სიკეთე მხოლოდ მაშინ არის სიკეთე, როცა მისი აღმსრულებელი რაღაცას გაიღებს მსხვერპლად
ჩვენს დროში გამეფებული ამ მოსაშორებელი სენის, გულგრილობის შესახებ წმინდა პაისი ათონელი წერს:
"დღევანდელი თაობა გულგრილი თაობაა! მხოლოდ აღლუმისთვის თუ გამოდგება. თუ რაიმე მოხდება, თავდაცვას მათგან ვერ მოითხოვ! ადამიანისთვის აუცილებელია შევიდეს სიკეთის არსში, შეიგრძნოს მისი აუცილებლობა, სხვაგვარად ერთი მთლიანი გულგრილობა გაბატონდება". როგორ ვებრძოლოთ გულგრილობის სენს, ფსიქოლოგიურად ვაიძულოთ თავი, რომ შევწუხდეთ, საგონებელში ჩავვარდეთ, შევფიქრიანდეთ, რათა შევძლოთ საკუთარი "მე"-ს ნაჭუჭიდან გამოსვლა, სხვისი ჭირის გაზიარება, ბოროტების წინააღმდეგ ხმის ამაღლება, მოყვასზე ზრუნვა, გაჭირვებულის დახმარება, თუნდაც მოკითხვა, მონახულება, ნუგეშისცემა... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი. - ხშირად ადამიანს აქვს კიდეც სურვილი სხვისი დახმარებისა, მაგრამ არც მატერიალური და, სამწუხაროდ, აღარც სულიერი ძალები არ ჰყოფნის. ეს ჩვენი ეპოქის ტკივილია. გულგრილი ადამიანი სხვას ვერ დაეხმარება, რადგანაც თვითონაც დასახმარებელია...
- "ხშირად ამბობენ, დღეს ყველას უჭირსო", - ამბობს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ერთ ქადაგებაში. მაგრამ უნდა გვახსოვდეს: დახმარება არ გულისხმობს მხოლოდ მატერიალურ შემწეობას... რა თქმა უნდა, ადამიანს ესეც სჭირდება, მაგრამ კაცი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროებს სულიერ შეწევნას, თბილ სიტყვას, გამხნევებას, დაიმედებას... მატერიალურ დახმარებაზე მეტად ზოგჯერ გულს ესალბუნება გამხნევება: - ნუ გეშინია, ყველაფერი შეიცვლება, კარგად იქნება. მწყურვალს ჭიქა წყალიც რომ მიაწოდო, ღვთის წინაშე ესეც არ იკარგება... ღმერთი არ დაგივიწყებს არც ერთ თბილ, დამაიმედებელ სიტყვას.
ხალხი უფრო ნაკლებყურადღებიანი, გულგრილი გახდა ერთმანეთის მიმართ. თუ მეტად ახლობელი არ არის, ნაკლებად იწუხებენ სხვისთვის თავს, თითქოსდა ადამიანი დაიღალაო ამ ცხოვრებით და სხვის დასახმარებლად, სანუგეშოდ ძალა არ ჰყოფნის. საკუთარი თავი გასჭირვებია და შეძლებს კი იტვირთოს დამატებით სხვისი სატკივარი, დარდი, ვარამი?.. როცა მძიმე ყოფაში ხარ, გგონია, თავადაც ვერ უძლებ საკუთარ გაჭირვებულ ყოფას, თითქოსდა შესაძლებლობაც არ გრჩება, დაეხმარო სხვას. ამ დახმარებას ძალა, ენერგია სჭირდება. თუნდაც თანაუგრძნო, ნუგეში სცე კაცს, ეს გძაბავს, შენში ზედმეტ ფიქრს, გრძნობებს იწვევს, გღლის ერთგვარად, მოსაძებნი და შესარჩევია საჭირო სიტყვები, რათა მიაღწიო მიზანს. ეს კი მოითხოვს ძალისხმევას, ენერგიის ხარჯვას. როცა თავად ხარ გაჭირვებული, თითქოსდა ბუნებრივად გეზარება, გულგრილი ხდები სხვისი სატკივრის მიმართ.
- სამწუხაროდ, ამ სენის მომძლავრებას ეკლესიაშიც ვხვდებით, რაც კიდევ უფრო მტკივნეულად აღსაქმელია... რით უნდა იყოს ეს გამოწვეული?
- ეკლესიაში ეს განსაკუთრებით მაშინ შეიმჩნევა, როცა საკუთარ თავზე იღებენ ზედმეტ ღვაწლს: ბევრს აქტიურობენ, მარხულობენ, ლოცულობენ, ეწევიან ამა თუ იმ საქმიანობას. ამ დროს იმდენად იფიტება, ენერგია ეცლება კაცს, რომ უტყვი ხდება სხვისი გასაჭირისადმი, თითქოს ერთგვარი თავდაცვითი რეაქცია ირთვებაო, სურვილი, ძალა აღარ აქვს სხვის დასახმარებლად. როგორც კი სიტუაცია შეიქმნება გულისხმიერების, შემწეობის გამოსაჩენად, მაშინვე შემოდის თავის არიდების მოთხოვნილება. ამიტომაც არის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ეკლესიურ მოღვაწეობაში - ზომიერების დაცვა, რათა საკუთარი ძალები ისე საღად გაანაწილო, რომ სხვასაც დაეხმარო.
- გაგულგრილება ალბათ დრომაც განაპირობა: ცხოვრების დაჩქარებულმა რიტმმა, მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, მატერიალური კომფორტისკენ სწრაფვამ, უამრავმა თავსმოხვეულმა საზრუნავმა... მაინც რა გავლენას ახდენენ ეს ფაქტორები ჩვენს სულიერ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე?
- ხალხის ტკივილისადმი, გაჭირვებისადმი გაგულგრილებას ხელი შეუწყო ცხოვრების წესმაც. თუნდაც, როცა ტელეფონით კი არ მოიკითხავ, არამედ მიხვალ და ისე გაიგებ მეორის ამბავს, ეს უკვე სხვაგვარად განგაწყობს მის მიმართ, უფრო მეტად ეხები ახლობლის, ნათესავის, ნაცნობის თუ მეზობლის ცხოვრებას, თანაგრძნობით იმსჭვალები მათი პრობლემების, სატკივარით აღსავსე ცხოვრების მიმართ, მეტად გინდება, დაეხმარო, თუ საშველია, სხვაგვარად გითბება გული და ჩნდება მოთხოვნილება, ყურადღება გამოიჩინო, მოიკითხო, გაითავისო ვარამი სხვისა. როცა ცხოვრების წესი გულისხმობს ამგვარ ურთიერთობას, უფრო იკვეთება, ჩნდება მოყვასისადმი ნუგეშისცემის, დახმარების გაწევის ჩვევა.
ადრინდელი საცხოვრებელიც უფრო თბილი ურთიერთობისკენ უბიძგებდა ხალხს. კორპუსში შეუყუჟავი ბინები საერთო აივნებით, ეზოებით ადამიანებს უფრო აახლოებდა. ეს კი ურთიერთთანადგომის საფუძველი იყო.
დღეს ტელევიზორის ყურებაში დახარჯული დრო შედარებით მეტად ეთმობოდა კითხვას, საუბარს, სხვადასხვა საქმიანობას. ახლა კი ტელევიზორის წინ მოკალათებულებს ეზარებათ სხვასთან ურთიერთობა, რომ არაფერი ვთქვათ იმ შემთხვევებზე, როცა სიტუაცია მოითხოვს დახმარებას.
ამასთან, ტელევიზორს ერთი ვერაგი თვისებაც აქვს - მისი ყურებისას უფრო იღლება, იფიტება კაცი. როცა გვიანდება დასვენება, ძალების აღდგენა, ბუნებრივია, ნაკლებად გრჩება შესაძლებლობა, დაეხმარო სხვას. დაქანცული უფრო მეტად იკეტები შენს ნაჭუჭში და მეორეს ნაკლებ ყურადღებას აქცევ.
- ჩვენი ეპოქა არის დაღლილობის გამძაფრებული შეგრძნებით აღბეჭდილი. მსხვერპლის გაღების, თავგანწირვის სული მინავლებულია. რაც დრო გადის, მით უფრო შეიმჩნევა ეს. მაგრამ წმინდა მამებმა ახოვნად დაძლიეს ეს უკეთურება და გვიჩვენეს გულგრილობის სასტიკი სენისგან თავის დაღწევის გზა...
- მამა პაისი ათონელი მოყვასისადმი დახმარებისა და ნუგეშისცემის საჭიროებაზე წერს: "სიკეთე მხოლოდ მაშინ არის სიკეთე, როცა მისი აღმსრულებელი რაღაცას გაიღებს მსხვერპლად: ძილს, სიმშვიდეს, რაიმე ამის მსგავსს. ამიტომაც ბრძანა მაცხოვარმა: "თავი უარყავ". როცა სიკეთეს აღასრულებ, თუ იგი დამქანცველი არაა, არ ფასობს ძვირად. თუკი, მაგალითად, დაღლილი ხარ, მაგრამ გამოდიხარ, რომ გზა უჩვენო სხვას, ვინც ამას გთხოვს, ღირებულია ძვირად; როდესაც გამოძინებული ღამეს უძილოდ გავატარებ იქ, სადაც ჩემი დახმარება სჭირდებათ, ამას დიდი ფასი არ აქვს, თუ თან საუბარიც იქ ჩემს გემოზეა, - ამის გაკეთება ხომ მარტო იმიტომ შემიძლია, რომ ცოტა გავერთო, ვისიამოვნო სხვასთან ურთიერთობითაც. - მაგრამ დაღლილი თუ მსხვერპლს გავიღებ სხვის დასახმარებლად, განვიცდი სამოთხისეულ ნეტარებას და მაშინ ვპურდები ღვთაებრივი კურთხევითაც...
როცა წმინდა მთაზე საკუთარ სენაკში თიაქარი მაწუხებდა, კარზე მიკაკუნებდნენ და თოვლში, სიცივეში გავდიოდი შესახვედრად. თუ კაცს უჭირდა, ვერ ვგრძნობდი ჩემს ტკივილს, თუმცაღა მანამდე მიჯაჭვული გახლდით საწოლს. მომსვლელს ვუმასპინძლდებოდი, ერთი ხელით ამას ვაკეთებდი, მეორით კი თიაქარი მეჭირა. მიუხედავად მძიმე ტკივილისა, არაფერს ვეყრდნობოდი, რომ სტუმარი არ მიმხვდარიყო. ხოლო როცა მნახველი მიდიოდა, ტკივილით ორად ვიკეცებოდი. განა მანამდე კი ტკივილი მიყუჩდებოდა ან ვკეთდებოდი სასწაულებრივად? არა, ვხედავდი, რომ სხვა ცუდად იყო და ვივიწყებდი საკუთარ გაჭირვებას. მთავარი ისაა, რომ ადამიანი ძმად აღიქვა და განიცდიდე მის ტკივილს. ეს შეძრავს უფალს".
- ზოგჯერ არ იცი, რით ანუგეშო კაცი. ან იწყებ საუბარს და გული გკარნახობს, რომ სიტყვები ხელოვნურია, ვერ აღწევ მიზანს. როცა, მაგალითად, შენს წინ შვილმკვდარი დედაა, უძლურებას გრძნობ, ნუგეში სცე მას, ხედავ, რომ ყოველგვარი სიტყვა ზედმეტია. როგორ უნდა მოიქცე ასეთ დროს?
- ასეთ დროს უფალს უნდა შეევედრო, გაგიხსნას გონება და გათქმევინოს ის, რაც საჭიროა, ან თუ ეს შეუძლებელია, თავად მოიღოს მოწყალება და შეეშველოს გასაჭირში ჩავარდნილს.
ნუგეშისცემა დიდი ხელოვნებაცაა. მამა არსენიმ ძალიან დიდი ხანი გაატარა გულაგში - კომუნისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში. საოცარ სიყვარულს, მზრუნველობას იჩენდა პატიმრების, გასაჭირში ჩავარდნილთა მიმართ, გვერდით ედგა, ნუგეშს სცემდა მათ. ასეთი ღვაწლისთვის იგი უფალმა სხვისი აზრების კითხვის, ცოდვების უთქმელად დანახვის, განკურნების უნარით დააჯილდოვა. როდესაც გაათავისუფლეს, მასთან უამრავმა ხალხმა იწყო სიარული. ერთხელ მამა არსენისთან მივიდა ქალი, რომელსაც ქმარ-შვილი ავტოკატასტროფაში დაღუპვოდა, დედა კი სამუდამოდ დახეიბრებოდა. შეხვედრას ქალი ასე იხსენებდა: "მთხოვა, ჩემი ამბავი მომეყოლა. ყვირილით, გაბოროტებით, სიძულვილით, ლანძღვით დავიწყე თხრობა. მამა არსენი ჩუმად იჯდა, მე კი უსასრულოდ ვლაპარაკობდი და მგონი, სულ ერთსა და იმავეს ვიმეორებდი: რისთვის?! რატომ?! საუბარი რომ დავასრულე, ბერს გაოცებულმა შევხედე - სად იყო ნუგეშის სიტყვები, სულიერი შეწევნა?! მამა არსენი უსიტყვოდ წამოდგა, კანდელი გაასწორა, რამდენიმე სანთელი დაანთო და დაიწყო ლოცვა. ლოცვისას ხშირად ჩემი და ჩემი ახლობლების სახელებს იმეორებდა... ევედრებოდა ღვთისმშობელს. ბოლოს მომიბრუნდა: ,,ყოველდღე, დღისითაც და ღამითაც შეარჩიეთ დრო და სადაც არ უნდა იყოთ, ეს ლოცვები თქვით, ღვთისმშობელი კი აუცილებლად დაგეხმარებათ. იარეთ ხშირად ეკლესიაში და სასწაულთმოქმედი ხატის - "მოულოდნელი სიხარულის" წინ დაუჯდომელი იკითხეთ. არც განსჯა თქვენი მწუხარებისა, არც ნუგეშისცემა საჭირო არაა. მხოლოდ ლოცვა, რომელშიც ჩაეტევა მთელი თქვენი ამქვეყნიური მწუხარება". მეორე დღეს კი მითხრა: "თქვენი ტკივილი უზარმაზარია, მას ვერანაირი საზომით ვერ გაზომავ. ამას ვხედავ, ვგრძნობ, მაგრამ ქედს ვიხრი უფლის ნების წინაშე. მხოლოდ მისთვის არის ცნობილი თითოეული ადამიანის გზა და, როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, ყოველ ჩვენგანს ღმერთი თავისკენ უხმობს მისთვის უმჯობეს ჟამს".
- წმინდა პაისი ათონელი წერს: "მაშფოთებს გამეფებული გულგრილობა. მდგომარეობა ძალზე რთულია. სამყაროს ბედი რამდენიმე ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ უფალი ჯერ კიდევ ამუხრუჭებს. საჭიროა გულმხურვალედ მოვეკიდოთ ამას და სულიერად ვიცხოვროთ. ძალიან რთული დროა. უამრავი ფერფლი, ნაგავი, გულგრილობაა ირგვლივ - და მის გასაფანტად საჭიროა, ძლიერად დაუბეროს..." ალბათ, ისევ და ისევ წმინდა ადამიანების გამო "ამუხრუჭებს" უფალი ჩვენზე მოწეულ სასჯელს...
- წმინდა ადამიანები არიან მაგალითნი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაამარცხო გულგრილობა, გამოიჩინო სითბო, ყურადღება და მხარდაჭერა ადამიანების მიმართ. მამა არსენიმ გულაგში ბევრი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილსა და ტანჯვას კეთილი სიტყვით, მზრუნველობით, დახმარებით. საკონცენტრაციო ბანაკში ძალიან ბევრს ნიშნავდა ზნეობრივი მხარდაჭერა. ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო იქ, ვიდრე საკვები. ერთ-ერთი იქ მყოფთაგანი შემდეგ იხსენებდა: - ბანაკში ჩვენ, ყველანი, მივეკედლებოდით ხოლმე ჩვენს მსგავსებს ანუ ჩვენნაირებს: პარტიულები - პარტიულებს, ინტელიგენტები - ინტელიგენტებს, გლეხები - გლეხებს, ქურდები - ქურდებს და ა. შ. და თუკი ვეხმარებოდით ვინმეს, ვეხმარებოდით სწორედ მათ ანუ ჩვენნაირებს. და ისიც - იშვიათად. შეიძლება ითქვას, უფრო მეტად ზიანსაც კი ვაყენებდით, ვიდრე ვეხმარებოდით. მამა არსენი კი ყველას თანაბრად და განურჩევლად ეხმარებოდა. მისთვის არ არსებობდა უცხო და თავისიანი; მისთვის არსებობდნენ ადამიანები, რომელნიც საჭიროებდნენ დახმარებას.
მე და ჩემი მეგობარი სასოწარკვეთილების ზღვარზე ვიყავით და გაქცევას ვაპირებდით. ეს კი სიკვდილს უდრიდა. არავისთვის გაგვიმხელია ჩვენი განზრახვა. და აი, წმინდა მამა არსენი ჩვენთან მოვიდა ზუსტად გაპარვის წინა დღეს და დაიწყო ამ თემაზე საუბარი. განცვიფრებულები ვუყურებდით, ვერ გაგვეგო, საიდან იცოდა ჩვენი განზრახვა. დავიბენით. ის კი დაბეჯითებით და ალერსიანად ცდილობდა გადაეფიქრებინა ჩვენთვის გაქცევა და მეტად დაგვამშვიდა".
ეს არის ჩვენი ეპოქისთვის დამახასიათებელი გულგრილობის სრულიად საპირისპირო მაგალითი. ასე რომ, დიდი სულიერება გულისხმობს უსაზღვრო სიყვარულსა და მხარდაჭერას. ნუგეშისცემა დიდი სათნოებაა და მისმა მნიშვნელობამ, გამომდინარე ჩვენი საუკუნიდან, სხვა ელფერიც კი შეიძინა. ადრინდელთან შედარებით, იგრძნობა მისი გამოვლინების ნაკლებობა. არადა, რამდენად სათნოა უფლისთვის კაცი, ვინც ამ სათნოებით გამოირჩევა. ამასთან, ესმის ისიც, რომ ეს უნარი ღმერთის დიდი წყალობაა და ერთგვარი დახვეწილი ხელოვნებაც.