ღირსი ეგვიპტელი მეუდაბნოენი, ცეცხლითა და კვამლით მომწყდარნი (+დაახლ. 398) – 10 (23) ივლისი
ღირსი ეგვიპტელი მეუდაბნოენი, ცეცხლითა და კვამლით მომწყდარნი (+დაახლ. 398) – 10 (23) ივლისი
მეოთხე საუკუნეში ეგვიპტის მონასტრებში ოთხი ძმა იღვწოდა - დიოსკორე, ამონი, ექვთიმე და ევსები - პატიოსანი, დიდად ღვთისმოშიში და წმინდა ხალხი. რამდენადაც ძალზე მაღალნი და თან მოუკლებელი ღვაწლისაგან განლეულნი იყვნენ, ეგვიპტეში ყველა გრძელ ძმებად იხსენიებდა. თავიანთი კეთილი ცხოვრების წყალობით ამ ყრმებივით უბრალო და გონებით სრულ ადამიანებს ალექსანდრიის ყოველი პატრიარქი უდიდეს პატივს მიაგებდა.

341 წელს ათანასე დიდმა რომში მათი უფროსი ძმა, ამონი წაიყვანა, რომელმაც მარადიულ ქალაქში არაფრის ნახვა არ ისურვა, გარდა სამოციქულო სამარხისა, შემდეგ კი კვლავ უდაბნოს განუმარტოვდა, რომელიც მისთვის სამოთხე იყო...

რამდენადაც გრძელი ძმები ნიტრიის უდაბნოს დიდებას წარმოადგენდნენ, მათთან მეგობრობა თეოფილემაც მოიწადინა. ჯერ ამონის გაეპისკოპოსება მოინდომა, - იმ ამონისა, ბრწყინვალე რომშიც უდაბნოზე რომ ოხრავდა, და როცა უარი მიიღო, მოტაცება დაუპირა, შემდეგ - მათი მესამე ძმისაც, რაღაც მიზეზით ალექსანდრიაში რომ შეიტყუეს, მაგრამ გამოეპარათ და ისევ ლიბანის ღრმა უდაბნოს შეუერთდა.

რაც შეეხება თეოფილეს, უნდა ითქვას, რომ იგი იმ დროის უდიდესი ღვთისმეტყველი გახლდათ, მაგრამ უბოროტესი და ბნელი კაცი, რომლისთვისაც პირადი გამორჩენა უზენაესი კანონი იყო, ოქრო და პატივი კი - უფალზე და სულზე უტკბესი...

რამდენიმე ხნით ძმათაგან ორი - ამონი და ევსიხი, საპატრიარქო რეზიდენციაში საცხოვრებლად დაიყოლია, რამდენადაც ამ სიახლოვით პოპულარობის მოხვეჭა სურდა, მაგრამ იხილეს რა, ვინც იყო იგი, იქ დარჩენა აღარ ისურვეს და კვლავ განდეგილობის ადგილს დაუბრუნდნენ.

მათი წასვლის მიზეზი რომ შეიტყო, თეოფილე ძალზე განრისხდა და ძმებზე შურისგების მიზეზს უწყო ძებნა: - ჯერ ისიდორესთან ერთად ორიგენიზმის ბრალდება შეთითხნა, შემდეგ კი ახლობელ ეპისკოპოსებს ნიტრიის უდაბნოდან მონაზვნები განადევნინა, რის შემდეგაც მეუდაბნოენი შეიკრიბნენ, ალექსანდრიაში თეოფილეს მიმართეს და ევედრნენ, - ის მაინც გვითხარი, რა მიზეზით გვასამართლებო.

გაცოფებული პატრიარქი კი გრძელ ძმათაგან ერთ-ერთს, ამონს ყელში სწვდა, ომოფორი შემოახვია, შეპყრობილივით უწყო ცემა, ცხვირ-პირიდან სისხლი ადინა და თან უყვიროდა, - ერეტიკოსო, დაგმე ორიგენე!

ამ ვითარებაში სასჯელის მიზეზს როგორღა გამოიძიებდნენ, ადგნენ და, კიდევ ერთხელ შეურაცხყოფილნი, თავიანთ სენაკებს დაუბრუნდნენ...

უხმო რა უახლოეს მღვდელმთავრებს, ცოფმორეულმა თეოფილემ ანათემას გადასცა ოთხი უდანაშაულო ძმა და ისიდორე, თუმცა, მისი გაბოროტება ამით არ დასრულდა: - თავადვე შეთხზა მათ წინააღმდეგ ცრუ ბრალდებანი, მოისყიდა ცრუმოწმენი, ეს ბრალდებები გადასცა და უბრძანა, - ტაძარში, ქადაგებისას გადმომაწოდეთო, რის შემდეგაც საჯაროდ "ამხილა" ნიტრიის უდაბნოს მამები, საჩივარი კი ეგვიპტის პრეფექტს და პროვინციის სამხედრო მეთაურს წარუდგინა მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნით.

ხელისუფლებამ, როგორც ერთ-ერთი წყარო იუწყება, ამ საქმისთვის ალექსანდრიის პატრიარქს 500-მდე ჯარისკაცი განუწესა, რომელნიც თეოფილემ ფარულად და საჩქაროდ შეაიარაღა და ისიც მოახერხა, გვარიანად გამოეთრო და უდაბნომდე ისეთი ტემპით ეტარებინა, საბრალო მონაზვნებს შუაღამით მოულოდნელად დასცემოდნენ.

და მართლაც, ყრუ ღამე იყო, ახალმოსულნი შემზარავი შეძახილებით წმინდა ადგილას რომ შეიჭრნენ.

"კანონდამცველნი" მონასტერთა კარებს ამტვრევდნენ, ბერებს სენაკებში უვარდებოდნენ და ვითომდა "სამხილთა" ძიების მიზეზით ყველაფერს ხელს აყოლებდნენ.

ბერები ჩქარობდნენ საიდუმლო ადგილებში გადამალვას, მათი დიდი ნაწილი მთის ფერდობზე დაეშვა ფარული ბილიკებით და დაბლობში გაიფანტა, მრავალმა მათგანმა სიბნელის წყალობით უშველა თავს, გრძელი ძმები თანამ¬გრძნობებმა გადამალეს და თოკებით ცისტერნის ფსკერზე ჩაუშვეს, რომლის ნახვრეტიც ხითა და თუთიით იყო დახურული,განთიადს კი იქაურობა დაქცეული და იავარქმნილი დახვდა... პალადის მოწმობით, "მძვინვარე ტახმა უფლის უხვი ვენახი დაანაცრა და გადათელა"...

მრავალი მამა იმსხვერპლა ამ უბედურებამ (პალადის მოწმობით, ამ ამბებმა მხოლოდ ერთი მონაზონის სიცოცხლე შეიწირა).

დევნილი იღუმენები, მღვდლები, დიაკვნები და ბერები - 300-ოდე კაცი, რომელთა შეკრებაც გრძელმა ძმებმა შეძლეს, უდაბნოს სიღრმეში შეიკრიბნენ და იქ მონასტრის დაარსება მოიწადინეს, მაგრამ რადგან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ შეიტყვეს, სანატრელი უდაბნო დაუტევეს და ჯერ სირიაში განიზრახეს გადასვლა, სადაც თეოფილეს ხელისუფლება არ ვრცელდებოდა, შემდეგ კი - იქ, საითაც ღმერთი მოუწოდებდათ...

300 კაციდან გზაში 80-ღა შემორჩათ, რამდენადაც ზოგს დაღლილობამ დარია ხელი, ზოგს - სნეულებამ და ზოგსაც - სხვა მიზეზმა. მათგან ბევრს სამოცდაათისთვის გადაებიჯებინა, მრავალგზის ნაიარევი და ნაშანთ-ნატანჯი სხეულები კი ლამისაა, შემოსცვეთოდათ...

ძმობამ გადაწყვიტა, ჯერ იერუსალიმს გამგზავრებულიყვნენ, შემდეგ კი - კონსტანტინოპოლს, სადაც იმპერატორის მართლმსაჯულების და, რაც მთავარია, იოანე ოქროპირის შემწეობას იმედოვნებდნენ.

თეოფილეს "დამსახურებით" გზად ყველგან წინაღობას აწყდებოდნენ და ერთი სული ჰქონდათ, როგორმე ოქროპირამდე ჩაეღწიათ.

კონსტანტინოპოლს ძნელად თუ განაკვირვებდა ვინმე, მაგრამ ეს განდეგილები, რომელთაგან უფალს ბევრი სასწაულქმედების ნიჭით დაებეჭდა, იშვიათობას წარმოადგენდნენ. უდაბნოზე, საიდანაც ისინი გამოვიდნენ, საოცრებებს ჰყვებოდნენ... მათი სიწმინდე და რჩეულობა თვალშისაცემი გახლდათ, ამასთან, გაკვირვებას იწვევდა მათი სამოსიც...

80 ბერიდან ამ ტანჯულ გზას 50 კაციღა შემორჩენოდა... მათ ნავსადგურში შეისვენეს და ოქროპირის სამყოფელს დიდი სასოებით მიადგნენ...

50 პატივსაცემი კაცის ამ განსაცდელში მხილველ ოქროპირს ცრემლი მოერია, საქმის ვითარებაში გაერკვა და საბოლოოდ, გამოიკვლია რა მათი სიმართლე, დაამშვიდა და დააბინავა. ამ ღირს მამებზე არა მხოლოდ ოქროპირი, წმინდა ოლიმპიადაც ზრუნავდა, მეგობარი ოქროპირისა, რომელთა ღრმა სულიერი კავშირი და საოცარი მამაშვილური სიყვარული მატიანემ და მათმა მიმოწერამ ცოცხლად შეინახა.

"ამ საქმეს საკუთარ თავზე ვიღებ და ისე ვიმოქმედებ, რომ ან სხვა კრება გააუქმებს აკრძალვას და ან ნებაყოფლობით მოგიხსნით ეპისკოპოსიო, - ბრძანა ოქროპირმა, ხოლო საჩივარი, რომლის გადაცემასაც მეუდაბნოენი იმპერატორისთვის აპირებდნენ, ურჩია, ჯერჯერობით თან ჰქონოდათ, რადგან "ეკლესიის საქმეა, განსაჯოს ეკლესიის საქმე, ხოლო წარმავალ ხელისუფლებას არა ესაქმება რა კამათებთან, რომელნიც ღვთისმსახურებას ეხებაო". შემდეგ კი წერილობით სთხოვა თეოფილეს: - დევნილთ შენდობა მიანიჭეო.

ხიზანთა შეფარების ფაქტმა ისეც აფოფრილ თეოფილეს კიდევ ერთი ბრალდების წარდგენის მიზეზი მისცა, - საეკლესიო კანონთა დარღვევაში დასდო ბრალი: - ჩემგან დევნილნი შენ რა უფლებით შეიფარეო!

ოქროპირმა კვლავინდებურად მშვიდობისმყოფელი წერილი მისწერა, თუმცა ადრესატმა უწინდელზე უხეშად და კადნიერად უპასუხა.

მხოლოდ ამის შემდეგ იჩივლეს ბერებმა მეფესთან, რომელსაც, შეეწყალა რა ესოდენ პატიოსანი და კეთილმოღვაწე მამები, თეოფილეს კონსტანტინოპოლის სასამართლოში უხმო, რომ პატრიარქისა და ეპისკოპოსთა კრებულის წინაშე მომხდარის მიზეზები დაესაბუთებინა, თუმცა, გარკვეულ გარემოებათა გამო ეს საქმე ჩაიშალა. ამასობაში თეოფილემ კვიპროსის ეპისკოპოსის, ეპიფანეს დარწმუნება შეძლო, რომ იოანეც და მისი მფარველობის ქვეშ მყოფებიც ჯადოქრები და ერეტიკოსები იყვნენ.

ეპიფანე, რომელსაც ძალზე უბრალო და უბოროტო ბუნება ჰქონდა, ვერ შეიცნო თეოფილეს მზაკვრობა და იოლად დაუჯერა, ამავდროულად, თეოფილე დედაქალაქში ჩასასვლელად ემზადებოდა და თან იქადნოდა: - ორიგენეს მიმდევართა წინააღმდეგ კრებას მოვიწვევო. მისით წაქეზებულმა ეპიფანემ თეოფილეზე უადრეს ჩააღწია კონსტანტინოპოლს, ქალაქგარეთ გაჩერდა, წმინდა ლიტურგია აღასრულა, შემდეგ - დიაკვნად კურთხევის წესიც, რაც, კანონით, არ ეგებოდა და დარწმუნებულმა იმაში, რომ ოქროპირი და ნიტრიელი განდეგილები მწვალებელნი იყვნენ, სახლი, სადაც დაბინავდა, ოქროპირის მოწინააღმდეგეთა ბანაკად აქცია.

ოქროპირმა, რომელმაც უწყოდა, რომ ეპიფანე უბოროტო და წმინდა კაცი იყო, არ განრისხებულა და საცხოვრებლად საპატრიარქო სახლიც კი შესთავაზა, რაზეც პასუხად მიიღო: - სანამ ნიტრიელებს არ გაყრი და ორიგენიზმს არ დაგმობ, ჩვენი შეყრა არ ეგებისო! ოქროპირმა კი შეუთვალა, - საეკლესიო კრების თვინიერ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებო!

ოქროპირის მტრები, რომლებმაც კარგად უწყოდნენ ეპიფანეს გულუბრყვილობის შესახებ, უფრო და უფრო აქეზებდნენ მის წინააღმდეგ და ბოლოს მოუწოდეს, - წმინდა მოციქულთა სახელობის ტაძარში საჯაროდ დაგმე ორიგენე, განკვეთე დიოსკორე დანარჩენი ძმებითურთ, ოქროპირს კი მათ მფარველობაში დასდე ბრალიო!

შეიტყო რა ამის შესახებ ნეტარმა, ელჩის პირით შეუთვალა: - ეპიფანე, ბევრი რამ აღასრულე, რაც კანონით არ ეგებოდა, - ჯერ ჩემი თანხმობის გარეშე დააყენე წირვა, შემდეგ - დიაკვნად კურთხევის წესიც აღასრულე, ახლა კი, უარყავი რა მიპატიჟება, კვლავ განგიზრახავს ჩვენი ეპარქიის ტაძარში საეკლესიო სამართლის უგულებელყოფით განკვეთის წესი აღასრულო?! გაფრთხილდი, რამეთუ ხალხის შფოთს მოიმკი და უბედურებას შეჰყრი საკუთარ თავსაცო!

ამის გამგონე ეპიფანე, თუმც კი გაფიცხდა, მაგრამ დაფიქრდა და ყოყმანი იწყო, შემდეგ ტაძარი დატოვა და თეოფილეს დაელოდა.

დედოფალმა, რომელმაც ამ დაპირისპირების შესახებ შეიტყო, უხმო და უბრძანა: - მეუფე, უწყი, რომ მთელი ბერძნულ - რომაული სამყაროს მპყრობელნი ვართ, თუ დამიჯერებთ და შემეწევით, საეკლესიო ძალაუფლება თქვენი იქნება, ოქროპირი კი, რომელიც სათანადო პატივს არც ხელმწიფეს მიაგებს და არც მე, თან ჩვენს წინააღმდეგ აღმდგარა, საპატრიარქო პატივის ღირსი არ არის, ამასთან, ბევრის რწმუნებით, ერეტიკოსია, ამიტომ, სასურველი იქნებოდა, კრება მოგვეწვია და მისთვის ეს პატივი აგვეყარა, ნაცვლად კი ის დაგვედგინა, რომელიც რიგიანად გაუძღვება ეკლესიას, თუმცა, რატომ უნდა შევაწუხოთ ამდენი მამა, არ სჯობს, თავად განაყენო ეკლესიიდანო?!

- შვილო ჩემო, - მიუგო ეპიფანემ, - შენს მამას ყური მრისხანების გარეშე უგდე: თუ იოანე, როგორც ამტკიცებთ, ერეტიკოსია და ამ ცოდვას არ შეინანებს, იმგვარად მოვიქ¬ცევით, როგორც გვიბრძანებ, ხოლო თუ წყენა გამოძრავებს, ეს მიზეზად არ გამოდგება, რამეთუ გულძვირობა და ავისმხსომელობა ხელმწიფეებს არ ეკადრებათ, რამეთუ მათი საქმე სიკეთე, მოწყალება და მიტევებააო!

- მამაო, თუ ოქროპირს არ განდევნი, საკერპო ტაძრებს გავხსნი და იქ ღვთისმსახურებას განვაახლებ, რაც პირველზე უმწარესი იქნება! - მიუგო უგონო სიშმაგით პყრობილმა დედოფალმა. ამ სიცოფით გაოცებულმა ეპიფანემ კი უბრძანა, - მე მართალი კაცის ამგვარი მსჯავრისგან სუფთა ვარო! შემდეგ წამოდგა და სამუდამოდ დატოვა სასახლე. განრისხებული დედოფალი კი მეფეს შეუჩნდა: - ჩემი შეუ-რაცხყოფა - შენი შეურაცხყოფაცაა, რად აყოვნებ, რომ ოქროპირის დასამხობად კრება მოიწვიოო?! იგივე შინაარსის უსტარი აფრინა თეოფილესთანაც, რომელიც ფრთაშესხმული გამოემართა.

ეპიფანე კი, რომელიც ნიტრიელ მეუდაბნოეთა განსაკვეთად და ოქროპირისთვის ჭკუის სასწავლებლად ჩამოვიდა, გაესაუბრა რა ამ პატიოსან და გონიერ ბერებს, საბოლოოდ დარწმუნდა ოქროპირის სიწმინდეში, რის შესახებაც ადრეც ბევრი რამ სმენოდა, მოწყინება და სინანული დაეუფლა და გვიან მიხვდა რა, რომ სხვისი მიზნებისთვის გაისარჯა, გულდაწყვეტილმა დატოვა კონსტანტინოპოლი...

მაგრამ სანამ სამშობლოს მიაშურებდა, ოქროპირისაგან წინასწარმეტყველური სიტყვები მიიღო, - ეპიფანე, გავიგე, ჩემი განდევნა გწადდა. იცოდე, შენს ტახტს ვეღარ იხილავო! და მართლაც, ბოლოდროინდელმა ამბებმა, ხანდაზმულობამ და ზღვაოსნობისას შეყრილმა ციებამ ამ 80 წლის სათნო მოხუცს ხელი დარია და მგზავრობისას სული წაართვა...

აი, რას გვიამბობს ამ მამებზე და ნიტრიის სახელგანთქმულ უდაბნოზე აბბა რუფინიუსი "მეუდაბნოე მამათა ცხოვრებაში":

"ნიტრიის მთა ალექსანდრიიდან 40 მილითაა დაშორებული. მახლობელ სოფელში გვარჯილას მოიპოვებენ.

ჭეშმარიტად ღვთის განგებულებით, ამ ადგილას აღიხოცება და განიბანება კაცთა ცოდვები. სოფელში 50-მდე ქოხი დგას. მისი ბინადარნი განუყოფლად შეერთებულნი არიან სულით, რწმენით და სიყვარულით. მთელ ძმობას ერთი წინამძღვარი მეთაურობს.

ნიტრიაში მისვლის უმალ შეგვამჩნიეს მწირი სტუმრები, სკებიდან ფუტკრის გუნდივით გამოეფინნენ, გახარებულნი მორბოდნენ ჩვენკენ. ბევრს თან კოკით წყალი და პური მოჰქონდა.

მათზე ვერ იტყოდი წინასწარმეტყველის სიტყვებს: ისრაელის ძეთა შესახვედრად არ გახვედი პურითა და წყლით.

მერე ეკლესიაში წაგვიყვანეს, დაგვბანეს ფერხნი და თითოეულმა თავისი პირსახოცით შეგვწმინდა.

იფიქრებდი, მოგზაურთა ღვაწლის ამგვარი შემსუბუქებით ისინი თითქოს დაფარულად აშორებდნენ ადამიანებს მწუხარებას...

განა შეიძლება სიტყვებით გამოხატო მათი გულთბილობა, თავაზიანობა, სიყვარული, აღწერო, თუ როგორ ცდილობდნენ, თავიანთ კელიებში წავეყვანეთ, როგორ ისწრაფოდნენ სტუმართმოყვარეობის ვალის აღსრულებას, როგორი ხალისით გვესაუბრებოდნენ თავმდაბლობაზე, რომლითაც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ, სიმშვიდესა და სხვა სრულყოფილ სათნოებებზე?

თითქოს ისინი მხოლოდ იმისთვის განეშორნენ სოფელს, რომ აქ ყველას ერთად ემოღვაწა ღვთაებრივი მადლის სხვადასხვანაირი მოქმედებით.

არსად შევხვედრივართ ასეთ გულწრფელ სიყვარულს, ასეთ მხურვალე გულმოწყალებას, ასეთ სწრაფვას სტუმართ-მოყვარეობისადმი.

არსად გვინახავს ასეთი სიყვარული წმინდა წერილის შესწავლისა, ღვთისმეტყველებისა და სულიერი სიბრძნის შეძენისა, თავს ღვთაებრივი სიბრძნის ორატორთა შორის ვგრძნობდი.

ნიტრიის მთის იქით, 10 მილის დაშორებით, შორ უდაბ¬ნოში უამრავი სენაკი დგას, მას "კელიებს" ეძახიან.

აქ განმარტოვდებიან ისინი, ვინც მოემზადნენ ნიტრიაში უფრო მყუდრო ცხოვრებისთვის. უდაბნო იმდენად ვრცელია, რომ კელიების მკვიდრთ ერთმანეთის დანახვა და ხმის გაგონება არ შეუძლიათ.

განდეგილები მარტოდმარტო ცხოვრობენ კელიებში, ღრმა მყუდროებაში, დაურღვეველ სიჩუმეში. მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიან ერთად ტაძარში და მაშინ ხედავენ ერთმანეთს.

თუ ვინმე არ გამოჩნდება კრებულში, ხვდებიან, რომ რაიმე სნეულებამ დააბრკოლა და რიგრიგობით, სხვადასხვა დროს მიდიან სნეულთან სანუგეშებლად.

რაიმე საბაბით არავინ ცდილობს მოყვასის მყუდროების დარღვევას - მხოლოდ ის, ვისაც განსაკუთრებული ნიჭი აქვს დამოძღვრისა, შევა რომელიმესთან და თავისი ენატკბილი სიტყვით ანუგეშებს...

ბევრ მათგანს ეკლესიაში მოსასვლელად 3-4 მილის გავლა სჭირდება. მაგრამ მათი ერთმანეთისადმი სიყვარული ისე ძლიერია, ისე ღრმაა ურთიერთკეთილგანწყობა, რომ სამაგალითოა და განაცვიფრებს ყველას. ამიტომ მათთან ცხოვრების მოსურნეს თითოეული თავის კელიას სთავაზობს საცხოვრებლად.

* * *

კელიებში ვნახეთ მხცოვანი აბმბა ამონიც. ამ კაცს ღმერთმა სრულად გადმოაღვარა სულიერი ნიჭნი. მისი მსგავსი სიყვარულის ნიჭი არავის უნახავს. თუ მიხედავ მის სიმდაბლეს, იფიქრებ, რომ ესაა მასში უმთავრესი სათნოება. მოთმინება, სიმშვიდე, შემწყნარებლობა - თითოეულ ამ სათნოებაში ის იმდენად წარემატა, რომ გიკვირს, - ნეტავ რა სათნოება აკლიაო...

უფალმა ისე უხვად უბოძა მას სულიერი სიბრძნისა და ჭვრეტის ნიჭი, რომ ფიქრით მამათა შორის არავის მასზე ღრმად არ შეუღწევია ღვთაებრივ საიდუმლოთა ჭვრეტის საყდარში.

მასთან იყო ორი ძმა: ევსები და ექვთიმე. უფროსი დიოსკურე კი გამოიხმეს ეპისკოპოსის კათედრაზე ასაყვანად.

ეს ბერები იყვნენ არა მარტო ხორციელად ძმანი, არამედ თავიანთი ცხოვრებით, კანონებით, სულიერი სრულყოფილების სისავსითაც ღვიძლნი. მშობლებივით ზრუნავდნენ მათთან მცხოვრებ მამებზე, აჰყავდათ ისინი სულიერი სრულყოფილების სიმაღლეზე.

ღვთის კაცი ამონი თავისსავე მონასტერში ვიხილეთ. მონასტერს გარს გალავანი არტყია.

იმ ადგილას იოლია გამომწვარი აგურით დიდი შენობის აგება. სავანეს ყველაფერი აუცილებელი აქვს. მან თვითონვე ამოთხარა ჭა.

ერთხელ ცხონების მაძიებელი ძმა ესტუმრა და ჰკითხა, საცხოვრებლად ცარიელი კელია ხომ არ მოგეპოვებაო.

მოგიძებნი, მანამდე კი შენ აქ იცხოვრეო...

ყველაფერი, მონასტერთან ერთად, ამ ძმას დაუტოვა, თვითონ კი მოშორებით იპოვა კელია და იქ დასახლდა.

ამის მერე, როცა მასთან ცხონების მაძიებელი ძმები მოვიდოდნენ, შეკრებდა ყველას და ერთ დღეში მათი გულმოდგინე დახმარებით მონასტერს ააშენებდა. თუ ერთი-ორი კაცი ესტუმრებოდა, ეკლესიაში მოსასვენებლად მიიწვევდა და სანამ ისინი იქ იყვნენ, ძმებთან ერთად სასწრაფოდ ახალ კელიებს აშენებდა.

მერე ძმები ახალ კელიას აუცილებელი ნივთებით ამარაგებდნენ. არავინ იცოდა, ვინ და რა შემოსწირა. საღამოს კი ახალმოსულები გამზადებულ კელიებში შედიოდნენ.

* * *

ეგვიპტის მრავალ სხვა ადგილას ვიხილეთ უდიდესი ძალით შემოსილი, სასწაულმოქმედი და ღვთის მადლით ავსებული ღვთის წმინდანები. მათზე დაწვრილებით მოთხრობა ჩვენს ძალებს აღემატება.

ზემო თებაიდაში, სიენის სიახლოვეს მცხოვრებ მამათა შესახებ მხოლოდ გადმოცემით ვიცით.

ამბობენ, რომ ყველა მათგანი აღმატებულნი და დიდებულნი არიან მათზე, ვინც ჩვენ ვიხილეთ. მათი მონახულება ჩვენ ვერ შევძელით, სახიფათო გზის გამო ეგვიპტეში საერთოდ არ არის ადგილი, რომელსაც თავს არ ესხმოდნენ ყაჩაღები.

ქალაქ ლიკოსის ზემოთ გვხვდებიან ბარბაროსთა ტომებიც... ამიტომ არ გვქონდა იქ მოხვედრის შესაძლებლობა, თან მოგზაურობისას შვიდჯერ დიდი საფრთხე შეგვექმნა, მერვედ განწირულნი ვიყავით, მაგრამ ღმერთმა დაგვიფარა.

ერთხელ უდაბნოში ხუთი დღე-ღამე შეუჩერებლად მივდიოდით. არაქათგამოცლილნი და მწყურვალნი მთის ფერდობზე მლაშე წყაროსთან მოვხვდი.

მცხუნვარე მზემ წყალი მარილად გადააქცია და წვეტიანი მარილის ნატეხებისგან არა მარტო ჩვენ, ფეხშიშველნი, არამედ ფეხშემოსილნიც დავითმენდით ჩხვლეტას.

ძლივს დავაღწიეთ თავი ამ ადგილს. მესამე დღეს გავუარეთ დაჭაობებულ წყალს.

მერე ზღვის პირას თავს ავაზაკები დაგვესხნენ. ისინი ათი ათასი ნაბიჯის დაშორებით მოგვდევდნენ, ვერ დაგვეწივნენ, მაგრამ ძალზე კი შეგვაშინეს.

მარეოტისის ტბის გადაცურვისას ქარიშხალი ამოვარდა და ნაპირზე გამოგვრიყა. ეს მოხდა ღვთის განცხადების დღეს.

ნიტრიის სავანეებისკენ მიმავალნი ერთ ადგილას შევედით, სადაც ნილოსის ადიდების მერე წყალი დამდგარიყო და ჭაობად ქცეულიყო. მასში ქვეწარმავლები ფუთფუთებდ¬ნენ, ნიანგები მზეზე მკვდრებივით იწვნენ.

ჩვენს ნაბიჯებზე თავი ასწიეს და გამოგვედევნენ. ხმამაღლა მოვუწოდებდით ქრისტე უფლის სახელს და მისი გულმოწყალებით გადავრჩით - მადევარნი, თითქოს ანგელოზმა განდევნაო, უკანვე გაბრუნდნენ.

ჩვენ კი მონასტრისკენ ვისწრაფეთ, მადლობა შევწირეთ ღმერთს, რომელმაც ასეთი დიდი საფრთხისაგან დაგვიხსნა და გამოაჩინა ჩვენზე ასეთი ნიშ-სასწაული, დიდება და პატივი მას, უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

* * *

სახელგანთქმული ლავსაიკონი კი ამას მოგვითხრობს:

"ალექსანდრიაში სამი წელი დავყავი. ამის შემდეგ იქაურობა დავტოვე და ნიტრიის მთას მივადექი.

ამ მთასა და ალექსანდრიას შორის არის ერთი ტბა, სახელად მარია. იგი სამოცდაათი მილის სავალია.

ტბა გადავიარეთ და დღენახევრის შემდეგ ნიტრიის მთაზე ავედით, რომელიც ამ ტბის სამხრეთით მდებარეობს. ეს მთები მთლიანად უდაბნოდ არის ქცეული და მისი საზღვარი ეთიოპიამდე, მაზიკონამდე და მავრიტანიამდე ვრცელდება.

ნიტრიის მთაზე ხუთი ათასი კაცი იყო დამკვიდრებული, ისინი თავიანთი ძალისამებრ მოღვაწეობდნენ.

აქ იყვნენ მარტომყოფი ბერები, ორ-ორად მცხოვრებნი და ასევე ზიარად მყოფნი. ამ მთაზე იყო ერთი პურის საცხო¬ბი სახლი, რომლიდანაც ხუთი ათასი ბერი საზრდოს იღებდა.

ნიტრიის მთისგან მოშორებით სხვა ექვსი ათასი მოღვაწე იყო. ამ მთაზე ერთი წელი დავყავი და წმინდა მამებისგან მრავალი სარგებელი მივიღე.

აქ შევხვდი ისეთ დიდ მამებს, როგორებიც იყვნენ: არსისიოს დიდი, პუტუვასტოსი, აგიონოსი, ხრონიოსი და სერაპიონი. მათგან შევიტყვე ბევრი საინტერესო რამ პირველი წმინდა მოღვაწეების შესახებ და ამის შემდეგ უდაბნოს ყველაზე უღრმეს ადგილებს მივაშურე.

ნიტრიის მთაზე იყო ერთი დიდებული ეკლესია, რომლის კართანაც ფინიკის სამი ხე იდგა. ამ ხეებზე დასასჯელი საგნები ეკიდა. ერთი მათთვის, ვინც მონასტერი დატოვა და შემდეგ უკან დაბრუნდა, მეორე - ავაზაკთათვის და მესამე - იმ ბერთათვის, რომლებიც ყოველდღე რაიმე საცთურში ცვივდებოდნენ.

ასეთებს ჯერ ასამართლებდნენ, ფინიკის ხესთან მიიყვანდნენ, ცოდვის სიმძიმის შესაბამისად სჯიდნენ და შემდეგ უშვებდნენ.

ეკლესიის გვერდით იყო უცხოთა თავშესაფარი, სადაც სტუმრად მოსულებს მოასვენებდნენ და შემდეგ გაისტუმრებდნენ. თუ ახალმოსული სამი წელი იქ დარჩენას მოინდომებდა, წინააღმდეგობას არ უწევდნენ და შემდეგ მათი სურვილისამებრ უკან აბრუნებდნენ.

უსაქმოდ ყოფნას აქ ვერავინ გაბედავდა. ისინი ყოველდღიურად შრომობდნენ, გარდა კვირა დღისა. თითოეულს თავისი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. ზოგი პურის საცხობში იყო განწესებული, ზოგი ბოსტანში, ზოგი ხილნარში.

თუ ახალმოსულთა შორის წმინდა წერილის კარგი მცოდნე იყო, მას წიგნის კითხვის ნებას აძლევდნენ, თუმცა მასთან ექვს საათამდე საუბარს ვერავინ გაბედავდა და დროს ასე მარტო ატარებდა.

ნიტრიის მთაზე იყვნენ ექიმებიც და წამლების დამამზადებელნი. ავადმყოფობის ჟამს ბერები ღვინოსაც სვამდნენ მცირედ და, ამასთანავე, სასმელს ყიდდნენ კიდეც. ყველას ჰქონდა საერთო ხელსაქმე - სელის რთვა და ტილოს ქსოვა.

ამ გზით ისინი უზრუნველად მოირეწდნენ სანოვაგეს. როცა მოსაღამოვდებოდა, საზრდოს იხმევდნენ. ამის შემდეგ თითოეული სენაკიდან ისმოდა ლოცვის ხმა, აღმავალი ზეცად. მშვენიერ ადგილებში ამგვარი ერთობლივი ღვაწლით ისინი სამოთხეში მყოფთა თანაზიარნი ხდებოდნენ.

ძმები ეკლესიაში მხოლოდ შაბათსა და კვირას იკრიბებოდნენ, დანარჩენ დღეს კი ცალ-ცალკე ატარებდნენ. ეკლესიის გამგებლად ერთი მღვდელი და ერთი უხუცესი იყო დადგენილი. ვიდრე ისინი ცოცხლები იყვნენ, მათ საქმიანობაში სხვა ვერავინ შეეცილებოდა, ვერც ვერაფერს განაგებდა, მათ წინაშე ყველანი მდუმარენი ისხდნენ.

ამ წმინდა მამათაგან ზოგიერთი, როგორებიც იყვნენ არსისიოს დიდი და სხვა მისი შემსგავსებული მოღვაწეები, ანტონი დიდის თანამედროვენი იყვნენ. ისინი იცნობდნენ ამონ ნიტრიელს, რომლის სული იხილა ანტონი დიდმა, თუ როგორ ადიოდა ზეცაში.

ეს წმინდა მამები იცნობდნენ პახომი დიდსაც, წინასწარმეტყველების მადლით გამორჩეულ ტაბენესელ მოღვაწეს, რომელიც სამი ათასი კაცის მამასახლისად იყო დადგინებული. მისი მოღვაწეობის ამბავს თავის დროზე გაუწყებ".

სურათის წყარო


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat