ზოგჯერ მრისხანების ცბიერი დემონი სწრაფად გშორდება იმ მიზნით, რომ არ შეინანო და ამით საკუთარი სნეულება უკურნებელი გახადო
მართლმადიდებლური სარწმუნოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სხვადასხვა ვნებასთან ბრძოლას, რომელთა გახელებაც დიდ ზიანს აყენებს ადამიანს და აშორებს ღმერთს. ერთ-ერთი მათგანი მრისხანების ვნებაა, რომლის გამოვლენასაც თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. მით უმეტეს, დღეს, ასე დამძიმებულ სოციალურ ფონზე ადამიანისთვის ჩვეულებრივ მოვლენად ჩანს გაღიზიანება, კონფლიქტი, ნერვული დაძაბულობა. არადა, ეკლესიური თვალსაზრისით, მრისხანება ჩვეულებრივი მოვლენა სულაც არ არის, არამედ იგი არასათნო, არამადლმოსილ მდგომარეობად ითვლება. როგორც წმინდა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: "თუ სულიწმინდის მადლი - სული სიწმინდისა და სიწყნარისა, მრისხანება კი აღშფოთებაა სულისა, მაშინ, აქედან გამომდინარე, არაფერი ისე არ უკეტავს გზას ამ მადლის შემოსვლას ჩვენში, როგორც იგი". მრისხანების ვნების ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.
- მრისხანების ვნების როგორი გამოვლინებები არსებობს?
- მრისხანების ვნების სხვადასხვა სახეს ვხვდებით, რომელთა შორის პირველი გაშმაგება, გააფთრებაა. ამ დროს ზოგჯერ სიგიჟის ზღვარსაც კი უახლოვდებიან და იმდენად კარგავენ წონასწორობას, რომ დიდი სურვილი უჩნდებათ, არ დაინდონ, გაამწარონ, დასაჯონ თავისი სიბრაზის მიზეზნი. ადამიანი დიდი სიავის, ბოროტების სათავედ ეჩვენებათ და იჩრდილება ის დადებითი, კარგი, რომელიც მასშია, სიკეთე, რაც, შესაძლოა, არცთუ იშვიათად უნახავთ მისგან. ხშირად გაშმაგებისას ისეთი სიტყვები დასცდებათ, იმგვარად შეურაცხყოფენ სხვას, რომ დამშვიდებისას სინანულს, სირცხვილსაც კი განიცდიან.
არცთუ იშვიათად მრისხანების დროს გაჩენილი განცდების ფიზიკურად გამოხატვის ტენდენციაც შეინიშნება. შეიძლება კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიაყენონ, მაგრამ რაიმე ნივთი ისროლონ, დააზიანონ, დაამტვრიონ.
მრისხანების გამოვლენის ერთ-ერთი სახეა გულღრძოობა, როდესაც დიდხანს გაჰყვებათ წყენა, უჭირთ პატიება, მიტევება, ხშირად იხსენებენ შეურაცხმყოფელ სიტუაციას, საუბრის დეტალებს და ზოგჯერ შურისძიების, სამაგიეროს გადახდის გეგმებსაც კი სახავენ.
მრისხანების ვნების სახეებია აგრეთვე სიძულვილი, ადვილად წყენა, ზედმეტი ეჭვიანობა, როცა ხშირად ჰგონიათ, რომ დასცინიან, ზიანის მიყენებას ცდილობენ, ხრიკებს ხლართავენ. ასევე ვნების სახეა წრეგადასული უნდობლობა მეუღლის, ოჯახის წევრების, ახლობლებისა თუ ნაცნობების მიმართ. ასეთ დროს, რა მართალიც არ უნდა ეჩვენებოდეს კაცს საკუთარი თავი, მისი შინაგანი მდგომარეობა უთუოდ დემონური ძალის გავლენის ქვეშაა.
- არის კიდევ ერთი სახე მრისხანებისა, რომელიც ერთი შეხედვით ნაკლებად საშიშად მოჩანს. ზოგიერთი თავის გასამართლებლად ამბობს: მართალია, ვიფეთქებ ხოლმე, მაგრამ მალევე გადამივლისო. რამდენად გასამართლებელია ეს?
- ამაზე წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: "ზოგჯერ მრისხანების ცბიერი დემონი სწრაფად გშორდება იმ მიზნით, რომ არ შეინანო და ამით საკუთარი სნეულება უკურნებელი გახადო".
- აფექტურ მდგომარეობაზე რას იტყვით?
- აფექტური მდგომარეობა მრისხანების ყველაზე მძაფრი სახეა. ამ დროს ადამიანის ცნობიერება იმდენად ვიწროვდება, რომ აზრს, ფიქრს გონებაში გზა ეკეტება. განრისხებულს არაფერი ესმის, ვერ იგებს სხვის საუბარს, რჩევა-დარიგებებს, შეურაცხად მდგომარეობაშია, თავს ვერ აკონტროლებს და ყველაფერი შეუძლია ჩაიდინოს. აფექტური სტრესის თანმხლები მოვლენებია სისხლის მიმოქცევის გაძლიერება, თვალის გუგების გაფართოება, წამოწითლება, გონებაში ფიქრთა სწრაფი მონაცვლეობა გამღიზიანებლისკენ. ზოგთან ეს უმწვავესი ემოციური მდგომარეობა სულ სხვაგვარად ვლინდება. ამ დროს შეიძლება შინაგანი მდგომარეობა კი არ გააქტიურდეს, მოდუნდეს, მოეშვას, ადამიანი გაფითრდეს, გაშეშდეს, აზრთა მდინარება შეუნელდეს. აფექტს, მიუხედავად იმისა, რომ იგი უმწვავეს ემოციად ითვლება, არ ახასიათებს ხანგრძლივობა, ის მალე ნელდება, თუმცაღა მცირე ხნის განმავლობაშიც კი შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოგვცეს.
- მაგრამ სამართლიანადაც ხომ ბრაზდება კაცი?
- მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) გამოყოფს მრისხანების სხვადასხვა სახეს: "პირველი, როცა სამართლიანად ჯავრობენ რაიმე მძიმე მიზეზის გამო, მაგალითად, როდესაც ღვთის, უფლის მგმობელ სიტყვებს გაიგონებენ, დაცინვას სარწმუნოებისას; ასევე გაბრაზებას აქვს ადგილი სხვა საპატიო მიზეზიდან გამომდინარე... წუხდებიან, ჯავრობენ სხვისი გარყვნილების შემხედვარე, თავად რომ არასწორად ცხოვრობენ და სხვებსაც არსებობას უმრუდებენ ამით; როცა უყურებენ ბოროტ, უსამართლო ადამიანს, მოყვასს ვინც ტანჯავს და არღვევს ღვთის, სახელმწიფოს სჯულს. ასეთ შემთხვევებში, გარემოებისას კაცის მრისხანება დასაძრახი კი არ არის, არამედ ღვთისთვის მისაღებია, სათნო. რატომ? მისთვის, რომ ამგვარი მრისხანება სიმართლის სიყვარულით არის განპირობებული, საღმრთო შურით და კაცის სიკეთეს, არაბოროტებას წარმოაჩენს.
მრისხანების მეორე სახე თუმცა ესოდენ წმინდა და სათნო არ არის, როგორც პირველი, მაგრამ მაინც არც ის არის დასაძრახი და გასამტყუნი. კაცს ხშირად მოუვა გული და გაჯავრდება, როდესაც ვინმე ჩაგრავს სიტყვით ან საქმით. თუ ვინმემ ცილი დასწამა, უსამართლოდ უჩივლა, წაართვა რამე, არ შეიძლება მაშინ ადამიანს გული არ მოუვიდეს, არ გაჯავრდეს, არ დაიწყოს წუხილი, ჩივილი ამის გამო. ისიც ცოცხალი არსებაა და ყველაფერს ვერ მოითმენს. მაგრამ როცა გჩაგრავენ, გემტერებიან, გული რომც მოგივიდეს და გაჯავრდე, მაინც შეეცადე, დააკავო შენი გრძნობები, გეშინოდეს, არ წარგიტაცოს მან, ცოდვაში არ ჩაგაგდოს. თუ იმ ზომით განრისხდი, რომ შურისძიება დაიწყე სიტყვით ან საქმით, მაშინ თავადაც მას დაემსგავსები და შენი გაბრაზება უფლისთვის საწინააღმდეგო, ცოდვილი იქნება".
შეიძლება მართალი იყო შენს ახლობლებთან, მეგობრებთან თუ უბრალო შემხვედრთან დამოკიდებულებაში, მაგრამ თავისთავად ზედმეტი გაღიზიანება, გაანჩხლება უკვე ქმნის შენში დემონურ მდგომარეობას. ამის ფონზე კი საკუთარი სიმართლე უკვე დიდად არაფრად მოჩანს. რაც არ უნდა იყოს, უკვე ბოროტის კლანჭებში ხარ მოქცეული და ამის გამო არასათნოა უფლისთვის შენი შინაგანი მდგომარეობა.
- არის შემთხვევები, როცა ადამიანები ფიქრობენ, რომ მართალნი არიან და სხვები ცდებიან, არასწორად ესმით რაღაც. ამ დროს იწყებენ კამათს, უმტკიცებენ ერთმანეთს საკუთარ სიმართლეს. სიტუაცია კი ნელ-ნელა იძაბება. რამდენად გამართლებულია აზრთა სხვადასხვაობის გამო კამათი?
- წმინდა ბარსანოფი დიდი და წმინდა იოანე გვირჩევენ: "სამჯერ უთხარი სხვას შენი აზრი, შეხედულება და თუ არ მოინდომებს გაგებას, დაანებე თავი, რადგანაც კამათი ცუდი საქმეა". ამიტომაც უნდა მოვერიდოთ კამათს, რომელიც ზიანის მომტანია, გვიკარგავს სულის სიმშვიდეს, ღვთაებრივ სულთან თანაზიარობას. კამათს შედეგი არ მოაქვს, თუკი მოდავეები, როგორც ეს უმეტესწილად ხდება, სიტყვას არ გადადიან და არ ცდილობენ, ეძიონ ჭეშმარიტება. წმინდა მამები არა მხოლოდ არ გვირჩევენ მივიღოთ მონაწილეობა კამათში, არამედ, მათი შეხედულებით, უნდა განვეშოროთ კიდეც მოდავეთ.
- თავშეკავების თვალსაზრისით, მეტად რთულია ოჯახური გარემო; რასაც ითმენენ სახლის გარეთ, იმას ხშირად ვეღარ ახერხებენ ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან...
- დიახ, ადამიანები სახლის გარეთ უფრო აკონტროლებენ თავს, უცხო ხალხთან ურთიერთობისას უფრო ცდილობენ გამოიჩინონ ტაქტი, არ აჰყვნენ ემოციებს. ხოლო შინ შეიმჩნევა ერთგვარი მისწრაფება, განთავისუფლდნენ იმ შებოჭვისგან, რომელიც უცხო ხალხთან ურთიერთობას ახლავს თან. შინ უკვე თავისუფლად, მოურიდებლად გამოთქვამენ საკუთარ აზრებს, შეხედულებებს, გამოხატავენ ემოციებს, დიდად აღარ ცდილობენ თავშეკავებას, თითქოს ეს გარეთაც კმარა. ეს კი იწვევს იმას, რომ ხშირად სათანადო განსჯის, გააზრების გარეშე, გრძნობებს აყოლილები ამბობენ სათქმელს, მიუთითებენ სხვას შეცდომებზე, თან ნაკლებად ცდილობენ შეარჩიონ საუბრის ტონი, სიტყვები, დრო, რათა ახლობელი არ გაღიზიანდეს, დაბრკოლდეს, დაკარგოს წონასწორობა. არცთუ იშვიათად ისეთი სცენები იმართება ოჯახის წევრებს შორის, გარეთ მათი ქცევის შემხედვარე ძნელად რომ წარმოიდგენ.
უკანასკნელ ოპტელ მამათა ლოცვაში ვხვდებით სიტყვებს: "მასწავლე სწორი და გონიერი მოქმედება ჩემი ოჯახის ყველა წევრთან, არავის ვაწყენინო, არავინ შევაშფოთო". წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) ამბობს: "დიდი სათნოებაა მოთმინება, რომელსაც ადამიანი სწორედ ოჯახში უნდა მიეჩვიოს. აქ ყოველ დღეს და ყოველ წამს მოთმინებით და სულგრძელობით უნდა იქცეოდე. თუ ადამიანებმა ერთმანეთს ნაკლი და შეცდომები არ მოუთმინეს, ერთად ვერ გაძლებენ. დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა კაცისთვის საკუთარი თავის უარყოფა, ე.ი. სხვისთვის თავის შეწირვა. ამ სულგრძელობას, სიმშვიდეს და სხვა ქრისტიანულ სათნოებებს ვერსად ისე ვერ შეიძენ და ვერ განამტკიცებ, როგორც ოჯახში. ადამიანის ხასიათი არსად ისე კარგად არ მჟღავნდება, როგორც შინ, მახლობელთა შორის. თუ გარეთ შეუძლია თავისი ნამდვილი სახე დამალოს და გარშემო მყოფთ კარგ ადამიანად ეჩვენოს, ოჯახში ყოველ წამს და ყველა შემთხვევაში გამოჩნდება, სინამდვილეში ვინაა - კეთილი თუ ბოროტი. შინაური ცხოვრება სარკეა, სადაც კაცის ჭეშმარიტი ბუნება, ხასიათი ჩანს. ქრისტიანთათვის სახლი ანუ ოჯახი მეორე ეკლესიაა. როგორც ტაძარში, ოჯახშიც სიწმინდით და მორიდებით უნდა იქცეოდეს".
- ზოგი უფრო მდგრადია მრისხანების ვნების მიმართ, ზოგი კი უფრო მეტად ექცევა მის გავლენაში. აქედან გამომდინარე, ყველას თანაბარი ძალისხმევის გამოჩენა არ სჭირდება ამ ვნების დასაძლევად...
- წმინდა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: "ზოგიერთი, თავადაც არ ვიცი, რატომ, ბუნებით მიდრეკილია თავშეკავებისკენ, მდუმარებისკენ, თავმდაბლობისკენ ან გულჩვილობისკენ. სხვებთან კი იგივე ბუნება ეწინააღმდეგება ამ კარგ თვისებებს, მაგრამ ისინი თავს აიძულებენ ამისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მარცხდებიან, მე მათ, როგორც საკუთარ ბუნებაზე მოძალადეებს (კარგი გაგებით), პირველებზე მეტად ვაქებ".
ამა თუ იმ მიზეზის, თუნდაც თანდაყოლილი ტემპერამენტის გამო ზოგი მეტად არის სიფიცხისკენ, მრისხანებისკენ მიდრეკილი, ზოგი - ნაკლებად, მაგრამ ის, ვისაც უფრო დიდი ძალისხმევის გამოჩენა სჭირდება ამა თუ იმ ვნებასთან საბრძოლველად, ვთქვათ, თანდაყოლილი ბუნებრივი მონაცემების გამო, წარმატების შემთხვევაში უფრო მეტ მადლს მოიხვეჭს, ვიდრე ის, ვისაც ამისთვის ბრძოლა მაინცდამაინც არ სჭირდება.
- როგორ ვებრძოლოთ მრისხანების ვნებას?
- ამ ვნებასთან ბრძოლის პირველი ეტაპი გულისხმობს იმას, რომ როცა ვბრაზდებით, წყობიდან გამოვდივართ, დავდუმდეთ და სიტყვიერად არ გამოვხატოთ სათქმელი. წმინდა მამები კრძალავენ მრისხანების ჟამს საუბარს, სხვისთვის პასუხის გაცემას მანამ, ვიდრე არ დამშვიდდები, არ დაცხრება შენში ვნება. მოსკოველი მიტროპოლიტი ფილარეტი ამ შემთხვევაში დუმილს გვირჩევს და თან იესოს ლოცვის დაწყებას, რათა ჩვენი თავშეკავება ლოცვით იქნეს განმტკიცებული. ეს ღვთისმსახურების წესი ასუსტებს იმ მომენტში მრისხანების დემონის ზემოქმედებას და, მუხედავად იმისა, რომ ბოლომდე შეიძლება ვერ მოხერხდეს სიმშვიდის მოპოვება, შედეგი მაინც აუცილებლად ჩანს. ერთ-ერთ მოძღვარს იესოს ლოცვის შესახებ ჰკითხეს: "ზოგჯერ ამ ლოცვას ვკითხულობ და თან განვიკითხავ სხვას, სიბრაზეს, გაღიზიანებას განვიცდის მის მიმართ. ღირს კი საერთოდ ასეთ დროს ლოცვა, ხომ არ ვლინდება და უბრალოვდება იგი?" პასუხი კი ამგვარი იყო: "რომ არ ლოცულობდე, შეიძლება ისე გაშმაგდე, რომ საკუთარ თავსაც და სხვასაც მეტად ავნო".
მრისხანების ჟამს თუ გაჩუმება არ შეიძლება და აუცილებლად პასუხი უნდა იქნეს გაცემული, მაშინ გამოცდილ მოღვაწეთა რჩევით, კარგი იქნება, თუ ოცდაცამეტჯერ წაიკითხავ იესოს ლოცვას და შემდეგ იტყვი სათქმელს. გაბრაზებისას ხშირად ის, ვისაც ვრისხავთ, მრავალი სიავის, ბოროტების სათავედ გვესახება. ამ დროს სასურველია, თუ გავიხსენებთ იმ სათნოებებს, დადებით თვისებებს, რომელნიც ახასიათებს ჩვენს გამღიზიანებელს, წარმოვიდგენთ, თუ რამ კარგი გვახსოვს მისგან. მართალია, გაბრაზებისას უმთავრესად არავითარი სურვილი არ შეიმჩნევა ამისა, მაგრამ თუ ამას მოვახერხებთ, ვაიძულებთ თავს, ვაჯობებთ მრისხანების ვნებას. სიბრაზეს ასუსტებს იმ კაცის ადგილას თავის წარმოდგენა. თუ შეეცდები გაიგო მისი ქცევის მიზეზი, მოინდომებ მისი თვალით დაინახო ის, რაც გაღელვებს, უფრო იოლად მოიპოვებ სიმშვიდეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი