წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი განასხვავებს სასჯელსა და ღვთის განგებულებას.
იგი წერს; "როცა კაცს უბედურება და მწუხარება თავისი მიზეზით, ანუ ცოდვის გამო შეემთხვევა, - ეს არის სასჯელი ცოდვათათვის, მაგრამ ზოგიერთ კაცს უბედურება და მწუხარება არა თავისი ცოდვების გამო, არამედ ღმერთის განგებულებით შეემთხვევა, რათა "გამოცხადნეს საქმე ღმრთისა მას ზედა" (ინ. 9,1-3). ღმერთს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენს შორის ერთი დიდი საქმე აქვს აღსასრულებელი: ეს საქმე არის ჩვენი სულიერი განათლება და ამაღლება, ეს საქმე არის ჩვენი მოქცევა, მონანიება, განწმენდა და ცხონება. ამაზე უდიდესი საქმე ღმერთს ჩვენს შორის არა აქვს. ამ საქმისათვის მოგვცა ჩვენ ღმერთმა სჯული; ამისთვის მოავლინა ქვეყნად მხოლოდშობილი ძე თვისი, ამისთვის დაითმინა უფალმა იესო ქრისტემ ტანჯვა, ჯვარცმა, სიკვდილი და დაფლვა. სხვადასხვა ღონეთა და საშუალებათა შორის, რომელსაც ღმერთი ამ დიდი საქმის აღსრულებისათვის იყენებს, ისიც არის, რომ ზოგიერთ კაცს მწუხარება მიაყენოს, რადგან ჭირი განაღვიძებს მას, დააფიქრებს და სინანულში შეიყვანს. შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ჭირი და მწუხარება კაცის ჭკუის საუკეთესო მასწავლებელი, მზრდელი, გამაფრთხილებელი, გონების განმაღვიძებელი და მისი ღონისა და ნიჭიერების განმამტკიცებელია".
რა მნიშვნელობა აქვს სასჯელს და იმას, თუ როგორ მიიღებს მას ადამიანი? რამდენად გვეხმარება სასჯელი ცოდვის გააზრებასა და საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, საბოლოოდ კი მონანიებასა და სულიერ განწმენდაში? - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.
- ჩვენს გონებაზე სხვადასხვა ძალა ზემოქმედებს. აზროვნება სულიერ შემეცნებას, უფლის არსებობის შეგრძნებასაც გულისხმობს. რამდენად ამრუდებს აზროვნების პროცესს ცოდვით დაცემა და როგორ ვლინდება ამ დროს უფლისმიერი სასჯელი?
- აზროვნებას მეტად წმენდს ლოცვა. ამ დროს ხშირად გვიჩნდება ჩვენთვის საჭირო აზრები, გაეცემა პასუხი საჭირბოროტო კითხვებს, მიგვეთითება დაშვებულ შეცდომებზე, ნაკლოვანებებზე, რომელთაც გამოსწორება სჭირდება. იწყებ იესოს ლოცვას და ხშირად მალევე გრძნობ ცვლილებას შენს ფიქრთა მდინარებაში. ამქვეყნიური, ამაო, მავნე თემების ნაცვლად სულის ცხონებისთვის მნიშვნელოვანი თემები იკვეთება. შეიგრძნობ, თუ არა ლოცვა, ამ დროს უხილავად შემოსული ღვთაებრივი მადლი, ამგვარი გარდასახვა არ მოხდებოდა. და პირიქით, მეტად ამრუდებს აზროვნებას ცოდვით დაცემა. ასეთ დროს ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებ, მცდარი დასკვნები გამოგაქვს; წამოიწყებ რაიმე საქმიანობას და არ გამოდის; მიენდობი კაცს, ის კი გიღალატებს; თითქოს ლოგიკურად მსჯელობ, ყველაფერს ითვალისწინებ, მაგრამ მაინც რაღაც გამოგრჩება და ამის გამო ყველაფერი სავალალოდ მთავრდება. ეს კავშირი ცოდვით დაცემასა და აზროვნების გამრუდებას შორის განსაკუთრებით თვალნათლივ ეკლესიის წიაღში, მართლმადიდებელ მრევლში შეიმჩნევა. ამით უფალი გვაგრძნობინებს, რომ მისი ნების გარეშე არაფერი ხდება და სწორ აზროვნებას დამსახურება უნდა. ეს ღვთის დიდი წყალობაა და ჩვენც უნდა გავითავისოთ იგი.
- მრუშობა მძიმე ცოდვაა. რამდენად ეხმარება მემრუშეს სირცხვილის გრძნობა და მომავალი სასჯელის შიში ამ ვნებისგან განთავისუფლებაში?
- იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ სჯის უფალი მრუშული ვნების გახელებისთვის, მართლმადიდებლური ლიტერატურის რამდენიმე მარგალიტის მოხმობაც კმარა.
"ვასილი ახლის ცხოვრებაში" მოთხრობილია, ამ წმინდანის სულიერი შვილის ნეტარი თეოდორას სული როგორ გადიოდა საზვერეებს. როცა წმინდა თეოდორას სულმა მრუშობის საზვერეს მიაღწია, სადაც გარდაცვლილთა წამება სიძვითი ოცნებებით ტკბობის, მზერის, უცხვობის, ვნებითი შეხების გამო ხდება, გაახსენეს, ვისთან, როდის და სად შესცოდა ამ ვნებით სიყმაწვილეში. ანგელოზებმა თქვეს: "მთელი სამყარო სიბილწეშია ჩაძირულია. ყოველი კაცი ავხორცია. იშვიათად თუ გასცდებიან თავისუფლად მრუშობის საზვერეს. ძალზე ბევრი აღწევს მას, მაგრამ იქ იღუპება. მრუშობის საზვერის უფროსნი იკვეხნიან, აქაურ მწვალებელთა შორის ყველაზე მეტად ჩვენ ვავსებთო ჯოჯოხეთს ადამიანთა სულებით".
ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი ასეთ შემთხვევას აღწერს: მეომარი გარდაიცვალა და უფლის წყალობით ისევ გაცოცხლდა. ის ასეთ რამეს მოჰყვა: "სიკვდილის შემდეგ დემონები დამეხვივნენ და სიცოცხლეში ჩადენილ ცოდვებს მახსენებდნენ. ჩამომითვალეს ბავშვობიდან მოყოლებული ყველა მრუშული შეცოდებაც. ანგელოზებმა კი თქვეს: მონანიებული ცოდვები მოგიტევა უფალმა, მაგრამ დარჩა ერთი - უთქმელი, გლეხის ცოლთან რომ დაეცი. და რადგანაც კეთილ საქმეებს ვერ ვპოულობთ, მას რომ დავუპირისპიროთ, ამიტომ ჯოჯოხეთისთვის ხარ განმზადებულიო. მტაცეს ხელი და იქ გადამიძახეს".
ერთ მონასტერში წინამძღვრის ახლო ნათესავი მოღვაწეობდა, ახალგაზრდა მონაზონი. ზნეკეთილობით, კეთილსახოვანი ცხოვრების წესით გამოირჩეოდა და ბევრსაც უყვარდა და პატივს სცემდა. ერთხელაც ავად გახდა და გარდაიცვალა. ეკლესიური სწავლებით, წინასწარ არავინ იცის, სად მოხვდება მიცვალებულის სული, მაგრამ მაინც ყველას ეგონა, რომ გარდაცვლილი მონაზონი სასუფევლის ღირსი გახდებოდა. ერთხელ, ლოცვისას, წინამძღვარმა იხილა, მისი ნათესავი ჯოჯოხეთში როგორ იტანჯებოდა. მოულოდნელი სანახაობით განცვიფრებულმა მისი დასჯის მიზეზი იკითხა. თურმე ახალგაზრდა მონაზონს ერში ცხოვრებისას ერთი ყმაწვილი მოსწონდა და მონასტერში მისვლის შემდეგაც განაგრძობდა მასზე ფიქრს - მასთან ავხორცულ ურთიერთობას წარმოიდგენდა. ახელებდა წარმოსახვას და თანაც ყველაფერს მალავდა. ამ გაუმხელელი ცოდვის გამო იგი ჯოჯოხეთში აღმოჩნდა. როგორც ვხედავთ, ფიქრით, ოცნებით შეცოდებისთვისაც კი, თუ ამას არ მოვინანიებთ, მეტად მკაცრად შეიძლება დაისაჯოს ადამიანი.
ეფრემ დიდის ლავრაში ერთი ბერი ცხოვრობდა, სახელად ემიღანი. გამთენიისას ავხორცულმა ვნებამ შეიპყრო და ცდილობდა, უწმინდური, ბილწი აზრებით დაეკმაყოფილებინა ჟინი. ამ დროს ღირსი ეფრემი ეკლესიაში ლოცვაზე მიდიოდა. ვნებით შეპყრობილ ბერს რომ ჩაუარა, იგრძნო სიმყრალე მრუშობის დემონისა და მიხვდა, რაც ხდებოდა მის თავს. წმინდანმა წარმოთქვა: "ღვთის ნებით, აღიკვეთოს შენი ქმედება, უწმინდურო, წყეულო სულო!" მყისვე ეშმაკეული ბერი პირზე დუჟმომდგარი დაეცა მიწაზე. წმინდანმა მონასტრის ძმები შეკრიბა და მიმართა: "თქვენი ძმა სიყრმიდანვე სათნოდ ცხოვრობდა და სხეულებრივ სიწმინდეს იცავდა. ახლა კი მცირე ხნით ხორციელმა გულისთქმამ გაიტაცა და ამ ჟინით შეპყრობილი უწმინდური აზრებით ტკბებოდა, ამიტომაც დემონის ტყვეობაში მოექცა. მივიღოთ ამ შემთხვევიდან სარგებელი და ყველამ ვიცოდეთ: ვინც სხვისი სხეულის მიკარებით არ დაეცემა, მაგრამ გონებით შესცოდავს, მემრუშეა და დემონი იპყრობს მას". წმინდა მამამ ილოცა ბერისთვის და მისგან გოდებითა და ღრიალით გამოვიდა ბოროტი სული. მიდამო დამწვარი გოგირდის მყრალი სუნით აივსო.
ერთი მოძღვარი წერს: "და უფალმა აწვიმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაი და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით" (დაბ. 19,24), ციდან მომავალი ქვები ცეცხლოვან გოგირდს აფრქვევდა. მართლაც სასტიკი სასჯელია, რადგან გოგირდი ყველა სხვა ნივთიერებაზე უფრო იოლად იწვის, თანაც საშინელ სიმყრალეს გამოსცემს. ეს სასჯელი საზღაური იყო სოდომის ცოდვისთვის: ხორციელი განხურვების წილ - ცეცხლი, ცოდვის სიმყრალის წილ - გოგირდის სუნი. სამოთხეს ჰგავდა სოდომის მხარე, ვიდრე სოდომელებმა ღმერთი არ განარისხეს და ამით სასჯელი არ დაიტეხეს თავს".
ეკლესიურად მცხოვრები სხვაზე მეტად გრძნობს, სიძვითი განცდების, წარმოდგენების დროს, - შეხებით, საქმით დაცემაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, - როგორ ტოვებს ღვთიური მადლი, როგორ ურთულდება სულიერი თუ ყოფითი პრობლემები და ისჯება ამა თუ იმ ფორმით.
- მადლი ადამიანის სულის უნარზე, ყველა გრძნობაზე ზემოქმედებს, რაც სწორი გადაწყვეტილების მიღებას, სწორი ნაბიჯის გადადგმას განაპირობებს. რამდენად მცირდება მისი ზემოქმედება შეცოდებისას?
- როცა სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ანდა გვეშინია, მნიშვნელოვანი საქმე არ გადაგვავიწყდეს, წმინდა მამები გვირჩევენ, მფარველ ანგელოზს მივმართოთ, რათა გაგვახსენოს, შეგვეშველოს, დახმარების ხელი გამოგვიწოდოს. ხშირად ღვთაებრივი ძალა ბევრ მეტად მნიშვნელოვან რამეს გვახსენებს, მაგრამ ჩვენ ვერც კი ვგრძნობთ ამას. ასეთი შემთხვევა მრავლად გვხვდება და უფლის დიდი წყალობის გამოვლინებაა. ხოლო როცა ვცოდავთ, ვნებებს გაღვივების საშუალებას ვაძლევთ, ზოგჯერ უფალი გვსჯის და აღარ გვახსენდება ისეთი რამ, რისი დავიწყებაც არ შეიძლება.
- უფალი ბრძანებს: "ნუ განიკითხავთ, რათა არ იქნეთ განკითხულნი". როგორ ისჯება განმკითხველი?
- სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი კანონი ასეთია: განკითხვას ხშირად იმ ცოდვაში ჩავარდნა მოსდევს, რომლის გამოც სხვას ვამტყუნებდით. როცა მრუშობის ვნებით დაცემულზე აუგს ამბობენ, უფალი უშვებს, განმკითხველი თავად დაეცეს იმავე ცოდვით, რათა უფრო შემწყნარებელი, სულგრძელი, თანამგრძნობი გახდეს, განთავისუფლდეს ქედმაღლობისგან, რომელსაც განკითხვისას ამჟღავნებს.
ერთი სასულიერო პირი მისი ქადაგების მოსმენისას განიკითხეს - თუ არ ეხერხება, რაღას ქადაგებსო. მალე განმკითხველთ თავად მიეცათ ხალხის წინაშე გამოსვლის საშუალება და ისე აბლუკუნდნენ, თვითონაც გაუკვირდათ, ეს რა გვემართებაო.
ზოგიერთი თვლიდა, ესა და ეს კაცი მეტისმეტად ანგარებიანი და პრაქტიკულია, ვისგანაც გამორჩენას ელის, მასთან თვალშისაცემად უფრო ყურადღებიანი და თბილიაო. მის შემხედვარეთ მოციქულ იაკობის სიტყვები ახსენდებოდათ: "ძმანო, მიკერძოებით ნუ გექნებათ ჩვენი დიდების უფლის, იესო ქრისტეს რწმენა, რადგან თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ხელზე ოქროს ბეჭდით და ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილი, და შემოვა აგრეთვე ღარიბი, ჭუჭყიანი სამოსით, შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით: აქ დაბრძანდით, კარგია, ღარიბს კი ეტყვით: შენ იქ დადექი ანდა აქ დაჯექი, ჩემს ფერხთით. განა არ ასხვავებთ თქვენში და ბოროტი აზრებით მოსამართლეები არ გახდით?" (იაკ. 2,1-4). ერთხელაც ნაცნობი შეხვდათ. შვილს ასეირნებდა. მისგან დახმარებას ელოდნენ, ამიტომაც მიუალერსეს პატარას, მოეფერნენ... და უცებ მიხვდნენ, მისი მშობლისგან შეწევნის მოლოდინი რომ არ ჰქონოდათ, ნაკლებ სითბოს გამოამჟღავნებდნენ. ის ნაცნობი წარმოუდგათ თვალწინ, ანგარებიანი რომ ეჩვენებოდათ. თურმე როგორ ჰგვანებიან მას!..
ერთ-ერთი მოძღვარი წერს: "თუკი არავის განიკითხავ, მრავალი ცოდვაც რომ გამძიმებდეს, მაინც მოელოდე შეწყალებას, ხოლო თუ განიკითხავ, თავშეკავებულ, ღირსეულ და წესიერ ცხოვრებაშიც ბევრი ცოდვა მოგეძებნება ისეთი, უმკაცრესად რომ მოგეკითხება. ამიტომაც ეშინოდათ მამებს ამ ცოდვის ასე ძლიერ, ამიტომ ეკიდებოდნენ ასეთი სიფრთხილით ყოველ სიტყვას, აზრს, გრძნობას, ამიტომ ცდილობდნენ, მსუბუქი საყვედურითაც კი არ განეკითხათ ვინმე".
- მძიმე ცოდვაა ლოთობა და ნარკომანიაც. რა ელით ამ ცოდვით შეპყრობილთ, თუკი არ შეინანებენ და გამოსწორების გზას არ დაადგებიან?
- იღუმენი ნიკონ ვორობიოვი ლოთობის სენით შეპყრობილ ადამიანს სწერს: "ძვირფასო! მოკითხვას გითვლი! როგორ ხარ? ძალიან მინდა, გნახო და გესაუბრო. გავიგე, ისევ ბევრს სვამ, რაც შენთვის ძალზე საზიანოა. რა ელის ამ გზით მავალ ადამიანს? ახლავე მოგწერ. თუ ამ სენს არ შეებრძოლები, ბოროტი სულების სრული ძალაუფლების ქვეშ მოექცევი. ისინი რაც შეიძლება მეტის დალევის სურვილს აღგიძრავენ და ამით ნერვულ სისტემას მოგიშლიან. გაღიზიანებული, მრისხანე გახდები. უმნიშვნელო კამათიც კი ხანგრძლივ, სერიოზულ ჩხუბად გექცევა. ფული აღარ გეყოფა, სამსახურიდან გამოგაგდებენ, ნივთებს გაყიდი, დამამცირებელი გზით ისესხებ ფულს, შესაძლოა, იქურდო კიდეც. მრისხანება ეშმაკეულ ბოროტებად გადაგექცევა, გაგიჩნდება მკვლელობის სურვილი. ეშმაკები, ფარულად რომ მოქმედებენ, ყაჩაღების, მხეცების, გველებისა და სხვა სახით გამოგეცხადებიან. შემდეგ კი იქნებ თავიანთი ყოვლად საზიზღარი, მახინჯი იერითაც მოგევლინონ. თუ მაშინაც ვერ მოხვალ გონს, მძიმე დანაშაულის ჩადენას გაიძულებენ - ხანძრის გაჩენისკენ ან მკვლელობისკენ გიბიძგებენ, შემდეგ კი სრულ სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანენ და თავის მოკვლას გაიძულებენ. სიკვდილით ადამიანი სრულიად რომ ქრებოდეს, ტანჯვის დასრულება შეიძლება გაგიხარდეს კიდეც, მაგრამ ასე ხომ არ არის. მცირედი და დროებითი ტანჯვის შემდეგ მემთვრალე თუ თვითმკვლელი საბოლოოდ და საუკუნოდ ეშმაკების ძალაუფლების ქვეშ, საშინელ ტანჯვაში გადადის, რომელსაც არ ექნება დასასრული. სულიერი ადამიანები, რომლებიც ცოდვებს ებრძვიან და ამარცხებენ, ჯერ სულიერი სამყაროს შეცნობას იწყებენ, შემდეგ კი ანგელოზებსაც ხედავენ. ხოლო ვინც მომაკვდინებელ ვნებებს, განსაკუთრებით კი მემთვრალეობასა და გარყვნილებას, მიეცემა, თუ არ მოინანიებს, ეშმაკებს იხილავს და მათ მონად იქცევა. სულიერი ადამიანისა და ეშმაკის მონის გარეგნული სახეც კი ნათლად მეტყველებს, სად მიჰყავს კაცი ამა თუ იმ გზას. "ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი", - ამბობს უფალი".
- რომელი ცოდვების ჩადენისას ვლინდება უფლისმიერი სასჯელი განსაკუთრებული სიმკაცრით და რამდენად განაქარვებს მას ეკლესიური ცხოვრება, ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობა?
- სატანა და მისი მსახურები - უწმინდური და ბოროტი სულები ვნებენ მთელ კაცობრიობას, თითოეულ ადამიანს. მაგრამ ზოგიერთზე ისინი განსაკუთრებული ძალით მოქმედებენ: შეაღწევენ ადამიანში და მის სხეულში დაიდებენ ბინას (ასეთებს შეპყრობილებს, ეშმაკეულებს უწოდებენ) ანდა გარედან ვნებენ მას.
ბოროტი სულების განსაკუთრებული ზემოქმედების ქვეშ მძიმე ცოდვების გამო, ჯადოქრობის ზემოქმედების გავლენითაც ვარდებიან. თუ კაცი მტკიცედ დგას მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, ცდილობს, სახარების მიხედვით იცხოვროს, მას ვერასდროს სძლევს ვერავითარი ჯადოქრობა, ვერც შეპყრობილი გახდება, რაც არ უნდა მოაწიონ მასზე ჯადოქრებმა თუ უწმინდურმა სულებმა.
ნათლობისას მართლმადიდებელს ჯვრის ბეჭედს ასვამენ: შუბლზე, თვალებზე, ტუჩებზე, ყურებზე, მკერდზე, ფეხებსა და ხელებზე. ამასთანავე წარმოთქვამენ: "ბეჭედი სულისა წმიდისა". თუ კაცი მძიმედ სცოდავს, უფლის დაშვებით ბოროტს შეუძლია, დაარღვიოს ბეჭდები და მის სხეულში დაიბუდოს. მაგრამ თუ ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, ეშმას ბეჭდების დარღვევა არ ძალუძს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი