- კოლას ხევი, სადაც ეს ამბავი მოხდა, ისტორიულ ტაოში, ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზეა, მდინარე მტკვრის სათავესთან. წყაროს, საიდანაც მტკვარი იღებს სათავეს, მაჰმადიანები კურიუზ ბაჩაის უწოდებენ, ქრისტიანები კი აიაზმას. ამ წყაროზე ოდესღაც თეთრი ქვის ეკლესია, ერთნავიანი ბაზილიკა ყოფილა. მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. სწორედ აქ მოინათლნენ და ეწამნენ კოლაელი ყრმები.
წყაროს მახლობლად მდებარეობდა სოფელი კოლა, სადაც ქრისტიანები და წარმართები გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. მათი შვილები მთელი დღე ერთად თამაშობდნენ, საღამოობით კი, როცა ეკლესიაში მწუხრის ზარებს რეკდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ. ერთხელ მათ წარმართთა ყრმებიც აედევნნენ, მაგრამ ისინი ეკლესიაში არ შეუშვეს. ცხრა წარმართმა ყრმამ კიდევ მრავალგზის სცადა ტაძარში შესვლა, მაგრამ ამაოდ, ამიტომაც განიზრახეს, ძალით აესრულებინათ სურვილი. ქრისტიანებმა აუხსნეს, რომ ეკლესიაში შესვლის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემდნენ, თუ უფალ იესო ქრისტეს იწამებდნენ და მისი სახელით მოინათლებოდნენ. ყრმებმა გადაწყვიტეს, მონათლულიყვნენ. კოლაელი ქრისტიანები სოფლის მღვდელთან მივიდნენ და ყრმათა სურვილი აუწყეს. ხუცესმა გაიხსენა სახარების სიტყვები: "რომელმან არა დაუტეოს მამაი თვისი და დედაი თვისი, დანი და ძმანი, ცოლნი და შვილნი და არა შემომიდგეს მე, იგი არა ჩემდა ღირს არს", - არ შეუშინდა მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეს ყრმები მდინარეზე მოსანათლად წაიყვანა. ამ დროს მოხდა სასწაული - წყალი გათბა და ყრმებმა ზეცით გარდამოსული ანგელოზები იხილეს, რომლებმაც ისინი წმინდა სამოსით შემოსეს.
ანგელოზთაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა წარმართ მშობლებთან დაბრუნება არ ისურვეს და ქრისტიანებთან დარჩნენ.
მშობლებმა მალე შეიტყვეს ნათლობის ამბავი, შვილები ეკლესიიდან გამოიყვანეს და ძალით წაიყვანეს შინ. ბავშვები ვერც მოფერებამ მოხიბლა, ვერც საჩუქრებმა და ვერც სიკეთეთა აღთქმამ; "ჩვენ ქრისტიანენი ვართ", - მედგრად იმეორებდნენ ისინი. განრისხებულმა წარმართებმა ეს ამბავი სოფლის მთავარს აუწყეს და ბავშვების ჩაქოლვის ნებართვა გამოითხოვეს. მათ ჯერ ხუცესი შეიპყრეს, ააოხრეს მისი სამკვიდრებელი და მის ქონებას თავად დაეპატრონნენ, მერე დიდი ორმო ამოთხარეს და ბავშვები შიგ ჩააყენეს. ყრმებს ქვები პირველად მშობლებმა დაუშინეს. სანამ ორმო არ ამოივსო, ბავშვები მტკიცედ იმეორებდნენ - ჩვენ ქრისტიანენი ვართ და ქრისტესთვის მოვსწყდებითო.
ასე ეწამა ცხრა კოლაელი ყრმა - გუარამი, ადარნასე, ბაქარი, ვაჩე, ბარძიმი, დაჩი, ჯუანშერი, რამაზი და ფარსმანი. ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა.
ზოგიერთ წყაროში ყრმები ძმებად არიან მოხსენიებულნი, თუმცა მათ ერთმანეთთან ნათესაური კავშირი არ ჰქონიათ; აქ მათ სულიერ ძმობაზეა ლაპარაკი.
- მამა გურამ, ეს ტაძარი ცხრა ყრმის სახელობის ერთადერთი ეკლესიაა მთელ საქართველოში. ვისი იდეა იყო მისი ამ წმინდანთა სახელზე აშენება?
- ვაზისუბანში ამ ეკლესიამდე ტაძარი საერთოდ არ ყოფილა. ტაძრის აგების იდეა პირველად აქ მცხოვრებ ბავშვებსა და მათ რამდენიმე მასწავლებელს გაუჩნდათ. ამ თხოვნით მათ პატრიარქს მიმართეს. უწმინდესმა მათ სურვილი მოუწონა და თვითონვე გამოთქვა აზრი, ტაძარი კოლაელ ყრმათა სახელზე აეშენებინათ. 1995 წელს საფუძველი ჩაეყარა ტაძრის მშენებლობას. ადგილი თავად პატრიარქმა აკურთხა. დაწესდა ყოველ ოთხშაბათს პარაკლისის გადახდა (მათ მამა მიქაელ შაიშმელაშვილი ატარებდა), დაიწერა პირველი ხატი მამა ალექსანდრე ჩახვაშვილის მიერ. მიუხედავად დიდი სურვილისა, მიზეზთა გამო მშენებლობა 1999 წლამდე შეჩერებული იყო, მაგრამ უფალი მოწყალეა მათ მიმართ, ვინც მას საკუთარ გულში უდგამს დიდების ტახტს და მიწაზე მის წმინდანთა საყდრის გასამშვენებლად ზრუნავს... 4 წლის შემდეგ მშენებლობა განახლდა. 2001 წლის 25 ოქტომბერს ტაძარი უწმინდესმა მოინახულა, დალოცა და მოიწონა, 28 ოქტომბერს კი ეკლესია გორისა და სამთავისის ეპისკოპოსმა მეუფე ანდრიამ აკურთხა. ამჟამად აქ სამი მღვდელი მოღვაწეობს. უფლის მადლით, ტაძარი კვლავ მშვენდება. დიდება ღმერთს, პატივი და თაყვანისცემა წმინდა ცხრათა ყრმათა კოლაელთა, თქვენ ყველას კი ჯანმრთელობა, სიხარული, მშვიდობა და კურთხევა უკუნისამდე, ამინ.
ტროპარი
მოწამეთა შენთა, ცხრათა ყრმათა კოლაელთა, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ, ღმრთისა ჩვენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ მიერ ძალი და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩვენნი.კონდაკი
ლამპრად ბრწყინვალედ გამოსჩნდეს საღმრთონი მოწამენი და საკვირველებათა ნათლითა სოფელსა განაბრწყინვებენ და სიბნელესა ვნებათასა დახსნიან და ქრისტესა ღმერთსა მხოლოსა ევედრებიან დაუცხრომლად ჩვენ ყოველთათვის.მოამზადა
გვანცა გოგოლაძემ
გვანცა გოგოლაძემ