"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი ათონელი, - თუ დედა ლოცულობს და სულიერად ცხოვრობს, მაშინ ყრმა დედის მუცელშივე იწმინდება...
დედის სულიერი ცხოვრება სხვისი თვალისთვის შეუმჩნევლად ეხმარება შვილების სულიერ ცხოვრებას... ბავშვებთან ურთიერთობისას ვხვდები, როგორი სულიერი მდგომარეობა აქვთ მათ დედებს". აღზრდის საკითხი ყველა დროში აქტუალურია. მით უფრო - დღეს, მოზარდთა ესოდენ გახშირებული დანაშაულობების ფონზე. შეძრწუნებულ მშობლებს აღარ შესწევთ ძალა რაიმის შეცვლისა, თავიანთი შვილების გამოსწორებისა. აღზრდა კი პიროვნული განვითარების სხვადასხვა სტადიას მოიცავს.
რა მნიშვნელობა აქვს დედის განწყობას, დამოკიდებულებას ბავშვის ფსიქიკური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და როგორ აისახება ეს მის შემდგომ ცხოვრებაზე? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიაროსთან არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თეა გოგოტიშვილი.
- როგორ ვლინდება დედის განწყობის ზეგავლენა ბავშვის ფსიქიკაზე ჯერ კიდევ ჩანასახში?
- დედის განწყობის ზეგავლენა ბავშვის ფსიქიკაზე უწყვეტია ჩასახვის მომენტიდან. ისიც კი თამაშობს როლს, თუ რას განიცდის დედა მომავალი შვილის მიმართ. რელიგიურადაც და მეცნიერულადაც დადასტურებულია, რომ ჩანასახს ისეთივე შეგრძნებები ახასიათებს, როგორიც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს. გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ თუკი დედა ორსულობას სტრესულ მდგომარეობაში ატარებს, თუ არ არის ემოციურად გაწონასწორებული და უარყოფითი განცდები სჭარბობს დადებითს, არ უნდა შვილი, ამქვეყნად მოვლენილ პატარებს უკვე მკაფიოდ გამოხატული პრობლემები აქვთ. ხშირად არიან ჭირვეულები, ისეთივე გაღიზიანებულები, როგორიც მათი დედა იყო ორსულობისას, დარღვეული აქვთ ძილი და ა.შ. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მეტად ინდივიდუალურია ის, თუ ვინ როგორ გადის მუცლად ყოფნის პერიოდს და როგორ გამოვლინდება ეს დაბადების შემდეგ, მაგრამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედის დამოკიდებულება ემბრიონის მიმართ და მისი ფსიქოემოციური ფონი დიდ როლს თამაშობს ნაყოფის ნერვული სისტემის, ფსიქიკის, ხასიათის, ჯანმრთელობის ჩამოყალიბებაში.
- რამდენად მნიშვნელოვანია დედის როლი ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების პირველ ეტაპზე, რომელსაც ძუძუმწოვრობის ხანა შეესაბამება?
- ამ დროს დედა თავისი ემოციური დამოკიდებულებით, კონტაქტით ბავშვს გადასცემს იმ დადებით იმპულსებს, რომლებიც მას დაცულობის განცდას უქმნის. არსებობს ასეთი ცნებები: ბაზისური შფოთვა და დაცულობის განცდა. ეს ორი პარამეტრი დამოკიდებულებებიდან გამომდინარე ყალიბდება. დედას თბილი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ბავშვთან, ელაპარაკებოდეს მას და ეს რეკომენდებულია მუცლად ყოფნის პერიოდშიც. მართალია, ემბრიონი ვერ აღიქვამს სიტყვების შინაარსს, მაგრამ ის ზუსტად იღებს იმ იმპულსსა და ემოციას, რომელიც სიტყვის მეშვეობით გადაეცემა, ამაზე შესაბამისად რეაგირებს ჯერ ემბრიონი, შემდგომ - ბავშვი.
განსაკუთრებით წლამდე დიდი მნიშვნელობა აქვს ძუძუთი კვებას, არა მხოლოდ ფიზიკური განვითარებისთვის, არამედ ფსიქოლოგიური, დაცვითი სისტემის ანუ ბაზისური, მყარი, ფსიქოლოგიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც სამყაროს მიმართ ნდობა-უნდობლობის ფაქტორს განაპირობებს.
- რა უნდა გაითვალისწინონ დედებმა ბავშვის ცხოვრების იმ ეტაპზე, რომელიც ფეხის ადგმიდან სკოლამდე პერიოდს მოიცავს?
- ორიდან სამ წლამდე ბავშვს დედამ უნდა მისცეს საშუალება, თვითონ დაარეგულიროს თავისი ტუალეტი. დღეს ბავშვებს დიდი ხნის განმავლობაში ამყოფებენ პამპერსებით, რაც მეტად მავნეა არა მარტო მათი შარდსასქესო გზებისთვის, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ორიდან სამ წლამდე ბავშვს გაუჩნდეს თავისი სხეულის ფლობის განცდა.
3-დან 6 წლამდე ასაკი პირველი გარდატეხის პერიოდია ბავშვის განვითარებაში. სამნახევარი-ოთხი წლიდან ბავშვი დედამ ბაღში უნდა წაიყვანოს. ამ დროს სასურველია, პატარა ფსიქოლოგიურად აღარ იყოს დედაზე მიჯაჭვული. დედამ უნდა შეუწყოს ხელი მისი ელემენტარული უნარ-ჩვევების (კვება, თვითმომსახურება, კბილების გახეხვა, დაწოლა, ადგომა, ჩაცმა-დახურვა) ჩამოყალიბებას. ხშირად ამას დედები არ აკეთებენ. საქმე გვაქვს ორ ფენომენთან. ერთია ჰიპერმეურვეობა (ზედმეტი მზრუნველობა), რაც აბრკოლებს ბავშვის შინაგანი რესურსების სრულად გამოვლინებას, ართმევს ინიციატივას, უმწეოს ხდის და მეორე - აბსოლუტური ინდიფერენტიზმი, უყურადღებობა, სითბოსა და კომუნიკაციის დეფიციტი, რაც ასევე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე. იდეალური ვარიანტია ზომიერება. დედა უნდა ეცადოს, სამ წლამდე რაც შეიძლება მეტი დრო დაყოს ბავშვთან და შეუქმნას შინაგანი დაცულობის განცდა. სამი წლიდან ბავშვი უკვე პირველ ნაბიჯს დგამს სოციალიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების სფეროში - უნდა წაიყვანონ ბაღში, უნდა ისწავლოს ჯგუფთან, თანატოლებთან ურთიერთობა, დაიკმაყოფილოს კომუნიკაციის მოთხოვნილება, რომელიც ოჯახში, მით უმეტეს, ურბანულ გარემოში ისე ვერ იქნება დაკმაყოფილებული.
- 6 წლის ბავშვი მიდის სკოლაში. აქ უკვე შემოდის მასწავლებლის როლი, გარკვეულ ეტაპზე კი - თანატოლისა. მშობლის, დედის როლი კი ნელ-ნელა მეორე პლანზე გადადის, რაც ზოგჯერ მეტად მტკივნეულია. რას ურჩევდით ამ ეტაპზე მშობლებს?
- დაწყებით კლასებში ძალიან დიდი როლი ენიჭება მასწავლებელს. ბავშვი იმ საგანს უფრო სწავლობს, რომლის მასწავლებელიც უყვარს. გარდატეხის ასაკში, რომელიც დღეს ადრე იწყება (10-11 წელი), მთავარ როლს უკვე თანატოლი იჭერს. ამ დროს მშობლებმა შვილთან ისეთი ურთიერთობა უნდა დაამყარონ, როგორც ზრდასრულთან - ბავშვებს ამის მოთხოვნილება აქვთ. ანუ მშობლებმა უნდა მოახერხონ ავტორიტეტის გადარჩენა მეგობრული დამოკიდებულებით. ოღონდ მეგობრული ურთიერთობა არ ნიშნავს, მშობელი გაუტოლდეს მოზარდს; პირიქით, მოზარდს უნდა მოეპყროს, როგორც ზრდასრულს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოზარდი ჯერ არ არის ზრდასრული ადამიანი, დედებს მაინც ყოველთვის ვურჩევდი ასეთ დამოკიდებულებას.
- ჰიპერმეურვეობა და ყურადღების დეფიციტი - ორივე არასწორ აღზრდას გულისხმობს. რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს ამ ორ უკიდურესობას?
- ყურადღებისა და სითბოს დეფიციტი ბავშვზე სავალალოდ აისახება, განსაკუთრებით ადრეულ (სამ წლამდე) ასაკში - მას დაუცველობის, სამყაროს მიმართ გაუცხოებისა და უნდობლობის განცდას უქმნის, რომელიც, რა თქმა უნდა, არაცნობიერ დონეზე ილექება იმიტომ, რომ შეუძლებელია სამ წლამდე მიღებული გამოცდილება ცნობიერი იყოს. ამიტომ, როცა ვხვდებით ადამიანების, საერთოდ, გარემოს მიმართ უნდობლობას, არამყარ, ეჭვითა და სკეპტიციზმით აღსავსე დამოკიდებულებას, ვხვდებით, ეს ხშირ შემთხვევაში ადრინდელი ასაკის პრობლემებია. ზედმეტი მეურვეობა, ზედმეტი ამაგი, ზედმეტი ინიციატივის საკუთარ თავზე აღება და ბავშვისთვის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაზე უარის თქმა იწვევს უსუსურობის განცდას, პასუხისმგებლობის უქონლობას, პრობლემებთან გამკლავების შესაძლებლობებში დაეჭვებას, რასაც ხშირად მივყავართ ისეთ მძიმე ქცევით გამოვლინებებთან, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება, ალკოჰოლიზმისკენ სწრაფვა. დღეს მეცნიერებაში სერიოზულად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ზედმეტი მზრუნველობა და ინიციატივის წართმევა ადაპტაციური მექანიზმების განვითარებას უშლის ხელს. ჩვენ ხომ ცხოვრებაში სერიოზული პრობლემების დასაძლევად ვემზადებით და ამას ბავშვობიდანვე უნდა მივეჩვიოთ. არიან ადამიანები, რომლებიც კოლბის, ვაკუუმისა და სრული დაცულობის ვითარებაში იზრდებიან. ხშირად გაიგონებთ (მით უმეტეს, ჩვენში) მშობლისგან: "მე თუ კარგი დედა ვარ, უნდა ვეცადო, შვილს პრობლემები ავარიდო, რადგან ისინი მას მერეც ეყოფაო". კარგი დედის კრიტერიუმი ხშირად იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენად აგვარებს დედა შვილის მაგივრად ყველაფერს. მაგალითად, სკოლაში გაკვეთილების ჩანიშვნას, შინ გაკვეთილების მომზადებას და ა.შ. როცა ყმაწვილობაში შვილს დაბრკოლებები ექმნება, დედა მას პრობლემებს ყოველ ნაბიჯზე ვერ მოუგვარებს, საამისო უნარ-ჩვევა კი ბავშვს არა აქვს. ამ გაუსაძლისი დისკომფორტისგან გაქცევისა და თავის დაღწევის მარტივად ხელმისაწვდომ საშუალებად კი, სამწუხაროდ, იქცევა ხოლმე ალკოჰოლი, ნარკოტიკი, აზარტული თამაშები... ინგლისური ტერმინიდან გამომდინარე, ამათ განიხილავენ, როგორც ადიქტიური (დამოკიდებული) ქცევის გამოვლინებებს.
დღეს ახალგაზრდა თაობა ფაქტობრივად უმძიმეს დღეშია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის როლი, რადგან იგია შვილის არსებაში ფუნდამენტის ჩამდები, მისი პიროვნული განვითარების, მიდრეკილებების ბიძგის მიმცემი.
- ქალბატონო თეა, რა მიზანს ისახავს თქვენი საქმიანობა სამშობიაროში და, ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის კონსულტაცია დედებისთვის?
- ღვთის მადლით, შევიგენით, რომ ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, ძალიან ეხმარება ადამიანს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში.
ბევრმა ქალმა თავის თავზე გამოსცადა ფსიქო-ფიზიკური მომზადების პრიორიტეტი. ხშირად მოგვმართავენ ორსულები. ისინი გადიან კურსს, რომელშიც შედის ფსიქოლოგიური მომზადება მშობიარისთვის და ფიზიკური რელაქსაცია, რაც ხელს უწყობს ბავშვის სწრაფ დაბადებას და ზედმეტი პრობლემის თავიდან აცილებას. მოსახლეობა ნელ-ნელა იგებს ამ ფსიქო-ფიზიკური მომზადების კურსის შესახებ. სამწუხაროდ, ძველი ინერცია გრძელდება და ბრმად მიდიან სამშობიაროდ. ერთი მხრივ, კარგია ღვთის იმედად ყოფნა, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გავანძრიოთ ხელი და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ ანუ დავიზღვიოთ თავი რაღაც პრობლემებისგან.
რაც დრო გადის, მშობლებს მით უფრო მეტად უჩნდებათ ცნობიერი დამოკიდებულება ფსიქოლოგიური სამსახურის მნიშვნელობის მიმართ. ეს სამსახურები უცხოეთში ძალიან აქტიურად მუშაობენ, განსაკუთრებით აქტიურობა და ინიციატივა გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვების მშობლების მხრიდან შეიმჩნევა. ადრე სხვაგვარი ვითარება შეინიშნებოდა. თუ ბავშვს პრობლემები ჰქონდა, მაშინვე მირბოდნენ ფსიქიატრებთან და ნევროპათოლოგებთან. დღეს თანდათანობით უფრო ნათელი ხდება ფსიქოლოგის როლი და მნიშვნელობა. ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ეპისტოლეებმა; მისმა მოწოდებებმა, რომ სკოლებში ფსიქოლოგების როლი უნდა გააქტიურდეს და ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ღვაწლი და გამოცდილება მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული.
ასე რომ, უწმინდესის უდიდესმა ცოდნამ, განათლებამ, მისმა კეთილმა ნებამ მკვეთრად შეცვალა ვითარება და, ვფიქრობ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი