ადამიანის ცხოვრების მიზანი სხვისი გახარება უნდა იყოს
სულგრძელობა, დიდსულოვნება გულისხმობს პიროვნების მზაობას, ფსიქო-სოციალურ მდგრადობას, მის დაუოკებელ სწრაფვას პიროვნული ზრდისადმი, სამყაროსა და ირგვლივმყოფების მიმართ
ღიად ყოფნას, მოვლენების და განსხვავებული აზრების შემოქმედებით მიმღებლობას. სულგრძელობის ფენომენზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ივერი მეძველია.
- სულგრძელობის ანუ დიდსულოვნების ეტიმოლოგია სიტყვა "სულიდან" მომდინარეობს და მის პოზიტიურ შინაარსზე მიუთითებს. რას გულისხმობს სულგრძელობა სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?
- სულგრძელობა მიუთითებს სულიერი განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანის შინაგან ჰარმონიულ წყობაზე, რომელიც ჰარმონიულ ურთიერთობაშია სამყაროსთან და ირგვლივმყოფებთან. საზოგადოების მორალური ცნობიერება სულგრძელობად და დიდსულოვნებად აფასებს, მაგალითად, თავის გაწირვას სხვისი ინტერესებისთვის, დანაშაულის მიტევებას, დამარცხებულისადმი ჰუმანურ დამოკიდებულებას.
სანამ ადამიანი სამოთხის ბინადარი იყო და სრულად შეესაბამებოდა ღმერთის იდეას ადამიანის შესახებ, იგი სულიერად სრულ ნეტარებაში ცხოვრობდა და წარმოდგენა არ ჰქონდა სხეულებრივი ვნებების შესახებ. იგი ამაღლებული, დიდსულოვანი, სულგრძელი ანუ სულიერებით სავსე იყო.
ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანმა საკუთარი ნებით დაკარგა სულიერი სისავსე, შედეგად, ღმერთის კანონით, ადამიანური ბუნება ხრწნადობას და სიკვდილს დაექვემდებარა. მისი სულიერება და სულიერი შესაძლებლობები შებღალა სხეულებრივმა გარსმა. მასში იმძლავრა სხეულებრივმა ვნებებმა.
ქრისტიანული ასკეტიკა გვასწავლის რვა ძირითადი ვნების შესახებ, როგორებიცაა: ღორმუცელობა, მრუშობა, ვერცხლისმოყვარეობა, მრისხანება, დარდი, გულგატეხილობა, ამაო პატივმოყვარეობა და ამპარტავნება. ეს ვნებებია, რომლებიც მქრქალს ხდიან ღმრთის ხატს ადამიანში, მაგრამ ეს ხატი არსებობს და ეს უპირატესად ღმერთისკენ სწრაფვაა, აგრეთვე ღმრთაებრივი სიყვარულის შეთვისება და ღმერთისა და სხვა ადამიანებისკენ სწრაფვის ნიჭი, მისი მეფური მდგომარეობა ყოველი ქმნილების მიმართ, მისი მისწრაფება - ყველა სფეროში სრულყოფილებისკენ.
- რას გულისხმობს დიდსულოვნების მოპოვების ქრისტიანული (მართლმადიდებლური) გზა და სულიერი მოღვაწეობის რა ეტაპებს მოიცავს?
- მართლმადიდებელ ქრისტიანობაში იმ სულიერი ბრწყინვალების და სულიერი შესაძლებლობების გამოსავლენად და ასაღორძინებლად, რომელთაც ახშობენ სულის დამთრგუნველი ვნებები, მითითებული და დამუშავებულია სულიერი მოღვაწეობის სისტემები, რომლებიც ადამიანს აახლოებს ღმერთთან და ხელს უწყობს მის ხსნას. უფალი იესო ქრისტეს განხორციელებამ და მისმა მოწამებრივმა სიკვდილმა კაცობრიობა გაათავისუფლა ცოდვებისგან და ადამიანს მისცა საშუალება, აღედგინა თავისი ღვთაებრივი ბუნება.
მართლმადიდებლური მოღვაწეობის შესახებ მოძღვრება გულისხმობს ღვთიური და ადამიანური ნების ურთიერთქმედების თავისებურებებს სულიერი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. სულ აღწერილია სულიერი ცხოვრების ოთხი ეტაპი. პირველ ეტაპზე ადამიანი იმყოფება ეკლესიური მადლის გარეშე, რაც არ გულისხმობს სრულ სულიერ სიბრმავეს. ამ დროს ადამიანში ვლინდება სულიერი ძიება და ღმერთისადმი მისწრაფება. ღმერთი ეხმარება მას ამ ძიებაში. ამ ეტაპზე ღმერთი არსებობს თითქოსდა ადამიანის გარეთ, ხოლო ადამიანი - ღმერთისგან გარეთ.
რეალურად ღმერთთან ურთიერთობისთვის ადამიანი უნდა შეუერთდეს ეკლესიას ან ნათლობის საიდუმლოს მეშვეობით, ან მონანიების საშუალებით. ეკლესიასთან შეერთებით იწყება მეორე ეტაპი, როდესაც უფლის მადლი შედის ადამიანში, რომლის წყალობითაც ის ცოცხალ ურთიერთობას ამყარებს ღმერთთან და განიცდის უფლის სიტკბოებას. ამ ეტაპზე ღვთაებრივი მოქმედება ადამიანზე ხასიათდება მადლის განსაკუთრებული გადმოფრქვევით, რაც ადამიანის ძალისხმევაზე გაცილებით მეტია. აქ სინერგიის "წამყვანი კომპონენტი" თავად ღმერთია.
მაგრამ შემდეგ, მესამე ეტაპზე, ღმერთი კვლავ მალავს თავის გამოვლინებას, მხოლოდ დროდადრო აახლებს მას. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანმა გამოაწრთოს საკუთარი ნებისყოფა სათნოებაში, სრულყოფილი გახდეს სიკეთეში. ამ ეტაპზე ღმერთი ცდის ადამიანის ნების გამომჟღავნებას და ფარავს თავის გამოვლინებას - ადამიანის საქმიანობა და ნება ამ ეტაპზე სინერგიის წამყვან კომპონენტს წარმოადგენს.
ბოლო ეტაპზე უფალი ხელშესახებად აჩენს საკუთარ დასახლებას ადამიანის სულში, რომელიც ამ დროს იქცევა სამსახოვანი ღმერთით ავსებულ ტაძრად. ეს ეტაპი ღვთაებრივი და ადამიანური ნების თანხმობის და მჭიდრო ერთიანობის ეტაპია, როდესაც ღმერთის ნება და ადამიანის ნება განუყოფელ ერთიანობაში იმყოფება.
- სულგრძელობის მოპოვება როგორ ხდება საერო ცხოვრებაში, რა გამოვლინებები აქვს ყოველდღიურ ადამიანურ ურთიერთობებში და ამ შემთხვევაში რა როლს ასრულებს დიდსულოვანი ქცევები?
- სულგრძელ ქცევას ზოგადსაკაცობრიო და მარადიული ღირებულებები უდევს საფუძვლად. ერთ-ერთი ასეთი ძირითადი ღირებულება თვითონ ადამიანია, ღმერთის ხატი და მსგავსი. ის ცდილობს თავის მსგავსთან ურთიერთობას მისი სიყვარულის საფუძველზე. სხვა ადამიანთან ურთიერთობა მას შემოქმედთან აახლოებს და ამავე დროს მოყვასის სიყვარულის მაგალითს აძლევს სხვებს. საჭიროა იმ სულიერი ძალების და შესაძლებლობების მიმართ ყურადღება, რომლებიც ადამიანში პოტენციის სახით არსებობს. ადამიანმა უნდა აამოქმედოს შინაგანი რეფლექსიის მექანიზმი, რათა შეიცნოს საკუთარი თავი, საკუთარი მე, ღირებულებების სისტემა. ასეთ რეფლექსიას (თვითჩაღრმავებას) უპირატესად სტიმულს აძლევს სულგრძელი ადამიანის ქცევები. გავიხსენოთ ექიმ იოსებ ჟორდანიას დიდსულოვანი საქციელი - ოკეანის თავზე თვითმფრინავის დაზიანების დროს მან თავისი გასაბერი ჟილეტი დაუთმო უცხო დედა-შვილს. დედა-შვილი გადარჩა, ექიმი კი დაიღუპა.
- რა აიძულებთ ადამიანებს სხვებისთვის თავის გაწირვას?
- ადამიანის ქცევის აღმძვრელებს შორის ძირითადია ბიოგენეტიკური, ფსიქოგენეტიკური და სოციოგენეტიკური მოთხოვნილებები. ადამიანის მოთხოვნილებების იერარქიაში უდაბლეს საფეხურზე დგას ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები (შიმშილის, წყურვილის, გამრავლების და გამოყოფის).
ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ ინდივიდუმის მოტივაციურ ცხოვრებაში მის ადგილს იკავებს უსაფრთხოების მოთხოვნილებები (უსაფრთხოების, სტაბილურობის, დაცვის, შიშისგან, შფოთისა და ქაოსისგან თავისუფლების მოთხოვნილებები).
მათი დაკმაყოფილების შემდეგ აქტიურდება სიყვარულის, მიკუთვნებულობის მოთხოვნილებები. ადამიანს სწყურია თბილი, მეგობრული ურთიერთობები, სჭირდება სოციალური ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ასეთი ურთიერთობებით; ოჯახი, რომელიც მიიღებს მას, როგორც თავისიანს. სწორედ ეს მიზანი ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის.
ყოველი ადამიანი მუდმივად საჭიროებს აღიარებას, მყარ და მაღალ შეფასებას საკუთარი ღირსებებისა. ყოველი ჩვენგანისთვის აუცილებელია ირგვლივმყოფთა პატივისცემაც და საკუთარი თავის პატივისცემის შესაძლებლობაც.
რელიგიური თვალსაზრისით, სულგრძელობას, როგორც სათნოებას, განაპირობებს ადამიანის სწრაფვა ღმერთთან და სხვა ადამიანებთან ერთიანობისა ქრისტესმიერი სიყვარულის საფუძველზე. დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდის ფაქტორსაც.
- ზოგჯერ სულგრძელ საქციელს ადამიანი თითქოს გაუცნობიერებლად სჩადის...
- ეს ხშირად ხდება სამოქალაქო ან სამხედრო გმირობის ჩადენისას. თითქოს ადამიანი ამისთვის ცნობიერად არ იყო მზად. მაგრამ სულგრძელობა, დიდსულოვნება არ არის მხოლოდ ცნობიერი აქტი. იგი შეიძლება არქეტიპის სახით არსებობდეს მის ქვეცნობიერ ფსიქიკაში და იქიდან უკეთებდეს ორგანიზებას გმირობისთვის ან სხვა სულგრძელი ქცევისთვის საჭირო ფსიქო-ფიზიკურ პროცესებს.
- სულგრძელი საქციელი მსხვერპლის გაღებასთან არის დაკავშირებული, ადამიანი სხვა ადამიანის ინტერესებისთვის სწირავს საკუთარ ინტერესებს, ღირსებას, მატერიალურ სიმდიდრეს, ოჯახურ ან საზოგადოებრივ კეთილდღეობას და სიცოცხლესაც კი...
- თუ გავიხსენებთ, რომ სულგრძელ ადამიანებს უფრო ღრმად და ფართოდ ესმით სიცოცხლეც და კეთილდღეობაც და რომ ისინი ძირითად ძალებს სულგრძელი საქციელის განსახორციელებლად იღებენ მარადიული ღირებულებებისგან, ღმერთის, ადამიანის სიყვარულის და სიკეთის რწმენისგან, მაშინ მივხვდებით, რატომ ეწირებიან ასე ხალისით მსხვერპლად. ამით ჭეშმარიტი ცხოვრების და სიცოცხლის მაგალითს აძლევენ სხვებს და ხდებიან სრულყოფილნი. მათთვის მორალურ სიამოვნებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მატერიალურს. უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბრძანებს: "ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სხვისთვის სიხარულის მინიჭება, სხვისი გახარება უნდა იყოს. ალბათ თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული, რომელსაც გაჭირვებულისთვის დახმარება განგვაცდევინებს. ამ დროს გულში სიხარული სუფევს, რადგან ვგრძნობთ, რომ გაღებული მატერიალური შემწეობის ნაცვლად ისეთი დიდი საუნჯე მოვიპოვეთ, რომელსაც გაცემული ვერც კი შეედრება. სწორედ ეს არის ის სრული სიხარული, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს".
- სულგრძელობის ერთ-ერთი გამოვლინებაა მიმტევებლობა. რაში მდგომარეობს მიტევების ფსიქოლოგიური არსი და რამდენად უწყობს ხელს ამ უნარის განვითარება პიროვნების სულიერ ზრდას?
- მიტევების აქტი მიმტევებელს სულიერად აძლიერებს, რადგან ამით იგი სძლევს საკუთარი ეგოცენტრიზმის შემზღუდველ საზღვრებს და სულიერი მოღვაწეობის ფართო ასპარეზზე გადის. მიტევებას თან სდევს სულიერი კმაყოფილება იმის გამო, რომ ადამიანმა ეს შეძლო. წინა პლანზე გამოდის ადამიანის ახალი შესაძლებლობები და ისინი ახალი სიმაღლეების დაძლევის სურვილს უღვიძებენ მას. "როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობით უნდა გვახსოვდეს იგი, ხოლო თუ ცუდად მოგვექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგვავიწყოს ის" (წმინდა ამბროსი მედიოლანელი).
მიტევებას ძლიერი ზემოქმედების ძალა აქვს. ამით მიიღწევა ურთიერთმტრობის ესკალაციის შეწყვეტა. მიტევების ობიექტი იწყებს რეფლექსიას ასეთი ჰუმანური აქტის გამო და სწვდება საკუთარ შესაძლებლობებს, რომლებიც საშუალებას აძლევენ გადააფასონ საკუთარი ღირებულებები. თვითონ მიმტევებლისთვის მიტევების აქტი უფრო მეტი დიდსულოვნების საფუძველი ხდება და ამით ძლიერდება სიყვარულის განცდა ირგვლივმყოფებისა და საუთარი თავის მიმართ. დამარცხებულისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ეპიზოდი შთამბეჭდავად აქვს აღწერილი ილია ჭავჭავაძეს მოთხრობაში "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი". ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილმა ქართველებთან ორთაბრძოლაში დამარცხებული ყიზილბაში შეიწყალა და ცხენიდან ჩამოგდებულს უთხრა: "შენი თავი შენი ვაჟკაცობისთვის მიპატიებიაო". ყიზილბაშმაც ღირსეულად უპასუხა: "თუ სიცოცხლეს ვინმესგან ვიჩუქებდი, შენისთანა ვაჟკაცისგანო". სულგრძელობის და დიდსულოვნების აქტს დიდი სულიერი მაგალითის ძალა აქვს.
- ხშირად გაიგონებთ, რომ სულგრძელობის გამოვლინება ყველასთან და ყველა შემთხვევაში არ არის საჭირო.
- სულგრძელობისთვის არ არსებობს დოზა და დრო. სულგრძელობა - ეს ცხოვრების წესია. "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს". სულგრძელობა ამა თუ იმ ადამიანის სტიქიაა. როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან იწყებს ვაჭრობას, გამოიჩინოს თუ არა სულგრძელობა და რა დოზით... ეს უკვე მანიპულაციაა რაიმე სარგებლის მიზნით და არაფერი აქვს საერთო სულგრძელობასთან.
სულგრძელობა თავისთავად იჩენს თავს ურთიერთობებში, როგორც პიროვნების ფსიქო-სოციალური წყობის ბუნებრივი პროდუქტი.
ამ პრინციპით მოქმედებს სულგრძელი ადამიანი შინაც, საზოგადოებაშიც, კონფლიქტების შემთხვევაშიც. ცდილობს, არ გაამწვავოს სიტუაცია, მონახოს საერთო ინტერესი მოწინააღმდეგესთან და შემდეგ ურთიერთდათმობის გზით მიაღწიონ ურთიერთგაგებას, ცდილობს მტერი მოყვრად აქციოს. ამგვარად, მისი სხვა ადამიანებთან ერთიანობის არეალი თანდათან ფართოვდება და უახლოვდება ღმერთს. ადამიანებთან ურთიერთობის უმოკლესი გზა სიყვარულის გზაა და სულგრძელი ყოველთვის ასეთ გზას ირჩევს, რითაც იმსახურებს ღვთის მადლს და ღმერთთან სიახლოვეს.