ღვთის სიტყვის განმმარტებლები ოქროს კანონს უწოდებენ უფლის მიერ ადამიანთათვის მოცემულ წესს: "ყოველი, რომელი გინდეს თქვენ, რათა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქვენ ჰყავთ მათდა მიმართ".
წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ხალხი რომ ხელმძღვანელობდეს ქრისტეს ამ მცნებით, მაშინ აღარ იქნებოდა ქვეყანაზე ამდენი წყენა, სასამართლო, ტაცება, მკვლელობა, ანგარიშსწორება, ომი და უღმრთოება. აი, სიმართლე ქრისტესი, ყველასათვის გასაგები და კეთილად მისაღები!"
რა ზომით შეიძლება გვიყვარდეს საკუთარი თავი, მოყვასი; როგორ უნდა აღმოვფხვრათ ჩვენში სიძულვილი და ეგოიზმი, რა მოვლენაა რელიგიური სიყვარული... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
- უპირველესად შევეხოთ სათნოებათა შორის უმაღლეს სათნოებას - ღვთის სიყვარულს ადამიანთა მიმართ, და ასევე ადამიანის სიყვარულს ღმერთის მიმართ, რომელიც გარკვეულ საფეხურებს მოიცავს. რამდენად დიდი მადლია ამ სიყვარულის შეცნობის უნარი და ყველას შეუძლია თუ არა მისი შეგრძნება?
- ბერი სილუანი წერს, რომ არავის შეუძლია იცოდეს, რა არის ღვთის სიყვარული, თუ სულიწმინდა არ ასწავლის მას. ღვთის სიყვარული სულიწმინდით შეიმეცნება და ამიტომაც ვსაუბრობთ ჩვენ მასზე. ცოდვილი სული, რომელიც არ იცნობს ღმერთის სიყვარულს, განიცდის შიშს სიკვდილის გამო. იგი ფიქრობს, რომ ღმერთი არ აპატიებს მას ცოდვებს. ეს იმიტომ, რომ სულმა არ იცის, თუ რა ძლიერად ვუყვარვართ ღმერთს. ყველამ რომ იცოდეს ეს, მაშინ აღარავინ მიეცემოდა სასოწარკვეთილებას. რადგან უფალი არა მარტო გვპატიობს, არამედ უხარია ცოდვილის მოქცევა. სულიწმინდამ მისცა ჩვენს ეკლესიებს შემეცნება იმისა, თუ რა დიდია ღმერთის მოწყალება. უფალს ვუყვარვართ და სიმდაბლით, უსაყვედუროდ გვღებულობს, ისე, როგორც არ უსაყვედურა სახარებისეულმა მამამ თავის უძღებ შვილს. ადამიანებს რომ შეეძლოთ ჩვენდამი უფლის სიყვარულის შემეცნება, მაშინ ისინი სრულად მიენდობოდნენ მის წმინდა ნებას და იცხოვრებდნენ მშვიდად ღმერთში და გადარჩებოდნენ უფლის მიუწვდომელი მოწყალებით. მაშინ დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა, რადგან სულიწმინდა იცხოვრებდა ადამიანების სულში.
- როგორ მჟღავნდება ადამიანის სიყვარული ღვთის მიმართ?
- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს, რომ სიყვარული ღვთისა ყოველივე იმის სიყვარულია, რაც ადამიანში ან მის გარეთ კეთილი, წმინდა და ჭეშმარიტია - ღმერთი უმაღლესი სიკეთე, უმაღლესი სიწმინდე და ჭეშმარიტებაა. მაშასადამე, ვისაც გულში სურვილი და მისწრაფება აქვს ამ სამი თვისებისაკენ, მას აქვს სიყვარული ღვთისა. ღვთის სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როდესაც ადამიანის გულში განუწყვეტელი ბრძოლა წარმოებს ბოროტსა და კეთილს, სიწმინდესა და უწმინდურებას შორის, და როცა იგი ცდილობს სიცრუესა და უწმინდურებას მადლითა და ჭეშმარიტებით სძლიოს. იგივე ბრძოლა მადლსა და ცოდვას შორის ამ სოფელშიც მიმდინარეობს. ღმრთისმოყვარეა ის, ვინც ამ ბრძოლაში პირველ მხარეს იჭერს და მეორეს ემტერება. საღმრთო წერილი გვეუბნება, რომ ღვთის უპირველესი სახელი სიყვარულია და ვისაც სიყვარული არა აქვს, ის ღმერთს ვერ შეიცნობს. საღმრთო სჯული ღვთის სიყვარულისაკენ იმიტომ მოგვიწოდებს, რომ ეს ჩვენთვისვეა სასარგებლო, რადგან ღმერთს ჩვენი სიყვარულით არაფერი შეემატება: "რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე?" - ამბობს მეფსალმუნე. თუკი ღმერთზე ფიქრი ადამიანში მუდმივად სუფევს, მაშინ იგი ცდილობს ღმერთის სიყვარულის ღირსი გახდეს. ეს ფიქრი და ზრუნვა მას განწმენდს, განამდიდრებს, აღამაღლებს. ღმერთის სიყვარული მისი მცნებების აღსრულებაში გამოიხატება. თუკი ადამიანის ცხოვრებას ღმერთის სიყვარული მართავს, მაშინ იგი ცდილობს განეშოროს ცოდვას, რათა არ გაანაწყენოს უფალი და არ დაკარგოს ამ სიყვარულის სიტკბოების შეგრძნება. ბერი პაისი ამბობდა: "ვინც უფლის სიყვარულით საზრდოობს, ის ხშირად გულგრილია მატერიალური სიამეებისადმი, საზრდოსადმიც, იგი ღრმად შეიგრძნობს ღმერთს და იკვებება მისი სიყვარულის ტკბილი კურთხევით. უფლის სიყვარულით ანთებული გული თავად იქცევა ცეცხლის ალად, მას შეუძლია დაწვას ამაოება, რომელიც მას ეხება და მოიპოვოს შინაგანი სიმშვიდე". უფლის სიყვარული თვითონ ადამიანს სჭირდება, მისთვის არის მაცხოვნებელი. ამაზე ბერი ამფილოქე ამბობდა: "როცა ჩვენს გულში ქრისტეს სიყვარული არ არის, მაშინ ჩვენ არაფრის გაკეთება არ ძალგვიძს და ვემსგავსებით ხომალდს, რომელსაც ძრავებისთვის საწვავი გამოელია... ყოველთვის სიყვარულით მოვიგონოთ ქრისტე; მაშინ ჩვენი გული ათრთოლდება სიყვარულისაგან". როდესაც ადამიანი ღმერთს მთელი გულით იყვარებს, მასში გამოისახება უმანკო ხატი იმისა, რომელიც უყვარს და რომლის მსახურიცაა და ეს არის სწორედ ყველაზე დიდი პატივი ადამიანისათვის.
- უმეტესად ღვთის სიყვარული მოყვასის სიყვარულით მჟღავნდება. ვინმეს შეუძლია თქვას, რომ ღმერთი უყვარს, ადამიანი კი - არა?
- როგორც იოანე ღვთისმეტყველი გვასწავლის, თუ ადამიანმა მოყვასი ვერ შეიყვარა, რომელიც ყოველთვის მის წინაშეა, მით უმეტეს ვერ შეიყვარებს ღმერთს, რომელიც არასოდეს უხილავს. როდესაც სული გამთბარია ღვთის სიყვარულითა და მადლით, ადამიანს უყვარს თავისი ძმაც ანუ მოყვასი. ხოლო "უკეთუ ვინმე სთქვას, ღმერთი მიყვარს და ძმა თვისი სძულდეს, იგი მტყუარ არს" (იოანე ღვთისმეტყველი). ღმერთის სიყვარული გვიბიძგებს მოყვასის სიყვარულისკენ. ღმერთში უნდა გვიყვარდეს არა მარტო ღვთის უსრულყოფილესი ქმნილება - ადამიანი, რომელიც "სახეა და ხატი ღვთისა", არამედ ყველა სხვა ღვთის ქმნილებაც: ცხოველები, ფრინველები, ხეები, ყვავილები და ა. შ. ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისთვის მსხვერპლის გაღებას შთაგვაგონებს. ამ სიყვარულით ანთებული წმინდა მამები ყველა ადამიანის პიროვნებაში ღვთის ხატს ხედავდნენ და მზად იყვნენ ამ ხატისთვის ყველაფერი გაეწირათ. "თუნდაც ყველა კეთილ საქმეს ვაკეთებდეთ, მოყვასი კი არ გვიყვარდეს, არაფერს ვაკეთებთ, ნული ვართ, არარაობა. ძმებო, სიყვარულს ელოდება ჩვენგან უფალი", - ამბობდა ბერი გიორგი. ასე რომ სიყვარულის გარეშე აღსრულებული ყველა სათნოება უსარგებლოა და არასათნო ღმერთისთვის ("უკეთუ სიყვარული არ მაქვნდეს, არარავე ვარ", - პავლე მოციქული). "რწმენიდან წარმოშობილი სიყვარული მოყვასისა არის ყოველი ადამიანისადმი კეთილგანწყობის, თანაზიარების, შეწყნარების გრძნობა, რომელიც იბადება იმ აზრიდან, რომ ყოველი ადამიანი ღვთის ქმნილებაა და ძმაა ჩვენი. მაშასადამე, ეს გრძნობა ღმერთის სიყვარულის შედეგია. ეს სიყვარული გვაიძულებს ვიწუხოთ უფრო მეტად მოყვასთა სულიერ უბადრუკებაზე, ე. ი. მათ მანკიერებაზე, ვიდრე სხვა სხეულებრივ გასაჭირზე. ეს სიყვარული მიისწრაფვის იმისკენ, რომ ყველა მოყვასი გახდეს ღმერთის ღირსი და ჭეშმარიტი ქრისტიანი", - წერს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი. წმინდა მამები ლოცულობდნენ იმისათვის, რომ ყველა ადამიანს შეეცნო უფლის სიყვარული, მისი უსაზღვრო გულმოწყალება და გადარჩენილიყო.
- რა არის სიყვარულის საზომი და კრიტერიუმი?
- ამასთან დაკავშირებით პავლე მოციქული ბრძანებს: "სიყვარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნეს, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა თავს იდებნ, სიყვარული არასადა დავარდების". პეტრე მოციქულის სიტყვებით: "სიყვარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათა". ქრისტეს მოწაფეობის უპირველესი ნიშანი და საზომი - სიყვარულია. როგორც თავად უფალი ბრძანებს: "უკეთუმცა იყვარებოდეთ ურთიერთას, ამით სცნან ყოველთა, ვითარმედ მოწაფენი ხართ ჩემნი". ბერი სილუანი ამბობს, რომ ნეტარია სული, რომელსაც უყვარს მოყვასი, რადგან ჩვენი მოყვასი არის ჩვენი ცხონება: "ნეტარია სული, მოყვარული ძმისა, მასში ცხოვრობს სული უფლისა, რომელიც აძლევს მას მშვიდობას და სიხარულს. ასეთი სული ტირის მთელი ქვეყნიერებისთვის. სულიწმინდა გვასწავლის სიყვარულს ადამიანების მიმართ. როცა ეს სიყვარული არის სულში, მაშინ ყველაფერი ახარებს მას, ხოლო როცა იგი იკარგება, ადამიანი ვერ პოულობს მოსვენებას, შფოთავს, ადანაშაულებს სხვებს იმაში, რომ თითქოსდა მას აწყენინეს და არც კი ესმის, რომ თავადაა დამნაშავე, - დაკარგა სიყვარული ღმერთის მიმართ და განიკითხა მოყვასი, ძმა. ძმის სიყვარულისგან მოდის მადლი სულში და ძმის სიყვარულით ინახება იგი. თუ არ გიყვარს ძმა, ღმერთის მადლი არ მოვა სულში". სიყვარულს ღვთისა და ადამიანის მიმართ საზომი და საზღვარი არა აქვს. იგი ულევია. რამდენ ადამიანსაც არ უნდა გაუნაწილო, არ შემცირდება. "ნამდვილი სიყვარული სანთლის ალს ჰგავს. რამდენი სანთელიც არ უნდა აანთო ამ ალით, მას არაფერი დააკლდება. და ყოველ ახალ სანთელს ისეთივე აქვს, როგორიც დანარჩენს", - გვმოძღვრავენ წმინდა მამები. ბერი იოსებ ისიქასტი, რომელსაც საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი ღვთისადმი სიყვარულის ძალა, ამბობდა: "როცა მლოცველის სულში მადლი მოქმედებს, მაშინ ღვთის სიყვარული ისეთი ძალისაა, რომ ადამიანი ვერ აკავებს იმას, რასაც გრძნობს. შემდეგ სიყვარული გადადის მთელ სამყაროზე და ადამიანზე, რომელიც მლოცველს ისე უყვარს, რომ მზად არის მთელი ადამიანური ტანჯვა და მწუხარება იტვირთოს, რათა სხვები გაათავისუფლოს; და საერთოდ, მლოცველი ყველას მწუხარებას, ყველას სატკივარს განიცდის, თვით უტყვი ცხოველებისასაც, და გოდებს, როცა მათ ტანჯვაზე ფიქრობს". ეს სიყვარულის თვისებაა.
- რა არის ეგოიზმი, რა განსხვავებაა ეგოიზმსა და საკუთარი თავისადმი ჯანსაღ სიყვარულს შორის და, საერთოდ, რა ზომით უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი?
- საკუთარი თავისადმი ჯანსაღი სიყვარული, ეგოიზმისგან განსხვავებით, ღვთის სიყვარულის შედეგია. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამას უწოდებს "საკუთარი თავის, როგორც ღმერთის ქმნილების, ღმერთის სისხლით ხსნილის ღირსების გრძნობას". ეს გრძნობა, როგორც აღვნიშნე, სავსებით უცხოა ეგოიზმისთვის. ეგოიზმს უყვარს საკუთარი თავი, როგორც სხეული, მიწიერი არსება, უყვარს საკუთარ თავში მხოლოდ ის, რაც ღირსი არ არის სიყვარულისა - თავისი ვნებები და ბიწიერება. ამის საპირისპიროდ, ქრისტიანს უყვარს თავის თავში ის, რაც მასში ღირსეულია, ღვთაებრივია, უყვარს ალალ-მართალი სინდისი, მისწრაფება ღმერთისა და სიკეთისადმი, ხოლო ყოველივე ბიწიერი მისი ბრძოლის, წუხილისა და სინანულის საგანია. ანუ ჭეშმარიტი სიყვარული გულისხმობს იმას, რომ საკუთარ თავში გვიყვარდეს არა ზადი, არამედ სათნოება, არა სხეული, არამედ - სული. ამაზე მეფსალმუნე ბრძანებს; "ხოლო ვის უყვარს სიცრუე, მას სძულს სული თვისი" (ფს. 10,5).
- დაბოლოს, ხშირად გაიგონებ, რომ ჩვენს დროში სიყვარული დაკნინდა, როგორც ერთი შესანიშნავი ქართული ფილმის ("მზე შემოდგომისა") გმირი ამბობს: "ადამიანები მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ზრუნავენ, სიყვარულის გადარჩენაზე კი არავინ ფიქრობს", - და იქვე მოიხმობს გალაკტიონის ცნობილი ლექსის სტრიქონებს: "უსიყვარულოდ მზეც არ სუფევს ცის კამარაზე"... როგორ ფიქრობთ, რა ეშველება აწეწილ ადამიანურ ურთიერთობებს, იმას, რომ უსამართლობა, გაუტანლობა, მზაკვრობა ჩვენს შორის ბევრია, სიყვარული კი - არა?
- ადამიანები თითქოს საკუთარ ნაჭუჭში გამოიკეტნენ, სხვათა სატკივარის მიმართ გულგრილნი გახდნენ. ამასთან დაკავშირებით ბერი პაისი ათონელი აღნიშნავს: "დღეს ადამიანები ერთ მრავალსართულიან სახლებში ცხოვრობენ და ერთმანეთს არ იცნობენ, ადრე კი არსებობდა მეზობლობა, რომელიც ადამიანების ურთიერთგაცნობას ეხმარებოდა და საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს მხარში ედგნენ. მაგალითად, ვინმე სადღაც ფორნით მიდიოდა, შეხვდებოდა ნაცნობს, ჰკითხავდა: - "საიდან მოდიხარ და ახლა საით გაგიწევია, მეც იქით მაქვს გზა, დაჯექი, ერთად წავიდეთ". ადამიანები ახლობლებზე ფიქრობდნენ და როდესაც ერთმანეთის დახმარების შესაძლებლობა მიეცემოდათ, ამას თავს არ არიდებდნენ. ადამიანებს კეთილი ინტერესები ჰქონდათ და ყოველი შემთხვევისათვის მიაკითხავდნენ ხოლმე ერთმანეთს, რომ ხელი გაემართათ". პაისი ათონელი იგონებს: "მძიმე წლებში ძალიან ძლიერი ძმური ურთიერთობები ყალიბდება. ომში ჩვენ - ერთი ნახევარბატალიონის ჯარისკაცები - ორი წლის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით და ძმებზე მეტად ვიყავით ერთმანეთთან შეკავშირებულები, იმიტომ რომ სირთულეებსა და საფრთხეს ერთად ვუძლებდით. ჩვენ ისე ვიყავით შედუღაბებულები, რომ ერთმანეთს "ძმას" ვეძახდით. ისინი ერის ადამიანები იყვნენ - ერული აზროვნებით, არც სახარებას კითხულობდნენ, არც სულიერ წიგნებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთმანეთთან განშორება არ უნდოდათ. ამ ადამიანებს ჩვეულებრივი საერო განათლება ჰქონდათ, მაგრამ ისინი ფლობდნენ იმას, რაც ყველაზე აღმატებულია - სიყვარულს, ძმობას! ცოტა ხნის წინ ერთი ჩვენი თანამშრომელი გარდაიცვალა და მისი თანარაზმელები ქვეყნის ყველა მხრიდან ჩამოვიდნენ დაკრძალვაზე. ცოტა ხნის წინ, აქაც, ჩემს სანახავად მოვიდა ჩემი თანარაზმელი. როგორ ჩამიკრა გულში! თავი ვეღარ დავაღწიე... ამჟამად ჩვენ ეშმაკს ვებრძვით, ამიტომ შევეცადოთ, რომ კიდევ უფრო შევუკავშირდეთ, უფრო მეტად ვეძმოთ ერთმანეთს. ასე - ერთად ვიაროთ ჩვენს მიერ არჩეული გზით. ერთად ავიდეთ ტკბილ გოლგოთაზე დაგრეხილი ბილიკებით!" პავლე მოციქულმა ძალიან ლაკონიურად და ზუსტად ჩამოგვიყალიბა ღვთის სჯულის აღსრულების უმთავრესი პირობა: "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი!" ძნელია ამ სიტყვებს კიდევ რაიმე დაუმატო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი