სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის საბოლოო სიტყვა სასამართლო პროცესზე – "მე შევასრულე ჩემი მოვალეობა"
 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის საბოლოო სიტყვა სასამართლო პროცესზე – "მე შევასრულე ჩემი მოვალეობა"
გთავაზობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა ამბროსის აღმსარებლის (ხელაია) საბოლოო სიტყვას, წარმოთქულს მის სასამართლო პროცესზე 1924 წლის 16 მარტს. იმავე წლის 19 მარტს საქართველოს სსრ-ს უზენაესმა სასამართლომ უწმინდესსა და უნეტრესს ამბროსის მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, სასტიკი იზოლაციით და ქონების კონფისკაციით.ერთი წლისთავზე, უკვე ძლიერ დაუძლურებულს შეეხო ამინისტია. საბოლო ჯამში წმინდა პატრიარქმა პატიმრობაში დაჰყო ორი წელი და ორი თვე.

"სანამ რამეს ვიტყოდე იმ დანაშაულების შესახებ, რომელიც მე მედება, საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო, რომ ჩვენ ღვთისმსახურნი ქრისტიანული სწავლა-მოძღვრების მიხედვით ვალდებულნი ვართ, დავემორჩილოთ "ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა" (რომ. 13,1), რადგანაც ხელმწიფებასა შინა მყოფნი "მსახურნი ღმრთისანი არიან" (რომ, 13,6), მათთვის უნდა ვილოცოთ (1, ტიმ. 2,2) და მათზე არა ვსთქვათ ბოროტი (საქ. მოციქ. 23,5), მაგრამ ბოროტის არა თქმა იმას არ ნიშნავს, რომ მათ მოქმედებას კრიტიკის თვალით არ შევხედოთ, მათი შეცდომები არ აღვნიშნოთ. ამისთვის ჩემს სიტყვაში მთავრობის შეცდომების აღნიშვნის დროს თუ რამე არამართებული წამომცდეს, გთხოვთ, ეს ჩარიცხოთ უნებლიე შეცდომათ, ანუ მიიღოთ უბრალო  "ლაფსუს ლინვაედ"-დ და ბოროტ განზრახულების ხასიათი არ მისცეთ. მე სახეში მყავს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.

ჩვენ – საკათალიკოსო საბჭოს მთელ შემადგენლობას – ბრალად გვედება ის, რომ არ შევასრულეთ მთავრობის წინადადება, გაგვეგზავნა წარმომადგენელი ყოფილი სამხედრო ტაძრის ჩამორთმევის დროს დასასწრებლად და რომ არ მოვისურვეთ ჩვენის ხელით ჩაგვებარებინა იგი არა სარწმუნოებრივი მიზნებისათვის მოსახმარად. საკათალიკოსო საბჭომ ეს თავისთვის ჩასთვალა მიუღებლად, რაც მას ჩამოერთვა წინააღმდეგობის გაწევად, მოღალატეობად, აჯანყებისაკენ ხალხის მოწვევად და სხვ. ამნაირი ბრალდების არსებობა მე გავიგე მხოლოდ უკანასკნელი დაკითხვის დროს და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ვერ გამიგია, საიდან შეიძლება ამნაირი დასკვნის გამოყვანა.

რელიგია არ არის სახელმწიფოსაგან წარმოშობილი და დაწესებული. მას აქვს თავისი დამოუკიდებელი საფუძველი არსებობისა, სახელმწიფო და ეკლესია ამის გამო ორი სხვადასხვა დაწესებულებაა, მათ აქვთ სხვადასხვა სფერო მოქმედებისა. თავისი დანიშნულების ასრულებაში ორივე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია. სახარების დევიზია: "კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა." სახელმწიფო ეკლესიურ შინაურ ცხოვრებაში არ ერევა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთისაგან გამოყოფილია. დაე, გამოყოფილ ეკლესიას წაართვან ყველა უფლებები იურიდიული პიროვნებისა, მას მაინც დარჩება ერთი სფერო თავისუფალი მოქმედებისა, ერთი კუთხე, თავისი წმიდათა წმიდა, რომელშიაც სახელმწიფო არ უნდა შეიჭრას. ეს არის მისი შინაური რელიგიური ცხოვრება, რომელიც ექვემდებარება ღვთისაგან დაწესებულ ნორმებს. ვინც ეკლესიის მსახურთაგანი ამას გადაუხვევს, ის მოღალატეა სარწმუნოებისა. ამის გამო ამნაირ შემთხვევებში, როგორც გეუბნება ქრისტიანული სწავლა-მოძღვრება, ჩვენ ვალდებულნი ვართ ვემორჩილოთ უფრო ღმერთსა, ვიდრე კაცთა (საქ. მოც. 5,29). ეს ნორმები ეკლესიური ცხოვრებისა, ამნაირიურთიერთობა სახელმწიფოს და ეკლესიას შორის მიღებულია ყველა საქრისტიანო ქვეყნებში და არ გვეგონა, თუ ჩვენი მთავრობა ამას არ გაუწევდა ანგარიშს. ამ თვალსაზრისით ვსთქვით, რომ წინადადება ჩვენთვის მიუღებელი იყო, ვინაითგან იმის მიღებით ჩვენ გავხდებოდით ღვთის დადგენილების და სარწმუნოების მოღალატენი. ეს არის და ეს. ჩვენ აზრათაც არ მოგვსვლია, რომ ჩვენს ამნაირ კანონიერ განცხადებას მთავრობა მიიღებდა საწინააღმდეგოდ. მით უმეტეს, რომ ტაძარს ჰყავდა თავისი წინამძღვარი, რომლის განკარგულებაში იყო ეკლესიის ქონება და რომელიც თავისთავად იყო სასულიერო მთავრობის წარმომადგენელი. საქართველოში დაიკეტა 1200-ზე მეტი ეკლესია, ზოგი მთლად დანგრეულ იქმნა, მაგრამ არც ერთის შესახებ სასულიერო მთავრობისათვის არც კი შეუტყობინებიათ და რაღა სამხედრო ტაძრის ჩაბარება არ შეიძლებოდა უკათალიკოსო საბჭოთ?! გვცოდნოდა, რომ ჩვენს, ჩვენის თვალსაზრისით კანონიერ განცხადებას, საერო მთავრობა მიიღებდა საწყენათ, ჩვენ სხვანაირათ გამოვსთქვამდით ჩვენს აზრს და წინააღმდეგობას არ გავუწევდით. ამას წინათ რამდენიმე ჯარისკაცმა-ბაპტისტმა, განაცხადა, რომ მათ სარწმუნოება უკრძალავს ჯარში სამსახურს და ეს განცხადება სამხედრო სასამართლომ სცნო პატივსადებად და გაათავისუფლა ისინი სამხედრო ბეგარის მოხდისაგან. დარწმუნებული ვარ, უზენაესი სასამართლოც ასე შეხედავს ჩვენს განცხადებასაც და ამისთვის ამის შესახებ მეტის თქმა მიმაჩნია საჭიროთ.

1) დანაშაულად მითვლიან იმასაც, რომ მცხეთის და სიონის ტაძრების განძეულობის დამალვა ვიცოდი. ამნაირი ბრალდება მიმაჩნია გაუგებრობად, ვინაითგან ნივთების ქუთაისში წაღების დროს მე ვმსახურებდი სოხუმში და ნივთების დამალვა მოხდა უჩემოდ;

2) არც ჩემი და არც სხვების ჩვენებიდან არ სჩანს, რომ ეს მე ვიცოდი ნივთების აღმოჩენამდე. საიდან და როგორ არის ეს ბრალდება შეთხზული, არ ვიცი და

3) მართლაც რომ ვყოფილიყავი დამალვის მონაწილე, მაშინაც ვერ ჩავთვლიდი ჩემს თავს დამნაშავედ, ვინაიდგან სამღვდელოება მოვალე იყო, ეზრუნა ეკლესიის ქონების დაცვისათვის და უხსოვარ დროიდან არეულობის და მტრების შემოსევის დროს განძეულობის დაცვისათვის მიმართავდნენ ამ საშუალებას. ამან შეგვინახა იგი, როდესაც მისი გადატანა მოხდა ქუთაისში, ეს განძეულობა არ შეადგენდა მთავრობის კუთვნილებას. ეს მოხდა ძველი მთავრობის დროს, როდესაც ეკლესიას არ ჰქონდა ჩამორთმეული საკუთრების უფლება. თუნდაც ჩამორთმეული ჰქონოდა, მაშინაც სამღვდელოების მოვალეობა იქნებოდა, რადგან მის ხელში იქნებოდა მისი მოვლა-დაცვის საქმე. ამის შემდეგ განსაცვიფრებლად მიმაჩნია საბრალდებო, ოქმში ხმარება სიტყვის "გატაცება", მეტის თქმას ამის შესახებ არ ვსთვლი საჭიროდ.

უმთავრესი ბრალდება ჩემს საწინააღმდეგოდ წამოყენებული, როგორც საბრალდებულო ოქმიდან სჩანს და როგორც პროკურორის სიტყვიდანაც მესმა, არის კონტრევოლუცია. ჩემი კონტრევოლუციონერობა გამოიხატა გენუის კონფერენციაზე ჩემ მიერ წერილის გაგზავნაში, მაგრამ არ მესმის რა იყო კონტრევოლუციონერული ჩემს წერილში. ნუთუ ის ერთადერთი ძირითადი დებულება, რომ თითოეულმა ერმა თავისი საქმეები მოაწყოს ისე, როგორც ეს მას უნდა, მაგრამ ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის? უკანასკნელმა საერთაშორისო ომმა ბევრი უბედურება მოუტანა კაცობრიობას, მაგრამ მანვე ამართა დროშია, რომელზედაც მსხვილის ასოებით წააწერა: "მცირე ერების თვითგამორკვევის უფლება." ეს ლოზუნგი იმდენად აღმაფრთოვანებელი, სანეტარო და სასიხარულო იყო, რომ მისთვის ანგარიში უნდა გაეწიათ. ასეც მოხდა. თვით ნიკოლოზ მეორის მთავარსარდალი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ერებისადმი თავის მიმართვაში ამბობს, რომ ის იბრძვის ამ ლოზუნგის განხორციელებისათვის. მეტყვით, ეს განცხადება არ იყო გულწრფელიო და მეც სავსებით გეთანხმებით, მაგრამ აქ მნიშვნელობა აქვს არა იმას, გულწრფელი იყო ეს განცხადება თუ არა, არამედ იმას, რომ მთავარსარდალი იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია ცხოვრების სინამდვილისათვის, ეღიარებია ის, რასაც თვითონაც არ თანაუგრძნობდა, დიახ, ის წამოაყენა ცხოვრებამ და მას ყველაზე უწინ ანგარიში გაუწია სოციალისტურმა მიმართულებამ, მაგრამ სტალინის სიტყვით, მეორე ინტერნაციონალმა და მისმა ლიდერმა კაუცკიმ ეს ლოზუნგი ჩამოაქვეითეს ავტონომიამდე, ხოლო პოლიტიკური და ეკონომიური მხარე დაუტოვეს ისევ გაბატონებულ ერებს. საბჭოთა ხელისუფლებამ კი გააფართოვა ის მცირე ერებისათვის პოლიტიკურად გამოყოფის უფლების მინიჭებამდე.

აი, ეს თვითგამორკვევის უფლება თხოულობს, რომ თითოეულმა ერმა თავისი ცხოვრება და მართვა-გამგეობა მოაწყოს ისე, როგორც თვითონ მოისურვებს და თუ სტალინის სიტყვა შეიცავს ჭეშმარიტებას, თუ საბჭოთა ხელისუფლებამ გააფართოვა თვითგამორკვევის ლოზუნგი და მცირე ერებს უბოძა უფლება პოლიტიკური გამოყოფისა, თავისუფლება-სუვერენობისა, მაშინ ცხადია თვით გამორკვეული და სუვერენული ერისათვის თავისუფლების წართმევა ამ ლოზუნგის დარღვევად უნდა ჩაითვალოს. მეტი არც მე მითქვამს რა.

მე არ ვეკუთვნი არცერთ პარტიას, ჩემთვის სულერთია რომელი პარტიის ხელში იქნება მართვა-გამგეობა, რომელს ექნება ძალაუფლება და რომლის დიქტატურა იქნება დამყარებული. ამის განხილვაში შესვლა ჩემი საქმე არ არის. მხოლოდ მრწამს და სასურველად მიმაჩნია მართვა-გამგეობა დამყარებული იყოს ხალხის ნებისყოფაზე და თვითგამორკვევაზე, ხალხის სურვილი ჩემთვის კანონია. ამ სურვილზე დამყარებული წეს-წყობილება მარგებელია ხალხის ეროვნული მთლიანობისათვის და მისი კულტურულად წინმსვლელობისათვის. მე არ გამეგონა, რომ მომხდარიყოს ხალხის დაკითხვა ამის შესახებ და ამის გამო, როდესაც პირველი დაკითხვის დროს დამისვეს კითხვა, არჩეულია თუ არა ხალხისაგან ახლანდელი ჩვენი მთავრობაო, მეტი რომ არ მეთქვა, ვუპასუხე: არ ვიცი მეთქი. როდესაც დამკითხველმა საყვედურით მითხრა, როგორ, ინტელიგენტმა კაცმა არ უნდა იცოდე, რომ წარსულ თებერვალს (ეს იყო 1922 წელს) იყო ყრილობა და მან აირჩიაო, მე ბოდიში მოვიხადე და მხოლოდ შევნიშნე, რომ მაშასადამე 1921 წ. თებერვლიდან 1922 წ. თებერვლამდის – ერთი წლის განმავლობაში – აურჩევლად უმსახურნია მეთქი. და ასეც უნდა ყოფილიყო, ვინაიდგან ერთი წელიწადი საჭიროც იქნებოდა ხალხის დაწყნარებისა და თვითგამორკვევისათვის. ჩვენ, ეკლესიის მსახურნი კი იმ აურჩეველ მთავრობასაც ვცნობდით, ვინაითგან ანგარიშს ვუწევდით ფაქტს – ეროვნული მთავრობის არსებობას და არ შევდიოდით კანონიერება-უკანონობის განხილვაში…

…მახსოვს პუციკოვიჩის გეოგრაფია, რომელშიც თითოეული კუთხის აღწერა დასურათებული იყო ადგილობრივ მკვიდრთა ტიპებით. ველიკორუსი გამოყვანილია: დიდი, ახოვანი, კმაყოფილი სახით და ამაყი გამომეტყველებით და ქვეშ მიწერილი ჰქონდა: "Хозяин земли русской". სხვა ეროვნებათა წარმომადგენელი იყო მონის და დაჩაგრულის გამომეტყველებით. თვით სკოლა აწვდიდა ხალხს ამ დიდმპყრობელობით იდეას და რა გასაკვირია, რომ მისი მისწრაფებათ იქცა ყველასათვის ეცქირათ, როგორც მონებისათვის, მათ ქვეშევრდომთათვის. ოცდაათიოდე წლის წინათ მოწმე გავხდი შემდეგი სანახაობისა: ქ. სოხუმის ბულვარი, ზღვის პირად მრავალი მოსეირნე. აქვე დგას ორი რუსი ძალზე შეზარხოშებული. ერთი მათგანი უჩვენებს თოვლიან მთებზე და ეუბნება მეორეს: "Эти горы наши… Все народы там живушне наши подданные и все здесь гуляющие нам подчинены". და დააბოლოვა იმნაირი სიტყვებით, რომლების მოყვანა აქ არ შეიძლება.

1905 წ. მე ვიყავი დონის ოლქში და, როდესაც გავრცელდა ხმა, რომ კავკასიაში, საქართველოში გამოცხადდა თავისუფლება რუსეთის ბატონობიდან, ხშირი იყო შემთხვევა, რომ მეკითხებოდნენ როგორც ქართველს, ნუთუ მართლა საქართველო გამოეყოფა რუსეთსო. ეს შეუძლებლად მიაჩნდათ. მით უფრო, რომ ადგილობრივი რუსობაც ასე ფიქრობდა. როდესაც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მართლა დაარსდა საქართველოს რესპუბლიკა, სოხუმის რუსობა ვერ ურიგდებოდა საქართველოს თავისუფლებას. დიდი თუ პატარა, ნასწავლი თუ უსწავლელი, ყველა გაიძახოდა: "როგორ შეიძლება საქართველო იყოს თავისუფალი, ეს დროებითია, მოვა ჩვენი ჯარი და ისევ დავიმორჩილებთო. საქართველოს თავისუფლება სასაცილოდ მიაცნდათ, მას ასახელებდნენ: "Кукурузная республика " ანუ "Республика на 1 1/2 часа". ბატონობის იდეაზე აღზრდილი ბუნებრივათ გულკეთილი ადგილობრივი რუსი მოსურნე იყო ბატონობისა და თანასწორობას ვერ გუობდა.

…მაგრამ ძნელი სათქმელია ქართველი კომუნისტები, ვისი სურვილის აღმასრულებელნი იყვნენ ერთი კი ცხადია, მათ სურდათ საქართველო შესულიყო დიდი რუსეთის ფარგლებში…

…მათ არ სწამდათ საქართველოს თავისუფლება. გაზეთ "კომუნისტის" ერთ-ერთ შარშანდელ თუ შარშანწინდელ ნომერში ნათქვამია, რომ რევოლუციონერული თვალსაზრისი მოითხოვდა თავის დროზე ტფილისზე დაკვრას და პოლონეთზე გალაშქრებასო. გამოდის, რომ რევოლუცია თხოულობს ერისათვის თავისუფლების წართმევას. იმავე გაზეთის შარშანდელ ნოემბრის ერთ ნომერში (№263) ესევე აზრი უფრო ცხადად არის გამოთქმული. იქ ნათქვამია, რომ საქართველოს თავისუფლება კომუნისტური თვალსაზრისით არ იყო მისაღები, საქართველოში თავისუფლად დათარეშობდნენ იმპერიალისტური ჯარები, რაც დიდ საფრთხეს უმზადებდა რუსეთს და სხვა მეზობელ საბჭოთა რესპუბლიკებს, ამისათვის რუსეთის წითელი არმიის 11 თებერვლის ისტორიული ნაბიჯი მარქსისტულად გაგებული რევოლუციონერული ომების თეორიის მიხედვით გამართლებული ხდებაო."

მე არ ვიცი მარქსისტულად გაგებული რევოლუციონერული ომების თეორია და ამის შესახებ ვერას ვიტყვი, მხოლოდ შევნიშნავ, რომ სახიფათოდ და მოლიპულ გზაზე დადგომად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ საქართველოს მდგომარეობა საშიში იყო რუსეთისათვის… ეს ერთი. მეორეთ უნდა აღვნიშნო, რომ თავისუფლება თავისთავად არასდროს არ უნდა იყოს დასაგმობი. ის ყოველთვის სასურველია. არ ყოფილა ხალხი, რომელიც მას შეხაროდა, არ ეძებდა, რომლის მიღწევა არ მიაჩნდა ბედნიერებად. შესაძლებელია, საქართველოს ყოფილმა მთავრობამ ვერ მოიხმარა იგი, როგორც ამას რიგი მოითხოვდა, მაგრამ აქ თავისუფლება რა შუაშია. თუ ძველი მთავრობის დროს საქართველოში იმპერალისტური ჯარები თავისუფლად დათარეშობდნენ, დე, ახლა მთავრობამ აიღოს ეს თავისუფლება და განახორციელოს ის, როგორც საჭიროა, დე, ახალი სუვერენული რესპუბლიკის მთავრობის ხელში ნუ ითარეშებენ იმპერიალისტური ჯარები და საქართველოს თავისუფლება ნუ იქნება საშიშარი სხვა ერებისათვის. ეს იყო ჩემი აზრი და არა ახალი ხელისუფლების უარისყოფა, მაგრამ… აქ დავუსვამ მრავალწერტილს და გავჩუმდები. მხოლოდ არ შემიძლია, არ ავღნიშნო ის გარემოება, რომ საქართველოს თავისუფლება კომუნისტების ერთ ნაწილს მიაჩნდა სასაცილოდ და მასხრად აგდებდა, ერთი რუსული ასოებით დაბეჭდილი გაზეთი "Правда Грузии"… ამნაირად იხსენიებდა მას: "თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული და ნეიტრალური ზურნა." აქ საჭირო არ არის კომენტარები. ყველა ეს სრულიად არაფერში არ ეთანხმება ხალხის თვითგამორკვევის და პოლიტიკურად გამოყოფის უფლებას, პირიქით. პირდაპირი მისი უარყოფაა. შეიძლება ვცდებოდე, რადგან მარქსისტული თეორია ჩემს სპეციალობას არ შეადგენს, მაგრამ არცოდნა არცოდვააო ნათქვამია და ამისთვის მომეტევება.

მიუხედავად ზემონათქვამისა, მე მეუბნებიან, რომ ჩემი გამოსვლით ვითომ ვუღალატე ჩვენს მთავრობას, სახელი გავუტეხე მას, გავაბიაბრუე, არ უნდა მიმემართა გენუის კონფერენციისათვის, რომ ჩემის მიმართვით მე მინდოდა გამომეწვია ინტერვენცია, ევროპის შეიარაღებული ჯარებით ჩარევა საქართველოს საქმეებში, თითქოს ამით მე ხელი შევუშალე ჩვენს იქ წარმომადგენელს მის საქართველოს საკეთილდღეოდ ზრუნვაში. ამნაირი ბრალდება მე მიმაჩნია გაუგებრობის ნაყოფად და ამის გამო უსამართლობად. მე ჩვენი მთავრობის საწინააღმდეგო არა მითქვამს რა…

ჩემი წერილი მიმართული იყო დიდმპყრობელობის წინააღმდეგ და ეს ცხადად არის მასში გამოთქმული. ერთი სიტყვითაც არ დამიგმია ახალი ხელისუფლება საქართველოში, პირიქით, იქ გამოთქმულია, რომ მე არ შევდივარ იმის განხილვაში, როგორი უნდა იყოს მართვა-გამგეობა, რადგან ეს ჩემი საქმე არ იყო. წერილი დაწერილია ახალი ხელისუფლების არსებობის წლისთავზე, ხოლო ჩვენი ქრისტიანული მოძღვრებით ყოველი დამკვიდრებული მთავრობა განუკითხავად უნდა ვიცნათ და ვემორჩილოთ ყოველი სამოქალაქო ხასიათის საქმეებში. ამის გამო, ცხადია, მე მინდოდა დამოუკიდებლობა უკვე დამყარებული მთავრობისათვის. გენუის კონფერენცია მე წარმოდგენილი მქონდა, როგორც სახელმწიფოების წარმომადგენლების კრება, მოწვეული მშვიდობიანი მოლაპარაკებისათვის -კრება, რომელსაც საგნად ჰქონდა მცირე ერების პრეტენზიების განხილვა და ამისთვის ვფიქრობდი, რომ ყველას ჰქონდა უფლება მიემართა მისთვის თავისი აზრის გამოთქმით. მე ვიცი, რომ იქ იყო ჩვენი წარმომადგენელიც, რომელიც, დარწმუნებული ვიყავი, დაიცავდა ჩვენი ქვეყნის სუვერენობა-თავისუფლებას და რომელსაც ამაში ეჭირვებოდა დახმარება. ამ შემთხვევაში კი ჩემს წერილს შეეძლო რამდენადმე მაინც გაეადვილებია ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. თუ ის იყო საქართველოს წარმომადგენელი მხოლოდ სიტყვით, საქმით კი გამოდიოდა დამატებათ რუსეთის წარმომადგენლისა და დამცველად დიდმპყრობელობისა, მაშინ, რასაკვირველია, წერილი მას სამსახურს ვერ გაუწევდა, მაგრამ ეს უკანასკნელი არც იყო მიზანი წერილისა და, მაშასადამე ამაში არ შემიძლია ვიყო პასუხისმგებელი. ყველა ამის შემდეგ მე კიდევაც მიკვირს, რისთვის მასამართლებს საქართველოს უზენაესი სასამართლო და არა რუსე- თისა, მაგრამ ვინც უნდა გამასამართლოს – საქართველოამ იმისთვის, რომ მე ვიცავ ეროვნული ეკლესიის და ერის თავისუფლებას, თუ რუსეთმა იმისათვის, რომ ხმა ამოვიღე დიდმპყრობელობის წინააღმდეგ, სულ ერთია, ორივე შემთხვევაში ცხადად მტკიცდება, რომ საქართველო არ არის თავისუფალი რესპუბლიკა და მოქმედებს გარეშე დირექტივებით…

…სანამ კაცი კაცისთვის, როგორც ამბობენ რომაელები, მგელია, ჯარების ყოლა, რასაკვირველია, საჭიროა, მაგრამ ეროვნული თვალსაზრისით მოითხოვს, რომ ჯარი იყოს უსათუოდ ეროვნული.

მქონდა თუ არა უფლება მე, როგორც სასულიერო პირს, შევხებოდი კითხვებს, რომელნიც წამოყენებულნი არიან ჩემს წერილში? მეუბნებიან, რომ ჩემს უფლებებს გადავამეტე, რომ მე არ მქონდა უფლება გავრეოდი პოლიტიკაში და ამომეღო ხმა. არ ვიცი მაქვს თუ არა საბჭოთა ხელისუფლების თვალსაზრისით რაიმე მოქალაქეობრივი უფლება, მაგრამ ის ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენ თვითონ ვცდილობთ ცხოვრებაში გავიყვანოთ პრინციპები: "კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა" – ამის გამო არ ვერევით სახელმწიფო წყობილებისა და მართვა-გამგეობის საქმეში, მთავრობის უარყოფასა და წინააღმდეგობაში და სხვ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირში წყალი ჩავიყენოთ და არა ვსთქვათ რა, როდესაც ვხედავთ უსამართლობას, გარეშე ძალების მოძალებას, ხალხის შევიწროებას, ერისთვის საზიანო შეცდომებს და საზოგადოთ არ ვიტვირთოთ ხალხის სამსახური, მისი ინტერესების დაცვა და მისი მწუხარების საგანი არ ვამცნოთ ქვეყანას. ყველა ამას ქრისტიანული მოძღვრება არ გვიკრძალავს. ქრისტეს ებრალებოდა ერი, მას ემსახურებოდა და მასზე ზრუნავდა, ამბობდა ხშირად: "მეწყალის ერი ესეო" (მარკ. 8,2). "ნუ დაიდუმებთ ერისთვისაო," გვეუბნება ჩვენი მოძღვრება და ამის აღსრულებას პირნათლად მისდევდა სამღვდელოება. გადაათვალიერეთ ისტორია და თქვენ იქ დაინახავთ ამის აუარებელ მაგალითებს. მოიგონეთ ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი და მათი გამოსარჩლება ხალხის კეთილდღეობისათვის, მათი ბრძოლა ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან, მის უსამართლობასთან, მოიგონეთ ამბროსი მედიოლანელი, რომელმაც მრისხანე იმპერატორი თეოდოსი არ შეუშვა ეკლესიაში მისგან თესალიაში მოხდენილი სისხლისღვრის გამო და მრავალი სხვა. გადახედეთ საქართველოს ისტორიას და აქაც დაინახავთ უამრავ მაგალითს, სამღვდელოების ბრძოლას არსებული წყობის და ერის ინტერესების დასაცავად ამქვეყნიურ ხელისუფალთა მძლავრებისაგან. სამღვდელოება ყოველთვის იყო დამცველი საქართველოს თავისუფლების იდეისა. რამდენად მოურიდებელნი იყვნენ მღვდელმთავარნი ამ შემთხვევაში, გვიჩვენებს შემდეგი მაგალითი. იმერეთის მეფე სოლომონ დიდის მემკვიდრე, ალექსანდრე, ურწმუნოებისა და სხვა დანა- შაულობებისათვის სამღვდელო კრებამ განკვეთა ეკლესიიდან და, როდესაც ის მიიცვალა, აუკრძალა მისი ქრისტიანული დამარხვა. ის დაასაფლავეს წესის აუგებლად ეკლესიის და სასაფლაოს გარეშე. თვალცრემლიანი მეფე სოლომონ დიდის მუდარებამ და თხოვნამ ვერ გაჭრა, ვერ შეაშინა მღვდელმთავართა კრებული. მოიგონეთ ანტონ ჭყონდიდელი და მისი გამოსვლა ტყვეთა ყიდვის წინააღმდეგ, რაც იმერეთის მეფეს და გურია-სამეგრელოს მთავრებს გადაქცეული ჰქონდათ სახელმწიფოს მართვის სისტემად, როგორც სავალდებულო ბეგარა. აუარებელი ახალგაზრდა ქალ-ვაჟი იგზავნებოდა სტამბულში სულტანისათვისაც ყოველწლობით. კრებამ ძალა დაატანა მეფეს და მთავრებს და ხელწერილი დაადებინა ამ სენის მოსპობისათვის. განსაკუთრებითი აღსანიშნავია რუსების დასავლეთ საქართველოში დამკვიდრების ხანა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში. ამ დროს ეკლესიის და ერის თავისუფლების დამცველებათ გამოდიან ქუთათელი და გაენათელი და ხალხის აჯანყებას სათავეში უდგებიან. ორივე გაამგზავრეს რუსეთისაკენ, მაგრამ მხოლოდ გენათელმა ექვთიმემ ჩააღწია ნოვღოროდში, სადაც ის უნდა დაებინავებინათ. იმპ. ალექსანდრე პირველმა მოისურვა მისი ნახვა, ჩაიყვანეს პეტერბურღში, იმპერატორმა დიდი ზეიმით და პატივით მიიღო, მაგრამ ამისთვის არ მოერიდა ემხილებია საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისათვის და სამშობლოს დამცველების წამებისათვის, მას უწოდა ახალი ნერონი. ეს იყო მიზეზი, რომ ის გააგზავნეს სვირის მონასტერში ოლონეცკის გუბერნიაში, სადაც განისვენა და დასაფლავებულია.

ამნაირად როგორც სარწმუნეობრივი, ისე ისტორიული მაგალითები მაძლევდნენ მე უფლებას ხმის ამოღებისას. არა, ეს უფლება არ არის, ეს არის მოვალეობა, და მისი აუსრულებლობა გამხდიდა მე უღირსად ჩემი თანამდებობისა – პასუხისმგებლად ღვთის ეკლესიისა და ერის წინაშე.

მიუხედავად ყველა ამისა, ჩემი წერილი იყო ნამდვილი ეკლესიური აქტი და თუ მან მიიღო გარეგნულად პოლიტიკური ხასიათი, ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ვინაითგან ასეთი თუ ისეთი პოლიტიკური მდგომარეობა, მისგან აღებული გეზის ცვალებადება გვაძლევს შეძლებას, წარმოვიდგინოთ პერსპექტივები ეკლესიის მდგომარეობისა მომავალში. ახალ ხელისუფლებას პირველ ხანებში უნდოდ უყურებდა და მეც მაფიქრებდა ეკლესიის მომავალი ბედი, ვინაითგან მთავრობის გეზი ეკლესიურ საკითხში სავსებით უარყოფითი იყო. თუ ხალხს არ მოსწონდა თავისუფლების დაკარგვა, მეც ვფიქრობდი, რომ პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვას მოყვებოდა ეკლესიის დევნა. და მისი თავისუფლებისმოსპობა, რაც სავსებით გამართლდა. ფაქტიურად ეკლესიის თავისუფლება ფეხქვეშ გათელილია და იურიდიულადაც ცდილობენ მის მოსპობას. შარშანწინ რუსეთში იყო გამართული დიდი კამპანია, ბევრს წერდნენ ეკლესიური ავტოკეფალიების მოსპობის საჭიროებაზე, რადგან რუსეთის მთავრობას სურდა ეკლესიურ ცხოვრებაშიაც შემოეღო ისეთივე ცენტრალიზაცია, როგორიც იყო დამყარებული პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამნაირი იყო მისწრაფება მთავრობისა საქართველოშიაც. ამ მიზნით უნდოდა მას საქართველოში დამყარებულიყო "ცხოველი ეკლესია" და ამის პროპაგანდას ეწეოდა სამღვდელოებაში. ზოგიერთნი წევრნი სამღვდელოებისა გაებნენ დაგებულ მახეში და ერთი მათგანი კიდეც ჩაეწერა მთავარ კომიტეტში. ამ მიზნით მეც მომეცა წინადადება, დამეწყო მიწერ-მოწერა "ცხოველ ეკლესიასთან." დავმორჩილებოდი მას, ხოლო ერთ საბჭოს წევრთაგანს შეაძლიეს საპატიო თანამდებობა, ჩადგომოდა "ცხოველ ეკლესიას" სათავეში, მაგრამ ეს, რასაკვირველია, უარყოფილ იქნა, როგორც ცდა ეკლესიური თავისუფლების მოსპობისა და ეკლესიური ცენტრალიზაციისა. ეს იყო მიზეზი, რომ საქართველოს ეკლესიის მმართველი აპარატის წევრები ჩათვლილი იქნენ კონტრევოლუციონერებად, რეფორმების შემოღების მოწინააღმდეგედ, თუმცა საკათ. საბჭოს უკვე დაწყებული ჰქონდა საქმე ფართე რეფორმების შემოღებისა ეკლესიურ ცხოვრებაში. მაგრამ საქმე შეაფერხა საბჭოს თავმჯდომარისა და წევრების დაპატიმრებამ, ხოლო იმ პირებმა, რომლებიც მოწინავედ და პროგრესულად სთვლიდნენ თავიანთ თავს და დარჩნენ თავისუფლად სამოქმედო ასპარიზზე, რომელთა ლიდერის თავმჯდომარეობით სარეფორმო კომისიაც კი იყო არჩეული, ვერაფრის გაკეთება, როგორც მოსალოდნელიც იყო, ვერ შეძლეს. საქმე იმაშია, რომ საკათ. საბჭოს უნდოდა რეფორმების შემოღება ეროვნულ ნიადაგზე, ადგილობრივი პირობების მიხედვით, ხოლო "მოწინავე" სამღვდელოების წრე, რომელსაც შეერჩია მოქმედების ასპარეზი, ფიქრობდნენ რეფორმების მოხდენას რუსეთის ეკლესიის ტრაფარეტით იმ მიზნით, რომ საქართველოს ეკლესია გაებათ მონობის უღელში, დაემორჩილებიათ ისევ რუსეთის ეკლესიისათვის.

რადგანაც ამნაირი უარყოფითი იყო მთავრობის გეზი სარწმუნოებრივ საკითხებში და მოველოდი ამნაირ შედეგებს, მე, როგორც ეკლესიის თავი, ვეძებდი საშუალებას ეკლესიის ინტერესების დაცვისათვის და ამ მიზნით მივმართე გენუის კონფერენციას.

აქ თავისთავად ისმება კითხვა, აქვს თუ არა ეკლესიის თავს უფლება ეკლესიის თავისუფლებასთან ერთად თქვას რამე ეროვნული თავისუფლების შესახებაც და, თუ არ აქვს, იქნება თუ არა ეს პოლიტიკურ სფეროში შეჭრა? ჩემის რწმენით, ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს ქრისტიანული სწავლა-მოძღვრება. ის გვეუბნება, რომ კაცი ღვთისაგან თავის სახედ და მსგავსად შექმნილია. ღვთის სახეობა და მსგავსება აღბეჭდილია მის სულიერ თვისებებში, რომელთა შორის უმთავრესი თვისებაა თავისუფლება. პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ჩვენ წოდებულ ვართ თავისუფლებისათვის. ქრისტემ მოგვანიჭა ეს თავისუფლება და მტკიცედ უნდა შევინახოთ იგი. ერთხელ განთავისუფლებულმა არ უნდა დავიდგათ ისევ მონობის უღელი (გალ. 5,1); გვეტყვიან რომ მოციქული ამბობს ინდივიდუალურ და სარწმუნოებრივ თავისუფლებაზე და ხალხის თავისუფლებას არ ეხებაო, მაგრამ ვინც ჩაუკვირდება მოციქულის სიტყვებს, დარწმუნდება, რომ ის გულისხმობს კოლექტიურ ინდივიდუმებს – ერებს და მათს ამქვეყნიურ ურთიერთობას. ამას მოციქული ცხადად გვიმარტავს, როდესაც გვეუბნება, რომ თავისუფლება უნდა გვქონდეს არა "საფარველად უკეთურებისა" (1 პეტ. 2,16), არა `მიზეზად ხორცთა," არამედ ძმათა სიყვარულისათვის, ხოლო უკეთუ "ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ ნუუკუე ურთიერთას განილინეთ", ამბობს იგი (გალ. 5, 13-15). ე.ი. თუ ერთმანეთში უთანხმოება და ბრძოლა გექნებათ, ვაითუ ამოწყდეთო. ცხადია, აქ ნათქვამია ადამიანების კრებულთა და ხალხთა შორის ურთიერთობებზე. ამის გამო თუ მე ჩემს წერილში შევეხე ერის თავისუფლების საკითხს, ამის უფლებას მაძლევდა საღი წერილი და ჩვენ, სასულიერნო პირნი ამ მოვალეობის ასრულებას გვერდს ვერ ავუხვევთ. ეს ერთი.

მეორეს მხრით, როგორ გინდა არ შეეხო ხალხის ცხოვრების საკითხებს, და ამან არ მიიღოს პოლიტიკური სახე, როდესაც ეკლესიის და პოლიტიკური ერთეულის შემადგენლობა ერთი და იგივეა – ეკლესიის წევრნი იმავე დროს არიან სახელმწიფოს წევრნი. ამის გამო ყოველ ჩვენს მოქმედებას, ყოველ სიტყვას შეიძლება მიეცეს პოლიტიკური ხასიათი, თუ ამის სურვილი გვექნება. ეკლესიის და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან გამოყოფა მე ისე მესმოდა, რომ გამოყოფილ ეკლესიის შინაურ საქმეებში სახელმწიფო არ ჩაერეოდა, მაგრამ სინამდვილე გვიჩვენებს, რომ ვსცდებოდი. 1922 წელს ერთი პროვინციული ქალაქის ეკლესიაში ხალხს მივმართე სიტყვით, რომელშიდაც ვეუბნებოდი მას, რომ ის იყოს ერთგული ეკლესიისა, რომ ასრულოს ქრისტიანული მოთხოვნილება, რომ ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოდან, რომ მთავრობა ამის გამო არ ერევა მის შინაურ საქმეებში, მორწმუნეებს არ უკრძალავს იქონიოს თავისი სარწმუნოება, სინდისის თავისუფლება და სხვა თურმე ეს სიტყვაც ადგილობრივ ხელისუფალთ მოეჩვენათ საწინააღმდეგოდ და უთქვამთ, როგორ გაბედა ამის თქმაო. იყო შემთხვევა, მქადაგებელმა თავის სიტყვაში მოიყვანა ქრისტეს სიტყვები: "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან" ეკლესიასო. აჰა, ჯოჯოხეთი გვიწოდაო. დასაბამიდან ქრისტიანობისა ეკლესიაში მიღებულია ლიტანიობა, მაგრამ ამასაც თვლიან კონტრევოლუციონერულ დემონსტრაციად და სხვა.

საქართველოს ეკლესია და სამღვდელოება არას დროს არ ყოფილან კონტრევოლუციონერული მიმართულების. თუ მათზე მსჯელობენ რუსეთის ეკლესიის ანალოგიით, ეს დიდი უსამართლობა იქნება. ჩვენმა ეკლესიამ და ერმა 120 წელიწადი გაატარა მონობაში. დიდი და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დაიბრუნა თავისუფლება და სურს შეინარჩუნოს ის. სამღვდელოების ზრახვები ამის იქით არ მიდის. სულ სხვაა რუსეთის ეკლესია. პირველსავე საეკლესიო კრებაზე (1917-18 წლები) იყო გამოთქმული, რომ რუსეთის ხსნა მხოლოდ თვითმპყრობელ მეფეშია, მასზე მსჯელობდნენ და ოცნებობდნენ, ხოლო ამ კრების გაგრძელებამ (ვარლოვიცში) კიდევაც დაადგინა, მოწვეულ იქნას რუსეთის ტახტზე მეფე. დელეგატთაგან ხელს აწერდა 86 (როძიანკომ შეიკავა თავი), ერთმა მღვდელმთავარმა (მიტრ. პლატონი), როგორც გამოქვეყნებული იყო, შეადგინა საღმრთო რაზმი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად, – აბა, გვიჩვენეთ ამნაირი რამ საქართველოს ეკლესიის კრებების ან კერძო სამღვდელო პირის ისტორიაში? მიუხედავად ამისა, რუსეთის ეკლესია გაცილებით უფრო კარგ პირობებშია, ვიდრე საქართველოსი. რაშია საქმე? თუ აქ ჩემი წერილია მიზეზი, ხალხი და სამღვდელოება რა შუაშია? ის ჩემი დაწერილია ეკლესიური და ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით და მევე მეთხოვება პასუხი.

როგორ არის დაყენებული ეროვნული საკითხი? პირველად საბჭოთა ხელისუფლებას არც კი ჰქონდა თავის პროგრამაში ეროვნული საკითხი, ის უარყოფილი და დაჩრდილული იყო ინტერნაციონალურ მიმართულების უკიდურესობით (ის ემსახურებოდა მხოლოდ დიდმპყრობელობის იდეას). შემდეგ ამ საკითხს მიექცა ყურადღება. სტალინი ამბობს, რომ ნიკოლოზ მეორის დროს მხოლოდ და მხოლოდ ერების გარუსებაზე ფიქრობდნენო. ამაში მეც სავსებით ვეთანხმები, რადგანაც ჩემი 37 წლის მსახურების განმავლობაში ამ ბოროტებას ვებრძოდი ბეჭდვითის სიტყვით (ადგილობრივ და სატახტო პეტროგრადის ჟურნალ-გაზეთებში) და საქმით, რის გამო დევნა, ტანჯვა და მწუხარების მეტი არა დამიმსახურებია რა. მაგრამ განაგრძოს სტალინმა, როგორია ახლა ამ საკითხის მდგომარეობა. ახლა სულ სხვაო, ამბობს იგი, საბჭო- თა ხელისუფლება არ ცდილობს ყველა ერები ალაპარაკოს ერთ ენაზე. რაც უნდა პატარა იყოს ერი, ის სცდილობს შეუქმნას მას წერა-კითხვა და მწერლობა. მე-X ყრილობამ დაადგინა: 1. საბჭოთა ხელისუფლება ყველა ერებში მოეწყოს ადგილობრივი პირობების, ზნე-ჩვეულების და მიდრეკილების მიხედვით და შეფარდებით. 2. საქმის წარმოება და მიწერ-მოწერა უსათუოდ უნდა იქნეს ადგილობრივ ენაზე და 3. სკოლებში სწავლების ენად უნდა იქნას უსათუოდ ადგილობრივი ენა. მე-XII ყრილობამ კიდევ უფრო გააფართოვა ეროვნული საკითხი. ამნაირად საბჭოთა ხელისუფლება ეროვნული საკითხის უარყოფიდან გადაიხარა მის ცნობამდი, მისი სამსახურისაკენ (თუმცა ეს ჯერ, სავსებით არ არის განხორციელებული). ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ამას თხოულობდა ცხოვრება და ამისთვის ძალაუნებურად ანგარიში უნდა გაეწიათ.

მიუხედავად ამისა, ყველა რუსი კომუნისტი ამას არ თანაუგრძნობს. ლენინმა სთქვა: "გაფხიკეთ ზოგიერთი კომუნისტი რუსი და თქვენ დაინახავთ წითელ პატრიოტსა და შოვინისტსაო." მათში ბევრია დიდმპყრობელობის იდეის მიმდევარნი – იმ დიდმპყრობელობის, რომელსაც ლენინმა უწოდა русопятство. X ყრილობაზე აღნიშნული იყო, რომ რუსი კომუნისტები განაპირა ქვეყნებში ამაყობენ თავის რუსობით, მათ სწამთ არა ფედერაცია, არამედ განუყოფელი რუსეთი. უკრაინის წარმომადგენელმა კომუნისტმა ზატონსკიმ აღნიშნა X კრებაზე, რომ პოლონეთის და გალიციის წინააღმდეგ მიმავალ ჯარს ამხნევებდნენ რუსული პატრიოტიზმით, რუსეთის განუყოფელობით. თვით სახელწოდება "საბჭოთა რუსეთში" ზატონსკი ხედავს იმავე დიდმპყრობელობით იდეას და ამბობს: გერმანიაც რომ შემოგვიერთდეს, ნუთუ მაშინაც დარჩება სახელი "საბჭოთა რუსეთიო."

როგორც რუსეთის დიდმპყრობელობას, русопятство -ს, წითელ პატრიოტიზმს, და რუსეთის განუყოფლობას, ისე ზატონსკის პროტესტს აქვს თავისი საფუძველი. აქ ნათლად მოსჩანს ბუნება ადამიანისა, სიყვარული თავისი ერისა და სამშობლოსადმი, პატრიოტიზმი, მართალია, პირველ შემთხვევაში ზოოლოგიურია, მაგრამ მაინც პატრიოტიზმია. ამნაირ მიმართულებას, რასაკვირველია, ლენინი და საუკეთესო კომუნისტები გმობენ, მაგრამ მისი არსებობა მაინც ფაქტია. ერთმა ჩვენმა უმაღლესმა ხელისუფალთაგანმა ერთ თავის სიტყვაში გამოსთქვა, რომ რუსეთის დიდმპყრობელობას უნდა ვებრძოლოთო. მაშ რაშია საქმე? მარტო ჩემთვის ხომ არ უნდა იყოს დანაშაული დიდმპყრობელობის წინააღმდეგ ხმის ამოღება. საზოგადოთ უნდა ითქვას, რომ ის დებულებანი, რომელნიც დაედვა ჩემს წერილს, არ ყოფილან უმნიშვნელო. იმნაირ ვითარებისათვის უნდა მიექციათ ყურადღება და მიაქციეს კიდეც.

ეროვნულ ცხოვრების მიმდინარეობაში დეფექტების მაჩვენებელი ფაქტებიო, მკითხავენ. არ ვიცი საჭიროა ფაქტების მოყვანა თუ არა. ამბობენ, რომ მდგომარეობა ახლა უარესია, ვინემ იყო. იმ დროს, როცა ჩემი წერილი იგზავნებოდა გენუის კონფერენციაზე. უარესობისას მე ვერას ვიტყვი, რადგან უკანასკნელი წელიწადი პატიმრობაში მყოფობისა გამო მოწყვეტილი ვარ საზოგადოებრივ ცხოვრებას, მაგრამ თუ ეროვნული ცხოვრების მდგომარეობის უარესობა სინამდვილეა, მაშინ საჭიროა გამოირკვეს, სად არის ამის მიზეზი. ჩვენი კომუნისტების ენერგია, რომის მოყვარეობა და ქართველი ერის საკეთილდღეოთ ზრუნვა მრწამს და ამისთვის, ვფიქრობ, ამის მიზეზები უნდა ვეძიოთ გარეშე პირობებში – ჩვენში მოქმედ გარეშე ძალების სიძლიერეში. იმედია ჩვენი მუშაკების ენერგია შეებრძოლება ამ ხელის შემშლელ პირობებს და დაძლევს მათ ერის საკეთილდღეოდ. ამჯერად კი მაინც მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:

ა. დაწესებულებაში ყველაზე უკეთ მე ვიცნობ საგანგებო კომისიას, რადგან ორ წელიწადზე მეტი ჩემი ცხოვრება მასთან იყო დაკავშირებული. ჩემი პირველი ამ დაწესებულებაში შესვლის დროს თავმჯდომარის კაბინეტის კარებთან მჯდომ დარაჯს ვკითხე ქართულად რაღაც, ხოლო მან მიპასუხა: " Я по грузински, не знаю ". მე, რადგან ვიცოდი რუსული, მივიღე დაკმაყოფილება, მაგრამ რა ქნას რუსულის უცოდინარმა? მას მეკარესთანაც მოენე სჭირდება.

აფხაზეთიდან ჩამოვიდა გლეხი, შვილი ჰყავდა დაპატიმრებული ჩეკაში და მისი ნახვა უნდოდა, იარა მთელი ორი თვე და ვერავის გააგებია თავისი სურვილი, რადგან ჩეკაში წამყოლი მოენის შოვნა ძნელია. მერე ურჩიეს და თხოვნით მიმართა ჩეკის თავმჯდომარეს, რამაც გასჭრა, მიიღო დაკმაყოფილება. მაგრამ რამდენი დაუჯდა საწყალ გლეხს შვილის ნახვა? წამოსვლის დროს გაყიდა ხარ-კამეჩები სახარჯოდ და დაჰკარგა ორი საუკეთესო თვეების (მაისი და ივნისი), როდესაც აფხაზეთში წარმოებს ხვნა-თესვა სიმინდისა (სოფლის მუშაობა).

დააპატიმრეს ჩემთან მყოფი მღვდელმონაზონი ეფრემი, გავუგზავნეთ სადილი ქართულად დაწერილი ბარათით, დამიბრუნეს უკან, არ მიიღეს, ბარათი რუსულად უნდა იყოს დაწერილიო.

იქვე მოპასუხე ემუდარება გამომძიებელს, მომიყვანეთ მოენე და მალაპარაკეთ ქართულადო, გამომძიებელმა არ დაუკმაყოფილა თხოვნა და დაასაბუთა ამნაირად: "Все равно и по грузински также будет врать, как и по русски"…

ბ. ფოსტა. იმ ხანებში, როდესაც გავგზავნე წერილი გენუაში, ჩემმა კანცელარიამ გაგზავნა საქმის წერილი დუშეთის მაზრაში, დააბრუნეს ამანათზე რუსული წარწერით, რომ მისამართი რუსულად უნდა იყოს დაწერილიო. ერთმა დიდმა ხელისუფალმა თავის სიტყვაში გამოაქვეყნა შემდეგი: "ერთის ფოსტის უფროსისაგან მოვიდა მოთხოვნილება: რადგან საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენა სავალდებულოა, მოგვაშორეთ რუსი მოახელე ქართულის უცოდინარი, რომელიც ვერ ასრულებს მოვალეობას. ეს საკითხი მშვენიერათ გადავწყვიტეთ. რუსულ ენაზე მოსული ტელეგრამა რუსმა მიიღოს, ხოლო ქართულ ენაზე ქართველმა. მხოლოდ არ იყო მოხსენებული, იმ ფოსტის განყოფილებაში არსებობს თუ არა მოხელეთა მორიგეობა და თუ არსებობს, რას იზამს რუსი ქართულის უცოდინარი, როდესაც მისი მორიგეობის დროს მოვა დეპეშა ქართულ ენაზე. არის თუ არა ამნაირი პრივილეგია ქართველისათვის რუსეთში. მაგალითად მოსკოვში, პეტროგრადში, ვლადიკავკაზში და სხვაგან, სადაც ქართველობა ბლომადაა.

გ. რკინის გზა. უკანასკნელ დრომდე იქ ქართული ენა განდევნილი იყო. ერთმა ხელისუფალმა თავის სიტყვაში განაცხადა, რომ მთავრობას უსაყვედურებენ, რომ რკინის გზაზე საქმის წარმოება არ არის ქართულად. ახლა მუშავდება კანონ-პროექტი, ორის კვირის შემდეგ გამოვა, რომლის შემდეგ ქართველ გლეხს შეეძლება მოგზაურობა ქართული ენის საშუალებითო. ამ განცხადებამ სიხარული და ტაში გამოიწვია. გამოქვეყნდა ეს სასურველი კანონი, რომელიც გვეუბნება, რომ რკინის გზის სამმართველოში საქმე უნდა წარმოებდეს რუსულ და ქართულ ენაზე, რუსი – თუნდაც ქართული ენის უცოდინარი მოსამსახურენი საჭირონი არიან, რადგან საქართველოს რკინის გზა შესულია რუსეთის რკინის გზათა ცხრილშიო. და სხვ. იმის გამო, რკინის გზა შეუერთდა რუსეთის რკინის გზებს. ქართველს, რუსულის მცოდნეს, არ შეუძლია არაქართულ რესპუბლიკის ტერიტორიაში საპასუხისმგებლო ადგილები დაიკავოს რკინის გზის სამმართველოში, ალბად იმისთვის, რომ ქართველს ნდობა დაკარგული აქვს. ამას წინათ გაზეთში გამოცხადებული იყო, რომ რკინის გზაზე მომხდარ რაიმე გაუგებრობის შესახებ პრეტენზიები უნდა გაასაჩივრონ სარკინიგზო ცენტრალურ დაწესებულებაში, რომელიც იმყოფება მოსკოვში. ნუთუ არ შეიძლებოდა აქ, თბილისში დაარსებულიყო ამნაირი დაწესებულება ანუ განყოფილება მაინც, სადაც ყველა ქართველს თავის ენაზე შეეძლებოდა მიემართა საჩივრით.

დ. ამბობენ, რომ უმთავრეს საფინანსო დაწესებულებაში – სახელმწიფო ბანკში – ქართველის სამსახური იშვიათია და თუ ვინმე მსახურობს, უკავია სულ დაბალ მოსამსახურის ადგილი.

ე. განათლების კომისარიატში მხოლოდ შარშან გადავიდნენ საქმის ქართულ წარმოებაზე. 1923 წლის მაისის თვეში გამოვიდა კომისარიატის ბრძანება ამის შესახებ.

ვ. რაღაც სამედიცინო დაწესებულებაში უნდოდათ აერჩიათ პასუხისმგებელი მდივანი ქართული ენის უცოდინარი. კრების დამსწრეთაგანმა განაცხადა, რომ საქართველოს ფარგლებში მოსამსახურისათვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, და ამისათვის მას "Раб Правда"-მ უწოდა შოვინისტი და პურიშკევიჩი.

სხვა მაგალითების მოყვანას მე არ შევუდგები, მაგრამ არ შემიძლია გვერდი ავუხვიო იმ შეკითხვას, რომლებსაც აძლევდნენ ყოფილი მენშევიკები ხელისუფალთ 1923 წლის აგვისტოს ყრილობის დროს, რადგან ეს შეკითხვები ხალხის სურვილების მაჩვენებელნი არიან:

ზ. თქვენ ამბობთ, ეუბნებიან ყოფილი მენშევიკები კომუნისტებს, რომ რუსეთის პროლეტარიატი არავის მისცემს ნებას, რომ ქართული ენა იქნეს დაჩაგრულიო. თუ ჩვენი რესპუბლიკა დამოუკიდებელია, რისთვის ჩვენმა პროლეტარებმა, კომუნისტებმა და ხელისუფლებამ არ უნდა იზრუნოს და მიიღოს ზომები ამის შესახებო.

თ. როდესაც ქართველი მსახურობს ქარხანაში, ვალდებულია ის უყვარდეს თავისი სამშობლო თუ არაო.

თ. რა საჭიროა იყო საქართველოს დაყოფა ავტონომიებად, განსაკუთრებით რა საჭირო იყო ოსეთის და აჭარის რესპუბლიკების დაარსება. საჭიროა თუ არა ყველა მაზრას, თემს და სოფელს ჰქონდეს ავტონომიური უფლებებიო.

ი. როდის გავა რუსეთის ჯარი საქართველოდან.

კ. როდესაც ქართველი გლეხი – რუსულის უცოდინარი – მიდის რომელიმე დაწესებულებაში, ვალდებულია თუ არა ის თავისთვის მოენე თვითონ იშოვოსო.

ლ. მიაქციეს ყურადღება ტფილისში ხალხის გამრავლებას და ცრემლში ამოვლებულ ირონიით ამბობენ: "მარქსმა სთქვა, ყველა ქვეყნის პროლეტარებო შეერთდით და არას დროს, არსად არ უთქვამს, ყველა ქვეყნის ლტოლვილებო ტფილისში შეგროვდითო" და სხვ.

ჩაუკვირდით ამ შეკითხვებს და თქვენ დარწმუნდებით, რომ ხალხი რაღაცით არ არის კმაყოფილი, რაღაც აწუხებს მას და ვერ გრძნობს თავს ბედნიერად. ჩაუკვირდით და თქვენ იმასაც დაინახავთ, რომ მე იმისთანა არაფერი მითქვამს, რაც სინამდვილეს ეწინააღმდეგებოდეს და მომაკვდინებელ ცოდვად შეიძლებოდეს ჩამეთვალოს.

შეიძლება ვინმემ მომცეს შენიშვნა, რომ ამდენს ვლაპარაკობ ეროვნული კითხვების შესახებ და თითქმის არაფერი მითქვამს ეკლესიის მდგომარეობაზე, მაგრამ განა საჭიროა რაიმეს თქმა ეკლესიის მდგომარეობაზე? თითოეული ჩვენთაგანი, რომელიც ხალხის ცხოვრებას უკვირდება, ნათლად ხედავს ეკლესიური ცხოვრების სინამდვილეს, ხოლო ვისაც ისტორია უსწავლია ან გასცნობია ოდნავ მაინც. იმან იცის, რომ ამნაირი დევნულობა, როგორც ჩვენში მოხდა, ისტორიამ არ იცის, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ქრისტიანობის პირველ საუკუნეებს, როდესაც მორწმუნენი იძულებულნი იყვნენ თავიანთი სარწმუნოებრივი მოვალეობების აღსასრულებლად ჩამძვრალიყვნენ კატაკომბებში, იმნაირი სისასტიკე, როგორიც ჩვენში გამოიჩინა კომუნისტურმა ხელისუფლებამ, არ ყოფილა არც რუსეთში და არც სხვა საბჭოთა ფედერაციის რესპუბლიკებში. რუსეთიდან ჩამოსულები განცვიფრებაში მოდიან, როდესაც გაიგებენ ეკლესიის მდგომარეობას საქართველოში. ამას წინათ გაზეთ "კომუნისტში" (30 ნოემბერი, 1923 წელი № 276) მოყვანილი იყო ცნობა, რომ განჯის მუსულმანურ სასულიერო წოდების წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთში ძალადობაზე მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაქვეყნეს წერილი, რომელშიაც კიცხავენ ინგლისის იმ აგენტებს, რომელნიც არამუსულმან ქვეყნებში ავრცელებენ უმეცრებას და ცრუმორწმუნებას, სდევნიან სამღვდელოებას, საღმრთო უფლებებს და შეურაცხყოფენ მუსულმანთა წმინდა ადგილებს. ყველა ამისთვის კიცხავენ ბრიტანეთს და მადლობას უცხადებენ საბჭოთა ხელისუფლებას სამართლიანი მოპყრობისა და მისგან დამყარებული რწმენის თავისუფლებისათვის. ბედნიერი მუსულმანი მორწმუნენი! მათში არ ყოფილა დევნა სარწმუნეობისა! ბედნიერი მუსულმანური სამღვდელოება, რამდენად წინ წასულა იგი სამი წლის განმავლობაში, რამდენად გაუსწრია ჩვენი ქართული სამღვდელოებისათვის!!! ვაი, ჩვენი სირცხვილი! არც სომხების რესპუბლიკაში დაკეტილა არამც თუ იმდენი ეკლესიები, რამდენიც საქართველოში, მაგრამ იმედია, მომავალში ჩვენც მოგვეცემა რწმენის თავისუფლება.

სად იყო ამ სისასტიკის მიზეზი? ამბობენ, რომ ამის მიზეზი იყო თვით ხალხი. მას არ უნდოდა ეკლესიები, სამღვდელოება და სარწმუნოება, მაგრამ მართალია ეს? სასულიერო მთავრობის წარმომადგენლის თანდასწრებით ეკითხათ ხალხისთვის ფარული ხმის მიცემის საშუალებით, თორემ პირდაპირ გამოთქმას ხალხი ვერ ბედავს, რომ ამან არ გამოიწვიოს რეპრესიები ან რაიმე ბუგეულში მომხდარი უბედურების მსგავსი. თუ ფარული დაკითხვის შემდეგ მორწმუნეთა რიცხვი მცირე აღმოჩნდებოდა, მაშინ ჩვენ თვითონ დავკეტავდით ეკლესიას და მორწმუნეთ მივაწერდით სხვა სამრევლოს.

გადმოგვცემენ, რომ ერთ სოფელში (სამეგრელო) ეკლესიის დაკეტვის და მღვდლისათვის მღვდელმოქმედების აკრძალვის შემდეგ ერთ ღამეს მოჰგვარეს მღვდელს სამოცი მოსანათლი ბავშვი, რამდენი ყოფილა ამ სოფელში მორწმუნე? თითო ოჯახში ხუთი სული რომ ვიანგარიშოთ, გამოვა სამასი სული მორწმუნე. ახლა რამდენი მორწმუნე ოჯახი იქნებოდა, რომელსაც მოსანათლავი არ ეყოლებოდა. აი ეს და ამნაირი სოფლები ურწმუნოებად არიან გამოცხადებულები. მე ხელში მქონდა და შეიძლება ახლაც მქონდეს, აღწერილობა აბაშის ეკლესიის დანგრევის ისტორიისა. ბუგეულის ეკლესიის დაკეტვის ისტორია სასამართლოს კარგად მოეხსენება და სხ. სამეგრელოდან, ამბობენ, მოსანათლავი ბავშვები მიჰყავდათ და ჯვრისწერაში მიდიოდნენ იმერეთში, აფხაზეთში და სხვაგანაც. ყოფილა მაგალითი თბილისშიაც ჩამოყვანისა. მიცვალებულებს წესის აუგებლად მარხავდნენ, ხოლო წესის ასაგებად და წირვის გადასახდელად საწყლები მიდიან შორეულ ადგილებში. ამდენად დიდია შეწუხებაო, ამბობენ, მაგრამ შეიძლება ეს ხალხისათვის სასარგებლო იყოს სარწმუნოებრივად და ეკონომიურადაც? რას გვეუბნება ამნაირი მაგალითები?

როდესაც ხალხის ურწმუნოების მტკიცება არ გამოდგა საკმარისად, დევნულობის მიზეზად გამოაცხადეს ჩემი გენუის კონფერენციისადმი მიმართვა და დაიწყეს მტკიცება, რომ მანამდის არ ყოფილა სარწმუნოების დევნაო. თუ ეს ჭეშმარიტებაა, მაშინ ხალხის სურვილი აქ არა შუაშია და თუ ხალხის სურვილი იყო ეკლესიების დაკეტვა, უჩემწერილოდაც მოხდებოდა ის, რაც მოხდა. მეორეს მხრით, საკადრისი იქნებოდა მთავრობისათვის ჩემი დანაშაულისათვის ხალხის დასჯა სარწმუნოებრივად? მაგრამ ვიკითხოთ, მართალია ის მტკიცება, რომ ჩემი წერილის გაგზავნამდის არ ყოფილიყოს ვითომ დევნა სარწმუნოებისა? როდესაც ახალი ხელისუფლება მყარდებოდა საქართველოში, მე განვაგებდი სოხუმის ეპარქიას. რა ვნახე? სოხუმში ახალი მთავრობის თითქმის პირველი აქტი იყო ქართველებისა და აფხაზებისათვის საკათედრო ტაძრის ჩამორთმევა და გადაცემა რუსებისათვის, რომელბიც რაოდენობით სოხუმის მკვიდრთა ერთ მეოთხედსაც არ შეადგენდნენ და რომელნიც არ ემორჩილებოდნენ საქართველოს ეკლესიას. მეორე, ეკლესიისათვის არა საკეთილო ზომა იყო სამღვდელმთავრო სახლის ჩამორთმევა, ჩემი იქიდან ძალით გამოგდება, ბარგების ქუჩაში გამოყრა, ჩემი კომისარიატიდან კომისარიატში შეიარაღებული მილიციონერების საშუალებით ტარება და ჩემი ხუთი თვის განმავლობაში ხან ვისთან და ხან ვისთან თავის შეფარება. მე-3. კარის ეკლესიის დანგრევა. 4. კანცელარიისა და ისტორიისათვის ძვირფასი არქივის სანახევრო განადგურება და ნაშთის სამზარეულოსთან ნესტიან ოთახში შეყრა, სადაც სისტემატურად ნადგურდებოდა. 5. საეკლესიო სახლების ჩამორთმევა და მღვდელ-მსახურთა შევიწროება, რის გამო ზოგიერთი მღვდელთაგანი იძულებული გახდა, სოფელში შეეფარებია თავი და თავის რიგის შესასრულებლად იქიდან ეარა ქალაქში და სხვ. ყველა ეს მოხდა ახალი მთავრობის დამყარების პირველ თვესავე. იგივე მოხდა ფოთში, რის გამოც მღვდელმთავარი, რომელსაც ბინა წაართვეს, იძულებული გახდა სამსახურისათვის თავი დაენებებინა. საკათ. საბჭოს შუამდგომლობით შინაგან საქმეთა კომისარიატმა გასცა განკარგულება ფოთის სამღვდელმთავრო სახლის დაბრუნების შესახებ. მაგრამ ადგილობრივმა მთავრობამ უყურადღებოდ დასტოვა ცენტრალური მთავრობის განკარგულება. რუსეთის ცენტრალიზაციის სისტემას მტკიცედ ვიცავთ და ვემორჩილებით და შინ კი ვერ განგვიხორციელებია ეს სისტემა. შინაგან საქმეთა კომისარიატმა შეიმუშავა პროექტი, რომ ის შენობები მაინც დარჩნენ ხელუხლებელი, რომლებიც იმყოფებიან ეკლესიის ეზოებში. პროექტი დამტკიცებულ იქმნა ცენტ. აღმასრულებელი კომიტეტისაგან, მაგრამ სისრულეში მოყვანას ვერ ეღირსა. საკათ. საბჭოს საქმეებში ბევრია მაგალითები პროვინციის დაბა-სოფლებში სახლების ჩამორთმევისა და სამღვდელოების შევიწროებისა. ცხადია, ახალ ხელისუფლებას თავიდანვე ეტყობოდა, თუ რანაირი იქნებოდა მისი გეზი საეკლესიო საქმეებში და ტყუილია იმის მტკიცება, რომ ყველაფერი წერილის ბრალი იყოს, მე ამას ვერ დავუშვებ, იმდენად ვერ დავამცირებ მთავრობას, რომელსაც პატივს ვცემ.

გარეშე ამისა უნდა აღვნიშნო ერთი რამ. ისტორია გვიმტკიცებს, რომ დევნულობა უძლურია მოსპოს სარწმუნოება. პირიქით, შენიშნულია რომ დევნულობა აძლიერებს მას, მეცნიერთა აზრით, პირველ საუკუნეებში რომ არ ყოფილიყო სასტიკი დევნულობა, შეიძლება ქრისტიანობას არც კი გაემარჯვა, ჩამქრალიყო, მაგრამ ბრძოლამ მისცა მას ძალი არსებობის განმტკიცებისა. სარწმუნოება არის ხალხის სულიერი მოთხოვნილება. დევნულობა ამ მოთხოვნილებას უფრო აძლიერებს. ის ღრმავდება, იკუმშება და გუბდება და ამოხეთქავს გაძლიერებულის ძალით. ასე იყო ყველგან, ასე იქნება ჩვენშიც, საქართველო არ იქნება გამონაკლისად საზოგადო კანონებიდან. მაშინ ხალხს დასჭირდება ეკლესიები, სამკაულები და შესამოსლები. ვინ აღუდგენს მას დანგრეულ ეკლესიებს. დაუბრუნებს შესამოსლებს და ეკლესიურ აუცილებლად საჭირო სამკაულებს? მიზანშეწონილად და მოფიქრებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ეკლესიის შესახებ? მე მესმის მხოლოდ იდეური ბრძოლა, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარესაც უნდა ჰქონდეს უფლება თავისი რწმენის დაცვისა. მაგრამ კმარა ამის შესახებ, ვინაითგან ახლა თვით მთავრობა მიმხვდარია, რომ მისი მოქმედება გადაჭარბებული იყო. შეცდომა მოუვიდა. ეს ბეჭდვითაც კი გამოაქვეყნა მან, რაც მომასწავებელია გეზის შეცვლისა.

ჩვენ მოვიხსენიეთ, რომ ხელისუფლებამ აღიარა თავისი შეცდომებიო. აგრეთვე ყოფილი მენშევიკების ყრილობის დროს და სხვა შემთხვევებშიაც კომუნისტურმა პარტიამ განაცხადა, რომ მას ბევრი შეცდომები მოუვიდა, მაგრამ ამის აღიარების მას არ რცხვენია. დიდად სასახელო თვისებაა. ყოველი ადამიანი შეცდომის შვილია, შეცდომები მას თან სდევენ. მისი თანდაყოლილი თვისებაა, მაგრამ, როდესაც ადამიანი არ ჯიუტობს, როდესაც გულახდილად მისი აღიარებისა არ რცხვენია, ეს მომასწავებელია გასწორებისა და წინმსვლელობისა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი კომუნისტების დაყოფა ორ ბანაკად – ცენტრალისტებისა და უკლონისტებისა – შედეგია უკანასკნელთაგან ეროვნულ საკითხში თავის შეცდომების შეგნებისა და ეროვნული პრინციპების მიღებისა. პირველმა პარტიამ გარეშე ხელშემწყობლებისა გამო გაიმარჯვა, ხოლო უკლონისტები გარიყულ იქნენ იმის გამო, რომ დიდმპყრობელი ერისთვის საჭირო და მარგებელი იყო ცენტრალიზმი. ზინოვიევი თავის იმ წერილში, რომელმაც გამოიწვია დისკუსიები, ამბობს: "ისეთი ქვეყნის მმართველს, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, რუსეთის (ხაზი ჩემია) კომპარტიას არ შეუძლია არ იყოს ცენტრალისტურ ორგანიზაციად" – ("კომუნისტი" 9 დეკემბერი, 1923 წელი, №284). როგორც ამ სიტყვებიდანაც სჩანს, კომუნისტურ ხანასი სუყველა ერებისათვის არ არის საჭირო და სავალდებულო ცენტრალისტური წეს-წყობილება, ხოლო არ არის გამორკვეული საკითხი, არის თუ არა მარგებელი საქართველოსთვისაც ცენტრალიზმი და, ჩემის აზრით, ქართულ დისკუსანტებისათვის საჭირო იყო მიექციათ უმთავრესი ყურადღება ამ საკითხის გამორკვევისათვის.

საკავშირო ცაკის მესამე ყრილობაზე მოსკოვში ჩვენი მთავრობის წარმომადგენელმა წარადგინა დებულების პროექტი სადირექტივო კომისარიატის დაარსების შესახებ და ამის საჭიროების დასასაბუთებლად თქვა შემდეგი: "კლასობრივი მხრით ჩვენ ვართ აბსოლუტურად ცენტრალისტები". მაგრამ იმავე დროს ანგარიში უნდა გავუწიოთ სსრ კავშირის ხალხთა ნაციონალურ თავისებურებებს და შევიტანოთ ეს ჩვენს კონსტიტუციაში. ცენტრალიზაცია, საერთო საკავშირო კომისარიატები, შეეფერებიან საბჭოთა ხელისუფლების კლასობრივ საფუძველს. მეორე მხრით, ჩვენ გვაქვს კომისარიატები, რომლებიც გამოხატავენ ნაციათა მისწრაფებებს და შეეფერებიან ცალკე რესპუბლიკების კულტურულ-ისტორიულ და ყოფა-ცხოვრების თავისებურებებს, ეს კომისარიატები აბსოლუტურათ ავტონომიური არიან ("კომუნისტი". 10 ნოემბ. 23 წ. №259), აქედან ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ კულტურული ავტონომია, მაგრამ ისიც არ ვიცით დანამდვილებით, ამ სფეროშიც ვართ თუ არა სრულიად თავისუფალი და ის სადირექტივო კომისარიატი, რომელიც უნდა დაარსდეს, ალბათ საჭიროა ამ ავტონომიურ ფარგლების ვითარებისათვის. ბეჭდვით სიტყვას არც კი დაუსვამს საკითხი, გამოერკვია, აქვს თუ არა ქართველ ერს რაიმე საქმეებში დამოუკიდებლობა, არსებობს თუ არა რაიმე თავისუფლება. ეს კითხვა შეიძლება დაისვას ფორმალური მოსაზრებით, ხოლო ნამდვილად კი ზემოთ ნათქვამის შემდეგ ცხადია, რომ საქართველოში არ არსებობს ეროვნული თავისუფლება. კომუნისტური მოძღვრება წინააღმდეგია სახელმწიფოებრივობის არსებობისა და ხელს უწყობს მის სრულიად
მოსპობას. სტალინი ამბობს ამის შესახებ შემდეგს: "1917 წელს, როცა ჩვენ წინ, ოქტომბრისაკენ მივდიოდით, ჩვენ საქმე ისე წარმოგვედგინა, რომ გვექნება კომუნა, რომ ეს იქნება მშრომელთა ასოციაცია, რომ ბიუროკრატიზმს დაწესებულებებში მოეღებათ ბოლო და რომ სახელმწიფოს, თუ უახლოეს პერიოდში არა, ორი-სამი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მაინც, გადავაქცევთ მშრომელთა ასოციაციად. პრაქტიკამ კი დაგვანახა, რომ ეს არის იდეალი, რომლიდანაც ჩვენ კიდევ შორს ვართ, რომ იმისათვის, რათა სახელმწიფო განთავისუფლდეს ბიუროკრატიზმის ელემენტებისაგან, იმისათვის, რომ საბჭოთა საზოგადოება მშრომელთა ასოციაციად გადაიქცეს, საჭიროა მოსახლეობის მაღალი კულტურული დონე, საჭიროა გარშემო სრულიად უზრუნველყოფილი მშვიდობიანი პირობები. იმისათვის რომ საჭირო არ იყოს ჯარების დიდი კადრები, რომლებიც მოითხოვენ აუარებელ ხარჯებს და მძიმე უწყებებს, რომლებიც თავის დაღს ასვამენ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებსაც ("კომუნისტი". 14 დეკ. 23 წ. №288). დიახ, თვით კომუნისტები დარწმუნდნენ, რომ კომუნიზმის განხორციელებაზე ფიქრი ძალიან ნაადრევია. განხორციელება კომუნიზმისა მოხდება მაშინ, როდესაც დადგება ის დრო, როდესაც გახდება შესაძლებელი დავინახოთ "თხა და მგელი ერთად ძოვდეს", როდესაც, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, საომარი იარაღები სახნისებად იქნებიან გადაკეთებული, როდესაც კაცი კაცისთვის არ იქნება მგელი, ერთი სიტყვით, როდესაც ადამიანის ბუნება გარდაიქმნება. მართალია ეს დრო სანატრელია, მაგრამ ეს არის ოცნება, მართალია ძალიან ტკბილი, მაგრამ მაინც მხოლოდ ოცნება. დავუშვათ, რომ ეს ოცნება შეიძლება იქცეს სინამდვილედ და მისთვის საჭიროა მზადება, თანდათანობით განხორციელება ამ იდეალისა, მაგრამ ვერ გაგვიგია, რისთვის უნდა დაწყებულ იქნას უსათუოდ საქართველოდან, მისი დამოუკიდებლობის გაუქმებიდან. დაიწყოს თვით დიდმპყრობელობა და საქართველო – ცნობილი თავისი წამბაძველობით თვისებით – უსათუოდ მიყვება მის მაგალითს. უამისოდ ცენტრალიზაცია – წვრილ ერებისაგან თავისუფლების დაკარგვის საშუალებით მომხდარი, – მარგებელი იქნება მხოლოდ დიდმპყრობელი ერის ძლიერება-ბატონობის განმტკიცებისათვის. იტყვიან, ეს საჭიროა იმ კავშირისათვის, რომელიც არსებობს და მარგებულია პატარა ერების ფიზიკურად შენახვისათვისო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ ერებს შორის უფრო სამართლიანობა იქნება, ვიდრე ბატონსა და მონათა შორის.

ერთმა ჩვენმა ხელისუფალთაგანმა ერთ თავის სიტყვაში სთქვა: "1921 წლის განმავლობაში მე კიდევ მესმოდა საშიშროება ქართველი ერის ეროვნულად განადგურებისაო." შესანიშნავი ეროვნული თვალსაზრისის გამომხატველი სიტყვებია. ბევრი რამეს გამოყვანა შეიძლება ამ სიტყვებიდან, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებისა გამო ამ ხელად ამის ტვირთვა არ შემიძლია. შევნიშნავ მხოლოდ, რომ თუ მას მოუვიდა ამნაირი საშიშროება, სხვებსაც და მათ შორის მეც მქონდა უფლება, დამბადებოდა იგივე საშიშროება და თუ დამებადა იგი, გეკითხებით თქვენ, ვიყავი მოვალე ამომეღო ხმა თუ არა? როდესაც სახლს ცეცხლი ეკიდება, ნუთუ გულგრილად უნდა ვუცქიროთ იმ იმედით, რომ ის თავისთავად ჩაქრება. მე ვფიქრობ და იმედი მაქვს თქვენც დამეთანხმებით, რომ თუ ვხედავდი ხალხის ეროვნულად მოსპობის საშიშროებას, მოვალე ვიყავი, ხმა ამომეღო, ხოლო ახლა ამ მოვალეობის ასრულებისათვის ვსდგავარ საქართველოს უზენაეს ეროვნულ სასამართლოს წინაშე, რომელიც მასამართლებს, როგორც დამნაშავეს.

ერთმა არა ქართველმა პასუხისმგებმა კომუნისტმა (და გაზ., "მუშა"-მაც №20, 1924 წ.) მითხრა, რომ მე ჩემის გამოსვლით გადავიკიდე ერის მშრომელი ნაწილი, მაგრამ რომელ ერს გულისხმობს?! ნუთუ ჩემი გამოსვლის წინააღმდეგი იქნება ქართველი ერის მშრომელთა უმრავლესობა, რომლის ინტერესებისათვისაც მინდოდა შემეწირა ჩემი თავი და ჩემი პირადი ინტერესები კიდევაც შევსწირე. არა, არ დავიჯერებ. გლეხობა, რომელიც შეადგენს ქართველი ერის 90% მეტს, რომელიც მუდამ დაჰყურებს დედამიწას და რწყავს მას თავისი ოფლით, რომელიც მისგან მოელიდ თავის საზრდოს, რომლის წინაპრების სისხლით მორწყული და ძვლებით გაპოხიერებულია სამშობლოს ველ-მინდვრები, ეს გლეხობა, მწამს, მუდამ იქნება თავის სამშობლოს მოსიყვარულე და მის თავისუფლების იდეის დამცველს არასდროს არ შეიძულებს და არც გადაეკიდება.

დარწმუნებული ვარ, იმ ქართველ მშრომელთ, რომელნიც ქალაქებში მუშაობენ, დროგამოშვებით მაინც აუძგერდება გული სამშობლოს ბედ-იღბლის და მდგომარეობის მოგონებით. ქართველი მუშის დამახასიათებელია ის თვისება, რომ ის იშვიათ შემთხვევაში წყვეტს კავშირს სოფელთან. შრომობს და ნაშრომის გადანარჩენი უმეტეს შემთხვევაში მიაქვს თავისი მამაპაპეული ოჯახის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჩვენში ძალიან ცოტაა ეგრეთ წოდებული ბოგანო მუშა. ის დარწმუნებულია, რომ მისი ინტერნაციონალური და კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობა არ არის თავის სამშობლოს სიყვარულის წინააღმდეგი, ამა თუ იმ ერისთვის ზრუნვა არ უშლის და არ ეწინააღმდეგება მის კოსმოპოლიტურ შეხედულებას. პირიქით, მან იცის, რომ ქართველი ერისთვის ზრუნვა იმავე დროს არის კაცობრიობის სამსახური, ვინაითგან ქართველობაც არი ამ კაცობრიობის ნაწილი. მართალია, ინტერნაციონალური მიმართულების განვითარების განვითარების პროცესში არი ერთი პერიოდი, რომელსაც უძახიან სანტიმენტალურ კოსმოპოლიტობას, რომლის შინაარსს შეადგენს ოცნებობა მთელი ქვეყნიერების ბედნიერებაზე და იმავე დროს მისი მიმდევარნი არ აქცევენ ყურადღებას თავის ოჯახს, თავის ხალხს, თავის სახელმწიფოს, თავისას ყველაფერს უცხოელზე დაბლა აყენებენ და აღფრთოვანებულია ყველა იმით, რაც სხვისია. მხოლოდ იმისთვის, რომ ის სხვისია. არ ვიცი, გავლილია თუ არა ეს ხანა ჩვენი ერის ცხოვრებაში. მხოლოდ ვიცი, რომ ამნაირი მიმართულება იყო ჩვენში და ახლაც არიან ზოგიერთები, რომელნიც მზად არიან დიდმპყრობელ ერთან დაკავშირებას შესწირონ ქართველი ერის თავისუფლება და ეროვნული ინდივიდუალობა. ამისთვის გასაგებია ზემოთ მოხსენებული შეკითხვა: "ქართველი, როდესაც ის მუშაობს ქარხანაში, არის თუ არა მოვალე უყვარდეს თავისი სამშობლო." 1904 თუ 1905 წელს ჩვენი სამშობლოს რომელიღაც კუთხეში იყო შიმშილობა და გაზეთებმა გამართეს ფულის შეგროვება დამშეული ქართველებისათვის დასახმარებლად. ერთმა ქუთაისურმა სოც. დემოკრატიულმა გაზეთმა გამოსთქვა, რომ ის თანახმაა ააგროვოს შეწირულობა მხოლოდ იმ პირობით, თუ შეგროვილი ფული გაეგზავნება გერმანიის მუშებს. ამ განცხადებამ გააოცა საზოგადოება. შეეკითხენ ამის შესახებ ბებელს, რომელმაც განუმარტა შემკითხველს, რომ გერმანიის მუშებს იმ დროს არ ეჭირებოდა ქართველობის შემწეობა და ურჩია, რომ იზრუნონ თავის ერისთვის, მისი კულტურულად ამაღლებისათვის, რომ ის გახდეს ღირსეული წევრი ინტერნაციონალურ ოჯახისა და ეს უკანასკნელი იქნება სამსახური კაცობრიობისა. იმედია, ახლა ამნაირ სანტიმენტალურ კოსმოპოლიტობას ჩვენს მუშაობაში არა აქვს ადგილი, რომ მათ შეგნებულად უყვართ თავისი სამშობლო და მაშასადამე არც იქნებიან წინააღმდეგი ჩემი გამოსვლისა, რომელსაც საგნად ჰქონდა თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა, მით უმეტეს, რომ მე არასდროს არ ვყოფილვარ კონტრევოლუციური მიმართულების და არსად არ მითქვამს მუშათა დიქტატურის წინააღმდეგ. ამის გამო მე გავსცემ პასუხს მუშებს და იმედი მაქვს ქართველი ერის მშრომელი ნაწილი არ შეასრულებს ამ გაზეთს "მუშის". რჩევას და არ "დამასამარებს". არ მწამს, რომ მას ჰქონდეს ამნაირი გადაწყვეტილება, რადგან მე არას დროს არ ვყოფილვარ კონტრევოლუციონერული მიმართულებისა.

ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. ვიბრძოდი როგორც მოქმედებით, ისე პრესის საშუალებით, რამაც შემძინა აუწერელი დევნულობა და ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ტკბილი და მყუდრო დღეები. ორჯერ განვიცადე სამშობლოდან ექსორიობა. ორჯერ ვიყავი გადასახლებული რუსეთში და ორჯერვე სამშობლოში დამაბრუნა რევოლუციამ (1905-1907 წ.). განსაკუთრებით სასტიკი იყო ჩემთვის მეორე გადასახლება, რომელიც მოხდა 1907 წლის იანვარში: წართმეული მქონდა ზოგიერთი უფლებები – არ მქონდა ნება წირვალოცვისა და მღვდელ მსახურებისა ისევე, როგორც ახლა – ამ ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ ეს უფლება წამართვა სათანადო მთავრობამ, ხოლო ახლა საერო მთავრობამ, რომელსაც ამის უფლება არ უნდა ჰქონოდა, ჩემი ცხოვრების უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში მე აღვნიშნავ სამ მომენტს, რომელიც დამახასიათებელია ახლანდელი ჩემი მდგომარეობისა. მეორე ექსორიობის დროს, მთელი 1909 წლის განმავლობაში, ჩემი საქმე ჰქონდა ხელში გენერალ-პროკურორს, ყოფილ იუსტიციის მინისტრს, ცნობილ შეგლოვიტოვს, მაგრამ მანაც ვერ სცნო შესაძლებლად ის გადაეცა სასამართლოსათვის. შესაძლებელია, ამ არარუსების მოძულესაც ეკლესიური თავისუფლების საკითხი მიაჩნდა იმდენად ნაზ და პატივსაცემ საკითხად, რომ მისი სასამართლოსათვის გადაცემა შეუფერებლად მიაჩნდა. ამის გამო საქმე მოსპო და მე დამიბრუნეს უფლებები, გარდა სამშობლოში დაბრუნებისა.

2. 1917 წლის რევოლუციამ მომისწრო ქ. სტარაია რუსაში, ნოვღოროდის გუბერნიაში, სადაც მე ვიყავი დანიშნული მონასტრის წინამძღვრად. რევოლუციის პირველ ხანებში სტ. რუსაში იყო არეულობა, სახლების რბევა, ძარცვა, და ჩემი მონასტერიც განსაცდელში იყო ჩავარდნილი, მას მოელოდა დიდი საშიშროება და არ ვიცოდი, რა საშუალებებისათვის მიემართა. ახალმა რევოლუციონურმა მთავრობამ სრულიად მოულოდნელად დამიბარა თავის ერთ კრებაზე და შემეკითხა, თანახმა ვარ თუ არა, რომ მთავრობამ იკისროს მონასტრის დაცვაო. მე, რასაკვირველია, თანხმობა განვუცხადე და მადლობაც გადავუხადე მზრუნველობისათვის. და მართლაც ამის შემდეგ მონასტერს არ ჰქონია არავითარი საშიშროება. ამის გამო, როდესაც პეტროგრადში გამიწვიეს მონაწილეობის მისაღებად იმ დელეგაციაში, რომელიც საქართველოდან იყო გაგზავნილი ეკლესიის თავისუფლების რუს. მთავრობისაგან დადასტურებისათვის, სამი თვის განმავლობაში იქ ყოფნის დროს სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რადგან მონასტრის დაცვის საქმე უზრუნველყოფილად მიმაჩნდა, რასაც დაადასტურებს აქ მყოფი დელეგაციის ერთი წევრთაგანი, რა იყო მიზეზი მონასტრისთვის რევოლუციონერული მთავრობის ამნაირი ყურადღებისა? რასაკვირველია არა ჩემი თვალების სიმშვენიერე, ჩემდამი სიყვარული, არა მათ ღრმა სარწმუნოება და სიყვარული მონასტერ-ეკლესიებისადმი, რადგან სტარაია, რუსას რევოლუციონერები თითქმის ყველა არა ქრისტიანები იყვნენ, არამედ ის გარემოება, რომ მე ვიყავი დასჯილი და ექსორიაყოფილი საქართველოდან თავისუფლების ძებნისათვის.

მესამე შემთხვევა, რომლის აღნიშვნა მინდა, ეხება საბჭოთა ხელისუფლების ხანას. პირველი დაკითხვის დროს, 1922 წლის ივნისში, დამკითხველი მაძლევს კითხვას: ნიკოლოზ მეორის დროს ვიყავი მე დასჯილი თუ არა. ვუპასუხე, რომ მთელი ჩემი სამსახური გავატარე დევნულობაში და ორჯერ რუსეთშიაც ვიყავი გადასახლებული, მაგრამ ნუთუ ესეც მინუსია ჩემს ცხოვრებაშიმეთქი. მიპასუხა: "არა, ეს უცილობელი პლიუსი არისო."

როდესაც ამ სამ მომენტს ვითვალისწინებ ახლა, ვერ მომიხერხებია ისინი შევუთანხმო ერთმანეთს. საქმე იმაშია, რომ მიზეზი დევნულობისა ერთ და იგივე იყო როგორც ნიკოლოზ მეორის დროს, ისე შემდეგაც და ვერ გამიგია, როდის ვიყავი დამნაშავე, მაშინ, როდესაც შეგლოვიტოვმაც კი ვერ მომცა თავისუფლების ძებნისათვის სამართალში, თუ ახლა, იმავე დანაშაულისათვის, თუ ეს დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს. თუ 1917 წ. როგორც თავისუფლების მძებნელს, პატივით მეპყრობოდნენ რევოლუციონერები, ახლა უაღრესი სოციალისტური მიმართულების დროს, როდესაც გამოცხადებულია მცირე ერების თვითგამორკვევის უფლება და, მაშასადამე, თავისუფლებისაც, ვერ გამიგია, რისთვის უნდა ვიდევნებოდე და ვიდგე ეროვნულ სასამართლოს წინაშე, როგორც დიდი დამნაშავე.

თუ მე ვიცავდი ჩვენი ერი თავისუფლებას, თუ ამის უფლებას მაძლევს ჩვენი სარწმუნოებრივი მოძღვრება, თუ საბჭოთა ადგილობრივი მთავრობის საწინააღმდეგო არა მითქვამს რა და მხოლოდ ვიცავდი მის დამოუკიდებლობას, თუ მე ხმა ამოვიღე რუსეთის დიდმპყრობელობის საწინაარმდეგოდ, იმ დიდმპყრობელობისა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას გვირჩევს ერთი ჩვენი უმაღლესი ხელისუფალთაგანი, თუ საბჭოთა ხელისუფლება აღიარებს ერთა თვითგამორკვევას, გაფართოებულს პოლიტიკურად გამოყოფამდის, მაშინ მე ვერ გამიგია, რისთვის უნდა ჩამომერთვას დანაშაულად ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვა და დიდმპყრობელობის დასაგმობად ხმის ამოღება.

ვათავებ და ვიტყვი, რომ მე შევასრულე ჩემი მოვალეობა და როგორის თვალით შეხედავს ეროვნული უზენაესი სასამართლო ჩემგან ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეს, ამას დაგვანახებს ის განაჩენი, რომელიც გამოტანილი იქნება. ასევე განაჩენი დაგვანახებს იმასაც, საბჭოთა ხელისუფლება მართლა იზიარებს მისგან აღიარებულ ლოზუნგს ერთა თვითგამორკვევისას, თუ ეს მხოლოდ იდეალია, რომლის განხორციელებას უნდა ველოდოთ შორეულ მომავალში. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩვენს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვის ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიურ ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვარისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების უკანასკნელ თითქმის 37 წლის განმავლობაში.

ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, – იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. როგორც მორწმუნე ვიტყვი – იყოს ნება ღვთისა! – და მოგმართავთ ქრისტეს სიტყვებით: "ასულნო იერუსალემისანო, ნუ სტირთ ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა" (ლუკა 23,28)."
ბეჭდვაელფოსტა
16.02. 2017
anano
gmertma mravali tqvenistana shvili mouvlinos saqartvelos didebulo patriarqo! daiparet zeciuri saqartvelodan chveni dacemuli samshoblo !amin
სხვა სიახლეები
16.12.2024
ერთობლივ ლოცვებს  დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს  გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი,
13.12.2024
ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია,
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat