მოექეცი ადამიანს ისე, თითქოს უკვე გახდა ისეთი, როგორიც გსურდა, გამხდარიყო
იღუმენი საბა ამბობდა: "საშინელება ის კი არ არის, რომ დაეცი, არამედ დაცემის შემდეგ რომ არ დგები;
უბედურება ის კი არ არის, რომ შესცოდე, არამედ ის, რომ ცოდვას არ განეშორები". მართლაც, შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ზოგიერთს უჭირს წარსულში დაშვებული შეცდომების გავლენისგან თავის დაღწევა. საზოგადოებაც, დახმარების მაგიერ მკაცრი და დაუნდობელია დაცემულის მიმართ, არ პატიობს და ხშირად წამოაძახებს მას შეცდომებს, ამით კი უღობავს წარსულისგან განთავისუფლების გზას. რა უნდა ქნას ადამიანმა სულიერი წყლულების - საკუთარი შეცდომებით მიყენებული ჭრილობების მოსაშუშებლად, როგორ მოიკრიბოს ძალა დაცემის შემდეგ ფეხზე წამოსადგომად, ცხოვრების გასაგრძელებლად?... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი. - ადამიანი ხშირად ერთსა და იმავე შეცდომას იმეორებს და ხანდახან ესა თუ ის ცოდვა სუსტ წერტილად ექცევა. და მისი ნებისყოფა აქ ტყდება. რატომ ხდება ასე?
- ქრისტიანის ცხოვრების უდიდესი ნაწილი ცოდვასთან ბრძოლაში გადის. ცოდვა, გარკვეულწილად, კანონდარღვევად შეიძლება ჩაითვალოს, რამეთუ ირღვევა უფლის მიერ დადგენილი სულიერი ყოფის კანონები. ცოდვით დაცემა აზიანებს არა მარტო შემცოდეს, არამედ სხვებსაც.
პარადოქსია, მაგრამ ადამიანს ძალიან უჭირს იმ კანონების დაცვა, რომელიც მისივე საკეთილდღეოდ შეიქმნა და აქვს მათი დარღვევის დაუძლეველი სურვილი. ადამიანი, რომელსაც ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი ცოდვის ჩადენის ჩვევები, შეგუებულია თავის დაცემულ მდგომარეობას და ვეღარ ამჩნევს მის დამანგრეველ მოქმედებას. ასეც ხდება, რომ ადამიანი შეიყვარებს ცოდვას და ზნეობრივი სიბრმავის მდგომარეობაში აღმოჩნდება. მომაკვდინებელი ცოდვები ართმევენ სულს ღვთიური მადლის აღქმის უნარს და იმდენად აზიანებენ მას, რომ ძალიან რთულია მისი ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება.
- ხანდახან სინდისის ქენჯნა ადამიანს უფრო მძაფრად წარმოადგენინებს თავის შეცოდებებს. ზოგიერთს საჭიროზე მეტად აქვს გაძლიერებული სირცხვილის განცდა, რის შედეგადაც თავის თავზე იღებს იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე საჭიროა. უკიდურეს შემთხვევაში, სირცხვილის განცდა შეიძლება ისე გაძლიერდეს, რომ საკუთარი თავიც შეგაზიზღოს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი სიამოვნებასაც კი იღებს თვითგვემისაგან. როგორ უნდა დავიცვათ თავი ამგვარი უკიდურესობისაგან?
- ჩვენ ხშირად შევთხოვთ უფალს, დაგვეხმაროს საკუთარი ცოდვების დანახვაში. მათი გაცნობიერება ჩვენს ტანჯვასა და სინდისის ქენჯნას იწვევს. თუ ცოდვების გაცნობიერების შემდეგ ადამიანი სასოწარკვეთილებაში ვარდება, ეს მისი მცირედმორწმუნეობის ნიშანია. ხშირად იმასაც შევთხოვთ უფალს, განამტკიცოს ჩვენი გადაწყვეტილება ცოდვიანი ჩვევებისა და ჩვეულებების დატევებისა. ნამდვილ სინანულს მუდამ უნდა ახლდეს იმედი, ნდობა უფლისა. დარდი და წუხილი საკუთარი დაცემის გამო მორწმუნისთვის სასარგებლოც კია, ისინი ამარცხებენ ადამიანში სიამაყესა და ჭარბ თავდაჯერებულობას, რომლებიც ხშირად ცოდვების საფუძვლად გვევლინებიან.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბევრს წუხან თავიანთი ცოდვების გამო, მაგრამ ამით ვერაფერს აუმჯობესებენ. დანაშაულზე წასწრებული ქურდიც არ უარყოფს დანაშაულს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი ინანიებს. ადამიანი, რომელიც აქ ჩერდება და არ მიდის სინანულისა და აღსარებისაკენ, განწმენდისა და გამოსწორების ნაცვლად უფრო ბოროტდება, და ამას საკუთარი დაცემის თვალნათლივ გაცნობიერება იწვევს. ამბობენ, განსაცდელი განწმენდს ადამიანსო, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი მის ქრისტიანულად გადატანას ეცდება.
- აღსარება რამდენად ეხმარება ადამიანს სულიერად ფეხზე წამოდგომაში? აღსარებამდე ალბათ საკუთარ თავს თავად უნდა უპასუხოს, გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა...
- საერო ცხოვრებაში ასე ფიქრობენ, იქნებ იმისათვის, რომ არ შევცოდოთ, არ დავეცეთ ან დაცემის შემდეგ წამოვდგეთ, სულაც არ არის აუცილებელი ეკლესია. რამდენია არაეკლესიური, რომლებიც წესიერად, ზნეობრივად ცხოვრობენ, ხომ არსებობს საერო ეთიკაო. რასაკვირველია შესაძლებელია, მაგრამ ეს ყველაფერი სულიერ ცხოვრებას არ უკავშირდება. ადამიანი, რომელიც მკაცრად იცავს ეთიკის ნორმებს, მიღებულია საზოგადოებაში, სულიერი თვალსაზრისით შეიძლება ისეთი ცოდვით იყოს დაზიანებული, რომელიც საერო ნორმებს ნაკლებად არღვევს, გარეგნულადაც არ ვლინდება. მაგალითად, ჭარბი თავდაჯერებულობით, სიამაყითა და პატივმოყვარეობით, გრძნობადი სიამოვნებებით. ის, შესაძლებელია, ვერც აცნობიერებდეს საკუთარი ბუნების დაცემულობას. ადამიანი ხომ საბედისწეროდ არის დამოკიდებული თავად საზოგადოების ნაკლოვანებებსა და ცოდვით დაცემულობაზე. ასე იყო და იქნება ყველა ეპოქაში, რომ არა თავისუფალი ნება, რომელიც ეხმარება ადამიანს, წინ აღუდგეს საზოგადოების დესტრუქციულ ზემოქმედებას და აკისრებს პასუხისმგებლობას საკუთარ მოქმედებაზე.
ცოდვა ყოველთვის ამაზრზენად როდი გამოიყურება. ასე რომ იყოს, ადამიანები ხარბად არ დაეწაფებოდნენ მას. ის საკმაოდ მიმზიდველია. მისი ჩადენის შემდეგ ადამიანს თითქოს არაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ სირცხვილისა და შიშის გამო დაემალოს უფალს. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ცოდვას ძალა აქვს მანამ, სანამ ადამიანი საიდუმლოდ ინახავს მას. ადამიანი ვერასდროს დაივიწყებს საკუთარ დანაშაულს და ის ამა თუ იმ ფორმით ხშირად წარმოუდგება და გასტანჯავს მის ისედაც შეჭირვებულ სინდისს.
- მარცხი და შეცდომა აუცილებელიც კია ადამიანის განვითარებისათვის. ამ დროს ხდება გამოცდილების დაგროვება. ალბათ სასარგებლო იქნება, ამგვარი კუთხითაც თუ შევხედავთ ამ საკითხს...
- ცხოვრებისეული პოზიტიური ცვლილებები მომენტალურად ხდება. უბრალოდ, ყველა ჩვენგანი ელოდება განსაკუთრებულ შემთხვევას, რათა რამე შეცვალოს. ადამიანი ებღაუჭება ჩვეულ სტერეოტიპებს, ძველ წარმოდგენებს გარემოს შესახებ... ცვლილების პერსპექტივა ბევრს აფრთხობს. გახდე სხვაგვარი, თავი დააღწიო მოჯადოებულ წრეს, ბევრისთვის ძნელია. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ცვლილება შრომატევადი, ხანგრძლივი და მძიმე პროცესია. ტანჯვა სინდისის ქენჯნისა და თვითგვემის გამო კიდევ უფრო განამტკიცებს ამ განცდებს. სინამდვილეში საქმე არც ისე უიმედოდაა. გავიხსენოთ შემთხვევები, როცა მავანის ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის გამო კარდინალურად შეგვიცვლია ცხოვრების სტილი, გეგმები და მიზნები. ასევე მომენტალურად შეიძლება უარი ვთქვათ მანკიერ წარსულზე და ამას შევხედოთ, როგორც ერთ-ერთ მორიგ ეტაპს უფლის გზაზე.
- ადამიანი ხშირად თავს იმართლებს, ეძებს შეღავათებს. ზოგჯერ საკუთარ შეცდომებს სხვებსაც კი გადააბრალებს, ალბათ დაუძლეველ ტკივილთა გამო. რამდენად მნიშვნელოვანია იმის დაჯერება, რომ ქრისტიანმა ყოველთვის შეიძლება ყველაფერი თავიდან დაიწყოს; რომ უბედურება წაქცევა კი არა, ადგომის უუნარობაა? დაცემა-ადგომა ენაცვლება ერთმანეთს და ეს გრძელდება სიკვდილამდე. ასე ყალიბდება ადამიანი, ეს არის მისი დანიშნულება...
- ცოდვის დაძლევის გზაზე ადამიანი ებრძვის საკუთარ თავს. საკუთარ თავზე გამარჯვება ერთი შეხედვით კარგად ჟღერს, მაგრამ, სამწუხაროდ, საკუთარ თავთან ბრძოლის პროცესში მოგებულიც ჩვენვე ვართ და წაგებულიც, რადგან ამ ომში არ არსებობს ორი დაპირისპირებული მხარე. სჯობს, ვებრძოლოთ ცუდ თვისებებს ჩვენში. ეს საკუთარი თავის ზიზღში არ უნდა გადაიზარდოს. თუ ცოდვიანობის გამო შევიძულებთ საკუთარ თავს, როგორღა შევასრულებთ უფლის მცნებას, რომ გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი, როგორ გავიგებთ სხვისას, როგორ თანავუგრძნობთ მას, თუ საკუთარი თავის მიმართ გულგრილები და განურჩევლები, უარეს შემთხვევაში კი სიძულვილით აღსავსენი ვიქნებით? ბრძოლის ნაცვლად, სასურველია, ადამიანი დაუმეგობრდეს თავის "მე"-ს, საკუთარი თავის სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, ჩვენ ხომ უფლის საყვარელი ქმნილებანი ვართ, მაგრამ ეს ეგოიზმსა და ნარცისიზმს როდი ნიშნავს, უბრალოდ, შევხედოთ საკუთარ თავს მოყვასის თვალით.
შეცდომის დაშვების უფლება ყველა ადამიანს აქვს. ამით ვიღებთ გამოცდილებას, მაგრამ თუ შეცდომის დაშვების შიშით არაფერს ვაკეთებთ, არაფერს ვცვლით, ეს აღარ იქნება ჩვენი ზრდის ფაქტორი. ყველაზე კარგი, რაც დაცემის, მარცხის შემდეგ შეიძლება მოვიმოქმედოთ, მისი აღიარება და აქცენტირებაა იმისა, თუ რა ვისწავლეთ, რა გამოცდილება მივიღეთ თუნდაც ყველაზე საშინელი დაცემისგან. გამოსწორება და სრულყოფისაკენ მისწრაფება ადამიანის მუდმივი სამიზნე უნდა იყოს, მაგრამ როცა იდეალის პოზიციიდან ვაფასებთ თავს, ხშირად არასრულფასოვნების მტანჯველი განცდა გვეუფლება და კიდევ უფრო გვიკარგავს შეცვლის სტიმულს. თავი შევადაროთ არა სრულყოფილების იდეალს, არამედ თუნდაც იმას, რანიც ვიყავით გუშინ. მაღალი იდეალები ხომ, როგორც წესი, მიუღწეველია, მით უმეტეს, მყისვე. უმეტესობას კი საკუთარი ცხოვრებისეული პოტენციალის მესამედიც კი არ აუმოქმედებია. თუ კაცს სურს თავი დააღწიოს თვითგვემის ჭაობს და ახლებურად დაიწყოს ცხოვრება, მოქმედებაზე უნდა გადავიდეს, გადადგას რეალური ნაბიჯები დღეს, აქ და ამჟამად.
ძალიან მნიშვნელოვანია, გააჩნდეს უარის თქმის უნარი, თუ საზოგადოება ითხოვს მისგან იმას, რაც ააცდენს ცვლილების გზას, რაც არ შეესაბამება მის გადაწყვეტილებას.
- რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, თავისი შეცდომების გამოსწორების თვალსაზრისით, ირგვლივმყოფთა დახმარება, თანადგომა, გამხნევება... რამდენად ფასეულია ასეთ დროს თითოეული გამოწვდილი ხელი, ღიმილი, კეთილგანწყობა, ნდობა?
- ნებსით თუ უნებლიეთ სხვა ადამიანები, ზოგჯერ კი მთელი საზოგადოება, ადამიანს გადასცემს "შეტყობინებას", რას მოელის მისგან. თუ ჩვენ ვურთიერთობთ ადამიანთან, რომელიც, დარწმუნებულები ვართ, რომ დაეცემა, ის აუცილებლად გაამართლებს ჩვენს მოლოდინს. ამას ხელს უწყობს ადრეული ბავშვობიდან მინიჭებული მუდმივი ეპითეტები. ამიტომაც არის, რომ "უქნარა", ჩვენი მოლოდინისამებრ, ბეჯითი ვერ ხდება, "ღორმუცელა" განაგრძობს თავშეუკავებლობას, "უიღბლო" ვერაფერს აღწევს, "უსინდისო" მორალთან ისევ მწყრალად არის - ყველა ამართლებს ჩვენს მოლოდინს მათ მიმართ. ფსიქოლოგიაში ცნობილია ასეთი ექსპერიმენტი: ბოსტონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს მიაწოდეს ინფორმაცია: მოსწავლეებთან ჩატარებული ტესტირების საფუძველზე ივარაუდეს, რომ ზოგიერთი მათგანი სასწავლო წლის ბოლოსათვის მიაღწევდა განსაკუთრებულ შედეგებს. გვარებიც იყო მითითებული. სინამდვილეში ეს იყო ყალბი ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ სასწავლო წლის ბოლოსათვის ამ მოსწავლეებმა ორჯერ მეტად გააუმჯობესეს ინტელექტის კოეფიციენტი, ვიდრე ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა. როგორც მკვლევარებმა დაასკვნეს, ამის მთავარი მიზეზი მასწავლებლების მოლოდინი იყო. შესაბამისად, ისინი მათ ექცეოდნენ უფრო თბილად და მეგობრულად, მათგან მეტს ითხოვდნენ, უფრო ხშირად აძლევდნენ თავის გამოჩენის, პასუხის საშუალებას.
ერთი ბრძენის ნათქვამია: "მოექეცი ადამიანს ისე, თითქოს უკვე გახდა ისეთი, როგორიც გსურდა, გამხდარიყო. მას არაფერი დარჩება იმის გარდა, რომ სწორედ ასეთი გახდეს". ასევე შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს, რომელთაც საბოლოოდ არ დაუკარგავთ წამოდგომის იმედი და სურვილი. ეს იქნება დაცემულისათვის გაწვდილი ხელი და ის აუცილებლად დაგიფასებთ.
ოპტიმიზმი და პესიმიზმი - სამყაროს ხედვის ეს ორი განსხვავებული გზა გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, გუნება-განწყობილებაზე, ქცევაზე. ნუ მისცემთ უფლებას დროებით ჩავარდნებს, შეგირყიონ წამოდგომის მოტივაცია. საკუთარი ძალებისა და უფლის მოწყალების რწმენა განაპირობებს, გვექნება თუ არა წარმატების მიღწევის სურვილი. სწორედ ამიტომ არის, რომ, როგორც ფსიქოლოგი ზიმბარდო აღნიშნავდა, მხოლოდ ერთეულები გადალახავენ ლა მანშის სრუტეს, სხვები კი ნაპირიდან სევდიანად დაუქნევენ მათ ხელს.