იმპერატორ ანტონინეს ჟამს, ქრისტიანთა საყოველთაო დევნისას, სარდინიაში ცხოვრობდა ერთი წარმართი, სახელად გილასი.
მის ერთადერთ ვაჟს, პოტიტეს, მამისაგან განსხვავებით, ჭეშმარიტი ღმერთი შეეცნო და ოდენ მას ესავდა, შემდეგ ქრისტიანულ წიგნებსაც მიაგნო და სული მეტი სიყვარულით აღევსო.
მერე ფარულად ნათელ იღო და ქრისტეს შეერთო, მამამისმა კი, რა შენიშნა, პოტიტე კერპთ მსხვერპლს აღარ სწირავდა, შეფიქრიანდა, დამწუხრდა და თავიდან დაყვავებით სცადა, შვილი დაეყოლიებინა, შემდეგ კი - მუქარით.
- მამა, თუ გიყვარვარ, ეშმაკთათვის მსხვერპლის შეწირვას ნუ მაიძულებ, არამედ მირჩიე, ისა ვქმნა, რაც სულს კი არ ღუპავს, ხსნას ანიჭებს!
მსურს, თავადაც უარყო დემონნი და სამყაროს ჭეშმარიტ შემოქმედს შეუდგე! - მიუგო პოტიტემ.
განრისხებულმა გილასმა შვილი ოთახში გამოკეტა და მსახურთ უბრძანა, მასთან არც საზრდელი შეეტანათ და არც სასმელი.
- ვნახოთ, ღმერთი, რომელსაც ესავ, მოგცემს კი საზრდოს ან წყალს? - მიაძახა გულმოსულმა.
ნეტარი კი მხურვალედ ილოცვიდა და უფალს შესთხოვდა, განემტკიცებინა და მამამისიც ეხსნა.
უფალმა ისმინა მისი ლოცვა, სათხოვრის აღსრულებას შეჰპირდა, თან ანგელოზის პირით გააფრთხილა, რომ ადამის მოდგმის მტრისაგან დიდი განსაცდელი ელოდა.
გავიდა რამდენიმე დღე, მამას გულმა ვეღარ გაუძლო და მხოლოდშობილ ძეს კერპთათვის მსხვერპლის შესაწირად კვლავ უხმო:
- შვილო, შენ გამო ვიტანჯები, რამეთუ შენ ხარ იმედი ჩემი, უარს ნუ მეტყვი და ერთად შევწიროთ ღმერთებს მსხვერპლი, რამეთუ ის, ვინაც ამას არ იქმს, იმპერატორის ბრძანებით, ან საზარელ ტანჯვას შეამთხვევენ, ან - გარეულ მხეცთ მისცემენ საჯიჯგნად! შენი სინორჩე მაინც არ გენანება?!
- მამა, ნეტავ უწყოდე, თუ რაოდენ დიდია ღმერთი ქრისტიანთა, საკუთარი სიკვდილით ჩვენი გამომხსნელი, თავადაც მოიქცეოდი!
- სად შეიძინე ის სიტყვა და სიბრძნე? - დაეკითხა გაკვირვებული გილასი,
- ჩემს ბაგეთაგან თავად ის მეტყველებს, ვისაც ვესავ, - უპასუხა ყრმამ,
- შვილო, ნუთუ იმ ტანჯვის არ გეშინის, წინ რომ გელის? ან რას მოიმოქმედებ, ოდეს მსაჯულის წინაშე წარდგები?
- თავად უფალი განმამტკიცებს, - ღიმილით მიუგებდა პოტიტე,
- ნუთუ მზად ხარ, შენი ღმერთის მოიმედემ, ყოველი დაითმინო?
- დიახ, - იყო პასუხი.
- მაშ, მჯერა, ქრისტიანთა ღმერთი, ყრმის ბაგეთაგან რომ მამცნო ის, რაც სიჭარმაგემდე არ ვუწყოდი, ჭეშმარიტი შემოქმედია! და ვაი მე, რამეთუ შვილი ჩემი, ჯერაც ყრმა, თავის მოხუც მამაზე გონიერი აღმოჩნდა!
მოკლე ხანში გილასიმ ნათელ იღო, პოტიტემ, რომელსაც 13 წელი შესრულებოდა, იქაურობა დატოვა და საქადაგებლად ჯერ ეპირს წარვიდა, შემდეგ - ვალერიას, სადაც ერთი სენატორის, სახელად აღათონის მეუღლეს, კირიაკიას მძიმე სენი შეჰყროდა და ვერა მკურნალი ვერ შველოდა.
მის სახლს რომ მიუახლოვდა, პოტიტე, თითქოსდა მათხოვარიაო, იქვე ჩამოჯდა და მსახურს წყალი სთხოვა.
- ამ სახლიდან გსურს წყალი? - დაეკითხა მსახური,
- წყალზე მეტად ამ სახლის მკვიდრთა სულის ხსნა მსურს, რამეთუ მასზე გარდამოვიდა მადლი უფლისა ჩემისა, იესო ქრისტესი!
- საიდან მოსულხარ, ყმაწვილო, ან რა მქვია? - დაეკითხა მისი პასუხით გაოცებული მსახური,
- მე, შენ მსგავსად, მიწისგან ვარ შექმნილი, პოტიტე მქვია და ქრისტეს მონა ვარ, რომელი მის მსასოებელთ ხსნას და სულიერ და ხორციელ კურნებას მიაგებს,
- თუ მართლაც მონა ხარ მისი, ძალგიძს კი ხეიბართა განმრთელება?
- სადაც რწმენაა, იქვეა კურნებაც, რამეთუ უფალი ჩემი, იესო ქრისტე რწმენისამებრ მიაგებს მათ, ვინც სთხოვს!
- ჩვენი ქალბატონის განკურნება თუ ძალგიძს?
- თუ ქრისტეს ირწმუნებს, განმრთელდება!
- თუ ამას შეძლებ, მისი ქონების მფლობელი შეიქნები,
- არც ოქრო მსურს, არც ვერცხლი და არც ქონება, ოდენ იმისი სულის ხსნა, ვინაც სნეულია!
მსახურმა მყისვე უამბო ყოველივე თავის ქალბატონს, რომელმაც პოტიტეს უხმო და შეევედრა:
- გთხოვ, თუ ჩემი კურნება ძალგიძს, შემეწიე!
- ირწმუნე ის, ვინც ჭეშმარიტი ღმერთია, ნათელ იღე და განმრთელდები,
- მასწავე, თუ როგორ ვირწმუნო!
მაშინ პოტიტემ განახვნა ბაგენი და ასწავებდა უფლის სიტყვას.
კირიკიამ, ისმინა რა მისი, წარმოთქვა:
- მწამს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია იგი, ვისი შესახებაც მიამბე და კვალად მწამს, რომ განმამრთელებს!
მაშინ წმინდა ყრმამ მუხლნი მოიდრიკა და ცრემლიანი ლოცვით შეჰღაღადა უფალს სნეულის კურნება და ნათლისღების დღეც დანიშნა.
და როდესაც კირიაკია ემბაზიდან აღმოვიდა, პოტიტეს სიტყვისამებრ, სრულიად განიკურნა.
ამის მომსწრე კირიაკიას სახლეულმა და ლამის ნახევარმა ქალაქმა ირწმუნეს ქრისტე და ამ სიტყვებით ადიდეს:
- შეჭმარიტად იგია ღმერთი, ამ ყრმის პირით რომ მოგვფინა ნათელი!
მოკლე ხანში პოტიტე ერთ უდაბურ მთაზე განმარტოვდა, რომელსაც გარგარად იხსენიებდნენ და ველურ მხეცებთან ისე იწყო ცხოვრება, ვითარცა - თვინიერ კრავებთან.
სწორედ იმ დროს იმპერატორ ანტონიუს პიუსის (138- 161 წლები) ასულს ბოროტი ეკვეთა და ძლიერ სტანჯავდა.
ანტონინე ამ ამბავმა დაამწუხრა, ასულის განკურნებას თავის "ღმერთებს~ სთხოვდა და დიდებულ მსხერპლსაც აღუთქვამდა.
ეშმაკი კი მისი ასულის პირით ამეტყველდა:
- სანამ გარგარის მთაზე მოღვაწე პოტიტეს არ მოიყვანთ, აქედან არსად წავალო!
იმპერატორმა მაშინვე ხალხი აფრინა გარგარის მთისკენ, სადაც პოტიტე გარეული მხეცებით გარშემორტყმული იჯდა.
მეომრების დანახვამ მხეცები გააღიზიანა და ის იყო, მათკენ დაიძრნენ, ნეტარმა შეაჩერა.
ნეტარი მორჩილად გაჰყვა მეომრებს.
- ვინ ხარ? - დაეკითხა ანტონინე,
- მეც და ჩემი მშობელნიც ქრისტიანები გახლავართ!
- მერე, არ უწყი, რომ ვინც ღმერთებს მსხვერპლს არ შესწირავს, სიკვდილი ელის?
- მეც ისა მსურს, ჩემი ღმერთის, ქრისტესთვის მოვკვდე!
- მსმენია, რომ მრავალგვარი სნეულების კურნება ძალგიძს და თუ ჩემს ასულს შვებას მოჰგვრი, საკადრისადაც დაჯილდოვდები!
- შენი ღმერთები რატომ არ შველიან?
- როგორ მიბედავ ამგვარ კადნიერებას? - განრისხდა იმპერატორი,
- თუ შენს ასულს განვკურნავ, ირწმუნებ ჩემს ღმერთს? - დაეკითხა პოტიტე,
- დიახ, - უპასუხა იმპერატორმა,
- ვუწყი, რომ გული შენი ისე შეუსვარავს სიბილწეს, უფალს არ მიიღებ, მაგრამ ამ საქმეს ღვთის ძალით ამ ხალხისთვის აღვასრულებ, ვინაც ადიდებს შემოქმედს!
როგორც კი იმპერატორის ქალიშვილი პოტიტეს წინაშე წარდგა, მასში ჩაბუდებულმა ბოროტმა ნეტარს დამცინადავ შესჩურჩულა:
- რაო, პოტიტე, ხომ ხედავ, მაინც მოხვედ, თუმც კი არ გსურდა!
ნეტარმა კი, სული შეუბერა რა იმპერატორის ასულს, ეშმაკს უთხრა:
- უფალი ჩემი, იესუ ქრისტე, რომელს ჰმორჩილებს ყოველი ქმნილი ზეცისა, მიწისა და ქვესკნელისა, გიბრძანებს, დაუტევო მისი ეს ქმნილება!
ესა თქვა და სნეულს მარჯვენა ხელი ლოყაში გაარტყა. მაშინ იქ მყოფებმა ცხადად იხილეს, როგორ გამოვიდა ქალიშვილის პირიდან უზარმაზარი ქვეწარმავალი და განქარდა.
ამან ისე შეზარა იქ მყოფნი, ხმამაღლა აღმოთქვეს:
- ჭეშმარიტად დიდია ღმერთი ამ ყრმისა!
გაოცებულმა იმპერატორმა კი ოდენ ეს თქვა:
- ო, რაოდენ დიდ ძალას ფლობს ქრისტიანთა ეს ჯადოქრობა!
- ვაი შენდა, უგუნურო ხელმწიფევ, რამეთუ ღვთის ესოდენი დიდება იხილე და არ კი ირწმუნე!
- ქალიშვილის სიმრთელეს ჩემს ღმერთთ ვუმადლი! - წარმოთქვა ანტონინემ.
- ცრუობ, ხელმწიფევ, რამეთუ არა შენმა, არამედ ჭეშმა¬რიტმა უფალმა აღასრულა ეს სასწაული!
- დადუმდი და შესწირე ღმერთებს მსხვერპლი, დიდებასაც მიიღებ, ქონებასაც და არც ოქრო მოგაკლდება და არც - ვერცხლი!
- შენ იმას მპირდები, რაიც მიწის მტვრად მიმაჩნია, მე კი უხრწნელი საგანძურის პატრონი ვარ, უფალი ჩემი თავის მოყვარულთ რომ განუმზადებს!
- კვლავაც ბედავ ჩემთან კადნიერ საუბარს?
- დიახ, რამეთუ შენი არ მეშინია, რამეთუ უფალს ჩემსას, იესო ქრისტეს ძალუძს, შენს ხელთაგან ჩემი გამოხსნა!
- შენი სიყრმე მენანება, გპატიობ და გიბრძანებ, მსხვერპლი შესწირო ღმერთებს, რომ დაუყოვნებლად არ მიგცე საზარელ სატანჯველს!
- საკუთარი თავი შეინანე, რამეთუ შენთვის უკვე განმზადებულია საუკუნო ცეცხლი!
ცოფქმნილმა ანტონინემ პოტიტეს გაშიშვლება და ჯოხებით გვემა ბრძანა.
ნეტარი ყრმა კი ჰმადლობდა უფალს, რომ მისთვის ტანჯვის ღირსი შეიქნა.
- აბა, პოტიტე, რა გსურს, ახლა მაინც არ მიაგებ მისაგებელს ღმერთებს? - დაეკითხა იმპერატორი,
- რომელ ღმერთებს?
- განა არ უწყი? უკვდავ ზევსს და მინერვას.
- ვნახოთ, რა ძალა აქვთ შენს ღმერთებს და შემდეგ იმას აღვასრულებ, რასაც ინებებ!
გახარებულმა იმპერატორმა მაშინვე წარმართულ ტაძარში წარიყვანა პოტიტე, მაგრამ როგორც კი წმინდა ყრმამ ღვთის წინაშე ილოცა, უსულო კერპნი მიწაზე დაენარცხნენ და მტვრად იქცნენ.
- თუ ჭეშმარიტად ღმერთები არიან, რად დაეცნენ და მტვრად რად იქცნენ, ან საკუთარ თავს რად არ შეეწევიან?
სირცხვილით და რისხვით აღვსილმა ანტონინემ კი პოტიტეს მძიმე ბორკილები დაადო და ბნელ ჯურღმულში გამოკეტა.
შუაღამისას, ოდეს ნეტარი ყრმა ლოცვად დადგა, უფლის ნათლითმოსილი ანგელოზი გამოეცხადა, რკინის მძიმე ხუნდები ცვილივით დაუდნო, იქაურობა კი არამიწიერი ნათლითა და კეთილსურნელებით აღავსო.
დარაჯთ, რომელთაც ჯერ საკვირველი სურნელი მისწვდათ, შემდეგ - ბორკილებდამდნარი და ანგელოზთან მოსაუბრე პოტიტე იხილეს, თავზარი დაეცათ და გამთენიისასვე ამცნეს იმპერატორს ყოველი.
ამ უკანასკნელმა მყისვე შეკრიბა ხალხი, წმინდა ყრმა საპყრობილიდან გამოიხმო, თავად მსაჯულის სავარძელზე დაბრძანდა და პოტიტეს შეკავებული რისხვით დაეკითხა:
- შენი აზრით, ამჟამად სად იმყოფები?
- ღვთის მიწაზე,
- შენი აღსასრული მოახლოვდა და ვნახოთ, თუ რომელი ღმერთი გიხსნის ჩემს ხელთაგან!
- გრცხვენოდეს, ხელმწიფევ, რამეთუ ძაღლნი შენზე გონიერნი არიან, - იმათ ჰმადლოან, ვის ხელთაგანაც პურს მიიღებენ, შენ კი უფალმა შვილი განგიმრთელა და მაინც ჰგმობ!
უარესად გაალმასებულმა ანტონინემ პოტიტეს ხეზე დაკიდება და ჯერ ცვილით დადაღვა ბრძანა, შემდეგ რკინის კავებით დასერვა, მაგრამ ნეტარი თითქოს არც გრძნობდა ტკივილს და ანტონინეს მიუგებდა:
- სად არის შენი დანაქადნი, ხელმწიფევ, ჩემი დამარცხება ამ ტანჯვით რომ გსურდა, თუმცა, მე ვერავითარ ტკივილს ვერ ვგრძნობ, შენ კი საკუთარ გულს განიწამებ!
სირცხვილეულმა და რისხვით მთლად გონდაკარგულმა იმპერატორმა მარტვილი ხიდან ჩამოახსნევინა და საჯიჯგნად გარეულ მხეცთ მიუგდო, თუმცა, ისინი მიახლოებისთანავე თვინიერ ცხოველთ ემსგავსნენ და ფერხთა ლოკვა უწყეს.
მაშინ ანტონინემ მისი ნაჯახებით დაჩეხვა და მხეცთათვის მიცემა ბრძანა, თუმცა, ღვთის ნებით, ყრმას სხეული ისე გაუმყარდა, ვითარცა ქვა თუ რკინა და ჯალათებმა ვერა დააკლეს რა.
ამის მხილველმა 2 000-მდე ადამიანმა მიიღო ქრისტე და თქვეს:
- ჭეშმარიტად იმ ღმერთის ძალით მოქმედებს ეს ყრმა, მოციქულ პეტრესა და პავლეს რომ წარუმართავდა საქმეს და სიტყვას!
ამან მთლად შეშალა უბედური ანტონინე, ცეცხლზე უზარმაზარი ტაფის გახურება, ზედ ცხიმის დასხმა და ნეტარის ასე დახრუკვა ისურვა, თუმცა, არც ამჯერად მიადგა ვნება პოტიტეს, პირიქით, ეტყოდა: - გაფიცებ, უფრო მეტი ზეთი დამასხი, თორემ თავს ფრიად გრილად ვგრძნობო!
აღარ უწყოდა, თუ რა სატანჯველი მოეფიქრებინა იმპერატორს, ისღა იღონა, გრძელი, გახურებული ლურსმნები გაეყარათ ნეტარისთვის თავში, თუმცა, უფალმა აქაც დაიფარა თავისი რჩეული, - ამ სატანჯველმა პოტიტეს კვლავ ვერა დააკლო, იმპერატორს კი სწორედ იმ ადგილას ასტკივდა თავი, სადაც ნეტარს ლურსმანი გაუყარეს.
- გევედრები, ქრისტეს მონა, პოტიტე, შემიწყალე და ამ სატანჯველისგან გამომიხსენ, რამეთუ ამიერიდან მწამს შენი ღმერთის!
- ადე, შენმა ღმერთებმა განგკურნონ, - მიუგებდა მარტვილი, ანტონინე კი კვლავ ჰვედრიდა, - მიხსენო!
- მანამ ვერ ეღირსები კურნებას, სანამ აქ ქრისტესგან განმრთელებული შენი ქალიშვილი არ მობრძანდება!
იგი მსწრაფლ მოჰგვარეს, ქალიშვილი კი პოტიტეს ფერხთით განერთხა და შეევედრა:
- ქრისტეს მონავ, გვედრი, მომნათლო!
წმინდა ყრმამ იქვე მონათლა იმპერატორის ასული, შემდეგ სულდავსილი ხელმწიფისთვისაც ილოცა და განამრთელა, მაგრამ ჰოი, საოცრებავ! ანტონინემ კვლავ ზევსსა და სხვა წარმართულ ღვთაებებს შესწირა მადლობა.
მაშინ მკაცრად ამხილა სვეუბედური ნეტარმა, რის გამოც ჯერ ენა წარკვეთეს, შემდეგ - თვალებიც დასთხარეს, თუმცა, იგი კვლავ განაგრძობდა ღვთის დიდებასა და ანტონინეს მხილებას.
სხვა რაღა დარჩენოდა უსჯულოს, თუ არა პოტიტესათვის თავის წარკვეთა.
ასე შეიტკბო წამებაჲ იგი მაცხოვნებელი წმინდა ყრმამ, შეგვეწიოს მისი მადლმოსილი ლოცვა!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი