ნარკომანია ჩვენს დროში უფრო და უფრო მწვავე პრობლემა ხდება. ამიტომაც, როდესაც შეიქმნა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ფონდი, პატრიარქმა მისი საქმიანობის უპირველეს მიმართულებად ნარკომანიასთან ბრძოლა დასახა.
გვესაუბრება წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ფსიქოლოგი, სასულიერო აკადემიის პედაგოგი დავით ციცქიშვილი.
- ბატონო დავით, ნარკომანად ჩამოყალიბების სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ძირითადად რატომ სინჯავენ ნარკოტიკს?
- უპირველესად ცნობისმოყვარეობის გამო. ადამიანს აინტერესებს ახალი განცდები. ძალიან მიმზიდველად ჩანს, გასცდეს მიწიერ ჩარჩოებს და სრულიად უცხო რამ შეიგრძნოს. მნიშვნელობა აქვს წრეს, რომელშიც ტრიალებს მოზარდი. არცთუ იშვიათად ნარკოტიკის გასინჯვა კარგ ტონად ითვლება. ამ გარემოში უცხოდ რომ არ ჩანდეს, სინჯავს ნარკოტიკს. ხანდახან ნარკოტიკი უადვილებთ სხვებთან კონტაქტის დამყარებას. მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც მწარე სინამდვილისგან, პრობლემებისა თუ სტრესული სიტუაციებისგან გაქცევაა.
დღევანდელი ადამიანი ნაკლებ ბრძოლისუნარიანია, ვერც ნებისყოფის სიმტკიცით დაიტრაბახებს. ადრე ადამიანი, ჩემი აზრით, ოჯახში უფრო კარგ აღზრდას იღებდა, მაშინ ზოგადი განათლებაც შედარებით მაღალ დონეზე იდგა, ოჯახური გარემო აჩვევდა სირთულეების გადალახვას, თორემ ყოფა ყოველთვის მძიმე იყო. სახარება გვეუბნება: "სოფელი ესე ბოროტსა ზედა დგას". მთავარია, კი არ გავექცეთ პრობლემებს, არამედ დავუპირისპირდეთ, ვებრძოლოთ მათ. ნარკომანია არის ადამიანური სისუსტის გამოვლინება. ნარკომანი იძირება ილუზიური სიამოვნების მორევში და უჭირს ამ სამყაროდან გამოსვლა.
- რატომ უჭირთ ნარკომანებს ნარკოტიკისთვის თავის დანებება?
- ნარკომანის მორალური ნორმები კნინდება, როგორი ადამიანიც არ უნდა ყოფილიყო იგი წარსულში; მთელი მისი გონება მიმართულია უკვე არა იმისკენ, რომ სიამოვნება განიცადოს, არამედ როგორმე ფიზიკურად იყოს კარგად. გარკვეულწილად, ეს ფიქრი ავსებს მთელ მის ცხოვრებას. ნარკოტიკისთვის თავის დანებებისას ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ უჭირთ ახალ რეალობასთან შეგუება, რადგან მათ სულში უკვე სიცარიელე ისადგურებს. როდესაც ნარკოტიკს იღებდნენ, რაღაცით მაინც იყვნენ დაკავებულნი. დღედაღამ მისი შოვნის გზებს ეძებდნენ, ვიღაცას ხვდებოდნენ, წრე ჰყავდათ. მერე გაიკეთებდნენ ნარკოტიკს და "ამაღლებულ" მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ხოლო ნარკოტიკისთვის თავის დანებების შემდეგ უკვე აღარ იციან, რა გააკეთონ. სიძნელეებთან შეჭიდებას გადაჩვეულნი არიან, "ამაღლებული" განწყობაც აღარ არის. თანაც ამ დროს ორგანიზმში გამჯდარი სნეულებები თავს იჩენს. ხშირად ამდენი პრობლემის მოზღვავებაც ხელს უწყობთ იმაში, რომ ისევ დაუბრუნდნენ ძველ ყოფას.
- როგორ შეიძლება ნარკომანის გამოსწორება?
- როდესაც ნარკომანი ნარკოტიკს თავს ანებებს, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი არის ის, რომ მათ ეგზისტენციალური სიცარიელე შეუვსო, ანუ სანაცვლოდ რაღაც ახალი სამყარო შესთავაზო. დიდი რუსი ფიზიოლოგი ბეხტერევი ამბობს, რომ არ კმარა ალკოჰოლიკს თავი დაანებებინო სმისთვის, არამედ სანაცვლოდ რაღაც უნდა შესთავაზო. ასევეა აქაც. მაგრამ რა შეიძლება იყოს ეკლესიურ სამყაროზე უფრო დიდი, ღრმა და საინტერესო?! დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ფსიქოლოგიური და სულიერი გარდატეხა ხდება მხოლოდ ეკლესიის სამყაროში. ნარკომანს ბოროტი ძალა უბიძგებს ნარკოტიკის მიღებისკენ. შეიძლება კი ამ ბოროტი ძალის ზემოქმედება გავანეიტრალოთ მხოლოდ მედიკამენტებით, ნარკოლოგიური ჩარევით, ფსიქოთერაპიული საუბრებით?! მას ერევა მხოლოდ ღვთაებრივი მადლი, რომელიც მარტოოდენ ეკლესიური ცხოვრების დაწყების შედეგია. თუ ადამიანმა აღსარებაში არ მოინანია თავისი ვნებების გამოვლინებები, მას ძალა არ ეძლევა, რომ დაუპირისპირდეს მათ. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ისეთ მძაფრ ვნებებს, როგორიცაა ნარკომანია და მემთვრალეობა. თუ, დავუშვათ, მაინც მოხდა ნარკოტიკის გადაგდება ეკლესიის გვერდის ავლით, ძალიან ხშირად ადამიანი სხვა ვნებების ტყვეობაში ვარდება: იწყებს ლოთობას, აზარტულ თამაშებს ან მრუშობას, ანუ ბოროტი სხვა მხრიდან უტევს. როგორც სახარებისეული სიბრძნე გვეუბნება: "როცა არაწმინდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის უწყლო ადგილებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს. მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი. როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს. წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დაბინავდებიან იქ. და იმ კაცისთვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება". უბრალოდ, ხდება ერთი ვნების ჩანაცვლება სხვა, უფრო მეტი ვნებით. ადამიანური ძალით ამ ყველაფრის დაძლევა შეუძლებელია.
- ნარკომანიის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის განსაზღვრა. თქვენ მისი წარმომადგენელი ბრძანდებით. რა პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრა ამ ჯგუფმა?
- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა პრევენციული მიმართულება, რომელიც გულისხმობს ისეთი ვითარების შექმნასა და მომავალი თაობის ისე აღზრდას, რომ მან ნაკლებად გაიხედოს ნარკოტიკისკენ. რამდენიმე სკოლაში ალბათ მალე დაიწყება ამ პრევენციული საქმიანობის გაშლა. მაგალითად, როდესაც ბავშვი სპორტით არის დაკავებული, იგი ნაკლებად გაიხედავს ნარკოტიკისკენ. მოზარდი, რომელიც დადის ეკლესიაში, ჰყავს მოძღვარი, დაკავებულია წიგნითა და განათლებით, უფრო დაცულია ამ მიდრეკილებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფოში შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ნარკომანს ნაკლებად ჰქონდეს გაქანების საშუალება. საჭიროა ბავშვმა იცოდეს, რომ თუ განარკომანდა, ვერ ავა იერარქიულ კიბეზე, ვერანაირ საქმეში წარმატებას ვერ მიაღწევს. ერთ-ერთი პრევენციული საშუალებაა იმ ფილმების ყურებაც, სადაც ნაჩვენებია გზა, რომელსაც გადის ნარკომანი; როდესაც ნარკოტიკულ შიმშილს განიცდის, რა მძიმე მდგომარეობაში ვარდება. ბავშვის ფსიქიკისთვის შთამბეჭდავია ამ კადრების ნახვა, თვითონ ნარკომანების მონაყოლი.
ერთ-ერთი მიმართულება, ნარკომანიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, არის, აგრეთვე, კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა. ჩვენი კანონმდებლობა არ არის ისე მოქნილი, რომ ებრძოლოს ნარკომანიის გავრცელებას.
დიდი მნიშვნელობა აქვს ზიანის შემცირების მიმართულებას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ნარკოტიკის მომხმარებელმა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს. მაგალითად, როდესაცEერთი შპრიცით იკეთებენ წამალს, დიდია შანსი, რომ დაავადდნენ შიდსით, ჩ ჰეპატიტით და ა.შ.
- ვიცით, რომ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი დიდი ხანია დაინტერესებულია ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრის გახსნით. რა კეთდება ამ მიმართულებით?
- ასეთი ცენტრები არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ მიმართულებით ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა მართლმადიდებლური გამოცდილება. ნარკომანები იზოლირებულად, ქალაქიდან მოშორებით ცხოვრობენ, ეწევიან შრომით საქმიანობას, ეცნობიან ეკლესიურ ცხოვრებას, სწავლობენ სხვადასხვა ხელობას. ამავე დროს, მათ უნდა ისწავლონ საცთურებთან ბრძოლა. ამას ფინანსური მხარდაჭერაც სჭირდება. ჩვენ ადგილიც გვაქვს შერჩეული, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით სპონსორი ვერ გამოინახა, რომელიც დააფინანსებს ამ ცენტრის მშენებლობას. თუმცა, ამ ბოლო დროს სასიკეთო ძვრები დაიწყო. საპატრიარქოც ძალიან არის დაინტერესებული და შეიძლება ეს ცენტრი გაიხსნას.
- ხშირად ხდება, რომ ნარკომანი ახლობლებს მიჰყავთ რეაბილიტაციის ცენტრში, თვითონ მას კი გამოსწორების სურვილი არა აქვს ან ნებისყოფა ღალატობს...
- ნარკომანის ნებისყოფა, თავისუფალი ნება საკმარისზე მეტად არის დეგრადირებული, მას წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია. მაგრამ ნებისყოფას, თავისუფალ ნებას ახასიათებს ერთი მეტად მნიშვნელოვანი თვისება - ის ცვალებადი ფენომენია. თუ ადამიანი იწყებს ბრძოლას, მისი ნებისყოფა უფრო და უფრო მტკიცდება. თუ ერთხელ მოერია ნარკოტიკის მიღების სურვილს, მეორედ უფრო მეტ სიმტკიცეს გამოიჩენს და ა.შ. ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი ხდება ღვთის შემწეობით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი