წმინდანის სისხლით გაჟღენთილმა ქსოვილმა მრავალი სასწაული მოახდინა
2 ივნისს (ძვ. სტ.) ელადის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს წმინდა კონსტანტინეს, რომელიც 1819 წელს ეწამა ქრისტესთვის.
წმინდა კონსტანტინე კუნძულ მიტილენეზე დაიბადა მაჰმადიანთა ოჯახში. გულთამხილავმა სახიერმა ღმერთმა იგი დედის მუცლიდანვე გამოირჩია. სხვა თურქი ბავშვებისგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ საოცრად მშვიდი იყო და არასოდეს ტიროდა, მიუხედავად იმისა, რომ დღეში ერთხელ წოვდა ძუძუს. ეშმაკი თითქოს ხედავდა მასში თავის მომავალ მძლეველს და მისი მოკვლა განიზრახა. აღძრა მათი ოჯახის მეზობელი ქალი. მან ბავშვის გასეირნება შესთავაზა დედამისს, ხოლო როცა ქალაქგარეთ გაიყვანა, მოწამლული ტკბილეული აჭამა. ბავშვი ავად გახდა, ვეღარ ხედავდა, დამბლა დაეცა და როცა უკვე მის სიკვდილს ელოდნენ, მაშინ მოიღო ღმერთმა მოწყალება. ბავშვი სხვა მეზობელმა, ქრისტიანმა ქალმაც მოინახულა, შეეწყალა ავადმყოფიც და დედამისიც. უთხრა, ტაძარში წავიყვან და ნაკურთხი წყლით განვბან. მწამს, მრავალმოწყალე ღმერთი განკურნავსო. ასეც მოიქცა. ბავშვი ფეხზე დადგა. ცალ თვალში დაუბრუნდა მხედველობა, მეორე ცოტათი აეხილა, მისი განკურნება ღმერთმა სხვა დროისთვის შემოინახა.
გავიდა ხანი. დედამისი მეორედ გათხოვდა. ქმარი ლოთი და ჩხუბისთავი გამოადგა. ქალი, თავის შვილებთან ერთად, სმირნაში გადასახლდა. ამასობაში ბიჭები გაიზარდნენ, უფროსი ოქრომჭედელი გახდა, კონსტანტინე კი ხილს დაატარებდა გასაყიდად და ხშირად ხვდებოდა მიტროპოლიტის სახლში. ამ ურთიერთობისას კონსტანტინემ ბერძნული ენაც შეისწავლა და უკვე ინტერესით უსმენდა ქრისტიანთა საუბარს საღმრთო საგნებზე. ნელ-ნელა გაცივდა მაჰმადიანური სარწმუნოებისადმი, გული ქრისტიანობისაკენ მიუწევდა. მის საბოლოო მოქცევაზე კი ამ ამბავმა იმოქმედა: ერთხელ მიტროპოლიტის სახლში კონსტანტინე ერთ მღვდელს შეხვდა და სთხოვა, ქრისტიანული წიგნიდან რაიმე წამიკითხეო. საღვთო წერილის მადლმოსილმა სიტყვებმა გული გაუთბო ყმაწვილს და უფლის სიყვარულით აავსო. ამ სიტკბოს გემოს ხილვამ საბოლოოდ გადააწყვეტინა გაქრისტიანება. ამას ისიც დაემთხვა, რომ სმირნაში საშინელი ჭირი გავრცელდა. კონსტანტინემ ორ ქრისტიან მეგობართან ერთად წმინდა გიორგის ტაძარს შეაფარა თავი - სიკვდილს გადაურჩნენ.
მაგრამ ბოროტმა სხვა მხრივ მოინადირა ყმაწვილი - კონსტანტინემ იმრუშა. გულში სუსხი დაუტრიალდა, დაცარიელდა. გლოვობდა ღვთის მადლის მოშორებას, ქალწულების დაკარგვას და კვლავ რომ სიძვით არ დაცემულიყო, მთაწმინდაზე გაემგზავრა. ორი კვირა დაყო ახალ სკიტში. იქ ერთ ბერს გაუმხილა, მაჰმადიანი ვარ და მონათვლა მინდაო. ბერი წმინდა პავლეს მონასტერში წავიდა და მამებს კონსტანტინეს სურვილი განუცხადა. მათ კი რატომღაც თავიდან მოიშორეს ჭაბუკი - წმინდა ათანასეს ლავრაში გაგზავნეს. მამების უარით გულდაწყვეტილს სხვა რა გზა ჰქონდა, წმინდა ათანასეს ლავრისკენ გასწია, მაგრამ ღვთის განგებულებით, კავსოკალივის სკიტში მოხვდა, სადაც ის მამობრივი სიყვარულით მიიღო სკიტის დიკეამ, გაბრიელმა. ღირსი მამის სითბო რომ იგრძნო, განზრახვა გაუმხილა. "მოითმინე, შვილო, და ღმერთი აღასრულებს შენს თხოვნასო", - დაამშვიდა მამა გაბრიელმა. მერე სკიტელი მამები მოიწვია რჩევისთვის. მათ თქვეს, რახან ჩვენი სკიტი ლავრას ეკუთვნის, ასეთი საპასუხისმგებლო საქმე მათ გადაწყვიტონო. როცა ლავრაში შეიტყვეს, თურქია და მონათვლა უნდაო, თურქეთის ხელისუფლების შიშით, გაგზავნეს თურქთაგან ივერთა მონასტერში ექსორიაქმნილ უწმინდეს პატრიარქ გრიგოლთან, რომელიც იქ დაყუდებით მოღვაწეობდა.
ყველა მხრიდან წარუმატებლობა რომ დაინახა, ჭაბუკი მწარედ ატირდა. მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, გამთენიისასღა მიეძინა. ძილში ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: ნუ წუხხარ, წადი კავსოკალივის სკიტში და ღმერთი, რომლისკენაც შენ ილტვი, ყველაფერს სასიკეთოდ გადაწყვეტსო. მაშინვე კავსოკალივის სკიტში დაბრუნდა და მამა გაბრიელს მოუყვა სიზმრად ნანახს. ყმაწვილის მონათხრობმა და ცრემლებმა შეძრა ღირსი მამა. პატრიარქთან გაუშვა კონსტანტინე, მეგზურად სკიტელი ბერი გააყოლა.
მივიდა ახალგაზრდა ივერონში, დაემხო პატრიარქის წინაშე და მონათვლა სთხოვა. უწმინდესმა კი გამოსაცდელად უთხრა: რატომ მოხვედი, ახალგაზრდავ, ჩვენთან - დამონებულებთან, რას ეძებ ჩვენთან? განა ვერ ხედავ, რომ ყველა ხალხზე მეტად დამცირებულები ვართ? განა თურქთა ხელში არაა ამქვეყნიური ხელისუფლება, დიდება და სიკეთე? რით ხარ უკმაყოფილო და არად აგდებ ამქვეყნიურ სიტკბოებას, სხვები ასე რომ ეძიებენ? დაფიქრდი, სანამ რამეს გადაწყვეტ, მერე რომ არ ინანო.
თავჩაღუნული ახალგაზრდა კი ცრემლს ღვრიდა...
- რატომ არაფერს მპასუხობ? - ჰკითხა პატრიარქმა, რადგან სურდა, მეტად გამოეცადა.
პასუხის ნაცვლად ახალგაზრდა აქვითინდა. ამან შეძრა პატრიარქი: დამშვიდდი, შვილო, დაბრუნდი კავსოკალივის სკიტში, მოემზადე ნათლობისთვის და მე თვითონვე მოგნათლავ. ოღონდ მანამდე ნურავის გაუმხელ შენს ვინაობასო. ამის შემდეგ უწმინდესმა მას კათაკმევლის ლოცვა წაუკითხა და სახელად მიქაელი უწოდა.
კავსოკალივის სკიტში ექვსი თვე ემზადებოდა ნათლობისთვის მიქაელი. ეშმაკმა ათასნაირი გულისთქმით სცადა მისთვის სიმშვიდე დაერღვია, ბოლოს გამოეცხადა კიდეც. ერთხელ მიქაელმა ბერ გერასიმეს ღამით მასთან დარჩენა სთხოვა. ბერი დასთანხმდა. შუაღამისას გერასიმემ მის სანუგეშოდ სახარების კითხვა დაიწყო. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და შემოშვება ითხოვა. კარი გააღეს. გარეთ არავინ იყო. გერასიმემ წიგნის კითხვა განაგრძო. ცოტა ხანში კვლავ დააკაკუნეს. გააღეს და კვლავ არავინ დახვდათ. მიხვდნენ ეშმაკის ხლართებს. დაემხნენ ღვთისმშობლის ხატის წინ და მფარველობა სთხოვეს.
ამასობაში ნათლობის დღემაც მოაწია. მიქაელი ემბაზში სამგზის შთაფლეს წყალში და წარმოთქვეს: "ინათლება მონა ღვთისა კონსტანტინე, სახელითა..." ამ დროს სახე ისე გაუბრწყინდა, რომ მისი ცქერა შეუძლებელი იყო. დაშრეტილი ცალი თვალი აეხილა. ყველამ ერთად ადიდა ღმერთი ამ სასწაულისთვის.
ნათლობიდან ცოტა ხნის შემდეგ კონსტანტინე ივერონში გაეშურა ღვთისმშობლის ხატის თაყვანსაცემად. იქიდან მობრუნებულმა ნათლისმცემლის სკიტში შეიარა. იქ ერთი მოძღვარი ნახა, რომლის სამი სულიერი შვილი ქრისტეს გულისთვის აღსრულებულიყო. ეამბორა ამ მოწამეთა წმინდა ნაწილებს. ამ დროს მის გულს უცნაური სითბო მოეფინა და სურვილი გაუჩნდა, მათი გზით წასულიყო. მრავალი სასარგებლო რამ უთხრა მოწამეთა მოძღვარმა, მათ შორის თავისი სულიერი შვილების მარტვილობის ამბავიც. სკიტში დაბრუნებული კონსტანტინე შფოთავდა. ეს არ გამოჰპარვია მის გამოცდილ მოძღვარს და ალერსიანად ჰკითხა შფოთის მიზეზი.
- ეჰ, მამაო, - ამოიოხრა კონსტანტინემ, - როგორ არ ვწუხდე, როცა ქრისტეს ჭეშმარიტმა მონებმა საკუთარი სისხლით დაამოწმეს თავიანთი სარწმუნოება. მე კიდევ რას მივუტან ძღვნად ჩემს უფალს, იესო ქრისტეს? სად არის ნაყოფი მისადმი ჩემი რწმენისა და სიყვარულისა? ვაღიარებ, მამაო, მას შემდეგ, რაც ნათლისმცემლის სკიტში ღირს მოწამეთა წმინდა ნაწილებს ვემთხვიე, განვიზრახე, მათი გზით მევლო. მას შემდეგ ეს ფიქრი თან დამდევს. ასე რომ, მამაო, მაკურთხე, ქრისტესთვის ვეწამო.
- გაკურთხოს ღმერთმა, შვილო, - უპასუხა მამა გაბრიელმა, - თუ ეს ღმერთს უნდა, თავისთვის ცნობილი გზებით აღგისრულებს ამ სურვილს.
მაგრამ კონსტანტინე მტკიცედ იდგა თავის განზრახვაზე. მოძღვარმა ნახა, რომ ძნელი იყო ყმაწვილი გულის გადარწმუნება და 40 დღით სენაკში განმარტოება შესთავაზა, რათა მარხვით და ლოცვით ღვთისაგან პასუხი გამოეთხოვა. დაყუდების პირველსავე ღამეს, როცა განგრძობილი ლოცვისას მიეძინა, სიზმარში ნახა, თითქოს წმინდა სოფიას ტაძარში იდგა. უეცრად ეკლესიის გუმბათი გადაიხსნა და ცის ტატნობზე ღრუბლებზე მჯდარი მაცხოვარი იხილა, ანგელოზებით გარშემორტყმული. ერთი მათგანი გამოეყო, მოჰკიდა კონსტანტინეს ხელი და უფალთან წაყვანა მოინდომა. მაგრამ უფალმა ბრძანა: "ანებეთ თავი, მისთვის ჯერ ადრეაო". კონსტანტინეს გაეღვიძა. როცა ამ სიზმარს მოძღვარს მოუყვა, მან უთხრა: - ეტყობა, არ არის უფლის ნება შენს მოწამეობაზე, სჯობს მოძღვრის მორჩილება აირჩიო და მისით გადარჩეო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მორჩილება მოძღვრისა თავისებური მოწამეობაა, როცა კაცს ქრისტეს გულისთვის მოუკლავს საკუთარი ნება და სულიერ მამას დამორჩილებია. კონსტანტინეც დიდი ხანი უსიტყვოდ ასრულებდა თავისი მოძღვრის ნებას.
ერთხელ, როდესაც ეკლესიაში ლოცვად იდგა, კონსტანტინეს გულზე მოხვდა წინასწარმეტყველის სიტყვები: "გამო-თუ-იყვანო პატიოსანი უღირსისგან, ვითარცა პირი ჩემი იყო" (იერემ. 15,19). უფალი თითქოს მას მიმართავდა, წადი მაგნესიაში და შენი ღვიძლი და მოაქციე ქრისტიანობაზეო. თავისი გულისთქმა გაანდო მოძღვარს. მამა გაბრიელმა - ამის გადაწყვეტა მარტო არ ძალმიძსო და წმინდა ანას სკიტში მოძღვართან, მღვდელმონაზონ იოსებთან გაგზავნა: რასაც გეტყვის, ღვთის პირით ნათქვამად მიიღე და აღასრულეო. მამა იოსებმა დიდი სიყვარულით აკურთხა მისი კეთილი განზრახვა. პატრიარქმა გრიგოლმა კი სარეკომენდაციო წერილები გაატანა მაგნესიისა და კიდონიის დიდასკალებთან (მასწავლებლებთან, მოძღვრებთან), კონსტანტინეს რომ დახმარებოდნენ.
დაემშვიდობა ათონელ მამებს და მალევე ჩავიდა კიდონიაში, გაიცნო ადგილობრივი ქრისტიანები და რადგან ამ დროს ანატოლიაში მიმავალი გემი ჯერ არ იყო ჩამომდგარი, უქმად რომ არ ყოფილიყო, კვლავ ხილით ვაჭრობას მიჰყო ხელი.
ერთხელ ბაზრობაზე ის დაინახა კიდონიის ფაშას მსახურმა, რომელსაც ჯერ კიდევ მაშინ იცნობდა, როცა მაჰმადიანი იყო. რომ არ შემცდარიყო, თურქმა კონსტანტინეს მეზობლად მოვაჭრეს გამოჰკითხა მისი ამბავი. მან არაფერი იცოდა. საღამოთი, ბაზრობის შემდეგ, ჰკითხა: "აღას მსახურმა შენზე მითხრა, თურქიაო. მართალია?" არა, ეტყობა, ვინმეში შევეშალეო, - უთხრა შემცბარმა კონსტანტინემ. მაგრამ ამ მდგომარეობამ შეაშფოთა და მეორე დილით, განთიადისას, მიაშურა ნავსადგურს, სადაც მარტო ერთი, სმირნაში მიმავალი გემი იდგა. ჩაჯდა ნავში, ხომალდამდე რომ მიეცურა. ამ დროს გაისმა ძახილი - ეგ თურქი გადმოგვეცითო. შეშინდნენ მეზღვაურები და კონსტანტინე ნაპირზე გადასვეს. აღასთან მიიყვანეს. მან ვინაობა ჰკითხა.
- მე შორიდან ვარ, ანატოლიაში მივდივარ, ქრისტიანი გახლავართ და სახელად კონსტანტინე მქვია, - მიუგო.
- მაშინ რას იტყვი, რომ გამოჩნდეს კაცი, რომელიც შენს თურქობას დაამტკიცებს?
- შეუძლებელია, რადგან მე ქრისტიანი ვარო.
მაშინ წამოდგა აღას მსახური და უთხრა: ტყუილად ცდილობ იმის დამტკიცებას, თითქოს თურქი არ იყო. შენ ხომ ძმა ხარ სმირნელი ოქრომჭედელი თურქისა?
მიხვდა კონსტანტინე, რომ ღვთის განგებულებით დაუდგა ქრისტესთვის მოწამეობის ჟამი და თამამად მიუგო: დიახაც, თურქი ვიყავი, ოღონდ მცირე ხანს გახლდით უსჯულო მუსლიმანი, რადგან უფალმა ჩემმა იესო ქრისტემ ბნელიდან სინათლეში გამომიყვანა. ახლა კი შევაჩვენებ თქვენს რწმენას და სჯულს, რომელიც საუკუნოდ კლავს ადამიანსო.
გაბრაზებულმა აღამ კონსტანტინე გააროზგვინა და ციხეში ჩააგდო, მერე კი მოსხონის ფაშა მოიწვია მისი ბედის გადასაწყვეტად. ოღონდ ძველ სარწმუნოებას დაუბრუნდი და სიმდიდრე და პატივი არ მოგაკლდებაო, - შესთავაზა აღამ. მაგრამ ქრისტეს აღმსარებელმა კიდევ ერთხელ დაგმო მაჰმადი. ფაშას ბრძანებით, ნაცემი კონსტანტინე დილეგში ჩააგდეს. მისი წამების ამბავი ერთმა ბოშა მჭედელმა შეიტყო, მივიდა აღასთან და უთხრა, თუ მაგ კაცს მომცემ, ისე ვაწამებ, რომ ქრისტეს მიატოვებს და მაჰმადს დაუბრუნდებაო. დიდი სიამოვნებით გადასცეს მას კონსტანტინე. ბოშამ გააცხელა რკინის მუზარადი და წმინდანს თავზე ჩამოაცვა. დამწვარი თმისა და ხორცის ოხშივარი გამოვარდა მუზარადიდან. მერე კი ტყვიის ბურთულები ისე მოუჭირა თავზე, რომ თვალები დაუელმდა. ამ ჯოჯოხეთურ სატანჯველს დაითმენდა ახალგაზრდა. ურყევი იყო მისი რწმენა. ხელფეხშეკრული ჯურღმულში ჩაამწყვდიეს. ზოგიერთ ქრისტიანს უნახავს ღამით: ნათელი გადმოდიოდა წმინდა გიორგის ტაძრიდან და კონსტანტინეს საპყრობილეს ეცემოდაო.
მეორე დღეს კვლავ ფაშას წარუდგინეს. წმინდანმა უთხრა: ადამიანები ხართ თუ მხეცები, სამსჯავროზე შეკრული რომ მომიყვანეთ. ნუ გეშინიათ, არ გაგექცევით. რაც გინდათ, ის მიყავით: გნებავთ, ასო-ასო ამქენით, ცეცხლი წამიკიდეთ, მე მაინც ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე დავრჩები და ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სიყვარულისთვის ყველაფერს დავითმენ. გამიხსენით ხელებიო. გაუხსნეს. მაშინვე ჯვარი გამოისახა: "ახლა ხედავთ, ვინა ვარ?" - შესძახა კონსტანტინემ. განრისხებულმა ფაშამ მახვილი ატაკა მკერდზე და ტანსაცმელი შემოაფხრიწა. იელვა ოქროს ჯვარმა. ამან უფრო გააცოფა მსაჯულნი, ქრისტეს მოწამე გააშოლტინეს, მძიმე ჯაჭვებით შეკრეს და კვლავ საპყრობილეში ჩააგდეს.
შეშფოთდნენ კიდონიელი ქრისტიანები, ვაითუ ვერ გაუძლოს სატანჯველსო, ლოცულობდნენ მისთვის. დიდასკალმა გრიგოლმა თავისი მოწაფე შეგზავნა საპყრობილეში მის გასამხნევებლად. მომდევნო ღამეს წმინდა მოწამეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: გიხაროდეს, ჩემი ძის ერთგულო მსახურო და ჩემო რჩეულო. შეისმინა ღმერთმა შენი ლოცვა. მოვედი, რათა განუგეშო და გაუწყო, რომ ჩემი ძის ნებაა, მოწამებრივად აღესრულო არა აქ, არამედ კონსტანტინოპოლში. ამ ქალაქის მკვიდრთ კი უთხარი, ღმერთს შენთვის კი არ ევედრონ, არამედ საკუთარი ცოდვების მიტევებისთვის, რადგან ისინი აღემატნენ უკვე ღვთის მოთმინებას და ჩემმა ძემ სამართლიანი მსჯავრი გამოუტანა - გადაწყვიტა, ეს ქალაქი აღხოცოს პირისაგან მიწისა, როგორც ერთ დროს სოდომი და გომორი. მათმა ცოდვებმა ზეცამდე ააღწია, ღვთის რისხვაც არ დააგვიანებს, ახლოსაა ყოვლისმომცველი ცეცხლი. ეს ცოდვილები წვიმის მოსვლისთვის ლოცულობენ (გვალვა იდგა), მაგრამ მხოლოდ შენი ლოცვებით მიეცემათ წვიმა მაშინ, როცა კონსტანტინოპოლისკენ მიმავალ ხომალდზე ახვალო.
აუცხადდა ღვთისმშობლის წინასწარმეტყველება, კიდონიელმა აღამ მარტო ვერ გადაწყვიტა მისი ბედი და კონსტანტინოპოლში გაგზავნა. როგორც კი წმინდა კონსტანტინე ხომალდზე ავიდა, შხაპუნა წვიმა წამოვიდა.
კონსტანტინოპოლში კატორღაზე გააგზავნეს, სადაც ათასნაირ მძიმე სამუშაოს ასრულებდა, როცა ზედამხედველმა შეიტყო, კონსტანტინე ადრე მაჰმადიანი იყო და ქრისტიანობა მიიღოო, აცემინა და საპყრობილეში ჩააგდო.
ღამით ის საიდუმლოდ მოინახულეს ქრისტიანებმა. მისი თხოვნით, საპყრობილეში მოძღვარიც შევიდა. შეშფოთდა მღვდელი, როცა ასეთი ახალგაზრდა და უკვე ღონემიხდილი იხილა. შესთავაზა: - კონსტანტინე, თურქებმა საშინელი ტანჯვა იციან, ვაითუ ბოლომდე ვერ დაითმინო. ღვთის შეწევნით, ჩვენ შეგვიძლია გამოგიხსნათო.
რას ამბობ, მამაო, - გაკვირვებულმა უპასუხა, რას ვერ დავითმენ, აბა, ერთი, ჩემს ფეხებს შეხედეო.
შეძრწუნდა მღვდელი: დაფლეთილი ფეხები ორი თითის სიგანეზე ჰქონდა გაპობილი და ხუნდების გამოისობით დაწყლულებული. სახეც და სხეულიც დასიებოდა.
- შეხედე, მამაო, - თქვა მკაცრად ქრისტეს მოწამემ, - არც იფიქროთ ჩემი ოქროთი თუ სხვა საჩუქრებით გამოსყიდვა. დაგიფაროთ ამისგან ღმერთმა! ამასთან იცოდე, რამდენიმე დღის შემდეგ გარდავიცვლები, რადგან ასე განმიცხადა ღვთისმშობელმა. ერთსა გთხოვ მხოლოდ, წადი პატრიარქ გრიგოლთან (ის ამ დროს პატრიარქის ტახტზე დააბრუნეს). ის მე მიცნობს და სთხოვე, ჩემთვის ილოცოს. მოუყევი ყველაფერი, რაც ნახე და რასაც იხილავო.
მეორე დღეს წმინდა კონსტანტინე ისევ სამსჯავროს წარუყენეს. უდრეკი იყო წმინდანი. ჩამოხრჩობა გადაუწყვიტეს. ორმოცდღიანი წამების შემდეგ წმინდანის სული აღვიდა საყვარელი უფლის წინაშე.
ვაითუ კონსტანტინე მაგალითად ექცეთ სხვებს და ქრისტიანებმა დაიკვეხონ, ყოფილი მაჰმადიანის წმინდა ნაწილები გვაქვსო, თურქებმა ცხედარი არავის დაუთმეს და ჩუმად სადღაც მუსლიმანთა სასაფლაოზე დაკრძალეს.
კავსოკალიველმა მამებმა რომ გაიგეს კონსტანტინეს მოწამეობის ამბავი, ხალხი გამოგზავნეს მისი წმინდა ნაწილების მოსაძიებლად. მიუხედავად ბევრი ცდისა, ვერ მოახერხეს. წმინდა კონსტანტინეს ტანსაცმლის ნაგლეჯიღა დარჩენილიყო. უძვირფასესი მარგალიტივით ჩაიტანეს ათონის მთაზე. წმინდანის სისხლით გაჟღენთილმა ქსოვილმა მრავალი სასწაული მოახდინა, ზოგს თავი განუკურნა, ზოგს კბილი. ინებოს ღმერთმა და მისი წმინდა ცხოვრებისა და მარტვილობის მოსმენამ მრავალს დაწყლულებული სულები განგვიკურნოს და რწმენაში განგვამტკიცოს. ამინ!