ლოცვას მოვრჩი და სატრაპეზოდ მოვემზადე. უეცრად მოძღვარი მეუბნება: - მამაო არსენ, ვითომ ვიტრაპეზეთ. სამადლობელი ლოცვა წაიკითხეო.
თუმცა მშიერი ვიყავი, მაგრამ წამოვდექი და მორჩილებით სამადლობელი ლოცვა წარმოვთქვი. ეს არაფერი იქნებოდა, რომ იგივე მეორე, მესამე და მეოთხე დღეს არ გამეორებულიყო. მეოთხე დღეს არაქათი გამომეცალა, თანაც დღისით მძიმე სამუშაოს ვასრულებდი, ღამით კი საკმაოდ დამქანცველ ღამისთევის ლოცვებს ვკითხულობდი. მაშინ ვუთხარი მოძღვარს: - მაკურთხე, მამაო, მეტს ვეღარ გავუძლებ-მეთქი. მაშინ, დღეს შევჭამთო, - მიპასუხა.
აი, ასეთი მკაცრად მოღვაწე იყო მამა იოსები და მამა არსენი, 31 წელი მხარდამხარ მიჰყვებოდა მოძღვარს.
ფეხშიშველები. მამა არსენის საწოლის თავთან მამა იოსებ ათონელის სურათი ეკიდა. თუ ვინმე ჰკითხავდა, ვინ არისო, უბრლოებით პასუხობდა: - ვისაც შენ ხედავ, მე მასთან ერთად ორმოცი წელი ფეხშიშველი დავდიოდიო.
მამა არსენი ყვებოდა: "ერთ თოვლიან საღამოს წმინდა ანას სკიტიდან ფეხშიშველნი დავბრუნდით ჩვენს კალივაში. როგორც კი სკიტელმა მამებმა ჩვენი ნაკვალევი იხილეს, კირიაკონის ზარი დარეკეს. ვინაიდან დღესასწაული არ იყო და ზარი დარეკეს, მამებმა ტაძარში მოირბინეს ამბის გასაგებად. რომელიღაც მონაზონმა უთხრა მამებს: "როგორც იქნა, ვიპოვეთ შიშველი მოსაგრენი. გავყვეთ მათ ნაკვალევს, რათა შევიტყოთ, სად ცხოვრობენო (საუკუნეების მანძილზე ათონზე არსებობს გარდამოცემა დაფარულ მოღვაწეებზე. ზოგი ამბობს, შვიდნი არიან, ზოგი - თორმეტნი, რომლებიც უდიდეს ღვაწლში არიან. მათი რიცხვი არ იცვლება. გარდაცვლილის ნაცვლად ვინმე ღვთის მოშიში მამით შეავსებენო. ისინი აღავლენენ ბოლო ლიტურგიას დედამიწაზე. ეს წმინდა მამები ათონის რომელიღაც კუნჭულში ცხოვრობენ და კაცთა თვალთაგან დაფარულნი არიანო, - კ.კ.).
ისინი ნაკვალევს ჩვენ მღვიმეში ამოყვნენ და ბრძანების ტონით გვკითხეს: - სად დაიმალნენ შიშველმოსაგრენიო. რომელი შიშველი მოსაგრენიო, - უკითხავს მამა არსენს.
ისინი აქამდე მოვიდნენ. აი, მათი ნაკვალევიო.
მამებო, ეს ჩვენ ამოვედით. აქ შიშველი მოსაგრე არ არის"
არა, ეს თქვენ არა ხართ, აქ არიან შიშველი მოსაგრენიო, - გაიძახოდნენ.
მართლაც ძნელი დასაჯერებელი იყო მათი ღვაწლი, რომელსაც ერთი ღმერთზე მინდობით და მეორე კი მოძღვრის მორჩილებით აღასრულებდა.
ერთხელ, როცა ტვირთმოკიდებულნი აღმართს მოუყვებოდნენ, უცებ ორივემ დაღლა იგრძნო. მაშინ მოძღვარმა უთხრა: - მამაო არსენ, მოტორის მუშაობა ფერხდება. მოდი, დავისვენოთ, რომ ცოტა ძალა მოვიკრიბოთო.
მოსაგრეებმა თოვლი დატკეპნეს, მუხლთა დრეკასა და მხურვალე ლოცვას შეუდგნენ. ცრემლები დააფრქვიეს და უცებ ახალი ენერგიის მობერვა იგრძნეს. მოიკიდეს ტვირთი და უკვე მსუბუქად აუყვნენ აღმართს.
"ერთხელ, ჩემი ნების ასრულების მერე, ეპიტიმია დაიმსახურე, - ყვება მამა არსენი, - სადღაც უნდა წავსულიყავით, მაგრამ მოძღვარი თავს შეუძლოდ გრძნობდა. გავამხნევე. ფეხშიშველნი მივაბიჯებდით. ანაზდად შუა გზაზე არ შევჩერდით.
- არსენი, - მითხრა მოძღვარმა, - მოტორი ჩერდება. რა ვქნათ?
არ ვიცი, სერიოზულად მითხრა თუ გამეხუმრა. ზურგზე შემოვისვი და ვატარე კალივამდე. მას მერე ვისწავლე, რომ ჩემი ნება აღარ აღვასრულო.
როცა სადმე მივდიოდით, წესად გვქონდა, ერთმანეთისგან 15-20 მეტრის დაშორებით გვეარა, რათა უქმმეტყველებას გავქცეოდით და განუწყვეტლივ გველოცა. თუ შემთხვევით ვინმეს შევხვდებოდით, მუხლს მოვუყრიდით, მაგრამ საუბარს არ გავუბამდით. ზოგჯერ ცნობისმოყვარენიც გვხვდებოდნენ. ისინი როცა ორ ჩამოძონძილ ბერს ხედავდნენ, გვეკითხებოდნენ, - საიდან ხართ, სად მიდიხართ, ფეხშიშველებს არ გცივათო.
ბერი დუმდა. მე კი არ შემეძლო ორი-სამი სიტყვით არ გამოვპასუხებოდი. მაგრამ მერე მოძღვარი მაჩერებდა და სახუმარო ტონით მეუბნებოდა, - რა ხდება, მამაო არსენ? აღსარება ათქმევინე იმ კაცს? ღირსი არის, მღვდელი რომ გახდესო? ამგვარი შემოვლითი გზით გამომასწორებდა.
- მამაო არსენ, ნუთუ სხვა მამები ვერ იგებდნენ თქვენს ღვაწლს? - ჰკითხეს სულიერმა შვილებმა.
- მამა იოსები, რამდენადაც შეეძლო, თავს მალავდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ცოტათი ვსალოსობდით კიდეც, ამიტომ ბევრი ხიბლში ჩავარდნილებად გვთვლიდა. ერთხელ ერთ მონასტერში წავედით ხატობაზე. ლიტურგიის მერე ხალხი სატრაპეზოში შევიდა. შევყევით ჩვენც. მეტრაპეზემ ფეხშიშველნი და ჩამოძონძილნი რომ დაგვინახა, დაგვიყვირა და გარეთ გამოგვყარა. ისე გამოვედით, სიტყვა არ გვითქვამს. მერე ვიღაც უცნობი დაგვეწია, ოთახში შეგვიყვანა და ყველაფერი ვიგემეთ, რაც მონასტრის ტრაპეზზე ჰქონდათ.
მორჩილება - მსხვერპლზე აღმატებული. როგორც ვთქვით, დიდ სულიერ ღვაწლს ღირსი მამები უდიდეს ფიზიკურ შრომასაც ურთავდნენ. მრავალი წლის მანძილზე ფიქრადაც არ მოსვლიათ, რომ დამსხდარიყვნენ ღამისთევისას ან სამი ათას მეტანიაზე ნაკლები შეესრულებინათ. ასევე მრავალი წლის მანძილზე საწოლზე არ წვებოდნენ.
"მაგრამ ბოლოს, ჩვენი ღვაწლის უკიდურესობა მონაზვნებმა გამოასწორეს, - ყვებოდა მამა არსენი, - ბერი ათონიდან სოზეელში დადიოდა ხოლმე იქაური მონასტრების სულიერად გასაძლიერებლად. ერთ-ერთ მონასტერში დედებმა ნახეს, რომ ლოგინი დილით ხელუხლებელი ხვდებოდათ. ეს ამბავი იღუმენიამაც შეიტყო. მოიხმო ბერი იოსები და ჰკითხა: - მორჩილება თუ შეგიძლიაო. რა თქმა უნდაო. მაშინ, ამიერიდან ლოგინში ჩაწვები და ისე დაისვენებ ხოლმეო.
მამა იოსები მძიმე დღეში ჩავარდა, მაგრამ მაინც დამორჩილდა. პირველად ჩაწვა ლოგინში და როცა გაიღვიძა, ძალების ისეთი მობერვა იგრძნო, იმგვარი გონების სინათლე, რომ მიხვდა ნათქვამის აზრს: მორჩილება მსხვერპლს სჯობს. კარგად ჩაიარა ღამისთევის ლოცვამ და უკან დაბრუნებულმა მითხრა, - მამაო არსენ, დღეიდან ჩვენს ხის საწოლზე დავიძინებთო. უყოყმანოდ ვუპასუხე, - გვაკურთხე, მამაო-მეთქი.
მოძღვრის კურთხევა. "მრავალი მოდიოდა მამა იოსებთან, მაგრამ ცოტა რჩებდა. მკაცრი იყო ჩვენი ცხოვრება, - ყვებოდა მამა არსენი.
მამაო, ძნელი ღამისთევის შემდეგ ასეთ აღმართზე როგორ ადიოდითო, - ჰკითხეს მამა არსენს.
- მე ბუნებით ძლიერი აღნაგობა მქონდა. მაგრამ მორჩილს თუ მოძღვრის კურთხევის რწმენა აქვს, მაშინ შეუძლია მთები გადადგას. ავიღებდი ტვირთს და რომლის ტვირთსაც ჩემს ძალას აღემატებოდა, დავემხობოდი მუხლებზე, ხოლო როცა ჯვარს გამოვისახავდი და შეწევნისთვის მოძღვრის კურთხევას მოვუხობდი, ტვირთი თანდათან კარგავდა წონას, თითქოს ვიღაცა ხელს მაშველებდა და ჩიტივით მივფრინავდი, განუწყვეტლივ მლოცველი. ერთხელ მოძღვარი სოფელში წავიდა და დამიბარა: - ორ კვირაში დავბრუნდები და ბევრი ტვირთი მექნება. როცა გემის სიგნალს გაიგებ, ქვემოთ ჩამოდიო. მაკურთხე, მამაო-მეთქი.
მოძღვარი წავიდა და ვიფიქრე: - ახლა, როცა მარტო დარჩი, მაგრად ხომ არ შემოიჭერ ქამარს-მეთქი. ღამისთევით ვლოცულობდი, მთელი კვირა პირში ხემსი არ ჩამიდვია. ჩემთვის ვამბობდი: - მოძღვარი მალე ჩამოვა-მეთქი. მაგრამ გემის საყვირი ერთი კვირით ადრე გავიგე. მოძღვარი მოვიდა. მაშინვე ჩავედი დაბლა, მოძღვრის წინ მუხლი მოვიდრიკე, ავიკიდე 70-კილოიანი ტვირთი ჩიტივით გავფრინდი.
- მამაო, იქ ზევით წყალს სად იღებდი?
- ბაკში გროვდებოდა წვიმის წყალი, რომელიც ძლივს გვყოფნიდა საჭიროებისთვის. კელიის რემონტისთვის წყალი ზურგით ამოგვქონდა. ერთხელ, მზემ საშინლად დააჭირა. მამა იოსებს შევეწყალე და ღვთისმშობელს შეევედრა, - დედაო ღვთისავ, ჩემო ღვთისმშობელო, მოგვეცი ცოტაოდენი წყალი, მამა არსენს გაუჭირდაო. მაშინვე მეზობელი კლდიდან რაღაც ხმა მომესმა. გავიხედე - კლდე წყლის წვეთებით იყო დანამული და წვეთავდა. ქვემოთ ტაშტი დავუდგი და წყალი შევაგროვეთ - საკმარისი აღმოჩნდა საქმისთვის. მას მერე განვთავისუფლდი წყლის ზიდვის მოვალეობისგან.
სხვადასხვა ამბავი
მამა იოსები სოფელში მიდიოდა ხოლმე მორწმუნეთა გასამხნევებლად, მამა არსენი მარტო რჩებოდა. ერთხელ, წმინდა ბასილის სკიტში, ერისკაცი მოვიდა - გზა შეშლოდა. მამა არსენიმ ღამის გასათევად დარჩენა შესთავაზა. "არა, არა, - იუარა კაცმა, - აქ რომც დამაბა, თოკს გავწყვეტ და გავიქცევიო. სად ცხოვრობო, - მამა არსენიმ ჰკითხა. პირეაშიო. მე კი პირიქითო...* ერთხელ, ერთი ერისკაცი წმინდა ბასილის სკიტიდან წმინდა ანას სკიტში გადავიყვანეთ, - ყვებოდა მამა არსენი, - შეშინებული ვეღარ გაჩერდა ჩვენთან. საღამოთი მოვიდა, მოძღვარმა იგი თავის კელიაში მოათავსა, თვითონ კი ეკლესიაში ღამისთევის ლოცვას შეუდგა. უეცრად ყვირილი შემოგვესმა. მივვარდით ერისკაცთან. აკანკალებული ტირილით ფეხებში ჩაგვივარდა: - მოვიდნენ დემონები და სასტიკად მცემეს. მომკლავენ. წამიყვანეთ, აქ გაჩერება აღარ შემიძლიაო. მოძღვარმა დაამშვიდა, - მალე გათენდება. მათ ჩემში შეეშალეთ, ამიტომ ხელს აღარ გახლებენო, მაგრამ თავისას გაიძახოდა, წასვლა მინდაო. რა გვექნა? ღამით, სიბნელეში წმინდა ანამდე მივიყვანეთ.
- რაო, მამაო, დემონები მართლა გცემდნენ?
- პირველ წლებში ორივეს ბევრს გვცემდნენ, უფრო მეტს კი მოძღვარს, ვინაიდან მისი ლოცვა მათ სწვავდა. მე კი ნაკლებად, ვინაიდან მე მისნაირი სულიერი მდგომარეობა არ მქონდა და იმიტომაც, რომ მორჩილი ვიყავი.
მორჩილი, რომელსაც ნამდვილი მორჩილება აქვს და აღიარებს თავის გულისთქმებს, ეშმაკებს ცემის საბაბს არ აძლევს. როცა მაცდური დაინახავს, რომ მთლიანად მორჩილებას ხარ მიცემული და სულიერად მოსაგრეობ, მაშინ ის ეცდება, რომ მოძღვრის წინაშე დაფარო შენი გულისთქმები.
* ერთ შემთხვევას მოგიყვებით. მოძღვარს რომ მადლი არა ჰქონოდა, მაშინ სატანა ერთ-ერთ მონაზონს ხელიდან გამოგვტაცებდა.
წმინდა ბასილის სკიტში ჩვენთან ერთად ცხოვრობდა ერთი ვლახი, მამა იანისი, ძალზე ღვთისმოშიში, მაგრამ უბრალო ადამიანი. ერთხანს მან მამა იოსებთან გულისთქმების აღიარება შეწყვიტა. ბერი მოიხმობდა - როგორ არის საქმე, მამა იანისო. კარგად, ძალიან კარგად მამაოო. გულისთქმა არაფერი გაქვს ასაღიარებელიო? არა, ყველაფერი კარგად მაქვსო.
ამ დროს კი მოძღვარი ლოცვისას, მამა იანისის ბედზე ძალზე ღელავდა, გული ავს უგრძნობდა - მამა იანისს საქმეები ცუდადა აქვსო. ერთხელ მითხრა: - სასწრაფოდ მომიყვანე მამა იანისიო. მივუყვანე. მოძღვარმა მას მკაცრად უთხრა: - მე მსურს, აღიარო ჩემთან შენი გულისთქმებიო. რა ვთქვა, მამაო, არაფერი მაქვსო. მოძღვარმა შეაწყვეტინა: - შენ არ წახვალ, ვიდრე აღსარებას არ მეტყვიო.
მაშინ იძულებული გახდა წაებუტბუტა: "მაკურთხე, მამაო, ჩემმა მფარველმა ანგელოზმა ამიკრძალა ამის ვინმესთან თქმა. შენი ლოცვით ღირსი გავხდი, რომ ამ ბოლო დროს ჩემს ანგელოზთან ერთად მელოცა. რადგან ამის თქმა მაიძულე, ხელსაყრელი შემთხვევაც მომეცა, შენგან შენდობა ავიღო, შესაძლოა, შენს წინაშე რამე შევცოდე. ვინაიდან ხვალ საღამოს ერთად უნდა ჩავიდეთ მამა მათესთან საზიარებლად. მერე კი ჩამოეშვება წმინდა ილია, რომელიც ცეცხლის ეტლით აიყვანს ჩემს სულსო.
ეს რომ მოესმა, ბერმა მას სილა გააწნა. სადღაც გაქრა ეტლიც და მისი აღფრთოვანებაც! მოხიბლულო, - უთხრა მას მოძღვარმა, - სატანის ხელში ჩავარდნილხარ, ის კი ემზადება, რომ სადმე უფსკრულში გადაგჩეხოს, იქიდან კი გეენიაში გაგამგზავროს, შენ კი ასეთ რამეს ამბობო. "მაგრამ, მამაო, განა ეს შესაძლებელია?" დაიცადე და ნახავ, შეიძლება თუ არაო.
იმავე ღამეს, "ანგელოზის" სტუმრობის ჟამს, ეშმაკი ნამდვილი სახით გამოეცხადა მას და გამძვინვარებულმა უთხრა: "განა არ გითხარი, შე უვარგისო მონაზონო, ჩვენი საიდუმლო არ გაგეთქვა? რა მარჯვედ დამიძვერი ხელიდან! არადა, ყველაფერი რა კარგად მოვაწყვე შენს დასაღუპადო.
ეს რომ მოესმა, შეძრწუნებულმა იანისმა მაშინვე მიირბინა მოძღვართან, ჩაუვარდა ფეხებში და მადლობა უთხრა. ხედავთ, რა საშიშია, როცა მონაზონი გულისთქმებს უმალავს მოძღვარს.
* ღირსი სილუან ათონელი. მამა იოსებ ვათოპედელმა ერთხელ ჰკითხა მამა არსენის, - ხომ არ იცნობდით წმინდა სილუანსო.
ბევრი რამ გვსმენია ამ დიდ მოღვაწეზე და როცა მოძღვარმა მკითხა, ხომ არ წავსულიყავით მის გასაცნობადო, ვარჩიე, "არა" მეთქვა.
- რატომ, მამაო?
- მე რუსული ენა ვიცოდი, მოძღვარმა - არ იცოდა. არ მინდოდა, მე მელაპარაკა, მოძღვარი კი ჩუმად ყოფილიყო. მაგრამ ის კარგად იცნობდა მამა სოფრომს (სახაროვი, წმინდა სილუანის ცხოვრების აღმწერელი). მან თვითონ მოგვძებნა და რეგულარულად მოდიოდა, ვინაიდან განსაკუთრებულ პატივისცემას გრძნობდა მოძღვრის მიმართ.
მამა არსენის უარი, მოძღვრის შეთავაზებაზე, მამა იოსებ ვათოპედელის აზრით, "ამ შემთხვევაში არის არა ურჩობა, არამედ პირიქით, მოწმობს მის უდიდეს თავმდაბლობას და ტანჯვის უნარს. როგორც მორჩილს, არ უნდოდა, რომ მოძღვარი გაჩუმებულიყო, თვითონ კი ელაპარაკა. სჯობდა ბევრ ჩვენგანს მიექცია ამისთვის ყურადღება და ჩვენსავე მაგალითად დაგვესახა.