იოანე ღვთისმეტყველი ასწავლიდა თავის მოწაფეებს: "გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან ღმერთი სიყვარულია". სიყვარულის გამოვლინება სხვადასხვაგვარია.
თითოეულს თავისი ხიბლი ახლავს. სხვა არის მეგობრის სიყვარული, ქალ-ვაჟის სიყვარული და სხვა - დედმამიშვილური სიყვარული. ქართულ სუფრაზე ცალკე გამოყოფენ ხოლმე დედმამიშვილების სადღეგრძელოს. მას ისეთი განსხვავებული გამოვლინება და თვისებები აქვს, რაც სხვა სიყვარულს არ გააჩნია.
ამ საკითხზე გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი:
- ადამიანს რამდენი მეგობარიც არ უნდა ჰყავდეს, გაჭირვებისას ხშირად ისეთ თავდადებასა და ერთგულებას ვერ იჩენენ, როგორიც დედმამიშვილს სჩვევია. ეს ცხოვრების კანონია და ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდია დედმამიშვილური სიყვარული. ხშირად დედმამიშვილები გარეგნობით ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათით, ტემპერამენტით. ამის მიუხედავად, დედმამიშვილური სიყვარული ისეთი ძლიერია, რომ ადამიანი უყოყმანოდ ეყრდნობა გაჭირვების ჟამს. ეკლესიურად მცხოვრები იძენს სულიერ და-ძმებს, რომლებიც სულიერი თვალსაზრისით ხშირად აღემატებიან ხორციელთ. აქ თავს იჩენს ერთი მომენტი: ეკლესიური ცნობიერების ადამიანი ხშირად ხორციელ დასა და ძმაზე მეტად საწუხარს უზიარებს ეკლესიის მკვიდრს. მას უფრო ესმის შენი და შენი შეხედულებებისა.
სახარებაში ვკითხულობთ: მაცხოვარს მოახსენეს: "აჰა, დედაშენი და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ". მაცხოვარმა მიუგო: "ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?" შემდეგ ხელი გაიშვირა თავისი მოწაფეებისკენ და თქვა: "აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები. ვინაიდან ვინც ჩემი ზეციური მამის ნებას შეასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც". აქ მაცხოვარი თვალნათლივ მიუთითებს, თუ რას გულისხმობს ჭეშმარიტი დაძმობა სულიერი თვალსაზრისით. ნეტარი თეოფილაქტე ამ ადგილს ასე განმარტავს: "მაცხოვარმა ამით ის კი არ თქვა, ეს არ არის ჩემი დედაო, არამედ თუკი ღვთის ნებას არ აღასრულებს, ვერაფერს არგებს ის, რომ მე მშობაო". უფალი არ უარყოფს ბუნებრივ შობას, მაგრამ მას უმატებს შობას სათნოებით, რადგანაც უღირსი სარგებელს შობით ვერ მიიღებს.
- სარწმუნოებრივი მსოფლმხედველობის მქონე მრევლის წევრებს სურთ, ოჯახის წევრებიც მიიყვანონ ეკლესიაში, მაგრამ ხშირად არ გამოსდით. როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ამ შემთხვევაში?
- ასეთ დროს ხშირად დიდ შეცდომებს ვუშვებთ ხოლმე - ზედმეტ ინიციატივას ვიჩენთ, მოუთმენლები ვართ, ზოგჯერ უხეშად ვამბობთ სათქმელს და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა კიდეც, რომ ახლობლებს დათვური სამსახური გავუწიოთ - ეკლესიას განვარიდოთ ისინი. სულიერ თემებზე საუბარი გულისხმობს დიდ ტაქტს, დროის შერჩევას იმისდა მიხედვით, მომწიფებულია თუ არა პიროვნება სარწმუნოებრივ საკითხებზე სასაუბროდ, რა დოზით მივაწოდოთ სათქმელი. საჭიროა ზომიერება. როგორც კი შევატყობთ, რომ უკვე ზედმეტია სარწმუნოებრივ თემაზე საუბარი, უნდა შევჩერდეთ და სხვა დროისთვის გადავდოთ. ასეთ შემთხვევებში ხშირად გვავიწყდება ლოცვა. როდესაც სულიერი დახმარების საკითხი დგება, უფალს უნდა ვთხოვოთ შემწეობა, რათა მისი ძალით გაძლიერებულებმა შევძლოთ სარწმუნოებრივ თემებზე საუბარი. ოჯახის წევრების ურთიერთობაში სხვა ნიუანსიც იჩენს ხოლმე თავს. ნათქვამია, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო. მაგალითად, ფსიქოთერაპია ოჯახის წევრებთან არ გამოდის. ქირურგიც ხშირად ერიდება ახლობლებისთვის ოპერაციის გაკეთებას. როდესაც სულიერ საკითხზე ვესაუბრებით დებს ან ძმებს, ოჯახის წევრებს, ამ შემთხვევაში შესაძლოა ჩვენმა სიტყვამ ნაკლებად იმოქმედოს, ვიდრე გარეშე, ავტორიტეტული პირის ნათქვამმა. ამ შემთხვევაში ახლობლობა თითქოს გზას უკეტავს ჩვენს რჩევა-დარიგებებს. აქ მრავალი სოციალურ-ფსიქოლოგიური ნიუანსი ვლინდება. მოგეხსენებათ, ოჯახში უფრო მეტად ავლენს კაცი თავს, ოჯახის წევრებმა უკეთ იციან ჩვენი სისუსტეები, ვიდრე სხვებმა და ამიტომაც ნაკლებად ავტორიტეტული ვხდებით მათთვის და ჩვენი სიტყვაც ნაკლებ დამაჯერებელია. ისეც ხდება, რომ ჩვენ უფრო სხვა ადამიანების მოქცევა და მოყვანა გვინდა, ვიდრე ოჯახის წევრებისა და ამ მიმართულებით ნაკლებად ვხარჯავთ ენერგიას.
- შემიმჩნევია, რომ მრავალშვილიანი ოჯახის წევრები საზოგადოებაში უფრო კონტაქტურნი არიან...
- დედმამიშვილები ყველაზე დიდი სიმდიდრეა და დედმამიშვილური ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია. მრავალშვილიანი დედებისგან ხშირად გამიგონია, რომ როდესაც რომელიმე ბავშვს მისცემენ რაიმე ნუგბარს, ის არასოდეს მარტო არ გეახლებათ, არამედ და-ძმებს უნაწილებს. უფროსი და-ძმები უმცროსებს ზრდიან და მფარველობენ. ასე სწავლობენ საკუთარი "მე"-ს უკან დაყენებას და მათში იმკვიდრებს მსხვერპლშეწირვის სული. ასე რომ, ასეთი ოჯახური გარემო ადამიანში ზრდის და აყალიბებს ქრისტიანულ სათნოებებს.
- ოჯახური გარემო ზოგჯერ უარყოფით მომენტებსაც შეიცავს. დედმამიშვილები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, ერთ ოჯახში იზრდებიან, ერთმანეთის ჭირსა და ლხინსაც იზიარებენ. გადის დრო. ცხოვრება ყველას თავის დაღს ასვამს. დედმამიშვილები თავ-თავიანთი გზებით მიდიან, ოჯახებს ქმნიან. სამწუხაროდ, არც ისე იშვიათად დედმამიშვილური სიყვარული ფერმკრთალდება. ახალი საზრუნავი უჩნდებათ, თითქოს უუცხოვდებიან ერთმანეთს. მტკივნეულ პრობლემად იქცევა ხოლმე ქონების გაყოფაც.
- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდია დედმამიშვილის სიყვარული, მას შვილისა გადასწონის. ეს არ გულისხმობს მის გაქრობას. ადამიანმა უნდა შეძლოს, ყველა თავის ადგილზე დააყენოს და ყველას თავისი სახელი დაარქვას. ერთი ქალბატონის ნაამბობი მახსენდება: მისი ბიძა 30-იან წლებში დააპატიმრეს და "ხალხის მტრად" გამოაცხადეს. ძმამ რის ვაი-ვაგლახით შეატყობინა დას, ეგებ ნახევარი კილო პური შემომიგზავნო ციხეშიო. წვრილშვილიანი ქვრივი ქალისთვის ეს მეხის დაცემა იყო. პური რომ გაეგზავნა, "ხალხის მტრის" ხელშეწყობისთვის აუცილებლად დააპატიმრებდნენ, არ გაეგზავნა და - რა გული მოუთმენდა. უსასტიკესი არჩევანის წინაშე იდგა. მაინც დედამ სძლია დას... ასეთი გამოცდის წინაშე ხშირად გვაყენებს ცხოვრება. რა თქმა უნდა, ამ ქალის განკითხვა არ შეიძლება. როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, შვილი მაინც პირველ ადგილზე დგება.
ქონების განაწილების საკითხიც მეტად მტკივნეულად აღიქმება ხოლმე. ხშირად კონფლიქტები დედმამიშვილურ სიყვარულს ჩრდილს აყენებს, საქმე სასამართლომდეც კი მიდის, რაც მეტად მტკივნეული ფსიქოლოგიური მომენტია. ამგვარი განსაცდელების ღირსეულად გადასატანად ადამიანს განსაკუთრებით სჭირდება ეკლესიური ცნობიერება, ისეთი ქრისტიანული თვისებები და სათნოებები, როგორიცაა, თუნდაც, არავერცხლისმოყვარეობა. ასეთ მომენტში შეიძლება ბევრმა ვერ გამოიჩინოს სათანადოდ თავი, ამიტომ საჭიროა მოძღვართან ურთიერთობა, საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე ზრუნვა, რათა შეძლოს უარი თქვას მომხვეჭელურ, მესაკუთრულ ბუნებაზე და დიდსულოვნებას არ უღალატოს. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ცხოვრებისეული განსაცდელია, მათ შორის დედმამიშვილური სიყვარულის განსაცდელი, რომელსაც ღირსეული დაძლევა უნდა. არის ღმერთის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, შვილის სიყვარული. ზოგიერთს ღმერთი მტრის სიყვარულის ძალასაც აძლევს. ყველა სიყვარულს თავისი გამოვლინება აქვს. ცხოვრებისეული ლოგიკა გვიჩვენებს, რომ შვილის სიყვარული დედმამიშვილურზე წინ დგას, მაგრამ ყველაფერს დაბალანსება სჭირდება. ურთიერთობებში დიდი ტაქტია საჭირო. არის დედმამიშვილური სიყვარულის გამოვლენის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც, მაგალითად, უფროსი და არ გათხოვდა იმიტომ, რომ უმცროსი და-ძმებისთვის ეპატრონა, ან დისშვილებისთვის შეულევია სიცოცხლე და ა.შ. ყველას წაგვიკითხავს ვან-გოგის წერილები, სადაც განსაკუთრებით მძაფრად არის გამოვლენილი დედმამიშვილური სიყვარულის სინაზე და სილამაზე. თეო ვან-გოგი იყო ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ძმას ექვსიოდ თვეში მიჰყვა. ასეთი ფაქტებით ნათელი ხდება, თუ რაოდენ დიდი ძალა შეიძლება ჰქონდეს დედმამიშვილურ სიყვარულს.
ზოგჯერ გგონია, რომ ადამიანი არ გიყვარს, გულგრილი ხარ მის მიმართ, მაგრამ თუ გაუჭირდება, მაშინვე თავს იჩენს დედმამიშვილური სიყვარული. როგორც იტყვიან, ამ დროს სისხლი იყივლებს. სამწუხაროდ, ვერ ავცდებით დედმამიშვილებს შორის უსიყვარულობის გამოვლენის შემთხვევებსაც. ხშირად დედ-მამა შეცდომებს უშვებს, რაც განაპირობებს უსიყვარულობას ოჯახის წევრებს შორის. სიყვარულის უნარის განვითარება ადამიანში დამოკიდებულია ეკლესიურ ცნობიერებაზე, აღზრდაზე, სიყვარულის ნაკლებობა ადამიანის ნაკლოვან ბუნებაზე მიუთითებს. არის ოჯახები, სადაც გამოარჩევენ ხოლმე რომელიმე ბავშვს, კერპად ხდიან, მეტ სათამაშოს ყიდულობენ, მეტ სითბოს და სიყვარულს აფრქვევენ. ეს არაჯანსაღ გარემოს ქმნის. რა თქმა უნდა, ვერავინ ასცდება პიროვნულ მომენტს. შეიძლება შვილებს შორის რომელიმე მეტად მოგწონდეს, მაგრამ არის ჩარჩოები, რომელსაც მშობელი არ უნდა გასცდეს და ზედმეტ ემოციებს არ უნდა გადააყოლოს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი