წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი - სამშაბათის საკითხავი
წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი - სამშაბათის საკითხავი
სამშაბათი
გალობა ა

ძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა ესე ღმერთი ჩემი და ვადიდო ესე უფალი მამისა ჩემისა, და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ-არს.

მივემსგავსე კაენს, მკვლელსა, ცნობითა, და მოვკალ სულისა სვინდისი და განვაცხოველენ ხორცნი, და აღვსძრენ მას-ზედა გულისა ჩემისა იგი ვნებულნი გულისთქმანი.

აბელისსა, იესო, არა მივემსგავსე სიმართლესა, და ძღვენი საღმრთონი არა მოგართვენ შენ, არცა საქმე ღირსი, არცა მსხვერპლი განწმედილი, არცა ცხოვრება უბიწო.

ვითარცა კაენ, სულო, ჩვენცა შევსწირენით ღმერთსა საქმენი ხენეში მსხუერპლთა თანა შეგინებულთა და მოქალაქობითა - ბილწი და მოძაგებული, რომლითა დავისაჯენით.

ცხოვლად შემზილე თიხა, ხელოვანთ-მთავარმან მეკეცემან, ხორცად და ძვალად, სამშვინველად და სულად, არამედ, ჰოი მხსნელო, ღმერთო და მსაჯულო ჩემო, მონანული შემიწყნარე.



აღგიარებ, მაცხოვარ, ცოდვათა, რომელნი ვქმნენ, და ხორცთა და სულისა ჩემისა წყლულთა ნაგვემთა, რომელნი შინაგან მწარედ დამხსნეს ჩემ-ზედა მკვლელებრთა გულისსიტყვათა.

დაღათუ ვსცოდე, მხსნელო, არამედ უწყი, რამეთუ ტკბილ-ხარ, მოსწყლავ თანალმობით და კურნებ წყალობით, მტირალსა მიხედავ და უძღებსა შვილსა კვალად შეიტკბობ ვითარცა ღმერთი.
დიდება

ზესთარსო სამებაო, ერთღვთაებით თაყვანისცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.
აწ და

ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.


გალობა ბ
ძლისპირი: მოიხილე, ცაო, და ვიტყოდე აწ და ვაქებდე ქრისტესა, ქალწულისაგან მოსრულსა ჩვენთვის.

შემიკერნა ტყავისა სამოსელნი ცოდვამან ჩემმან და ღვთივქსოვილი სამოსელი განმძარცვა.

მმოსიეს მე სამოსელი კდემისა, მსგავსად ლეღვის ფურცელთა, მხილებად თვითმფლობელთა ვნებათა.

სამოსელი შებღალული მმოსიეს და მწვირითა ვნებულად, გემოვნისა ქცევისათა ვიშთვები.

შთავრდომილ ვარ უფსკრულსა ვნებათასა და ნივთთა ხრწნილებასა, ამისთვის მეცინის მტერი ჩემი.

ნივთმოყვარე და მონაგებთმოყვარე ცხოვრება უნივთოსა აღვირჩიენ და განვზრქენ ცოდვითა.

განვაშვენე ხორცთა ხატება და მრავალფერთა გულისთქმათაგან შეგინებულ ვიქმენ, და დავისაჯე.

გარეშისა ხოლო განშვენებისა მზრუნველმან, შინაგანი ღვთივქმნული შემკობა უგულებელს-ვყავ.

პირველისა მის ხატისა სიკეთე დავფალ ვნებათა შინა, მპოვე, მხსნელო, დრაჰქმისა მის მსგავსად.

ვითარცა რა მეძავი ვხმობ: შეგცოდე, მხოლომან შეგცოდე შენ, და მიიხვენ ცრემლნი ჩემნი მირონად.

მილხინე მე, - ვიტყვი მეზვერისაებრ, - მაცხოვარ, მილხინე მე, რამეთუ არავის უცოდავს ჩემებრ.
დიდება

სამებასა, ერთსა სამპირებითა, ვაქებ ყოველთა ღმერთსა, მამასა, ძესა და სულსა წმიდასა.
აწ და

უბიწოო დედოფალო ქალწულო, ყოვლად-საგალობელო, ევედრე გულსმოდგინედ, რათა გვაცხოვნნეს.


გალობა გ
ძლისპირი: დაამტკიცე, უფალო, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა, შერყეული გონება ჩემი, რამეთუ ღმერთი მხოლოდ ძლიერ, მართალ და წმიდა-ხარ.

წყლად ცხოველად მოგიგებ დამხსნელსა მაგას სიკვდილისასა და ვხმობ სიღრმით გულისა ჩემისათ პირველ განსვლისა: ვსცოდე, მილხინე და მაცხოვნე.

შეგცოდე შენ, უფალო, შეგცოდე, მილხინე მე, რამეთუ არა ვინ არს ცოდვილი კაცი, რომელსაც არა აღვემატე შეცოდებითა.

ჟამსა მას ნოესსა, მაცხოვარ, ისიძვიდნენ და მათ მივემსგავსე, და დავიმკვიდრე სასჯელი და დავინთქ სიღრმესა შინა.

ქამს მიემსგავსე, სულო, მამისა მბასრობელსა, და არა დაჰფარე შენ სირცხვილი იგი მეგობრისა, ორთა მათ მსგავსად ზურგუკუნ-ქცევით.

ვითარცა ლოთ, ევლტოდე, სულო ჩემო, ცოდვითა დაწვასა, ივლტოდე სოდომით და გომორით, ივლტოდე შენ, ყოვლისა აღძრვისა ვნებულისაგან.

შემიწყალე, უფალო, შემიწყალე მე, რომელი ვღაღადებ შენდამი, ოდეს მოხვიდე ანგელოსთა შენთა თანა, ყოველთა მიგებად საქმეთაებრ მათთა.
დიდება

სამებაო მარტივო, დაუბადებელო, დაუსაბამოო ბუნებაო, სამთა გვამთა შინა ცნობილო, გვაცხოვნენ ჩვენ, მოსავნი სიმტკიცისა შენისანი.
აწ და

მამისაგან უჟამო ძე ჟამიერად შევ, ღვთისმშობელო, თვინიერ თესლისა, ეჰა უცხო, საკვირველი, ქალწულად ჰგიე მაწოვნებელი.


გალობა დ
ძლისპირი: ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსლვისა შენისა და შეეშინა, ვითარმედ შობად ხარ ქალწულისაგან და სახილველ კაცთა მიერ, და ხმობდა: უფალო, მესმა სმენა შენი და შემეშინა, დიდება ძალსა შენსა.

იღვიძებდ, სულო ჩემო, იღვწიდ დიდისა მამათმთავრისებრ, რათა მოიგო საქმე ცნობითურთ და ესრეთ გამოსჩნდე გონებად მხილველად ღვთისა, და ნისლსა საღვთოთა ხედვათასა შეხვიდე და იქმნე დიდ ვაჭარ ვინმე.

საღვთომან მამათმთავარმან შვილ-ისხნა რა ათორმეტნი მამათმთავარნი, საიდუმლო კიბე აღგიმართა შენ საქმითისა აღსვლისა, სულო ჩემო, და შვილნი - საფუძვლად და კიბე - აღსავალად ყოვლად-სიბრძნით წინა-გიყვნა.

მოძაგებულსა მას ესავს ემსგავსე, სულო, და განსცენ მწიხვნელსა შენსა სიკეთენი პირმშოებისანი, და მამულისა დიდებისაგან იჯმენ, და ორ-გზის დააკლდი საქმესა და ხედვასა, ამისთვის შეინანე.

ედომ სახელ-ედუა ესავს გარდარეულისა ბილწებისათვის, სულო, რამეთუ გულისთქმითა შემწვარსა და მარადის გემოთა დამონებულსა ედომ ეწოდა, რომელ არს მხურვალება სულისა ცოდვათა ტრფიალისა.

გასმიეს, ჰოი სულო ჩემო, იობის განმართლება სკორეთა მათ ზედა; რად არა ჰბაძავ შენ მისსა სიმხნესა და მოიგებ სიმტკიცესა მათ შინა, რათა სცნე და ისწავნე და განიცადე შენ, არამედ უთმინო ქმნილ-ხარ!

პირველ საყდართა მჯდომარე, შიშველი სკორეთა ზედა მჯდომარე იყო, შვილმრავალი დ სახელმაღალი მყის უშვილო და უცნაურ იქმნა, რამეთუ პალატად შეერაცხნეს მას სკორენი, ხოლო წუთხნი - მარგარიტად.
დიდება

განუყოფლად არსებითა, შეურევნელად პირებითა ღვთისგმეტყველებ სამხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამწმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა.
აწ და

შობ და ქალწულებ, უხრწნელო, და ჰგიე ორკერძოვე ბუნებით ქალწულად: შობილი განაახლებს ბუნებისა სჯულთა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად, რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი, და ჰყოფს მას, რაცა ენებოს.


გალობა ე
ძლისპირი: ღამითგან ვიმსთობ შენდა, კაცთმოყვარე, განმანათლე მოქენე, და მიძღოდე მე, ტკბილო, მცნებათა შინა შენთა, და მასწავე, სახიერ, ქმნა ნებისა შენისა.

კიდობანი მოსესი გესმა, სულო, ვითარ მიმოაქვნდა მდინარისა ღელვათა, და ვითარ სასძლოთა შინა იშვებდა და განერა მწარესა ბრძანებასა.

ამქმელნი თუ გასმიან, მსრველნი პირველ წულებრივთა ჩვილთანი, ჰოი სულო უბადრუკო, სიწმიდისა საქმითა, ვითარცა დიდი მოსე, სიბრძნითა განიპოხე.

ვითარცა დიდმან მოსე, სულო ჩემო, არა მოაკვდინე შენ მეგვიპტელი გონება, და ვითარ დაემკვიდრო ვნებასა უდაბნოსა სინანულისა მიერ.

უდაბნო დაიმკვიდრა დიდმან მოსე, ემსგავსე, სულო ჩემო, ქცევასა მისსა, რათა მაყვლოვანსაცა შინა, ღვთის გამოცხადებისა ხილვასა მიემთხვიო.

კვერთხი იგი მოსესი ჯვარის სახედ უწყოდე, სულო ჩემო, რომელმან გაჰკვეთა ზღუა და აღზღუდნა მწყურნები, რომლითა უძლო შენცა, ქმნად საკვირველთა ნიშთა.

აარონს მოაქვნდა პირველ ცეცხლი წმიდა, უზაკველი ღვთისა, ხოლო უფნი და ფინეზ შენებრ შესწირნეს, სულო, ყოვლადუცხო ღვთისაგან მწიკვლევანი ცხოვრება.
დიდება

შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა გაქებ სიწმიდითა ქებითა, მამასა უშობელსა, და ძესა შობილსა მისგან, და სულსა გამოსრულსა, მარტივსა არსებითა.
აწ და

შენგან მიიღო ჩემი შემოქმედმან თბე, უხრწნელო ქალწულო და დედაო, რომელმან შეჰქმნა საუკუნენი და შეაყო ღვთაება ბუნებასა კაცთასა.


გალობა ვ
ძლისპირი: ღაღად-ვყავ მე სიღრმითა გულისათა მოწყალისა მიმართ ღვთისა, და ისმინა ჩემი ჯოჯოხეთით ქვესკნელით, და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრება ჩემი.

ღელვათა ჩემთა ცოდვათა, მეუფეო, მეწამულისა ზღვისაებრ აღძრული, დამფარავს მეყვსეულად და დამნთქავს, ვითარ იგი ეგვიპტისა სამდგომთა.

უგულისხმო წინააღრჩევა, სულო, მოიგე ისრაელთაებრ, და მანანასა მის საღმრთოსა აღირჩიე გემოთმოყვარე მაძღრივ-ხმევაი ვნებათა.

ქანანელთა ჯურღმულნი, სულო ჩემო, უმეტეს შეიყუარენ შენ, ვიდრე წყარო კლდისა, რომლისაგან სიბრძნისა ტაკუკი მდიდრად სდის ღვთისმეტყველებასა.

ეშვთა ხორცნი, სიავნი და ჭამადნი მეგვიპტელებრნი, ჰოი სულო, ზეცისათა მათგან აღირჩიენ, ვითარცა უგულისხმომან ერმან პირველ უდაბნოს.

ოდეს მოსე, მსახურმან შენმან, კვერთხი სცა კლდესა, ცხოველსმყოფელი წმიდა გვერდი შენი გამოსახა წინასწარ, რომლისაგან ვსვამთ, ქრისტე, უხრწნელებასა.

განიმსტოვრე შენ, სულო, და განიხილე, ვითარცა ისუ ნავესმან ქვეყანა აღთქმისა და მას შინა მოიგე სჯულიერებით საწადელი მკვიდრობა.
დიდება

სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა და ერთობა ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე და სული ღმერთმთავარი.
აწ და

ღმერთი გვიშვა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივითა, რომელსა, ვითარცა მიზეზსა ყოველთასა, ცხოვრებად ჩვენდა ევედრე, ღვთისმშობელო.

კონდაკი
სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს: აღსასრული მოახლოებულ არს, და გეგულვების აღშფოთება, განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.


გალობა ზ
ძლისპირი: ვსცოდეთ და უსჯულო-ვიქმნენით და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა და არა დავიმარხეთ, და არცა ვყავთ, მეუფეო, ვითარ-იგი შენ მამცენ ჩვენ; გარნა ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, მაღალო მამათა ჩვენთა ღმერთო.

მოღებასა კიდობნისასა შეჰხარეს რა იგი ზვარაკთა მათ, მხოლოდ შეხებისათვის ოდენ რისხულ იქმნა ოზან, არამედ სილაღისაგან მისისა ლტოლვილი, სულო, საღვთოთა შეეხებოდე შიშით.

აბესალომ გასმიეს, სულო, თუ ვითარ ბრძოლ იქმნა ბუნებისა და უწყნი საქმენი მისნი ბილწნი, ვითარ საწოლი მამისა შეაგინა მან, ხოლო შენ მოიძულენ უშვერნი მისნი და უსჯულონი სლვანი.

მთავრებრივი პატივი შენი დაამონე, სულო, ხორცთა შენთა, რამეთუ სხვად აქიტოფელად ჰპოვე მტერი და ერჩდი ზრახვათა მისთა, არამედ დახსნა იგი თავადმან ქრისტემან, რათა წყალობით გაცხოვნოს შენ.

საკვირველმან ბრძენმან სოლომონ, ვრცელმან ფრიად სიბრძნისა მადლითა, წინაშე ღვთისა ოდესმე ქმნა ბოროტი და განსდგა, რომლისა შემდგომსა მას უშვერსა ცხოვრებასა ემსგავსა, სულო, დახსნილი ქცევა შენი.

გემოთაგან დამონებული და ვნებათაგან მწარედ ტყვექმნილი, ჰოი მე, ტრფიალი სიბრძნისა, ტრფიალ იქმნა მეძავთა და უცხო ღვთისაგან, სულო, რომლისა შენ მიემსგავსე გონებითა მედგარსა ბილწებასა.

რობოამის მსგავსად მამულნი განზრახვანი შეურაცხჰყვენ, ხოლო ბოროტისა მის მონისა იერობოამისებრ განდგომილ იქმენ, ჰოი სულო; ევლტოდე მსგავსებასა მათსა და ჰხმობდი: ვსცოდე, შემინდევ, ღმერთო.
დიდება

მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმინდათა მიერ, ნათელი და ნათელნი, სამწმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი, ადიდე, სულო, და ერთღვთაებად ჰმონე.
აწ და

გიგალობთ შენ, თაყვანისგცემთ შენ და გაკურთხებთ შენ, ღვთისა დედაო, რამეთუ ერთი წმიდისა სამებისა ჰშევ ქრისტე, ღმერთი სრული, ჭეშმარიტი და შენ განმიხვენ ჩვენ ქვეყანისათა შესავალნი ცათანი.


გალობა ც

ძლისპირი: რომელსა ძალნი ცათანი აქებენ, და სძრწიან მისგან ქერუბიმ-სერაფიმნი, ყოველი აღგებული ყოვლით სულითურთ სძნობდით, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ოზიას მიმსგავსებითა, ჰოი სულო, მრჩობლ გაქვს: შენ შორის კეთროვანებაცა მისი, ბილწთა საქმეთა წურთითა და უსჯულოთა ქმნითა; დაუტევენ ესენი და შეიტკბე სინანული.

გასმიეს ნინეველთა შევრდომა ღვთისა ძაძითა და ნაცრითა, სულო, რომელთა არა ჰბაძავ, არამედ გამოსჩნდები უძვირეს ყოველთავე, პირველთა და შემდგომთ სჯულისათა.

მწვირისა ჯურღმულსა შინა გასმიეს, სულო, სიონისათვის იერემია გოდებისა მთხზველად და ცრემლთა მაძიებლად: მიემსგავსე ტირილით ცხოვრებასა მისსა და სცხოვნდე.

იონა თარშედ ივლტოდა, რამეთუ ვითარცა წინასწარმეტყველმან, უწყოდა ნინეველთა მოქცევა და ღვთისა მოწყალება, და თქმულთა მათ თვისთა არა განცრუებად იღვწიდა.

დანიელ მღვიმესა შინა გასმიეს ვითარ დაუყვნა, სულო, პირნი მხეცთანი და უწყი, ვითარ ყრმათა აზარიელთ ალი მძაფრისა მის ცეცხლისა დაშრიტეს სარწმუნოებით.

ძველისა აღთქმისანი ყოველნივე სახედ მოგართვენ, სულო, რათა ემსგავსო მართალთა საქებელსა საქმესა და ევლტოდე ხენეშსა მას და ბილწსა ცოდვასა უკეთურსა.
დიდება

ღმერთო მამაო და თანაღმერთო ძეო და ნუგეშინის-მცემელო სულო წრფელო; უშობელო მამაო და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო გამოსრულო სამობით ერთო, მაცხოვნე.
აწ და

სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი ღვთივ-გვამოვანთა ხორცთა მეუფისათა მოიქსოვა, უხრწნელო, საშოსა შინა შენსა, ამისთვისცა საკუთრად ღვთისმშობლად გქადაგებთ შენ.


გალობა თ
ძლისპირი: უთესლოდ მიდგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა მუცლად-იღებს უხრწნელად, რამეთუ ღვთისა შობა სცვალებს ბუნებისა წესთა, ამისთვის შენ ყოველნი ტომნი, ღვთისა სძალო და დედაო, დაუდუმებლად გადიდებთ.

ქრისტე განიცდებოდა, ხოლო ეშმაკი განსცდიდა: ქვათა რქუა მას, რათა პურად შესცუალნეს; მთად აღიყუანა იგი ხილვად წამსა შინა ერთსა მეფობათა ქვეყანისათა; სძრწოდე, სულო, და მარადის მღვიძარე შემწე-იყოფდ ღმერთსა.

გვრიტმან უდაბნოსამან, ხმამან ღაღადებისამან, ქრისტეს სანთელმან, ჰქადაგა სინანული, ხოლო იროდი უღმრთო იქმნა იროდიას თანა; იხილე, უბადრუკო სულო, და ნუ დაეცემი შენცა, არამედ შეიტკბე მოქცევა.

უდაბნო დაიმკვიდრა მადლისა წინამორბედმან და სამარია ჰურიასტანისა თანა შემოკრბებოდეს მისდა, და ესრეთ აღუარებდეს ცოდვათა და ნათელს იღებდეს, არამედ შენ, სულო ჩემო, არა ოდეს მიემსგავსე მათ.

ქორწილი წმიდა არს და საწოლი - შეუგინებელ, რამეთუ ქრისტე ორგზის აკურთხა იგი, ხორცითა რა ისერა და მისრულმან ქორწილსა მას ღვინოდ შესცვალა წყალი, და ესე პირველ ნიშნად აჩვენა, რათა შენცა შეგცვალოს, სულო.

აღმღებელი ცხედრისა განრღვეული შეამტკიცა, ხოლო ჭაბუკი მომკვდარი აღადგინა, ძე ქვრივისა დედისა და კვალად ასისთავისა; სამარიტელსა რა ეზრახა, სულიერი მსახურება წინასწარ დაგისახა, სულო.

წიდოვანი განკურნა, შე-რა-ეხო ფესვსა მისსა; და კეთროვანნი განსწმიდნა და ღრეკილნი და ბრმანი განმართნა და განანათლნა; ხოლო ყრუნი და უტყვნი და დაღონებულნი სიტყვით განკურნა უფალმან, რათა შენცა გაცხოვნოს, სულო.
დიდება

მამასა თაყვანის-ვსცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთა და ცხოველსა და ცხოველსმყოფელსა ყოველთასა.
აწ და

უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი ესე შენ მიერ მეფობს საღვთოდ; შენ მიერ მოაქვს ძალი და შენ მიერვე სძლევს მტერთა; ზესთა ექმნების განსაცდელთა, მბრძოლთა გარემიაქცევს და ჰმართებს განსაგებელთა თვისთა.

ლოცვა ანდრიასი
ანდრია სამ-გზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის ევედრე, რომელნი მხურვალედ გიგალობთ შენ, რათა ვიხსნნეთ ჩვენ რისხვისა იწროებისა და აურაცხელთაგან ცოდვათა, რომელნი სარწმუნოებით გხადით შენ.


იხილეთ ასევე:

წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი - ორშაბათის საკითხავი

წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი - ოთხშაბათის საკითხავი

წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი - ხუთშაბათის საკითხავი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.05.2019
ტროპარი:   სვეტ-იქმენ მართლმადიდებლობისა საღმრთოთა დოღმატთა მიერ დამამტკიცებელ ეკლესიისა, მღვდელმთავარო ათანასე,
15.08.2017
ეს არის წმინდა გიორგის სიკვდილისწინა ლოცვა, რომელიც სულის სიღრმემდე შეგძრავთ. ეს უდიდესი წმინდანი უფალს მადლობას სწირავს იმ მოთმინებისთვის, რაც წამების ჟამს მომადლა
01.07.2016
კონდაკი 1

კრავისა მიერ უბიწოჲსა აღრჩეულნო ქადაგნო, რომლისთჳსცა დაიკლვენით, ქრისტეს ღმრთისა ყოვლადდიდებულნო მოციქულნო პეტრე და პავლე!
08.06.2016
ტროპარი: ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
07.06.2016
ტროპარი: ვითარცა საღმრთო საუნჯე დაფარული ქვეყანასა ზედა, ქრისტემან გვიჩუენა ჩუენ თავი შენი, წინამორბედო და ნათლისმცემელო,
16.04.2016
აღსარების წინ საკითხავი ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ. ამინ.
07.04.2016

"ღირს არს"-ის ნაცვლად საკითხავი საგალობელნი სრულიად წელიწადსა შინა

ბზობის კვირას
ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩუენ დღეს,
22.03.2016
უფალო, შეიწყალენ სულიერი მამა, მოძღვარი და მასწავლელი ჩემი (სახელი), იჴსენ იგი ყოვლისაგან ბოროტისა, განსწმიდე იგი ყოვლისაგან ბიწისა და მოჰმადლე მას ჴორციელი და სულიერი სიმრთელე და დაიფარე ლოცვითა წმიდათა ანგელოზთათა და ნუ დასჯი ცოდვათა ჩემთათჳს.
21.03.2016
ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთჳს თავს ისხნეს,
20.02.2016
მეზვერისა და ფარისევლის კვირა

კონდაკი: ვევლტოდეთ ფარისევლისა მის სიმაღლესა და ვისწავოთ მეზვერისა იგი სიმდაბლე
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
14 აგვისტოდან იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის მადლით იყო გაბრწყინებული. მოციქულთა მსგავსად, იგი სიტყვითა და ლოცვით განამტკიცებდა ქრისტიანულ ეკლესიას.