"იყო დრო, როცა წრფელი, მხურვალე, შეუდრეკელი სარწმუნოება და უმწიკვლო, წუნდაუდებელი ზნეობა ქართველი კაცის ნიშანდობლივ თვისებებს შეადგენდა და ამის გამო ქართველი ყოველგან ანთებული ლამპარივით ბრწყინავდა,
ყველას სასიქადულოდ მიაჩნდა მასთან დაახლოება და თავისთავად იზიდავდა გარეშეებს ისე, როგორც ზაფხულის ცხრათვალი მზე მცენარე მზეჭვრიტას. ამის საბუთს გვაძლევს დღევანდელი წმინდანის - დიდი მოწამე აბოს ხსენება"- ვკითხულობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს ქადაგებაში (1914წ.).
აბო ჩამომავლობით არაბი იყო. მას არავითარი კავშირი, არავითარი დამოკიდებულება, არავითარი ნაცნობობა და ნათესაობა არა ჰქონდა რა საქართველოსთან, შესაძლოა, არც კი გაეგონა ქართველის სახელი. მაგრამ მის მშობლიურ ქალაქ ბაღდადში უცბად გაჩნდა ქართლის გამგებელი ნერსე. უნდა აღინიშნოს, რომ აბოს დროს ქართლი ეჭირათ მაჰმადიანებს. ისინი ვერ შეურიგდებოდნენ იმ გარემოებას, რომ ქართლის გამგებელი მტკიცე ქრისტანი იყო. დაუყოვნებლივ დაასმინეს ხალიფასთან და მანაც დაიბარა ბაღდადში. ნერსე საპყრობილეში ჩააგდეს. აბო თვალს ადევნებდა ნერსეს ცხოვრებასა და ყოფაქცევას. იგი მოხიბლული შეიქნა ამ უცხო ტყვის სარწმუნოებრივი სიმტკიცით, ანგელოზებრივი სიმშვიდით, უზომო სასოებითა და სიკეთით.
საღვთო განგებამ აკმარა ნერსეს ტანჯვა და ტყვეობა, მისი გაწამებული ხალიფა მოკვდა და ახალმა ნება დართო სამშობლოში დაბრუნებულიყო. ამ გარემოებამ ცხადი გახადა ნერსეს გავლენა აბოზე. აბომ იგრძნო, რომ მისი ცხოვრება ბაღდადში ნერსეს გარეშე აუტანელი იქნებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, შელეოდა ყველაფერს - მშობლებსაც, ნათესავებსაც, სამშობლოს სიყვარულსაც და მხურვალედ სთხოვა ნესრეს, ნუ დამტოვებ სიბნელეში, წამიყვანე შენს სამშობლოში და მიყოლე შენს მსახურთა რიცხვშიო. აბომ ქართლში მოსვლის უმალ ხელი მიჰყო ქართული ენის შესწავლას და, როგორც მოწყურებული ირემი წმინდა წყაროს, ისე დაეწაფა ძველსა და ახალი აღთქმის საღმრთო წერილის წიგნების კითხვას. ისევ მოუნათლავს აბოს კაცი ვერ უსწრებდა თბილისში წირვა-ლოცვაზე მისვლას და არაფერს არ სტოვებდა სახარება-სამოციქულოდან გაგონებულს, რომ არ გამოეკითხა და არ შეეგნო მისი აზრი.
ბოროტი მაჰმადიანები არა სცხრებოდნენ. მათ ხელახლა დაუწყეს დევნა მორწმუნე ნერსეს. ნერსე იძულებული შეიქნა, სამშობლოდან გაქცეულიყო თავის მოუშორებელ მეგობარ აბოსთან ერთად. მათ თავი შეაფარეს ხაზარეთს, სადაც აბომ მიიღო წმინდა საიდუმლო ნათლისღებისა და ბოლოს აფხაზეთს მიაშურეს. აფხაზეთში მაღალი ქრისტიანული ცხოვრებისთვის დიდად შეიყვარეს აბო. სხვათა შორის, ბედნიერებად თვლიდნენ აბოსთან ყოფნას და მისი ბრძნული ბაასის სმენას აფხაზეთის კათალიკოსი და მთავარი. როდესაც დევნილ ნერსეს ნებართვა მოუვიდა თბილისში დაბრუნებისა, აფხაზთა მთავარი შეეხვეწა აბოს: დარჩი ჩემთან, ნუ წაჰყვები ნერსეს თბილისში, თორემ იქ გაბატონებული მაჰმადიანები კეთილს არ გადაყრიანო.
აბო ხალისით გაემგზავრა თბილისს, მაგრამ სულ მალე გამართლდა აფხაზთა მთავრის შიში. გონებადახშულ მაჰმადიანებს ეკლად ეძგერათ გულში აბოს ქრისტიანობა. მათ დააბეზღეს წმინდა თავიანთ უფროსთან. უფროსმა ყოველი ზომა მიიღო, რომ აბოს უარი ეთქვა ქრისტიანობაზე. მრავალი ტანჯვა მიაყენა მას, ბევრნაირად აწამა, მაგრამ როდესაც დარწმუნდა, რომ ქრისტეს სიყვარულის გამო სულ არაფრად აგდებდა წამებას, თავი მოჰკვეთა და ქრიატიანებს რომ თავიანთი ჩვეულებისამებრ პატივი არ ეცათ მისი გვამისათვის, ნავთით დააწვევინა იგი და ნაცარი და ძვლები წმინდანისა გადააყრევინა ქართველთა იორდანეში - მდინარე მტკვარში.
სახსოვრად დიდებული მოწამისა, დღეს თბილისს არა მოეპოვება რა, გარდა სულ მცირე საჯვარესი, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მეტეხის ციხის დაბლა, კლდეში!
ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, იმ ადგილზე, სადაც ქრისტიანობისთვის თავდადებულ ადამიანებს აწამებდნენ, ეკლესიებს აგებდნენ. XVIII საუკუნემდე იქ რაიმე ნაგებობის არსებობის შესახებ ცნობა არ მოგვეპოვება, თუმცა, ცნობილია, რომ კრწანისის ომში დამარცხებულმა ერეკლე II-მ სწორედ ამ ადგილას აღმართულ ჯვართან ილოცა.
ჯვრის ადგილას შემდეგ ნიშა ააგეს. 1882 წელს მიხეილ საბინანმა გაამშვენა ეს ადგილი და მანვე შემქნა წმინდანის ხატი, რომელიც ნიშში დაასვენეს (ამჟამად იგი მეტეხის ტაძარშია დაბრძანებული).
50-იან წლებში მტკვარზე ახალი ხიდი აიგო. ნიშის ადგილი კომუნსიტებმა ააფეთქეს, მიწით დაფარეს და იქ ხეები დარგეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 1994 წელს წმინდა აბო თბილელის მარტვილობის ადგილას მისივე სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ღვთის შეწევნით წმინდა აბოს ტაძარში უკვე მიმდინარეობს ღვთისმსახურება. აბო თბილელის სახელობის ტაძარს ოთხი ავტორი ჰყავს: ბიბლიოგრაფი ია გორგიშელი, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან აბაშიძე და არქიტექტორები: კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონი (მენაბდე) და რევაზ ჯანაშია.
ტერიტორიის გაწმენდისას მათ მიწის ზედაპირზე მცირედ ამოზიდულ აგურის კედლის ფრაგმენტს მიაკვლიეს, სამი მეტრის სიღრმეში კი აღმოჩნდა წმინდა აბოს ნიშის ნაშთი. მოჭრეს მიწაყრილით დაფარულ ადგილას ამოზრდილი მომცრო ნაძვი. გადანაჭერის ჭრილში ჯვრის გამოსახულება გამოჩნდა. ამჟამად ის კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარშია.
მეტეხის ტაძრის ქვეშ, კლდეზე მიდგმული ორნავიანი მცირე ზომის ბაზილიკა გრიგოლ ხანძთელის პერიოდის, VIII საუკუნის ამ ტიპის ტაძრების ანალოგია.
წმინდა აბოს ტაძრის არქიტექტორმა რევაზ ჯანაშიამ გვითხრა: ტაძრის სამხრეთი ნაწილი კლდეზეა მიბრჯნილი. მიწისქვეშა სამუშაოებისას მცირე ზომის გამოქვაბულს მივაკვლიეთ. შესაძლოა, ეს ის დილეგი ყოფილიყო, სადაც წმინდანის ნაწილები დაწვეს. ის ადგილი, სადაც ადრე ნიშა იყო, პატარა თაღით გადავხურეთ, ის შევინარჩუნეთ და დასავლეთ კარიბჭეში განვათავსეთ. იქვე იქნება აბო თბილელის მოზაიკური ხატი. ტაძარი შიგნიდან და გარედანაც შეულესავია. ნიჩბისის ქვით აშენებული ტაძრის კანკელი მწვანე ტუფისაა. პატრიარქის კურთხევით, ტაძარს დაბალი ზომის კანკელი ამშვენებს. ტაძარი მართლაც პატარაა, სულ 20-22 კვადრატული მეტრის, დაახლოებით 40-50 კაცს იტევს. პატრიარქის კურთხევით, წმინდა აბოს ტაძართან მამათა მონასტერია დაფუძნებული.
შეგვეწიოს თბილისის მფარველი წმინდა აბოს მადლი!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი