წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ასეთ დარიგებას აძლევს საპყრობილეში მყოფთ: "მართლაც, ფრიად საბრალონი და საცოდავნი ხართ არა მხოლოდ იმიტომ, რომ საპყრობილეში ხართ დატყვევებულნი
, - ეს კიდევ დიდი არაფერი იქნებოდა, - არამედ იმიტომ, რომ ცოდვისაგან ხართ შეპყრობილნი, მისგან წარტაცებულნი და შეკრულნი. ამისთვის ებრალებით თქვენ ღმერთსა და კეთილგონიერ კაცსა. ცოდვამ მოგაკლოთ თქვენ პირველი სიკეთე კაცისა - თავისუფლება. დამიჯერეთ, ძმანო ჩემნო, როდესაც გულიდან ცოდვას განაგდებთ, მაშინ ამ საპყრობილედანაც გამოხვალთ. დაფიქრდი, ჰკითხე შენს თავს: რისთვის დაგემართა ეს უბედურება? ნუ ეფერები შენს თავს, შენს ბრალს გულში ნუღარ დამალავ და ცოდვა მოინანიე. ევედრე ღმერთს, რომ სულიერი ტყვეობიდან გამოგიყვანოს და ამით ხორციელი ტყვეობისგანაც გათავისუფლდე. ვისაც ჭკუა მთლად არ დაუკარგავს, ვისაც ცოტაოდენი ადამიანობა და სინდისი კიდევ შერჩა, მას შეუძლია თავისი უბედურებით ისარგებლოს, თავისი უბედურება ბედნიერებად გადააქციოს და ამ საპყრობილედან განათლებული და გათავისუფლებული გამოვიდეს.
იქნებ ვინმე თქვენ შორის აქ შეცდომით და უსამართლოდაც არის მოხვედრილი. ამასთან, კაცმაც ეს შემთხვევა მოთმინებით უნდა მიიღოს და ღმრთის სასოება არ დაკარგოს. ღმერთი ზოგიერთ კაცზე სასჯელს განგებ დაუშვებს, რომ იგი უმჯობესი შეიქნას და გამოიცადოს. ზოგჯერ სასჯელი და ტანჯვა არა ღმრთის რისხვასა და სიძულვილს, არამედ მის მოწყალებასა და სიყვარულს მოასწავებს. ვინც სასჯელს სულგრძელად და ჭკუით მოითმენს, იგი ღმრთის შვილად შეირაცხება. ვინ შემოგიყვანა აქ? - ცოდვამ! მაშასადამე, უნდა მოიძულო ეს ცოდვა, ეს შენი დამღუპველი მტერი! თუკი აქ, ამ მცირე დროის განმავლობაში ასე იტანჯები, წარმოიდგინე, რომ თუ ცოდვა არ შეინანე, იგი უსაშინლეს საუკუნო საპყრობილეში, ჯოჯოხეთში შთაგაგდებს, საიდანაც ვერავინ ვერასოდეს ვერ გამოგიყვანს. თუ კარგად დაფიქრდები, თუ მთელი სულითა და გულით მოინდომებ, - ღმერთი მოგხედავს, მისი მადლი გულს დაგილბობს, ცრემლს მოგცემს, შენს სულს ცოდვათა საპყრობილიდან გამოიყვანს და ამ ხილული საპყრობილიდან თავისუფალი მხოლოდ მაშინ შეიქნები".
რატომ ხვდება ადამიანი ციხეში, რა დამოკიდებულება არსებობს პატიმრობასა და ცოდვას შორის, როგორ შეიძლება ადამიანმა საპატიმრო გამოიყენოს გამოსწორებისა და გადარჩენის საშუალებად, რა შეადგენს კრიმინალური ფსიქოლოგიის კვლევის საგანს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
- ფსალმუნში ვკითხულობთ: "უფალო, გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აღუარო სახელსა შენსა". და კიდევ, ბაბილონის ტყვეობაში მყოფ ებრაელებზე დავით წინასწარმეტყველი წერს: "ვითარ ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქვეყანასა უცხოსა". სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, პატიმრობისა და თავისუფლების დაკარგვის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი გამოვლინებაა საკუთარი გულისთქმების ტყვეობაში ყოფნა. რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტყვეობის გაცნობიერება?
- "ვეფხისტყაოსანი" ქართველთათვის წმინდა წიგნია, რომელშიც სწორედ ასეთ ტყვეობაზეა საუბარი. რუსთაველი ამბობს: "რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა" ან კიდევ: "მომეც სურვილთა დათმობა, მფლობელო გულისთქმათაო". რუსთაველის იგავური ქმნილება მისი საღმრთო სიბრძნით განმარტა გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ - ბატონმა ზვიად გამსახურდიამ. მისი განსაზღვრებით, "ვეფხისტყაოსანი" არის ღრმად გააზრებული სულიერი ნაწარმოები, რომელიც ეძღვნება ადამიანის მიერ ღმერთთან დაკარგული ერთიანობის აღდგენას.
აქვე მინდა შევეხო მერაბ კოსტავას დამოკიდებულებას ტყვეობის მიმართ. იგი თავისუფალი სულის ადამიანი იყო და მიაჩნდა, რომ თუკი ადამიანი თავისი შინაგანი ბუნებით არის თავისუფალი, მას ამ თავისუფლებას ვერანაირი ფიზიკური დატყვევება ვერ წაართმევს. როდესაც იგი ციმბირის ციხეში შიმშილობდა, მასთან მივიდა ერთ-ერთი ქართველი პატიმარი, რომელსაც გული შესტკიოდა მასზე და უთხრა: ცოდო ხარ, მოკვდები, იქნებ ჩუმად მაინც შეგეჭამა რამე, ვინ რას გაიგებსო. მერაბ კოსტავამ კი უპასუხა: მე ადამიანების წინაშე როდი ვშიმშილობ; ღმერთის წინაშე ვაკეთებ ამას და ის ყველაფერს ხედავსო. ეს არის სწორედ იმ ადამიანის სიტყვები, რომელიც ტყვეობაშიც და ტყვეობის გარეშეც - ყველგან თავისუფალ კაცად რჩება. ასე რომ, ფიზიკური ტყვეობა ერთია, სულიერი კი - მეორე.
- რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რაც პატრიარქმა თქვა: "საპატიმრო არის არა მარტო სასჯელის მოხდისთვის, არამედ იგი უნდა იქცეს ადამიანის გამოსწორების ერთ-ერთ საშუალებად"?
- შეიძლება ადამიანს კონკრეტულად ის დანაშაული არ ჰქოდეს ჩადენილი, რის გამოც ბრალი ედება, მაგრამ ტყუილუბრალოდ მაინც არაფერი ხდება. მაგალითისათვის მოვიყვან ერთ ცნობილ ფაქტს. 1611 წელს კონსტანტინოპოლში მოხდა ასეთი ინცინდენტი: ინგლისის საელჩოს წევრებს ერთი ჩვეულებრივი გართობის დროს შემოაკვდათ იანიჩარი. ინგლისელმა ელჩებმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ვერაფერი გააწყვეს და გადაწყვიტეს სასიკვდილო განაჩენი მიესაჯათ იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ საქმეში დამნაშავე არ იყო. სიკვდილით დასჯის დღეს სიკვდილმისჯილმა განაცხადა: ეს დანაშაული მე არ ჩამიდენია, მაგრამ მაინც ვიმსახურებ ამ სასჯელს ჩემს სამშობლოში ადრე ჩადენილი მკვლელობის გამო. ცოდვამ მიწია. უბრალოდ სხვა ვითარებაში და სულ სხვა ხალხის ხელით მომიწევს იმ ცოდვის ზღვევაო. ამდენად, ნებისმიერ შემთხვევაში პატიმრობა შეიძლება იყოს რაღაცნაირად ადრე ჩადენილი დანაშაულის, ცოდვის შედეგი და სულაც არ იყოს შემთხვევითი, როგორც ხშირად ერთი შეხედვით გვეჩვენება.
მახსენდება ერთი შემთხვევა, რომელიც წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაშია აღწერილი. ერთ ქურდს გამოეკიდა სოფელი, რათა სამაგალითოდ დაესაჯა. გზაზე მან ერთი წვეროსანი მოხუცი შენიშნა, რომელმაც ურჩია, იქვე დაგდებულ ცხენის ლეშში დამალულიყო და ამ გზით გადარჩენოდა ხალხის რისხვას. ქურდმა რამდენიმე წუთი ცხენის გამოფატრულ მუცელში გაატარა. იქიდან გამოსულს წვეროსანი მოხუცი მიუახლოვდა და ჰკითხა, რა განცდა დაეუფლა ცხენის ლეშში ყოფნისას. ქურდმა უთხრა, რომ იმ სიმყრალის ყნოსვისას არაადამიანურ ტანჯვა-წამებას განიცდიდა. ამ მოხუცმა თავისი ვინაობა გაუმჟღავნა ქურდს და უთხრა, რომ წმინდა ნიკოლოზი იყო, რომლის წინაშეც ის ხშირად ლოცულობდა, მაგრამ ეს ლოცვა მისთვის ისეთივე მყრალი იყო, როგორიც გახრწნილი გვამის სურნელი. ასე რომ, ცოდვა რაღაც სახით ყოველთვის ისჯება და ეს არის უფლის მოწყალებისა და სამართლიანობის გამოვლენა. მას არ სურს ჩვენი წარწყმედა, არამედ სინანულის გზით მოქცევა და "მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მისვლა".
ზოგჯერ პატიმრობა აღიქმება როგორც ჯილდო. მაგალითად, ერთხელ წმინდა სერაფიმე ვირიცელმა თავის სულიერ შვილს - კიბრიადინს უწინასწარმეტყველა, რომ ის გახდებოდა დიდი მოღვაწე სასულიერო იერარქიაში და რომ ელოდა ძალიან დიდი ბედნიერება მრავალწლიანი კეთილმსახურებითი ცხოვრებისა. ეს მრავალწლიანი ბედნიერება აღმოჩნდა კატორღა ციმბირში. საქმეც ის გახლავთ, რომ წმინდა მამა არ შემცდარა - კატორღა აღმოჩნდა სწორედ ის ადგილი, სადაც კიბრიადინი იყო ერთადერთი მღვდელი და მას უამრავი სიკეთის მოტანა შეეძლო გარშემომყოფი ადამიანებისთვის. მან ძალიან ბევრ ადამიანს აჩუქა ბედნიერების წუთები. ეს ბედნიერება გახლდათ: აღსარება, ზიარება, ქრისტესთან სიახლოვე იმ ყიამეთში.
- დღეს უკვე ყველა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შედის მოძღვარი, რომელიც საეკლესიო საიდუმლოებებს ასრულებს საპატიმროში. იქვე არსებობს სამლოცველოები. უფლის შემწეობის იმედი და ქრისტიანული ცხოვრება რამდენად მნიშვნელოვანია პატიმრის ცხოვრებაში?
- ამასთან დაკავშირებით მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო. გასული საუკუნის 50-იან წლებში, სტალინური პერიოდის შემდეგ, დაიწყო "დათბობის ხანა". იმხანად ბევრი ადამიანი გაანთავისუფლეს ციხეებიდან. 1955 წელს ნიკოლოზობას მღვდელმა კიბრიადინმა პატიმრებს მისცა კურთხევა, რომ ემარხულათ და ნიკოლოზობის დღესასწაულზე ზიარება მიეღოთ. მართლაც, ათეულობით ადამიანმა დაიწყო მარხვა, მაგრამ შუა გზაზე მიატოვა. მხოლოდ 26 კაცი შემორჩა, ვინც ბოლომდე იმარხულა. მოხდა სასწაული. 22 მაისს, ნიკოლოზობა დღეს, ბანაკის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა 26 განთავისუფლებული კაცის გვარი, რომლებიც სწორედ ის ტუსაღები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ბოლომდე იმარხულეს. მარხვასთან ერთად უდიდესი ძალა აქვს ლოცვასაც. ციხეში მყოფ მერაბ კოსტავას ზვიად გამსახურდია ერთ-ერთ წერილში სწერდა: არ დაგავიწყდეს, ყოველ დილა-საღამოს იკითხე 90-ე ფსალმუნი. ხომ იცი, რა ჯავშანიაო. მართლაც, უფლის ძალისა და შემწეობის გარეშე ძნელია ადამიანმა გაუძლოს იმ დიდ განსაცდელს, რასაც ტყვეობაში ყოფნა ჰქვია. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშობლების, ახლობლების ლოცვას პატიმრისთვის. პატერიკებში არის მაგალითები იმისა, რომ იმ დღეებში, როდესაც მშობლები ლოცულობდნენ, მათ შვილებს ბორკილები ეხსნებოდათ.
- რამდენად მნიშვნელოვანია თავად მსაჯულის დამოკიდებულება განსასჯელისადმი? რამდენად მართებს მას, სამართლიანად განსაჯოს, იყოს მიუკერძოებელი?
- როდესაც მომავალ იურისტებთან შევდივარ ლექციებზე, ხშირად მომყავს წმინდა მაკარი მეგვიპტელის მაგალითი. ერთხელ მაკარი მეგვიპტელმა დაინახა, თუ როგორ მოსდევდა ამბოხებული სოფელი კაცს, რომელსაც ეს ხალხი მკვლელობაში სდებდა ბრალს. წმინდა მამამ დევნილი შეიფარა და ხალხს მიმართა: ნუ ჩქარობთ. წავიდეთ სასაფლაოზე და იქ გავარკვიოთ, არის თუ არა ეს კაცი მკვლელიო. ასეც მოიქცნენ. როდესაც წმინდა მაკარიმ მიცვალებულს საფლავში ჩასძახა: არის თუ არა ეს კაცი შენი მკვლელიო, მიცვალებული საფლავიდან გამოეპასუხა, რომ ეს ასე არ იყო. აღელვებულმა ხალხმა მაინც არ მოისვენა და ახლა იმის გაგება მოიწადინა, ვინ იყო ნამდვილი მკვლელი. წმინდა მაკარი მეგვიპტელმა კი უთხრა მათ: თქვენ მკითხეთ, იყო თუ არა ეს კაცი მკვლელი და მეც გიპასუხეთ. მეტს ნურაფერს მომთხოვთ. მე უფლებამოსილი არა ვარ ღვთისაგან, რომ ამ კითხვაზე გიპასუხოთო. ეს მაგალითი მომავალ იურისტებთან იმიტომ მომყავს, რომ თუკი წმინდა მაკარი მეგვიპტელმა არ მისცა თავს უფლება მკვლელის ვინაობა ასე ხელაღებით გაემხილა, ამ ახალგაზრდებმა ხვალ და ზეგ უნდა მიიღონ ის უფლება, რომ განსასჯელის სკამზე დასვან ადამიანი და ვერდიქტი გამოუტანონ. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე და სიფაქიზე მართებს თითოეულ ადამიანს, როდესაც სხვას ადანაშაულებს ან ამართლებს.
- დღესდღეობით უკვე დგება კრიმინალური ფსიქოლოგიის განვითარების ეტაპი. არსებობს საგანგებო დაკვირვებები პატიმრებზე. კერძოდ, როგორ იკვლევენ პატიმრის ფსიქოლოგიურ ბუნებას და როგორია ამ თვალსაზრისით ფსიქოლოგიური მონაცემები?
- პირველ რიგში ძალიან არსებითია იმის გარკვევა, თუ რა პიროვნულმა თვისებებმა გამოიწვიეს დანაშაული და რა გარდაქმნას უნდა დაექვემდებაროს ეს პიროვნული თვისებები, რათა სოციალურად მივიღოთ ის შედეგი, რისკენაც ისწრაფვის საზოგადოება; მეორე მხრივ, რა ფსიქოლოგიური ზემოქმედება უნდა მოხდეს პატიმარზე, რათა მისი პიროვნება შეიცვალოს საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. ამ დამოკიდებულებებს იკვლევს კრიმინალური ფსიქოლოგია. ამისთვის კი, თავის მხრივ, საჭიროა ბოროტმოქმედთა ხასიათის, ფიზიკური, ფსიქიკური, ქონებრივი, ოჯახური, სოციალური და სხვ. მდგომარეობის კვლევა და განსაკუთრებით მისი პიროვნებისა. აქ გენეტიკური ფაქტორიც ძალზე მნიშვნელოვანია. პატიმრობა ცვლის ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას. პიროვნული მახასიათებლები ან ფერმკრთალდებიან, ანდა, პირიქით, ვითარდებიან. რუსმა ქალბატონმა დავიდკინამ საგანგებოდ იმუშავა ამ თვალსაზრისით და საინტერესო დაკვირვებები მიიღო. ამ დაკვირვებების შედეგად მემკვიდრეობითი ანუ გენეტიკური ფაქტორი 60 %-ით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე აღზრდისა. ქალბატონი დავიდკინა ამბობს, რომ ციხეში შეძენილი ჩვეულებები, ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმები ციხიდან გამოსვლის შემდეგაც არ ქრება უკვალოდ. ეს შეძენილი ჩვეულებები ზემოდან ედება პიროვნულ მახასიათებლებს. ციხის სოციუმი ჰგავს სარკეს, როგორც დავიდკინა ამბობს, - ვინც ხარ რეალურად ცხოვრებაში, ისე აირეკლები ციხეში. აქ არიან სამი ტიპის ადამიანები; 1) დომინანტური ტიპები ("კანონიერი ქურდები"); 2) ვისაც საკუთარი "მე"-ს გარდაქმნა არ შეუძლია გარემო პირობების მიხედვით და ინარჩუნებს თავის მეობას (ამას ეწოდება "ოქროს შუალედი"); 3)კომფორმისტები, რომელნიც სულაც არ დაგიდევენ იმას, თუ რას ფიქრობენ ირგვლივმყოფნი მათზე და ყველაფერზე წამსვლელები არიან (მათ რუსები "შნირებს" უწოდებენ). ეს არის მოდელი, რომელიც საბჭოთა ციხეებში დამკვიდრდა. ადამიანებს შორის კი ასეთი დამოკიდებულებაა: "არავის ენდო!", "შებრალება დამამცირებელია!", "არავის გაენდო!", "შენი პირადი ცხოვრება არავისთან გათქვა!", "კარგად ჩაიბეჭდე თავში, თუ ვის და რას ელაპარაკები!", "სიკეთე არ ფასდება!", "არავის არაფერი აპატიო!" ეს არის გარკვეულწილად ფსიქოლოგიური თავდაცვა. ციხე მუდმივი დაძაბულობის გარემოა. მაგრამ ყველაფერი ამის ფონზე არსებობს ერთი დადებითი მოვლენა. ყველა ზემოჩამოთვლილი პოპულაციებიდან არის ერთი საგანგებო პოპულაცია, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი მიეკარება. ეს არის ქრისტიანი ადამიანი, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. შეუძლებელია მისი მოსყიდვა, რადგან ის უყურებს ღმერთს და ორიენტირებულია ათი მცნების შესრულებაზე. მას არავისი და არაფრისა დედამიწის ზურგზე არ ეშინია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი