"ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამა ანუ დედა ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, - ბრძანებს უფალი, - ასწილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს" (მათე 19:29).
ნეტარი თეოფილაქტე წერს: "ჩვენ, ადამიანები, მცირედსაც მაგრად ვებღაუჭებით, მოციქულებმა კი დაუტევეს ყველა ამქვეყნიური სიამოვნება, უგულებელყვეს თვით ბუნებრივი სიყვარული მშობლების მიმართ, უარი თქვეს ნათესავებზე, ნაცნობებზე და საკუთარ ნებაზეც კი, ადამიანისთვის კი არაფერია საკუთარ ნებაზე სასიამოვნო". იგივე შეიძლება ითქვას ყველა იმ ადამიანზე, ვინც მზად არის, უფლისთვის ამგვარი მსხვერპლი გაიღოს. ასეთი მსხვერპლის გაღების უნარი კი ღვთის უდიდესი წყალობაა, რაც, ცხადია, მხოლოდ ერთგულთა ხვედრია.
უფალმა აკურთხა და გაიზიარა ადამიანთა სიხარული, როცა გალილეის კანაში ქორწილს დაესწრო. ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულებისას მღვდელი წარმოთქვამს: "რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ".
ღრმა და უკიდეგანოა ცოლქმრული სიყვარული... ხოლო როცა ვინმე ძლიერად გიყვარს, მასთან განშორების ტკივილის ატანა ხშირად შენს ძალებს აღემატება. "განშორება სიკვდილს ჰგავს", - იტყოდა თომას ელიოტი... მიწიერ სიცოცხლესთან გამოთხოვების წყალობით მარადისობის კარიბჭეს ვაღებთ და ზეციურ სამშობლოში ვბრუნდებით. ასევე, საყვარელ ადამიანთან განშორების ტკივილიც განგვწმენდს და აგვამაღლებს, შეგვაცნობინებს ვეება სივრცეებს, გვაზიარებს სამყაროს, სადაც "არცა იქორწინებოდიან, არცა განქორწინებდენ, არამედ ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი იყვნენ ცათა შინა". ამ დროს ადამიანისთვის ღმერთია ძმაც, დაც, მშობელიც... იგი ერთი ცვლის ყოველ ნათესაობას იმდენად, რამდენადაც თავად არის ყველაზე უმეტესი. "საღმრთო სიყვარული ყოველგვარ ბუნებრივ სიყვარულზე აღმატებულია" (ამბა დოროთე). უფალი ავსებს ადამიანის გულს სიმშვიდით, სულის სიხარულით, გამოუთქმელი ნუგეშითა და მადლის უსაზღვრო სიკეთეებით.
"კარიბჭე" ახალქალაქისა და კუმურდოს მთავარეპისკოპოსის ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მეუღლეს, საპატრიარქოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო კანდელაკს ესტუმრა.
უკვე ათი წელია, რაც მეუფე ბერად აღიკვეცა. მას აქეთ ქალბატონი ნინო ღირსეულად ეზიდება ოჯახის ტვირთს და ცდილობს, რითაც შეუძლია, მეუღლეს ჯვრის სიმძიმე შეუმსუბუქოს. იგი სამი შვილის დედაა და საზოგადოებრივ ასპარეზზეც აქტიურად იხარჯება.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი თქვენ და თქვენმა მეუღლემ, რითი იყო იგი სხვებისგან გამორჩეული?
- ერთმანეთი რომ გავიცანით, უნივერსიტეტში ვსწავლობდით. მეუღლე ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, მე კი - ფსიქოლოგიურზე. იმხანად სტუდენტები ხშირად დავდიოდით ექსპედიციებში ისტორიული ძეგლების აღსადგენად. ერთხელაც ერთი ულამაზესი ეკლესიის - ლამაზსაყდრის - აღდგენით სამუშაოებში მოგვიხდა მონაწილეობა. მეუფე სწორედ იქ გავიცანი (მას ერისკაცობაში პაატა ერქვა). 20 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდით. მაშინ არც ერთი არ ვცხოვრობდით ეკლესიურად. შემდეგ ერთად დავიწყეთ ტაძარში სიარული. კარგა ხანს ვეძებდით მოძღვარს. ბოლოს არჩევანი მამა დავითზე (ახლა - მიტროპოლიტი დანიელი) შევაჩერეთ, რომელიც იმჟამად ახალნაკურთხი მღვდელი იყო და სიონში მსახურობდა. მეუფე დანიელი დღემდე ჩვენი ოჯახის მოძღვარია.
პირადად მე ჩემი ქმარი იმიტომ გამოვარჩიე, რომ ძალიან პატიოსანი, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო. უყვარდა მარტოობა, ფილოსოფიურ თემებზე საუბარი.
ეკლესიური ცხოვრება რომ დავიწყეთ, მეუფემ აღარ მოინდომა ფიზიკის სფეროში მუშაობა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა მულტიპლიკაციის განხრით, თუმცა არც ის დაუმთავრებია, რადგან სწორედ იმ წლებში გაიხსნა სასულიერო აკადემია და მეუფე მოძღვრის რჩევით მისი სტუდენტი გახდა. III კურსზე იყო, მღვდლად რომ აკურთხეს. 5 წლის მანძილზე მსახურობდა სხვადასხვა ტაძარში: ქაშვეთში, მეტეხში, ბოლოს ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი გახლდათ, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და ეპისკოპოსად აკურთხეს.
- 20 წელი გავიდა, რაც ეკლესიურად ცხოვრობთ. რა შეიცვალა თქვენში ამ ხნის მანძილზე?
- ახალგაზრდობაში სიცოცხლის ხალისით გამოვირჩეოდი. დღემდე მიხარია ყოველი დღე, მაგრამ ახალგაზრდობის წლები მაინც სხვაა. სულ ვცდილობდი, რამე ისეთი მომეგონებინა, რომ უფრო გამეხალისებინა ცხოვრება. მინდოდა, სიხარულის მუხტი სხვებისთვისაც მეწილადებინა.
სანამ ეკლესიურ ცხოვრებას დავიწყებდი, ძალიან მიხაროდა ახალი წლის დადგომა. ვგრძნობდი, ამ დროს ადამიანებს ყველაზე მეტად უყვარდათ ერთმანეთი, გულით ულოცავდნენ დღესასწაულს და ყოველივე საუკეთესოს უსურვებდნენ. ვცდილობდი, სხვა დროსაც დამენახა ხალხის თვალებში ასეთივე სიხარული, მაგრამ ამაოდ... მერე კი, ეკლესიაში რომ მივედი, მივხვდი, რომ ეს განცდა სწორედ აქ უნდა მეძებნა... სწორედ ღვთისმსახურება გჩუქნის ისეთ წუთებს, როცა გრძნობ, რომ შენი გული ყველა ადამიანის მიმართ სიყვარულით არის სავსე. მადლობა უფალს ამისთვის!
- ბავშვებს როგორი ურთიერთობა აქვთ მამასთან?
- უფროს გოგონას, ანას, ყველაზე მეტად ერგო მამასთან ურთიერთობის ბედნიერება - მეუფე მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მღვდელი და ჰქონდა ბავშვთან ურთიერთობის დრო. თვითონაც ძალიან უყვარდა ბავშვებთან, ახალგაზრდებთან ურთიერთობა. დღესაც სულ სტუდენტებთან არის, ექსპედიციებს აწყობს თავის ეპარქიაში. შუათანა, სალომე რომ დაიბადა, მეუფე უკვე მღვდელი გახლდათ, შინ გვიან ბრუნდებოდა, ხოლო უმცროსი, მარიამი, ორი წლის იყო, როცა მეუფე ბერად აღიკვეცა. ასე რომ, მამამისი სახლში თითქმის არც კი ახსოვს.
ახლა ანა უკვე 20 წლისაა, სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტს ამთავრებს. სალომე IX კლასშია, მარიამი კი VII-ში. ხშირად ნახულობენ მამას, განსაკუთრებით - არდადეგებზე, ეპარქიის ყველა ღონისძიებაში მონაწილეობენ და ძალიან ბედნიერები არიან ამით.
- აღზრდა რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, მღვდლის ოჯახისთვის კი ეს პასუხისმგებლობა, ალბათ, ერთიორად მეტია...
- სამივე ბავშვობიდანვე დაგვყავდა წირვებზე, ძილის წინ წმინდანთა ცხოვრებას ვუკითხავდით... ვცდილობდით, ყველა მიმართულებით მიგვეცა მათთვის ცოდნა და, შეძლებისამებრ, დღემდე ასე ვიქცევით. ფსალმუნში არის ასეთი სიტყვები: "რომელმან სთესოს ცრემლით, მან სიხარულით მოიმკოსო". ბავშვების აღზრდას მე ცრემლით თესვას შევადარებ, მაგრამ ბოლოს სიხარულს იმკი, რადგან შენ მიერ დათესილი ნაყოფს ისხამს, რომელიც შენვე გიბრუნდება. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ერთხელ, როცა მარიამი პატარა იყო, სოფელში ერთ ვიწრო ხიდზე უნდა გადავსულიყავით. მე ვერ გავბედე, შემეშინდა. უცებ მარიამი მომიბრუნდა და მითხრა: "დედიკო, რისი გეშინია, პირჯვარი გადაიწერე და გაიარეო". პირჯვარი გადავიწერე და გავიარე...
- როგორი სიყვარული უნდა ჰქონდეთ მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ და საერთოდ, რას ნიშნავს ნამდვილი, ჯანსაღი ოჯახური სიხარული?
- მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ამბობს, რომ სიყვარულს სამი მხარე აქვს: გაცემა, მიღება და მსხვერპლშეწირვა, - და თუ სამივე ეს კომპონენტი არ გაერთიანდა, სიყვარული სრულყოფილი ვერ იქნება. ჭეშმარიტ ოჯახში სამივე უნდა იყოს - სწორი გაცემაც უნდა შეგეძლოს, სწორი მიღებაც და მსხვერპლშეწირვაც.
- როდესაც პატრიარქმა თქვენი მეუღლე ეპისკოპოსად გამოარჩია და ურჩია, ეს ნაბიჯი გადაედგა, რაც, ცხადია, თქვენი თანხმობითაც უნდა მომხდარიყო, არ გაგიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება?
- ვიღიმები, თუმცა არავის ეგონოს, თითქოს არ მიმძიმს. მიჭირს, მაგრამ არსებობს ფასეულობანი, რომელთა გამოც საკუთარი თავი უნდა დათმო.
როცა ჩემი მეუღლის ეპისკოპოსად ხელდასხმა განიზრახეს, დიდხანს ვიფიქრე. უწინარეს ყოვლისა, კარგად გავიაზრე ვითარება, რომელიც იმჟამად იყო საქართველოს ეკლესიაში. თანაც, გარდა იმისა, რომ ეკლესიას სჭირდებოდა ასე, ეს თვითონ მეუფე ნიკოლოზისთვისაც პიროვნული ძალების უფრო სრულფასოვნად წარმოჩენის საშუალება იქნებოდა. მაგრამ მაინც გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ძალიან რომ არ მყვარებოდა ჩემი მეუღლე, ვერ გავუშვებდი. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად ასეა. მეუფე ანტონი წერს: "თუ მართლა გიყვარს, ეს ნიშნავს, რომ მსხვერპლშეწირვა შეგიძლია, შეგიძლია, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიო". ასე რომ, ეს ჩემი დამსახურება კი არ არის, არამედ იმ სიყვარულისა, რომელიც ჩვენ შორის იყო.
- ბავშვების გაზრდაში ვინ გეხმარებოდათ?
- პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მეუფის მშობლებს, ვისთან ერთადაც მე ვცხოვრობ და რომლებმაც, ფაქტობრივად, ჩემთან ერთად იტვირთეს ის ჯვარი, რასაც ბავშვების აღზრდა და მოვლა-პატრონობა ჰქვია. დღემდე გვერდით მიდგანან. გარდა ამისა, არაერთხელ წამიკითხავს, რომ როდესაც ადამიანი ბერად აღიკვეცება და ოჯახიდან მიდის, მის ნაცვლად ანგელოზი პატრონობს ოჯახის წევრებს. ეს რომ ნამდვილად ასეა, არაერთხელ მიგრძნია.
- ბოლო წლებში საშუალება მოგეცათ, აქტიურად ჩართულიყავით საზოგადოებრივ საქმიანობაში. იქნებ მოკლედ გვიამბოთ თქვენი საქმიანობის შესახებ...
- მეუფე ოჯახში რომ დარჩენილიყო, ალბათ, უფრო მეტი შვილი გვეყოლებოდა და დროც არ მექნებოდა, პროფესიული საქმიანობისთვის მომეკიდა ხელი... ბავშვები წამოიზარდნენ, მეტი თავისუფალი დრო გამომიჩნდა და თავს უფლება მივეცი, შინიდან გამოვსულიყავი. ახალგაზრდობის დროინდელი ოცნება ავისრულე - მუდამ მსურდა, ჩემი წვლილი შემეტანა მართლმადიდებლურ ფსიქოლოგიაში და, ღვთის შეწევნით, ვგონებ, მოვახერხე. ჩვენ მოღვაწეობის მრავალმხრივი სფერო გვაქვს. მე და დათო ციცქიშვილი ვემსახურებით ამ საქმეს. საპატრიარქოში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი დავაფუძნეთ. დავდივართ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ჩვენი ინიციატივით გაიხსნა სამლოცველო და ყოველ ხუთშაბათს ტარდება პარაკლისები. სამლოცველო არის ონკოლოგიურ საავადმყოფოშიც, სადაც მამა ბაქარ სოსელია დაგვყვება და ყოველ ოთხშაბათს სრულდება პარაკლისები. დავდივართ პაციენტებთან. ზოგს აღსარება უნდა, ზოგს - ზიარება, ზოგს - მორწმუნე ფსიქოლოგთან გასაუბრება... ახლა ეზოში ეკლესიაც შენდება. ახლახან ორი წიგნიც გამოვეცით. ერთი, "ფსიქიატრიული ცნობარი", რომელიც მოძღვრებისთვის არის განკუთვნილი, სასულიერო აკადემიის სტუდენტებსა და მღვდლებს დავურიგეთ. მეორე, "მართლმადიდებელი ეკლესია და ფსიქიკური აშლილობები" - ფსიქიატრებისთვის არის გამიზნული. მასში თავმოყრილია ყველაფერი, რაც ფსიქიატრმა უნდა იცოდეს მართლმადიდებლობისა და იმ შეწევნის შესახებ, რაც მართლმადიდებელი ეკლესიიდან მოდის.
გარდა ამისა, ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში ინდივიდუალურად ვემსახურებით ნებისმიერი ფსიქოლოგიური პრობლემით მოსულ ადამიანს. პატრიარქის კურთხევით, მემთვრალეებთან და ნარკომანებთანაც ვმუშაობთ. უახლოეს მომავალში განზრახული გვაქვს გავხსნათ ნარკომანთა სარეაბილიტაციო ცენტრი. საპატრიარქოს რადიოში ხშირად ვაკეთებთ გადაცემებს...
- ბავშვებს როგორ პასუხისმგებლობას აკისრებთ იმის შეგნება, რომ ეპისკოპოსის შვილები არიან?
- ეს მართლაც უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ახლა უკვე შეისისხლხორცეს ეს ყველაფერი და ეამაყებათ კიდეც, რომ მათი მამა სასულიერო პირია, მაგრამ, მახსოვს, ერთ დღეს სკოლიდან დაბრუნებულმა ანამ გამომიცხადა: დედა, აღარ მინდა მღვდლის შვილობა, რადგან ყველა მასწავლებელი ჩამჩიჩინებს, ისეთი უნდა იყო, ყველას მაგალითი მისცეო... მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და ახლა ამ ამბავს ღიმილით ვიხსენებთ.
სალომემ გალობა შეისწავლა. ძალიან უხარია, როცა ტაძარში გალობს. მედავითნეობის შესწავლაც სურს, რათა მამას ღვთისმსახურებაში დაეხმაროს. იმედია, მომავალში ღვთის შეწევნით ამასაც მოახერხებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი