ყრმობა.
ღირსმა იოანე რუმინელმა, ამ ყოვლადუბრალო მამამ, მრავალმოწყალე ღმერთისაგან უხვად მიიღო სულიერი ნიჭები,
იგი 1913 წელს რუმინეთში, ბოტოშანის მაზრის სოფელ ჰოროდისტიაში დაიბადა. მისი მშობლები - მაქსიმე და ეკატერინე - უღარიბესნი იყვნენ, მაგრამ ღმერთმა რწმენის სიმდიდრით დააჯილდოვა. ნათლობისას მათმა შვილმა უფლის წმინდა წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის, სახელი მიიღო.
1914 წელს, 6 თვის ჩვილ ილიას, რომელიღაც გადამდები სნეულებით ჯერ დედა გარდაეცვალა, სამი წლის შემდეგ კი - მამა, რომელიც პირველ მსოფლიო ომს შეეწირა.
ათ წლამდე ბებია მარიამი ზრდიდა, რომელსაც ძლიერ უნდოდა კოლდარუსანის მონასტერში განმარტოება, მაგრამ შვილიშვილს ვერ ტოვებდა, რომლისთვისაც დედადაც იქცა, მამადაც და პირველ მასწავლებლადაც.
ბებია-შვილიშვილი ერთად ლოცულობდა, მარხულობდა, ყოველგვარ ჭირს დიდსულოვნად დაითმენდა და ყოველივესთვის მადლობდა უფალს.
1924 წელს ბებიაც მიიცვალა და ილია სამზრუნველოდ მრავალშვილიან ბიძას მიაბარა, თუმცა, ნათესავთა შორის თავს სრულებით მატროსულად გრძნობდა, მისთვის გული არავის შესტკიოდა, არავის აინტერესებდა, რა აწუხებდა, ან რა სურდა... ხშირად სუფრიდან მშიერი ამდგარა და შორს გაქცეულა, რომ გულიანად ეტირა და ზეციური მამის წინაშე მარტოს ელოცა.
თუმცა, ამ მდგომარეობამ ღმერთს დააახლოვა და ჯერაც ბავშვს ლოცვა შესძინა.
ერთ საღამოსაც, აღდგომა დღეს, როდესაც მთელი სოფელი თავიანთი მიცვალებულებისათვის ამ ბრწყინვალე დღის მისალოცად სასაფლაოზე გაიკრიფა, ილიამაც მიაშურა საყვარელი ბებიის სამუდამო განსასვენებელს... სანთლებისა და ლამპადების მოციმციმე ნათება ეკლესიის ზარების ხმას უერთდებოდა და ერთ დიდ სიხარულად ერთიანდებოდა... მხოლოდ ილია მწუხარებდა უზომოდ და მწარედ დასტიროდა ახალმიწამიყრილ გამზრდელ ბებიას...
უეცრად თითქოს ზარის ექოდ მოესმა საკვირველი ხმა:
- ნუ ტირი, შვილო ჩემო, და ნუ მწუხარებ, რამეთუ მე, მკვდრეთით აღდგომილი ქრისტე, შენთანა ვარ!
შეშინებული ყმაწვილი წამოხტა და იმ მხარის თვალიერება იწყო, საიდანაც ხმა შემოესმა...
მცირე ხნის შემდეგ საკურთხევლის კედელზე ჯვარცმული მაცხოვრის გაფერმკრთალებული გამოსახულება დაინახა, რომელიც გაცოცხლდა და თბილად გაუღიმა...
ამ ღვთიურმა გამოცხადებამ ყმაწვილი დაამშვიდა, გოდება შეწყვიტა და ენით უთქმელი მშვიდობით და მადლმოსილი შუქით აღივსო...
შემდგომაც, როდესაც ტაძრის ზარების გუგუნს ისმენდა, ამ საკვირველ ხილვას იხსენებდა და იმჟამინდელი სულიერი მდგომარეობა უახლდებოდა...
"მონასტერში!.. მონასტერში!.."
სკოლა რომ განასრულა, არ უწყოდა, რა გზას დასდგომოდა. ერთ საღამოს, ხანგრძლივი და გულმხურვალე ლოცვის შემდგომ გარკვევით მოესმა:
- მონასტერში! მონასტერში!
ქრისტეს ნორჩმა მეომარმა, ამ სამყაროსთან აღარაფერი რომ არ აკავშირებდა, ნიამეცკის მამათა მონასტერს მიაშურა.
ამ დროისთვის იგი 20 წლის იყო.
მონასტერში
მამათა კეთილსახიერებამ, სულიერმა გამოცდილებამ და, რაც მთავარია, სავანეში მსუფევმა სულიწმიდის მადლმა დიდად ანუგეშა ჭაბუკი ილიას ტანჯული გული და სამუდამოდ დაუკავშირა მონასტერს.
ნიამეცის მონასტერი, რომელმაც თავისი არსებობის 6 საუკუნის მანძილზე ათეულ ათასობით ბერი გამოზარდა, მორჩილ ილიასათვის კეთილზნეობისა და სულიერი ღვაწლის სკოლად იქცა.
თავიდან მთავარი მკურნალის, სქემონაზონ იობის თანაშემწის მორჩილებას აღასრულებდა, ერთი წლის შემდეგ კი - მონასტრის ბიბლიოთეკარის მორჩილება დაევალა.
მოგვიანებით, სინესტის წყალობით, რევმატიზმით დაავადდა, რითიც შემდგომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებოდა.
იძულებითი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ იღუმენმა ვალერიმ, იხილა რა მისი ესოდენი მოწადინება, 1936 წლის აღდგომას ბერად სხვა უდიდესი წინასწარმეტყველის, იოანე ნათლისმცემლის სახელით აღკვეცა.
იმ დღიდან ბერმა იოანემ ღვაწლიც გააძლიერა - მარხვა გაამკაცრა, მორჩილება, ლოცვა და მუხლდრეკა გააორმაგა, ღვთისა და მოყვასის სიყვარულსა და მორჩილებაში განიწვრთნებოდა, საკუთარი ნება მოიკვეთა და ოდენ ღვთისას ზრახვიდა, მუდამ ესწრებოდა ღვთისმსახურებას და კლიროსზეც გალობდა.
განსაკუთრებულად იმ მამათა შრომები უყვარდა, ლოცვის შეძენაში რომ შეეწეოდნენ. ხშირად დასდენია წმინდა წიგნთა კითხვისას სინანულის ცრემლი, სულის სამოსელს რომ განუბანდა.
მარხვისას ერთ სენაკში განმარტოვდებოდა ხოლმე, რადგან მდუმარება უყვარდა.
მის სულს მწველად სწყუროდა წმინდა მიწის მოლოცვა და იმ ადგილთა მონახულება, სადაც მაცხოვარს დაედგა ფეხი...
პალესტინა
ღვთის წყალობით, მისი სურვილი მალე სინამდვილედ იქცა.
1936 წელს იღუმენისა და მოლდავეთის მიტროპოლიტის, ნიკოდიმოსის (რომელიც მოგვიანებით რუმინეთის პატრიარქად გამოირჩიეს) ლოცვა-კურთხევით 23 წლის ბერი იოანე ორი ძმითურთ წმინდა მიწას ეწვია.
მოილოცეს რა იქაური სიწმინდეები, უდაბნოში მოღვაწე რუმინელი თანამოძმენი ინახულეს, ზაფხულს იორდანეს უდაბნოს რომ ეხიზნებოდნენ, ზამთარში კი - საბა განწმენდილის სავანეს.
მომდევნო წელიწადს, შვიდთვიანი შრომის შემდგომ ერთი მისი ძმათაგანი, სახელად დამიანე, მძიმედ დაავადდა და მეორე ძმითურთ რუმინეთს დაუბრუნდა.
მარტო დარჩენილმა იოანემ იერუსალიმის პატრიარქ დამიანეს წმინდა საბას სავანეში დარჩენის კურთხევა გამოსთხოვა, რომლის წიაღშიც საიმდროოდ ხუთი რუმინელი მამა იღვწოდა.
ამ მადლიან ადგილას მან ათი წელი გაატარა, მოშურნედ იღვაწა და სულიერად ძალზე წარემატა.
სრულყოფილად დაეუფლა რა ბერძნულს, მრავალი სულისთვის სარგო წიგნი გადმოთარგმანა რუმინულად. აქ გულითად ლოცვაში სისტემატურად განისწავლებოდა, დღეში მხოლოდ ერთხელ, საღამოჟამს იხმევდა საკვებს და ოდენ სინანულის ცრემლით საზრდოობდა, სიწმინდისა და მორჩილებისათვის რომ მიეცა უფლისგან...
მადლმა ფერი უცვალა მის შინაგანს, რის გამოც განსაკუთრებულად ეკრძალვოდა არაწმინდა აზრებს, რომ უფლისთვის შეუბღალავად შეენახა თავი.
განსაცდელი
მუსლიმანმა არაბებმა ერთხელ კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეს: - გამცილებელი არაბითურთ იერუსალიმიდან შინ ფეხით ბრუნდებოდა, გზად ჩასაფრებულ არაბთა ჯგუფს რომ გადააწყდა - იკონომოსს, ბერმონაზონ პავლეს მოსაკლავად ჩასაფრებოდნენ, - სამუშაოდ არ მიგვიღოო.
როგორც მიუახლოვდნენ, ერთი ხელჯოხიანი მოსაკლავად გადმოუხტა, მაგრამ მეორემ იცნო და შესძახა:
- ხელი არ ახლო, ეგ ის არ არის, ჩვენ რომ ველითო!
ასე იხსნა ღმერთმა თავის რჩეული უეჭველი სიკვდილისაგან.
იმხანად პალესტინელი არაბები ინგლისელებს აუჯანყდნენ და დაჭრილები მოსავლელად მონასტერში ბერ იოანეს მიუყვანეს.
წმინდა საბას ლავრა ლაზარეთად იქცა, მონასტრის მყუდროება დაირღვა და ყველგან სნეულთა კვნესა ისმოდა...
ნეტარმა მამამ წარმოუდგენელი შრომა გასწია მათთვის, ბოლოს კი ისე დაუძლურდა, თავადვე დასნეულდა.
თირკმლების ტკივილმა, არახელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა და მწირმა საკვებმა მდგომარეობა გაუუარესა და 1939 წელს, მამა საბას კურთხევით, რუმინელ თანამოძმესთან ერთად უდაბნოს შეეხიზნა.
მრავალი განსაცდელის, განსაკუთრებით კი - წყლის ნაკლებობის გამო დიზენტერია შეეყარა და ნახევარ წელიწადზე მეტხანს იტანჯებოდა.
მეორე მსოფლიო ომი კარს იყო მომდგარი... გერმანელები ალექსანდრიას უახლოვდებოდნენ და რადგან რუმინეთი იმ დროს გერმანიის მოკავშირე იყო, ინგლისელებმა პალესტინაში მყოფი ყველა რუმინელი დაატყვევეს და იტალიელებთან და გერმანელებთან ერთად ერთ-ერთ ტყვეთა ბანაკში გამოკეტეს.
რაც შეეხება ნეტარ მამას, მძიმე სნეულების მიუხედავად, უცხო ენათა ცოდნის გამო იქ ცხრა თვე გააჩერეს.
მეორე მსოფლიო ომისას მრავალი განსაცდელი გამოიარა.
იორდანეს უდაბნოში
1945 წლიდან ბერი იოანე კვლავ მონასტერშია.
იღუმენმა, რომელმაც მისი სულიერი მზაობა იხილა, დიდ სქემაში აღკვეცა.
იოანეს იორდანეს უდაბნოში განდგომილი ცხოვრება სწყუროდა, მაგრამ უფალმა სხვაგვარად ინება - იორდანეს უდაბნოში სამონასტრო ერთობა დაარსდა, რომლის იღუმენადაც (განდეგილობის ნაცვლად) იოანეს დაასხეს ხელი.
1947 წლის მაისში ნეოკესარიელ მთავარეპისკოპოს ირინარქის მიერ იგი დიაკვნად იკურთხა, სექტემბერში კი - მღვდელ-მონაზვნისა და მონასტრის იღუმენის პატივით შეიმოსა.
როგორც მოგვიანებით მისი სულიერი შვილნი ამოწმებდნენ, მსგავს სულიერ ნიჭს იმდროინდელ პალესტინაში არავინ ფლობდა.
ნეტარი მამა მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატთა მკაცრი მიმდევარი იყო. დღისით ყოველ მომსვლელს იღებდა, ღამით კი ლოცვისთვის განმარტოებულ ადგილებში დადიოდა და დილით, გათენებისასღა ბრუნდებოდა.
თავისუფალ დროს კი ლირიკულ ლექსებს ქმნიდა.
გამოქვაბულში
1953 წლის ზაფხულში მოწაფე იოანიკესთან ერთად იმ უდაბნოს განუმარტოვდა, რომელიც წმინდა გიორგი ქოზბიტელის მონასტერთან მდებარეობდა და გადმოცემით, ცხოვრების დასასრულს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედა, წმინდა ანა მოღვაწეობდა.
იოანე დანგრეულ და ვიწრო ქვაბულში 7 წლის განმავლობაში იღვწოდა, რომელიც ქორების დამშრალ ნაკადზე რამდენიმე ათეული მეტრით მაღლაა და ჩიტის ბუდეს ჰგავს. შიმშილსაც სულგრძელად დაითმენდა, სიცივესაც, წყურვილსაც (გამოქვაბულში სიცხე ხშირად 40 გრადუსს აღწევდა), სნეულებებსაც და კაცთა უძილო მტრის მიერ მოგვრილ ყოველგვარ ტკივილსაც, დღეებს ლოცვასა და მდუმარებაში განლევდა, დღე-ღამეში მხოლოდ ერთხელ იხმევდა ორცხობილას და ქიშმიშს, იშვიათად კი - ახალ პურს.
ღვთაებრივ ლიტურგიას წმინდა ანას სკიტის პატარა ტაძარში აღასრულებდა. დიდ დღესასწაულებში კი წმინდა გიორგი ქოზბიტელის მონასტერში გადადიოდა, რომელიც სკიტიდან ერთი კილომეტრის მანძილზე მდებარეობდა.
ლიტურგიის შემდეგ ძმებთან ერთად ტრაპეზობდა და კვლავ თავის კელიაში ბრუნდებოდა. მოწაფე მასთან კიბით ადიოდა, რომელსაც მამა იოანე გამოქვაბულიდან ჩამოუშვებდა ხოლმე, შემდეგ ისევ ასწევდა და ამგვარად უჭრიდა გზას მიმსვლელთ.
ხილვა
ნეტარს არაბები ძალზე აწუხებდნენ, მის გამოსადევნად ველურებივით ქვებს რომ ესროდნენ გამოქვაბულს, თუმცა, უწყოდა, ვინ აღძრავდა ამ საბრალოებს და ყოველივეს მოთმინებითა და სიყვარულით დაითმენდა.
აღსრულებამდე ორი კვირით ადრე საოცარი ხილვის ღირსი შეიქნა: - დღისით კამკამა ცაზე მარჯვნივ ფინიკის ფოთლებისგან შეთხზული ბრწყინვალე გვირგვინი იხილა, რომელსაც ეწერა: "ნეტარნი"... შემდეგ რაღაც სიტყვები, რომელთა გარჩევაც ვეღარ შეძლო. მარცხნივ იყო წარწერა: - "წყეულნი"... და იქვე ელვის მსგავსი ისრები...
ამ ხილვის შესახებ მან თავის მოწაფეს, იოანიკეს, უამბო და შეჰპირდა, რომ, თუ მისი მდგომარეობა გაუარესდებოდა, რაღაც უფრო მეტს დაინახავდა. ავადმყოფობამ მას არ მისცა საშუალება, რომ ზედმიწევნით მოეთხრო ამ ხილვის შესახებ, რომელიც მოახლოებულ სიკვდილს ატყობინებდა.
1960 წლის 5 აგვისტოს, ოთხშაბათს, დილით, უკვე უწყოდა ამქვეყნიდან განსვლის ჟამი (რაც გამოქვაბულის კედელს მიაწერა).
უფლის წმინდა საიდუმლოს ეზიარა, მორჩილთათვის რაღაცის თქმა სურდა, თუმცა, სისუსტის გამო ვერ შეძლო და დაწვა. ერთი საათის შემდგომ მარჯვენა ხელი ასწია, სამყაროს ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა და წარმოთქვა:
- მშვიდობა ყოველთა!
5 აგვისტოს გათენებისას კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს...
იმ დროს მხოლოდ 47 წლის იყო.
იგი იმ უკანასკნელ რუმინელ ასკეტთაგანია, ამ წმინდა ადგილებში რომ მოსაგრეობდნენ. მდუმარედ ატარა ბერული ცხოვრების ყველა ტვირთი და ჭირი, ხორცსა და ვნებებს სძლია და უფალს შეუერთდა.
დაკრძალვა
მისი მოძღვარი, წმიდა გიორგი ქოზიბელის მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი ამფილოქე 1980 წელს ამ წმიდა მამის აღსრულების შესახებ ზოგიერთ კეთილმორწმუნე ქრისტიანს შემდეგს უამბობდა:
- 5 აგვისტოს, დილით, მისი გამოქვაბულისკენ გავემართეთ, რომელიც მონასტრიდან 45 წუთის სავალზე იყო.
ათი საათისთვის მივედით და გალობა ვიწყეთ. უეცრად გამოქვაბულში სხვადასხვა ჩიტების ურიცხვი რაოდენობა შეფრინდა, რომელთაც დარჩენილი ორცხობილა და ქიშმიში დავუყარეთ, მაგრამ არც კი გაეკარნენ, მხოლოდ ნეტარის წმინდა სხეულს დასტრიალებდნენ თავზე, მკერდზე, ხელებსა და ფეხებზე ასხდებოდნენ და ხმებს გამოსცემდნენ, გალობასა და ლოცვაში ხელს გვიშლიდნენ და ფრენისას სანთლებს აქრობდნენ, ფრთებით წიგნებს გვიხურავდნენ, თითქოს ამ წმინდა კაცის ამქვეყნიდან წასვლა არ სურდათ...
ნეტარის სხეული გამოქვაბულის სიღრმეში გალობით ჩავასვენეთ ძველ კუბოში, თავადვე რომ განიმზადა სადაც სხვა მეუდაბნოე მამანიც ესვენენ. მასზე ჯერ დაფები დააგეს, შემდეგ კი - შელესეს.
მისმა მოწაფემ და მორჩილმა, ბერმა იოანიკემ, კუბოზე ლექსი - ანდერძი წააწერა.
ამ ამბებიდან 20 წლის შემდგომ წმინდა იოანე ერთ მოწაფეს გამოეცხადა და თავისი სამარხის გახსნა ითხოვა, მაგრამ მონასტრის იღუმენმა, მამა ამფილოქემ მისი ძველ ადგილას დატოვება გადაწყვიტა, რადგან მეუდაბნოეთა გადასვენება არ ეგებოდა.
ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილები
მამა ამფილოქეს მოწმობით, 1980 წლის ივლისის ბოლოს წმინდა გიორგი ქოზიბელის მონასტერში ამერიკიდან ბერძენ მომლოცველთა ჯგუფი მოვიდა. ზოგიერთი მათგანი იცნობდა კიდეც ნეტარ იოანეს და მისთვის აღსარებაც ეთქვა.
იღუმენისგან კურთხევა გამოითხოვეს, მამა იოანეს საფლავისთვის თაყვანი ეცათ. ყოყმანის შემდეგ იღუმენი დათანხმდა.
სტუმრებმა გამოქვაბულში კუბოს გახსნაც ითხოვეს. იღუმენმა ჯერ იუარა, შემდეგ კი - დათანხმდა და როდესაც კუბოს სახურავს ფიცარი მოაშორეს, მთელი გამოქვაბული გამოუთქმელი კეთილსურნელებით აივსო...
ამას არავინ ელოდა და მომსწრეთ მართლაც თავზარი დაეცათ, - ღვთის ეს მართალი სრულებით უხრწნელი დახვდათ.
ყველაზე მეტად იღუმენი შეძრწუნდა, რომელიც ნეტარის დაკრძალვას ესწრებოდა. უხრწნელი ნაწილები ისე შენახულიყო, თითქოს რამდენიმე საათის წინ დაესვენებინათ. დროს გადარჩენოდა სახე, წვერი, თმა, საბერო სამოსი, დიდი სქემა და ფეხსაცმელი.
ამან იქ მყოფებზე ისე იმოქმედა, რომ განცვიფრებულებს ესღა აღმოხდათ:
- უფალო, შეგვიწყალე!
შემდეგ კი ნაწილებს სიხარულით სცეს თაყვანი და სტუმრებმა ნეტარის სამოსის მცირე ნაჭრები ითხოვეს.
კუბო დროებით დახურეს... წმინდა ნაწილების გამოქვაბულში დატოვება აღარ შეიძლებოდა, რათა ფანატიკოს ებრაელებს ან ბედუინებს არ წაებილწათ.
იერუსალიმიდან ახალი კუბო ჩამოიტანეს და უხრწნელი ნაწილები დიდი სიფრთხილით გადაასვენეს. მოწიწებით დავარცხნეს თმა და წვერი. სახე ისეთი ჰქონდა, თითქოს ეძინა.
შემდეგ კი მოკრძალებით გადაასვენეს მონასტერში.
* * *
მისი წმინდა ნაწილები ჯერაც კუბოში ბრძანდებოდა, ერთმა ბერძენმა ქალმა ავსტრალიიდან, მღვდელ ხარლამპეს დედას სიზმრად რომ აუწყა, - ახალი წმინდანის უხრწნელი ნაწილების განსასვენებლისათვის ფული შეაგროვეო... მაგრამ ქალმა არც წმინდანის სახელი უწყოდა, არც - ადგილსამყოფელი. მალე ნაცნობმა წმინდა მიწის მოსალოცად წასვლა შესთავაზა.
სიწმინდეთა შორის წმინდა გიორგი ქოზიბელის მონასტერიც ინახულეს. ნეტარი იოანე რუმინელის წმინდა ნაწილების ხილვისთანავე ქალს სიზმარი მოაგონდა და მიხვდა, თუ ვისთვის უნდა შეეკრიბა თანხა.
სწორედ ამ დროიდან განისვენებს ნეტარის წმინდა ნაწილები ახალ ლუსკუმაში და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი ხილვა და თაყვანისცემა.
წმინდა ნაწილების ახალ აკლდამაში დასვენების შემდეგ იღუმენი ამფილოქე საბერძნეთს გაემგზავრა. მაშინ იერუსალიმის საპატრიარქოს ზოგმა კლირიკოსმა, ბოროტის ჩაგონებით, პატრიარქს ურჩია, რომ იღუმენის მოგზაურობისას ნაწილები ტაძრიდან გაეტანათ.
საამისოდ შექმნეს კიდეც კომისია, თუმცა, უფალმა ამ განზრახვის აღსრულების საშუალება არ მისცა, - პატრიარქი მოულოდნელად გარდაიცვალა, საპატრიარქო კომისიის მთავარი წევრი საოპერაციო გახდა, მესამე კი გულის მძიმე დაავადებით დაისაჯა.
მომხდარი ფაქტის შემდეგ ვეღარ გაბედეს, შეხებოდნენ ამ განდიდებული მართლის ნაწილებს, დღემდე ამ ღვთივკურთხეულ ადგილას რომ განისვენებენ.
* * *
ერთხელ წმინდა იოანე გამოქვაბულში ათონზე, წმინდა ანას სკიტში მოღვაწე მღვდელ-მონაზონმა მიტროფანემ მოინახულა.
ამ უკანასკნელს იმდენად ესათნოვა იქაურობა, იქ გადასვლა თავადაც მოიწადინა, თუმცა, ნეტარმა მამამ მკაცრად უთხრა:
- თუ აქ ცხოვრება გსურს, ახლავე დარჩი ისე, როგორც ხარ, რადგან, თუკი კელიის საქმეების მოსაგვარებლად გაემგზავრები, ვეღარასოდეს დაბრუნდებიო.
მართლაც, მამა მიტროფანე გარდაიცვალა და სანატრელ უდაბნოს ვეღარ დაუბრუნდა...
* * *
სხვა დროს ერთი პატივცემული ქრისტიანი ქალი საბერძნეთიდან წმინდა მიწის სიწმინდეების თაყვანსაცემად ჩამოვიდა. როდესაც ღირსი მამის უხრწნელი ნაწილნი იხილა, შეძრწუნდა და თქვა: - უმჯობესი იყო, არ მენახეო, - და მსწრაფლ განეშორა.
იმავე ღამეს სიზმარში ნეტარი იოანე იხილა, ენით აღუწერელი ღვთაებრივი ნათლით რომ გაბრწყინებულიყო, რომელმაც ჰკითხა:
- რამ შეგაშინა? მე იოანე ვარ. ან ავი რა შეგამთხვიე?
ის იყო, ქალს შენდობა უნდა ეთხოვა და თაყვანი ეცა, წმინდანი გაქრა.
მომდევნო წელს საგანგებოდ ჩავიდა წმინდა გიორგი ქოზიბელის მონასტერში, რომ წმინდა იოანესაგან შენდობა და კურთხევა მიეღო.
* * *
ღირსი იოანეს ცხოვრება ცოცხალი მაგალითია სრულყოფისაკენ განუწყვეტელი სულიერი აღმავლობისა, ღმერთთან სულის საიდუმლო შეერთებისა.
ყველას გადარჩენის განუწყვეტელი სურვილი და მოყვასის სიყვარული მამა იოანეს აიძულებდა, ცხოვრების დასასრულს გამუდმებით ეთარგმნა წმინდა მამათა წიგნები რუმინულ ენაზე. ამ საქმეს ჭეშმარიტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისი თანამემამულეებისათვის.
ამ ჭეშმარიტი ღვთისკაცის ცხოვრების მოკლე ქრონიკის დასასრულს იმ უჭკნობ მშვენიერებასთან ზიარებას და სულიერ მდგომარეობას გისურვებთ, ჩვენი დროის წმინდანი, წმინდა იოანე ახალი ქოზიბელი რომ ფლობდა.
1992 წელს რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღირსი იოანე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 05 აგვისტო (ახალი სტილით) დაადგინა. 2015 წლის 22 დეკემბერს, იერუსალიმის საპატრიარქომ სქემმღვდელმონაზონი იოანე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 28 ივლისი-როცა მოხდა მისი წმინდა ნაწილთა აღმოყვანება - დაადგინა.
.....................................
აქვე წაიკითხეთ:
წმინდა იოანე ახალი, ქოზიბელი (1913-1960) - 23 ივლისი (05 აგვისტო).
მე ვარ შენთან, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე