რომაელ ძმებს - კოზმას და დამიანეს, მშობლები ქრისტეს სიყვარულით ზრდიდნენ. ისინი მკურნალის ხელოვნებას დაეუფლნენ,
რის წყალობითაც ადამიანებს ყოველგვარი სნებისაგან განამრთელებდნენ. გასამრჯელოს არავისგან იღებდნენ, ამიტომაც ყველა "უანგარო მკურნალებად" უხმობდა.
გამოჯანმრთელების სანაცვლოდ, ადამიანთაგან მხოლოდ ერთს ითხოვდნენ - ქრისტეს სჯულის აღიარებას და რომშიც და მის შემოგარენშიც მრავალი წარმართი მოაქციეს.
ძმებმა წინაპართაგან დიდძალი ქონება მიიღეს და უპოვართ დაურიგეს.
ხოლო ოდეს სნეულთ განამრთელებდნენ, ეტყოდნენ:
- უფლის შეწევნის გარეშე არაფრის ქმნა არ ძალგვიძს, თუ იესო ქრისტეს იწამებთ, აუცილებლად განიკურნებითო!
მართლაც, ვინც რწმენით აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს, მყისვე პოვებდნენ კურნებას.
ამის შედეგად ყოველდღიურად ათასობით წარმართი უერთდებოდა ქრისტეს ეკლესიას.
წმინდა მკურნალები რომის ერთ-ერთ სოფელში, მშობლების მამულში ცხოვრობდნენ და იმ მიდამოებს თანდათან განანათლებდნენ.
მათი ღვაწლის მხილველი ეშმაკი შურით აღივსო, რამდენიმე თავისი მონა რომში გაგზავნა, რომლებმაც ხელმწიფესთან ცილი დასწამეს კოზმასა და დამიანეს.
იმ დროს რომში კარინი მეფობდა (283-284 წწ.). მან ცილისმწამებლებს დაუჯერა, მაშინვე მეომრები გაგზავნა და მკურნალების შეპყრობა ბრძანა.
მეფის მეომრები იმ სოფელში ჩავიდნენ, სადაც წმინდანები ცხოვრობდნენ და კოზმასა და დამიანეს ძებნა იწყეს. მორწმუნენი ძმებს ევედრებოდნენ, თავი გადაერჩინათ, იქიდან წასულიყვნენ და მცირე ხნით მეფის რისხვისთვის აერიდებინათ თავი, წმინდანებმა მათი თხოვნა არ შეისმინეს და გადაწყვიტეს, მეომრების წინაშე გამოცხადებულიყვნენ.
ნეტარნი მზად იყვნენ, საკუთარი სიცოცხლე ქრისტესთვის შეეწირათ. მაშინ მრავალმა ქრისტიანმა მოიყარა თავი და ტირილით ემუდარებოდნენ, სხვათა გადასარჩენად გაფრთხილებოდნენ საკუთარ სიცოცხლეს. მაშინ წმინდანები მათ ნებას დამორჩილდნენ და მორწმუნეებმა ისინი რომელიღაც გამოქვაბულში გადამალეს.
ამ დროს მეომრები ყველგან დაეძებდნენ წმინდანებს, მაგრამ ვერსად ნახეს. მაშინ განრისხებულებმა, რამდენიმე ღვთისმოსავი ადამიანი შეიპყრეს, ბორკილები დაადეს და რომ წაიყვანეს.
როგორც კი ამის შესახებ კოზმამ და დამიანემ შეიტყვეს, მაშინვე გამოვიდნენ სამალავიდან და მეომრებს ფეხდაფეხ დაედევნენ.
გზაში წამოეწივნენ და უთხრეს:
- უდანაშაულო ადამიანები გაათავისუფლეთ. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ეძებთ.
მეომრებმა დაკავებულები გაათავისუფლეს, წმინდანებს ბორკილები დაადეს და რომში წაიყვანეს. უფლის მსახურები საპყრობილეში გამოკეტეს და დილამდე იქ ჰყავდათ.
ინათა თუ არა, მეფე ტახტზე დაბრძანდა და კოზმას და დამიანეს მიყვანა ბრძანა. წმინდანები მის წინაშე რომ წარდგნენ, ხელმწიფემ აუწყა:
- ეს თქვენ აუმხედრდით ჩვენი მამების ღმერთებს, რაღაც ჯადოსნობით კურნავთ ადამიანებსა და მათ პირუტყვს, შემდეგ კი ხალხს ღმერთებისგან განდგომას აიძულებთ? ახლა მაინც მოდით გონს და შეისმინეთ ჩემი კეთილი რჩევა: ღმერთებს მსხვერპლი შესწირეთ, რომლებიც დიდი ხსნის განმავლობაში ითმენდნენ თქვენგან უპატივცემულობას!
ღმერთები, მართალია, განარისხეთ, მაგრამ ბოროტებაზე ბოროტებითვე არ გიპასუხებენ, ამიტომ მოთმინებით ელიან, როდის მოხვალთ გონს!
წმინდანებმა ერთხმად უპასუხეს:
- ჩვენ არც ერთი ადამიანი არ გვიცდუნებია. არც მზაკვრული ხერხები ვუწყით და არც ჯადოსნობას ვფლობთ. ადამიანებს იესო ქრისტეს ძალით ვკურნავთ, რომელიც ამბობს: "სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმინდეთ" (მათ. 10:8). ყველაფერ ამას სრულიად უსასყიდლოდ და უანგაროდ ვაკეთებთ, რადგან უფალმა ბრძანა: "უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით" (მათ. 10:8).
სახელის მოხვეჭას როდი ვცდილობთ, არამედ ადამიანის სულის გადარჩენა და გლახაკთა და გაჭირვებულთა დახმარება გვსურს, რადგან ამგვარად თავად იესო ქრისტეს ვმსახურებთ, რომელიც ამბობს: "ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ" (მათ. 25:35-36).
ვცდილობთ, მისი მცნებები აღვასრულოთ და ვიმედოვნებთ, ამის გამო ცათა სასუფეველს დავიმკვიდრებთ. არასოდეს ვეთაყვანებით კერპებს, რადგან ვიცით, რომ ისინი ღმერთები არ არიან. თუ გსურს, კარგ რჩევას მოგცემთ და აღიარე ჭეშმარიტი ღმერთი, ყველაფრის შემოქმედი, "ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს" (მათ. 5:45).
იმპერატორმა მიუგო: - თქვენი ქადაგების მოსასმენად არ მომიწვევიხართ. გიბრძანებთ, რომ მსხვერპლი შესწიროთ ღმერთებს!
- ჩვენ უსისხლო მსხვერპლს ვწირავთ ჩვენს ღმერთს, - უპასუხეს წმინდანებმა, - რომელმაც გაგვათავისუფლა ეშმაკის მახისგან. ჩვენი ღმერთი ქმნილი კი არ არის, თავად არის ყველაფრის შემოქმედი. შენი ღმერთი კი ხელოსანთაგან არის ქმნული!
- ნუ აღიზიანებთ უკვდავ ღმერთებს, - თქვა ხელმწიფემ, - თაყვანი ეცით და მსხვერპლი შესწირეთ, თუ არ გინდათ, რომ საზარლად ევნოთ!
- ღმერთმა შენც შეგარცხვინოს და შენი კერპებიც, - უპასუხეს ქრისტეს მსახურებმა, - გონება დაბნელებული გაქვს, უარს ამბობ აღიარო ჭეშმარიტი ღმერთი და უსულო, გამოგონილ კერპებს სცემ თაყვანს. დასასჯელად ისიც გეყოფა, რომ საკუთარ თავზე გამოსცადო ჩვენი ღმერთის ყოვლისშემძლეობა. დაე, შენმა სახემ ადგილი შეიცვალოს სხეულზე!
ეს თქვეს თუ არა, მეფეს კისერი ისე მოეღრიცა, რომ სახე ზურგზე მოექცა და თავს ვეღარ აბრუნებდა. ვერც ვერავინ შეძლო მისი დახმარება.
ამის დანახვაზე ხალხმა ერთხმად შესძახა: - დიდ არს ქრისტიანთა ღმერთი. არა არს სხვა ღმერთი მის გარდა!
იმ დროს ბევრმა იწამა ქრისტე და წმინდანებს მეფის განკურნებას ევედრებოდნენ. ხელმწიფეც ევედრებოდა:
- ახლა კი დანამდვილებით ვიცი, რომ თქვენ ჭეშმარიტი ღმერთის მსახურნი ხართ. გემუდარებით, სხვათა მსგავსად, მეც განმკურნეთ, რადგან ვაღიარებ, რომ არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა სამყაროს შემოქმედისა!
- თუ აღიარებ იესო ქრისტეს, ის აუცილებლად განგკურნავს, - უთხრეს წმინდანებმა.
- უფალო იესო ქრისტე, მე გაღიარებ და გევედრები, შემიწყალე და შემინდე ჩემი უსჯულოება!
წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები, მეფეს კისერი და სახე ისევ გაუსწორდა. ტახტიდან წამოდგა, თვალები ზეცად აღაპყრო, ღმერთს მადლი შესწირა და თქვა:
- დალოცვილია შენი სახელი, უფალო იესო ქრისტე, რამეთუ ამ წმინდა ადამიანების დახმარებით წყვდიადიდან სინათლეს მაზიარე!
მეფემ კოზმა და დამიანე უხვად დაასაჩუქრა და მშვიდობით გაისტუმრა.
წმინდანები თავისი სოფლისკენ გაეშურნენ. თანასოფლელებმა რომ შეიტყვეს, რა სასწაულიც მოახდინეს რომში, წმინდა ძმებს სიხარულით შეეგებნენ, თან იესო ქრისტეს ადიდებდნენ.
წმინდანებმა კვლავ განაგრძეს თავიანთი საქმიანობა. ქალაქებსა და სოფლებში მიმოდიოდნენ, სნეულებს კურნავდნენ და ქრისტეს სჯულზე მოაქცევდნენ, შემდეგ კი კვლავ საკუთარ სოფელს უბრუნდებოდნენ.
კაცობრიობის მტერმა, ეშმაკმა, წმინდანებს ერთხელ რომ ვერაფერი დააკლო, მათ გასანადგურებლად სხვა მზაკვრობას მიმართა:
იმ ქვეყანაში ერთი ცნობილი ექიმი ცხოვრობდა, ვისგანაც კოზმამ და დამიანემ მკურნალის ხელოვნება შეისწავლეს. სწორედ ის კაცი აცდუნა და შურით აუვსო გული.
ექიმმა წმინდანები მიიპატიჟა, შემდეგ მთაზე აიყვანა მცენარეების შესაგროვებლად, გულში კი კაენის აზრები უტრიალებდა.
ისე მოახერხა, რომ ძმები სხვადასხვა ადგილას, განმარტოებით აგროვებდნენ მცენარეებს. ამის გამო, ჯერ ერთი ჩაქოლა ქვებით, შემდეგ კი - მეორე. ბოროტი განზრახვა რომ აღასრულა, მათი წმინდა სხეულები იქვე ჭაში ჩაყარა (284 წ.).
ასე დაასრულეს თავიანთი სიცოცხლე წმინდა კოზმამ და დამიანემ.
ტროპარი
წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო საკვირველმოქმედნო, კოზმა და დამიანე, მოიხილენით და განკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი; უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მოგუცემდით ჩუენ.
კონდაკი
რომელთა მადლნი კურნებათანი მიიხუენით და მიჰფენთ ჭირვეულთა სიმრთელესა, საკუირველნო მკურნალნო დიდებულნო, მოხედვითა თქუენითა მბრძოლთაცა სილაღეჲ დააცხრვეთ, სოფლისა მკურნალნო, საკუირველებათა მიერ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი