არსებობს, ერთი მხრივ, ინდივიდი, პიროვნება, რომელსაც თავისი, განსხვავებული აზრი, შეხედულებები, ანუ სიმართლე აქვს
და მეორე მხრივ, მეტ-ნაკლებად საერთო აზრის მატარებელი ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, სოციუმი, კოლექტივი. უმრავლესობა ხშირად სოციალური ზეწოლის წყაროა და დათმობებისკენ უბიძგებს პიროვნებას, ხოლო უმცირესობა - ფიქრისა და განსჯისაკენ, რაც პიროვნულ ცვლილებებს განაპირობებს. ინდივიდი თავისი მიზნების განსახორციელებლად, ერთი მხრივ, საჭიროებს სხვების მხარდაჭერას, მეორე მხრივ, ის საკუთარი დამოუკიდებლობის, თავისუფლების შენარჩუნებას ცდილობს: გამოეყოფა ჯგუფს და გაურბის სხვებთან გაიგივებას. უმრავლესობაში ყოფნას ბევრი ირჩევს იმიტომ, რომ ასე უფრო მომგებიანია მისთვის, შედარებით დაცულად და კომფორტულად გრძნობს თავს.
რა ნიშნებია დამახასიათებელი ჯგუფური აზროვნებისათვის; რა უპირატესობა და რა ნაკლი აქვს ჯგუფურ ანუ კოლექტიურ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურთან შედარებით; რა შემთხვევაშია ადამიანთა ერთობა სასიკეთო და რა შემთხვევაში - საზიანო; რას ნიშნავს ჭეშმარიტი ერთსულოვნება და რა გზით მიიღწევა იგი?.. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კალანდარიშვილი.
- ზოგადად, თითოეული ადამიანი კომფორტულად გრძნობს თავს მაშინ, როდესაც არის მისთვის მისაღებ ჯგუფში და ამავე დროს, ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალურ თავისებურებებს. არსებობენ საზოგადოებები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან პიროვნებებზე და, პირიქით, საზოგადოებები, რომლებიც კოლექტიური, ანუ ერთად ყოფნის მოდელით ცხოვრობენ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ყველა ემორჩილება ერთ ლიდერს, აქ ინდივიდის ფაქტორი თითქმის დაკარგულია. არსებობენ ასევე ადამიანთა ტიპები: კოლექტიური და ინდივიდუალური. ზოგიერთი ადამიანი არის მეტისმეტად ინერტული, პასიური, კონფორმული... ასეთი კატეგორიის ადამიანი ადვილად ეგუება, ერგება კოლექტიური მართვის სისტემას. ზოგიერთნი კი, პირიქით, არიან ინდივიდუალისტები. ისინი არასოდეს გახდებიან ამა თუ იმ პარტიის წევრნი, რადგან მათ თავიანთი სამყარო აქვთ (მაგალითად, დათა თუთაშხია ამბობს, - ერთკაციანი პარტიის ერთადერთი წევრი ვარო). დემოკრატიული საზოგადოება სწორედ პიროვნებაზე ორიენტირებული საზოგადოებაა, რომლის უმთავრესი პრინციპია პიროვნების უფლებების დაცვა. ასეთი საზოგადოება უფრო ხანგრძლივად არსებობს და უფრო პროდუქტიულია. ხოლო ის საზოგადოება, სადაც ინდივიდის უფლებები ნიველირებული და უგულებელყოფილია, ფუნდამენტალიზმამდე, ფანატიზმამდე და საბოლოოდ თვითლიკვიდაციამდე მიდის. ყველაზე მცდარი, საშიში და დანაშაულებრივი ერთობა გახლავთ ერთ თარგზე გამოჭრილი მასა, ბრბო. არსებობს "ბრბოს ფსიქოლოგია", რომელსაც კარგად იცნობდნენ მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსები. ისინი ფლობდნენ ქვეცნობიერ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს, თუ როგორ ექციათ ხალხი ბრბოდ და შემდეგ როგორ ემართათ იგი თავიანთი მიზნებისთვის. ამ მექანიზმებს მავანნი ახლაც წარმატებით იყენებენ.
- გადაწყვეტილებათა მიღება სულ უფრო ხშირად ადამიანთა ჯგუფების, კერძოდ, კოლეგიების, საექსპერტო კომისიებისა და კომიტეტების მიერ ხდება. რამ განაპირობა ჯგუფურ გადაწყვეტილებათა მნიშვნელობის გაზრდა და პრობლემის გადაწყვეტის პროცესში ინდივიდუალურთან შედარებით რამდენად წარმატებულია ჯგუფური გადაწყვეტილებები?
- ჯგუფურ გადაწყვეტილებათა მნიშვნელობის გაზრდა მათთვის სპეციფიკურმა მახასიათებლებმა განაპირობა. ერთი მხრივ, ისინი, ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან შედარებით, მეტი რაციონალურობით ხასიათდება: ჯგუფში პრობლემების განხილვა არსებული ალტერნატივების მრავალმხრივი შეფასების საშუალებას იძლევა. მეორე მხრივ, გადაწყვეტილებათა მიღების ჯგუფური წესი უფრო დემოკრატიულია - ჯგუფის წევრები არჩევანს ერთობლივად აკეთებენ. ამასთანავე, გადაწყვეტილების ერთობლივად მიღება მისი შესრულების ალბათობას ზრდის: ჯგუფის წევრები მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას გრძნობენ და მისი განხორციელების პროცესში აქტიურად ერთვებიან. თუმცა ამგვარ გადაწყვეტილებებს ყოველთვის როდი მოსდევს სასურველი შედეგი. პრობლემის გადაწყვეტის პროცესში ჯგუფის წევრები ცდილობენ, ერთსულოვანნი იყვნენ, ავლენენ ტენდენციას, უკრიტიკოდ მიემხრონ ერთ გარკვეულ თვალსაზრისს. პრობლემის გადაჭრის მოცემული ალტერნატივებიდან ერთ-ერთის მცირეოდენი მხარდაჭერაც კი ჯგუფის რამდენიმე წევრის ან ლიდერის მიერ საკმარისია, რომ ჯგუფმა უპირატესობა სწორედ მას მიანიჭოს, მიუხედავად უკეთესი ალტერნატიული ვარიანტის არსებობისა.
ირვინგ ჯეინისმა წარუმატებელი გადაწყვეტილების მრავალი მაგალითი გააანალიზა, რის შედეგადაც ყველა მათგანისთვის საერთო ტენდენცია გამოავლინა: ჯგუფური თანხმობის შენარჩუნების მიზნით, გადაწყვეტილების მიმღები პირები საკუთარი განსხვავებული აზრის დაფარვას ცდილობენ. ამ მოვლენას მან "ჯგუფური აზროვნება" უწოდა. ჯგუფური აზროვნების ხელშემწყობ პირობებად ჯგუფის შეჭიდულობის (ჯგუფისადმი მისი წევრების ერთგულების) ხარისხი და ლიდერის დირექტიული სტილი იქნა მიჩნეული. ჯგუფის შეჭიდულობაზე მეგობრული, კეთილგანწყობილი ატმოსფერო მიუთითებს. დირექტიული ლიდერი ჯგუფის წევრებს აგრძნობინებს, რომელი გადაწყვეტილებაა მისთვის სასურველი და ჯგუფს მისი მიღებისკენ უბიძგებს.
- რა ნიშნებია დამახასიათებელი ჯგუფური აზროვნებისათვის?
- 1. უვნებლობის ილუზია - ჯგუფის წევრები გადაჭარბებულ ოპტიმიზმს ამჟღავნებენ, სასიშროებას ნაკლებად ამჩნევენ და ძალზე სარისკო გადაწყვეტილებებს იღებენ; 2. კოლექტიური გამართლების ტენდენცია - ჯგუფი პრობლემის ობიექტური და ღრმა ანალიზის გარეშე ცდილობს მიღებული გადაწყვეტილების გამართლებას, ეძებს მის გამამყარებელ არგუმენტებს. ამით ის, ფაქტობრივად, საკუთარ თავს იტყუებს, სირაქლემასავით თავს ქვიშაში მალავს. 70-იან წლებში ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფმა საკუთარი გადაწყვეტილება, არ შეემცირებინათ ამერიკული ავტომანქანების წარმოება, გაამართლა იმ არგუმენტით, რომ ამერიკელ მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ნაწილს თუ სურს იაპონური მანქანების შეძენა. თუმცა რეალობა აშკარად საპირისპირო ტენდენციაზე მიუთითებდა; 3. შინაგანი ცენზურა - ჯგუფში, სადაც, გარეგნულად მაინც, თანხმობის ატმოსფერო სუფევს, წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა დაძაბულობას იწვევს. ამიტომ ყველა ცდილობს, არ შეიტანოს ეჭვი ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში: "რადგან ეს თვალსაზრისი ყველას სწორად მიაჩნია, ალბათ, მე ვცდები".
- მიმდინარე გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პირობებში თანამედროვე ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები თანდათან კარგავს თავის უწინდელ დანიშნულებას. რა საფრთხეს უქადის ეს ჩვენი ერის თვითმყოფადობას?
- ამ თემაზე არაერთხელ უსაუბრია უწმიდესს. ერთ-ერთ ქადაგებაში იგი ბრძანებს: "გლობალიზაციის პროცესი ბუნებრივად იწვევს იმ ხალხებისა და კულტურების ასიმილაციასა და ზოგჯერ სრულ გაქრობასაც, რომელნიც ვერ გამოიმუშავებენ სათანადო იმუნიტეტს, მაგრამ ეს არ არის ახალი მოვლენა. ისტორიულად ცნობილი ყველა დიდი იმპერია ცდილობდა განეხორციელებინა გლობალიზაციის ერთგვარი პროცესი, დღეს კი ამან საყოველთაო ხასიათი მიიღო. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ინტეგრაციისა, რადგან წარსულის დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ საუკუნეთა მანძილზე ქართული კულტურა არაერთი უძლიერესი იმპერიის გავლენას განიცდიდა, მაგრამ ღვთის განგებითა და ჩვენს წინაპართა ძალისხმევით არასდროს დაგვიკარგავს თვითმყოფადობა. ეს დღესაც უნდა შევძლოთ". ქართველი ერი არასოდეს ყოფილა დაკომპლექსებული შიშის სინდრომით, რომ უფრო დიდ ერებთან კონტაქტი მას თვითმყოფადობას დააკარგვინებდა, რადგან შესანიშნავად ესმოდა თავისი კულტურის ფასი და მნიშვნელობა.
- ჩვენი დროის სასულიერო მოღვაწეების, წმინდა მამების წერილებში ხშირად ვხვდებით წუხილს იმის გამო, რომ "ადამიანთა უმრავლესობა დღეს საკუთარი თავის გარშემო ტრიალებს, ისინი ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე და არა სხვაზე, არ გამოდიან თავისი "მე"-დან". რატომ ვერ ვაღწევთ ერთობასა და ჰარმონიას ადამიანებთან, სამყაროსთან, თუნდაც საკუთარ თავთან?
- თავიდათავი უფლისადმი გულგრილობაა. უფლისადმი გულგრილობას ყველაფრისადმი გულგრილობისკენ მივყავართ; მივყავართ რღვევამდეც. ადამიანთა საზოგადოებრივ ურთიერთობებს, სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ, მორალურ, ეთიკურ... ნორმებს უფლის მცნებები არეგულირებს. უფლის მცნებები, საზოგადოებაში დაწესებული ნორმებისგან განსხვავებით, არასოდეს იცვლება. როდესაც ვიცავთ უფლის მცნებებს, მაშინ ადამიანთა შორის ურთიერთობებიც მოგვარებულია. თუკი ადამიანს არ სწამს ღმერთი, იგი ანგარიშს არ უწევს ადამიანებსაც. ამასთან დაკავშირებით წმინდა პაისი ათონელს მოჰყავს მაგალითი: "დავუშვათ, მოვიდა თავსხმა წვიმა. დავინახავთ: ადამიანთა უმრავლესობა იმაზე იფიქრებს, ხომ არ დარჩა ჩამოუხსნელი თეთრეული და მის ჩამოსახსნელად გაიქცევა. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამაზე შორს ისინი ვერ მიდიან. თეთრეული, თუნდაც დასველდეს, ხომ კვლავ გაშრება. მაგრამ როგორღა არიან ისინი, ვინც ამ დროს კალოს ლეწავს? გტკივათ კი თქვენ მათ გამო, ილოცებთ კი მათთვის? ანდა ქუხილის დროს, საბრალოები, ვინც მინდორში მუშაობს, ან ისინი, ვისაც სათბურები აქვს. ანუ ადამიანი არ გამოდის თავისი "მე"-დან, არამედ გამუდმებით საკუთარი თავის გარშემო ტრიალებს. თუმცაღა თავის გარშემო ტრიალით მას ცენტრში თავისი თავი ჰყავს და არა - ქრისტე. ის იმ ღერძს მიღმაა, რომელიც ქრისტეა". მახსენდება ფრანგი მხატვრის, ანრი მატისის ცნობილი ნამუშევარი "ცეკვა". ცეკვა ამ შემთხვევაში ადამიანთა ცხოვრებას განასახიერებს. ხუთი ხერხემალში მოხრილი სხეული რკალს კრავს, გახელებით ცეკვავს. მაგრამ წრეში რაღაც განგებ არის დარღვეული, რადგან ამ ადამიანთა ხელები ერთმანეთს ვერ სწვდებიან. ჩემი აზრით, ამ სურათში შესანიშნავად არის გამოხატული მხატვრის წუხილი იმის გამო, რომ ადამიანთა შორის ერთსულოვნება დაკარგულია.
მეორე მხრივ, ადამიანის შიგნით თვითონ ეს "მე"-ც არ არის განუყოფელი, მთლიანი და საბოლოოდ ჩამოყალიბებული. იმიტომ რომ ადამიანი არ ამოიწურება მხოლოდ ცნობიერი ფსიქიკით, არამედ ცნობიერებიდან განდევნილ შინაარსებსაც და პიროვნულსა და კოლექტიურ არაცნობიერსაც მოიცავს. ასე რომ, ადამიანი მრავალგანშტოებიანი არსებაა და მისი პიროვნების ჭეშმარიტი მთლიანობა ფსიქიკის ცნობიერ და არაცნობიერ შინაარსთა ერთობლიობაშია. იმისათვის, რომ ხორცი შეასხას თავის მთლიანობას, ადამიანმა უპირველესად უნდა გადალახოს ის ზღუდე, რომელიც თვითონვე შეიქმნა ნიღბის სახით და თვალი უნდა გაუსწოროს თავისივე შინაგან ხატს.
- დაბოლოს, რა არის სულიერი ნათესაობა და რა გზით მიიღწევა ჭეშმარიტი ერთსულოვნება?
- ამასთან დაკავშირებით წმინდა პაისი ათონელი წერს: ხორციელად ჩვენ ყველა ადამის შვილები ვართ, ყველანი ძმები და ღვთის მონები ვართ, გარდა ამისა, ღვთის მადლით, ჩვენ, მორწმუნეები, ხომ ქრისტეს საღვთო სისხლით ვართ გამოსყიდულნი. სულიერ ცხოვრებაში ჩვენ ადამს ხორციელად ვენათესავებით, ქრისტეს კი სულიერად. სულიერად მცხოვრები ადამიანები ერთმანეთში ამ სულიერ ნათესაობას გრძნობენ. ისინი ერთ რამეზე ფიქრობენ, ერთ რამეს ესწრაფვიან, ერთ მიზანს მისდევენ. როდესაც ადამიანი სულიერ ცხოვრებას წყვეტს, სხვა - სულიერად მცხოვრებ ადამიანებთან მისი ნათესაობა ირღვევა. რამდენადაც ღვთისნიერად ცხოვრობს ადამიანი, იმდენად უახლოვდება იგი ღმერთს, ხოლო რაც უფრო განეშორება ღვთისნიერ ცხოვრებას, მით მეტად შორდება მას. და როგორც საღვთო მადლი გვევლინება დიდ მანძილზე მოქმედ ძალად, რომელიც ადამიანებს გადაეცემა, ასევე ეშმაკეული ენერგია მოქმედებს და გადაეცემა დიდი მანძილიდან. თუ, მაგალითად, ორი სულიერად დაკავშირებული სულიდან ერთი მეორეზე ფიქრობს, მათ შორის საღვთო ერთობაა და ერთი სული საღვთო ძალას მეორეს გადასცემს. ასევეა, ორი ცოდვაში მცხოვრები და ერთმანეთთან რაღაც საერთოს მქონე სული: ერთი მათგანი გამუდმებით იღებს მეორისაგან ეშმაკეულ ზემოქმედებას, ერთისაგან მეორესთან დეპეშები იგზავნება". ჭეშმარიტი ერთსულოვნების მაგალითი მიწაზე არის მონასტრული ცხოვრება, რომელსაც ტყუილად როდი უწოდებენ "სამოთხეს დედამიწაზე". მონასტერში ადამიანები არ იყოფიან ქონებრივი, ასაკობრივი, წოდებრივი და სხვა რაიმე ნიშნით. აქ ყველას ერთი სულისკვეთება, ერთი მიზანი ამოძრავებს - ახლოს იყოს ღმერთთან და ღვთაებრივ ჭეშმარიტებასთან.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი