მარხვაში ადამიანი სულიერად უნდა წარემატოს, გაიზარდოს
მარხვას ქრისტიანის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს: ის ხელს უწყობს ადამიანის სულიერ ფერისცვალებას, განგვიმტკიცებს ნებისყოფას და საკუთარი თავის მოთოკვაში გვეხმარება.
მაცხოვარი ბრძანებს, ბოროტი სული ოდენ ლოცვით და მარხვით განიდევნებაო. ასე რომ, მარხვა ბოროტთან ბრძოლის იარაღიცაა. მარხვის როლზე ადამიანის სულიერი ფერისცვალების პროცესში გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.
- მარხვა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ნებისყოფის განმტკიცებას ემსახურება, რაც სულიერი ზრდის, პიროვნებად ჩამოყალიბების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა...
- ერთ-ერთი რთული პერიოდი მარხვის თვალსაზრისით ახალი წელია. საკვებისგან თავშეკავება ნებისყოფის დაძაბვას მოითხოვს, მით უფრო, თუ საახალწლო სუფრაზე გოჭი და საცივი მოგვართვეს. თუმცა ასეთი რამ მხოლოდ ახალ წელს არ ხდება, ქართველებს სუფრასთან მისხდომა ხშირად გვიწევს.
ზოგჯერ გრძნობ, რომ ერთგვარ გამოცდას გიწყობენ. ზიხარ დახვავებული ხორაგის წინ და თანამეინახენი გამომცდელად შემოგცქერიან, აბა, წაგძლევს თუ არა სული და გადაიღებ თუ არა არასამარხვო კერძს. ასე რომ, მარხვა ნებისყოფის განმტკიცების საშუალებაა. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) წერს: "მარხვა ნებელობითი ქცევის გამოვლენას წარმოადგენს, რელიგია კი თავისი მრავალი ასპექტით ნებელობითი ქმედებაა. ვისაც არ შეუძლია, შემოიზღუდოს თავი საკვების მიღების თვალსაზრისით, არც უფრო ძლიერ და ვერაგ ვნებებზე გამარჯვება ძალუძს..." მაცხოვარი კი ბრძანებს: "სასუფეველი ცათაი იიძულების..." ნებისყოფის გამუდმებით დაძაბვის გარეშე სახარებისეული მცნებები ოდენ იდეალურ გამონათქვამებად, შორეული ცის კაბადონზე მოკიაფე ვარსკვლავებად დარჩება და ადამიანის ცხოვრებაში რეალურ მნიშვნელობას ვერ შეიძენს.
მაგალითად, ბავშვი მარხვას რომ ინახავს, თავს რაღაც-რაღაცებს უკრძალავს; ლოცვითაც მხოლოდ მაშინ კი არ ლოცულობს, როდესაც სიამოვნებს, არამედ იმ დროს, როცა ამას ქრისტიანული წესრიგი მოითხოვს. ბუნებრივია, ეს ყოველივე მისი პიროვნების გამოწრთობას უწყობს ხელს და ისიც შემდგომში, სხვადასხვა ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვისას, უფრო მეტ ნებისყოფასა და შეუპოვრობას გამოავლენს.
- მარხვა დიდ ქრისტიანულ დღესასწაულებს უძღვის წინ, რასაც, ცხადია, თავისებური დატვირთვა აქვს...
- ქრისტიანული დღესასწაულის (შობის, აღდგომის...) სიდიადე რომ განიცადო, მარხვის დაცვა აუცილებელია. წარმოიდგინეთ, აღდგომა ახლოვდება, თქვენ კი მარხვა არ დაგიცავთ. თითქოს ის სიხარული და მშვენიერება, რომელიც ამ დღესასწაულს ახლავს, რაღაცნაირად ფერმკრთალდება. სულ სხვაა, როცა ადამიანი მარხული შეხვდება დღესასწაულს. მარხვა ხომ ერთ-ერთი საშუალებაა სინანულისა, სულიერი განწმენდისა, რომელთა გარეშე დღესასწაულის სიხარულს ვერც განიცდი.
- ეკლესიური სწავლებით, ხორციელი მარხვა სულიერ მარხვასთანაა დაკავშირებული, რაც მეტად მნიშვნელოვანია ქრისტიანული სრულყოფის თვალსაზრისით.
- მარხვის სულიერი მხარე გულისხმობს, თავი შევიკავოთ სანახაობრივი გართობისგან, ფუჭი, ამაო საუბრებისგან, ყოველივესგან, რაც წარმოსახვას, მგრძნობელობას გვიხელებს, ფუქსავატს ხდის ჩვენს აზროვნებას. იდეალურ შემთხვევაში მარხვის დროს უნდა ვეცადოთ, განვმარტოვდეთ და მდუმარედ ვიყოთ, მეტად ვიფიქროთ საკუთარ ცხოვრებაზე, ცოდვებზე, ნაკლოვანებებზე... მარხვის პერიოდში ადამიანი ცდილობს, უკეთესი გახდეს, მეტად გააკონტროლოს თავი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანული წესების (ლოცვა იქნება ეს, მარხვა, აღსარების თქმა თუ ზიარება) შესრულებაზე მნიშვნელოვანი ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის დამყარებაა. რასაკვირველია, იმას არ ვგულისხმობ, რომ უფალს და ანგელოზებს ვხედავდეთ, გამოცხადებები გვქონდეს, - ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და სულიერი თვალსაზრისით, გამოუცდელი კაცისთვის მეტად საშიშიც, - მაგრამ ჩვენ ხომ ურთიერთობა გვაქვს უფალთან - ხშირად შინაგანი ხმა მიგვითითებს, რომელი ცოდვების გამო მოვიწიეთ სასჯელი.
მნიშვნელოვანია ერთი ნიუანსიც. როდესაც ადამიანი მარხვის წესებს არღვევს, - თვრება, ვნებების გამხელებელ ფილმებს უყურებს, - მარხვის დროს უფრო მეტად ისჯება, ვიდრე ხსნილში. დაკვირვებული თვალი ამას ადვილად შეამჩნევს. ამით უფალი თითქოს მიგვითითებს, რომ მარხვის პერიოდში უფრო თავშეკავებული ცხოვრება გვმართებს, უფრო მეტად უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი აზრები, ემოციები... და თუ ამას ვერ შევძლებთ, სასჯელი არ დააყოვნებს. ეს ისევ და ისევ ჩვენდა სასიკეთოდ ხდება, რათა ვისწავლოთ მარხვა და ქრისტიანული სრულყოფის გზას დავადგეთ.
ერთმა მოძღვარმა ასეთი რამ თქვა: ადამიანს გაუჭირდებოდა მთელი წლის განმავლობაში თავის ხელში აყვანა და გულდასმით გაკონტროლება საკუთარი ფიქრებისა და ემოციებისა. ამიტომ ეკლესიის მამებმა გარკვეული პერიოდი გამოყვეს, რომლის დროსაც უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ საკუთარი თავის უკეთესობისკენ შეცვლა. თუ ადამიანი სწორად მარხულობს და სულიერად ვითარდება, საინტერესო კანონზომიერებას შეამჩნევს: მარხვის განწყობილება, როგორც სულიერი, ისე ხორციელი თვალსაზრისით, თანდათანობით არასამარხვო პერიოდშიც გაჰყვება. წლების შემდეგ ეს უკვე ჩვევად ექცევა და ისიც არა მხოლოდ მარხვის დროს, არამედ ხსნილშიც ეცდება, ნაკლებად მისცეს თავს "განლაღების" უფლება, ნაკლებად შესცოდოს თვალით, ფიქრით, საქმით... ასე რომ, ეს მონდომება, განწყობა უხილავად და ქვეცნობიერად მკვიდრდება ადამიანის ფსიქიკაში.
- ესე იგი, ყოველი მარხვა სულიერი წარმატების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია...
- მარხვის დაცვა ნამდვილი ხელოვნებაა. მარხვაში ადამიანი სულიერად უნდა წარემატოს, გაიზარდოს. მაგალითად, უწინდელთან შედარებით ნაკლებად უყუროს ტელევიზორს, ნაკლები ილაპარაკოს, ნაკლებად განიკითხოს... სამარხვო საკვებსაც კი ნაკლებად მიეძალოს. ცხადია, იდეალურ მარხვას ერთბაშად ვერ ვისწავლით, უცებ ვერ დავიხვეწებით; ეს დროის კვალდაკვალ, ხანგრძლივი მოღვაწეობის შედეგად მოდის, მაგრამ ყოველ მარხვაში თითო ნაბიჯით მაინც უნდა დავწინაურდეთ.
- სამარხვო საკვები ახსენეთ. დღეს ის იმდენად მრავალფეროვანია, რომ მარხვის დაცვა არცთუ ისე ძნელი უნდა იყოს, ხორციელ მარხვას ვგულისხმობ...
- ქართველი კაცი გემრიელი და მრავალფეროვანი კერძების მომზადებაშიც ნიჭიერია. ისეთ მიმზიდველ სამარხვო ნამცხვრებს აცხობენ, ბევრად არ ჩამოუვარდება არასამარხვოს. ასევეა სხვა საკვებიც. სამარხვო ნაყინიც კი არსებობს. ასე რომ, ჩვენს დროში მარხვა სამარხვო საკვების ზომიერად მიღებასაც გულისხმობს. თუ თავი მეტისმეტად გავანებივრეთ ნუგბარით, მარხვას აზრი ეკარგება.
- ზოგჯერ მეტისმეტად მკაცრად მარხულობენ, ამ დროს კი, სამწუხაროდ, სულიერი ფერისცვალების ნაცვლად დეგრადაციას განიცდიან. რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ადამიანს ზედმეტი ღვაწლის თვითნებურად ტვირთვამ?
- ეს დემონური ხიბლის გამოხატულებაა. ასეთ დროს ბოროტი ადამიანს ძალასა და ენერგიას მატებს, რომ საათობით ილოცოს, უმკაცრესად იმარხულოს. ასეთი მარხვა სულიერი სნეულების გამოვლინება უფროა, ვიდრე ჩვენი მეს ფერისცვალებისა. თუმცა სწორი, ჯანსაღი მარხვა იმდენად აწრთობს ადამიანს, რომ მას შეუძლია, ძალიან დიდხანს გაძლოს საკვების გარეშე.
ერთ მაგალითს გავიხსენებდი. მამა ანთიმოზ ბულგარელი ათონის მთაზე მოღვაწეობდა. მას გასაოცარი უნარი ჰქონდა ხანგრძლივი მარხვის დაცვისა. თუმცა ამ ნიჭს სხვებს უმალავდა, მაგრამ ზოგჯერ, მისდა უნებურად, მაინც გაცხადდებოდა ხოლმე. ერთხელაც, პეტრეპავლობის მარხვაში, ათონის ერთ-ერთ მონასტერში მივიდა. არაქათგამოცლილი, გამოფიტული იყო. იქაურმა სულიერმა ძმამ სიხარულით მიიღო და შესთავაზა, ტრაპეზზე დასწვეოდა. ტრაპეზობისას, რომ იხილა, როგორ შეექცეოდა სტუმარი საკვებს, ბერმა გულში მისი განკითხვა დაიწყო: ასეთი გამხდარი და დასუსტებული ამდენს როგორ ჭამსო. მერე თვითონვე შერცხვა თავისი ფიქრებისა და საკუთარ თავზე განაწყენებული სატრაპეზოდან გავიდა. მამა ანთიმოზიც გამოჰყვა, კართან ჩამოჯდა და ცდუნებულ მეგობარს უხმო: მოდი, გვერდით მომიჯექიო. აიღო მისი ხელი და ჰკითხა: "ძმაო, იცი, რა არის მორჩილების სიბრძნე?" დარცხვენილმა ბერმა მიუგო: არა, მამაო, არ ვიციო. "მორჩილების სიბრძნე ისაა, რომ არავინ განიკითხო და საკუთარი თავი სხვებზე უარესად ჩათვალო, - აუხსნა მამა ანთიმოზმა, - შენ მე განმიკითხე, ცდუნდი, ბევრს რომ ვჭამდი, მაგრამ ის კი არ იცი, რამდენი ხანი არ მიმიღია საზრდელი. აბა, მითხარი, ბოლოს როდის ვიყავი შენთან". ბზობის შემდგომ აღარ მინახიხარო, - გაიხსენა ბერმა. თურმე მამა ანთიმოზს ამ ხნის განმავლობაში საკვები არ მიეღო.
ეს ამბავი ჩვენ დაუჯერებლად გვეჩვენება, მაგრამ უფალი ზოგიერთ რჩეულს ანიჭებს ასეთი მარხვის უნარს. ეს ადამიანები განსაკუთრებული მადლით არიან მოსილნი.