ასეთი სათნოებით დაჯილდოებული კაცი გულს ულბობს ყველაზე მრისხანე ადამიანსაც კი
წმინდა მამათა განმარტებით: თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ იმისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ შეერიგებინა ღვთიური სიმართლე ღვთის მოწყალებასთან
, რათა დაეყუჩებინა ზეციური მამის სამართლიანი რისხვა ჩვენს მიმართ. ამიტომ იგი უდიდესი მშვიდობისმყოფელია, "თავადი მშვიდობისა", როგორც მას უწოდებს ძველი წინასწარმეტყველი (ისაია, 6,9). ჯვარზე დაღვრილი სისხლით მან ყოველივე დაამშვიდა როგორც ზეცაში, ასევე დედამიწაზე. ნეტარნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რომელთაც დამშვიდებული სინდისი აქვთ ღვთისა და მოყვასის მიმართ, რომელნიც პირველნი ეძიებენ შერიგებას და ლოცულობენ თავიანთი მტრებისთვისაც. ისინი "მშვიდობის მოძულეებსაც" კი უსურვებენ მშვიდობას, წინასწარმეტყველ დავითის მსგავსად, რომელსაც ზედმეტი და უსარგებლო სიტყვის თქმაც კი აშინებდა, რათა ამით მოყვასი არ შეურაცხეყო. ნეტარნი არიან, რომელნიც მთელი ქვეყნის მშვიდობას შესთხოვენ უფალს და გადამტერებულთ არიგებენ, ყველგან მშვიდობასა და სიყვარულს ამკვიდრებენ. ნეტარნი არიან ისინი, რომლებიც ცოდვილებს სინანულისკენ მიაქცევენ და არიგებენ უფალთან. ნეტარნი არიან, რომლებიც ურწმუნოებს მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოაქცევენ; ეკლესიის ურჩ შვილებს - სექტანტებსა და განხეთქილებათა შემომტანებს არიგებენ თავიანთ მშობელ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ყველა ეს მშვიდობისმოყვარენი ემსგავსებიან ღვთის ძეს - ჩვენს უფალ იესო ქრისტეს. აი, ამიტომ ჰპირდება მათ ასე დიდ საბოძვარს, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ; მარტო სახელით კი არა, არამედ სინამდვილეში მადლით იქნებიან ღვთის შვილნი. როგორ უნდა დავთრგუნოთ და განვდევნოთ ჩვენი არსებიდან სიძულვილი, მტრობა, შურისძიება, ღვარძლიანობა და ვეცადოთ მოვიპოვოთ სიყვარული, მშვიდობა, სიკეთე, სულგრძელობა - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.
- მშვიდობისმყოფელი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც თავად მოიპოვა შინაგანი სიმშვიდე. ეს კი მრავალსაფეხურიანი ფსიქოლოგიური პროცესია. ბერ ნიკოდიმოს მთაწმინდელს შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად აღწერილი აქვს სათნოებათა სისტემა - მორჩილება, სინდისიერება, ვნებათაგან თავშეკავება, მოთმინება, სიყვარული და სხვა. როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა, მეტადრე ჩვენს დაძაბულ დროში, სათნოებათა ამ რთულ კიბეზე ასვლა?
- მოციქული პავლე ბრძანებს: "თუ შეგიძლიათ, ყველასთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: "ჩემია შურისგება და მე მივაგო". ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი, თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სიკეთით სძლიე ბოროტს" (რომ. 12,18-21). ჩვენი ეპოქა მართლაც ძალიან რთულია და მშვიდობისმყოფელობის მომენტი უფრო და უფრო ნაკლებად იჩენს თავს. ადამიანები მიიდრიკნენ ეგოიზმისკენ, თავშეუკავებლობისკენ. მძიმე სოციალური და სტრესული ფონიც განაპირობებს იმას, რომ ხშირად ვერ თოკავენ ემოციებს, ადვილად გამოდიან მწყობრიდან, არ თმობენ, ეჩხუბებიან, ეკამათებიან სხვას და ა.შ. დაიკარგა ის მოთმინების უნარი, რაც ესოდენ სჭირდება ადამიანს, მეტადრე ქრისტიანს. ადამიანები ისე არიან მოცულნი მატერიალური პრობლემებითა და საფიქრალ-საზრუნავით, რომ სხვათა შესარიგებლად კი არა, საკუთარ ოჯახებში უთანხმოების აღმოსაფხვრელადაც არ ჰყოფნით ძალა. სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანის ფსიქიკა მეტად შევიწროვდა და ძალიან ბევრი ქრისტიანული სათნოებისთვის, ამა თუ იმ ნეტარების მოპოვებისკენ სწრაფვისთვის ადგილი თითქმის აღარ დარჩა. ჩვენი დროისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელი გახდა ადამიანთა გაუცხოება, გულითადი კავშირების, ურთიერთნდობის, კეთილგანწყობის დაკარგვა.
მშვიდობისმყოფელობა, მორჩილება, თავმდაბლობა - ეს თვისებები გულისხმობს, რომ მოთმინებით გადავიტანოთ წყენა, რომელსაც გვაყენებენ გარშემომყოფნი, არ გამოვამჟღავნოთ მათ მიმართ მრისხანება, სიავე, გულღრძოობა. მემშვიდობე დარდობს, უფალს ევედრება, რომ ხსნა მოუვლინოს მოყვასს, რომელსაც მშვიდობიანი განწყობა არ აქვს. უნდა ითქვას, რომ ასეთი სათნოებით დაჯილდოებული ადამიანი, მიუხედავად ჩვენს ეპოქაში გამეფებული ტოტალური გულგრილობისა და სისასტიკისა, მაინც მეტად კეთილ გავლენას ახდენს ირგვლივ მყოფებზე, გულს ულბობს ყველაზე მრისხანე ადამიანსაც კი. თუმცა, ხშირად ვხვდებით საწინააღმდეგოსაც. თუ სასტიკსა და მრისხანე კაცს უთმობენ, პატიობენ, სისასტიკითვე არ პასუხობენ, თავხედდება და კადნიერდება, უფრო ზღუდავს და ავიწროებს სხვას. ეს მანკიერი თვისებაც, სამწუხაროდ, შეიმჩნევა ჩვენს არსებაში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენი ბუნება მეტად ცოდვილია და თუ ღრმად ჩავუკვირდებით, ბევრ ბნელ და უკეთურ შრეს აღმოვაჩენთ. სწორედ ამიტომაც მოთქვამენ წმინდა მამები ადამიანის დაცემული ბუნების გამო. ისინი თავიანთ თავს დედამიწაზე ყველაზე დიდ ცოდვილებად მიიჩნევდნენ, რადგანაც სხვაზე უკეთ ხედავდნენ და უღრმავდებოდნენ ზოგადად ადამიანის ამ მეტად შავბნელ ლაქებს.
- წმინდა მამები გვირჩევენ, რომ გვმართებს სიფრთხილის გამოჩენა ადამიანებთან ურთიერთობაში, რათა ჩვენი სიტყვით, მოპყრობით, საუბრის ტონით, ინტონაციითაც კი, არ შევაშფოთოთ და გავანაწყენოთ მოყვასი. ესეც გარკვეული ხელოვნებაა და დიდ ტაქტს და დიპლომატიას მოითხოვს...
- რა თქმა უნდა. მემშვიდობის სათნოება რომ გაგვაჩნდეს, ამისთვის გარკვეული ხელოვნებაც არის საჭირო. ერთხანს ოპტის უდაბნოს წინამძღვარი გახლდათ მოსე, რომელმაც ააყვავა და ააღორძინა მონასტერი. იგი გამოირჩეოდა ღრმად სულიერი და ორგანიზატორული თვისებებით. მამა მოსე მაშინვე კი არ ეტყოდა სათქმელს მონასტრის რომელიმე წესრიგის დამრღვევ წევრს, არამედ გადადებდა გაკიცხვას ან მამხილებელ დარიგებას, დიდხანს უცდიდა შესაფერის მომენტს, რათა ამ დასასჯელი ძმისთვის აეხსნა და განემარტა, თუ რატომ იმსახურებდა მისი საქციელი მონასტრის წინამძღვრისგან ასეთ მოპყრობას. მოთმინებისა და სიბრძნის გამოვლენას ყოველთვის მოჰქონდა სასიკეთო შედეგი და კეთილად მოქმედებდა ძმობაზე. მონასტრის წევრების დარიგებას რომ დააპირებდა, უპირველეს ყოვლისა, ლოცვას შეუდგებოდა. დარიგებას კი მაშინ იწყებდა, როცა დარწმუნდებოდა, რომ ძმას მღელვარებამ გადაუარა, მზად იყო მისი ნათქვამის მოსასმენად და მისაღებად. ღირსი მამა არასოდეს არავის სჯიდა მკაცრად. ამბობდა: - უმჯობესია მოვიცადოთ, ვიდრე ღმერთი არ მიეახლება და რაღაცნაირად არ მოალბობს კაცის სულსო. ბერის პრინციპი იყო ის, რომ გაეთვალისწინებინა ადამიანის ბუნება და მისი ხასიათის თავისებურებები. მონასტრის წევრებთან ურთიერთობაში დიდ სიბრძნეს ამჟღავნებდა. თუმცა ბუნებით ფიცხი იყო, მაგრამ მოახერხა, სრულად გარდაექმნა საკუთარი მე და სხვა სათნოებებთან ერთად მემშვიდობის სათნოებაც შეიძინა. როდესაც მრისხანების ვნება მოიცავდა, ცდილობდა, დაუყოვნებლივ განრიდებოდა იქაურობას, თავს იმდაბლებდა ლოცვით და როდესაც უკვე სიმშვიდე დაეუფლებოდა, მაშინღა ამბობდა თავის სათქმელს.
ხშირად წავწყდომივართ, განრისხებულ ადამიანს როგორ არიგებენ, რაც უკურეაქციას იწვევს, დამშვიდების ნაცვლად უფრო მეტად ხელდება, თითქმის კარგავს კონტროლს. ასეთ შემთხვევებში დაფიქრება და გონიერების გამოჩენა გვმართებს. სჯობს მოვიცადოთ, სანამ ეს ადამიანი ცოტათი მაინც დამშვიდდება, გახდება მიმღები ჩვენი სიტყვისა და ამის შემდეგ შევეცადოთ დაველაპარაკოთ, ჭკუა დავარიგოთ. ამგვარად, მშვიდობისმყოფელის მისია რომ შევასრულოთ, ადამიანის შინაგანი მდგომარეობის გათვალისწინება გვმართებს, რაც ტაქტსა და მოთმინების გამოჩენის ხელოვნებას გულისხმობს.
- სამწუხაროდ, ეს პრობლემა დგას ეკლესიის წიაღშიც, რითაც ჩირქი ეცხება ქრისტიანის სახელს. ხშირად მსმენია არაეკლესიური ადამიანებისგან: "რა აზრი აქვს მათ ეკლესიაში სიარულს და მარხულობას, შეხედეთ, როგორ ცხოვრობენ: ჩხუბობენ, განიკითხავენ, ცილს სწამებენ, ერთმანეთს მტრობენ". ეკლესიის წევრებისგან ასეთი საქციელი, ალბათ, უფრო მძიმედ აღიქმება...
- სამწუხაროდ, ბევრი დაუბრკოლებია და გაუღიზიანებია ეკლესიაში მოსმენილ უხეშ სიტყვას, სისასტიკეს - ეს შეეხება ეკლესიის მსახურებსაც - მესანთლე იქნება ეს, დამლაგებელი, მედავითნე თუ სასულიერო პირიც კი. ჩვენი ეპოქის გათვალისწინებით, მრევლთან სხვაგვარი მოპყრობაა საჭირო. სიმკაცრე, მკვეთრი გამონათქვამები ხშირად უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე და შესაძლოა განაშოროს კიდევაც ისინი ეკლესიას. მახსენდება ერთი ამბავი: ერთმა ქალბატონმა, რომელიც დეპრესიულ მდგომარეობაში იყო, დააპირა ეკლესიაში მისვლა. სასოწარკვეთილი მოთქვამდა და ტიროდა. ტაძრის ეზოში რამდენიმე მოძღვარი დახვდა. მივიდა და ითხოვა, თუ შეიძლება, აღსარებას ვიტყვიო. პასუხად კი, რადგანაც მას შარვალი ეცვა, მოძღვრებმა უსაყვედურეს: ჯერ წადი, წესიერად ჩაიცვი და თანაც როცა მოისურვებ, მაშინ აღსარების თქმა სად გაგონილა, ამისთვის სათანადო მომზადებაა საჭიროო. რაღა თქმა უნდა, არ არის წესი, რომ მანდილოსანს ტაძარში შარვალი ეცვას და აღსარებასაც, როცა გინდა, მაშინ ვერ იტყვი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, ეს საყვედური იმდენად უხეშად და არაადეკვატურად იყო ნათქვამი, რომ მეტად მძიმე შედეგიც მოჰყვა - ეს ქალბატონი წავიდა და შემდეგ საკმაოდ დიდხანს დადიოდა ანთროპოსოფიულ წრეში, სურვილიც აღარ ჰქონდა ეკლესიაში მისვლისა. საბედნიეროდ, წლების შემდეგ დაუბრუნდა ეკლესიურ გარემოს. ეს მაგალითი ნათელყოფს, თუ რაოდენ დიდი ტაქტი მართებთ სასულიერო პირებს, რომ მრევლი არ დააბრკოლონ.
ფსიქოლოგიური დახმარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაც გახლავთ ის, რომ ფსიქოლოგი იყოს რაც შეიძლება მეტად თავაზიანი, ტაქტიანი, რათა ამით ხელი შეუწყოს ადამიანის გახსნას, მისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომ არ დაბრკოლდეს და თავისუფლად ილაპარაკოს საკუთარ პრობლემებზე. არ არის გამორიცხული ხელოვნური მომენტი, როდესაც, ვთქვათ, ფსიქოლოგი ამჟღავნებს ზედმეტ, ცოტა არ იყოს, ყალბ თავაზიანობასაც, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სწრაფვა არის იმისკენ, რომ ადამიანს ფსიქოლოგიურად დაეხმაროს. სულიერი დახმარება კი უფრო დიდია, ვიდრე ფსიქოლოგიური.
გამოსაყოფია ერთი გავრცელებული საცდურიც, რომელიც მეტ-ნაკლებად იჩენს ხოლმე თავს ახალბედა სასულიერო პირის ცხოვრებაში. ზოგჯერ ასეთები მრევლს უზომოდ მკაცრ მოთხოვნებს უყენებენ, სულიერ შვილებს "ძნელად სატარებელ" ტვირთს ჰკიდებენ და ყველას, მათი ასაკისა თუ სულიერი სიმწიფის მიუხედავად, უზომოდ მკაცრ ღვაწლს სთხოვენ. წარუმატებელი სულიერი ღვაწლის გამო ჰკიცხავენ და ხშირად წარმოთქვამენ მკაცრად მამხილებელ ქადაგებებს. იაკობ მოციქული ბრძანებს: "ნუ მრავალნი ჰმოძღვრიდით, ძმანო ჩემნო. უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი სასჯელი მოიღოთ, რამეთუ ფრიად სცდებით. ყოველი, რომელი სიტყვით არა სცდებოდეს, იგი სრული კაცი არს" (იაკობი 3,1-2). ქადაგება მეტად რთული და საპასუხისმგებლო საშუალებაა, მეტადრე მამხილებელი ქადაგება. ზოგჯერ იგი სახიფათოა და უკუშედეგამდე მივყავართ, რადგან, სამწუხაროდ, მრევლი ყოველთვის ისე როდი აღიქვამს მას, როგორც მღვდელმსახურს სურს. ამიტომ მღვდელმსახურს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. ზედმეტ მომთხოვნელობასა და სიმკაცრეს შედეგად შეიძლება მოჰყვეს ზოგიერთი მორწმუნის შინაგანი განგრილება და თვით გაუცხოებაც კი ეკლესიისადმი.
ასე რომ, მშვიდობისმყოფელობა განსაკუთრებული ნიჭია. ამ ნიჭის მოპოვება გულისხმობს ძალიან დიდ ძალისხმევას, საკუთარ თავზე მუშაობას და დიდ ტაქტს ურთიერთობაში, რაც ხშირად გვაკლია დღევანდელ ადამიანებს.