მიმდინარეობს საზოგადოების ტვინის გამორეცხვა და მასში მათთვის სასურველი ინფორმაციის ჩადება
ჩვენი დროის უმწვავესი პრობლემების განხილვისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში ბრძანებს:
"მეტად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ცოდვითი მიდრეკილებები უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვს ჩვენს ყოფაში. ცოდვა, როგორც ხორცმეტი, ადამისა და ევას დაცემიდან მოყოლებული, მუდამ არსებობდა, მაგრამ ადამიანს ჰქონდა სინანულიც. სულშეძრული დავით წინასწარმეტყველი ასე წარმოაჩენს ამ მდგომარეობას: "ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის". დღეს კი ცოდვა ცოდვად აღარ მიიჩნევა და იგი ლამის ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად წარმოგვიდგინონ. ამ აზრს, რომლის დამკვიდრებასაც უცხოეთში უკვე კარგა ხანია ცდილობენ, ჩვენთანაც ეძლევა გასაქანი. ცოტა ხნის წინ უცხოური სერიალებით დაიწყეს ხალხის ცნობიერების გადაგვარება, ახლა კი ჩვენი მოქალაქენი გამოჰყავთ უზნეობის დემონსტრირებისთვის. ცოდვის საკუთარ თავში მიღებითა და შეთვისებით ადამიანს სრული გამოფიტვა ემუქრება. ამაზე კი პასუხს აგებს ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ამისკენ უბიძგებს ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს. მაცხოვარი ბრძანებს: "ვაი მის კაცისა, რომლისგან მოვიდეს საცდური" (მთ. 18,7). "მისთვის აჯობებდა, წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ" (მთ. 18,6). ასევე საშინელია სხვა მომაკვდინებელი ცოდვებით დამძიმებული ადამიანის ხვედრიც. შეუძლებელია და შეუთავსებელია, იყო ქრისტიანი და ამავე დროს ნარკომანი, ქრისტიანი და ლოთი, ქრისტიანი და მრუში, ქრისტიანი და ქურდი... ამგვარ საქმეთა მოქმედნი თავს ნუ მოიტყუებენ და ნუ ინუგეშებენ, - ისინი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ". წმინდა პაისი ათონელიც ბრძანებს, რომ დღეს ცოდვა მოდაში შემოვიდა. დღესდღეობით ცხონების გზაზე ძალიან დიდ დაბრკოლებად იქცა ტელევიზორი. ცისფერი ეკრანის უარყოფითი გავლენა ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ურთულესი და უმთავრესი პრობლემაა. ადრინდელი ადამიანები ამისგან თავისუფალნი იყვნენ, დღეს კი რას ვხედავთ, "ასობით მილიონ ტელემაყურებელს, შინ რბილ დივანზე მოხერხებულად, უდარდელად მოკალათებულს, მიზანდასახულად, დაჟინებით, ჩამციებლური შთაგონებით გარკვეულ შეხედულებასა და გემოვნებას რეგულარულად კარნახობს ტელევიზორი. იგი ყოველგვარი ოკულტიზმის გარეშეც უდიდეს ჯადოქრად გადაიქცევა, რომელსაც ძალუძს ხალხთა ეს უსაზღვრო ოკეანე ძლიერი ზეგავლენის ქვეშ მოიქციოს. ყოველივე ამის მსხვერპლი დამოუკიდებელი აზროვნების შესაძლებლობას კარგავს, უუნარო ხდება იმისთვის, რომ მართალი ცხოვრებით შემოწმებული საკუთარი გამოცდილებით განსაზღვროს საგანთა ნამდვილი ფასი, იპოვოს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი ბილიკი, "ვიწრო კარიბჭე". ამგვარი მასობრივი ჰიპნოზით ყალიბდება ადამიან-რობოტთა ერთფეროვანი ბრბო სტერეოტიპული აზროვნებით, გემოვნებით, გაგებით, საქციელითა და პრიმიტიული რაციონალისტური მსოფლმხედველობით" (არქიმანდრიტი ლაზარე).
დღევანდელი სატელევიზიო გადაცემების უმრავლესობა უცხოური შოუებია, რითაც ჩვენი ერი ეცნობა და ეზიარება სხვა "კულტურის" ფასეულობებს, ცხოვრების წესს, აზრებსა და ქცევებს. ეს ყოველივე გარკვეულ სულიერ ბაზას შეიცავს და ახდენს ადამიანთა კოდირებას. მართლმადიდებელი ქრისტიანი ადვილად ამოიცნობს, თუ რა სახის ფასეულობებსა და წარმოდგენებს ახვევენ თავს ჩვენს საზოგადოებას ამ გადაცემების მესვეურები. როგორც წმინდა პაისი ათონელი ბრძანებს, ტელევიზიის საშუალებით ვიღაც-ვიღაცებს სურთ, გამოაშტერონ სამყარო, განსაკუთრებით ბავშვები. ბავშვების გონება აღარ მუშაობს. ისინი მხოლოდ იმეორებენ იმას, რაც მოისმინეს და ნახეს.
სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რა საშიშროებას შეიცავენ დღევანდელი სატელევიზიო გადაცემები, რა იდეოლოგიას ემყარებიან და რა მიზანს ემსახურებიან; რას თესავენ და აღვივებენ ისინი ტელემაყურებელში და როგორ გავუმკლავდეთ მათ უარყოფით, ხშირ შემთხვევაში კი დამღუპველ ზეგავლენას, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მართლმადიდებელი ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
- დამკვიდრდა შეხედულება, რომ ბოროტება, აგრესია, დანაშაული, ფსიქიკური აშლილობანი, სულიერი ავადმყოფობები და სტრესები იმიტომ გახშირდა, რომ ხალხი თრგუნავს თავის "ბუნებრივ" მოთხოვნილებებს, გულისთქმებს, ჟინს. ამიტომაც, მათი აზრით, საჭიროა მეტი თავისუფლება და გასაქანი მიეცეს ქვეცნობიერში არსებულ მიდრეკილებებს, რომელთა განმუხტვაში ადამიანს დიდწილად ტელევიზიაც ეხმარება. ვნებების ალაგმვა მავანთ პიროვნული თავისუფლების შეზღუდვად მიაჩნიათ. რას იტყვით დღევანდელ გადაცემებზე, რამდენად ემსახურება დღეს ტელევიზია ამ პროპაგანდის გაღვივებას?
- თავისთავად ტელევიზია კი არ არის ბოროტება, არამედ ბოროტებაა ის პროგრამები და მიმართულება, რომლითაც მას წარმართავენ. თითქმის ყველა გადაცემა რატომღაც უცხოეთიდან გადმომღერებულია. მათი მესვეურები ცდილობენ, მოერგონ დასავლურ კრიტერიუმებს. ესეც ემსახურება იმას, რომ საქართველო ჩაჯდეს იმ ყალიბში, რომელშიც არის მოქცეული ამერიკა და ევროპა. კარგად დავაკვირდეთ რეალურ სიტუაციას და ვიკითხოთ: რა იდეოლოგიურ ფუნდამენტზე დგანან ეს ქვეყნები და რაზე უნდა ვიდგეთ ჩვენ? ქართველმა ხალხმა, უძველესი დროიდან მოყოლებული, გააკეთა თავისი ისტორიული არჩევანი - მსოფლმხედველობის, აზროვნებისა და ცხოვრების წესად მართლმადიდებლობა აირჩია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ამ იდეოლოგიურ საფუძველს უნდა ემყარებოდეს. ავიღოთ თუნდაც ფროიდული საწყისი. ფროიდის მიხედვით, ადამიანი უნდა განთავისუფლდეს კომპლექსებისგან და იმ ღირებულებებისაგან, რომელიც მას აქვს ამა თუ იმ იდეოლოგიის პირობებში. მაგალითად, ჟურნალ "პლეიბოის" დაარსებით მსოფლიოში მოხდა უკვე მესამე სექსუალური რევოლუცია, რომელმაც მოიტანა პირობითი თავისუფლება, თორემ ვინ და როგორ არის თავისუფალი, ეს ეკლესიამ შესანიშნავად იცის. ადამიანი ათი მცნების შიგნითაც შეიძლება იყოს თავისუფალი და მის გარეთაც, ოღონდ, რაღა თქმა უნდა, მთავარია, რა მიმართულებით და რა კუთხით. დასავლური სატელევიზიო გადაცემები ხშირად ემსახურება ადამიანის განთავისუფლებას იმ ზნეობრიობისაგან, რაზეც დგას მართლმადიდებლობა. თუ გვინდა ამ გადაცემების შემოტანა და მათში გამოხატული სულისკვეთების შეთვისება, პირველ რიგში, უნდა დავთმოთ მართლმადიდებლობა და გავათავისუფლოთ ადამიანი ყოველგვარი ზნეობრივი ღირებულებებისაგან.
სად არის ადამიანური დამოკიდებულება იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებასთან, რომლის მიხედვითაც, როგორც იეროთეოს ვლახოსი ბრძანებს, უნდა ვცხოვრობდეთ, ვარსებობდეთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველში დამკვიდრებას? დასავლეთში ადამიანი ცხოვრობს იმისათვის, რომ თავისი ჰედონისტური პრინციპებიდან გამომდინარე, დედამიწაზე მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება და მისთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, ექნება თუ არა მარადიულ ცხოვრებაში წილი. ამიტომ გვმართებს გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენსა და დასავლეთს შორის არის სერიოზული თვისობრივი, ფილოსოფიური და, გნებავთ, რელიგიური სხვაობა.
ქართულ სინამდვილეში კარგა ხანია შემოვიდა ისეთი გადაცემები, სადაც მიზანმიმართულად არის წამოწეული წინ ისეთი ფაქიზი თემები, როგორიც გახლავთ ქალწულობის ინსტიტუტი, ინტიმური ურთიერთობები, რაც თავისთავად ემსახურება ურცხვობის, უზნეობის გაღვივებასა და განმტკიცებას. ამაზე შეიძლება ითქვას: ერის ღირსება არის არა ქალის გარყვნილება, არამედ მისი სიწმინდე. არა მგონია, რომ ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს სიწმინდის დევალვაცია, რაიმე სიკეთეს ეწიოს. რაც შეეხება ორი ადამიანის ინტიმურ ცხოვრებას, დამაფიქრებელია ის, რომ ამაზე საუბარი და ყველაფრის ფართო პლანით სააშკარაოზე გამოტანა უცილობლად შექმნის იმ პრობლემებს, რის წინაშეც დგას დღეს დასავლეთი.
როდესაც ვკითხულობთ, შემოვიდეს თუ არა სექსუალური განათლება სკოლაში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დასავლეთმა ამისი შედეგი უკვე კარგა ხნის წინ იწვნია. 13-14 წლის გოგონები დგანან ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიცაა: შიდსი, ვენერული დაავადებები, ნაადრევი ფეხმძიმობა, აბორტები და ა. შ. თუკი ჩვენც გვინდა, ასეთი პრობლემები შეგვექმნას, მაშინ დიახაც რომ გზა უნდა მივცეთ ასეთი პროპაგანდის გამაღვივებელ გადაცემებს. თუ არადა, დაფიქრება გვმართებს. თანაც, რაც არ უნდა მკაცრად ჟღერდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ცოდვას აუცილებლად აქვს თავისი მისაგებელი და რასაც დავთესავთ, აუცილებლად მოვიმკით, რადგან უფალი საკადრის პასუხს მიუზღავს იმას, ვინც რაიმე ფორმით ცოდვასთან არის წილდებული. ერთ-ერთი ეპისკოპოსი, რომელიც ადრე ექიმი გახლდათ, აღსარებების მიხედვით აღწერს, თუ რა კავშირია ცოდვასა და იმ ავადმყოფობებს შორის, რომელსაც ესა თუ ის ცოდვა იწვევს. მაგალითად, აბორტებისგან, სექსუალური დარღვევებისგან ჩნდება ონკოლოგიური დაავადებები, ასევე სხვადასხვა ფსიქიკური თუ სომატური პათოლოგია, თუნდაც ნევროტული ხასიათის პრობლემები. ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, არის გამოვლინება იმისა, რომ ჩვენში ფართო პლანით შემოდის ასეთი ტიპის განათლება. საინტერესოა ის, რომ თურმე მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთში ქალთა შორის სქესობრივმა და ნევროტული ხასიათის პრობლემებმა მკვეთრად იმატა მას შემდეგ, რაც შემოვიდა ფრანგული რომანი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ზოლასა და ბალზაკის რომანები უწყინარი ზღაპრებია იმასთან შედარებით, რასაც დღეს ტელევიზიით ვხედავთ. ქართველებს აზიატებს გვიწოდებენ, მაგრამ ეს ავადმყოფობები უკვე აზიატობა აღარ არის, რეალური შედეგია. შესაძლოა მართლმადიდებლობა ამ შემთხვევაში იყოს მეტისმეტად მკაცრი, მაგრამ ადრე თუ გვიან, ადამიანის მიერ ჩადენილ ცოდვას აქვს თავისი მისაგებელი, რაც აბსოლუტურად ზუსტად მიანიშნებს იმას, თუ რა დაიმსახურა მან.
- ქართულ ტელესივრცეში გაჩნდა გადაცემა "სიმართლის დრო". მართლმადიდებლური თვალსაზრისით რამდენად გამართლებულია ამ გადაცემის პრინციპი?
- როგორც ვიცით, მართლმადიდებლური ანთროპოლოგიის თანახმად (ფსიქოლოგიის ღირსეული წარმომადგენლებიც ასევე მიიჩნევენ), ადამიანი იყოფა სამ არსად: სულად, სამშვინველად და სხეულად. ამ სამივე არსს, ასე ვთქვათ, თავისი პატრონი ჰყავს. სულს პატრონობენ მოძღვრები, საეკლესიო მამები, ჩვენი წმინდანები მეოხებენ; სული მეტისმეტად ფაქიზი თემა გახლავთ ადამიანისათვის. სხეულის საშუალებით ადამიანიც და ცხოველიც, განიცდიან გარკვეულ ტკივილსა და ფუფუნებას. მას პატრონობს ექიმი. სამშვინველი, თავისი გამოვლინებით, პირუტყვსაც აქვს - მასაც შეუძლია სიხარული, გაბრაზება, მძვინვარება და ა. შ. ვის ამარაა დარჩენილი სამშვინველი? სამშვინველს პატრონობენ ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ საეკლესიო კანონიკა პირდაპირ ეუბნება, აფრთხილებს ადამიანს, რომ აღსარებისას მართებს დაიცვას სიფრთხილე; კერძოდ, აღმსარებელმა უნდა თქვას ზოგადი ფორმულირება ცოდვისა, დეტალებში ჩაღრმავება კი არ არის საჭირო, რათა ამ ჩაღრმავებით უნებურად მოძღვარი არ აცდუნოს და თავისი ვნება (ვნებიანი სახე, ფორმა, სურათი) მასზე არ გადაიტანოს. ერთადერთი, ვისთანაც შეიძლება დეტალიზება, ჩაღრმავება, არის ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, იმიტომ რომ მათთვის სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, სიღრმიდან ამოიტანონ ცდუნებები თუ დარღვევები. ისინი მიჩვეულნი არიან ამას და ეს არის მათი ტვირთი. უეცრად კი გადის გადაცემა, რომელსაც აქვს პრეტენზია, სააშკარაოზე გამოიტანოს ისეთი პრობლემები, რომელთაც არ ვაკადრებთ თვით სასულიერო პირებსაც კი, რათა ჩვენი ვნებიანი ტვირთი მათზე არ გადავიტანოთ. ხოლო ჩვენ რას ვაკეთებთ? - ამ ტვირთს ვკიდებთ მთელ ხალხს. ეს გადაცემა გახლავთ აღსარების პაროდია, რომელიც საგანგებოდაა მიმართული აღსარების წინააღმდეგ. თავის დროზე ფროიდის ფსიქოანალიზი თავისთავად იყო აღსარების ალტერნატივა. ნიშანდობლივია, რომ ფროიდმა გააკეთა საინტერესო დაკვირვება და აღმოაჩინა, რომ მას მართლმადიდებლები არ ჰყავდა თავის, ასე ვთქვათ, "სამწყსოში", "მრევლში". მისი პაციენტები იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ პროტესტანტები და ებრაელები. კათოლიკეებიც კი არ იყვნენ იქ. ეს იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ალტერნატივა, რომელსაც ერქვა აღსარების ინსტიტუტი. ჩვენთან კი რა გამოვიდა? - დაინერგა გადაცემა, რომელიც ფროიდის ალტერნატიულობისაგან უფრო შორს წავიდა, რომლის მიზანიც, ისევ და ისევ, ადამიანის ყოველგვარი კომპლექსისგან განთავისუფლება გახლავთ. აქ ვხედავთ ადამიანს, რომელიც საჯაროდ იხდის სამოსს და შიშვლდება. სააშკარაოზე და საყოველთაო სამსჯავროზე გამოდის მეტისმეტად ფაქიზი, ინტიმური თემები. ბიბლიიდან ვიცით, რომ როდესაც უფალმა ადამი და ევა სამოთხიდან გამოაძევა, უთხრა მათ: სამოსელი, როგორც თქვენი ცოდვის ნაშთი, მოგეცეთ თქვენ! ამიტომ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ცოდვილები და გვმოსავს სამოსელი, როგორც ჩვენივე ცოდვის ნაშთი. თანამედროვე მასწავლებლები კი გვეუბნებიან, რომ ეს სამოსი უნდა განვიძარცვოთ და ამ გზით განვთავისუფლდებით ცოდვისაგან. მაგრამ ვთავისუფლდებით კი? ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ადამიანს აღარ ჰქონდეს "განცდა თვისთა ცოდვათა". როდესაც სხვა თამამად ასახელებს თავის ცოდვას საზოგადოების წინაშე უსინანულოდ და ჩვენც ამას ვუყურებთ, მაშინ აღარ განვიცდით იმავე ცოდვას ჩვენს თავში და უნებურად ვპოულობთ მის გამართლებას. მოგეხსენებათ, "ბაძვით მორცხვიც გაურცხვდებისო". ამ გადაცემაში იმდენად ხელაღებით ეხდება ყველაფერს ფარდა, რომ საქმე შეურაცხყოფამდე და არცთუ იშვიათად სასამართლომდეც კი მიდის. ანუ იგი არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ უკვე იურიდიული ნორმებისგანაც ამოვარდნილი და გადახრილია. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თავისუფლებასაც აქვს საზღვრები.
მნიშვნელოვანია ასევე იმის გარკვევა, თუ რა ობიექტივაციის ხარისხი შეიძლება გააჩნდეს ამ გადაცემას. აქ ვერ ვხედავთ ვერანაირ ზუსტ ობიექტურ მონაცემებს: მრუდს, ხაზს და ა. შ. ერთმანეთს უდარებენ ორ პასუხს, რომელთაგან ერთ-ერთი წინასწარ იყო განხილვაში, ჩვენთვის კი უცნობია. საგულისხმოა ერთი რამ: ისეთ ობიექტურ მონაცემებზეც კი, როგორიცაა ელექტროკარდოიგრამის მონაცემები, შეიძლება არსებობდეს ექიმთა მეტ-ნაკლებად განსხვავებული აზრი. და ვინ არის აქ მსაჯული ანდა განმკითხველი, ვინ გამოიკვლევს ამ მოდელს ზუსტად?! ესეც შოუს ელემენტი გახლავთ...
აქვე გავიხსენებ იმ ტრადიციას, რომელიც ძველ დროში არსებობდა ზოგიერთ მონასტერში. ბერები თავიანთ აღსარებას მთელი საძმოს წინაშე, საჯაროდ ამბობდნენ. ამ შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა, არ იყო აღსარების საიდუმლოს შეურაცხყოფა. ამ ბერებისთვის ცხოვრებისა და აზროვნების ამოსავალი პრინციპი იყო ღვთის წინაშე ყოფნა. მათთვის საჯარო აღსარება ღვთისა და ადამიანთა წინაშე უკიდურესი თავის დამდაბლების გამოხატულება და საშუალება იყო მხოლოდ. აქ კი ცოდვის საჯარო განცხადებას მქუხარე ტაში მოსდევს აუდიტორიის მხრიდან. რისი გამოხატულებაა ამ შემთხვევაში ეს ტაში? – ტაში საერთოდ ძალიან საინტერესო ფენომენია და იგი პრიმიტიულ მაყურებელზე არის გათვლილი. დაკვირვებიხართ ალბათ, კომედიური შოუების დროს კადრი მიდის და კადრს მიღმა ისმის ტაშის ხმა, რითაც მაყურებელს აფრთხილებენ, რომ ახლა სიცილის დროა. აქაც დაახლოებით ამგვარი დამოკიდებულებაა. როდესაც ისმენ ვიღაცის ზნეობრივი დაცემის ამბავს, ამ დროს ბუნებრივი პროტესტის გრძნობა გიჩნდება ცოდვის მიმართ, უნებურად ბრაზი გერევა, მაგრამ რადგანაც ტაშს უკრავენ ყოველივე ამას, ეს გასწავლის, რომ კი არ უნდა გაბრაზდე, არამედ შენც იგივე გაიზიარო. ანუ ხდება ადამიანების გეგმაზომიერი ზომბირება. გადაცემის მესვეურებს კი ყველაფერი გათვლილი აქვთ: თითოეული ნიუანსი, ფსიქოლოგიური ქვეტექსტი. ისიც, რომ ადამიანი ადვილად შთაგონებადია. და სულ უფრო ცოტა არიან ისეთები, ვისაც ძალუძს, წინააღმდეგობა გაუწიოს ამგვარ ზეგავლენას. ხომ არსებობს 25-ე კადრის ეფექტი. ეს ტაშიც თავისებური 25-ე კადრია. ანუ მიმდინარეობს საზოგადოების ტვინის გამორეცხვა და მასში მათთვის სასურველი ინფორმაციის ჩადება.
აღსანიშნავია, რომ როდესაც ადამიანი აღსარებას ამბობს, იგი ნუგეშს იღებს ამ საიდუმლოს მადლით. ლოცვებში ვამბობთ: "ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას". ამ გადაცემაში კი ადამიანი ნუგეშის მაგივრად ფულს იღებს. საერთოდ, ფულზე ორიენტირებული გადაცემები უხვად მოიპოვება ჩვენს ტელესივრცეში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთ წუთში მოიგონ დიდძალი თანხა. ხალხი უყურებს ამას და მცირე დროში გამდიდრების სურვილით აღტყინებული და შეპყრობილი, გაშმაგებით შედის აზარტის ცოდვაში. აზარტის ცოდვა კი, მოგეხსენებათ, მრუშობის ცოდვაზე ნაკლები არაა.
დაბოლოს, მკითხველს ვთხოვთ, მოგვიტევოს ეს დიდაქტიკური მოტივი. ზნეობრიობის ბარომეტრები, რაღა თქმა უნდა, არც ჩვენ ვართ, მაგრამ დღევანდელ დღეს, რადგან ასე მოგვეძალა საცდური, თითოეული ჩვენგანის მხრიდან მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმის გაცნობიერება, თუ რა საშიშროების შემცველია მსგავსი ტიპის გადაცემები, რა სულიერი სენია ჩამალული მათ მიღმა. უნდა შევიგნოთ, რომ ვნებების გახელებაში არ არის თავისუფლება, არამედ სწორედ მათთან ბრძოლა, ცოდვილ გულისთქმათა გამუდმებული დათრგუნვა და მათი ალაგმვაა ვნებების ტყვეობიდან გამოსავალი და ჭეშმარიტი თავისუფლების უტყუარი წინაპირობა.