წმინდა მარტინე აღმსარებელი, რომის პაპი (+655), წარმოშობით ტოსკანელი იყო. მან კარგი განათლება მიიღო და რომის ეკლესიის სამსახურში ჩადგა. პაპ თეოდორე I-ის (642-649) გარდაცვალების შემდეგ ის აირჩიეს რომის მღვდელმთავრად.
ამ დროს ეკლესიის სიმშვიდე დაარღვია მონოთელიტობის ერესმა, რომელიც ფართოდ გავრცელდა საზოგადოების ყველა ფენაში. ერესს თავად იმპერატორი კონსტანცი (641-668) და კონსტანტინოპოლის პატრიარქი პავლე II-ც (641-654) თანაუგრძნობდნენ. იმპერატორის მითითებით გამოიცა ერეტიკული "რწმენის ნიმუში" (ტიპოსი), რომელიც აუცილებელი იყო ყველასთვის და კრძალავდა შემდგომ კამათს.
ერეტიკული "რწმენის ნიმუშს" რომის ეკლესია 649 წელს გაეცნო. წმინდა პაპმა მარტინემ, რომელიც მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი იყო, რომში მოიწვია ადგილობრივი კრება და დაგმო მონოთელიტთა ერესი, ამასთანავე კონსტანტინოპოლის პატრიარქს გაუგზავნა ეპისტოლე და მოუწოდა მართლმადიდებლურ აღმსარებლობას დაბრუნებოდა. გაბრაზებულმა იმპერატორმა მთავარსარდალ ოლიმპიუსს უბრძანა, პაპი შეეპყრო. რომში ჩასულ ოლიმპიუსს შეეშინდა სამღვდელოებისა და ხალხის მღელვარებისა და ერთ-ერთ მეომარს დაავალა, მალულად მოეკლა წმინდა მარტინე. როგორც კი მეომარი პაპს მიუახლოვდა, მაშინვე დაბრმავდა. შეშინებული ოლიმპიუსი სასწრაფოდ სიცილიაში წავიდა და მალე ერთ-ერთ ლაშქრობაში დაიღუპა.
654 წელს იმპერატორმა, იმავე მიზნით, რომში გაგზავნა სხვა მხედართმთავარი თეოდორე, რომელმაც პაპს ბრალდებად წაუყენა: იმპერიის მტრებთან საიდუმლო ურთიერთობა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მკრეხელურად მოხსენიება და პაპის ტახტზე უკანონოდ ასვლა. მიუხედავად სამღვდელოებისა და ერისკაცთა მხრიდან პაპის სრული უდანაშაულობის მტკიცებისა, თეოდორემ ღამით შეიპყრო წმინდა მარტინე და ეგეოსის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლა. მთელი წელიწადი იტანჯებოდა წმინდა მღვდელ¬მთავარი თითქმის უკაცრიელ კუნძულზე და უდრტვინველად იტანდა დარაჯთა მხრიდან შეურაცხყოფას. ნაწამები აღმსარებელი შემდგომ კონსტანტინოპოლში წაიყვანეს.
ავადმყოფი მღვდელმთავარი სასამართლოზე საკაცით შეიყვანეს, მაგრამ მსაჯულებმა მას მოსთხოვეს, შეკითხვაზე პასუხი ფეხზე მდგარს გაეცა. ჯარისკაცები ხელებით ამაგრებდნენ ავადმყოფობისაგან ჯანგამოცლილ მოხუცს. სამსჯავროზე ცრუმოწმეები გამოვიდნენ და წმინდანს სარკინოზებთან ურთიერთობა დააბრალეს. მსაჯულებმა წმინდა მარტინეს თავის მართლება ყურად არ იღეს. უსამართლობით გულმოკლულმა მოხუცმა თქვა: "უწყის უფალმა, როგორ სიკეთეს იქმთ, თუ მალე გამომასალმებთ სიცოცხლეს".
სამსჯავროს შემდეგ წმინდა მღვდელმთავარი სამოსელშემოძარცული გამოიყვანეს ბრბოსთან, რომელიც ყვიროდა: "ანათემა მარტინე პაპს". ვინც სიმართლე იცოდა, თვალცრემლიანი ტოვებდა მოედანს. ბოლოს გამოაცხადეს სამსჯავროს გადაწყვეტილება: იმპერატორის სასამართლო წმინდა მღვდელმთავარს პაპის ხარისხს ართმევდა და სიკვდილით სჯიდა. ნახევრად შიშველ მღვდელმთავარს ბორკილები დაადეს და საპყრობილეში ჩააგდეს ავაზაკებთან ერთად.
იმპერატორი მივიდა მომაკვდავ პატრიარქ პავლესთან და სამსჯავროს ამბები აუწყა. პატრიარქმა სთხოვა მას, შეეწყვიტა წმინდა მარტინეს წამება. იმპერატორმა მღვდელმთავართან გაგზავნა ხალხი დამატებით დაკითხვის ჩასატარებლად. წმინდანმა მათ უთხრა: "თუნდაც ამკუწოთ, არ მექნება ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, სანამ ის მწვალებლობაშია". ჯალათები გაოგნებულები დარჩნენ აღმსარებლის სიმტკიცით და სიკვდილით დასჯა ხერსონეში გადასახლებით შეუცვალეს.
წმინდა მარტინე გადასახლებაში გარდაიცვალა ავადმყოფობით, შიმშილით და ათასგვარი შევიწროებით გაწამებული (+16 სექტემბერი, 665). დაკრძალეს ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში.
680 წ. VI მსოფლიო კრებამ დაგმო მონოთელიტთა ერესი. წმინდა აღმსარებლის ნაწილები ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი რომში გადაასვენეს.
"წმინდანთა ცხოვრება", ტ. II, თბილისი, 2001 წ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი