საზღაურს და "ზღვევინებას" სულხან-საბა განმარტავს როგორც "ნაცვლის გებას". ადამიანთა ურთიერთობისთვის დამახასიათებელია როგორც აგრესიული, ასევე პროსოციალური ქცევა - სხვებისადმი თანადგომა და დახმარების აღმოჩენა.
ფსიქოლოგიურ ენაზე პროსოციალური ქცევა არა საკუთარ, არამედ სხვათა კეთილდღეობაზე ზრუნვას ნიშნავს. მაგალითად, შვედეთის მოქალაქემ, რაულ ვალენბერგმა, მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებული უნგრეთიდან საკუთარი სიცოცხლის ფასად ათასობით ებრაელის გაქცევას შეუწყო ხელი, რაც პროსოციალური ქცევის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია. სახარებაში წერია, რომ მოწყალება დაფარული უნდა დარჩეს, "მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად". "ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა", - გვეუბნება უფალი. სახარების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც სხვათა საჩვენებლად აღასრულებენ კეთილ საქმეებს, აქვე მიიღებენ საზღაურს - ქებას კაცთაგან. ეს საზღაური კი ვერ შეედრება ზეციურ სასყიდელსა და ჯილდოს.
არის თუ არა ყოველგვარი ქველმოქმედება, ანუ ფსიქოლოგიურ ენაზე - პროსოციალური ქცევა, ჭეშმარიტად უანგარო? დავუშვათ, როდესაც მათხოვარს ვინმე გარკვეულ თანხას უწყალობებს, ეს საქციელი ამ ადამიანისთვის ნამდვილად დამახასიათებელ გულკეთილობას გამოხატავს თუ შინაგანად განცდილი უხერხულობის გაქარწყლების სურვილით ან მოჩვენებითი სულგრძელობით არის განპირობებული? ეს გახლავთ კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც ღრმა ფსიქოლოგიურ ანალიზს საჭიროებს. გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
- რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მოტივი უდევს საფუძვლად პროსოციალურ ქცევას და რა განსხვავებაა ასეთი ქცევის განმაპირობებელ მოტივებს შორის?
- სოციობიოლოგიური კონცეფციის თანახმად, პროსოციალური ქცევის დროს ადამიანი ჭეშმარიტ უანგარობას ამჟღავნებს, სხვათა გულშემატკივრობა მისი ბუნებრივი, თანდაყოლილი თვისებაა. ცნობილი ინგლისელი ეკონომისტის, ადამ სმიტის აზრით, ადამიანებს პროსოციალური ქცევის ბუნებრივად მინიჭებული უნარი რომ არ ჰქონოდათ, ისინი მხოლოდ საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებდნენ. ამ თვალსაზრისის სასარგებლოდ მეტყველებს არაერთი გამოკვლევა, რომლებშიც მოდელირებული იყო "გაუთვალისწინებელი ინციდენტები". ცდისპირებს შეეძლოთ, გასცლოდნენ უსიამოვნო სიტუაციას, მაგრამ ისინი, უმეტესწილად, ამჯობინებდნენ "გასაჭირში მყოფის" დახმარებას. პროსოციალური ქცევის განმსაზღვრელ ფაქტორად თანაგრძნობას, ანუ ემპათიასაც მიიჩნევენ. როდესაც ადამიანი ვინმეს თანაუგრძნობს, მაშინ ის ყურადღებას ამახვილებს არა საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე, არამედ სხვის განცდებზე. ჭეშმარიტი თანაგრძნობა სხვა ადამიანის ინტერესების პრიორიტეტულად მიჩნევას გულისხმობს. სავარაუდოდ, ემპათიის გრძნობა თანდაყოლილია: ჩვილი ბავშვები ტირილს უმატებენ, როდესაც სხვა ბავშვის ტირილი ესმით.
პროსოციალური ქცევა სუბიექტს სიამოვნებას ანიჭებს, ხოლო უსიამოვნებას თავიდან არიდებს. ეთიკური ჰედონიზმის კონცეფციის (კონცეფცია, რომლის მიხედვით, ადამიანის ცხოვრების ძირითადი მიზანი სიამოვნების მიღებაა) თანახმად, სწორედ ესაა პროსოციალური ქცევის საფუძველი. პროსოციალური ქცევა მატერიალურ და სოციალურ "სარგებელთან", მაგალითად, საჩუქართან, შექებასთან, პატივისცემის დამსახურებასთანაცაა დაკავშირებული. ხშირად ადამიანი სხვებს ვალდებულების გამო ეხმარება. მაგალითად, მამაკაცმა კარში ჯერ მანდილოსანი უნდა გაატაროს, ახალგაზრდამ ტრანსპორტით მგზავრობისას ადგილი ბავშვებს და მოხუცებს დაუთმოს, ჯარისკაცმა საბრძოლო ვითარებაში დაჭრილებს დახმარება აღმოუჩინოს და ა.შ. ყოველივე ეს ნორმატიული ქცევის ნიმუშებია. სოციალური ნორმები ადამიანს გარკვეული ქცევის განხორციელებას ავალდებულებს.
თუმცა არსებობს ქმედებები, რომლებსაც უბრალოდ პროსოციალური ქცევის განსაზღვრების ჩარჩოებში ვერ მოვაქცევთ. ასეთ ქმედებებს ერთი სახელი აქვს - გმირობა, რომელიც არა მხოლოდ სხვათა კეთილდღეობაზე ზრუნვასა და საგანგებო ვითარებაში სხვათა ინტერესების დაცვას გულისხმობს, არამედ იგი ზეაღმატებული კატეგორიაა და სხვათა გადასარჩენად თავის გაწირვას ნიშნავს. ასეთი ქცევის საზღაური ზეციური კურთხევით დაპურებაა. ამასთან დაკავშირებით ბერი პაისი ათონელი წერს: "დაუკვირდით იმ ერისკაცებს, რომლებიც იმგვარ თავგანწირვას ავლენენ, რომელიც ბერ-მონაზვნებსაც კი არ აქვთ. ვამჩნევ, რომ ერში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შეუძლიათ არ სწამდეთ, ჰქონდეთ სისუსტე და ვნებები, ღმერთი ამგვარად აწყობს ყოველივეს, რომ მათ აქვთ ლმობიერი გული. ისინი ხედავენ გაჭირვებულს და თუნდაც არ იცნობდნენ, ეხმარებიან. ბევრი ადამიანი, ის, ვისაც, შესაძლოა, სამოთხის არსებობაც კი არ სჯერა, როდესაც რაიმე ხიფათს დაინახავს, ბოროტების შესაჩერებლად მიიჩქარის, ცდილობს თავად დაიღუპოს, რათა სხვები გადარჩნენ ცოცხლები, ესწრაფვის მისცეს სხვებს თავისი ქონება".
უანგარო თავგანწირვის ნათელი მაგალითები უხვად გვხვდება საქართველოს ისტორიაში. თუნდაც უახლესი წარსული გავიხსენოთ: პროფესორმა იოსებ ჟორდანიამ თავისი მაშველი რგოლი გადასცა პატარა გოგონას, თვითონ კი დაიღუპა. წმინდა გრიგოლ ფერაძე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მრავალშვილიანი კაცის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში და დაიღუპა. გურამ რჩეულიშვილიც სხვის გადარჩენას შეეწირა მსხვერპლად. ჭაბუკმა მწერალმა აბობოქრებულ ტალღებს მისცა თავი. ამ ამბის თვითმხილველნი იგონებდნენ, რომ ისეთი ღელვა და ქარიშხალი, როგორიც იმ დღეს იყო, გაგრის სანაპიროზე იქამდე არ ყოფილა. მაგრამ ამის მიუხედავად გურამს არ უყოყმანია. ხომ შეიძლებოდა ერთი წამით ცივი ლოგიკისთვის მოეხმო და ეფიქრა: რა აზრი აქვს თავგამოდებას, ვერც მოყვასს გადავარჩენ და მეც დავიღუპებიო. კითხვაზე, თუ რა ღირს ამგვარი ქმედება და სიკვდილი, კარგად პასუხობს არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის სიტყვები: "აქვს თუ არა ცხონებისათვის მნიშვნელობა, რა ყოფაში ეწვევა სიკვდილი? ცხონება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იყო ბოლო წუთები სიცოცხლისა: "რაშიც მოვაქცევ, იმაში განვსჯი". ასეთი ადამიანები თავიანთი სიცოცხლითა და სიკვდილით რეალურად სახავენ ჯვარს, რომელიც მიემართება "ზევით ღმერთისაკენ და გვერდით მოყვასისაკენ" (კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე).
- ძალიან ხშირად სიკეთეს ვაკეთებთ არა საკუთრივ სიკეთისთვის, არამედ თავმოსაწონებლად ანდა გამორჩენის მიზნით. რა შემთხვევაში არის მოწყალება უანგარო და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოწყალების საქმე აღესრულებოდეს დაფარულად?
- წმინდა მამები ამბობენ, რომ არც ერთი კეთილი საქმე არ არის ღვთისთვის სათნო, თუ იგი არ სრულდება ქრისტიანული სიმდაბლის სულით. ამიტომაა, რომ უფალმა, მას შემდეგ, რაც გვასწავლა, რა არის საჭირო ღვთის გულის მოგებისათვის, განგვიმარტა: როგორ უნდა გავაკეთოთ სიკეთე. იგი, უპირველესად, სათავეშივე აღმოფხვრის იმ წყლულს, რომელიც შეუმჩნევლად აავადებს სიკეთეს. ეს წყლული არის - ფუჭი დიდების სული, რომელიც შეუმჩნევლად სტაცებს კეთილისმოქმედს მის სულიერ საფასურს - ყოველი სათნოების ღირებულებას. ღმერთი ხედავს ადამიანის გულს და ჯილდოსა თუ სასჯელს კაცის მიერ აღსრულებულ საქმეს კი არა, არამედ მის განზრახვას ანიჭებს. არა ყოველთვის და არც ყველგან და ყველასთვისაა შესაძლებელი, რომ სამოწყალო საქმე საიდუმლოდ შეასრულოს. მთავარია ადამიანმა კეთილი განზრახვით ღვთის წინაშე და ღვთისთვის აკეთოს კეთილი საქმე და დაივიწყოს, უყურებს თუ არა ხალხი. მაცხოვარი ამბობს, რომ თუკი ადამიანებს არ გვექნება სულში ასეთი გრძნობა, მაშინ სასყიდელიც არ გვექნება ზეციური მამისგან. თუკი ჩვენთვის საკმარისია ამაო ქება კაცთაგან, მაშინ ნუღარ მოველით სხვა ჯილდოს ღვთისაგან, რადგან უკვე მივიღეთ ჩვენი საზღაური. "რა გსურს შენ? - გვეკითხება წმინდა იოანე ოქროპირი, - ნუთუ ის, რომ გყავდეს შენი საქმეების მაყურებელი? ასეთად გყავს არა ანგელოზები, არა მთავარანგელოზები, არამედ თვით ღმერთი ყოველივესი. თუ გინდა, რომ ხალხიც გყავდეს მაყურებლად, შეგისრულებს ამ სურვილსაც: შეგიძლია გამოჩნდე მხოლოდ ათი, ოცი ან ასი კაცის წინაშე; ხოლო თუ ახლა ცდილობ დაფარვას, მომავალში თვით ღმერთი ამცნობს მთელ ქვეყანას შენს შესახებ. ახლა ვინც გხედავს, ისინი ფუჭ დიდებაში დაგადანაშაულებენ, ხოლო მომავალში შენს გამო გაიკვირვებენ. ღმერთმა კიდეც რომ არ დაგსაჯოს ამაო დიდებისათვის, მომავალში დიდების მაძიებლისათვის უხერხული იქნება ღვთის გაცვლა ადამიანებში, რომლებსაც გვსურს, დავანახოთ ჩვენი კეთილი საქმე. თვით ზეციურ მეუფეს უნდა შენი დიდება იხილოს: რატომ ერიდები მას და გინდა, მხოლოდ ადამიანებმა დაგინახონ?" თვით ზეციური მამა გიმზერს: იყავი ასეთი მამის ღირსი. ასე უკეთებდნენ ღვთის მადიდებლები სამოწყალო საქმეებს ახლობლებს. მათი ცხოვრება სავსე იყო ფარული მოწყალების მაგალითებით. ერთმა ბერმა, რომელიც მთელ დღეებს განუწყვეტლივ ლოცვასა და მარხვაში ატარებდა, კითხვაზე: თუ ვინ იყო მასზე უფრო ძლიერი ასკეტი მოღვაწე, უფლისგან მიიღო პასუხი, რომ ასეთი ადამიანი იყო ოჯახის პატრონი ერისკაცი. ბერი ესტუმრა ამ კაცის ოჯახს, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. აღმოჩნდა, რომ ამ სახლში იყო ოთახი, რომლის კარებიც უცხო პირთათვის დაკეტილი გახლდათ. ამ ოთახში იდგა საწოლი, სადაც უცნობი კეთროვანი იწვა და ამ ოჯახის უფროსი მას 30 წელი ფარულად პატრონობდა და უვლიდა.
წმინდა მამები ამბობენ, რომ კეთილი საქმე, რომელსაც წრფელი გულითა და განზრახვით აღასრულებს ადამიანი, მისი სულისათვის იქცევა ზეციურ მანანად, გულისათვის კი სიხარულის საცხებელად. და მაშინ შეიგრძნობს ადამიანი, თუ რამდენი სიხარულისა და ნეტარების მონიჭება შეუძლია თუნდაც ერთ ქრისტიანულ სიყვარულს.
- ფსალმუნში ჩამოთვლილია "უფლის კარავში დამკვიდრებისა და საუკუნო შეუძვრელობის" წინაპირობები. მათ შორის ერთი-ერთია: "ვერცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად, და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო". რას იტყვით ამის შესახებ?
- სახარებაში წერია, რომ "მუშაკი ღირსია სასყიდლისა თვისისა". რა თქმა უნდა, ადამიანმა თავისი შრომის საზღაური უნდა მიიღოს და ეს საძრახისი არაა, მაგრამ იგი უნდა იყოს კეთილსინდისიერი და პატიოსანი, "უბრალო" მუშაკი და არამც და არამც არ უნდა აიღოს ქრთამი, ანუ კუთვნილზე მეტი. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი უსამართლოდ აღებული გროშისთვის საზღაური ადრე თუ გვიან მოგვეგება. ამასთან დაკავშირებით წმინდა პაისი ათონელს მოჰყავს ერთი ასეთი შემთხვევა: მასთან მივიდა ქალი ორი შვილითურთ. ორივე მძიმე სულიერი სენით - შიზოფრენიით იყო ავად. გაწამებული ქალი წმინდა მამას სთხოვდა, ელოცა მათი გამოჯანმრთელებისათვის. ბერმა უთხრა, რომ ერთ-ერთის განკურნება შეუძლებელი იყო, რადგან ეს სასჯელი შვილზე უფლის მიერ იყო დაშვებული მამის ცოდვის გამო. ვაჟის მამა ყავის გამყიდველი იყო და ყოველ მყიდველს წონაში ატყუებდა. ეს არის უფლის საოცარი განგებულება, რომელსაც ადამიანის გონება ბოლომდე ვერ ჩასწვდება. როგორც ცოდვას აქვს საზღაური, ისე მადლს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან რასაც დავთესავთ, მასვე მოვიმკით. ამჟამად ჩვენი ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი, როგორც სულიერი, ასევე ეკონომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. დღითი დღე მატულობს ქართველი მათხოვრების რიცხვი. დავფიქრდეთ, ხომ არ არის ეს საზღაური იმისათვის, რომ ოდესღაც მაგიდები სართულებად დაწყობილი ხორაგით იზნიქებოდა და ამდენი საჭმელ-სასმელი მეორე დღეს იყრებოდა?! სამწუხაროდ, დღესაც რესტორნებში უამრავი საჭმელი იყრება. ხალხის უმრავლესობა კი შიმშილობს. ჩვენი ერის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთაა გახიზნული. იქ ჩვენი თანამემამულენი უმძიმეს შრომასა და ჭაპანს ეწევიან, რათა აქ ოჯახები არჩინონ. ქართველი მამაკაცები უცხოეთში ქურდებისა და ყაჩაღების სახელით არიან ცნობილნი. განა ეს საზღაური არ არის ჩვენი შეცდომებისთვის? წმინდა პაისი ათონელი წერს: "მათ, ვისშიც არის კეთილი განწყობა, განსაცდელი ეხმარება. ისინი, ვისაც ასეთი განწყობა არ აქვს, უფლის დადანაშაულებას, მის გმობას იწყებენ. ბოროტება ისაა, რომ ადამიანები არ აღიარებენ, შევცოდეთო, არამედ იტანჯებიან. ჩვენ ეშმაკს ბევრი უფლება მივეცით. ბოროტება ისაა, რომ ჩვენ არ გვაქვს სინანული და ამით ხელს ვუშლით ღმერთს, რომ ჩაერიოს და დაგვეხმაროს. ჩვენ გველის ჭექა-ქუხილი! დაე, გამოგვიწოდოს უფალმა ხელი! ვითხოვოთ სინანული, ვაღიაროთ უფლის წინაშე, რომ ჩვენ ჩვენი საქმეებისამებრ მოგვეზღოს, რათა უფალმა მოიღოს კურთხევა და არ განგვაშოროს თავისი წყალობა".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი