გვესაუბრება სასულიერო აკადემიის ლექტორი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.
- რას გულისხმობს უფლის მცნება ცილისწამების შესახებ და ფსიქოლოგიურად რა შედეგები მოაქვს მის დარღვევას ადამიანისთვის?
- ეს მცნება მოითხოვს, არ ვთქვათ სიცრუე მოყვასის შესახებ, რა სახითაც არ უნდა იყოს ეს - სასამართლოზე, პირში თუ პირს უკან. ეს მცნება იმასაც გულისხმობს, რომ დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ ვისიმე ნაკლოვანებებზე საუბრისას. სახარებისეული სიბრძნეა - ხშირად სხვის თვალში წვლილს ვხედავთ, საკუთარში კი დირესაც ვერ ვამჩნევთ.
რაც შეეხება ათ მცნებას, რომელიც უფალმა მოსეს გაუმჟღავნა: მრავალ ჩვენგანს, მორწმუნეებსაც კი, სულის სიღრმეში მაინც ურწმუნოება აფორიაქებს. ვფიქრობთ: მართლა ასეა? მართლა მკაცრად სჯის უფალი ამ მცნებების დამრღვევს? მართლა მოგვკითხავს პასუხს? ეს ადამიანის ცნობიერების ვერაგობაა. ათ მცნებას თითქოს ვენდობით, მაგრამ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რომ მათი დარღვევისთვის დავისჯებით.
ცილისწამების ფენომენის მიმართ მიდგომა სხვადასხვაგვარია საერო თვალსაზრისით და სულიერი თვალსაზრისით. ჩვეულებრივი ერისკაცი ცილისწამებასა და უსამართლო კიცხვას მტკივნეულად აღიქვამს, ფიქრობს, რატომ გაწირა ღმერთმა ასე, რატომ არის ცხოვრება ესოდენ უსამართლო. ეს ადამიანური მიდგომაა, რომელიც სავსებით გასაგებია. მაგრამ სულ სხვა პოზიციაზე დგას დიდი სულიერების მქონე კაცი. ქრისტეს სახელისთვის ის ყველაფერს ითმენს, რაკი ეს ყოველივე სულისთვის დიდი ნაყოფის მომტანია. თუკი უსამართლობას უდრტვინველად დავითმენთ, ამით ღვთის კურთხევას მივიღებთ. სხვა მაგალითიც მოჰყავს მამა პაისის: "ვთქვათ, ვინმემ უსამართლოდ გამარტყა ხელი. ვამბობ: დიდება შენდა, უფალო! ამ გზით, ვინ იცის, რომელიმე ცოდვისგან გავთავისუფლდე! ოდესღაც ხომ მეც ამიწევია ხელი ვიღაცაზე. ან კიდევ, უსამართლოდ გამლანძღეს. მაინც ვადიდებ უფალს და ვიღებ ამას იმ სიყვარულის გამო, რომელიც უფალმა კაცობრიობის მიმართ გამოამჟღავნა". აქ ჩვენ საქმე გვაქვს სულიერ თვალთახედვასთან. მათ კი, ვინც ნაკლები სულიერების მდგომარეობაში იმყოფება, ცილისწამების მიღება ძალიან უჭირთ.
- ცილისწამების ერთ-ერთი გამოვლენაა განკითხვა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ადამიანთა ნაკლოვანებებზე, ვამხელთ მათ, მაგრამ სინამდვილეში ხომ მხოლოდ უფალმა უწყის ყველა ჩვენგანის ჭეშმარიტი ნაკლოვანებაც და ღირსებაც?
- სახარება გვასწავლის: "რომელითა განკითხვითა განიკითხავდეთ, მითვე განიკითხნეთ". უფლის დაშვებით, ხშირად თვითონვე ვვარდებით იმ ცოდვაში, რომლის გამოც სხვა განვიკითხეთ, რათა უფრო ლმობიერნი და შემწყნარებელნი გავხდეთ და თავი დავაღწიოთ იმ ქედმაღლობასა და ამპარტავნებას, რომელიც ხშირად სხვისი განკითხვის საფუძველია. იგივე შეიძლება ითქვას მხილების შესახებ. მხილება სხვადასხვა შინაარსის მატარებელი შეიძლება იყოს. ქრისტიანული კუთხით, განასხვავებენ მხილებას, რომელიც დასაშვებია და მხილებას, რომელიც საშიშია თავისი შინაარსით. მაგალითად, დასაშვებია მხილება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი რაიმე დაწესებულების ხელმძღვანელია. ამ დროს მას უფლება აქვს, ამხილოს და შენიშვნა მისცეს ხელქვეითებს. დასაშვებია მხილებაც, როცა მშობლები ნაკლოვანებებზე მიუთითებენ შვილებს. ეკლესიურად გამართლებულია აგრეთვე მხილება სასულიერო პირისგან, როცა ის მრევლს ამხელს. ცხადია, არის შემთხვევები, როცა მღვდელი მეტისმეტად მკაცრად ამხელს თავის სულიერ შვილებს, მეტისმეტს მოითხოვს მათგან, მაგრამ ზოგადად ასეთი მხილება მაინც დასაშვებია. გარდა ამისა, არსებობს ძმური მხილებაც, როდესაც გვსურს, მოყვასს ნაკლოვანებებზე, სუსტ მხარეზე, ცოდვაზე მივუთითოთ. ცუდი ის არის, რომ ამას ხშირად ქედმაღლურად, უხეშად, მრისხანედ ვაკეთებთ. ეს ხშირად ჩვენი პატივმოყვარეობის გამოვლინებაა. ამ შემთხვევაში წინ ჩვენივე საკუთარი მე წამოიწევს - აქაოდა, იმდენად სულიერი ვარ და იმდენი მესმის, რომ შემიძლია, სხვა ვამხილო და გამოსწორებისკენ ვუბიძგოო. სინამდვილეში კი ეს ჩვენი ვნებების გამოვლინებაა. ასეთ შემთხვევაში ბრალმდებლისა და მოსამართლის ტონი მიუღებელია. პირიქით, უნდა ვისწრაფოდეთ, რაც შეიძლება ლმობიერად მოვექცეთ მოყვასს. შევთხოვოთ უფალს, სიყვარული მოგვანიჭოს იმ ადამიანის მიმართ, გაუხსნას მას გონება, რათა მან ჩვენი ნათქვამი გააცნობიეროს.
- ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორი გახდება მომავალში ის ადამიანი, რომელიც განვიკითხეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთგვარად ცილი დავწამეთ?
- მაცხოვარი ამბობს, მეზვერეები და მემრუშეები თქვენზე წინ შევლენო სასუფეველში. ასეც მოხდა - სამოთხეში პირველად ავაზაკი შევიდა. ცოდვას ერთი კარგი მხარეც აქვს - ის ადამიანს ამდაბლებს, სინანულში აგდებს. მამა პაისი ამბობს, რომ ცუდად აქვთ საქმე მათ, ვისაც ჰგონია, რომ მართალია და სხვას განიკითხავს. ამ შემთხვევაში მათ ამპარტავნება სძლევთ, ვერ გრძნობენ, რომ უფლის შეწევნა სჭირდებათ და, აქედან გამომდინარე, საკუთარ თავს ართმევენ მადლს. ხშირად ადამიანური, მწირი გონებრივი შესაძლებლობები არ გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ ადამიანში დაფარული სათნოება, გავნჭვრიტოთ მისი მომავალი გზა. უამრავი ცოდვილი აღკვეცილა მონაზვნად, დაუწყია სულიერი ცხოვრება და ამ სარბიელზე დიდი წარმატებისთვისაც მიუღწევია, მათში კი, ვინც გარეგნულად თითქოს არ სცოდავს, ისეთი ვნებები ბობოქრობს, რომ საშიშია მათი ყოფა. ხშირად ცოდვით დაცემა დასაწყისია ჩვენი სულიერი აღმავლობისა. ცოდვით დაცემა ისეთი ფონია, რომელიც ადამიანის მთელ ცხოვრებას გასდევს და გაამპარტავნების საშუალებას არ აძლევს, სიმდაბლეს ანიჭებს, ათავისუფლებს სიამაყისგან.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი