ადამიანის სული განსხეულების მომენტიდანვე იმარხავს ღმერთს
ღვთის არსებობის ყველაზე პოპულარულ მტკიცებათა შორის აღსანიშნავია ფსიქოლოგიური მტკიცება, რომელიც ამოდის ცნობიერებაში ღვთის იდეის არსებობიდან (ღვთის განცდიდან).
იგი ამტკიცებს, რომ ცნობიერება, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს საკმაო საფუძველს მასში ღვთის იდეის არსებობისათვის; მაშასადამე, უნდა არსებობდეს ამ იდეის გამომწვევი გარეშე მიზეზი - ღმერთი. რენე დეკარტი ასეთ ფორმულირებას აძლევს მტკიცებას ღვთის იდეიდან: "ჩვენ, როგორც არასრულყოფილ არსებათ, არ ძალგვიძს ჩვენგანვე მოვიპოვოთ სრულყოფილი არსების იდეა. მაშასადამე, ეს იდეა თვით სრულყოფილი არსებიდან, ღვთიდან უნდა გვქონდეს ბოძებული". იუნგის აზრით: "ფსიქოლოგია მთელ ფსიქიკას, ფილოსოფიას, თეოლოგიას და ბევრ სხვა რამეს მოიცავს, რადგან ყველა ფილოსოფიის და ყველა რელიგიის უკან ჩნდება ადამიანური ბუნების ფაქტები, რომელიც შეიძლება იყოს ჭეშმარიტებისა და მცდარობის მსაჯული". ამიტომაც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი აუცილებლად მიიჩნევდა ფსიქოლოგიისა და ღვთისმეტყველების კავშირს. ამ საკითხზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე. - რაში მდგომარეობს ღვთის არსებობის ფსიქოლოგიური მტკიცება?
- ძალიან საინტერესოდ აქვს ჩამოყალიბებული ნეტარ ავგუსტინეს შეხედულება ღვთის, როგორც მეხსიერებაში არსებული მოგონების შესახებ. ღმერთი თავისი არამატერიალური, ყოვლისმფლობელი ძალით არსებობს ყველგან, იგი არსებობს ადამიანის სულშიც. ღმერთთან ერთად ყოველ სულში არსებობს ღვთაებრივი, გონებით მისაწვდომი სამყარო. სული ამ სამყაროს თავის თავში მოიცავს ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავს მას. ნეტარი ავგუსტინეს აზრით, ჭეშმარიტება სუფევს "შინაგან კაცში". მისი ადგილსამყოფელი არის მეხსიერება. ყველაფერს, რაც ჩვენ გვახსოვს და რაც ჩვენშია დამკვიდრებული, ვერ ვიაზრებთ და ვათვითცნობიერებთ, რადგანაც ცოდნა არის სულიერი დაუფლება. ამიტომ ისიც, რასაც ჩვენი მეხსიერება ინახავს, არის ცოდნა, თუმცაღა არ არის აუცილებელი, რომ აქტუალურად ვიაზროვნოთ ამ თემასთან დაკავშირებით. მეხსიერება, ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით, უწინარეს ყოვლისა, არის აღმქმელობითი უნარი. ესაა ერთგვარი სულის საკუჭნაო, უზარმაზარი საცავი, რომლის ცალკეულ სენაკებშიც ინახება მთელი მისი შიგთავსი თუ შინაარსი. ადამიანის სული მისი განსხეულების მომენტიდანვე იმარხავს ღმერთს. აქ საქმე გვაქვს თანაარსებობასთან.
მოგონება ძალიან ჰგავს დაკარგული ნივთის ძებნას. ქალმა დაკარგა დრაქმა და სანთლით დაუწყო ძებნა (ლუკა. 25,8). რომ არ ხსომებოდა, რაც დაკარგა, ვერასოდეს შეძლებდა მის ძიებას, ხოლო შემთხვევით რომ ენახა, ვერც კი იცნობდა. მაგრამ დრაქმა მთლიანად როდი დაკარგულა: ქალს სულში ჩარჩა მისი ხატება. მონეტის ძებნისას სწორედ ამ ხატებას ადარებდა ნივთსა თუ საგანს, რასაც კი წააწყდებოდა და ამგვარად რწმუნდებოდა, რომ ეს მისი დრაქმა არ იყო. რაღაც ამდაგვარი ხდება ჩვენს სულშიც, როცა რაღაცის გახსენებას ვცდილობთ. მეხსიერებაში ვეძებთ იმას, რაც მოვისაკლისეთ, მაშასადამე, გვახსოვს, რა დაგვავიწყდა. ღმერთის დასაბამისეულ არსებობას ადამიანის სულში ნეტარი ავგუსტინე თავისი "მოგონების თეორიით" ხსნის: "უკან მოვიტოვებ ჩემს მეხსიერებას, რათა მოგაკვლიო შენ (უფალს მიმართავს). კი მაგრამ, სად? ჭეშმარიტად კეთილო, ჩემო შვებავ და სასოებავ, მაინც სად გპოვო? თუ ჩემს მეხსიერებაში ვერ გიპოვე, მაშასადამე, არ მხსომებიხარ. მაგრამ როგორღა გიპოვი, თუ არ მახსოვხარ?" ("აღსარებანი").
ნეტარი ავგუსტინე ღმერთის იდეას უკავშირებს ბედნიერებისკენ დაუოკებელი სწრაფვის იდეას. ადამიანის სულში არის თანდაყოლილი მისწრაფება ნეტარებისა და ბედნიერებისკენ, მაგრამ საიდან გაჩნდა ბედნიერი ცხოვრების მოგონება ჩვენს სულში? - "როცა შენ გეძებ, ღმერთო ჩემო, ბედნიერ ცხოვრებას ვეძებ. არ მოვეშვები შენს ძებნას, რათა ცოცხლობდეს ჩემი სული! ჩემი სული აცოცხლებს სხეულს, ხოლო ჩემს სულს აცოცხლებ შენ. როგორღა ვეძებო ბედნიერი ცხოვრება?... განა ყველას არ სურს იგი? მერედა, საიდან გაიგეს, რომ არსებობს ამნაირი ცხოვრება, რაკიღა ასე ძალიან სურთ? ან სად უნახავთ, რომ ასე შეუყვარდათ? არ ვიცი, მაგრამ გარკვეულწილად ჩვენ უკვე ბედნიერები ვართ, თუმცა გააჩნია, ვისთვის რა არის ბედნიერება: ერთი ბედნიერია, როცა უკვე ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობს, მეორისთვის კი საკმარისია იმედიც - ოდესმე მაინც ვიქნები ბედნიერიო. თვით იმედგაწყვეტილთათვისაც კი, ასე თუ ისე, რომ არ სცოდნოდათ, რა არის ბედნიერება, უცხო იქნებოდა ბედნიერების დაუოკებელი სურვილი, უშრეტი ძალით რომ ღვივის მათ სულში, რაშიც შეუძლებელია ეჭვის შეტანა. მეც ამ კითხვაზე ვიმტვრევ თავს; თუ ეს წარმოდგენა მოგონების წყალობით შეექმნათ, მაშინ ოდესღაც ყველანი ბედნიერები ვყოფილვართ: ან თითოეული ცალ-ცალკე, ან ყველანი ერთად იმ კაცში, რომელმაც პირველად სცოდა, რომელშიც ყველანი მოვკვდით და რომლისგანაც ყველანი ვიშვით მწუხარებით. ბედნიერება ცნობილია ყველა ხალხისთვის და ერთდროულად რომ გვეკითხა მათთვის, გსურთ თუ არა ბედნიერები იყოთო, ერთხმად გვიპასუხებდნენ, ცხადიაო. მაგრამ პასუხი ასე ერთსულოვანი არ იქნებოდა, ყველას რომ არ შემორჩენოდა იმისი ხსოვნა, თუ რას ნიშნავს "ბედნიერება" ("აღსარებანი").
- ღმერთი რომ იწამოს, ადამიანი ხშირად სასწაულს ითხოვს და ეძებს. თუმცა სასწაულების მიუხედავადაც ბევრს ისევ არ სწამს..
- სასწაულების მაძიებელ ადამიანებს უფალი სახარებაში "მემრუშეებს" უწოდებს ("ნათესავი მემრუშე"). ეს, რაღა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ უნდა უარვყოთ სასწაულები, არამედ იგი არ უნდა ვაქციოთ კერპად - მართლმადიდებლობა უარყოფს ასევე ცრუ სასწაულებს, გამორიცხავს ეზოთერიკის ყოველგვარ სახეობას, ოკულტიზმს, მაგიას, რაზედაც დაფუძნებულია მთელი ინდუისტური ფილოსოფია, ფსიქოლოგია და რელიგია. სამწუხაროა, რომ ოცსაუკუნოვანი მართლმადიდებლური ტრადიციის მქონე ქვეყანაში დიდი ასპარეზი აქვს, რბილად რომ ვთქვათ, ისეთ შარლატანურ მოვლენებს, როგორიც გახლავთ ექსტრასენსორიკა, პარაფსიქოლოგია და სხვ. არახალია, ძველია, რომ შთაგონებაზე, იმავე თვითშთაგონებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თვით სომატური ავადმყოფობაც კი, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, გარკვეული დროის შემდეგ განიცდის რემისიას თვითშთაგონების ძალით. ადამიანს საკუთარ ორგანიზმზე ზემოქმედების მრავალი დაფარული შესაძლებლობა აქვს. იეროთეოს ვლახოსის შესანიშნავი წიგნი - "მართლმადიდებლური ფსიქოლოგია" - ცხადყოფს, რომ ეს ყველაფერი ოდითგანვე ცნობილია კაცობრიობისათვის. სწორედ ადამიანში არსებულ დაფარულ შესაძლებლობათა არსებობაზეა დაფუძნებული ექსტრასენსის ზემოქმედება თავის პაციენტებზე. ყველაფერი ეს: პარაფსიქოლოგია, ექსტრასენსორიკა თუ სხვ. ჭეშმარიტი ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპიისა თუ ფსიქიატრიის დარგში მომუშავე ადამიანებისათვის ზურგში დანის ჩაცემა გახლავთ და სამარცხვინო უნდა იყოს მართლმადიდებლურად მოაზროვნე საზოგადოებისთვის, ეს ხომ თანამედროვე ვარიანტია ურწმუნოებისა.
ცრუ სასწაულებიდან გამომდინარე, მავანნი უარყოფენ იმ სასწაულებსაც, რომლებიც მართლმადიდებლურ სამყაროში ხდება და ამის გამო ათეიზმში ვარდებიან. დედა თამარი (მარჯანიშვილი) ამბობდა, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი წუთი სასწაულია, თუკი სულიერი თვალით შევხედავთ. მაგრამ არსებობს ყველასათვის განცხადებული სასწაულები, რომლებიც ჩვენს დროშიც ხდება. თუნდაც მადლმოსილი ცეცხლის გარდამოვლენის ფაქტის დასახელება რად ღირს. ამის მიუხედავად ზოგიერთნი მაინც განაგრძობენ მტკიცებას, რომ ეს ყველაფერი არის ადამიანის წარმოსახვის, ფანტაზიის ნაყოფი და ა. შ. ადამიანებს სურთ ღმერთი იხილონ და აღიქვან მხოლოდ სხეულებრივი თვალებით. მაგალითად, პირველმა კოსმონავტმა იური გაგარინმა მიწაზე ჩამოსვლისთანავე განაცხადა: - ღმერთი არ არსებობს, რადგან იგი ზეცაში არ მინახავსო. ზოგმა ირწმუნა ამ სიტყვებისა, ხოლო მათ, ვინც იცოდა, რომ კოსმონავტს მთვარემდეც კი არ მიუღწევია და მან კოსმოსური სამყაროს მხოლოდ უმცირესი ნაწილი ნახა, გაეღიმათ ამ გულუბრყვილო განაცხადზე. სამაგიეროდ, ამერიკელი ასტრონავტების პირველი ჯგუფი მთვარეზე დაჯდომისთანავე მოჰყვა ბიბლიის კითხვას და ამის მოწმე გახდა მილიონობით ტელემაყურებელი. ამერიკელი ასტრონავტების გარდა ღვთის არსებობა უამრავ მეცნიერსა და გამოჩენილ ადამიანს სწამდა. ნიუტონს ჰკითხეს, - შენ, ასეთ სახელოვან მეცნიერს, როგორ შეგიძლია გწამდეს იმისა, რომ ღმერთი უკანასკნელ სამსჯავროზე ყველა ადამიანს გაიხსენებს, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია და მათ ერთმანეთისაგან განასხვავებს ამ ქვეყანაზე აღსრულებული საქმეებისდა მიხედვითო? ნიუტონმა შემკითხველი თავის სამუშაო მაგიდასთან მიიყვანა. მაგიდაზე დაყრილ ქვიშას მან რკინის ნაქლიბი შეურია. შემდეგ ამ ნარევს მაგნიტი მიუახლოვა. მაგნიტმა რკინა იმთავითვე მიიზიდა და გამოაცალკევა ქვიშისგან. ამ ცდის მერე ნიუტონმა განაცხადა: თუკი მე, ღვთის მიერ შექმნილ უბრალო მოკვდავს, შემიძლია ორი ნივთიერების ერთმანეთისაგან გამორჩევა, მით უფრო შეუძლია ეს სამყაროსა და ყოველივეს შემოქმედ ღმერთსო! აინშტაინი ამბობდა: "ჩვენს მატერიალისტურ ეპოქაში სერიოზული მეცნიერი შეიძლება იყოს მხოლოდ ღრმად რელიგიური ადამიანიო". თუმცა იყვნენ ღვთისმგმობი მეცნიერებიც. იგივე ფროიდი, რომელიც, სხვათა შორის, თავის ფსიქოანალიზის თეორიაზე ამბობდა: "ბატონებო, თქვენ აქ ღმერთს ვერსად იპოვითო". ფროიდის მიხედვით, ღმერთი არის ადამიანის არაცნობიერი სურვილების პროექცია; ადამიანის სწრაფვა უსაფრთხოებისკენ და ა. შ. ვოლტერი ამბობდა: "ღმერთი რომ არ არსებულიყო, ადამიანები მას თვითონ გამოიგონებდნენო". ამგვარმა აზროვნებამ დიდი დაღი დაასვა კაცობრიობას, რისი შედეგიც იყო საბოლოოდ ნიჰილიზმისა და ათეიზმის დამკვიდრება და გაბატონება მე-20 საუკუნის დასაწყისში.
ჩვენი ქვეყნისთვის უბედურების მომტანი აღმოჩნდა ყველაფერი, რაც კავშირში იყო უღმერთობასთან. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში უღმერთობის შხამით მოირწყო მთელი ევროპა. ევროპელი "განმანათლებლების" იდეები ქართველებსაც გადმოედოთ. კერძოდ, ამ იდეის შემწყნარებელი გახლდათ ბაგრატოვანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, სამეფო ტახტის მემკვიდრე დავით ბატონიშვილი. მისი მამა, მეფე გიორგი XII ძალიან წუხდა შვილის ამ მოდური იდეებით გატაცების გამო. ერთხელ მეფემ მას შეუთვალა, - მარხვა დაიცავი და ეკლესიაშიც ხშირად იარეო. წერილში სწერდა: "შვილო დავით, თურმე ეკლესიას თეატრს ეძახი, ცისკარს - სათამაშოს და წირვას - წარმოდგენას, ნუ შვრები ამისთანა ღვთის გარეგან საქმეს, მოიქეც და ღმერთი იწამეო". იმან შემოუთვალა, რაც მე მწამს, ის შენ გაგიწყრეს და რაც შენ გწამს, მე გამიწყრესო. მაშინ ბრძანა მეფემ 35-ე ფსალმუნის ეს სიტყვები: "დადგა იგი ყოველსა გზასა არა კეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინა". ტახტის მემკვიდრემ ამ მკრეხელური შემონათვალით საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი. კიდევ ერთხელ შეემუდარა მეფე მოციქულებს: გადაეცით, შეინანოს, მოიქცეს... თუ არადა, ვერ იმეფებს, დაკარგავს ტახტსა და ღვთისმშობლის წილხვდომილ სამეფოსო. ამაოდ, ახალგამომცხვარი ვოლტერიანელი შეუვალი იყო. ასე გაუკადნიერდა ღვთის წყრომას მეფისწული, მან თავად დაიწყევლა თავი, თავად თქვა უარი ტახტზე. ამიტომაც არ მისცა მეფობა ღმერთმა თავის უარმყოფელს, არ სცხო მირონი თავისი ნებით მტრის მახეში გაბმულს. ეს გახლდათ მიზეზი ბაგრატიონთა სამეფოს დასასრულისა.
უღმერთობა იყო ასევე მიზეზი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გაუქმებისა 1921 წელს. ათეისტი სოციალ-დემოკრატებისგან შემდგარი ხელისუფლება განწირული იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი სასულიერო პირებს არაფრად აგდებდნენ. ერთ-ერთმა მათმა წარმომადგენელმა ეპისკოპოსს, რომელსაც მისი საქმიანობის დალოცვა და კურთხევა სურდა, კადნიერად მიახალა, - არაფრად მჭირდება შენი ლოცვა-კურთხევაო. ამას ყველაფერს უმძიმესი შედეგები მოჰყვა. ჩვენ დავკარგეთ დამოუკიდებელი სახელმწიფო და გავაბატონეთ უღმერთო ათეიზმი. ათეისტებმა ხალხს წაართვეს რწმენა, სანაცვლოდ კი არაფერი მისცეს. თავიანთი მცნებებითა და მოძღვრებით მათ იმდენად დააავადეს თაობები, რომ დღესაც ათეიზმის ბელადის გვამს მავანნი თაყვანს სცემენ რუსეთში.
ათეისტები ხშირად იგდებდნენ თავს უხერხულ სიტუაციაში. ერთხელ ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა მთელი კლასი აიძულა, ხმამაღლა, ერთად უარეყოთ ღმერთი. მერე ღვთის ხატი ამოიღო, იატაკზე დააგდო, თან ბავშვებს აიძულებდა, შეურაცხეყოთ იგი და მიეფურთხებინათ. მხოლოდ ერთმა ბიჭმა არ იკადრა ეს და უთხრა მასწავლებელს: "თქვენ ამბობთ, რომ ღმერთი არ არის, მაშინ ვიღას მივაფურთხო? თუკი იგი არსებობს, მაშინ თაყვანი უნდა ვცეთ მასო".
ღვთის უარყოფას გადაგვარებამდე მიჰყავს კაცი. ამიტომ უნდა ვითხოვოთ რწმენა და არა სასწაული. წმინდა პაისი ათონელი ამბობდა: "თუკი ადამიანი ცხოვრების გზაზე რწმენით მიდის, დაუეჭვებლად ითხოვს ღვთისგან შემწეობას, მასში ნელ-ნელა აღესრულება სასწაულებრივი მოვლენები: თავიდან მცირე, შემდეგ უფრო დიდი და იგი უფრო მორწმუნე ხდება. დიდებული საქმეა საკუთარი თავის უფლისათვის მინდობა, რომლის დედად სწორედ რწმენა გვევლინება".