მდიდარი რომ ყოფილიყავი, ღმერთს დაივიწყებდი; დიდებული რომ ყოფილიყავი, მდაბიოთ დაჩაგრავდი; ვაჭარი რომ ყოფილიყავი, მუდამ ტყუილით იცხოვრებდი...
უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II წერს: "შური სხვა ადამიანის კეთილდღეობით, უპირატესობით ანდა სხვა რაიმე წარმატებით გამოწვეული წყენა და გაღიზიანებაა. იგი ყველას მიერ დაგმობილი, თუმცა მრავალთათვის დამახასიათებელი ნაკლია, რომლის დამალვასაც საგულდაგულოდ ცდილობენ. შურმა შეიძლება კაცი ბოროტმოქმედად აქციოს. შურით ანთებული ადამიანი კილავს და აძაგებს ყველას, ვისაც ეჯიბრება: მტერსა თუ მოყვარეს. ხშირად უნიჭოებს დიდი პრეტენზიები აქვთ, საქმით კი არაფერს აკეთებენ და ამ სამწუხარო გრძნობის მორჩილნი პატიოსან და უდანაშაულო ადამიანებს განიკითხავენ".
ჩვენ შორის ცოტა თუ იქნება ისეთი, შური არასოდეს განეცადოს; მთავარია, ქრისტიანული ხელოვნების ცოდნით, ქრისტიანული წესების შესრულებით ამ მდაბალ გრძნობას გასაქანი არ მივცეთ და გაჩენისთანავე ამოვძირკვოთ. მაშინ უფალი მადლს მოიღებს ჩვენზე და დაგვაჯილდოებს იმ სიმშვიდითა და სიხარულით, რომელიც მხოლოდ ზეციური სამყაროდან შეიძლება მიიღოს ადამიანმა.
გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.
- როგორ უნდა დავინახოთ, რომ შურით ვართ სნეულნი?
- წმინდა მამები გამუდმებით მოთქვამდნენ თავიანთი ცოდვების გამო და ყველაზე უღირსებად მიიჩნევდნენ თავს. მაგალითად, სულიერებით გამორჩეული ერთ-ერთი მწირი აღსარებაში ამბობს მეტად შთამბეჭდავ სიტყვებს: "წმინდა წერილში ნათქვამია: "გიხაროდეთ მათთან ერთად, რომლებიც ხარობენ და იტირეთ მათთან ერთად, რომლებიც ტირიან" (რომ. 12:15), - მაგრამ მე, როცა საკუთარ გულში ვიხედები, ვხედავ, რომ სრულებით არ მიხარია ადამიანთა კეთილდღეობა და ბედნიერება. მე გულგრილი ვარ მათ მიმართ. მაგრამ ამაზე საშინელსაც ვხედავ ჩემს თავში: მათი სიკეთე გულის სიღრმეში მწყინს! ხოლო როცა ვინმეს უბედურება ეწვევა, გარეგნულად თანავუგრძნობ, შინაგანად კი ბოროტად მიხარია". ამ მწირმა, რაკი დიდი სულიერებით გამორჩეული ადამიანი იყო, უმალვე შეამჩნია თავისი სულის ჩრდილოვანი მხარე, თორემ ის, ვინც ეკლესიისგან შორს არის და სულიერებით არ გამოირჩევა, რა თქმა უნდა, საკუთარ თავში ამ თვისებას ვერ დაინახავს.
- როგორ ვლინდება შური ადამიანის არსებაში, რით განსხვავდება იგი სხვა მანკიერი გრძნობებისგან და როგორ ვებრძოლოთ მას?
- ეპისკოპოსი გაბრიელი წერს: "შური გრძნობაა უსიამოვნების, დარდისაც კი, სხვისი კეთილდღეობის ხილვისას, იმ კეთილდღეობისა, თავად ჩვენთვის რომ გვსურს. ამ აზრით შურს შეიძლება ვუწოდოთ მწუხარების განსაკუთრებული სახე. ყველა გრძნობათაგან შური უფრო მეტადაა გავრცელებული ადამიანთა შორის, ისე რომ, ძალზე ცოტა თუ იქნება გამონაკლისი ამ წესისაგან. სხვისი კუთვნილი მცირეოდენი სარგებელი შურიანს საწყენად ეჩვენება. სხვისი კეთილდღეობა, რომელიც აღძრავს რომელიმე ადამიანის შურს, კარგავს თავისი ფასის ნახევარს, როცა მიიღწევა ამ ადამიანის მიერ. შურიანს ადვილად ეუფლება რისხვა, როცა მეორე ადამიანის კეთილდღეობის ზრდას ხედავს. ის გახარებულია, როცა მისი შურის საგანი უბედურებაშია, მზადაა, შური იძიოს მასზე, როგორც პირად მტერზე. შური იმით განსხვავდება სხვა გრძნობებისგან, მაგალითად, რისხვისგან, შიშისგან, სასოწარკვეთილებისგან და ა.შ., რომ ეს უკანასკნელი გრძნობები დროებითნი და მსწრაფლწარმავალნი არიან; თუმცა ძლიერად მოქმედებენ, სამაგიეროდ, სწრაფად ქრებიან. შური კი არასოდეს მოიცავს სულს ასე ძლიერად, მაგრამ უფრო ხანგრძლივია". უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ კი თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანა: "ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვა, ერთმანეთის დახმარება არა მარტო გასაჭირში, არამედ სიხარულის დროსაც, რაც გაცილებით ძნელია, რადგან სხვისი სიხარული ხშირად შურს იწვევს. შური რომ არ დაიბადოს, ჩვენც უნდა გავიხაროთ და ეს სიხარული ჩვენვე დაგვიბრუნდება".
შურს ღრმად აქვს ფესვი გადგმული ჩვენს არსებაში. მთელი სიბრძნე ის არის, ეს გრძნობა შევამჩნიოთ და მასთან გამკლავება ვისწავლოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ვინმესი შეგშურდება, აღსარებაში ვთქვათ, მოვინანიოთ. ჩვენს არსებაში შურის გაჩენისთანავე ლოცვა უნდა დავიწყოთ - ეს საოცრად ამსუბუქებს სულიერ მდგომარეობას. ღვთაებრივი მადლის მეოხებით ყოველგვარი ვნების დაძლევა შეიძლება.
- ხშირად, როდესაც სხვისი სიმდიდრე, პატივი, სილამაზე ან სხვა რამ სიკეთე გვშურს, ვერც კი ვხვდებით, რომ უფალი გვაძლევს იმას, რაც მაცხოვნებელი და სასარგებლოა ჩვენთვის და თუ გვაშორებს ამ მიწიერ სიკეთეებს, ეს ჩვენივე სულისთვის არის უმჯობესი...
- ცნობილი მაგალითია: იყო ერთი ხელმოკლე კაცი, რომელიც დღედაღამ შრომობდა, მაგრამ მაინც დიდი გაჭირვებით არჩენდა ცოლ-შვილს. ერთხელ ის ზღვის პირას ქვაზე ჩამოჯდა და მზერა მიაპყრო ძვირფასი საქონლით დატვირთულ გემებს, რომლებსაც ზღვის პირას ცლიდნენ. გლეხკაცს გულში ბოროტმა ფიქრმა გაურბინა და თქვა: "უფალო, ზოგისთვის რამდენი სიმდიდრე მიგიცია, მე კი ლუკმაპურის შოვნაც მიჭირს. რა იქნება, მეც გადმომხედო წყალობის თვალით და ტანჯული ცხოვრება შემიმსუბუქოო". ამ ფიქრში გართულს ჩაეძინა. ესიზმრა, რომ მაღალი მთის ძირას იდგა. უეცრად ერთი თეთრწვერა მოხუცი გამოეცხადა, თან გაიყოლა და უცხო ადგილას მიიყვანა, სადაც ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ქვისა და ხის ჯვრები ეწყო. "აიღე, რომელიც გსურს", - უთხრა მოხუცმა. ღარიბმა ჯერ ოქროს ჯვრის აღება მოინდომა, შემდეგ დანარჩენებისა, მაგრამ ხის ჯვრის გარდა ვერც ერთს ძვრა ვერ უყო. "ოქროს ჯვარი მეფისაა, - მოესმა კაცს, - ვერცხლისა - მწყემსმთავართა და წარჩინებულთა, სპილენძისა - მეომრებისა და მხედრებისა, ქვისა - ვაჭართა, ხოლო ხის ჯვარი, რომელიც აიღე და მთაზე აიტანე, შენი ნამდვილი ჯვარია. შენი ხელობა - მიწის მუშობა - უცოდველი ხელობაა. მდიდარი რომ ყოფილიყავი, ღმერთს დაივიწყებდი; დიდებული რომ ყოფილიყავი, მდაბიოთ დაჩაგრავდი; ვაჭარი რომ ყოფილიყავი, მუდამ ტყუილით იცხოვრებდი... გულთამხილავმა უფალმა იცოდა, რომ ყველა სხვა საქმეში სულს დაიღუპავდი და ამიტომაც მოგცა მდაბალი და მსუბუქი ჯვარი". სწორედ ეს ჯვარი იყო ამ კაცისთვის მაცხოვნებელი.
- ფსალმუნში წერია: "ჰყვის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა" (ფს. 102). ჩვენი მიწიერი გონება ჩაგვაგონებს, მოვიხვეჭოთ ამქვეყნიური სიკეთე, გვსურს გამოვირჩეოდეთ სილამაზით, ძალით, ნიჭით, სულიერი შესაძლებლობებით, საზოგადოებაში საპატიო ადგილი გვეკავოს, გვქონდეს თანამდებობა, სახელი, სიმდიდრე... ხოლო თუ ამას ვერ მივაღწიეთ, ბედს ვუჩივით, ვსაყვედურობთ უფალს, გვშურს მოყვასისა, ეს კი ცოდვაა, რაც საბოლოო ჯამში ანგრევს ჩვენს ფსიქიკას. სულიერ-ფსიქიკური თვალსაზრისით როგორ მივუდგეთ ამ საკითხს?
- არქიმანდრიტი კირილე (პავლოვი) აღნიშნავს: "უფლის სამართალი ყველას იმას აძლევს, რაც მისთვის სასარგებლო და სასიკეთოა. ვის შეუძლია ამტკიცოს, ბედნიერი რომ ყოფილიყო, უფრო პატიოსნად და ღვთისმოსავურად იცხოვრებდა?! გამოცდილება ხშირად საპირისპიროს გვიჩვენებს: სააქაო ბედნიერება ვნებს ადამიანს, უბედურება კი აფხიზლებს, ამდაბლებს, მორჩილებაში ამყოფებს. ადვილი შესაძლებელია, სიმდიდრით, პატივითა და კეთილდღეობით გარემოცული ადამიანი, რა მშვენიერი პიროვნული თვისებებიც უნდა ჰქონდეს მას, გაამაყდეს, გახდეს პატივმოყვარე, ძუნწი, გარყვნილი და უფალი დაივიწყოს. ყოვლისმცოდნე ღმერთმა იცის, რომ ფართო და ვრცელია გზა სიამოვნებისა, ფუფუნებისა, კეთილდღეობისა, გართობისა, მაგრამ მას ადამიანი დაღუპვისაკენ მიჰყავს, ხოლო შრომის, ტანჯვის, სიამოვნებათა მოკლების ვიწრო გზას ხსნისაკენ მივყავართ. ამიტომაც ადამიანს ამ ქვეყანაზე განსაცდელი უფრო მეტი ეძლევა, ვიდრე შვება; ამიტომაც უფრო მეტია დანაკარგი, ვიდრე შენაძენი; მეტია შრომა და ცრემლი, ვიდრე განცხრომა და სიამოვნება; ამიტომაც სიხარული ყოველთვის მწუხარებასთან არის გადაჯაჭვული, გართობა და სიამტკბილობა ხშირად მოწამლულია სასოწარკვეთითა და სევდით". უფალმა განაწესა, ჩვენი ცხოვრება სირთულეებით, განსაცდელით, სევდით, ტანჯვით უფრო მეტად იყოს აღბეჭდილი, ვიდრე სიამტკბილობით და როდესაც ამ ყველაფერს მორჩილებით ვიღებთ, ჩვენ ვხდებით ერთ-ერთი ქრისტიანული სათნოების - მორჩილების - აღმსრულებელნი, ხოლო თუ გვშურს მათი, ვისაც უფრო "წარმტაცი" ბედი არგუნა ღმერთმა, უმჯობესი იქნება, მათზე კი არ ვიფიქროთ, ვინც ჩვენზე უკეთესად ცხოვრობს, არამედ მათზე, ვისაც ჩვენზე მეტად უჭირს. მაშინ შურს ნაკლები გასაქანი მიეცემა.
წმინდა სებასტიან ყარაგანდელს ჩვევად ჰქონდა: ვისაც მდიდრების შურდა, მიჰყავდა ღატაკ ქვრივებთან და ეუბნებოდა: "აი, შეხედეთ, ხალხი როგორ ცხოვრობს, თქვენ კი სიმდიდრის ყურება გიყვართ. ეს ხსნას ვერ მოგიტანთ".
მაშასადამე, როდესაც დაგჯაბნის ფიქრი სხვის კეთილდღეობაზე თუ სხვა რამ სიკეთეზე, ეცადე, მყისვე გაიხსენო შენზე საბრალო და მძიმე დღეში მყოფი. როცა ამას ძალდაუტანებლად მოახერხებ, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ შენში დაწყებულია გარდატეხა, ფერისცვალება.
სულიერ-ფსიქოლოგიური დახმარების ერთ-ერთი კანონი, რომელიც ხშირად გვჭირდება ამა სოფლად, ასეთია: როცა ვჩივით, ვაძაგებთ საკუთარ ხვედრს და უფალს ვყვედრით, ჩვენს მიმართ სათანადო მზრუნველობას არ იჩენო, მამა ჩვენი ზეციერი გვიგზავნის ჩვენზე მეტად გაჭირვებულს (ავადმყოფს, ხეიბარს, მრავალშვილიანი ოჯახის ხელმოკლე პატრონს), რათა მივხვდეთ, რომ ჩვენი განსაცდელი მათსასთან შედარებით არაფერია და უფლის ყვედრებას თავი დავანებოთ.