ეს მარტვილნი ქრისტეს შობამდე 166 წელს ეწამნენ, ოდეს იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი.
უსჯულო თვითმპყრობელმა იუდეველთა გაწარმართება ისურვა, მამათაგან ნაანდერძევ რჯულს უკრძალავდა, წმინდა წიგნებს ცეცხლს აძლევდა, იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ კი - იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის მიღებას აიძულებდა...
თავიდან უხუცეს მღვდელ ელეაზარს აიძულებდნენ ნაკერპავის ხმევას, პირი ძალით გააღებინეს, მაგრამ ნეტარმა ზიზღით გადმოაფურთხა, ხოლო იმათ, ვინაც საკუთარი სი¬ცოცხლის დასანდობად დათმობას ურჩევდა, მიუგებდა:
- ჩემი ხნისას ამის ქმნა არა ხამს, რამეთუ მეშინის, ამით მრავალ ახალგაზრდას დავაბრკოლებ, ოთხმოცი წლისას ჩემი სიბერის შებღალვა არა მსურს, თან თუ ახლა სასჯელს თავს ავარიდებ, ღვთაებრივ სამსჯავროს სადღა წაუვალ?!
წმინდა მოხუცს საშინელი წამებით ამოხადეს სული.
ელეაზარის მიერ დამოძღვრილი შვიდი ძმა მაკაბელი დედასთან - სოლომონიასთან ერთად შეიპყრეს და ხელმწიფეს წარუდგინეს.
ძმები ერთურთს განამტკიცებდნენ, ხელმწიფემ კი მათ გასატეხად და დასაშინებლად საწამებელი იარაღი გააშლევინა, მაკაბელთაგან უფროსმა კი უთხრა:
- მამათა სჯულის ღალატს სიკვდილი მიჯობს!
ცოფქმნილმა ანტიოქოსმა ამ კადნიერებისთვის ნეტარს ჯერ ენა ამოჰგლიჯა, შემდეგ - ტყავი გააძრო და კიდურები წარკვეთა, ბოლოს კი - ბორბალზე გააკრეს, ხოლო როდესაც გავარვარებულ ტაფაზე დასვეს, მტარვალთ უთხრა:
- რაც ტანჯვაც უნდა მომკერძოთ, ნირს ვერ მაცვლევინებთ და ვერც ჩემს კვნესას გაიგონებთო და ასეც მოხდა.
მისი სიმტკიცით განმხნევებული დედა და ძმანი კი უფალს იმას ჰვედრიდნენ, უფროსი ძმის მსგავსი სიმამაცით დაეთმინათ წამება.
მტარვალმა ახლა მეორე ძმის წამება ისურვა, სხეული რკინის ბრჭყალებით დაუფლითეს, შემდეგ კი - დაფაზე გააკრეს, ნეტარმა კი ებრაულად ეს აღმოთქვა:
- უწმინდურო, ამქვეყნიურ სიცოცხლეს გვართმევ, მაგრამ სამყაროს მეუფე, ვის კანონებსაც სიცოცხლის ფასად ვიმარხავთ, მარადიული ცხოვრებისთვის მკვდრეთით აღგვადგენს!
მაკაბელთაგან მესამემ გაბედულად გაუწოდა ჯალათს ხელნი და ბორბალზე ევნო, მეოთხემ კი ანტიოქოსს სატანჯველთაგან ყველაზე საშინელი გამოსთხოვა და სანამ ენას წარკვეთდნენ, წარმოთქვა:
- ენას კი ამომგლეჯ, მაგრამ ყოვლადძლიერს მუნჯთა ხმა ესმის. რაოდენი ნეტარებაა უფლისთვის ტანჯვა!
ზეციური ჯილდოს მისაღებად მეხუთე ჯალათს თავად წარუდგა, მეექვსე ძმამ სიკვდილი ბორბალზე წამების შემდგომ მიიღო, ხოლო ოდეს მახვილით გამოფატრეს, შეჰყვირა:
- ჩვენი საღვთო ცოდნა უძლეველია!
ხოლო სოლომონია შვილთ ამხნევებდა და განამტკიცებდა, ერთი ძის აჩეხილ სხეულს რომ აგროვებდა, მეორეს ჯალათს აბარებდა, მესამეს კი წამებისთვის ამზადებდა...
როცა ნაბოლარა ვაჟის ჯერი დადგა, ანტიოქოსმა შესთავაზა, შვილი დაეყოლიებინა, რომ ის მაინც გადაერჩინა, სოლომონიამ კი უფროს ძეთა მსგავსად განამტკიცა ყმაწვილი, მისი აღსრულების შემდგომ კი თავადაც შეჰვედრა სული უფალს.
მაკაბელი ძმების ღვაწლმა გმირობისთვის აღაფრთოვანა ახოვანი მხედარი იუდა მაკაბელი. იგი სათავეში ჩაუდგა სახალხო აჯანყებას ანტიოქოს ეპიფანეს წინააღმდეგ. ღვთის შეწევნით, სძლია კიდეც, იერუსალიმი ამ სიბილწისაგან გაათავისუფლა, უსჯულო ანტიოქოსს კი საშინელი სასჯელი დაატყდა თავს: იუდეველებზე შურის საძიებლად განმზადებულს, მთელი სხეული მყრალი ჭრილობებით დაეფარა, აუტანელი ტკივილებით და ბილწი სუნით გაწამებულმა, ცნო ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება, მხურვალედ შესთხოვდა შემწეობას, იერუსალიმის ტაძრის შემკობას, იუდეური სჯულის მიღებას და მთელ თავის სამფლობელოში მის გავრცელებას აღუთქვამდა, მაგრამ ზე¬ცათა მეუფემ არ შეიწირა უსინანულო ვედრება და სირიის მრისხანე მბრძანებელს უცხოობასა და საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.
მაკაბელი ძმების, მათი დედისა და მოძღვრის მოწამებრივი ღვაწლის შესახებ მაკაბელთა მეორე წიგნი გვაწვდის ცნობებს. ნეტარ მარტვილებს სახოტბო სიტყვები უძღვნეს ეკლესიის დიდმა მამებმა: კვიპრიანე კართაგენელმა, ამ-ბროსი მედიოლანელმა, გრიგოლ ნაზიანზელმა და იოანე ოქროპირმა.
ტროპარი
წყლულებანი იგი, უფალო, წმინდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აქ მეოხებად ჩუენთათვის და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნენ, კაცთმოყუარე, გევედრებით.
კონდაკი
სიბრძნისა ღმრთისა სვეტნო, შვიდ რიცხვედნო, ბაზმანკო ნათლისანო, საღმრთონო შვიდ ნათელნო, მაკაბელნო ყოვლადბრძენნო, პირველმოწამეთა დიდნო მოწამენო, მათ თანა ღმერთსა ყოველთასა ევედრენით ცხოვრებად მაქებელთა თქუენდა.
...............................
აქვე წაიკითხეთ:
შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე) - 1 (14) აგვისტო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი