წმინდა ლუკა მკურნალი, სიმფეროპოლის არქიეპისკოპოსი (ვოინო-იასენეცკი +1961) - 29 მაისი (11 ივნისი)
წმინდა ლუკა მკურნალი, სიმფეროპოლის არქიეპისკოპოსი (ვოინო-იასენეცკი +1961) - 29 მაისი (11 ივნისი)
ძველი სტილით 29 მაისს (ახალი სტილით 11 ივნისს) წმინდა ლუკა მკურნალის ხსენების დღეა.

წმინდა მთავარეპისკოპოსი ლუკა (ერისკაცობაში ვალენტინ ვოინო-იასენეცკი) მსოფლიოში აღიარებული მედიკოსი იყო, როცა რუსეთში ღვთისმგმობი რევოლუცია მოხდა. იგი ტაშკენტის საავადმყოფოს მთავარ ექიმად, ქირურგად და უნივერსიტეტის სამედიცინო კათედრის პროფესორად მუშაობდა. იმ სასტიკ დროს, როცა ღვთისმბრძოლმა ბოლშევიკებმა ეკლესიის მძვინვარე დევნა დაიწყეს, ვალენტინი, უკვე 45 წლის ერისკაცი, ღვთის საკვირველი განგებულებით, მღვდელმსახური გახდა, ხოლო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბერად აღიკვეცა.

ლუკას შუა აზიის ეპარქიის ეპისკოპოსად დაასხა ხელი იქ გადასახლებულმა ორმა რუსმა ეპისკოპოსმა. უშიში მღვდელმთავარი განაგრძობდა მუშაობას ქალაქის მთავარ ქირურგად და ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში, ამასთან ყოველთვის სამღვდელმთავრო შესამოსლით დადიოდა! მის გამო ის მალე დააპატიმრეს ყალბი ბრალდებით (ვითომდაც ინგლისელთა ჯაშუში იყო!). მას შემდეგ ტანჯვა-წამების უმძიმესი 11 წელიწადი გაატარა მთავარეპისკოპოსმა ლუკამ ბოლშევიკურ ციხეებში, ბანაკებსა და გადასახლებაში, ციმბირში პოლარული წრის იქით ორას კილომეტრზეც კი იყო გადასახლებული, და ღვთის საკვირველი განგებულებით, ცოცხალი გადარჩა, თუმცა ჯანმრთელობა ისე შეერყა, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში დაბრმავდა.

მან ბევრი საღვთისმეტყველო შრომა დაგვიტოვა (მხოლოდ მისი ქადაგებები რამდენიმე ტომს შეადგენს). მთავარეპისკოპოსი ლუკა წმინდანად შერაცხეს 1995 წელს და მართლმადიდებელმა ეკლესიამ მას ლუკა აღმსარებელი უწოდა.

ვინც წმინდა ლუკას (ვოინო-იასენეცკი) სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოსს მთელი გულით შეევედრება, ყველას ეხმარება და უნუგეშოდ არავის ტოვებს. მას ბევრი სასწაული მოუხდენია, სხვადასხვა სნეულებისგან ბევრი ადამიანი განუკურნებია. წმინდა ლუკას მიმართეთ დახმარებისთვის და აუცილებლად შეგეწევათ.

ნ. ფ. 14 წლის ყმაწვილი. მას ლიმფური ჯირკვლების კიბო ჰქონდა, ჩაიტარა ქიმიოთერაპიული მკურნალობა მთელი თავისი კლასიკური შედეგებით და მკურნალობის დასრულების სტადიაში იყო, რომ ავადმყოფობამ ახალი ძალით იფეთქა. მკურნალმა ექიმებმა პარასკევს კონსილიუმი მოიწვიეს და გადაწყვიტეს, ორშაბათიდან სასწრაფოდ განეახლებინათ ქიმიოთერაპია. მდგომარეობა გამოუვალი იყო. მშობლები მთლიანად ღვთის წინაშე ლოცვაში ჩაეფლნენ; ჩვენი სავანის დედებს სთხოვდნენ, ელოცათ მათი ერთადერთი ვაჟიშვილის გამოჯანმრთელებისათვის. დედები, რომლებიც განსაკუთრებით დიდ პატივს მიაგებდნენ წმინდა მკურნალ ლუკას, შუამდგომლობას სთხოვდნენ მას ღვთის წინაშე და გატანჯულ მშობლებს მცირეოდენი ნუგეში გაუგზავნეს - წმინდანის ხატი და მისი საფლავის ცოტაოდენი მიწა.

ორშაბათ დილით ხელახალი ანალიზები აუღეს, რომელიც მოულოდნელად დიამეტრალურად საწინააღმდეგო აღმოჩნდა. ავადმყოფობის არც ერთი ნიშანი არ გამოვლენილა, სიმსივნე გაქრა. მკურნალი ექიმები გაოცებას არ მალავდნენ; მათ დაამოწმეს ახალი მონაცემები და იძულებულნი იყვნენ, შეეცვალათ ავადმყოფობის დასკვნა და ნ. ფ. სრულიად ჯანმრთელი გამოეწერათ საავადმყოფოდან.

* * *

70 წლის პ. პ.-ს, საავადმყოფოში სტაციონარული მკურნალობისას, ექიმების გაუფრთხილებლობით მას ინფექცია შეეყარა. დაუყოვნებლივ განვითარდა ახალი ავადმყოფობა და ძალიან სწრაფად დადგა ერთადერთი თირკმლის დაკარგვის საშიშროება. ავადმყოფის მდგომარეობა ძალზე მძიმე იყო. წმინდა ლუკასადმი აღვლენილმა ლოცვამ და წმინდა მკურნალის მადლმა ხელი შეუშალა მოვლენების ბუნებრივ განვითარებას და პ. პ., ღვთის წყალობითა და წმინდა ლუკას ლოცვით გამოჯანმრთელდა.

დასასრულს კიდევ ერთხელ გვსურს გადმოგვცეთ, პატივცემულო მამა იღუმენო, ჩვენთვის ცნობილი გახდა ღვთის დიდი წმინდანის, წმინდა ლუკას შესახებ და მისი მადლმოსილი ცოცხალი მყოფობა გვაჩუქეთ.

ღრმა პატივისცემით მონაზონი თეოლოღია და მისი ქრისტესმიერი დები.

* * *

ჩემთან დაკვირვებას გადიოდა ქალბატონი ე. კ, - წერს ბეტი პერისტეროპულუ, ქირურგი-გინეკოლოგი (ქ. ათენი, 2002 წელი), რომელსაც ტყუპი უნდა გაეჩინა. ფეხმძიმობის 34-ე კვირას (მერვე თვე) ქალმა უეცრად დამირეკა და ძლიერი მღელვარებით მაცნობა, რომ მუცელი გაუქვავდა. იგი სახლში გავსინჯე და მივხვდი, რომ მშობიარობა იწყებოდა. მაშინვე გავუკეთე საჭირო პრეპარატი - დექსამეტაზონი, რათა ჩვილების ფილტვები ნაადრევი მშობიარობისათვის მოემზადებინა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს წამალი მხოლოდ 24 საათის შემდეგ იწყებს მოქმედებას, გავთვალე, რომ იგი აუცილებელი იყო, რამდენადაც მხოლოდ უფალმა უწყის, როდის დაიწყება მშობიარობა.

წმინდანის გულის სულ მცირე ნაწილი მქონდა. მისით ჯვარი გადავსახე ფეხმძიმე ქალის მუცელს და ეს ნაწილი მოვათავსე ცარიელ კოლოფში, საიდანაც ის-ის იყო, ავადმყოფს წამალი მივეცი. ცოტა ხნის შემდეგ ჩემი კაბინეტისკენ გავემართე. ხუთი საათიც არ იყო გასული, როდესაც შეშინებულმა ქალმა კვლავ დამირეკა და მაცნობა, რომ სისხლდენა დაეწყო. ავადმყოფს ვუბრძანე, დაუყოვნებლივ წამოსულიყო სამშობიარო სახლში. მას პლაცენტას განშრევება დაემართა - ეს არის ერთი ყველაზე საშიში გართულებათაგანი იმ სამიდან, რაც, შესაძლოა, ფეხმძიმობისას მოხდეს. ასეთ შემთხვევაში საფრთხე ემუქრებოდა როგორც დედის, ისე ჩვილების სიცოცხლეს.

საოპერაციო სასწრაფოდ მომზადდა საკეისრო კვეთისათვის. მაგრამ რამდენადაც ეს ოპერაცია არაგეგმური იყო, საერთოდ არ გაგვაჩნდა გადასასხმელი სისხლი. მოცდის დროც არ იყო, რადგან სისხლისდენა ძლიერდებოდა და ქალს საშინელი ტკივილები ტანჯავდა. გარდა ამისა, კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა: მშობიარემ სამი საათის წინ ჭამა და მისთვის საშიში იყო საერთო ნარკოზის გაკეთება, ეპიდერალური ანესთეზიისთვის კი მზად არ იყო ტექნიკა, რადგან ანესთეზიოლოგს მოსამზადებლად 40 წუთი სჭირდებოდა.

მომხდარის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი და გულში წმინდა ლუკას ვთხოვდი შემწეობას და განმტკიცებას მოსალოდნელი ოპერაციის წინ. ლოცვამ გამამხნევა და აქამდე შეუცნობელი ძალა ვიგრძენი. მტკიცე ხელით გავკვეთე მუცელი. საშვილოსნოში უამრავი სისხლი აღმოჩნდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დედის მდგომარეობა მთელი ოპერაციის მანძილზე სტაბილური იყო და ნარკოზიდანაც საკმაოდ ადვილად გამოვიდა. წმინდანის ჩარევის წყალობით ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ღვთის მოსაგრეს იმისათვის, რომ მან არა მხოლოდ იხსნა დედისა და ორი ბავშვის სიცოცხლე, არამედ მეც განმამტკიცა, იმ წუთებში ჩემთვის შეუცვლელი დამხმარე და თანამებრძოლი გახდა ქირურგიულ პალატაში - ესოდენ ფაქიზ და საშიშ ადგილას.

წმინდა ლუკამ ამ შემთხვევაშიც სასწაული აღასრულა.
..........
ასევე წაიკითხეთ:

მთელი გულით ვმადლობთ მას

ქრისტეს ჯვრით ჩემთვის მთელი სამყარო ჯვარცმულია, მე კი სამყაროსთვის

როგორ იმარჯვებდა ცოდვაზე

მეუფე ოპერაციის წინ თავის კაბინეტში ხატთან ლოცულობდა

წმინდა ლუკას წმინდა ნაწილს გადავცემ ქართველ ხალხს, რათა დაეხმაროს სხვადასხვა დაავადების განკურნებაში

უღელი ჩემი ტკბილია, ტვირთი ჩემი - მსუბუქი

არც ერთხელ არ უღალატია თავისი რწმენისთვის

თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები უეცრად ავად გახდებით, პირველ რიგში მე მომმართეთ

როგორ იმარჯვებდა ცოდვაზე

მე გადმოგცემ წმინდა ლუკას მცირე წმინდა ნაწილს და შესწირე იმ ტაძარს, რომელშიც დადიხარ

ლექციებს ანაფორითა და პანაღიით კითხულობდა

სამივე გადასახლება ღვთის სიყვარულით დაითმინა

ასეთი ამოუცნობია უფლის გზანი

წმინდა ლუკა მკურნალი უნუგეშოდ არავის ტოვებს

ბევრ თავის ქალას ჩავუტარე ტრეპანაცია, მაგრამ ჭკუა არსად მინახავს

წმინდა ლუკას წმინდა ნაწილს გადავცემ ქართველ ხალხს, რათა დაეხმაროს სხვადასხვა დაავადების განკურნებაში

ბეჭდვა
1კ1