თუ ვინმესადმი მრუშული ვნება გიპყრობს, ყოველმხრივ უნდა განეშორო მასთან საუბარს, ერთად ყოფნას, ტანსაცმლის შეხებას, მისგან გამომავალ სურნელსაც კი
ქრისტიანის ყოფა ვნებებთან ბრძოლაა, რომელთა შორის უსასტიკესად მრუშობის ვნება ითვლება - ადამიანი ბუნებრივად მიისწრაფვის საპირისპირო სქესისკენ. მრუშობის ვნებასთან ბრძოლა მთელი სიცოცხლე გრძელდება და ვერავინ იტყვის, მასზე საბოლოოდ გავიმარჯვეო. წმინდა მამები გვასწავლიან: "არ ენდო საკუთარ თავს, ვიდრე არ წახვალ ამ ქვეყნიდან და შენს სამარადისო განსასვენებელს სახურავს არ დააჭედებენ".
ეკლესია ამ ცოდვის ორ სახეს გამოყოფს: სიძვას და მრუშობას. პირველი დაუოჯახებელთა კავშირია, მეორე კი მათი კავშირი, ვინც უკვე დაქორწინებულია და მეუღლეს ღალატობს. არქიმანდრიტი ლაზარე წერს: "მრუშობის ცოდვა ორჯერ მეტი ცოდვაა, ვიდრე სიძვა, ხოლო მემრუშე - მსიძველზე უფრო ცოდვილი. სიძვა მხოლოდ ორ ადამიანს შეაგინებს, მრუშობა კი ოთხს სწვდება: ორს შეაგინებს, დანარჩენ ორს კი შეურაცხყოფს".
რა უწყობს ხელს ამ ვნების გახელებას და როგორ ვებრძოლოთ მას? ამ კითხვებზე მოგვიგებს სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.
- ცოდვით დაცემას ხშირად ჯაჭვური რეაქცია ახასიათებს: ერთ ცოდვას მეორე მოსდევს, მეორეს - მესამე და ა.შ. რა ფსიქოლოგიური მიზეზები განაპირობებს მრუში გულისთქმის გაძლიერებას?
- წმინდა მამები მიიჩნევენ, რომ მრუშობასა და ნაყროვანებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირია. იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: "ის, ვინც ცდილობს აჯობოს მრუშობის ვნებას და არ ალაგმავს თავის მუცელს, ემსგავსება კაცს, რომელიც კოცონის ჩასაქრობად ზეთს ასხამს მასში". გაზულუქებული, გამაძღარი ადამიანი უფრო ადვილად მიეცემა განცხრომას და სურს, სიძვითაც დატკბეს, მით უმეტეს - თუ ალკოჰოლიც მიიღო.
მრუში განცდებით, წარმოდგენებით, ჩვენებებით ტკბობის სურვილი ხშირად ძლიერდება სასოწარკვეთილების წუთებში, ნერვიულობის, უგუნებობის დროს. ასეთ ვითარებაში ისწრაფვიან, ერთგვარად გასცდნენ მწარე ყოფით სინამდვილეს, შეასუსტონ მისგან მოყენებული ტკივილი და ამის საშუალებად ინტიმურ განცდებში ჩაძირვას სახავენ. ამით თითქოსდა სუსტდება უარყოფითი განცდების სიმძაფრე, ყურადღება სხვა საგანზე გადაერთვება, იბადება სხვა გრძნობები, რომლებიც ერთხანს ავიწყებინებს კაცს თავის გასაჭირს, დროებით შვებას ჰგვრის მას.
კრიტიკულ, საშიშ ვითარებაში მოხვედრილ ხალხთანაც არცთუ იშვიათად შეიმჩნევა მრუშული გახელებისკენ სწრაფვა. ამით ერთგვარად ცდილობენ, შეასუსტონ განსაცდელზე, მოსალოდნელ უბედურებაზე ფიქრი. ერთ-ერთ ნაწარმოებში სიკვდილმისჯილის უკანასკნელი ღამეა აღწერილი. პატიმარს ხშირად უტივტივდება გადახდენილ მრუშულ თავგადასავალთა სცენები და იმ აღგზნების, დაძაბულობის ფონზე, რომელსაც იგი განიცდის, ეს თითქოსდა ბუნებრივად მოჩანს. სიძვითი განცდებით მიღებული შთაბეჭდილებების გახსენებით ის ერთგვარ თავდავიწყებას ეძლევა, რომელიც მას სიკვდილის შიშის ოდნავ მაინც შესასუსტებლად სჭირდება.
მრუშობის ვნების გახელებას ხელს უწყობს უსაქმურობა, სიმთვრალე. ვინც არ მუშაობს და თავისუფალი დრო ბევრი აქვს, მის გონებაში უფრო ადვილად აღწევს ურცხვი ფიქრები, წარმოდგენები. დაკავებული კაცი საქმეზე ფიქრობს და სიძვითი განცდებით ტკბობისათვის ნაკლები დრო რჩება. ის ენერგია, მრუშული გახელებისთვის რომ უნდა დახარჯულიყო, სხვა კალაპოტში ექცევა და ეს ერთგვარად გვიცავს ამ ვნებისგან. უსაქმურთა თავშესაყარ ადგილებში, ე.წ. ბირჟებზე, განსაკუთრებით ხშირად გაიგონებ ბილწ სიტყვებს, ამბებს, შეამჩნევ ავხორცული ჟინის დაკმაყოფილებისკენ სწრაფვას.
სიმთვრალეც ამძაფრებს მრუშული ვნების შემოტევებს. თრობისას აშკარად შეიმჩნევა ამ ვნებით აღტყინება. შესაძლოა, სუფრასთან არ მოხდეს ეს, მაგრამ დაწოლის წინ, ძილში ან გაღვიძებისას უმეტესწილად თავს იჩენს. შეგრძნება ისეთია, რომ როგორც არ უნდა მოინდომონ თავშეკავება, მაინც ძნელად, შეუძლებლად მოჩანს ამ დროს მრუშული ფიქრებისთვის, წარმოდგენებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ერთ-ერთ ქრისტიანს ეშმაკმა სამი ცოდვიდან: ქალთან დაცემა, მკვლელობა და სიმთვრალე - რომელიმეს არჩევა შესთავაზა. მან ერთი შეხედვით ყველაზე ნაკლებად მძიმე - სიმთვრალე აირჩია. როცა დათვრა, ქალი მოუნდა, ჟინი რომ მოიკლა, კვალის დაფარვის მიზნით მოკლა ის, ვისთანაც დაეცა. სიმთვრალეს მოსდევს მრავალი სხვა ცოდვაც: ბილწსიტყვაობა, გაღიზიანება, ჩხუბი... ამიტომ სასმლის მიღებისას ზომიერება უნდა დავიცვათ და სიმთვრალის ზღვარს მივუახლოვდებით თუ არა, შევჩერდეთ.
მრუშული ვნებით კაცის აღგზნების ერთ-ერთი ბოროტისეული ხერხია მისი ამ ვნებით გახელების ადრინდელ თავგადასავალთა, შემთხვევათა მოგონება, წაკითხულისა თუ ნანახის გახსენება. როგორც ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი აღნიშნავს, "ზოგჯერ ეშმაკი ბერებს წარსულში გადახდენილ ამბებს მოაგონებს და თუ ისინი ძველი შთაბეჭდილებებით გაერთნენ, ერთგვარად ხელახლა აიძულებს განიცადონ ის დემონური სიტკბოება, რაც მათთან იყო დაკავშირებული და ამით ცოდვაში ჩაცვივდნენ".
ამ ვნების შემოტევის ერთ-ერთი წინაპირობა ხსენებულ ცოდვაში ჩავარდნილთა განკითხვაც არის. ასეთ დროს ზოგჯერ უფალი უშვებს, თავად განმკითხველიც დაეცეს, რათა გათავისუფლდეს სხვისი გამტყუნების, გაკიცხვის ამპარტავნული სურვილისგან. დაცემის შემდეგ ადამიანი უფრო ლმობიერი, შემწყნარებელი, გამგები ხდება, მეტ თანაგრძნობას ამჟღავნებს გარშემომყოფთა მიმართ, რადგან სისუსტის გამოჩენის შემდეგ ნათლად შეიგრძნობს, რომ ცოდვისაგან არავინ არის დაზღვეული და თუ ვუპირისპირდებით, ეს, უპირველეს ყოვლისა, უფლის შემწეობით ხდება და მხოლოდ შემდეგ - საკუთარი მწირი შესაძლებლობებითა და ღირსებებით.
- მრუშობის ვნებასთან ბრძოლა დიდი ხელოვნებაა, რაც, უპირველეს ყოვლისა, ამ ვნებასთან დაკავშირებულ ფიქრთა, წარმოდგენათა დასაწყისშივე შემჩნევას და თავიდანვე მათი აღკვეთის მცდელობას გულისხმობს...
- წმინდა მამათა მიხედვით, ცოდვითი ჩანაფიქრი თავდაპირველად ჩვილი ბავშვივით სუსტია, შემდეგ კი გადაიქცევა გოლიათად, ცოდვით ჩვევად, რომლისგანაც თავის დახსნა მხოლოდ ეკლესიის ლოცვით შეიძლება. "ასულო ბაბილოვნისაო, ნეტარ არს, რომელმან შეიპყრას ჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა" - წმინდა მამები ფსალმუნის ამ სიტყვებში სულიერი ბრძოლის ხერხს ხედავენ: ბაბილონი ჯოჯოხეთის სიმბოლოა, ბაბილონის ჩვილები კი - ცოდვილი ჩანაფიქრები; ნეტარია ის, ვინც მათ ქვაზე მიხეთქებით გაანადგურებს, ე.ი. ის, ვინც დასაწყისშივე აღკვეთს ცოდვილ ჩანაფიქრს.
ცოდვასთან ბრძოლის ეს კანონი განსაკუთრებით ნათლად მრუშობის ვნებასთან მიმართებით მჟღავნდება: თუ დასაწყისშივე არ აღვკვეთეთ სიძვით გახელება, ის თანდათანობით უფრო და უფრო გაძლიერდება და სულ მალე მასთან ბრძოლა თითქმის შეუძლებელი გახდება, ჭაობივით ჩაითრევს ადამიანს და დაცემისაკენ გაუკვალავს გზას. ჯერ გონებაში შემოდის მრუშული ფიქრი, ლამაზი ქალის სახება თავისი დემონური მაცდუნებელი სიტკბოებით, თვალს აყოლებენ მომხიბლავი გარეგნობის ადამიანს, უმზერენ ფილმების ურცხვ სცენებს, რეკლამებს, კითხულობენ ამ თემაზე დაწერილ რომანებსა და პუბლიკაციებს... ადვილი როდია, არ აჰყვე ამ ვნების პირველ შემოტევას, გზა გადაუკეტო მას, გიზიდავს, გითრევს. ზოგი შეიძლება ვერც კი მიხვდეს, რა საჭიროა ამგვარი ბრძოლა, მაგრამ მაცხოვარი გვეუბნება: "ყოველმა, ვინც დედაკაცს გულისთქმით უყურებს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში" (მათე 5:28). აზრით, წარმოდგენით, ჩვენებით აღტყინებას ხშირად ცოდვის საქმით აღსრულებისაკენ სწრაფვა მოჰყვება და თუ ამის შესაძლებლობაც გამოჩნდა, წინ ძნელად რომ რამე დაუდგეს.
- დღეს საცდური უფრო მეტი და მრავალფეროვანია, ვიდრე წინათ. მოზარდებისთვის, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისთვის ეს საფრთხე გაცილებით დიდია...
- დღეს ადამიანის ცნობიერება ნაკლებად არის დაცული. გახვალ ქუჩაში და გაზეთის ჯიხურები აჭრელებულია ურცხვი ფოტოებით, ჟურნალ-გაზეთებში მრავლად შეხვდები მრუშულ თემებზე დაწერილ სტატიებს, ნარკვევებს. სუსტი სქესის წარმომადგენლებიც უფრო გამომწვევად იცვამენ. წინათ არ იყო ტელევიზორი, კინო, სადაც ხშირად ისეთ კადრებს შეხვდები, რომელთა ყურებამაც არ შეიძლება ვნებითი აღტყინება არ გამოიწვიოს. აბა წარმოვიდგინოთ ფილმების, სატელევიზიო გადაცემების ურცხვ კადრებს მიჩერებული მოზარდის მდგომარეობა - რა ვნებათა ღელვაა ამ დროს მის გულში და როგორ იზრდება ნანახის ზეგავლენით საქმით შეცოდების მოთხოვნილება. მათთვის რომ ეყურებინათ, ადრე მოღვაწე დიდი სულიერებით გამორჩეული ხალხიც ვერ გაუძლებდა და დაეცემოდა და დღევანდელ ადამიანს რა მოუვა?! ამიტომაც დღეს, ისე, როგორც არასდროს, დიდი მნიშვნელობა შეიძინა საცდურისთვის თავის არიდების, მისგან გაქცევის ხელოვნებამ. მეტად ძნელია ეს, მაგრამ თუ ღვთისთვის სათნოდ ცხოვრება გვსურს, სხვა გზა არ არსებობს. ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისთვის სიძვის ვნების წინააღმდეგ ყველაზე მძლავრ საშუალებად ახლა ქრისტიანული შეგნების ამაღლება მოჩანს, ეს კი, უპირველესად, ღვთის შიშის გაჩენით უნდა გამოიხატოს. თუ მოზარდი ადრეული ასაკიდანვე შეიმეცნებს, რა ელის მემრუშეს თავშეუკავებლობის შემთხვევაში, ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადაიდგმება. ამ დროს მხოლოდ სირცხვილის გრძნობა კი არ იმოქმედებს, არამედ შიშიც იმისა, რომ მკაცრად დაისჯება აღვირახსნილობის გამო და თუ ეს ასე მოხდა, ცოდვის მოუნანიებლობის შემთხვევაში უფლისაგან მართლაც დიდი იქნება ეს სასჯელი.
- სიძვითი ვნებით გახელების საშიშროების თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად ძილი ითვლება. ამ დროს საკუთარი თავის კონტროლი შესუსტებულია, ადამიანი მოდუნებულია, წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაქვეითებული აქვს. როგორ დავიცვათ თავი ძილში დაცემისაგან?
- დასვენებისას, ძილ-ღვიძილისას მრუშული წარმოდგენების, ოცნებების შემჩნევისთანავე უნდა ვეცადოთ, განვდევნოთ ისინი გონებიდან, სხვა რამეზე გადავიტანოთ ყურადღება. მართალია, ეს ამ დროს უფრო ჭირს, ვიდრე სიფხიზლისას, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სიძვითი განცდების გაჩენისას, თუ ეს-ესაა გავიღვიძეთ და ასადგომად ვემზადებით, სჯობს, სწრაფად წამოვდგეთ, არ მივცეთ თავს ლოგინში ნებივრობის უფლება, რადგან ეს ხელს უწყობს ვნების მოძალებას, გაძლიერებას. ვნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მართალია, ძნელია, მაგრამ თუ ერთხელ მოახერხე გამარჯვება, მეორედ ამას უფრო ადვილად შეძლებ და პირიქით, თუ დანებდი ფიქრთა მოძალებას, მერე და მერე უფრო ადვილად შემოაღწევენ შენში, დაგჯაბნიან.
ზოგჯერ ბოროტი, ფხიზელ კაცთან რომ ვერაფერს ხდება, ცდილობს, სამაგიერო სიზმარში გადაუხადოს. ძილში უჩვენებს ურცხვ სურათებს, სხვადასხვა მრუშულ თავგადასავალს და ეს ცალკეულ შემთხვევებში იმდენად შთამბეჭდავია, რომ გაღვიძებისას და ხანდახან მთელი დღის განმავლობაშიც კი ვერ თავისუფლდებიან ნანახის შთაბეჭდილებისგან, ფიქრობენ მასზე.
ნუ იფიქრებთ, რომ ძილში ურცხვი ფიქრებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი სრულიად გამქრალია და ბოროტს შეუძლია, რაც უნდა, ის გაგაკეთებინოს. ადამიანი ერთგვარად სიზმარშიც ინარჩუნებს იმ თვისებებს, რომლებიც მას ცხადში ახასიათებს და თუ ამ დროს განსაცდელში ჩავარდა, უმეტესწილად ისევე იქცევა, როგორც სიფხიზლეში მოიქცეოდა. ეს ჩანს სიძვითი საცდურის გაჩენის შემთხვევაშიც: თუ სიფხიზლეში წინააღმდეგობას უწევ მრუშული გულისთქმის მოძალებას, უნებურად იმასვე აკეთებ ძილის დროსაც. თანაც, თუ შენი ცხოვრებით იმსახურებ, უფალი ძილშიაც გიცავს და განსაცდელისგან გიხსნის.
- მართლმადიდებლური სწავლებით, ძილში დაცემა ცოდვად ითვლება. ამის შემდეგ საგანგებო ლოცვაც კი იკითხება. ზოგიერთი ალბათ იკითხავს: როგორ შეიძლება პასუხი აგო იმაზე, რაც სიზმარში გადაგხდება თავს?
- თუ ამ ყველაფერს მორწმუნის თვალით შევხედავთ, მივხვდებით, რომ ეს ერთი შეხედვით გამართული მსჯელობა ბევრ რამეს არ ითვალისწინებს. სიზმარი ადამიანის ფხიზელი ცხოვრების ერთგვარ ასლს, სარკეს წარმოადგენს. ამ დროს ბევრი იმით არის დაკავებული, რასაც მისი გონება ცხადში უტრიალებს. თუ ძილის წინ ან უფრო ადრეც მრუშულ ფიქრებს, ოცნებებს გასაქანი მიეცი, უყურე უხამს ფილმს, იკითხე რომანი სასიყვარულო სცენების აღმწერი ეპიზოდებით, განა არ გაიზრდება შანსი იმისა, რომ ძილშიც ამ თემამ წამოყოს თავი? მაშინ თავად იქნები დამნაშავე იმაში, რომ ხელი შეუწყვე სიზმრისეული ჩვენებების ხასიათს. სულიერი გამოცდილების მქონე ხალხს კარგად ესმის ეს და ამიტომ ცდილობენ, სიფხიზლეშივე თავის მოთოკვით არ მოამზადონ ნიადაგი ძილში მრუში გულისთქმის შემოტევისთვის, დაცემისთვის.
- რა საშუალებები არსებობს სიძვის ვნების გახელების წინააღმდეგ?
- პირველი - ამ ვნების გამოვლინების საფუძველშივე აღკვეთაა. ტელევიზორის, ფილმის ყურებისას მრუშული კადრების გამოჩენისთანავე საჭიროა მათთვის თვალის არიდება. თავი უნდა შევიკავოთ ქუჩაში თუ სხვაგან შემხვედრთა ვნებიანი ცქერისაგან, მათი გარეგნობით ტკბობისგან, ვერიდოთ ჟურნალ-გაზეთებში ურცხვი ფოტოსურათების დათვალიერებას, ბილწი სტატიების, წიგნების კითხვას.
მრუშული აღტყინების საწინააღმდეგოა საკუთარი მუცლის ალაგმვა, საკვების ზომიერი მიღება. წმინდა მამათა მიხედვით, კარგია სუფრიდან მაშინ წამოდგომა, როცა ჯერ კიდევ ოდნავ შიმშილს ვგრძნობთ.
ამ სასტიკი ვნების წინააღმდეგ მეტად მძლავრი საშუალებაა ლოცვა და მარხვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზედმეტი ღვაწლის აღებას ამ მხრივ ხშირად საპირისპირო შედეგი მოაქვს. ასეთ დროს ერთგვარი ექსტაზის, აღგზნების, საკუთარი ძალების არარაციონალური, ზედმეტი ხარჯვის შინაგანი მდგომარეობა იქმნება, რასაც გადაღლის, გამოფიტვის, შესაძლებლობების ამოწურვის შეგრძნება მოსდევს თან. იკარგება სიმშვიდე და ეს განაპირობებს მრუშული ვნების გაძლიერებულ შემოტევას. ამ დროს ხელსაყრელი პირობები იქმნება ამ ვნებით გახელებისთვის, რადგან მისით მოტანილი დემონური სიტკბოება ერთგვარად ახშობს, ცვლის ექსტაზური, გამოფიტვის მდგომარეობისთვის დამახასიათებელ უსიამოვნო შეგრძნებებს. ღვაწლის აღებისას ყველამ უნდა იცოდეს თავისი შესაძლებლობების ზღვარი, რათა ამით განსაცდელს ასცდეს.
სიძვითი გახელების წინააღმდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ ქორწინებასაც. ამ დროს ადამიანი ერთგვარად იკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებებს და ბრძოლის სურვილის შემთხვევაში ეს აადვილებს მრუშული შემოტევების გამკლავებას. მოციქული პავლე ამბობს: "სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს ცოლი და ყოველ დედაკაცს ჰყავდეს ქმარი" (I კორ. 7:2).
მრუშობის დემონს ყველაზე მეტად მხილება სძულს. როცა აღსარებაში საკუთარი ვნებითი განცდების, ბრძოლების შესახებ ვსაუბრობთ, ამით მას დიდ დარტყმას ვაყენებთ. ხშირად შეიმჩნევა, რომ მრუშული შემოტევები მხოლოდ მღვდელთან მათი აღიარების შემდეგ წყდება, ამიტომაც ბრძოლების შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება აღსარებაა.
სიძვით შეგრძნებებს აღვივებს სხვისადმი თავისუფალი მოპყრობა, თამამი ურთიერთობანი, უჯერო სიცილი, ხელის გადახვევა, ღლაბუცი, ჩაცმაზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება, სარკესთან დიდხანს ტრიალი. ზოგჯერ მრუშულ ვნებას შეხებითაც იკმაყოფილებენ. თუ ხალხმრავალ ადგილებში, ტაძარში, საზოგადო ტრანსპორტში ახლოს მიმზიდველი გარეგნობის ადამიანი აღმოჩნდა, ხშირად შეიმჩნევა მისწრაფება, უფრო მიუახლოვდნენ მას, რაღაცნაირად შეეხონ, ამას კი მრუშული გულისთქმის გაძლიერება, აღგზნება და ერთგვარი დემონური სიამოვნების მიღება მოჰყვება. კითხვაზე, თუ რომელი შეგრძნებაა ჩვენი უბიწოებისთვის ყველაზე საშიში, წმინდა იოანე კიბისაღმწერელი პასუხობს: "სხეული მარტოოდენ შეხებითაც წაიბილწება და არ არსებობს მასზე უფრო საშიში გრძნობა... ამიტომაც შეიკავე თავი ხელით სხვისი სხეულის შეხებისაგან და შეეცადე, იგივე სხვამაც არ გააკეთოს შენთან". ღირსი მამა ნილოსის მიხედვით: "თუ ვინმესადმი მრუშული ვნება გიპყრობს, ყოველმხრივ უნდა განეშორო მასთან საუბარს, ერთად ყოფნას, ტანსაცმლის შეხებას, მისგან გამომავალ სურნელსაც კი".