ვახტანგ მეფის მშობლები
ვახტანგ გორგასალი და მისი წინაპრები ფარნავაზიანთა დინასტიას განეკუთვნებოდნენ.
ძველთაგანვე საქართველოს დიდ საგვარეულოებში გაჩნდა ტენდენცია, თავიანთი საგვარეულოს ფუძემდებლად უცხოეთიდან მოსული პიროვნება გამოეცხადებინათ ან თავიანთი გვარი უცხო საგვარეულოსთან დაეკავშირებინათ. ასე იყო სამეფო გვარშიც – ბაგრატიონები თავიანთ წინაპრებად ძველ ებრაელ მეფეებს: სოლომონსა და დავითს თვლიდნენ. ფარნავაზ მეფის შთამომავლებიდან სწორედ მირიანის "ცხოვრებაში" იქნა ასეთი ჩასწორება შეტანილი. XI საუკუნის მემატიანემ, ლეონტი მროველმა მირიანი ირანის შაჰის ძედ გამოაცხადა, მიჰრანთა საგვარეულოს ქალისაგან ნაშობად. ვახტანგ გორგასალი კი მირიანის უმცროსი ძის – ბაკურის (ბაქარის) უშუალო შთამომავალი იყო. ვახტანგ გორგასალი მამის მხრივ იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ფარნავაზიანთა დინასტიის შთამომავალი გახლდათ (ვახტანგის მოღვაწეობის დროისათვის ფარნავაზიანთა დინასტია ქართლის ახალი სამეფოს შექმნიდან – ძვ. წ. 301 წელს, თითქმის 8 საუკუნეს ითვლიდა). დედა მას სპარსელი ჰყავდა, ქართლ-ალბანეთის მარზპანის, ბარზაბოდის ასული. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბარზაბოდიც მიჰრან-გუშნასპთა საგვარეულოდან უნდა ყოფილიყო. ასე რომ, დედის მხრივ ვახტანგ მეფე ირანის ერთ-ერთი განთქმული საგვარეულოს ჩამომავალი იყო. ქართლ-ალბანეთის მარზპანნი ამ ორ ქვეყანას მთავარი რეზიდენციიდან - ქ. ბარდადან (ბარდავი, ამჟამად პატარა ქალაქია აზერბაიჯანში) განაგებდნენ. როგორც ვახტანგ გორგასლის "ცხოვრებაშია" ნათქვამი, ვახტანგის პაპა მეფე არჩილი (402-426 წწ.), მაინცდამაინც დიდად არ მორჩილებდა ბარზაბოდს. მან "განაცხადა მტრობა სპარსთა, გამოაჩინნა ჯუარნი და მოკაზმნა ეკლესიანი, მოსრნა და განასხნა ყოველნი ცეცხლის-მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა; მოირთო ძალი საბერძნეთით (ე.ი. ბიზანტიიდან) და წარძღუანებითა ჯუარისათა იწყო ბრძოლად სპარსთა". ეს ბრძოლა ბარდაში მჯდომი მარზპანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში გამოიხატებოდა. ბარზაბოდი ურჩ ქვეშევრდომს, რა თქმა უნდა, ასეთ ქცევას არ აპატიებდა. მან "შეკრიბა სპა რანისა, მოვაკანისა და ადარბადაგანისა და მომართა არჩილს". მეფე არჩილი, ქართლის ჯარით "მინდობითა ღმრთისათა" ბარზაბოდს ქართლ-ალბანეთის საზღვარზე "მდინარესა ზედა ბერდუჯისასა" დახვდა "და ძალითა პატიოსნისა ჯუარისათა მოსრნა და ტყუე-ყვნა" ბარზაბოდის მებრძოლები. შემდეგ შევიდა ალბანეთის ტერიტორიაზე მოარბია იგი და "მოვიდა შინა გამარჯვებული". მთელ სამეფოს ამცნო ჯვრის ძალით ცეცხლთაყვანისმცემელ ბარზაბოდზე გამარჯვების ამბავი. ბარზაბოდის წინააღმდეგ არანაკლები სიმამაცით იბრძოდა არჩილ მეფის ძე მირდატი. მამასავით ისიც "მორწმუნე და ღმრთის მსახური", "ქუელი და შემმართებელი" იყო. როცა მირდატი "დადგა ასაკსა მამაკაცობისასა," "უმეტესად უწყო ბრძოლად სპარსთა, შესვლად და ტყუენვად" ალბანეთს. ძველი ქართველი ავტორის ცნობით, ქართველთა ასეთ გააქტიურებას ირანის შაჰი ვერ პასუხობდა, რადგან "ბრძოდა ინდოთა და სინდთა და აბაშთა, და ვერ შემძლებელ იყო სპისა დიდსა გამოგზავნად". ამიტომ "ემძლავრებოდეს ქართველნი". მართალია, ბარზაბოდი ციხეებსა და ქალაქებს ამაგრებდა, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველოდა, სანამ მირდატის ცხოვრებაში გარდატეხა არ მოხდა. იმხანად უფლისწული მირდატი უცოლო იყო, ხოლო ბარზაბოდს, მემატიანის თქმით, "ესუა ასული ქმნულკეთილი, შუენიერი, რომელსა ერქუა საგდუხტ". ერთხელ მირდატს მხლებლებმა მოახსენეს "სიშუენიერე მისი". საგდუხტის სილამაზით მონუსხული "ტრფიალ იქმნა მირდატ მის ზედა." ამის შემდეგ მირდატს, რა თქმა უნდა, არავითარი სურვილი აღარ ჰქონდა ბარზაბოდის სამფლობელოები დაერბია. თავისი ტრფიალის ამბავი მამას – მეფე არჩილს ასე მოახსენა: "ვევედრები მეფობასა შენსა, მომგუარე ცოლად ჩემდა საგდუხტ, ასული ბარზაბოდისი, და შევქმნათ ჩუენ შორის მშვიდობა". მართალია, დასძინა უფლისწულმა, ქრისტეს ძალით ჩვენ ვიმარჯვებთ, მაგრამ როცა ირანის მეფე მოიცლის, ჩვენზე შურს იძიებს. ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიებს მოაოხრებს. ჯობია დღეიდან დამთავრდეს ჩვენს შორის მტრობა. ამ გზით უფრო შეურყევლად დავიცავთ ქართლის საზღვრებს, უფრო განმტკიცდება ქართლში ქრისტეს სჯული, სპარსთა გაძლიერებისას, "ქრისტეს სჯულის გმობის" შიში აღარ გვექნება. მეფე არჩილი კარგად მიხვდა ყოველივე ამას, ახალგაზრდა უფლისწული ქალის სიყვარულის გამო რომ ამბობდა. ამიტომ, შვილის თხოვნას აღარ შეწინააღმდეგებია და "აღასრულა ნება მისი". წარგზავნა მოციქული ბარდავს "და ითხოვა ასული მისი ცოლად ძისა თვისისა". არჩილ მეფის წინადადება ბარზაბოდმა დიდი სიხარულით მიიღო, თან ქართველთაგან "ითხოვა ფიცი და აღთქმა" მშვიდობისა, ქართველებმაც დადეს ფიცი. ასე დამყარდა მშვიდობა. საქმის კეთილად წარმართვით გახარებულმა ბარზაბოდმა "მოსცა ასული თვისი ზითვითა დიდითა". საგდუხტი მოიყვანეს მცხეთას. "ქმნეს ქორწილი, შუება და განცხრომა დღეთა მრავალთა". ქორწილის შემდეგ მეფე არჩილმა მირდატსა და მის მეუღლეს საუფლისწულო მამულად მისცა სამშვილდე, "საერისთაოთა მისთა და მუნ დასხდეს მირდატ და საგდუხტ". ასე შეიქმნა სამშვილდის საერისთავოს ცენტრი – ციხე-ქალაქი სამშვილდე ახალგაზრდა ცოლ-ქმრის რეზიდენციად. დიდად "მორწმუნე და ღმრთის-მსახური" მირდატის მეუღლე, საგდუხტ დედოფალი ცეცხლთაყვანისმცემელი იყო. ცხადია, მას გაქრისტიანებას მოსთხოვდნენ და "საგდუხტ დედოფალმან გამოიკითხა სჯული ქრისტესი", მირდატმა "მოჰგუარნა კაცნი სჯულისა მეცნიერნი" (ე.ი. ქრისტიანული რელიგიის მცოდნენი). დედოფალმა, რა თქმა უნდა, არც ქართული იცოდა, ამიტომ "უთარგმნეს სახარება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი". აუხსნეს - "ჭეშმარიტი ღმერთი" რომ იესო ქრისტე იყო, "რომელი განკაცნა ხსნისათვის ჩუენისა". ყოველივე ამის შემდეგ, საგდუხტ დედოფალმა "გულისხმა ყო", "იცნა სჯული ჭეშმარიტი, დაუტევა ცეცხლის-მსახურება, ნათელ-იღო და იქმნა მორწმუნე". მან აღაშენა სიონი სამშვილდისა (ესაა სამშვილდის ძველი ეკლესია. VII-VIII ს.ს. მიჯნაზე ქართლის ერისმთავარმა ვარაზ-ბაკურმა და სხვებმა სამშვილდეში კვლავ ააგეს დიდი ტაძარი, რომელთაგან დღეს ნანგრევებიღაა შემორჩენილი).
426 წელს არჩილ მეფე გარდაიცვალა – ქართლის სამეფო ტახტზე ახალგაზრდა მირდატი ავიდა. ამიერიდან მან დედოფალ საგდუხტთან ერთად მცხეთის სამეფო სასახლეში დაიდო ბინა. მირდატი შეუდგა ქვეყნის მართვას.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ვახტანგ გორგასალთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე