საკვირველი მამა წარმოშობით ბითვინიის კესარიიდან გახლდათ, ქალაქ პრუსის სიახლოვეს დაიბადა და წარჩინებულ და ღვთისმოყვარე მშობლების შვილი იყო.
დედამისი ჩვილის დაბადებიდან მეშვიდე დღეს მიიცვალა, მამა, ფილარეტი - მალევე აღიკვეცა, ვაჟიშვილი, ნიკიტა კი, ვითარცა ახალი სამოელი, უფალს მიუძღვნა და, მისი ნებისამებრ, ყმაწვილი ტაძარში ხან რომელ მორჩილებას აღასრულებდა და ხან - რომელს. შემდეგ ბიჭუნაზე მეურვეობა თავს ქალაქის მღვდელმთავარმა იდო, - ჯერ წერა-კითხვა ასწავლა, თორმეტი წლისა კი - ტაძარში წიგნის მკითხველად დაადგინა.
ყმაწვილს, რომელიც მოშურნედ შეუდგა წმინდა წერილის შესწავლას, მამის მსგავსად, თავადაც ანგელოზებრივი ცხოვრების სურვილი გაუჩნდა და ერთ წმინდა განდეგილს, სახელად სტეფანეს მიაკითხა, ქალაქის სიახლოვეს, ერთ ქვაბულში რომ მოსაგრეობდა და მასთან ერთად გარკვეულ ხანს იცხოვრა. თუმცა, განდეგილმა, რწმენაში განსამტკიცებლად, კვლავ ადამიანებთან ცხოვრება ურჩია, - ურვასა პოვებ, მაგრამ იგი სიხარულად მოგექცევაო!
მისივე კურთხევით, ჭაბუკმა მიდიკიის მონასტერს მიაშურა, მცირე ხნის წინ მისივე იღუმენმა, ღირსმა ნიკიფორემ (ხსენება 4 მაისს) ბითვინიაში, ოლიმპოს მთაზე რომ დააფუძნა. იქაურმა მამებმა, დიდი მორჩილების, უდიდესი სიყვარულისა და უიშვიათესი მოთმინების გამო მალევე შეიყვარეს ნიკიტა, რომელიც ხუთი წლის შემდგომ წმინდა პატრიარქ ტარასის (ხსენება 25 თებერვალს) ხელთაგან იკურთხა მღვდლად.
გავიდა ხანი და წმინდა ნიკიფორემ, თუმც იღუმენობაზე ოფიციალურად უარი არ განუცხადებია, ნიკიტას, სხვა მონაზონთან, ათანასესთან ერთად სავანის მკვიდრთა გამოკვება დაავალა. საიმდროოდ იქ ასზე მეტი მამა იღვწოდა, ათანასემ კი მონასტრის მეურნეობაზე ზრუნვა ითავა.
ამ ღვაწლმრავალ და წმინდა მამათა წმინდა ცხოვრებამ მიდიკიის სავანე დანარჩენ მონასტერთათვის სამაგალითოდ და იმ მიწიერ ედემად აქცია, სადაც უქმი სიტყვაც კი არ წარმოითქმოდა.
ძმათათვის ნიკიტა განხორციელებული სათნოება იყო, ღვთისგან წინასწარმცნობელობისა და კურნების მადლით ცხებული.
მალე, სამწუხაროდ, ერთმანეთის მიყოლებით ჯერ თანამოღვაწე, ათანასე დაკარგა, შემდეგ კი - სულიერი მოძღვარიც და წმინდა პატრიარქ ნიკიფორე პირველის (ხსენება 2 ივნისს) და სავანის ძმათა დაჟინებული მოთხოვნით, სავანის იღუმენობა ჩაიბარა.
სწორედ იმ დროს ლეონ სომეხი (815 წელი) კვლავ აღდგა ქრისტიანთა და წმინდა ხატთა წინააღმდეგ, კონსტანტინოპოლს ყველა ცნობილი იღუმენი დაიბარა, რომ გადმოებირებინა და ამით მართლმადიდებლობის ერთგულნიც ეცთუნებინა, რასაც წმინდა ნიკიტა უშიშრად აღუდგა.
სანამ წმინდა მამის შემდგომ ღვაწლზე გიამბობდეთ, მსურს, ის ეპოქა ზედაპირულად მაინც მიმოვიხილო, რომელშიც ნეტარი ნიკიტა ცხოვრობდა:
* * *
მაჰმადიანთა კადნიერებით და თავხედობით ისეც შევიწროებულ ეკლესიას მოულოდნელად ახალი განსაცდელი ეწვია, - ხატმებრძოლობა, აღმოსავლეთ საქრისტიანოს უდიდესი ზიანი რომ მიაყენა.
მაჰმადიანები გამუდმებით საყვედურობდნენ ქრისტიანებს, - კერპებს სცემთ თაყვანს, ერთ ღმერთს აღარ სცემთ თაყვანს, არამედ სამ ღმერთს და ხატებად წოდებულ კერპებსო, რასაც იუდეველნიც იმეორებდნენ და ხარობდნენ, რომ ქრისტიანთა დამცირების ერთი საშუალება კიდევ მიეცათ.
შესაძლოა, სულიერი ცხოვრებისა და განათლების რეგრესის ხანაში ხატს მდაბიონი ზოგჯერ აღმერთებდნენ კიდეც, მაგრამ ეკლესიის წმინდა მამები ყოველგვარი ცრურწმენისა და ჭეშმარიტებისგან გადახრისას ყოველთვის იმაღლებდნენ ხმას.
სამწუხაროდ, ამჯერად თვით იმპერატორებმა ინდომეს წმინდა წესის აღმოფხვრა ძალაუფლებითა და იძულებით. მაგალითად, მაჰმადიანებზე სამხედრო გამარჯვებებით სახელგანთქმულმა იმპერატორმა ლეონ სომეხმა, (717-741 წლები) წმინდა ხატთა განადგურებით ეკლესიის ვითომდა "ცრურწმენისგან" გაწმენდა და ამ გზით მაჰმადიანთა და იუდეველთა გაქრისტიანება სცადა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, წმინდა გერმანემ ხატთა თაყვანისცემის ნამდვილი მნიშვნელობა განუმარტა და გააფრთხილა, რომ არც იმპერატორს ჰქონდა წმინდა ეკლესიის ტრადიციათა შეცვლის უფლება და არც - პატრიარქს, თავად კი ამ უკანონობაში მონაწილეობას სიკვდილი ერჩია.
თუმცა, მეფემ მისი არ შეისმინა და 728 წელს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად ხატების თაყვანისცემა ტაძრებშიც იკრძალებოდა და სახლებშიც.
თუმცა, ოდენ დეკრეტის გამოცემა არ იკმარა და ბრძანა: - ტაძრებიდან და სახლებიდან ხატები გამოიტანეთ და საჯაროდ დაწვითო, რამაც ხალხის უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. მაცხოვრის გამოსახულება, რომელიც ჯერ კიდევ კონსტანტინე დიდის დროიდან საიმპერატორო სასახლის კარიბჭის თავს ამშვენებდა, უნდა გაენადგურებინათ.
ხელისუფლისგან გამოგზავნილმა სამხედრო მოხელემ კედელს კიბე მიადგა და ბრძანების შესრულებას შეუდგა. ამაოდ ევედრებოდა ცრემლმომდგარი ხალხი, ხელი არ ახლო წმინდა გამოსახულებასო, მაგრამ მეომარმა ხატს ურო მაინც დაჰკრა.
მაშინ გამწარებულმა დედაკაცებმა კიბე გადააყირავეს და შემცოდე მეომარი სასიკვდილოდ დაშავდა. ამას მოჰყვა აჯანყება, რომელიც ძალადობრივად ჩაახშეს, ბევრი ეჭვმიტანილი სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ ხალხმა ყოველი მათგანი ჭეშმარიტებისთვის მებრძოლებად აღიარა და პატივიც საკადრისი მიაგო.
ბრძანებისადმი ქვეშევრდომთა დაუმორჩილებლობით განრისხებულმა იმპერატორმა უმკაცრეს ზომებს მიმართა: - ურჩთ დევნიდა, ქონებას ართმევდა, აპატიმრებდა, აწამებდა და სიცოცხლეს ასალმებდა, ხოლო ის სასწავლებელნი, რომლის მოძღვარნიც მის სულისკვეთებას არ იზიარებდა, მიწის პირისგან აღგავა.
კონსტანტინოპოლში უზარმაზარი ბიბლიოთეკა და მისი თორმეტი ბიბლიოთეკარი ცეცხლს მხოლოდ იმ მიზეზით მისცა, რომ ერთ-ერთი მათგანი ხელნაწერებში ხატმბრძოლობის განმაქიქებელ გამონათქვამებზე მიუთითებდა.
მღელვარებამ ყველა ის მხარე მოიცვა, სადაც კი იმპერატორის ბრძანებამ ჩააღწია. სამწუხაროდ, თვით მღვდელმთავართა შორისაც აღმოჩნდნენ ისეთნი, იმპერატორის საამებლად არაფერს რომ არ ერიდებოდნენ, რამაც ცეცხლზე ნავთი დაასხა და სახალხო მღელვარება გაამძაფრა. თუმცა, მწყემსმთავართაგან მრავლად იყვნენ მართალნი და წმინდა ეკლესიის უშიშრად დამცველნი.
ხატმებრძოლთა ერესი რომის პაპმა გრიგოლ მეორემაც დაგმო და იმპერატორი წერილობით მკაცრადაც გაკიცხა, რის გამოც ლეონმა მისი დამხობა განიზრახა, თუმცა, მღვდელმთავარს მთელი რომი გამოექომაგა.
განრისხებულმა ხალხმა იტალიის მრავალ ქალაქში დაამსხვრია იმპერატორის გამოსახულება და მზადაც იყვნენ, ლეონს დაპირისპირებოდნენ და ახალი ხელისუფალიც აერჩიათ.
* * *
წმინდა ხატებს ლეონის მემკვიდრენიც ებრძოდნენ. მისმა ძემ, კონსტანტინე V კოპრონიმოსმა 754 წელს მოიწვია თანამზრახველთა უკანონო კრება, რომელზეც ხატთა ნებისმიერი სახით თაყვანისცემა დაიგმო, მისი მიმდევარნი კი - არიოზის, ნესტორისა და ევტიქის მომხრეებს შეადარეს.
სახიფათო ცრურწმენად მიიჩნიეს მონაზვნობაც, ღვთისმშობლის, წმინდანებისა და წმინდა ნაწილების თაყვანისცემა, რის შედეგადაც ეკლესიის კედლებიდან ჩამოფხიკეს სახარებისეულ მოვლენათა ამსახველი ფრესკები და ისინი ბუნების, ნადირობისა თუ სხვა სურათებით შეცვალეს.
კონსტანტინეს ოცდათხუთმეტწლიანი (741-775 წლები) მმართველობა ქრისტიანებს საშინელ განსაცდელად ექცათ: - მათგან მრავალი მოწამებრივად აღესრულა.
როგორც მსგავს შემთხვევებში ხდებოდა ხოლმე, სასტიკმა დევნამ ახლაც აღანთო მორწმუნენი თავგანწირვისთვის. მთელი ერი უდიდეს პატივს მიაგებდა დევნილ ეპისკოპოსებს; საპყრობილეები, სადაც ხატთა თაყვანისმცემლები იყვნენ დატუსაღებულნი, სამლოცველოებად გარდაისახა. იქ უამრავი ხალხი მიდიოდა და წმინდა მოწამეთაგან კურთხევის გამოთხოვას ცდილობდა.
სახლებიდან და ტაძრებიდან გამოტანილ ხატებს მართლმადიდებლები ფარულად სცემდნენ თაყვანს: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანთა სადიდებლად გაისმოდა იოანე დამასკელის, იოსებ მგალობელის, კოზმა მაიუმელის, გერმანესა და სხვათა საგალობლები, რასაც ყველა აღფრთოვანებით იმეორებდა.
გაუთავებელი ამბოხისა და მღელვარების გამო ბევრმა მიატოვა სამშობლო და თავი დასავლეთს შეაფარა. ზოგმა ეპისკოპოსმა მფარველობა იმხანად ძლიერ რომის ეპისკოპოსს სთხოვა. ლატერანის კრებაზე რომის პაპმა სტეფანემ ხატმებრძოლობა ანათემას გადასცა.
ლეონ მეორემ, კოპრონიმოსის ძემ, მამისა და პაპის მაგალითს მიჰბაძა და მორწმუნეთა დასჯას, მონასტერთა ნგრევას, სახლების ჩხრეკას და გადამალული ხატების წვას განაგრძობდა, ხოლო იმ წიგნებს, სადაც ხატს წააწყდებოდა, მყისვე ცეცხლს აძლევდა.
საბედნიეროდ, ლეონი სულ ხუთი წლის მანძილზე იმპერატორობდა, მემკვიდრის მცირეწლოვნების გამო კი მმართველობა მისმა ქვრივმა, დედოფალმა ირინემ ჩაიბარა, რომელმაც ხატთა თაყვანისცემა აღადგინა.
* * *
ხატმბრძოლობის ეპოქაში საეკლესიო ურთიერთობანი რომსა და კონსტანტინოპოლს შორის თითქმის შეწყდა. სამაგიეროდ, სხვადასხვა გარემოების გამო, დასავლეთში პაპების გავლენა გაიზარდა.
პაპმა ადრიანემ კრებაზე მიწვევის პასუხად იმპერატორს გაუგზავნა წერილი, საიდანაც ცხადად იკვეთებოდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოებათა პერიოდში, განსაკუთრებით კი - ხატმბრძოლობის ჟამს, რომის მღვდელმთავრებში ჩამოყალიბებული მტკიცე თვითშეგნება, რომ პაპი - უპირატესია და, ამდენად, სხვა ეკლესიათა მართვის უფლებაც აქვს, რადგან პაპები მოციქულთა თავის, - პეტრეს მემკვიდრენი არიან. წერილში ჩამოყალიბებული მოთხოვნებიდან აშკარა იყო, რომ პაპს სურდა ძალაუფლების მითვისება, რაც უწინდებურად არ დაუშვა აღმოსავლეთმა.
კრებამ წმინდა წერილსა და წმინდა მამათა ნაწერებზე დაყრდნობით უარყო ხატმბრძოლობის ერესის ყველა დებულება და ხატთა თაყვანისცემა აღადგინა: - ჯეროვანია "პატივი მივაგოთ წმინდა ხატებს და თაყვანი ვცეთ მათ არა როგორც ღმერთს, არამედ როგორც ღვთისა და მისი წმინდანების გამოსახულებას".
კრების განჩინებანი ყველა ეკლესიას ამცნეს. რომმა სრულად შეიწყნარა იგი, მაგრამ, მიუხედავად პაპის სასულიერო ხელისუფლების ძლევამოსილებისა, მას რამდენიმე ფრანგი ღვთისმეტყველი და თავად საფრანგეთის მეფე, კარლოს დიდი შეეწინააღმდეგა, რომლებმაც ფრანკფურტის კრებაზე VII მსოფლიო კრების რამდენიმე გადაწყვეტილება უარყვეს.
ხანმოკლე სიმშვიდის შემდგომ ხატმბრძოლობის ერესი ისევ აღმოცენდა აღმოსავლეთში და მრავალი წლით ააღელვა ეკლესია. ეს იყო გაუთავებელი პოლიტიკური ქიშპობისა და გაურკვევლობის ხანა, რასაც ბიზანტიის იმპერიის უაღრესი დაქვეითება დაემატა, - ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ქრისტიანული რწმენით განათლებული ქვეყანა ასე დაეცემოდა ზნეობრივად. საიმპერატორო კარზე და ერში გარყვნილება, სისასტიკე და ცრურწმენა გამეფდა.
ხსენებული ერესისადმი მიდრეკილი იმპერატორები ბოროტად იყენებდნენ ძალაუფლებას და ეკლესიის დადგენილებათა შეცვლასაც კი ბედავდნენ: - აშკარად უჭერდნენ მხარს ცრუსწავლებებს და ვინც მათ შეხედულებებს არ გაიზიარებდა, დაუნდობლად დევნიდნენ.
იმპერია კვლავ ქაოსმა მოიცვა, ალაგ-ალაგ ამბოხმაც იფეთქა... ძალაუფლების მაძიებლები სარგებლობდნენ საყოველთაო უკმაყოფილებით, მომხრეებს იმრავლებდნენ და ტახტის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. გამარჯვებული ფრთა სასტიკად უსწორდებოდა მოწინააღმდეგეებს; მორწმუნეთა სისხლი კი შეუწყვეტლივ იღვრებოდა.
საბედნიეროდ, ამ მძიმე ჟამს ეკლესიას გამოუჩნდნენ წმინდა მამები, რომლებიც ურყევი სიმტკიცითა და თავგანწირვით იცავდნენ ქრისტიანული სწავლების სიწმინდეს და თამამადაც იმაღლებდნენ ხმას უზნეობის წინააღმდეგ. მაგრამ ამ მართალთა ცხოვრება ხშირად მოწამებრივად სრულდებოდა.
* * *
ხატმებრძოლნი დაახლოებით ოცდახუთ წელიწადს ბოგინობდნენ. ლეონ სომეხის, მიქაელისა (820-829 წლები) და თეოფილეს (829-842 წლები) მმართველობის ჟამს დაიქცა მონასტრები და განადგურდა უდაბნოს სენაკები, ბოლო არ უჩანდა მონაზვნებისა და ხატმწერთა წამებას. იმ დროს აღმოსავლეთიდან დევნულთაგან ბევრმა პოვა თავშესაფარი იტალიაში.
ბევრი მართლმადიდებელი გაქცევით შველოდა თავს, მაგრამ უცხო ქვეყნებშიც კი სწვდებოდათ მდევნელთა მსახვრალი ხელი, რომლებიც წამებათა აქამდე უცნობ სახეობებსაც კი იგონებდნენ. მაგალითად, ორი ძმა, თეოდორე და თეოფანე, რომლებიც იერუსალიმის პატრიარქმა გამოაგზავნა იმპერატორ ლეონთან ჭეშმარიტების დასაცავად, სასტიკად აწამეს. მათი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ ერთი სწავლებებს, მეორე კი წმინდანთა პატივსაცემად კანონებს წერდა.
ლეონის ბრძანებით, ისინი საპყრობილეში აშიმშილეს, ხოლო იმპერატორმა თეოფილემ მათ სახეებზე ამოაშანთვინა მკრეხელური სიტყვები. წამების დროს ისინი იმეორებდნენ: "დაწერე, მეფეო! საშინელ სამსჯავროზე წაიკითხავ შენს დაწერილს!.."
მონაზონი იოსები, წარმოშობით სიცილიელი, მართლმადიდებლებმა დასავლეთში გააგზავნეს დახმარების სათხოვნელად; იგი ავაზაკებმა შეიპყრეს და ხატმბრძოლებს გადასცეს, რომლებსაც დიდხანს ჰყავდათ გამოკეტილი საპყრობილეში, სადაც ის პატიმართა მანუგეშებელი და დამრიგებელი გახდა. ხატმბრძოლობის ერესის დასრულების შემდეგ იგი გათავისუფლდა და კონსტანტინოპოლს დაფუძნდა, სადაც წმინდანთა განსადიდებელ საგალობლებს ქმნიდა.
იმპერატორი ლეონი დევნიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ნიკიფორესაც. ხოლო მომდევნო იმპერატორები მიქაელი და თეოფილე - პატრიარქ მეთოდეს, რომელიც ტანჯვა-წამების შემდეგ გადაასახლეს შორეულ კუნძულზე, სადაც მიწისქვეშა დილეგში ჩაამწყვდიეს ორ ავაზაკთან ერთად.
იმპერატორ თეოფილეს სიკვდილის შემდეგ მისმა ქვრივმა, თეოდორამ, დევნა შეწყვიტა და ყველა წმინდა დევნილი დააბრუნა გადასახლებიდან; მათ შორის იყო მეთოდეც. მისი თავმჯდომარეობით 842 წელს მოწვეულმა ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ აღადგინა ხატთა თაყვანისცემა, დაგმო ხატმბრძოლობის ერესი და დაადგინა მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელიც დღესაც აღინიშნება დიდმარხვის პირველ კვირადღეს.
ასე აღმოიფხვრა ერესი, რომელმაც ასი წლის მანძილზე მოსვენება დაუკარგა ეკლესიას და წმინდა ხატებთან ერთად მეცნიერება, მხატვრობა და განათლების კერებიც გაანადგურა, უამრავი მონასტერი მოსრა და უძვირფასესი ხელნაწერი მისცა ცეცხლს.
საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ იმ საეკლესიო საგალობელთა უდიდესი ნაწილი, რომელთაც დღესაც გალობენ ეკლესიაში, სწორედ იმ შავბნელ დროებაში შეიქმნა.
* * *
იმპერატორმა, რომელმაც კარგად უწყოდა, თუ რაოდენ არადამაჯერებლად ჟღერდა მისი სიტყვა და თან წმინდა იღუმენის დიდი სახელის შიშიც ჰქონდა, გადაწყვიტა, ძალა ეხმარა და წმინდა მამა ჯერ უბნელეს, უჰაერო დილეგში გამოკეტა, სადაც მის დასამცირებლად დროდა¬დრო შიკრიკებს გზავნიდა ხოლმე, შემდეგ კი, რამდენადაც მისნაირთა დედაქალაქში გაჩერება სახიფათოდ მიიჩნია, წმინდა მამა მცირე აზიის ერთ-ერთ ციხესიმაგრეში, მესალიაში, შუა ზამთარში ფეხით გადაიყვანა, ხოლო როგორც კი დანიშნულ ადგილს მიაღწიეს, მტარვალმა კვლავ უკან, კონსტანტინოპოლს უბრძანა გაბრუნება.
ამასობაში მტარვალი ლეონის ხელი პატრიარქ ნიკიფორესაც მისწვდა და გადაასახლა, მის ნაცვლად კი - თეოდოტე (815-821 წლები) აღასაყდრა.
როგორც კი აღმსარებლებმა დედაქალაქამდე ჩააღწიეს, იმპერატორმა ახალი ხაფანგი დაახვედრათ: - საკმარისია, ახალ პატრიარქთან საეკლესიო ერთობაზე დამთანხმდეთ, თქვენს დევნას შევწყვეტო!
უმძიმესი და ხანგრძლივი ტყვეობით დაქანცული მოღვაწენი, რომელნიც იოლად ცთუნდნენ ლეონის და მის დამქაშთა ლიქნით, მის სიტყვას ერწმუნნენ და თვით ნეტარი ნიკიტაც კი გადმოიბირეს (ეს 815 წელს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისას მოხდა).
ამ ამბებიდან მცირე ხანში სინდისისაგან განაქენჯნი ნეტარი მამა ჯერ მარმარილოს ზღვის ერთ-ერთ კუნძულ პროკონესზე განმარტოვდა, შემდეგ კი, გაისიგრძეგანა რა, თუ რა ზიანი მოუტანა სამწყსოს მისმა უჯერო თანხმობამ, კვლავ კონსტანტინოპოლს დაბრუნდა, ხალხმრავალ ადგილას დადგა და მკერდში მჯიღის ცემით საჯაროდ შეინანა ყოველივე.
წმინდა ნიკიტა მაშინვე შეიპყრეს და წმინდა გლიკერიას კუნძულზე გადაასახლეს, სადაც ექვსი თვის მანძილზე სასტიკად იდევნებოდა ახალ კაიაფად წოდებული ვინმე უწყალო ანთიმოზისგან.
უსინათლო და უჰაერო დილეგში ნეტარი ოდენ მცირე ხმიადით და ამყაყებული წყლით საზრდოობდა და, სურდა რა შეცდომის გამოსწორება, ყოველივეს უშფოთველად დაითმენდა.
ლეონ მეხუთის გარდაცვალების შემდგომ (820 წელი) იმპერიაში კვლავ მშვიდობამ დაისადგურა და სხვა დევნილ ქრისტიანებთან ერთად ნეტარმა ნიკიტამაც დააღწია თავი საპყრობილეს, თუმცა, მიდიკიას აღარ დაბრუნებულა, - ჩემი განდგომის გამო სავანის მართვის უფლება აღარ მაქვსო, კონსტანტინოპოლის სიახლოვეს მდებარე კუნძულებზე მიმოდიოდა და ყოველ ტვირთმძიმეს, სნეულს და უპოვარს ნუგეშს ლოცვით და სიტყვით სცემდა.
ბოლოს დედაქალაქის სიახლოვეს, ერთ ადგილას დაემკვიდრა, სადაც ანგელოზთა დარად, უხორცო არსებასავით იღვწოდა, მაგრამ გადასახლების და გამუდმებული დევნის სიმძიმემ და უმკაცრესმა ღვაწლმა რამდენიმე თვეში ხელი დარია, სხეულებრივად გამოფიტა და მძიმედ დასნეულებულმა 824 წლის 3 აპრილს ღვთივ განისვენა.
მის დაკრძალვაზე მართლმადიდებლობის უამრავ ერთგულ მოღვაწესთან ერთად წმინდა იოსებ თესალონიკელიც (ხსენება 14 ივნისს) დაესწრო, სხვებთან ერთად მიაცილა მიდიკიის სავანემდე, სადაც მისი დამფუძნებლისა და პირველი იღუმენის, ღირსი ნიკიფორეს გვერდით დაიკრძალა.
მეოხ გვეყავ, წმინდა მამაო, უფლის წინაშე!
კონდაკი:
ზეციერი სიბრძნე და ცხოვრება მოიგე, და ცხადადა ბრწყინავ, ვითარცა მზე, და შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთათა განანათლებ მყოფთა უფსკრულსა შინა ცხოვრებისასა, მამაო ნიკიტა, და წარუმართებ ყოველთა ღმრთისა მიმართ, ვინა ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი