ადამიანს მოთხოვნილება აქვს, მუდმივად განიცდიდეს დროის უკმარისობას, დაკავებული იყოს რამით, რათა არ ჰქონდეს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის საშუალება
კერპთაყვანისმცემლობის საცდურს თანამედროვე ცხოვრებაში სხვადასხვაგვარი სახე აქვს.
მისი ობიექტი შეიძლება გახდეს ჩვენივე თავიც კი, როდესაც კერპს ვქმნით საკუთარი "მე"-სგან, ნარცისივით ვტკბებით საკუთარი ნიჭით, სილამაზით, სიმდიდრით, საზოგადოებრივი მდგომარეობით და ა.შ. თანამედროვე ცხოვრებაში გაჩნდა კერპთა ახალი სახეობები. მაგალითად, ნარკოტიკი, რომლის გარეშეც ნარკომანის ცხოვრებას აზრი ეკარგება, უფერული ხდება. გარდა ნარკოტიკისა, სპეციალისტები გამოყოფენ ქცევით დამოკიდებულებას სხვადასხვა საგნისადმი. ამას ადიქტიურ ქცევას უწოდებენ. ასეთ შემთხვევაში ადამიანი სიამოვნების მიღებას, პრობლემებისგან გაქცევას, ემოციების მართვას ცდილობს არა ქიმიური გზით (ნარკოტიკების მიღებით), არამედ სხვა საშუალებებით: კომპიუტერით, ტელევიზორით, ყოველდღიური სენსაციური პრესით, საკვებით, ტკბილეულობით, აზარტული თამაშებით და ა.შ. ეს საშუალებები ერთგვარი ნარკოტიკის ფუნქციას ასრულებენ, თუკი ადამიანი მათზე დამოკიდებული, მიჯაჭვული ხდება. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ქცევით დამოკიდებულებასთან, რომლის ობიექტიც არის აკვიატებული ქცევა. გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.
- რა შეიძლება იქცეს თანამედროვე ადამიანისთვის კერპად?
- მაგალითად, აზარტულ თამაშები. ამ შემთხვევაში ხდება ყურადღების კონცენტრირება კაზინოზე, კომპიუტერულ თამაშებზე, სათამაშო ავტომატებზე, ტოტალიზატორზე. ამ დროს ადამიანი ღრმად ერთვება თამაშის პროცესში. ადრინდელი ინტერესები უფერულდება, მუდმივად ფიქრობს თამაშზე, კონტროლს კარგავს. ვერ აფიქსირებს იმ მომენტს, როდესაც თამაში უნდა შეწყვიტოს და ეს ხშირად შეუძლებლადაც კი მოჩანს. თამაშის გარეშე დისკომფორტს განიცდის. აზარტული თამაშები იქცევა ძლიერი ემოციების ერთადერთ წყაროდ და ხშირად ადამიანი მიჰყავს ისეთივე დეგრადაციამდე, როგორც ნარკომანიასა და ალკოჰოლიზმს.
თანამედროვე კერპის ერთ-ერთი სახეა სამუშაოზე დამოკიდებულებაც. ეს იმის გამოც ხდება, რომ ზოგჯერ ინტენსიური მუშაობა პიროვნების, მისი საქმიანობის დადებითი შეფასების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. საზოგადოებაშიც ფასობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს სამსახურს უძღვნიან. როდესაც ადამიანი ზედმეტ ყურადღებას უთმობს სამსახურს - ესეც ერთგვარად რეალობისგან გაქცევაა. ერთ-ერთ ქვეყანაში სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კრიტიკული ხანა არის სამუშაოსგან თავისუფალი დღეები (შაბათ-კვირა) და ამასთან დაკავშირებით ზოგიერთს სტრესული სიტუაციაც კი ექმნება, რადგან მისთვის გაუსაძლისი ხდება ის მომენტი, რომ იგი არ არის ჩაფლული საქმიანობაში. ასეთ შემთხვევაში სამსახური აღიქმება არა როგორც ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, არამედ ანაცვლებს ადამიანურ ურთიერთობებს, სიყვარულს, გართობას... ადრე თუ გვიან ეს იწვევს ემოციურ გამოფიტვას, დადებითი შეფასების ავადმყოფურ მოთხოვნილებას, კრიტიკის მიუღებლობას და ა.შ. ასე რომ, ადამიანისთვის სამსახურიც კი შეიძლება გახდეს კერპი, ადამიანი გაურბის საკუთარ თავს და ეშინია მარტო დარჩენის. ეს ჩვენი დროის უბედურებაა.
მარტო დარჩენილ ადამიანს თითქოს წყინდება ეს სიმარტოვე, თითქოს ვერ უძლებს წნეხს, საკუთარ თავში ღრმად ჩახედვას, იმ პრობლემებს, რომლებიც მის გარშემოა და გარბის - ჩართავს ტელევიზორს, ტელეფონით ურეკავს მეგობარს ან ნაცნობს, გადაშლის გაზეთს, ოღონდ კი მარტო არ დარჩეს, ოღონდ კი არ მოხდეს საკუთარი "მე"-ს შემეცნების გაღრმავება". ესეც ეპოქის ერთ-ერთი დიდი საცდურია, რომლის უკანაც დგას ღვთის საწინააღმდეგო ძალა. ეს ძალა იმდენად ვერაგი და დახვეწილია თავისი ქმედებით, რომ ითვალისწინებს ეპოქის თავისებურებებს და შესაბამისად აწყობს თავის სტრატეგიას ადამიანის წინააღმდეგ. ერთ-ერთი სწორედ გაქცევაა, თუნდაც მას სამსახური დავარქვათ.
თანამედროვე ეპოქაში გვხვდება კერპი, რომელიც ყოველთვის არსებობდა. ეს არის კვებაზე ზედმეტი დამოკიდებულება, როდესაც საკვების მიღება წარმოადგენს არა შიმშილის მოკვლას, არამედ დისკომფორტის გამო ყურადღების გადატანის საშუალებას. ერთი მხრივ, ხდება უსიამოვნო შეგრძნებებისგან გასვლა, ხოლო მეორე მხრივ, სასიამოვნო შეგრძნებების მიღება. საკვები იქცევა ემოციური მდგომარეობის რეგულირების, შფოთვის მოხსნის საშუალებად. თანდათან ყალიბდება გაუმაძღრობა, რომელიც შეიძლება იყოს მუდმივი ან შეტევითი ხასიათისა. მოწყენილი ან დაძაბული ადამიანი ვერ ახერხებს დისკომფორტისა და შინაგანი სიცარიელის შეგრძნების ჩახშობას, სწრაფად ირთვება ქიმიური მექანიზმი და მაშინაც კი, როცა არ შია, ორგანიზმი იწყებს მადის მასტიმულირებელი ნივთიერებების გამომუშავებას.
- დღეს მეტად გავრცელებული პრობლემაა კომპიუტერთან დამოკიდებულება. ვირტუალური სამყარო იკავებს რეალური სამყაროს ადგილს. ესეც ალბათ რეალობისგან გაქცევის ერთ-ერთი საშუალებაა.
- კომპიუტერული თამაშები ადამიანს აძლევს მძაფრი შეგრძნების განცდის საშუალებას და მოგვიანებით მას კომპიუტერის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა უჩნდება - ეს არის ის, რომელთან ერთადაც ადამიანმა რთული პერიოდი გადაიტანა და შემდგომ იგი მის მეგობრად გადაიქცა. კომპიუტერზე დამოკიდებულება ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე დამოკიდებულების სხვა ფორმები და გამოიხატება კომპიუტერთან მუშაობის, თამაშის, პროგრამების, ინტერნეტის კვლევის მოთხოვნილებით. თანდათან ხდება რეალური ურთიერთობის ჩანაცვლება კომპიუტერთან დამოკიდებულებით და ვლინდება ამ ოთხკუთხა ყუთთან არაჯანსაღი ურთიერთობის მთელი რიგი სიმპტომები. კომპიუტერთან მუშაობისას განიცდიან ერთგვარ ემოციურ აღმავლობას, დაძაბულობას. ღიზიანდებიან, როდესაც კომპიუტერისგან წყვეტენ. აქვთ მოთხოვნილება პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისა, არად აგდებენ საკუთარ ძალას და ჯანმრთელობას, უხვად სვამენ ყავას და სხვა მასტიმულირებელ ნივთიერებებს. ლაპარაკობენ მხოლოდ კომპიუტერულ თემატიკაზე.
არის ისეთი კერპიც ჩვენს თანამედროვეობაში, როდესაც ადამიანს მოთხოვნილება აქვს, მუდმივად განიცდიდეს დროის უკმარისობას და იმყოფებოდეს ცაიტნოტში, დაკავებული იყოს რამით, თუნდაც უმნიშვნელო საქმეებით, რათა არ ჰქონდეს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის საშუალება. მოცალეობისას მოუსვენრობას გრძნობს.
- საზოგადოების გარკვეული ფენა იქმნის კერპს კინოსა და ესტრადის ვარსკვლავებისგან, პოლიტიკოსებისგან. თუნდაც სასულიერო პირებისგან. როგორ უნდა აღიკვეთოს ეს მოვლენა?
- ხშირად, როდესაც აკერპებენ, ვთქვათ, პოლიტიკოსს, იმედი უცრუვდებათ, რადგან გაიდეალებული პოლიტიკოსი შემდგომ ამჟღავნებს ნაკლოვანებებს, უარყოფით თვისებებს. თუმცა ზოგიერთი მაინც რჩება მისი გავლენის ქვეშ. ეს, სამწუხაროდ, ეკლესიის წიაღშიც ხდება. სასულიერო პირის გაკერპებას ხელს უწყობენ აქტიური, ეგზალტირებული ქალბატონები, რომლებიც არაერთი მოძღვრის მრევლში გვხვდებიან. მათ მოთხოვნილება აქვთ ვიღაც "გააღმერთონ" და ემსახურონ. ეს ადვილად ხდება, თუ მოძღვარი კარგად ქადაგებს, ლამაზად მსახურობს, გალობს ან ახალგაზრდაა და კარგი გარეგნობისაც. ასეთი მოძღვრის თითოეული სიტყვა სიბრძნის მარგალიტად აღიქმება და მღელვარებას იწვევს. თუ სასულიერო პირი გამოუცდელია, იგი შეიძლება ამ ანკესს წამოეგოს და სულიერად დაზიანდეს. ამიტომაც თითოეული მოძღვრის სიბრძნე იმაშიც მდგომარეობს, რომ დროულად აღკვეთოს მისგან კერპის შექმნის ასეთი მცდელობები. უფლის ერთ-ერთი მცნება გვიკრძალავს კერპების შექმნას. ჩვენი მიზანია, ვემსახუროთ და თაყვანი ვცეთ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს.
- ნარკომანია უფრო და უფრო მწვავე პრობლემა ხდება. ახალგაზრდების გარკვეული ნაწილისთვის ნარკოტიკი კერპად არის ქცეული. საზოგადოებამ ალბათ უკვე იცის, რომ საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი დიდი ხანი იყო დაინტერესებული ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრის გახსნით. როგორც იქნა, გაიხსნა პირველადი რეაბილიტაციის ცენტრი და მან დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირის #7-ში, საოფისედ გამოყოფილ ფართში დაიდო ბინა. ამ ცენტრს თქვენ ხელმძღვანელობთ...
- საზოგადოების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მოსახლეობა პირველ პრობლემად - უმუშევრობას, ხოლო მეორე პრობლემად ნარკომანიას თვლის. ჩვენი სპეციალობის ადამიანებს გვსურს დავეხმაროთ ნარკომანებს. ამ სენის მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ფიზიკური დამოკიდებულების, აბსტინენციური სინდრომის (ე.წ. ლომკის) მოხსნას. მერე უკვე იწყება ფსიქოლოგიური დახმარების ეტაპი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. არაერთ ნარკომანს დაუნებებია თავი ნარკოტიკის მოხმარებისთვის, ფიზიკური დამოკიდებულება დაუძლევია, მაგრამ მერე ისევ მიბრუნებია ამ მავნე ჩვევას. ამიტომ ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, ადამიანში მოხდეს ისეთი ფსიქოლოგიური გარდატეხა, რომ მან სამუდამოდ დაანებოს თავი ნარკოტიკს.
ცენტრის საქმიანობაც სწორედ ამ ადამიანების ფსიქოლოგიურ დახმარებას ემსახურება.
- ამ დაავადებასთან გამკლავება უფლის მადლისა და წყალობის გარეშე შეუძლებელია. სულიერი თვალსაზრისით რა დახმარებას სთავაზობთ ადამიანებს?
- ცენტრის ამოცანაა, ამ ადამიანებს ღვთაებრივი სამყარო სხვანაირად გაეხსნათ, ისწავლონ ეკლესიური წეს-ჩვეულებები, მივიდნენ ტაძარში, მათ ცხოვრებაში გაჩნდეს მოძღვარი და ა.შ. თუ ადამიანმა არ გადადგა ნაბიჯი ღმერთთან დასაახლოებლად, ამ სენს ძნელად დაამარცხებს. მართლმადიდებლობა პიროვნული სრულყოფის რელიგიაა. მართლმადიდებლურ კატეხიზმოში წერია: "ადამიანის უმთავრესი დანიშნულებაა, უფრო და უფრო სრულყოფილი გახდეს და დაემსგავსოს უფალს, რომლის სახედ და ხატადაც შეიქმნა". მართლაც, ჩვენი ცხოვრება, ფსიქოლოგიური პრაქტიკა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ნაკლოვანებები და მავნე ჩვევები აღმოიფხვრება ეკლესიის წიაღში. თუ აღსარებაში არ თქვი, არ მოინანიე, ლოცვა არ წააშველე კრიტიკულ წუთებს, ისე ძალიან ძნელია, შენს ვნებებს დაუპირისპირდე. სულიერი გარდატეხა ხდება მხოლოდ ეკლესიაში. ვაპირებთ სასულიერო პირებთან თანამშრომლობას. გვინდა, პერიოდულად მოვიდეს მოძღვარი და აქ მყოფებმა აღსარება თქვან, მოძღვარმა წაიკითხოს ლექციები, ჩატარდეს საგანმანათლებლო საქმიანობა და ა.შ.
- კონკრეტულად რა სახის დახმარებას სთავაზობთ აქ მოსულ ადამიანებს?
- აქ ტარდება ჯგუფური, ინდივიდუალური ფსიქოთერაპია. არის აგრეთვე შრომითი თერაპია, რომელიც გულისხმობს ამ ადამიანების სხვადასხვა საქმიანობით დაკავებას, ხელობის შესწავლას (ხეზე ჭრა, ხის ჯვრების გაკეთება, ხატვა, მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის დალაგება და ა.შ.). ვგეგმავთ თვეში ორჯერ გასვლას წმინდა ადგილებში, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის მონახულებას.
ცენტრის უმთავრესი დანიშნულებაა, დახმარების სათხოვნელად მოსულ ადამიანებში მოხდეს ფსიქოლოგიური გარდატეხა. მათ ისწავლონ ბრძოლა თავიანთ ვნებებთან. თვითონ ნარკომანები ამბობენ, რომ საშინელი ძალა და მიზიდულობა აქვს ნარკოტიკს, ამიტომ მათ უნდა ისწავლონ ეს ბრძოლა.
ასეთი ცენტრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია, მაგრამ ამ მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა მართლმადიდებლური გამოცდილება და მიდგომა...
ბოროტი ძალა მნიშვნელოვნად განაპირობებს ამ ვნებით გახელებას. იგი უხილავად ადამიანის ყურთანაა ჩასაფრებული და ნარკოტიკის მოხმარებას ჩასჩიჩინებს. ამ ძალას მხოლოდ მედიკამენტებით, ნარკოლოგთა ჩარევით ან თუნდაც ფსიქოთერაპიით ვერ დაამარცხებ. მას ამარცხებს მადლი.
სპეციალისტთა მსჯელობისას, თუ რატომ სინჯავს ადამიანი ნარკოტიკს, სხვადასხვა მოტივს გამოყოფენ. მათ შორის უპირველესია ცნობისმოყვარეობა. ასევე ნარკოტიკი უადვილებთ სხვებთან კონტაქტის დამყარებას, ისევე როგორც ალკოჰოლის მიღების დროს, ადამიანი უფრო გაბედული ხდება. არის კიდევ სხვა მოტივებიც, მაგრამ უმთავრესი მიზეზი მაინც მწარე სინამდვილისგან თუ სტრესული სიტუაციებისგან გაქცევაა. არადა, ჩვენი ცხოვრება, ეკლესიური კუთხით რომ შევხედოთ, სულ დაბრკოლებათა გადალახვაა. უფრო მეტად გვხვდება განსაცდელი, დაბრკოლებები, პრობლემები, ვიდრე საამო წუთები. მაგრამ ამ ყველაფერს ქრისტიანულად უნდა მივუდგეთ. ქრისტიანობა განმსჭვალულია ნათელი სიხარულით, სასოებით, რწმენითა და სიყვარულის სულით. დევნილი არ წუხს, ტანჯული ყველაფრისთვის მადლობს უფალს, დამცირებული ლოცულობს მტრებისთვის, ერთნაირად იღებს ქებასაც და გმობასაც. ცდილობს, ემსახუროს ღმერთს და მოიპოვოს დიდება არა ადამიანებისგან, არამედ ღვთისაგან.
ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ის, რომ ადამიანმა ისწავლოს უარყოფით ფიქრებთან, ემოციებთან, ცხოვრებისეულ კონფლიქტებთან გამკლავების ხელოვნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ხშირად ამ მიზეზით ეტანება ადამიანი ნარკოტიკს.
- ნარკოლოგთა კონსულტაცია რამდენად გეხმარებათ?
- როდესაც ადამიანი ნარკოლოგთან აბსტინენციურ სინდრომს მოიხსნის, უნდა მოვიდეს ჩვენთან და მიიღოს სულიერ-ფსიქოლოგიური დახმარება. ანუ ჩვენ და ნარკოლოგები ერთ საქმეს ვემსახურებით და ისინიც ძალიან დაინტერესებულნი არიან, რომ ეს მეორე ეტაპი სულიერ-ფსიქოლოგიური დახმარებისა რაც შეიძლება ნაყოფიერად და მასშტაბურად განხორციელდეს.
ნარკოლოგებს ბევრი საინტერესო და ღირებული ცოდნა გააჩნიათ, რომლის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და სასულიერო პირებისთვის. ამავე დროს, ნარკოლოგის საქმიანობა ეკლესიის, სულიერი მოძღვრის დახმარების გარეშე მეტად კნინდება. ჩვენი ცენტრი არის კომპლექსური მიდგომის ცენტრი, სადაც სხვადასხვა რგოლი სხვადასხვა მხრივ მუშაობს. კარგი იქნება, ასეთი ცენტრები ქალაქის ყოველ უბანში იყოს...
ამავე დროს, ჩვენი ცენტრი არის პირველადი რეაბილიტაციის ცენტრი. გამიზნული გვაქვს, ვისაც სურვილი ექნება, გავგზავნოთ მონასტერში, გარკვეული პერიოდი იქ იცხოვროს. მერე შეიძლება ისევ დაბრუნდნენ აქ და მუშაობა მათი სულიერი წინსვლის შესაბამისად განვაგრძოთ. ასე რომ, ამოცანა ძალიან რთულია. ჩვენ ილუზიას ვერ შევქმნით, მაგრამ შევეცდებით, დახმარება აღმოვუჩინოთ ამ მეტად მძიმე ხვედრის ადამიანებს.