქმე, ზეციური ანგელოზები დიდებისა და გამარჯვების გვირგვინს გვიმზადებენ. მცონარებისთვის კი არათუ გვირგვინებია ღვთისაგან განმზადებული, ის ნიჭებიც წაერთმევათ, რაც ღვთისთვის უწინდელი გულმოდგინე მსახურებისთვის მიეცათ. თუ უდებებით იცხოვრებენ, უფალი არც სასუფეველს დაუმკვიდრებს, როგორც ნადიმზე წვეულთა იგავშია: რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვერც ერთი იმ წვეულთაგანი ვერ იხილავს ჩემი სადილის გემოს (ლუკ. 14,24). ასეთია მცონარეთა ხვედრი. მას, ვინც გულმოდგინეა და თავს კეთილი საქმეების აღსრულებას აიძულებს, უფალი ამქვეყნად სათნო ნიჭებს განუმრავლებს და ზეციურ სასუფეველში მარადიულ ნეტარ ცხოვრებას განუმზადებს, როგორც აღუთქვა: ცათა სასუფეველი ძალით იღება, და მოძალადენი მიიტაცებენ მას (მათ. 11,12).
თუ ბოროტ გულისსიტყვას სურს, მცონარება მოგგვაროს, წარმოგისახავს, რომ სასურველი სათნოებების მოსახვეჭად უდიდესი და ხანგრძლივი შრომაა აუცილებელი, რომ მტერი ძლიერი და მრავალრიცხოვანია, შენ კი - ერთი და სუსტი, რომ მიზნის მისაღწევად უამრავი საქმის კეთება მოგიწევს. როდესაც მცონარების ასეთი გულისსიტყვა დაგეუფლება, ნუ მოუსმენ მას, არამედ იფიქრე: რა თქმა უნდა, საქმის კეთება მომიწევს, მაგრამ არცთუ ისე ბევრის; უნდა ვიშრომო, მაგრამ არცთუ მძიმედ და დიდხანს; მტერსაც გადავეყრები, მაგრამ არც ისე მრავალრიცხოვანს, არამედ მხოლოდ ერთს და, თუნდაც ის ჩემზე ძლიერიც იყოს, ღვთის შემწეობისა და უფლისადმი მტკიცე სასოების წყალობით ადვილად გავუმკლავდები. თუ ასე მოიქცევი, უდებება უკან დაიხევს, მის მაგივრად კი, კეთილი აზრებისა და გრძნობების ზემოქმედებით, შენში შემოვა მხურვალე მოშურნეობა და სრულიად განმსჭვალავს ხორციელ და სულიერ ძალებს.
ხანდახან გგონია, საქმე დიდძალია, დრტვინავ და მზად ხარ, ხელები ჩამოყარო. მაგრამ საქმის სიმრავლეზე ნუ იფიქრებ, გული გაიმაგრე, მონდომებით შეუდექი ერთის კეთებას, თითქოს დანარჩენი არც არსებობდეს და მშვიდად დაასრულებ. სხვა საქმიანობის დროსაც იგივე გაიმეორე. მერწმუნე, ყველაფერს მშვიდად, უშფოთველად და გაწამაწიის გარეშე გააკეთებ.
მუდამ ასე იმოქმედე, და იცოდე, თუ გონებას არ მოუხმობ და არ დაძლევ სიძნელისა და სიმძიმის შეგრძნებას, რასაც მტერი მოსალოდნელი საქმის გამო წარმოგისახავს, საბოლოოდ დაგეუფლება მცონარება. მაშინ უკვე უშუალოდ შრომის დაწყებისას კი არ იგრძნობ უდებებას, მანამდეც უდიდეს სიმძიმეს იგრძნობ მხრებზე და ისე დაიტანჯები, როგორც თავისუფლებაწართმეული ტყვე. სიმშვიდის ჟამსაც ვერ დაწყნარდები და უსაქმოდ მყოფსაც საქმეებით დამძიმებული გეგონება თავი.
ისიც იცოდე, ჩემო შვილო, სიზარმაცის სენი და მცონარება ნელ-ნელა ხრწნის არა მარტო ნორჩ ყლორტებს, საიდანაც თანდათან უნდა ამოზრდილიყო სათნო ჩვევები, არამედ მათაც, რომლებიც უკვე ღრმადაა ფესვგადგმული და კეთილგონიერი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. როგორც ჭია ნელ-ნელა აფუღუროებს ხეს, ასევე მცონარება შეუმჩნევლად ანადგურებს და სპობს სულიერი ცხოვრების ნერვებს. მისი მეშვეობით სატანა ყოველ ადამიანს მაცდუნებელ ბადეს უგებს. ის განსაკუთრებული მონდომებითა და მზაკვრობით ცდილობს, სულიერი ცხოვრების მოშურნენი მოაქციოს ამ ბადეში, რადგან იცის, რომ ზარმაცი და მცონარა ადვილად ემონება სურვილებს და ცდუნდება, როგორც დაწერილია: ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს (იგავ. 13,4).
მუდამ იფხიზლე, ილოცე და გულმოდგინება შეინარჩუნე, როგორც მამაც მებრძოლს შეჰფერის: მუყაითნი კი დანაყრდებიან (იგავ. 13,4). გულხელს ნუ დაიკრეფ და საქორწინო სამოსლის შეკერვას იმ დრომდე ნუ გადადებ, როცა უკვე შემოსილი უნდა შეეგებო იესო ქრისტეს - სასიძოს მობრძანებას. ყოველდღე შეახსენე საკუთარ თავს, რომ აწმყო შენს ხელთაა, ხვალინდელი დღე - უფლისაა, ხოლო დილა, რომელიც გაგითენდა, არ გპირდება საღამოს. ამიტომ ნუ მოუსმენ სატანას, რომელიც წაგჩურჩულებს: მომეცი დღევანდელი დღე, ღმერთს კი ხვალინდელს მისცემ! - არა, არა! მთელი ცხოვრება ისე გაატარე, რომ ეს უფლისთვის სათნო იყოს. მუდმივად იფიქრე, რომ ამჟამინდელი დროის გარდა სხვა აღარ მოგეცემა და რომ ამ საათის ყოველი წამისთვის ანგარიშის ჩაბარება მოგიწევს. გახსოვდეს დრო, რომელიც შენს ხელთაა, შეუფასებელია და თუ უქმად გაფლანგავ, მოიწევს ჟამი, როცა მოიძევ მას და ვერ მოიპოვებ. დაკარგულად ჩათვალე დღე, როდესაც კეთილ საქმეს კი იქმოდი, მაგრამ საკუთარ მავნე მიდრეკილებებსა და სურვილებს არ ებრძოდი.
- ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა დღესდღეობით უმუშევრობაა. უამრავმა ჩვენმა თანამემამულემ სწორედ უსამსახურობის გამო დატოვა სამშობლო. ისინი იძულებულნი არიან არცთუ სახარბიელო საქმეებით დაკავდნენ, რათა ოჯახები არჩინონ. რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით? სად და რატომ ნიავდება ასე ქართველი ადამიანის ნიჭიერება, შრომის უნარი, ღონე და მიდრეკილება?
- ერთ ჩემს ნაცნობ ფსიქოთერაპევტს კაბინეტში ეკიდა დიდი ლოზუნგი: "ვისაც სურს შრომა, ეძებს საშუალებებს, ვისაც არა - საბაბს თავის ასარიდებლად". დღეისათვის ფსიქოლოგები ძალიან საინტერესო დაკვირვებებს ახდენენ ამ მიმართულებით. მაგალითად, აშშ-ის ერთ-ერთი ქალაქის უმუშევრებს განუცხადეს, რომ დაატოვებინებდნენ ქალაქს, თუკი სამსახურს არ იშოვიდნენ უახლოესი სამი თვის განმავლობაში. ფსიქოლოგებს აინტერესებდათ, რა იყო უმუშევრობის მიზეზი. მოხდა ისე, რომ უმუშევართა 80%-მა სამსახური იშოვა. აქედან დაასკვნეს, რომ ძალიან ხშირად, როდესაც ადამიანი სამუშაოს ვერ შოულობს, მიზეზი გახლავთ არასაკმარისი მოწადინება და ძალისხმევა. იმავე ამერიკაში თავის დროზე არაპრესტიჟულად ითვლებოდა მუშაობა რესტორანში, ანდა საცალო ვაჭრობაში. მაგრამ როდესაც დადგა კრიზისული პერიოდი, უარეს ადგილებზეც კი კადრულობდნენ მუშაობას. თუმცა არც ერთი სამსახური არ არის არასაკადრისი. მაგალითად, რუსეთში 1200 რესპონდენტიდან უმეტესობამ (29%) დაასახელა იურისტობა ყველაზე პრესტიჟულ პროფესიად; მეორეზე - დირექტორობა და მენეჯერობა (17%); მესამეზე - ექიმობა და ბანკირობა (16%). 1%-ით ნაკლები ერგოთ ეკონომისტებსა და ფინანსისტებს. ყველაზე არაპრესტიჟულ პროფესიებად კი მასწავლებლობა და პოლიციელობა დასახელდა.
არის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შემცველი პროფესიები. თუნდაც იურისტობა ავიღოთ. ერთხელ, წმინდა მაკარი მეგვიპტელის დროს, ეჭვმიტანილ მკვლელს მთელი სოფელი მოსდევდა. ამ დროს წმინდა მაკარი თავის სენაკში იყო. მან მკვლელი შეიფარა და ვერ გაბედა მისი დადანაშაულება, სანამ მსხვერპლს არ ჩასძახა საფლავში: თქვი, ვინ არის შენი მკვლელიო. მართლაც ეჭვმიტანილი კაცი უდანაშაულო აღმოჩნდა. თუკი წმინდა მაკარი დიდმა ვერ გაბედა ასე ხელაღებით ადამიანის დადანაშაულება, მით უფრო რამხელა სიფრთხილე მართებთ ჩვეულებრივ მოკვდავთ. ადვოკატის პროფესიის შესახებ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი წერს: "მართალი და პატიოსანი ადვოკატი სიმართლეს უნდა შეეწეოდეს, ხოლო თუ მისი ჭკუა და სინდისი ხედავს, რომ ვინმე მთხოვნელთაგანი მართლა დამნაშავე, ქურდი და კაცის მკვლელია, მაშინ მისი მფარველობა და გამართლება თავის თავზე არ უნდა აიღოს. ადვოკატმა თავისი მარწმუნებლის მფარველობისათვის პატიოსანი და კანონიერი ხერხი და საშუალება უნდა გამოიყენოს. ჭეშმარიტმა ადვოკატმა უცოდინარ კაცს საქმის დაწყება და საჩივრის შეტანა კიდეც უნდა დაუშალოს და მომჩივანთა შერიგებას ეცადოს; ხოლო ახლანდელი ცრუ ადვოკატები, ამის საწინააღმდეგოდ, მომჩივანთა გამრავლებას ცდილობენ, ცრუ მოწმეებს შოულობენ და თავიანთ სიმართლეს ასე ამტკიცებენ. მაგრამ ამაში არა მხოლოდ ადვოკატები, არამედ მთელი საზოგადოება დამნაშავეა, რადგან მათ მოქმედებას ჩვენი ცუდი ხასიათი და სისუსტე უწყობს ხელს".
დღეს მართლაც მძიმე ჟამი უდგას ქართველ ერს. არც ერთ ეპოქას არ ახსოვს მსგავსი რამ: ქართველი კაცი სანაგვე ურნებში ეძებს საჭმელს. რა სურათი იხატება დღეს ჩვენს თვალწინ?! ერთი მხრივ ტოტალური სიღატაკე, მეორე მხრივ კი - გამდიდრებული ჩინოსნები და მოზეიმე ღამის შოუები. რამ დააბეჩავა და დააგლახაკა ასე ქართველი ხალხი? ყოველი დამპყრობელი ცდილობს ერს ღირსება აჰყაროს უსამსახუროდ დარჩენის გზით. ქართველი ქალები დღეს გადახვეწილები არიან უცხოეთში, ლოგინად ჩავარდნილ მოხუცებს უვლიან. ყველაზე ბინძურ სამუშაოსაც არ თაკილობენ. მათი ქმრები კი ნარდს აგორებენ მრავალსართულიან სახლებსა თუ ეზოებში. ყოველივე ამის ფონზე მცონარობამ და ამავდროულად, ყოვლად უსაფუძვლო ყოყლოჩინობამ მოიკიდა ჩვენში ფეხი. ქართველმა კაცმა დაკარგა თავისი მიწის ყადრი, სიყვარული და ხვალინდელი დღის შემეცნების უნარი. გადამთიელნი უვლიან იმ მიწის ნაგლეჯებს, რომელსაც ქართველები ანიავებენ. თავის დროზე წმინდა ილია მართალმა მცონარა თავადების ურგებობისგან გადაარჩინა ერი. საადგილმამულო ბანკის საშუალებით შეუნარჩუნა მიწის ნაკვეთები, რომელთაც თავადები ყიდდნენ. ერთ კახელ მებატონეს, ფული რომ შეჰქონდა ბანკში, გამწარებით წამოსცდა, - რა მიქნა ილიამ, ერთი ქეიფის ფულიც არ დამიტოვაო. ყველაფერს კარგავდა და ქეიფზე დარდობდა მაინც ეს უდარდელი, მცონარა ქართველი. ილია სულ წუხდა ქართველი კაცის მცონარობისადმი მიდრეკილების გამო. იგი წერდა: "შრომა კაცის ბუნებას ეჯავრება და სიამოვნებას, სიტკბოებას კი კაცის ბუნება ეტანება. მთელი კაცობრიობის ცხოვრება ამ ორთა გრძნობათა ბრძოლაა: ერთი მხრივ იბრძვის შრომის სიძულვილი, მეორე მხრივ - სიამოვნების სურვილი".
- პრესტიჟულ სამუშაოებზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა არაქრისტიანული სამუშაო?
- ამ საკითხზე ღვთისმეტყველი ალექსანდრე მენი ამბობდა: "არ არსებობს არაქრისტიანული სამუშაო, შეიძლება მხოლოდ ჯალათის საქმე იყოს ასეთი. თუნდ სტაფილოთი ივაჭრეთ - ადამიანს ემსახურეთ მხოლოდ! სამსახურში ზედმეტი ქადაგების ნაცვლად - მშვიდად მოიხადეთ სამსახურებრივი ვალი". როცა ხნიერი ქალი წუწუნებდა თავისი სამსახურის უაზრობაზე, დაურიდებლად ურჩევდა: "დაანებეთ მაგ სამუშაოს თავი და მოეწყვეთ ადამიანთათვის საჭირო სამუშაოზე!" ექიმს მოუწოდებდა, აერიდებინა ზედმეტი და უსარგებლო წერისათვის თავი და მეტი ყურადღება გადაეტანა პრაქტიკულ დახმარებაზე. მღვდელმსახური ვალერიან კრეჩეტოვი ყველაზე მშვენიერ ქრისტიანულ პროფესიად მიიჩნევდა ფსიქოთერაპევტობას. შეიძლება ისე აკეთო სიკეთე, რომ სულიერად არ მონაწილეობდე, - ამბობდა ის, - აქ კი ინსტრუმენტი ადამიანის სულია. ფართო გაგებით ყველა ადამიანი უნდა იყოს ფსიქოთერაპევტი. ერთ ასეთ ფსიქოთერაპევტს ვიცნობდი სოფლის მაღაზიაში გამყიდველის სახით. მეორე გამყიდველთან სულ რიგები და ბუზღუნი იყო, ამასთან კი მხიარული სახით იდგნენ მყიდველებიო. ანუ სიკეთე და სიყვარული თუ აქვს ადამიანს, ნებისმიერ სამსახურში გამოვლინდება ეს. "ღმერთი სიყვარული არს!" ადამიანის სიცოცხლის არსში სიყვარულია. სიყვარული კი მოქმედების გარეშე არ არსებობს - კვდება. სიყვარულის დასტური - საქმეებია. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი წერდა: "მოციქული პავლე გვაუწყებს (კოლ. 3,23), რომ ყოველი საქმე ისე აღვასრულოთ, ვითარცა ღმრთისა. ღმერთს არა მხოლოდ მაშინ ვემსახურებით, როდესაც, მაგალითად, ეკლესიაში ვდგავართ და ვლოცულობთ, ან როცა, ღმრთის მცნებათა შესაბამისად, რომელიმე ქველ საქმეს ან სათნოებას აღვასრულებთ, არამედ მაშინაც, როდესაც ჩვენს საკუთარ, სოფლიურ საქმეს ვაკეთებთ, - თუკი იგი ღმრთის წინაშე პატიოსნად და ერთგულად იქნება შესრულებული. ოღონდ კი სასარგებლო საქმე აკეთე, და რაც გინდა მცირე იყოს იგი, თუ გულმოდგინედ აღასრულებ, ამით ღმერთს ემსახურები. მაშასადამე, ეს სიტყვა არა მხოლოდ მათთვისაა სანუგეშო, რომელთაც დიდ-დიდი სახელმწიფო საქმეები აბარიათ, არამედ თვით უკანასკნელი დღიური მუშა კაცისთვისაც, რადგან თუ გულმოდგინედ და სინდისიანად მუშაობს, მასაც უნდა უხაროდეს, ვინაიდან ისიც ღმერთს ემსახურება".
- შრომა ბევრი ადამიანისთვის სატანჯველია, რადგან თავის იძულებას გულისხმობს. რა შემთხვევაში იქცევა ის სასიამოვნო პროცესად?
- წმინდა მამები ამბობენ, სულიერი შრომის - ლოცვის უნარის მქონენი ფიზიკური შრომის დროს არ ბუზღუნებენ, არ ღიზიანდებიან - შრომა ლოცვით მსუბუქდება! შრომა ბევრისთვის იმიტომ გადაიქცა სატანჯველად, რომ მას არ ამსუბუქებს ლოცვა! ყოველგვარი შრომა უნდა იყოს შემოქმედებითი, რადგან ადამიანი შექმნილია შემოქმედისაგან. წმინდანთა მაგალითი გვიჩვენებს, რომ ფიზიკური შრომა ცხოვრების აუცილებელი ელემენტია, უკეთ - უდაბლესი საფეხურია, რომელსაც უმაღლესისაკენ მივყავართ. ამიტომ იყო, რომ წმინდანები ქვიშასაც ეზიდებოდნენ, ქვებს გადაადგილებდნენ, რათა სულისათვის დაემორჩილებინათ სხეული. ცხადია, სხეულის მარხვა, თავშეკავება საკვებში, ეხმარება სულიერებას და გადაჯაჭვულია მასთან. ხდება რამ სულში - ეპასუხება სხეული; სხეულის ცვლილებებს კი - სული.
შრომა სულიერი ზრდის აუცილებელი პირობაა, რის გარეშეც ვერ ცოცხლობს ადამიანი - ატროფირდება კუნთები, სული იწყებს კვდომას. ადამიანის შრომა იწყება დაბადებისთანავე - ახალშობილს აქვს საკვების მოთხოვნილება - ძუძუს ჭამა მისთვის არის შრომა. ის შრომობს ამ დროს, ოფლიანდება. როდესაც ახალგაზრდებს არ სურთ შრომა, ეს არის ნებისყოფის პარალიჩი. ამიტომ ბავშვში თავიდანვე უნდა აღვზარდოთ შრომისმოყვარეობა, უნდა მივაჩვიოთ შრომას. ისეთი დავალებები უნდა მივცეთ, რომლებიც აღზრდიან მას: "აალაგებ სათამაშოებს და მიიღებ რაღაცას..." ბავშვის მიერ ჩადენილ შრომით აქტს უნდა მოჰყვეს მისაგებელი. ეს არის სიზარმაცის წამალიც. თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ფულადი ანაზღაურებით არ შეიძლება ბავშვის გაფუჭება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფრით დამოკიდებულია მშობელზე და რომ საშინაო საქმე და სწავლა მისი მოვალეობაა!
- დაბოლოს, რა არის ეკონომიკური კრიზისი და რამდენად არის იგი ნაშობი სულიერი კრიზისისგან?
- გავიხსენოთ წმინდა მოწამეების - დავით და კონსტანტინეს ცხოვრება. როდესაც ჯალათებმა ისინი შეიპყრეს საწამებლად, მათ უთხრეს არაბ დამპყრობლებს: თქვენ ჩვენი სარწმუნოების უძლურების გამო კი არ დაგვამარცხეთ, არამედ ჩვენი ცოდვების გამო გაძლიერდით და გაიმარჯვეთო. აქაც იგივე სიტუაციაა. ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა და სასწავლო დაწესებულებების შემცირება არის იმის შედეგი, რომ ადამიანებს აღარ სურთ შრომა და სწავლა. ერთხელ დედა მატრონას ჰკითხეს, რატომ ინგრევა ამდენი ეკლესიაო. მან კი უპასუხა: ეკლესიები იმიტომ ინგრევა, რომ იქ შემსვლელიც აღარავინ დარჩაო. ასე რომ, უნდა გვახსოვდეს, თუკი ჩვენთან რაიმე შემცირდა, ამაში მხოლოდ მთავრობა კი არ არის დამნაშავე, არამედ უპირველესად ჩვენსავე თავში უნდა ვეძებოთ მიზეზი. ჩვენ გვახსოვს დრო, როდესაც ქართველი ხალხის სუფრები სურსათ-სანოვაგისგან იზნიქებოდა, მერე კი ნაგავში იყრებოდა. დღეს ქართველი კაცი იმავე სანაგვე ურნაში საკვებს დაეძებს. ანდა როცა დავდიოდით შავ ზღვაზე გასარუჯად და განსაცხრომლად და არა წმინდა მატათას ან სიმონ კანანელის საფლავის თაყვანსაცემად. ახლა კი ტერიტორიები დავკარგეთ. სახარებაში წერია: "მოგცეს ღმერთმა შენი გულის პასუხად". დღეს ის ნარდის მოთამაშე კაცები მართლა საგულდაგულოდ რომ ეძებდნენ სამსახურს, უფალი გამოუჩენდა რაღაცას. მაგრამ საქმეც ის არის, ერთხელ რომ ვერ იშოვეს, მეორედ, უკვე აღარც ეძებენ, ჩაიქნიეს ხელი. ცოლები უგზავნიან მაინც და გაზულუქდნენ. კაცმა დაკარგა თავისი უმთავრესი ფუნქცია – მარჩენალისა. ზოგს გული გაუტყდა და ალკოჰოლს მიეძალა. ხოლო სადაც გულის თხოვნა არ არის, იქ არც პასუხია. უფალი უშვებს უმუშევრობას, რათა ადამიანებმა დააფასონ შრომა და სწავლა. ეკლესიების დანგრევაც ოდესღაც იმიტომ დაუშვა ღმერთმა, რომ ადამიანებს დაეფასებინათ ღმერთი და სიყვარული. მართლაც ასე მოხდა კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ. "არ ისწავლი და არ იმუშავებ, - ამბობს ერთი წმინდა მამა, - ცხოვრება კატორღად გადაგექცევა. რაც უფრო ახლოა ადამიანი ღმერთთან, მით მეტი სიხარულის მომგვრელია შრომა, ხოლო რაც უფრო შორს - მით აუტანელი!"