ბიბლიიდან ვიცით, რომ მას შემდეგ, რაც სამოთხეში ადამმა და ევამ შესცოდეს და აკრძალული ხის ნაყოფი იგემეს, მათი სულიერი ერთობა დაირღვა.
ადრე ცოლი, როგორც მხოლოდ ქმრის შემწე და დამხმარე, გარკვეულწილად დამოკიდებული იყო მასზე. როდესაც პირველმა ქალმა დაამტკიცა, რომ თავისუფლების გონივრულად გამოყენება არ შეეძლო, ღმერთმა გარკვეული კანონით იგი მეუღლის კონტროლს დაუმორჩილა. მხოლოდღა ქრისტიანობის - სინანულის რელიგიის დროს - ქალს დაუბრუნდა თავისუფლება, რომელიც მას ცოდვით დაცემამდე ჰქონდა. ქრისტიანობამ ქალი მამაკაცს გაუთანასწორა. თუმცაღა მათ მაინც მეტ-ნაკლებად განსხვავებული მოვალეობები აკისრიათ ღმერთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ქმარმა თავისი საქმეებით, სიტყვებითა და ყველაფრით ოჯახში ღვთისმოსაობა უნდა დანერგოს, ხოლო ცოლმა თვალყური ადევნოს, რომ მთელმა ოჯახმა იღვაწოს სასუფევლისთვის". მამას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია შვილების წინაშე, არა მარტო როგორც ოჯახის უფროსსა და მარჩენალს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, როგორც ზნეობრივი მაგალითის მიმცემს, რადგან ზნეკეთილი მამის სულიერი ცხოვრება ხილულად და უხილავად ეხმარება და მოძღვრავს შვილების ცხოვრებას. მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი თავის გმირს, დათა თუთაშხიას ათქმევინებს, - კაცობა ტვირთიაო. სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რას ნიშნავს მამაკაცის "ტვირთი", ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ნინო ჭავჭავაძე.
- რელიგიური მოსაზრებით, მამაკაცი ითვლება ოჯახის უფროსად. პავლე მოციქული ბრძანებს: "ქმარი არის ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლები თავიანთ ქმრებს ყველაფერში..."(ეფეს. 5.23). სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით როგორ აიხსნება პატრიარქატის არსი და მამაკაცის უპირატესობა ქალთან შედარებით?
- პატრიარქატის არსი ასეთია: ოჯახის ბურჯი, უფროსი, ყველა მატერიალური თუ სულიერი პრობლემის გადამწყვეტი არის მამაკაცი. ქალი არის მამაკაცის დამხმარე. მისი შეხედულებების გამტარებელი და გამზიარებელი.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, პატრიარქატის დროს მამაკაცის უპირატესობა არის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების უფლება და მოქმედების თავისუფლება. ეს გარემოებები მამაკაცის ფიზიკური ძლიერებით აიხსნებოდა, რადგან ძველად ყოფითი პრობლემების გადაწყვეტა (კაცებისთვის - ნადირობა, ოჯახის წევრების დაცვა თავდასხმებისგან და ა.შ.) ძლიერ ფიზიკურ შესაძლებლობებს მოითხოვდა. დრომ შეცვალა ცხოვრების წესი, ურთიერთობები, და, ამდენად, ქალებისა და მამაკაცების მიმართ მოთხოვნებიც სხვაგვარია.
- თუმცაღა იმავე ქრისტიანობაში არის იდეა, რომ ქალი მამაკაცის თანასწორია. პავლე მოციქული ბრძანებს: "არა არს დედაკაცება და მამაკაცება"... შუშანიკიც ამბობს: "განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა არ არს რჩევა დედაკაცისა და მამაკაცისა..." ქართულში ქალსაც დედაკაცი ჰქვია. რითი აიხსნება ის, რომ ასეთ სიმაღლეზე აიყვანა ქრისტიანობამ ქალის ღირსება?
- ქრისტიანობა ადამიანის სულიერებაზე ამახვილებს ყურადღებას. სულიერი სიძლიერის მიხედვით, ზოგადად ქალებსა და მამაკაცებს შოროს განსხვავება არ არის. განსხვავებები ყოველ კონკრეტულ, ინდივიდუალურ შემთხვევებშია. ზოგჯერ მამაკაცია სულიერად უფრო მტკიცე და ძლიერი, ზოგჯერ - ქალი. ილიასეული "დედაკაციც" სწორედ იმას მიგვანიშნებს, რომ ყველანი ადამიანები, ანუ კაცები ვართ: ქალებიცა და მამაკაცებიც, რომელთაც სული გვაქვს, შესაბამისად - სინდისი, ღირსება და ყველა სხვა სულიერი თვისება.
- პეტრე მოციქული ბრძანებს: "ქმრებო, გონივრულად მოეკიდეთ ცოლებს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს. პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ" (I პეტრე. 3,7). რა პასუხისმგებლობას აკისრებს მამაკაცს ეს სიძლიერე (თუნდაც ფიზიკური თვალსაზრისით) ქალთან შედარებით?
- ოჯახის ყველა წევრს ერთმანეთი უნდა უყვარდეს. ეს ნიშნავს იზრუნოს მასზე, პატივი სცეს მის დამოკიდებულებებსა და შეხედულებებს, გამოხატოს კეთილი დამოკიდებულება ახლობლების მიმართ. საერთოდ, ცნობილია, რომ ძლიერს და უფროსს მეტი მოეთხოვება. იგი არის მაგალითის მიმცემი დანარჩენებისთვის.
განსაკუთრებით ბაძავენ მამას ვაჟები, თუმცა იდეალის ჩამოყალიბებისას გოგონასთვისაც მნიშვნელოვანია მამის სახე. მამა მხოლოდ მარჩენალი არ არის, იგი არის შვილების დამრიგებელი, გზის გამკვლევი და სულიერი საყრდენი.
- ცნობილია, რომ დედას შეუძლია მამის როლიც შეითავსოს, თუკი მდგომარეობა ამას მოითხოვს. რამდენად შეუძლია მამას იმავეს გაკეთება?
- ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა მამები უდედოდ ზრდიან შვილებს. ყველაფერი შესაძლებელია, თუ სხვა გზა არ გაქვს და მშობელი ხარ. შვილების წინაშე ვალდებულება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.
- პავლე მოციქული ბრძანებს: "ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა... რათა არა იგმოს ღმერთის სიტყვა..." არცთუ იშვიათად, უფლის სახელით მამაკაცი მეუღლისგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს, თავად კი ქრისტიანულ მცნებებს არღვევს და სათანადო სიმაღლეზე არ დგას. რამდენად გამართლებულია ამგვარი საქციელი?
- მეუღლეებს შორის მშვიდი, სიყვარულით სავსე მეგობრული ურთიერთობა ოჯახის ბედნიერების საწინდარია. ყველა ოჯახს თავისი ურთიერთობის წესი აქვს, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ კულტურულ სივრცეზე, რომელშიც ისინი გაიზარდნენ. აღმოსავლური კულტურისთვის მამაკაცის მბრძანებლური ტონი მეუღლესთან ურთიერთობაში დასაშვებად არის მიჩნეული და ქალებიც მეტ-ნაკლებად მიჩვეულნი არიან დათრგუნულ მდგომარეობას. დასავლეთისთვის ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორუფლებიანობაა ნორმალური. "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია" - რუსთაველის ეს გენიალური სიტყვები იმაზე მიგვანიშნებს, რომ ფსიქოლოგიურად დასავლეთის კულტურას უფრო მივეკუთვნებით, ამდენად, ჩვენთვის თქვენ მიერ დამახასიათებელი ცოლ-ქმრის ურთიერთობის მოდელი მოსაწონი ვერასოდეს იქნება. თითოეულმა წყვილმა ურთიერთობის გაუმჯობესებაზე თვითონ უნდა იზრუნოს, მაგრამ თუ გრძნობენ, რომ დახმარება ესაჭიროებათ, ფსიქოლოგები მზად ვართ სწორი რჩევების მისაცემად.
- ფსიქოლოგიაში ბევრს ლაპარაკობენ გენდერულ თანასწორობაზე. რას ნიშნავს ეს და რას ემყარება?
- გენდერული თანასწორობა ნიშნავს ქალისა და მამაკაცისთვის ერთნაირი უფლება-მოვალეობების მინიჭებას და მიკუთვნებას. ეს გარკვეული მსოფლმხედველობის შედეგია, რომელიც ქართველებისთვის უცხო არ გახლავთ. რაც უფრო მეტი დრო გადის, ქართველი ქალები ამტკიცებენ რუსთაველის სიტყვების ჭეშმარიტებას. პირადად მე ნაზი ქალი და ძლიერი მამაკაცი უფრო მომწონს, ვიდრე პირიქით.
- რა ფსიქოლოგიური სტრესის წინაშე დგება ოჯახი, როდესაც მამა შინიდან მიდის. როგორ აისახება ეს ფაქტი ბავშვების ცნობიერებაზე და მათ შემდგომ ცხოვრებაზე?
- მამის ოჯახიდან წასვლა ძალიან მტკივნეულია მეუღლისთვისაც და შვილებისთვისაც. როგორ აისახება ეს ფაქტი ბავშვების მომავალ ცხოვრებაზე, დამოკიდებულია დედის პოზიციასა და მის ქცევებზე. თუ დედა იქნება მშვიდი და შეძლებისდაგვარად შესატყვის სიტუაციაში შვილებს აუხსნის მეუღლესთან განშორების მიზეზებს და ხელს არ შეუშლის ბავშვების მამასთან ურთიერთობას, ეს პროცესი ოჯახისთვის ნაკლებად მტკივნეული იქნება. თუ დედა მხოლოდ უარყოფითად დაახასითებს მამას და მას მტრად გამოაცხადებს, ბავშვები იქნებიან დათრგუნული და გაბოროტებული. ბავშვობაში მიღებული სტრესები და გამომუშავებული დამოკიდებულებები ადამიანის მთელ ცხოვრებას ასვამენ დაღს. ამიტომაც მშობლებს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
- აღიარებულია, რომ მამაკაცი უფრო მეტად გონებით მოქმედებს, ქალი კი - გრძნობით...
- ეს ადამიანზეა დამოკიდებული. ზოგი უფრო მგრძნობიარეა, ზოგი - ნაკლებად. გონებაც ყველას აქვს და გულიც, ოღონდ სხვადასხვანაირი. ეს მათ მთლიან პიროვნულ მახასიათებლებზე მეტყველებს და არა სქესობრივ თავისებურებებზე. ასე რომ, ორივე სქესის ყველანაირი ადამიანი არსებობს.
- დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა მწვავე სოციალური პრობლემების წინაშე დგას. ამის გამო ზოგჯერ მამაკაცებს ეშინაით ოჯახის შექმნის, რადგან ოჯახის მარჩენლის, ოჯახის წინამძღოლის ფუნქცია ოდითგანვე მამაკაცს ჰქონდა მინიჭებული. ხომ არ დაკარგა მამაკაცმა დღეს იგი?
- დღევანდელი საზოგადოება და ოჯახი განსაკუთრებულია. მეუღლეებს შორის ფუნქციები ძველებურად აღარ არის განაწილებული. ამიტომ მარჩენალი სულაც არ ნიშნავს მამაკაცს, პირიქით, ზოგჯერ ქალებს უფრო მეტი შემოსავალი აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცებმა ფუნქცია დაკარგეს. ზოგჯერ სულიერი, ზნეობრივი და ფიზიკური თანადგომა გაცილებით მეტია, ვიდრე მატერიალური. ვიმედოვნებ, მალე დადგება დრო, როცა თვითრეალიზაციის საშუალება ყველას ექნება და მამაკაცებიც უნარისა და ცოდნის შესატყვის ანაზღაურებად სამსახურებსაც იშოვიან.
- ვაჟას უთქვამს:
"ვაჟკაცსა ხმალი ალაღებს,
დიაცს მშვენება ტანისა".
ოდითგანვე ქალს ლირიკულობა შვენოდა, მამაკაცს კი - სიმამაცე. რა მოვალეობა აკისრია მამაკაცს სამშობლოს წინაშე?
- მამაკაცებს უზარმაზარი ტვირთი აქვთ. ოჯახის მოვლის გარდა, მათ სამშობლოს დაცვაც ევალებათ. ეს საკმაოდ რთულია. ჩვენს მამაკაცებს მე დიდ პატივს ვცემ და მთელი გულით ვუსურვებ, მშვიდობიანად აღესრულებინოთ თავიანთი მამაკაცური ვალი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი