მოციქული ბრძანებს: "რაიცა იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს" (გალატ. 6,7).
"ყოველი ადამიანი რაღაცას თესავს: სიტყვანი მისნი, საქმენი მისნი - თესლია, რომელიც ყოველდღიურად ითესება და უკვალოდ არ ქრება. მწიფდება მკათათვისთვის, რის შემდეგაც ხორბალს აიღებენ და დაავანებენ ზეციურ ბეღელში, ნარ-ეკალს კი ცეცხლში ჩაყრიან. მაგრამ ადამიანები ამაზე ნაკლებად ზრუნავენ: პეშვებით თესავენ ბოროტებას, ხოლო სამკალზე არ ფიქრობენ და ჰგონიათ, რომ დათესილი ბოროტებიდან საბოლოოდ სიკეთე აღმოცენდება. ღვთის თვალი კი ყველაფერს აკვირდება და სიტყვა მისი გვაფრთხილებს: "ნუ სცდებით, ღმერთი არა შეურაცხ იქმნების... რომელმან სთესოს ხორცთა შინა თვისთა, ხორცთა მიერ თვისთა მოიმკოს ხრწნილება; ხოლო რომელმან სთესოს სულსა თვისსა, სულისაგან თვისისა მოიმკოს ცხოვრება საუკუნო" (გალატ. 6,7-8). "ქარს სთესენ და ქარს მოიმკიან" (ოსია 7,8). ქარიშხალს მოიმკი შენ, საბრალო ძმაო ჩემო, თუკი ამჟამად ცოდვისა და ხრწნილების თესლს თესავ; და შენს დაუცველ თავს ვინ დაიფარავს ამ ქარიშხლისგან? თესლი ამბარს შეეფარება, შენ კი სად იქნები? კეთილი მარცვალი – ეს ღვთის სიტყვაა. იწყე მისი შენს სულში მიღება, ეკლითა და ღვარძლით რომ დაბურულა. იგი აღმოფხვრის მათ, იგი მოიცავს სულს, იგი ახალ ცხოვრებას შეიტანს მასში, "პირველად წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა" (მარკ. 4,28).
რას ვთესავთ მთელი ცხოვრების მანძილზე, ანდა წარმოადგენს კი ჩვენი სული იმ კარგ ნიადაგს - "ქვეყანას კეთილს", რომელიც მიიღებს, შეიწყნარებს და ახეირებს უზენაესი მთესვარის მიერ დათესილ უკვდავ, ცოცხალ და კეთილ თესლს? გამოიღებს უხვ მოსავალს - მადლმოსილ ნაყოფს ჩვენი სულის ნიადაგზე დათესილი კეთილი თესლი? ჩვენ თვითონ როგორი "მიწისმოქმედნი" ვართ, როგორ ვირჯებით იმისათვის, რომ ღვთის მიერ ნაწყალობევს სათანადოდ მოვუაროთ, გავწმინდოთ მავნე მინარევებისაგან, გავსხლათ, გავფურჩქნოთ?... ამ კითხვებზე პასუხი, როგორც ვიცით, სახარებას უკვე აქვს. შევეცადოთ ამ საკითხს რელიგიაზე დაფუძნებული მეცნიერების - ფსიქოლოგიის კუთხითაც შევხედოთ. გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
- ერთ-ერთი წმინდა მამა წერს: "ღმერთმა აბრაამს აღთქმის მიწა მემკვიდრეობად მისცა და ჩვენც იმავეს გვანიჭებს უფალი სულიერი თვალსაზრისით. გავითავისოთ ამ სულიერ ნიადაგზე ის, რაც შეურყვნელი აღთქმით გვენიჭება. ეს ჩვენი მონაპოვარია, კეთილი ნაწილი, რომელსაც ჩვენი სულის დაპურება სავსებით შეუძლია. ავდგეთ და სარწმუნოებით გავიაროთ ჩვენს საკუთარ მიწაზე, ვიწყოთ მისი გამოყენება. კიდით კიდემდე მოვიაროთ ჩვენთვის ბოძებული სიყვარული, ჩავუკვირდეთ მას, შევითვისოთ იგი, ვიწყოთ ამ სიყვარულის ძალით სიარული". მაინც რა არის ის "შეურყვნელი აღთქმის მიწა", რომელიც ყველა ადამიანს მემკვიდრეობით ებოძა ღვთისაგან?
- საყოველთაოდ ცნობილია, რომ დაბადებიდანვე ადამიანის სული ღვთისკენაა მიდრეკილი. "თესლი კეთილი" დაბადებიდანვე ყველა ადამიანში არსებობს. სხვა საქმეა, თუ როგორ ვითარდება და საით მიდის იგი. ალექსანდრე ელჩანინოვი წერს: "ღვთის მიერ შექმნილი არაფერი არ არის ბოროტი; ჩვენ თვითონ ვაფუჭებთ, გარდავქმნით ბოროტებაში ჩვენს თავსაც და ჩვენს ირგვლივ მყოფთაც. ბოროტებისაკენ ამ შებრუნებაში ძევს ჩვენი თავისუფალი ნება". ღმერთი ყველას აძლევს ბუნებით ნიჭს. შრომისმოყვარე ცდილობს გაამრავლოს ის, რაც მას გააჩნია, მცონარე და უქმი კაცი კი მცირესაც კარგავს.
თესლი, რომელსაც უფალი ყველა ადამიანში დაბადებიდანვე თესავს, არის - სინდისი. სინდისი ძალიან რთული ფენომენია. მას ჩვენ განვიცდით, როგორც "მე"-ს სიღრმიდან ამოსულ ხმას, ძახილს.
ფილოსოფოსი თამაზ ბუაჩიძე წერს: "ეს ხმა თავისებურია - ის არ ჩაგვესმის ყურში, ის არ ისმის გარედან. სინდისის ხმა შინაგანია, ამიტომ ის მესმის მხოლოდ მე და სხვას არავის, თანაც ამ ხმას მე ვწვდები არა ყურით, არამედ მთელი "შინაგანი არსებით", "გულით". რადგან სინდისის ხმა შინაგანია, უაღრესად ინტიმურია. მისი მოსმენა განმარტოებას გულისხმობს. ამის თაობაზე ჰეგელი წერს: "სინდისი არის უღრმესი შინაგანი მარტოობა, მხოლოდ საკუთარ თავთან ყოფნა, რომელშიც გაქრა ყოველივე გარეგანი, ყოველი შეზღუდულობა, ის არის საკუთარ თავში განმარტოება". მისი ხმა ყოველთვის შეფასებას შეიცავს. ღმერთმა იმდენად ღრმად ჩათესა ეს ხმა ჩვენს სულში, ცნობიერებაში, რომ ყველაზე ძნელი ამქვეყნად სწორედ მისი ჩახშობაა. ამის შესახებ პაისი ათონელი ბრძანებს: "რაც არ უნდა გამოიგონონ ადამიანებმა, როგორ უგრძნობლობასაც არ უნდა ამოეფარონ ისინი, სიმშვიდეს - სულ ერთია - ვერ პოვებენ. იმის გამართლების მცდელობისას, რასაც გამართლება არა აქვს, ისინი სულიერად იტანჯებიან. ისინი შინაგანად დაშლილები არიან. ამიტომ საბრალოები გართობას ეძებენ, ბარებსა და დისკოთეკებზე დარბიან, თვრებიან, ტელევიზორს უცქერენ, ანუ მათ ამხელთ სინდისი, და იმისათვის, რომ თავდავიწყებას მიეცნენ, სისულელეებს აკეთებენ. მაშინაც კი, როცა სძინავთ, ხომ არ გგონიათ, რომ მშვიდად არიან? ადამიანს აქვს სინდისი. სინდისი სულ პირველი წმინდა წერილია, ღმერთის მიერ პირველქმნილ კაცთათვის მიცემული. ჩვენ ვიღებთ სინდისს მშობლებისაგან - როგორც ფოტოასლს. როგორც არ უნდა ახშობდეს ადამიანი თავის სინდისს, ის შიგნიდან ყოველთვის ამხელს მას. ამიტომაც ამბობენ: "მას ჭია ღრღნის". მართლაც რა არის უფრო ტკბილი, ვიდრე დამშვიდებული სინდისი? ადამიანი თავს შინაგანად ფრთაშესხმულად გრძნობს და მაშინ ის იწყებს ფრენას". გურამ დოჩანაშვილის ერთი მოთხრობისა არ იყოს, ადამიანთა ცხოვრებაში არსებობს ერთი წამი ძილის წინ, როდესაც ყველამ საკუთარი თავი იცის. სინდისის შუქი ეცემა ჩვენს წარსულ, აწმყო და მომავალ საქციელს, "მე"-ს ქმედებას. ეს არის ღვთის კეთილი თესლი - ღვთის ხმა ჩვენში, რომელსაც, თუკი გავყვებით, შეუძლია ჩვენი ღმერთთან ურთიერთობის აღდგენა. ყველა ერთნაირად როდი მისდევს ამ ხმას, შესაბამისად, ყველას ერთნაირი ძალით არ ამხილებს იგი. მამები ამბობენ, რომ სინდისი ამხილებს კაცს პირველი და მცირე შეცოდებისთვისაც კი. მსგავსად იმისა, კაცს თვალში პატარა მტვრის ნამცეცი რომ ჩაუვარდეს, თვალს აიტკივებს. მაგრამ თუკი კაცმა განაგრძო შეცოდება და სინდისის მხილება არ შეისმინა, მაშინ ის მიემსგავსება სირაქლემას კუჭს, რომელიც რკინასაც კი ინელებს. ასეთი "დამწვარი სინდისი" ("ორგულებითა სიტყვითა ტყუილისათა, შემწუარნი თვისითა გონებითა" (1 ტიმ. 4,2)). შეიძლება შევადაროთ გაყინულ წყალს, რომელიც წინათ ნემსსაც ვერ იმაგრებდა, ახლა კი იმდენად გასქელდა, რომ რკინით დატვირთულ ურმებს იმაგრებს.
ასე რომ სინდისი - ეს არის ღვთის ხმა, ცოცხალი ჭეშმარიტების ხმა, რომლის მადლიანი ძალითაც ადამიანი იბადება ღვთის სასუფევლისათვის. ხმა, რომელიც "ჰგიეს უკუნისამდე". ხოლო ის, ვინც ცოდვით ისე გაუხეშებულა და გონება დაბნელებია, რომ არ გულისხმაყოფს ამ ხმას, არ უშვებს მას თავისი გულისა და გონების შიგნით, ემსგავსება იმ ნიადაგს, რომელიც კეთილ თესლს არ იწყნარებს თავის წიაღში. მადლიანი მარცვლები იხშობა ეკალ-ბარდებით, ყოველგვარი სულიერი სურვილი კვდება, სული გულგრილი ხდება სიკეთის მიმართ და ღვთის კეთილ თესლს არ გამოაქვს მასში ნაყოფი. "რომლისაგან არა აღივსო ხელი თვისი მომკალმან, და არცა წიაღი, რომელი შეჰკრებნ მჭელეულებსა მისსა" (ფს. 128,6).
- ღვთისგან მოდის მადლი, ადამიანისგან კი უნდა წამოვიდეს მთელი ძალით სწრაფვა ღვთისკენ. ანუ თესლს ღმერთი თესავს, ადამიანმა კი ოფლი და ცრემლი უნდა ღვაროს იმისათვის, რომ ცოდვებით დამძიმებული სული - ყამირი ნიადაგი მავნე მინარევებისაგან გაწმინდოს, გაასუფთაოს. რა ეხმარება ადამიანს სულიერი წარმატების მისაღწევად?
- "რომელმან სთესოს ცრემლით, მან სიხარულით მოიმკოს". ერთადერთი ჭეშმარიტი მწუხარება არის - მწუხარება ცოდვების გამო. ნათქვამია: "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის". "ყოველი ცოდვა ღრმა ნაჭდევია ლამაზ სურათზე, მახინჯი ნაოჭია ანგელოზის სახეზე. ვუფრთხოდეთ ცოდვას, ეს ნიშნავს, თავს ვიცავდეთ დანგრევისაგან, განადგურებისაგან, სულის სიკვდილისაგან", - წერს ერთ-ერთი წმინდა მამა. ცოდვების აღმოსაფხვრელად, სულიერი განწმენდისთვის გვმართებს გარჯა - ცრემლისა და ოფლის ღვრა. მაგრამ, ამავე დროს, ეს უნდა მოხდეს მორჩილებით, სინანულით, რწმენით. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღწევა განწმენდა და ამაღლება. როგორც მამები ამბობენ; "თუ ოფლი იღვრება შინაგანი წინააღმდეგობებით, ბოროტებით, დრტვინვით, ცრემლები - ტკივილისაგან, წყენისაგან, ბოროტებისაგან, თუ სისხლი – სარწმუნოების გარეშეა, მაშინაც სული ვერაფერ სარგებლობას ვერ იძენს". ამქვეყნად ყველას შესაფერისი ნიჭი ებოძა იმისათვის, რომ ჩვენ ვმოღვაწეობდეთ, საღმრთო მადლის შეწევნით ავდიოდეთ სულიერ კიბეზე და უფრო და უფრო ვუახლოვდებოდეთ შემოქმედს. ყოველი ადამიანი მონდომებისდა მიხედვით, მისი ძალისა და უნარისამებრ გამოიღებს ნაყოფს - "რომელმანმე ასს", "რომელმანმე სამეოცს", "რომელმანმე ოცდაათს". ღმერთი ადამიანს შველის მხოლოდ ადამიანისავე მონაწილეობით: ღმერთი მის გულში ათავსებს თავის მაცოცხლებელ მადლიან სიტყვას, ადამიანს კი ევალება თავისი გული გაუხსნას ამ წმინდა თესლს და განიწმინდოს შინაგანი არაწმინდებისაგან. არის ცოდვიანი მიდრეკილებები, რომლებიც ეკალ-ბარდების მსგავსად სულში ახშობენ ყოველგვარ კეთილ სურვილს, მაგრამ არ არის ცოდვა, რომელიც სძლევდეს ღვთის მოწყალებას. მთავარია, ადამიანმა არ გამოკვებოს თავის გულში ცოდვილი გულისთქმების ეკალ-ბარდები. რადგანაც თუ ითრგუნება ღვთის სიტყვა, ეს ეკალ-ბარდებისაგან კი არ ხდება, არამედ იმათგან, რომელთაც დროულად არ აღმოფხვრეს ისინი. ასე რომ, აქ დამნაშავეა ადამიანის შებღალული ნება. თუკი კეთილი ნება გვექნება, მაშინ საღმრთო ძალა, რომელიც გამუდმებით თან გვდევს უხილავად, განგვამტკიცებს ჩვენ, რათა ჩვენი ძალების შესაფერისი ღვაწლი აღვასრულოთ. "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი", - ვკითხულობთ ფსალმუნში. ანუ ჩვენი სულების დაუმუშავებელ მონდვრებზე ზრუნვა ასე იწყება: ჯერ უნდა ამოვძირკვოთ ვნებების ეკალი და შემდეგ უნდა დავნერგოთ მის ნაცვლად სათნოებები. კაცთა მოდგმის მტრის მიერ დათესილი ღვარძლის დაგლეჯა, ანუ ცოდვის ამოძირკვა მეტად მძიმე ღვაწლია, რომელიც დიდ ნებისყოფას, მოთმინებასა და მღვიძარებას მოითხოვს. ამიტომაც შეგვაგონებს მოციქული: "მღვიძარე იყვენით, მტკიცედ სდეგით სარწმუნოებასა ზედა" (1 კორ. 16,13).
- ერთი წმინდა მამა წერს: "რა ძნელია ჩვენთვის ღმერთთან მიახლოება, განსაკუთრებით მათთვის, რომელთა ბუნებაც, მემკვიდრეობაც კედლადაა აღმართული მათსა და ღმერთს შორისო". რა გავლენას ახდენს ადამიანის შემდგომ ცხოვრებაზე, მისი პიროვნების, ხასიათის ჩამოყალიბებაზე მემკვიდრეობა, ანუ ის თესლი, რაც შვილში ჩაიდო მშობლების მიერ; რამდენად მნიშვნელოვანია აღზრდის ფაქტორიც?
- ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ ჩვენი მშობლებისა, ჩვენი წინაპრებისა, რომელთაც მემკვიდრეობით დაგვიტოვეს და დიდი რუდუნებით გადმოგვცეს მართლმადიდებლობა და არ გაგვიხადეს თავშისახლელად ამა თუ იმ რელიგიის არჩევანი. რა ბედნიერები არიან ის ბავშვები, რომელთაც მშობლები ბავშვობიდანვე უნერგავენ და უღვივებენ კეთილ თესლს, გადასცემენ ყველაზე დიდ მემკვიდრეობას - ღვთის სათნო ცხოვრებას. ამისი მაგალითები უხვად მოიპოვება წმინდანთა ცხოვრებებში. წმინდა ნინოზე მისი ცხოვრების აღმწერი ამბობს: "ხეთა კეთილთაგან ნაყოფი კეთილი". ნეტარი ავგუსტინე, რომელიც სწორედ დედის ლოცვის ძალით მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, თავის "აღსარებანში" წერს: "ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და უკვე მესმოდა, რომ არსებობს საუკუნო სიცოცხლე... მე უფლის ჯვრის ნიშნით ვიყავი აღბეჭდილი და მისივე მარილით ნამარილევი დედის საშოდან გამოსვლისთანავე... იმთავითვე შენ იყავი ჩემი მფარველი (ღმერთს მიმართავს). დედაჩემის ძალისხმევას უნდა ვუმადლოდე, უფალო, რომ მამად შენ მეგულვი". მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი) წერს, რომ ბავშვის ჩამოყალიბების პროცესში ჩანასახი დედისგან უკვე იღებს ყველაფერ იმას, რაც ხდება მასში და მის გარშემოც. ასე იქცევა იგი დედის მეშვეობით სამყაროს ნაწილად. ამიტომაც ეკლესია ურჩევს დედას ილოცოს მთელი არსებით, ესაუბროს ღმერთს, გაუზიაროს მას თავისი სიხარული. როცა დედა ლოცულობს კრძალვით, მშვიდად, გააზრებულად, ბავშვიც ეზიარება დედის ლოცვის საიდუმლოს. ხოლო როცა ბავშვი უკვე დაიბადება, აუცილებელია მის საწოლთან ლოცვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვების ბავშვს ჯერ არაფერი გაეგება, დედის ხმის ტემბრით მას გადაეცემა ეს განწყობა და ამ ლოცვით ეზიარება ღმერთს. ხოლო როცა ბავშვი ცოტათი წამოიზრდება და იწყებს საგნებთან შეხებას, ამ დროს მასზე უკვე ზემოქმედებას ახდენს ყველაფერი და ყოველივე ამან მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეიძლება შეასრულოს. მშობლის ლოცვა არის კეთილი თესლი, რომელიც აუცილებლად გამოიღებს უხვ მოსავალს, კეთილ ნაყოფს. ალბათ ყველა ადამიანი დაფიქრებულა თავის მისიაზე, ამქვეყნად მოსვლის დანიშნულებაზე. ადამიანები უფლის ნებით მშობლების მიერ დარგული ჯეჯილნი ვართ. ვიქცევით კი ყანად, შევიკრიბებით კი უფლის ბეღელში?
რამდენადაც მშობლის ლოცვა და კურთხევა არის უდიდესი საუნჯე - კეთილი თესლი, რომელიც გზას უნათებს შვილს, იმდენად მშობლის პირიდან გამოსული წყევლა ღვარძლად და დაბრკოლების ლოდად ექცევა ხოლმე მის მემკვიდრეს. ამასთან დაკავშირებით მოვიხმობ პაისი ათონელის სიტყვებს: "მშობლების წყევლა და გულისწყრომაც კი ძალიან ძლიერ მოქმედებს. ამის მერე შვილებს ერთი ნათელი დღეც აღარ აქვთ: მთელი მათი ცხოვრება ერთ უწყვეტ ტანჯვად გადაიქცევა. შემდეგ ასეთი ბავშვები მთელი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებიან. მშობლები, რომლებიც შვილებს სიტყვით ისტუმრებენ "ეშმაკთან", მათ ბოროტს სწირავენ. ამის შემდეგ ეშმაკი უფლებას იძენს მათზე". ამიტომაც პატრიარქი ხშირად შეგვახსენებს ქადაგებებში, რომ მშობლებს ყოველდღიურად ლოცვა-კურთხევა უნდა ვთხოვოთ. ეს კურთხევა ისე მოქმედებს ჩვენს სულიერ სამყაროზე და ისე ეხმარება ჩვენში სიკეთის თესლის გაღვივებას, როგორც წვიმა მოქმედებს გადამხმარ ნიადაგზე, რწყავს და ანაყოფიერებს მას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი