მშობლების ფენომენი იმდენად ღრმა შინაარსის მატარებელია, რომ სიტყვები უძლურია მის გამოსახატავად. როგორც წმინდა ილია მართალი ამბობს, ამ გრძნობას "თვალი გულისაღა და ყური გულისაღა თუ ჩასწვდება.
ხორციელი ხედვა და ხორციელი სმენა ამისათვის უღონოა". გვესაუბრება ფსიქოლოგი, სასულიერო აკადემიის პედაგოგი დავით ციცქიშვილი.
- რას გულისხმობს მცნება მშობლების პატივისცემის შესახებ და ფსიქოლოგიურად რა შედეგები მოაქვს ამ მცნების დარღვევას?
- მშობლების პატივისცემა გულისხმობს მათ მორჩილებას. მშობლები არც სიტყვით და არც ქცევით არ უნდა შეურაცხვყოთ; უნდა ვიზრუნოთ მათზე, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და სიბერის ჟამს; უნდა ვილოცოთ მათთვის, როგორც სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგ. მშობლებს პატივს მიაგებს არა მხოლოდ ადამიანი, არამედ მწერიც კი. მაგალითად, ფუტკრები დედას მაშინაც კი არ ტოვებენ, როდესაც იგი იმდენად დაუძლურებულია, რომ სკის ფსკერზე ეშვება. ყოველნაირად ცდილობენ, დედა ზემოთ აიყვანონ და თუკი მას ფსკერიდან თავის დაღწევა არ შეუძლია, რამდენიმე ფუტკარი მასთან რჩება და ავადმყოფის კვებასა და გათბობაზე ზრუნავს. ფუტკრები დედას სიკვდილის დროსაც არ ტოვებენ, ფრთებს აქნევენ, თითქოს მისი გაცოცხლება სურთ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყოველგვარი მცდელობის ამაოებას დაინახავენ, საწყალობელი ბზუილით ტოვებენ. ვფიქრობ, ეს ძალიან ამაღელვებელი მაგალითია იმისა, რომ დავინახოთ, თუ როგორ სცემენ პატივს მშობლებს უფლის მიერ შექმნილ სამყაროში. და რაოდენ სამწუხაროა, რომ ხშირად ვხვდებით ადამიანთა გულგრილობას მშობლების მიმართ. ერთ შემთხვევას გავიხსენებ. ერთი კარგა ხნის გარდაცვლილთა საფლავი ეკალ-ბარდით იყო დაფარული. ვიფიქრე, ამათი შვილები ხომ ცოცხლები არიან, წელიწადში თუნდაც ერთხელ მაინც მოვიდნენ და გაწმინდონ ეს საფლავი. განა შეიძლება ასეთი შვილების ცხოვრება ბედნიერი იყოს, მათ ოჯახებს წყალობა და კურთხევა ჰქონდეს, როდესაც ასეთ უპატივცემულობას იჩენენ მშობლების მიმართ-მეთქი.
- დიახ, სამწუხაროდ, შვილები ხშირად იჩენენ მშობლების მიმართ გულგრილობას, უპატივცემულობასა და უმადურობას - მოხუცთა თავშესაფრებშიც კი აბარებენ. ამ მცნების დარღვევის შედეგს ქართული ხალხური სიბრძნე მკაფიოდ და ლაკონურად გამოხატავს: "მიტომაც წუთისოფელი სულ მუდამ გვაცოდვილებსა".
- როდესაც შვილებისა და მშობლების დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, თუ რა ამაგი მიუძღვით მშობლებს შვილების მიმართ. გამონათქვამი "ხელის გულზე ერბო კვერცხიც რომ შეიწვა, მშობლების ამაგს მაინც ვერ გადაიხდიო" ხშირად სათანადოდ არ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მამა პაისი ათონელი წერს, რომ ბევრი უკმაყოფილებას გამოთქვამს მოხუცების უცნაურობასა და მძიმე ხასიათზე. მაგრამ ავიწყდებათ თავიანთი ბავშვობის დროინდელი უცნაურობები და ცელქობანი, სიჯიუტე და ჭირვეულობა, რითაც ხშირად აწუხებდნენ უფროსებს. მამა პაისი წერს, - ღმერთი ამას იმიტომ უშვებს, რომ მოხუცების მოვლით, შეჭირვების მოთმენით ვალი გადაიხადონ იმ სიძნელეებისათვის, რომლებსაც სხვებს უქმნიდნენ. იმ ტანჯვის მიზეზი, რომელსაც ეს ხალხი განიცდის, უმეტესწილად არის ის, რომ მშობლები მათზე განაწყენებულნი არიან. მათი ოჯახები ხშირად იმის გამო იტანჯებიან, რომ არ ზრუნავენ ხანშიშესულ მშობლებზე. მამა პაისი ამბობს: განა შეიძლება ღვთის კურთხევა გადმოვიდეს ისეთ ოჯახში გაზრდილ შვილებზე, სადაც უბედურ მოხუცებს არ აძლევენ შვილიშვილებით გახარების საშუალებას, მოხუცებულთა თავშესაფრებში მიაქანებენ, მათ ქონებას კი თვითონ იტოვებენო. ერთხელ ერთმა ქალმა, რომელსაც ოთხი დაცოლშვილებული ვაჟი ჰყავდა და ერთი წელი არ ენახა ისინი, მამა პაისის სთხოვა: ილოცეთ, რომ სიზმარში მაინც ვნახო შვილიშვილებიო. არ შეიძლება ასეთ ოჯახებში ღვთის წყალობა და კურთხევა იყოს.
- ნოეს მაგალითიც კმარა იმის დასტურად, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშობლის დალოცვასა და კურთხევას, რაც ხშირად განსაზღვრავს ხოლმე ადამიანის ცხოვრებას...
- ერთხელ მამა პაისის ერთმა აცრემლებულმა კაცმა შესჩივლა: მამაო, დედამ დამწყევლა და მას შემდეგ ჩემს ოჯახს ავადმყოფობა არ მოშორებია, სამსახურშიც სულ განსაცდელი მაქვსო. მამა პაისიმ ურჩია, მიდი დედასთან, შეურიგდი და დალოცვა სთხოვეო. მართლაც, ამის შემდეგ მის ოჯახში ყველაფერი მოწესრიგდა. იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც მშობლების ამაგს არ აფასებენ და დაუნდობელნი არიან მათ მიმართ, არ შეიძლება წარიმართოს ნაყოფიერად და ღვთაებრივი კურთხევით. დიდ შეცდომებს ვუშვებთ ამ მიმართულებით. შეუწყანარებელნი ვართ მშობლების ნაკლოვანებებისა და შეცდომების მიმართ. არადა რა დიდი სიფრთხილე გვმართებს მათთან ურთიერთობაში. როდესაც მშობელი მიდის ამ ქვეყნიდან, ჩნდება სინანულის განცდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდასულს ვეღარ დაიბრუნებ. სულიერი ცხოვრების კანონია: შემცოდეს იგივე ცოდვა სხვისგან ბუმერანგივით უბრუნდება. ადვილი შესაძლებელია, უფალმა დაუშვას, რომ სასტიკ და გულგრილ შვილებს მათი შთამომავლობა ასევე მოექცეს. იქნებ ამით იგრძნონ და გააცნობიერონ თავიანთი დანაშაული მშობლების მიმართ.
- ზოგჯერ მშობელი არ იმსახურებს პატივისცემას, უღირსი ცხოვრების წესით ცუდ მაგალითს აჩვენებს შვილებს, არცხვენს მათ და უმძიმებს ცხოვრებას. მართლაც ძნელია, ასეთი მშობელი გიყვარდეს, არადა მცნება გვავალებს.
- ამ შემთხვევაშიც და საერთოდ მართლმადიდებლურ ცხოვრებაში ხშირად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ძალდატანებას, რომელიც სულაც არ გულისხმობს გრძნობების ხელოვნურად გამოწვევას. მაგალითად, აღსარებაზე მისულს ზოგჯერ არა აქვს შესაბამისი სინანულის განწყობა. ამ დროს არ არის საჭირო ხელოვნურად განცდების გამოწვევა. შენ უნდა იყო ის, რაც ხარ. ჩვენი უძლურებისა და მოუმწიფებლობის გამო ხშირად უფალი მშრალად ნათქვამ ცოდვების ჩამონათვალსაც იწირავს. დიდი სინანული, უფლის წყალობით, სულიერების ზრდის შესაბამისად მოდის და ამას დამსახურება უნდა. როცა მშობელი უღირსად ცხოვრობს, ეს ხშირად სამართლიანად აღიზიანებს შვილს. ძნელია გიყვარდეს ისეთი მშობელი, რომელიც სასტიკად ექცევა ოჯახს, აწიოკებს, შვილებს ყურადღებას არ აქცევს. საამისო ძალა ბევრს არ შესწევს და მე მგონი, გაუმართლებელიც კია სიყვარულისა და რაიმე თბილი გრძნობის ხელოვნურად გამოწვევა, მაგრამ ის კი მაინც ხელეწიფება ადამიანს, რომ, თუნდაც გარეგნულად, ნაკლებად შეურაცხყოს ასეთი მშობელი, ნაკლებად გააქილიკოს და გაასამართლოს. შეიძლება დიდ სიცრუეს გრძნობდე შინაგანად, მაგრამ თუ ეკლესიაში დადიხარ და იცი, რომ განკითხვა ცოდვაა, მაშინ შეეცდები თავის შეკავებას, შეეცდები, სხვაგვარად შეხედო ამას და უფრო მიმტევებელი გახდე მშობლების მიმართ, თუნდაც არ იმსახურებდნენ სიყვარულს, პატივისცემას და ა.შ. უფალი ამბობს: გიყვარდეს მტერი შენიო. მტრისა და უღირსი ადამიანის სიყვარულს რომ მიაღწიო, ამას სჭირდება ეკლესიური, სულიერი გზის დიდი მონაკვეთის გავლა. მაგრამ საწყის ეტაპზე, მოუმწიფებელ მდგომარეობაში, უნდა ვიფიქროთ, ჩვენი მწირი ძალებიდან გამომდინარე რისი გაკეთება ძალგვიძს. შეიძლება შინაგანად ვერ ვგრძნობდეთ სიყვარულსა და პატივისცემას უღირსი მშობლების მიმართ, მაგრამ იმას მაინც უნდა ვეცადოთ, ნაკლებად განვიკითხოთ და შევევედროთ უფალს, რომ მოგვანიჭოს მიტევების უნარი, გაგვითბოს გულები მათ მიმართ და მოგვცეს სიყვარული, რომელიც ქვეცნობიერად და გენეტიკურად ისედაც არის ადამიანში, რადგან ხშირად, როდესაც ასეთი მშობელი დიდ გასაჭირსა და განსაცდელში ჩავარდება, შვილის სულში რაღაც სხვა სიმები შეირხევა ხოლმე. ასეთ დროს, ცხადია, იცვლება დამოკიდებულება და გულგრილობაც ქრება...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი