ერთობლივ ლოცვებს დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი,
ხოლო საქართველოსა და უცხოეთში მყოფ მრევლს გთხოვთ (პირად კანონთან ერთად), დღის განმავლობაში ილოცოთ:
მამაო ჩვენო
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა,
წმიდა იყავნ სახელი შენი,
მოვედინ სუფევაჲ შენი,
იყავნ ნებაჲ შენი,
ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა,
პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს
და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი,
ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა,
და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა
არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.
90-ე ფსალმუნი
1. რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს.
2. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
3. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.
4. ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი.
5. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;
6. ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.
7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
8. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.
9. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
10. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
11. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;
12. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი;
13. ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.
15. ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი.
16. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.
მოწყალებისა კარი განგვიღე
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ.
ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ (3-ჯერ)
ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
წმ. ანდრია მოციქულის ტროპარი
ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე, ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
წმ. ნინოს
სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ.
წმ. გიორგის ტროპარი
ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
წმ. ნიკოლოზის ტროპარი
კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
აცხოვნე, უფალო, ერი შენი
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.