ყაზანის ხატის გამოჩინების დღესასწაული 8 ივლისს (ძვ. სტ.) - მასთან მიგებების დღეს და ასევე 22 ოქტომბერს (ძვ. სტ.)
- მოსკოვის პოლონელთაგან გათავისუფლების დღეს აღესრულება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატის გამოჩინება 1579 წელს აღესრულა ქალაქ ყაზანში. ხანძარმა, რომელიც წმინდა ნიკოლოზ სტუდიელის ეკლესიის სიახლოვეს დაიწყო, დააზარალა ქალაქი. იმ ადგილას იდგა მეისრის სახლიც, რომელიც სხვებთან ერთად დაიწვა.
მეისრის 10 წლის ქალიშვილს - მატრონას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და მიანიშნა ის ადგილი, სადაც დედაღვთისმშობლის ხატი იყო დამარხული და მისი ფერფლიდან ამოღება უბრძანა.
გოგონამ ხილვის შესახებ დედას უამბო, მაგრამ მან ბავშვის ნაამბობს ყურადღება არ მიაქცია. როდესაც გოგონას მესამედ გამოეცხადა დედაღვთისმშობელი, გააფრთხილა, რომ თუ მის ნათქვამს არ შეისმენდნენ, მატრონა დიდხანს იავადმყოფებდა, ხოლო ეს წმინდა ხატი სხვა ადგილსამყოფელს მოძებნიდა.
მატრონამ დედასთან ერთად მინიშნებულ ადგილზე ხატი მოიძია და მართლაც მიაგნო იმ უდიდეს საუნჯეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ზედა სამოსის სახელოებში იყო გახვეული და ისე ბრწყინავდა, თითქოს ახალდაწერილი ყოფილიყო.
ეს ამბავი მათ მთავარეპისკოპოსს და ქალაქის მესვეურებს შეატყობინეს. წმინდა ხატი ლიტანიობითა და გალობით გადააბრძანეს ტაძარში, რომელშიც მღვდელი ჰერმონი (მომავალი პატრიარქი) მსახურობდა (მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ხატი წმინდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის გამოსახულების ასლი იყო).
მსვლელობის დროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატმა არაერთი სასწაული აღასრულა. განკურნა მხედველობას მოკლებული და თვალის სნეულებებით დაავადებული ადამიანები.
ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ასლი (მის მიერ აღსრულებული სასწაულების აღწერილობასთან ერთად) მეფეს, იოანე მრისხანეს გაუგზავნეს. მისი ბრძანებით, ხატის გამოჩინების ადგილზე ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და დედათა მონასტერი აშენდა. ამ სასწაულმოქმედი ხატის დღესასწაულს ასევე ზეიმობდნენ 4 ნოემბერს (ახალი სტილით), როცა მოსკოვი პოლონელთაგან გათავისუფლდა.
მატიანე გვაუწყებს, რომ, როდესაც მოსკოვი ალყაში იყო, ხოლო მისი ახლომდებარე რაიონები პოლონელებს უკვე დაპყრობილი ჰქონდათ, რუსეთის დიდგვაროვანთა წარმომადგენელმა, მთავარმა პოჟარსკიმ ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი მოსკოვში ჩააბრძანა. წმინდა ხატი ქალაქს ლიტანიობით შემოატარეს. სწორედ იმ დღეს გათავისუფლდა მოსკოვი პოლონელთა ტყვეობისგან.
პოჟარსკიმ საკუთარი სახსრებით წითელ მოედანზე ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აგება დაიწყო. აშენდა ულამაზესი ეკლესია, სადაც ეს წმინდა ხატი დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა.
1811 წელს ყაზანის სასწაულმოქმედი ხატის ასლი სანქტ-პეტერბურგში გადააბრძანეს, სადაც პეტრე პირველის ბრძანებით, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის უზარმაზარი ეკლესია აშენდა. ამ ხატის წყალობით რუსეთი შემდგომშიც არაერთხელ გადაურჩა შეჭირვებასა და დამპყრობელთა შემოსევებს.
ყაზანის ღვთისმშობლის ხატის პირვანდელი სახე სამეფო საგანძურის ძვირფასი შემოწირულობებით იყო შემკობილი. ხატის ჩარჩოს 475 ბრილიანტი და ასი ალმასი ამშვენებდა. პერანგი მთლიანად ოქროსი გახლდათ.
სწორედ ეს ძვირფასი შეწირულობები გახდა მიზეზი იმისა, რომ 1904 წლის 29 ივნისს ყაზანის სასწაულმოქმედი ხატი და მაცხოვრის უძველესი ხელთუქმნელი ხატი უგზოუკვლოდ გაქრა ხარების მონასტრიდან.
ეს დიდი განსაცდელი იყო მონასტრის დედებისთვის, რომლებიც სასოებით უვლიდნენ წმინდა ხატებს და უდიდეს თაყვანს სცემდნენ მათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მონასტერი ცნობილმა ყაჩაღმა ჩაიკინმა გაძარცვა.
აღიარებით ჩვენებაში მან თქვა, რომ ღვთისმშობლის ხატი ნაჯახით დაჩეხა და დაწვა, პერანგი კი გაყიდა. როდესაც ექსპერტიზა ჩატარდა, ბუხარში მართლაც იპოვეს რაღაც ნამწვავები... მაგრამ უფრო მოგვიანებით, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ბოროტმოქმედს გამოძიება შეცდომაში შეჰყავდა, სიმართლეს არ უმხელდა მათ. ეს ისტორია დღემდე ბურუსითაა მოცული.
აი, რას გვიამბობს ამ სიწმინდის შესახებ სხვა წყარო:
ყაზანის ღვთისმშობელს განსაკუთრებით ევედრებიან ბრმათათვის მხედველობის დასაბრუნებლად, უცხოტომელთა თავდასხმების ასაცილებლად; იგი განსაცდელში შუამდგომელად გვევლინება და ქორწინებას აკურთხებს.
რუსების მიერ ყაზანის დაპყრობასთან ერთად და უფრო ადრეც აქ პირველი ქრისტიანული ოჯახები დასახლდნენ. მაგრამ კეთილმა თესლმა მაშინვე როდი გამოიღო ნაყოფი.
ბევრი სისხლი დაიღვარა, ბევრი შრომა და ლოცვა დასჭირდა იმას, რომ ყაზანის პირველ განმანათლებლებს ქვეყანა ურწმუნოებისგან განეწმინდათ და ღვთაებრივი ნაყოფი მოეწიათ.
სულითა და სიტყვით ძლიერი ხალხის უკმარისობის გამო, მაჰმადიანობასთან შედარებით ქრისტიანობა სუსტი იყო. აუცილებელი გახდა ღვთის შეწევნა და უფალმა, რომელიც ყოველთვის ეხმარება თავის რჩეულებს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის საშუალებით დიდი მადლი გარდამოავლინა.
1579 წელს ყაზანი დააზარალა ხანძარმა, რომელიც 28 ნოემბერს წმინდა ნიკოლოზ სტუდიელის ეკლესიის სიახლოვეს დაიწყო, ქალაქის კრემლის მიმდებარე ნაწილი და შემოგარენი ადგილები მოიცვა, კრემლს მოედო და მისი ნახევარი ფერფლად აქცია.
ამ ხანძარში ქრისტიანებზე მოწევნული ღვთის რისხვა დაინახეს და "ქრისტეს რწმენა, - ამბობს მემატიანე, - წყევლისა და შეურაცხყოფის საგანი გახდა".
ქრისტიანებმა შეინანეს და სანაცვლოდ მათ უფალმა თავისი კაცთმოყვარეობა აჩვენა. ქვების გროვაზე, იმ ადგილას, სადაც თავდაპირველად დაიწყო ხანძარი, იდგა ერთი მეისრის სახლი, რომელიც სხვებთან ერთად დაიწვა.
როდესაც მეისრემ განიზრახა, ახალი სახლი და ეზო მოეწყო, მის ათი წლის ქალიშვილს, მატრონას სიზმრად ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, ქალაქის სასულიერო და საერო ხელისუფლებისათვის ეცნობებინა, რომ მისი ხატი მიწიდან ამოეღოთ და ფერფლადქცეული სახლის ადგილზე მიუთითა, - ხატი აქ არის მიმალულიო.
გოგონამ თავდაპირველად ხილვის შესახებ არავის უთხრა, შემდეგ კი დედას გაუმხილა. მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია ბავშვის ნაამბობს. მესამე ხილვის შემდეგ მატრონა ცრემლებით ეუბნებოდა დედას: - "მე სიზმარში ღვთისმშობლის ხატი ვიხილე, მისი სახიდან პირდაპირ ჩემკენ საშინელი ცეცხლი მოდიოდა, თითქოს ჩემი დაწვა სურდა და მომესმა ხმა:
- თუ ჩემს სიტყვებს არ გადასცემ, მე სხვა ადგილას გამოვჩნდები, ხოლო შენ დაიღუპები!
დედამ ამჯერად მიიღო ბავშვის თხოვნა, მასთან ერთად ვოევოდასთან და მთავარეპისკოპოს იერემიასთან მივიდა და გოგონას გამოცხადების შესახებ აამბობინა, მაგრამ ბავშვისა არავის სჯეროდა.
შინ დაბრუნების შემდეგ, 8 ივლისს, დღის 12 საათზე, დედამ შვილის მიერ მინიშნებულ ადგილზე თვითონ დაიწყო მიწის გათხრა. მალე მას სხვებიც შეუერთდნენ, ადგილი მთლიანად დაათვალიერეს და ვერაფერი იპოვეს.
მაშინ მატრონა თვითონ შეუდგა საქმეს. იმ ადგილას, სადაც მათ სახლში ღუმელი იყო, მიწა გათხარა და მალე საუნჯეს მიაგნო. გამოჩნდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ალუბლისფერი შალის ზედა სამოსის სახე-ლოებში იყო შეხვეული, მაგრამ ისეთი ნათელი, სრულიად ცინცხალი, თითქოს ახლახან დაუწერიათო.
ხალხის აურაცხელი სიმრავლე მოაწყდა ახალნაპოვნ ხატს, ყველა ლოცულობდა და ისწრაფოდა, რომ თაყვანი ეცა მისთვის.
ამ საოცრების შესახებ მთავარეპისკოპოსს და ქალაქის ხელმძღვანელობას აცნობეს, მთავარეპისკოპოსმა გამოჩინებული ხატის მიმართულებით ლიტანია აღასრულა და ის დიდი პატივით გადააბრძანა შორიახლოს მდებარე წმინდა ნიკოლოზ ტულელის ეკლესიაში, რომელშიც იმჟამად მომავალი პატრიარქი, მღვდელი ჰერმოგენი მსახურობდა.
აქ ხატის წინაშე პარაკლისი აღასრულეს, რის შემდეგაც ის საზეიმოდ წააბრძანეს ხარების ტაძარში, მან გზაშივე მოიმოქმედა პირველი სასწაული, განკურნა ვინმე ისები, რომელიც სამი წლის მანძილზე მხედველობას იყო მოკლებული, ხოლო ტაძარში მეორე ბრმამ, ნიკიტამ მიიღო კურნება.
როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ხატი იყო წმინდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის გამოსახულების ასლი. ის იმპერატორ თეოდოსის მეუღლემ დედოფალმა ევდოკიამ იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გაუგზავნა დედოფალ პულქერიას, მან კი კონსტანტინოპოლის ვლაქერნის ტაძარში მოათავსა.
აღსანიშნავია, რომ ვლაქერნის ხატსაც ოდიღიტრია ეწოდებოდა, რადგან დედა ღვთისა სიზმრად ორ ბრმას გამოეცხადა და აჩვენა გზა ვლაქერნის ტაძრისაკენ, სადაც მათ წმინდა ხატის წინაშე მხედველობა დაუბრუნდათ, შემდგომშიც ყაზანის ხატის მიერ ყველაზე ხშირად ბრმები განიკურნებოდნენ.
მთავარეპისკოპოსმა და ქალაქის ხელმძღვანელობამ მისი ასლი, გამოჩინების ისტორიასა და სასწაულების აღწერილობასთან ერთად, 1579 წელს მეფე იოანე ვასილის ძე მეოთხეს გაუგზვნეს, რომელმაც გამოჩინების ადგილას ამ ხატის სახელობის ტაძრის აგება და ორმოცი მონაზვნისათვის დედათა მონასტის დაარსება ბრძანა, აქვე მოათავსეს სასწაულმოქმედი ხატი, ამ სიწმინდის მიერ მოქცეული მატრონა მონაზვნად აღიკვეცა, ხოლო შემდეგ მონასტრის წინამძღვარი გახდა.
მალე კიდევ ერთი ეკლესია აშენდა, რომლის ტრაპეზი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე იკურთხა, ხოლო მონასტრის მფლობელობაში ასი სული გლეხი გადავიდა. 1954 წელს მეფე თეოდორე იოანეს ძის ბრძანებით აღიმართა ღვთისმშობლის მიძინების დიდი ქვის ეკლესია, რომელიც 1595 წელს მიტროპოლიტმა ჰერმოგენმა აკურთხა.
ამ დროისათვის მონაზონთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა. მონასტერი მდიდრული ხატებით, შესამოსლებით და სხვა ნივთებით მოირთო, ხოლო სასწაულმოქმედი ხატი - ოქროს პერანგით, სამეფო საგანძურის ძვირფასი ქვებით და მარგალიტებით; დედოფალმა ეკატერინემ, რომელიც ყაზანის დედათა მონასტერში დაესწრო ლიტურგიას, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი და აღსავლის კარის მაცხოვრის ხატები ბრილიანტის გვირგვინებით შეამკო.
ორასი წლის შემდეგ, ჰერმოგენის ჟამს აგებული ტაძარი უკიდურესად დაძველდა, ამიტომ ეკატერინე მეორემ ახალი ტაძრის გეგმა შეადგინა და საამისოდ 25000 რუბლი გაიღო.
ძველი ტაძარი აგებიდან ზუსტად 201 წლის შემდეგ საფუძვლამდე დაარღვიეს და 1798 წლის 30 მაისს იმპერატორ პავლე პეტრეს ძის და დიდი მთავრების, ალექსანდრეს და კონსტანტინეს თანდასწრებით, ახალ ეკლესიას ჩაუყარეს საფუძველი, რომელიც 1808 წლის 30 მაისს დასრულდა და იკურთხა.
ტროპარი
მხურვალე შუამდგომელო, დედაო ღვთისა მაღლისაო, ყოველთათჳს ევედრე ძესა შენსა, ქრსიტჱსა ღმერთსა ჩუენსა და აცხოვნენ დაბადებულნი ყოველნი, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა.
დედუფალო, მეოხ-მეყავ ყოველთა, რომელნი განსაცდელსა და მწუხარებასა შინა ვიურვით, მრავალნი სნეულებანი ცოდვათა ჩუენთანი გჳტვირთავს წარდგომილთა ამათ წინაშე შენსა და ყოვლითა სულითა და შემუსვრილებითა გულისათა ცრემლით გევედრებით შენ წინაშე ყოვლადწმინდისა ხატისა შენისა და შეუორგულებელსა სასოებასა დავსდებთ წინაშე შენსა, ყოვლისაგან ბოროტისა მიცვენ ჩუენ და სიკეთეჲ მომმადლენ ყოველთა, მიჴსნენ ყოველნი, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღვთაებრივი მონათა შენთათვის.
ლოცვა 1
ჰოი, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, დედუფალო ცისა და ქუეყანისაო, უმაღლესო წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთაო და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, ყოვლადწმინდაო მარიამ, ყოვლისა ქუეყანისა შემწეო და ყოველთა კაცთა ნათესავისა სიმტკიცეო და ყოვლისაგან იწროებისა დამჴსენლო!
მოხედენ, აწცა დედუფალო ყოვლადმოწყალეო, მონათა ამათ შენთა, ლმობიერებითა სულისათა და შემუსვრილებათა გულისათა მვედრებელთა შენდა ცრემლით მოლტოლვილთა ყოვლადწმინდისა და მრავლისააღმადგინებელისა ხატისა შენისა მომართ და შეეწიე და მეოხ ეყავ მვედრებელთა შენთა.
ჰოჲ, ყოვლადსახიერო და ყოვლადმოწყალეო ქალწულო ღვთისმშობელო! მოიხილე, დედუფალო, ერსა შენსა ზედა, რამეთუ არა არს შემწე თჳნიერ შენსა ცოდვილთა ამათ ჩუენთათჳს, რამეთუ შენ ხარ მეოხი და წარმადგინებელი ჩუენი, შენ ხარ ნუგეშინისმცემელი ჩუენი, მწუხარეთა სიხარული, ობოლთა მფარველი, ქურივთა დამცველი, ქალწულთა დიდებაჲ, მტირალთა მხიარულებაჲ, სნეულთა კურნებაჲ, უძლურთა ძლიერებაჲ, ცოდვილთა ცხორებაჲ.
ამისთვისცა, ჰოჲ, ღვთისმშობელო, მოვილტვით შენდა და წმინდისა ხატისა შენისა და მკლავთა შენთა ზედა ტვირთულისა, წინასაუკუნეთა ყრმისა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტჱსა მომართ და ლმობიერითა გალობითა გიგალობთ შენ ესრეთ: შეგვეწიე ჩუენ, დედაო ღვთისაო და ვედრებანი ჩუენნი კეთილად აღმისრულენ, რამეთუ ყოველივე ძალუძს მეოხებასა შენსა, რამეთუ შენდა დიდება შუენის, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა 2
ყოვლადწმინდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, შიშითა, სარწმუნოებითა და სიყუარულითა შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა შენსა და გევედრებით შენ: ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა შენსა მომართ მოლტოლვილთაგან, ევედრე გულმოწყალეო დედაო, ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა უფალსა ქუეყანაჲ ესე ჩუენი, შეურყეველად დაიმარხოს წმიდაჲ ეკლესიაჲ ესე თვისი, ურწმუნოებისაგან, ერესისაგან და განწვალებისა. არა გვივის სხუაჲ შემწე, არა გვივის სხუაჲ სასო თვინიერ შენსა, ყოვლადწმინდაო ქალწულო: შენ ხარ ყოვლადძლიერი და შემწეჲ და მეოხი ქრისტიანეთა.
განათავისუფლე ყოველი სარწმუნოებით შენდა მვედრებელთა ცოდვითა დაცემისაგან, ცილისწამებისაგან ბოროტთა კაცთაგან, ყოვლისაგან განსაცდელისა, მწუხარებისა და ჭირისა და ამაოჲსა სიკუდილისაგან, მოგუმადლე ჩუენ სულისა შემუსვრილებაჲ და სიმდაბლეჲ გულისა, ზრახვათა სიწმიდეჲ, განმართებაჲ ცოდვილისა ცხოვრებისა და დატევებაჲ ცოდვათა თვისთა, რაჲთა ყოველნი მადლობით მგალობელნი დიდებულებისა შენისანი ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა და მუნცა ყოველთა წმიდათა თანა ვადიდებთ ყოვლადწმინდასა და ყოვლადდიდებულსა სახესა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა. ამინ.
........................
აქვე წაიკითხეთ:
იმ ადგილას, სადაც მათ სახლში ღუმელი იყო, მიწა გათხარა და მალე საუნჯეს მიაგნო. გამოჩნდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგება ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი