ადამიანის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანატოლთა გარემო, მეგობართა წრე.
ადრე თუ გვიან ყველა ბავშვის ცხოვრებაში დგება ასაკი, როდესაც იგი ბუნებრივად გამოდის მშობელთა მეურვეობიდან და იძულებული ხდება დამოუკიდებლად წარმართოს საკუთარი ცხოვრება სხვათა დახმარებისა და შეწევნის გარეშე, თანაც, შეძლებისდაგვარად სწორი და შეცდომებს მოკლებული ცხოვრების უნარი ადამიანს თავისთავად არ ეძლევა ზრდასრულ ასაკთან ერთად. ასეთი უნარი მან უნდა შეიძინოს თანდათანობით, ნელ-ნელა, საკუთარი გამოცდილების გრძელი რიგით. ასეთი ცხოვრება, ისევე როგორც ყოველივე სხვა, ადამიანმა უნდა ისწავლოს. ამდენად, ესეც მშობელთა კიდევ ერთი მოვალეობაა - ამ მნიშვნელოვან საქმეშიც დაეხმარონ თავიანთ შვილებს. მათ ბავშვებს ამქვეყნად მოუწევთ ცხოვრება - ამ დიდ ცხოვრებისეულ ზღვაში. მათთვის აუცილებელი იქნება ადამიანთა რთული, ხშირად მეტად დახლართული ურთიერთობების ცოდნა და მშობლებმა წინდაწინ, ვიდრე ბავშვები ამ ცხოვრების ზღვაში შეცურავენ, უნდა შეასწავლონ მათ ყოველივე ეს. რა ფაქტორები ახდენენ გავლენას მეგობართა წრის შერჩევაზე, თავისთავად რა გავლენას ახდენს ეს წრე ადამიანის პიროვნული სულიერი ძალებისა და უნარის განვითარებაზე, როგორ უნდა გაირჩეს ჭეშმარიტი მეგობარი ფსევდომეგობრისაგან... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
- როგორ ხდება მეგობრის არჩევა?
- ფსიქოლოგები საგანგებოდ აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ ხშირად მეგობრის არჩევა ჩვენს იდეალებსა და შეხედულებებს სრულიად არ ითვალისწინებს. ზოგჯერ სავსებით უმნიშვნელო და შემთხვევითი ნიუანსები განსაზღვრავს ადამიანთა დამეგობრებას. მაგალითად, თუკი მასწავლებელმა ორი ბავშვი ერთსა და იმავე მერხთან გვერდიგვერდ დასვა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ მერე ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე განუყრელ მეგობრებად დარჩნენ; ან ჯარში ერთად იმსახურა ორმა ახალგაზრდამ და სხვ. ასეთი უნებური მოვლენები ზოგჯერ ადამიანებს ერთმანეთთან ქვეცნობიერად აკავშირებს. ასე რომ, ხშირად ყოველგვარი გაცნობიერებული არჩევანის გარეშე ადამიანები დედმამიშვილებივით შეეზრდებიან ხოლმე ერთმანეთს. ისევე როგორც, ვთქვათ, ტერიტორიული სიახლოვე, მეზობლობა და სხვა ფაქტორები განაპირობებს უფრო ღრმა ურთიერთობების წარმოქმნას. მაგრამ, ასეთი შემთხვევითი და უნებლიე მომენტების გარდა, როგორც წესი, არსებობს უფრო სხვა, ასე ვთქვათ, არაშემთხვევითი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ადამიანები ახლოვდებიან ერთმანეთთან. ერთ-ერთ ნაწარმოებში ილია ბრძანებს: "გულს გული იცნობს და ღონეს - ღონე, მენდე, გაგიყო ჭირი და ლხენა". ესეც ფაქტია, რომ ისეთი შინაგანი ნიუანსები, როგორიცაა, მაგალითად, ნებითი, ემოციური და გონებითი სფეროს სიახლოვე და მსგავსება, ძალზე ხშირად განსაზღვრავს ადამიანთა შორის ურთიერთმიზიდულობას.
- რთულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადაპტირებისათვის რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე ისწავლოს მეგობრული ურთიერთობები?
- ხშირად ბავშვების ამხანაგური ურთიერთობები ნაკლებად ჰგავს მათსავე ცხოვრებას საკუთარ მშობლებთან და და-ძმებთან ოჯახში. მშობლიურ სახლში ბავშვები უმწეო, სუსტ არსებათაგან ხშირად გადაიქცევიან ხოლმე ყოვლისშემძლე ტირანებად. მათთვის ზოგჯერ საკმარისია გაჭირვეულება, ასე ვთქვათ, ფეხების ბაკუნი და ღრიალი, რომ ზედმეტად მგრძნობიარე მშობლები მათ ყურმოჭრილ მონებად გადაიქცნენ. მაგრამ რასაც ასე ადვილად აღწევენ ბავშვები მშობელთა სახლში, იმას თითქმის ვერასოდეს იღებენ ამხანაგების, თანატოლების წრეში. ამ უკანასკნელთა შორის ისინი თვალნათლივ რწმუნდებიან იმ ჭეშმარიტებაში, რომ სხვათა დახმარებისა და სამსახურის იმედი მხოლოდ იმას შეიძლება ჰქონდეს, ვინც თვითონაც ყოველთვის მზად არის დაეხმაროს და ემსახუროს სხვებს; რომ დათმობითაც მხოლოდ იმას დაუთმობენ ხოლმე უფრო მეტი ხალისით, ვინც სხვა დროს თვითონაც არ ყოფილა უარზე, თავისი უფლებები შეეწირა სხვათა ინტერესებისთვის. ასე რომ, თანატოლთა წრეში ბავშვებს შეეძლებათ საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ სხვა აუცილებელ მოთხოვნასაც გაეცნონ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვათა სიტყვებიდან კი არ გაიგონ ეს, არამედ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებით. ამხანაგთა წრეში ყოფნა ბავშვებისთვის იმ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ დროს მათ შესაძლებლობა აქვთ სავსებით ბავშვურად იცხოვრონ, სწორედ იმ ცხოვრებით, რომელიც მხოლოდ მათი ასაკისთვის არის დამახასიათებელი. ამ გზით ბავშვებს გარკვეული თავისუფლება ენიჭებათ საკუთარი სულიერი ძალებისა და უნარის განვითარებისათვის.
- ცნობილი ფაქტია, რომ უფრო ადვილია მანკიერების გადადება, ვიდრე სათნოების გადაცემა. აქედან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანია, მშობლებმა იზრუნონ იმისათვის, რომ თავიანთ ბავშვებს გამოუძებნონ კარგი წრე ურთიერთობისათვის, რათა მათ ჰქონდეთ კეთილი მაგალითი მისაბაძად?
- ცნობილია ისიც, რომ ცუდი ჩვევებისა და აღზრდის მქონე ბავშვები ყველანაირად ცდილობენ თავიანთი ნეგატიური თვისებები ამხანაგებსაც გადასდონ და დაიმსგავსონ ისინი. საკუთარი მანკიერებების სხვებისთვის გადაცემა მათ იმიტომ სურთ, რომ სირცხვილი აიცილონ თავიდან, რადგან როდესაც გარშემო ყველა მანკიერია, სასირცხვილოც თითქოს არაფერია. ამ მიზნით ეს წახდენილი მოზარდები სასაცილოდ იგდებენ ყოველივე ამაღლებულსა და წმინდას, ხოლო საკუთარი უპატიო, ცუდი საქციელის შემთხვევებს საამაყო საქციელად წარმოაჩენენ. ისინი გატაცებით უყვებიან თანატოლებს თავიანთ სამარცხვინო საქმეებს, უზნეო, გარყვნილ წარმატებებსა და გამარჯვებებს თავმოსაწონ გმირობად უსახავენ, რომელსაც უსათუოდ უნდა მიბაძოს ყველამ. ასე იღვრება დამღუპველი შხამი ბავშვების ჯერ კიდევ განუმტკიცებელ, კეთილ გულებში.
ამასთან დაკავშირებით წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "როგორადაც სხეული იღუპება დასნებოვნებული ჰაერისაგან გაჩენილი ავადმყოფობით, ზუსტად ასევე ხშირად ადამიანის სულიც დიდ ზიანს განიცდის მანკიერ ადამიანებთან ურთიერთობისაგან". როგორც მწარე ხეზე დამყნობილი ტკბილი ნაყოფი იღებს საძირის გემოს, ასევე უზნეო ამხანაგებთან დამეგობრებული ბავშვი თითქმის ყველა შემთხვევაში დასნეულდება ხოლმე მათი ნაკლოვანებებით.
- ეს საკუთარ თავზე გამოუცდია ეკლესიის ზოგიერთ მამასა და მოძღვარს, ამიტომაც მათი მაგალითები განსაკუთრებით ღირებულია ჩვენთვის...
- მაგალითად, ამის შესახებ მოგვითხრობს ნეტარი ავგუსტინე: "მე ისეთ სიბრმავეში დავეხეტებოდი, რომ მრცხვენოდა იმდენი უსირცხვილობის არქონა, რამდენიც ჩემს ამხანაგებს ჰქონდათ. დღითი დღე სულ უფრო ბიწიერი ვხდებოდი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი პატიოსნების გამო სასაცილოდ არ ავეგდე და მათ თვალში უპატიო არ გამოვჩენილიყავი. ღმერთო ჩემო! შენ ხედავდი, თუ რა უსირცხვილობით და სიამოვნებით დავდიოდი ბაბილონის ქუჩებში და როგორ ვტკბებოდი მის ტალახში გორაობით, თითქოს ეს უძვირფასესი ბალზამი ყოფილიყოს. უხილავი მტერი ფეხით მთელავდა და თავის ნებაზე მატარებდა, რადგან მე, საწყალობელი, ყველგან სიხარულით მივყვებოდი მას". რა იყო ასეთი ზნეობრივი დაცემის მიზეზი ამ შემდგომში დიდი ადამიანისა? - ამ კითხვაზე თვით ნეტარი ავგუსტინე მოგვიგებს: "ჰოი, მტრულო მეგობრობავ! შენ იმდენად განრყვნი ახალგაზრდა ადამიანთა გულებს, რომ ისინი ხშირად ყოველგვარი გამორჩენის გარეშე და არც იმისთვის, რომ ვინმეს ზიანი მიაყენონ, ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე, მხოლოდ თავშესაქცევად და ხუმრობისათვის სჩადიან ბოროტებას! ხდებოდა ხოლმე - იტყოდნენ ამხანაგები, წამო ჩვენთან ერთად, ესა და ეს გავაკეთოთო, და მეც მივყვებოდი და სულაც არ მრცხვენოდა ყველა იმ უჯერო საქციელის ჩადენისა".
თუკი არ გვაქვს მეგობრების უკეთურებების გამოსწორების ძალა, მაშინ ჯობია მოვშორდეთ მათ, რათა მათი ბიწიერების თანამოზიარენი არ გავხდეთ. წმინდა ანტონი დიდი გვასწავლის: დასვრილსამოსიანნი იმათაც სვრიან, ვინც მათ შეეხება; ზუსტად ასევე ბოროტი ნებელობისა და უჯერო საქციელის ადამიანებიც, როცა ურთიერთობა აქვთ შეურყვნელებთან და უგვან საქმეებზე ელაპარაკებიან მათ, ლაფში სვრიან მათ სულებს სასმენელთა მეშვეობით. "ნუ გაერთობი უსწავლელთან (ანუ უზრდელთან), რათა არ შეურაცხყო შენი წინაპრები", ანუ შენი მშობლები, ხოლო პირველ რიგში, თვით საკუთარი თავი, - შეგვაგონებს ისუ ზირაქი (8,4). სოლომონ ბრძენი კი ასე გვმოძღვრავს: "ნუ ექმნები მოყუას კაცსა გულმწყრალსა, და მეგობარსა მრისხანესა ნუ თანა-ექცევი, ნუუკუე ისწავენ გზანი მისნი და მიიღო მახე სულისა შენისა" (იგავ. 22,24-25).
- ჩვენი ეპოქა ტოტალური გაუცხოებით, როგორც პოეტი ნიკო სამადაშვილი იტყოდა, "დიდი უმეგობრობით" არის აღბეჭდილი. რას ნიშნავს გულწრფელი და წმინდა მეგობრობა?
- ნათქვამია, მეგობარი ჭირში იცნობაო. მეგობრისაგან ადამიანი მატერიალურ დახმარებაზე მეტად სულიერ შეწევნას, თბილ სიტყვას, გამხნევებას, იმედის მიცემას, კეთილ რჩევას საჭიროებს. სამწუხაროდ, ჩვენს დღევანდელობაში შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ადამიანები უფრო ნაკლებად ყურადღებიანნი, გულგრილნი გავხდით ერთმანეთის მიმართ. თითქოსდა იმდენად დავიღალეთ ამ დათრგუნული ცხოვრებით, რომ სხვის დასახმარებლად, სანუგეშოდ ძალა და ენერგია არ გვყოფნის. ვფიქრობთ, რომ საკუთარი თავი გაგვჭირვებია და შევძლებთ კი დამატებით სხვისი სატკივარის, დარდის, ვარამის ტვირთვას?! ერთმანეთის ტკივილისადმი, გაჭირვებისადმი გაგულგრილებას ხელი შეუწყო აწმყოთი მოტანილმა ცხოვრების წესმაც. როცა ტელეფონით კი არ მოიკითხავ, არამედ მიხვალ და ისე გაიგებ მეგობრის ამბავს, ასეთ დროს უფრო მეტად ეხები მის ცხოვრებას, იმსჭვალები თანაგრძნობით, სხვაგვარად გითბება გული და ითავისებ მის ვარამს. ტელევიზორი და კომპიუტერიც გარკვეულწილად ხელს უწყობენ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვას და ადამიანთა შორის ცოცხალი და ჯანსაღი ურთიერთობების რღვევას.
- არსებობს გამოთქმა: მეგობარი არის ის, ვინც ხედავს მეორე ადამიანის სულის სილამაზეს, მაგრამ ისიც ხომ ნათქვამია: მოყვარეს პირში უძრახეო. რამდენად შეადგენს ჭეშმარიტი მეგობრობის აუცილებელ თვისებას ჯანსაღი მხილება?
- ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ჭეშმარიტი მეგობარი არის ღმერთის ხელში ინსტრუმენტი. იგი გვამხელს უკეთურებისათვის და ამ გზით გვიცავს საკუთარი თავისაგან, გვიფარავს ბოროტი საქმეებისაგან. პირმოთნეობა, მლიქვნელობა ჭეშმარიტ მეგობარს არ ახასიათებს. მეგობრები ასე თუ ისე კარგად იცნობენ ჩვენს პიროვნულ თვისებებს, ფსიქიკურ სამყაროს და ინდივიდუალურ თავისებურებებს, ამიტომ მათ შეუძლიათ საჭირო მომენტში სწორი რჩევის მოცემა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სიფრთხილისა და წინდახედულების გამოჩენა. მეგობრისგან მხილება არ არის საწყენი, რადგანაც იგი კეთილშობილურ მიზანს ემსახურება და ურთიერთნდობა-სიყვარულზეა დაფუძნებული. ამის შესახებ არქიმანდრიტი რაფაელი წერს: "არსებობს სამი მიზეზი, რომლებიც ამართლებს მხილებას ქრისტიანული პოზიციიდან. პირველი ორი დამყარებულია მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე. ყოველი საზოგადოება წარმოადგენს სტრუქტურათა შესაკრებელს - ოჯახიდან სახელმწიფომდე. ყოველი სტრუქტურა ემორჩილება იერარქიულ წესრიგს. ამგვარ სტრუქტურაში პასუხისმგებელ ადამიანს აქვს იმათი მხილების უფლება, ვინც იმყოფება მის დაქვემდებარებაში; ეს არის ხელმძღვანელი პირის უფლება. მხილების მეორე სახეობა მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე დამყარებული - გახლავთ მშობლის ვალი შვილების აღზრდაში, სადაც მხილება წარმოადგენს პედაგოგიკის ერთ-ერთ მეთოდს. აქვე უნდა აღინიშნოს აგრეთვე მღვდელმსახურთა მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესახებაც, მრევლის ცოდვების სამხილებლად. მხილების სხვა სახეობა თვისებრივად განსხვავდება უკვე განხილულთაგან, ეს არის ძმური, მეგობრული მხილება, რომელიც ემყარება არა იმდენად მოვალეობის გრძნობას, რამდენადაც სინდისისმიერ შინაგან მოთხოვნილებას. ეს უკანასკნელი დაფუძნებულია მხოლოდ ზნეობრივ ფაქტორზე და მოკლებულია ძალაუფლებისა და იურიდიული სამართლის გარეგნულ ნიშნებს". ასე რომ, მხილება ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი ეფუძნება სიყვარულის გრძნობას და მიმართულია პიროვნების ზნეობრივი ნაკლის გამოსწორებისაკენ. ღვთის გარეშე მეგობრობას ნაყოფი არ მოაქვს, რადგან, როგორც უფალი ამბობს: "რომელი დაადგრეს ჩემთანა და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი. რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიძს ყოფად არცა ერთი" (იოანე 15,5).
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი